განაჩენი

სისხლის სამართლის 09.07.2019
საქმის ნომერი
010100119002909344
ინსტანცია
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002909344

1/ბ-401-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---- გ---–-ს ძე მ-------ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ო--------ი, აჭარის ქ.43-ში.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ლ---- მ-------ემ ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, მალულად, რაც გამოიხატა შემდეგში:

ლ---- მ-------ემ 2019 წლის 19 თებერვალს საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში”, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფ „მერსედეს ბენცი ვიტოს“ მარკის ავტომობილში, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით - M------, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით (უკანა სავარძლის ქვედა ნაწილში) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 29 332.22 ლარის საბაჟო ღირებულების (35 771 ლარის საბაზრო ღირებულების) სხვადასხვა დასახელების ვერცხლის ნაკეთობები, რომელთა საერთო წონა შეადგენს 8 304,79 გრამს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით ლ---- მ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-52-ე მუხლების საფუძველზე ლ---- მ-------ეს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა და "მერსედეს ბენცი ვიტოს" მარკის ავტომანქანიდან 2019 წლის 19 თებერვალს ამოღებული ვერცხლის 925 სინჯის სხვადასხვა სახის საიუველირო ნაკეთობები - წონით 8 304, 79 გრამი (საბაზრო ღირებულება - 35 771.00 ლარი; საბაჟო ღირებულება - 29 332.22 ლარი) გადაეცა უსასყიდლოდ სახელმწიფოს.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის - დ----- ჭ------ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას და სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად ავტომანქანა ,,მერსედეს ბენც“-ის, სახელმწიფო ნომრით - M------ სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას ითხოვენ.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ლ---- მ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემოსავლების სამსანურის სასაზღვრო „გამშვებ პუნქტ „სარფი“-ს უფროსის მოადგილის 2019 წლის 19 თებერვლის მომართვის წერილით თანდართულ მასალებთან ერთად, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ოქმით, პირადობის მოწმობის და ატომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის ასლებით, ფოტოილუსტრაციით, მებაჟე ოფიცრების სამხრე კამერების ჩანაწერებით - 2 ცალ DVD დისკზე, სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ლ---- მ-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ლ---- მ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად დაუნიშნა სასჯელი, ჯარიმის სახით საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ფარგლებში, რაც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

რაც შეეხება, ბრალდების მხარის მოთხოვნას ავტომანქანა ,,მერსედეს ბენც“-ის, (სახელმწიფო ნომრით - M------) სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლითაც სსკ-ის 52-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი სასჯელის - ქონების ჩამორთმევის კონსტიტუციურობა დაადასტურა, თუმცა განიმარტა, რომ ქონების ჩამორთმევა პროპორციულ საშუალებად რომ ჩაითვალოს, უნდა დადასტურდეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად არის შესაფასებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში საეჭვო გახდება საკუთრების უფლებაში ჩარევის მართლზომიერება.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოც მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლებაში ჩარევის დასაშვებობა, თავისთავად არ ნიშნავს ჩარევის თანაზომიერებას. ჩარევა თანაზომიერად რომ შეფასდეს, გასათვალისწინებელია ის გარანტიები, რომელიც მესაკუთრეს იცავს. დანაშაულის საგნის ჩამორთმევა საზოგადოებრივ საჭიროებას მაშინ წარმოადგენს, როცა საგნის უკანონო ფლობას აქვს ადგილი ან არსებობს იმის საშიშროება, რომ საგანი კვლავ იქნეს გამოყენებული სამართალდარღვევის ჩასადენად. ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩამოსართმევი საგანი არის თუ არა საფრთხის წყარო, არის თუ არა იგი თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული, თუ დასახელებული გარემოებები არ არსებობს და ისე ხდება ქონების ჩამორთმევა, მაშინ ამ დამატებითი სასჯელის პროპორციულობის საკითხი მოკლებულია სამართლიანობას.

სააპელაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2008 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე - Ismailov v. Russia, რომლის მიხედვითაც სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფო საზღვრის გადალახვისას ქვეყანაში ფარულად შეტანილი ნაღდი ფულის ჩამორთმევა, მისი კანონიერი წარმოშობიდან გამომდინარე - არაპროპორციულ ზომად მიიჩნია. თუმცა ეს ფული რომ „დანაშაულის იარაღს“ წარმოადგენდა, არც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უარყვია.

მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კანონიერი გზით შეძენილი, თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში მყოფი ავტომანქანის ჩამორთმევა არ წამოადგენს თანაზომიერ, პროპორციულ ზომას ჩადენილ ქმედებასთან მიმართებაში, იმდენად რამდენადაც ამ ზომას არ შეიძლება ჰქონდეს მსჯავრდებულისათვის დანაშაულის ჩადენის სურვილის დაკარგვის ეფექტი (in personam), ამ საშუალების გაუვნებელყოფა ვერ გააქრობს საზოგადოებისათვის პოტენციურ საფრთხეს (im rem). არ შეიძლება ავტომანქანის ჩამორთმევას ისეთივე შედეგი ჰქონდეს საზოგადოების უსაფრთხოებისათვის და ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც თავისუფალი ბრუნვიდან ამოღებული ნივთების, მაგ. იარაღის ან ნარკოტიკის ჩამორთმევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის დ----- ჭ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი ლ---- მ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ლ---- მ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-52-ე მუხლების საფუძველზე ლ---- მ-------ეს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა და "მერსედეს ბენცი ვიტოს" მარკის ავტომანქანიდან 2019 წლის 19 თებერვალს ამოღებული ვერცხლის 925 სინჯის სხვადასხვა სახის საიუველირო ნაკეთობები - წონით 8304,79 გრამი (საბაზრო ღირებულება - 35 771.00 ლარი; საბაჟო ღირებულება - 29 332.22 ლარი)- გადაეცეს უსასყიდლოდ სახელმწიფოს.

მსჯავრდებულ ლ---- მ-------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას - მ-------------------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დ.ო--------ი, კაიკაციშვილის ქN6, (ზონა - ქობულეთი 20, სექტორი - დ. ო--------ი 37, კვარტალი - 0---------------------------------------------------------------------------------1) - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთიერი მტკიცებულება: 02 ცალ კომპაქტდისკზე ჩაწერილი აუდიო და ვიდეო მასალა, რომელიც ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს მოცემულ საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება: ამოღებული ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - M------, რომელიც განთავსებულია გეზი ,,ბათუმის’’ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე