განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.05.2019
საქმის ნომერი
330310116001536376
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310116001536376 საქმე №3ბ/1364-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

2 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - გიორგი გოგიაშვილი

მოსამართლეები - შოთა გეწაძე

ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - თ-------- ვ----ე;

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - შპს ,,რ----", მ------- ჩ-------ი, მ------ პ---–--–---–ი;

წარმომადგენელი - გ------------–---–ი;

 

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

1.1. სსიპ შემოსავლების სამსახური ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს შემოსავლების სამსახურის სარჩელი.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს ,,რ----ს“ (4--------) 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორია მ------ პ---–--–---–ი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 15/05/2015).

 

შედარების აქტის (02.01.2016-07.10.2016) თანახმად, შპს ,,რ----ს“ (ს/ნ 4--------) გააჩნია საგადასახადო დავალიანება: ძირითადი - 55170.92 ლარი, ჯარიმა - 0 ლარი, საურავი - 6453.14 ლარი. გადასახადის გადამხდელს 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არ ერიცხებოდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- შედარების აქტი.

- გადასახადის გადამხდელის ბარათი.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივნისის N0------- ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს ,,რ----ს’’ (ს/კ 4--------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. 2016 წლის 27 იანვარს შპს ,,რ----ს“ ქონებაზე გარვცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრიდან.

- 2016 წლის 29 ივნისის სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის N0------- ბრძანება.

 

2014 წლის 17 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით, მოპასუხე მ------- ჩ-------მა შპს ,,A-----’’-სგან შეიძინა ქალაქ თბილისში კ--–------ის ქუჩა N44 მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, მშენებარე საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე, ბინა 19, საერთო ფართით 70.5 კვ.მ. უძრავი ქონების ღირებულება შეადგენდა 38500 აშშ დოლარს, რომელიც უნდა დაფარულიყო ეტაპობრივად, ბოლო გადახდის თარიღად მითითებულია 2014 წლის 15 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდი.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე განხორციელდა 2015 წლის 5 ივნისს, საფუძველი - 2015 წლის 1 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 17 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

2015 წლის 22 მაისის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ შპს ,,რ----მ’’, სესხის სახით მიიღო სს ,,საქართველოს ბაკიდან’’ 150 000 ლარი. საკრედიტო ხაზის მიზნობრიობაში მითითებულია - საბრუნავი საშუალებების შეძენა, საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადად - 9 თვე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 22 მაისის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება.

 

2015 წლის 17 დეკემბრის N-- საგადახდო დავალებითა და ამონაწერით პირადი ანგარიშიდან დადგენილია, რომ შპს ,,რ----მ’’ პროდუქტის ღირებულების თანხა გადაურიცხა შპს ,,თ----------’’-ს 207 102,80 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადახდო დავალება.

- ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან.

 

2016 წლის 15 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მოპასუხე მ------ პ---–--–---–მა არკადი არუთინოვისაგან შეიძინა უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისი, კ---–---ის ქ. N32-ში (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზუსტებული ფართობი 214 მ2 , მასზე არსებული შენობა- ნაგებობით საერთო ფართი - 79.84 მ2, საკადასტრო კოდი 0---------------). ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 34 000 აშშ დოლარით, საიდანაც 22 000 აშშ დოლარი გადახდილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო 12 000 აშშ დოლარის - 2016 წლის 15 აგვისტოს. უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2016 წლის 15 ივლისს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 15 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით.

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 სექტემბრის N2----- წერილი.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 26 აგვისტოს წერილით (MIA 2------------) დადგენილია, რომ მ------ პ---–--–---–ის სახელზე რეგისტრირებულია ავტომანქანა MERCEDES-BENZ ML 350, სახელმწიფო ნომრით M--------, გაფორმების თარიღად მითითებულია 2015 წლის 24 აგვისტო.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 26 აგვისტოს MIA 2----------- წერილი.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი რომლის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს;ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები. ამავე ნორმის მე-6 ნაწილით კი, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,რ----ს“ 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორია მ------ პ---–--–---–ი, ხოლო მ------- ჩ-------ი არის მ------ პ---–--–---–ის მეუღლე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პიროებებში მიიჩნია, რომ პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო - სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.

 

სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის მიერ სარჩელში გამოთქმული მოსაზრება, რომ შპს ,,რ----ს’’ ერთპიროვნულმა დამფუძნებელმა და დირექტორმა მ------ პ---–--–---–მა მიღებული შემოსავალი, ნაცვლად საგადასახადო ვალდებულების შესრულებისა მიმართა პირად საკუთრებაში ქონების შესაძენად. სასამართლოს განმარტებით, ვერ იქნა წარდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შპს ,,რ----,’’ მ------ პ---–--–---–ი და მ------- ჩ-------ი მოქმედებდნენ საერთო მიზნით - მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდებისათვის, რომ მათ მიერ ქონების შეძენა განხორციელდა შპს ,,რ----ს“ სახსრებით საგადასახადო ვალდებულების თავის არიდების მიზნით, მითუმეტეს, რომ ნაწილი ქონებისა შეძენილია საგადასახადო ვალდებულების წარმოშობამდე.

 

3. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

წარმომადგენლის განმარტებით, შპს „რ----მ“ 2015 წლის საანგარიშო პერიოდი დაასრულა მოგებით და მისმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 691 766 ლარი, ხოლო დასაბეგრმა მოგებამ, მოგების დეკლარაციის შესაბამისად შეადგინა - 84 914 ლარი. საწარმომ 2016 წლიდან შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა და მისმა ერთპიროვნუილმა დამფუძნებელმა და დირექტორმა მ------ პ---–--–---–მა მიღებული შემოსავალი ნაცვლად საგადასახადო ვალდებულების შესრულებისა მიმართა პირად საკუთრებაში ქონების შესაძენად. კერძოდ, 2015 წლის აგვისტოს თვეში შეიძინა ავტომობილი, 2016 წლის ივლისის თვეში არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე ქალაქ თბილისი, კ---–---ის ქუჩა, ხოლო 2015 წლის ივნისის თვეში მეუღლის მ------- ჩ-------ის სახელზე შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, დასახლება ა-------------, კ--–-----ის ქუჩა II N8.

 

აპელანტის განმარტებით, არც მ------ პ---–--–---–ს და არც მის მეუღლეს მ------- ჩ-------ს 2015 - 2016 წლების პერიოდისათვის შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზების შესაბამისად, სხვა არანაირი შემოსავალი არ უფიქსირდებათ. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გაგზავნილია წერილები დებიტორული დავალიანების შესახებ ოთხ საწარმოსთან, რომლებსაც შპს „რ----მ“ მიაწოდა საქონელი. მათი წერილების პასუხად, თანხა ანაზღაურებულია.

 

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აპელირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე, კერძოდ კი მეორე ნაწილზე და განმარტა, რომ განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

ასევე ყურადღებას ამახვილებს ამავე მუხლის მესამე ნაწილზე და მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერი მფლობელობის დროს ფაქტობრივი გარემოებები განხილული უნდა იქნეს ერთობლიობაში. გარდა იმისა, რომ მითითებულ მეწარმეს, რომელსაც აქვს დიდი ოდენობის საგადასახადო დავალიანება არ აქვს ქონება, რადგან მისგან აღნიშნული გარიდებული იქნა და მისი სამართალსუბიექტობა ფაქტიურად მეწარმეთა რეესტრიდან ამონაწერის ღირებულებასაც ვერ უტოლდება.

 

აპელანტის განმარტებით, ცალსახად სახეზეა არაკეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და მიიჩნევს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე კონკრეტულ პირებს კვლავაც შეუძლიათ ქონების გასხვისება და სასამართლო პროცესებისათვის პრაქტიკული მნიშვნელობის დაკარგვა. მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო არასამართლიანი გადაწყვეტილება. ამდენად, წარმომადგენელი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლზე რომლის შესაბამისად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო - სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, ხოლო მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,გ" ქვეპუნქტების თანახმად: ა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები.

 

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა – საგადასახადო დავალიანება, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა. ხოლო, ამავე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს პირთა ცრუმაგიერად აღიარება, რასაც არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

მითითებული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად უნდა განსაზღვროს მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზანი. ცალსახაა, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირთა ცრუმაგიერად ცნობა წარმოადგენს საგადასახადო დავალიანების გადახდევინებისათვის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში საგადასახადო ორგანოს წარმოეშვება სამართლებრივი საფუძველი აამოქმედოს კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ნებისმიერი ღონისძიება ცრუმაგიერ პირთა მიმართ. უზრუნველყოფის ღონისძიების კანონდარღვევით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ერთის მხრივ გადასახადის გადამხდელის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების გაუმართლებელი ხელყოფა, ხოლო მეორეს მხრივ კონფლიქტში მოვიდეს ამავე კონსტიტუციის იმპერატიულ დანაწესთან გადასახადების სავალდებულო წესით გადახდასთან დაკავშირებით.

 

მოცემული დავის მნიშვნელობა განსაკუთრებულია, ვინაიდან გადაწყვეტილების შედეგით არ უნდა მოხდეს ბალანსის დარღვევა როგორც საჯარო და კერძო ინტერესებს შორის, ასევე, სახელმწიფოს, როგორც კრედიტორის და გადასახადის გადამხდელის, როგორც მოვალის კანონიერ ინტერესებს შორის. სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა იცავს სახელმწიფოს კანონიერ ინტერესს და გადასახადის გადამხდელთ უზღუდავს შესაძლებლობას თავი აარიდონ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას - სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შენატანს.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირთა ცრუმაგიერად დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს საგადასახადო ვალდებულების მქონე პირის მიერ განხორციელებული ოპერაციები, დადგინდეს ჭეშმარიტი მიზანი, ოპერაციაში მონაწილე პირთა ნამდვილი ნება. აღნიშნულის ფარგლებში უნდა შეფასდეს გადასახადის გადამხდელთან მჭიდრო კავშირში მყოფ პირთა ქმედება, თანხვედრაში მოდის თუ არა იგი გადამხდელის სურვილთან/მიზანთან თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების ღონისძიებას. სწორედ პირთა ცრუმაგიერად ცნობის ბედს განსაზღვრავს გადამხდელის მიზნის დადგენა. 246-ე მუხლის დეფინიციაც აქცენტს აკეთებს გადამხდელის მიზანზე. უკეთუ გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმ მიზნით, რომ შექმნას იმგვარი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მოცემულობა, რომ შეუძლებელი გახდეს კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების გადახდევინებისთვის მის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ისინი აკმაყოფილებენ ცრუმაგიერად ცნობის წინაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გადასახადის გადამხდელის მიზანი - მოქმედებს თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინებისაგან თავის არიდების მიზნით, იქნება ეს უკვე წარმოშობილი თუ მოსალოდნელი ვალდებულების პირობებში. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების თავის არიდების შემთხვევებში, საგადასახადო ორგანოს ეკისრება მტკიცების ტვირთი დაადასტუროს, რომ ქონების გარიდების მომენტში გადამხდელმა იცოდა მოსალოდნელი დავალიანების შესახებ და სწორედ მისგან თავის არიდების მიზნით განახორციელა კონკრეტული ოპერაცია.

 

ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. ამრიგად, განხორციელებული ყოველი კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო. ეს კი გადასახადის გადამხდელთ ჩააყენებს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. პალატის მოსაზრებით, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პიროებებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,რ----ს“ 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორია მ------ პ---–--–---–ი, ხოლო მ------- ჩ-------ი არის მ------ პ---–--–---–ის მეუღლე.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს;ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

ამ ნორმის მე-3 ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები. ამავე ნორმის მე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე რომლის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირ----დ, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 

პალატა კიდევვ ერთხელ მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

მითითებული მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად აღირებისათვის სავალდებულოა არსებობდეს ორი კონკრეტული წინაპირობა, კერძოდ, პირები ერთიმეორის ცრუმაგიერი პირებად მიიჩნევიან თუ: 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან; 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს სხვადასხვა პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს ამ პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ, გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო, რაც გადასახადის გადამხდელებს ჩააყენებთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პიროებებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო - სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის №ბს-103-96(კ-13) გადაწყვეტილებაზე სადაც აღნიშნულია: ,,საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება“.

 

პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,რ----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2016 წლის 15 იანვრიდან. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბიუჯეტის წინაშე აღიარებული საგადასახადო დავალიანება კომპანიას არ გააჩნია. 2016 წლის 27 იანვრიდან რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება შპს ,,რ----ს“ ქონებაზე, ხოლო 2016 წლის 29 ივნისს გამოიცა ბრძანება N0------- შპს ,,რ----ს’’ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. მარეგისტრირებელი ორგანოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შპს ,,რ----ს’’ ქონება არ გააჩნია.

 

ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 22 მაისის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით შპს ,,რ----მ’’ საბრუნავი საშუალებების შესაძენად მიიღო სესხი სს ,,საქართველოს ბაკიდან’’ 150 000 ლარის ოდენობით. 2015 წლის 17 დეკემბრის N-- საგადახდო დავალებით შპს ,,რ----მ’’ პროდუქტის ღირებულების თანხა გადაურიცხა შპს ,,თ---------’’-ს 207 102,80 ლარის ოდენობით.

 

საქმის მასალებით პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ მ------ პ---–--–---–ის სახელზე 2015 წლის 24 აგვისტოს დარეგისტრირდა ავტომანქანა MERCEDES-BENZ ML 350 შავი ფერის, სახელმწიფო ნომრით M--------, 2016 წლის 15 ივლისს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქალაქი თბილისი კ---–---ის ქ. N32-ში, საკადასტრო კოდი 0---------------.

 

2014 წლის 17 აპრილის მ------ პ---–--–---–ისა მეუღლეს - მ------- ჩ-------სა და შპს ,,A-----’’-ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ხოლო 2015 წლის 5 ივნისს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის - სსიპ შემოსავლების სამსახურის იმ მოსაზრებას, რომ შპს ,,რ----ს’’ ერთპიროვნულმა დამფუძნებელმა და დირექტორმა მ------ პ---–--–---–მა მიღებული შემოსავალი ნაცვლად საგადასახადო ვალდებულების შესრულებისა მიმართა პირად საკუთრებაში ქონების შესაძენად. პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და საქმის მასალებით დადასტურებულად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს ,,რ----,’’ მ------ პ---–--–---–ი და მ------- ჩ-------ი მოქმედებდნენ საერთო მიზნით - მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ მათ მიერ ქონების შეძენა განხორციელდა შპს ,,რ----ს“ სახსრებით საგადასახადო ვალდებულების თავის არიდებისათვის, მითუმეტეს, რომ ნაწილი ქონებისა შეძენილია საგადასახადო ვალდებულების წარმოშობამდე.

 

პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ წარმოდგენილი სარჩელით და საქმის მასალებით არ დასტურდება, ის ფაქტი, რომ შპს ,,რ----”, მ------ პ---–--–---–ი და მ------- ჩ-------ი წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს. განსახილველ შემთხვევაში, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხე იურიდიული და ფიზიკური პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

6.1 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: გიორგი გოგიაშვილი

 

მოსამართლეები: შოთა გეწაძე

 

ილონა თოდუა