განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310018002502962 (3/ბ-99-2019წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 აპრილი 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტები - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე), ა------– კ----ე (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ------ კ------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტების მოთხოვნა: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და თ------ კ------ის სარჩელის უარყოფა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 20 ივნისს თ------ კ------ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 2018 წლის 2------ის N- ოქმის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში ა------– კ----ის წარდგენის ნაწილში, ბათილად ცნობა; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 0-------ის N1--- ბრძანების, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში ა------– კ----ის დანიშვნის შესახებ, ბათილად ცნობა; ასევე მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება ვაკანტურ პოზიციაზე, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში საუკეთესო კანდიდატის ხელახლა შერჩევა ტესტირების გზით, აგრეთვე კანდიდატის კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილებისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე ახალი ბრძანების გამოცემა ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში თ------ კ------ის დანიშვნის შესახებ.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ თ------ კ------ე 2014 წლის 22 აგვისტოდან 2018 წლის 09 მაისამდე მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად სოფელ ს-----ში. აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, შესაბამისი პროფესიული ცოდნა, საჯარო სამსახურში, მათ შორის მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება.
2018 წლის მაისში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყო რეორგანიზაცია და გამოცხადდა ღია კონკურსი ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში. 19-20 მაისს ჩატარდა კონკურსი. აღნიშნული ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობდა ორი კანდიდატი - მოსარჩელე თ------ კ------ე და მესამე პირი ა------– კ----ე.
საკონკურსო კომისიის 2018 წლის 2------ს N- ოქმით საუკეთესოდ მიჩნეული იქნა ა------– კ----ე და ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს წარედგინა სწორედ მისი (ა------– კ----ის) კანდიდატურა, რომელსაც არ გააჩნია სამუშაო გამოცდილება. ის მუშაობდა მძღოლად, არ აქვს შესაბამისი პროფესიული ცოდნა, არ აქვს უმაღლესი განათლება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა, რის შედეგადაც მის კანონიერ ინტერესს და უფლებას მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი. საკონკურსო კომისიამ დაარღვია კანონის მოთხოვნები, კომისია არ იყო ობიექტური, ადგილი აქვს მიკერძოებას, სათანადოდ არ შეფასდა მისი განათლება, სამუშაო გამოცდილება და პროფესიული ცოდნა. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად საკონკურსო კომისიამ პროტექციით წარადგინა ახალი, აშკარად გამოუცდელი კადრი ა------– კ----ე, რომელსაც მასთან შედარებით არცერთი ნიშნით არ აქვს უპირატესობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ა------– კ----ე.
მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის ა------– კ----ის წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ------ კ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი:
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 2018 წლის 2------ის N- ოქმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში ა------– კ----ის წარდგენის ნაწილში;
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 0-------ის N1--- ბრძანება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში ა------– კ----ის დანიშვნის შესახებ;
ამავე გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიას დაევალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამოცხადებული კონკურსის ხელახლა ჩატარება და შედეგების შეჯამების შედეგად დასანიშნად კანდიდატის წარდგენა;
თ------ კ------ის სასარჩელო მოთხოვნა მისი ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშვნის დავალდებულებაზე არ დაკმაყოფილდა.
თ------ კ------ეს დაუბრუნდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 04 აპრილის N690 ბრძანებით, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსისა’’ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა საკონკურსო კომისია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე კანონით დადგენილი წესით კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 12 აპრილის N726 ბრძანებით განისაზღვრა საკონკურსო კომისიის შემადგენლობა. განისაზღვრა მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მათ შორის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისათვის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში, სადაც მოთხოვნას წარმოადგენდა - უმაღლესი განათლება, ეკონომიკის, ადმინისტრირების, იურიდიულ, აგრარულ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება, კომპიუტერული პროგრამებისა და სამართლებრივი აქტების ცოდნა;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 11 აპრილის N1 საოქმო გადაწყვეტილებით გამოცხადდა ღია კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ-გვერდის მეშვეობით. მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოსაცხადებელი კონკურსის პროგრამა განისაზღვრა მერის ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესაბამისად. კონკურსის პროცესი გაიყო სამ ეტაპად: განცხადებების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება. აღნიშნული კომისიის 2018 წლის 2--------–----- ოქმით განისაზღვრა გამოცხადებული კონკურსის მეორე და მესამე ეტაპის ჩატარების ფორმატი, კომისიის წევრთა მიერ კანდიდატთა შეფასება მოხდება 10 ქულიანი შეფასებით;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში მონაწილეობა მიიღო თ------ კ------ემ, რომელმაც კომისიას წარუდგინა უმაღლესი განათლების დიპლომი, რითაც დგინდება, რომ იგი 1979 წელს ჩაირიცხა ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1987 წელს დაამთავრა სამართალმცოდნეობის სპეციალობით (დიპლომი აღიარებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ); ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებები მის სოფელ ს-----ში გამგებლის წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ და შრომითი ხელშეკრულებები, რითაც დგინდება, რომ თ------ კ------ე 2014 წლის 22 აგვისტოდან 2018 წლის 09 მაისამდე მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის (მერის) წარმომადგენლად ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ს-----ში.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში მონაწილეობა მიიღო ა------– კ----ემ, რომელმაც კომისიას წარუდგინა დიპლომი რითაც დგინდება, რომ იგი 1987 წელს შევიდა ოზურგეთის კვების მრეწველობის ტექნიკუმში და 1990 წელს დაამთავრა კვების მრეწველობის საწარმოთა მანქანა მოწყობილობების სპეციალობით; შპს ,,ხ--–-------------------------ის’’ დირექტორის მიერ გაცემული ცნობა, რითაც დგინდება, რომ ა------– კ----ე ნამდვილად მუშაობს შპს ,,ხ--–-------------------------ში’’ მთავარ მძღოლად კუთვნილი ავტომანქანით, მარშრუტი - ს-----ი-ბათუმი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე მონაწილე კონკურსანტთა გასაუბრება ჩატარდა 2018 წლის 19-20 მაისს. ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობდა ორი კანდიდატი - თ------ კ------ე და ა------– კ----ე. საკონკურსო კომისიის 2018 წლის 2------ს N- ოქმით საუკეთესო კანდიდატად მიჩნეული იქნა ა------– კ----ე და ზემოხსნებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს წარედგინა ა------– კ----ე.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 0-------ის N1--- ბრძანებით 2018 წლის 0-------იდან ა------– კ----ე დაინიშნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში 12 თვით გამოსაცდელი ვადით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძველებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. საჯარო სამსახურში მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება კონკურსი. მითითებული კანონის 35-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ სამუშაო აღწერილობას და უნდა განსაზღვრავდეს კანდიდატის მიერ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო მოთხოვნებსა და კვალიფიკაციას, რაც გულისხმობს კანდიდატის როგორც პიროვნული უნარ-ჩვევების, ისე პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტაციის ჩამონათვალის არსებობას. აღნიშნული კანონის მე-40 მუხლის თანახმად, კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებთან, სპეციალურ მოთხოვნებთან და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას, საკონკურსო კომისიის დავალებით უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული. კანდიდატს, რომელმაც ამ კანონის 39-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის ეტაპი ვერ გაიარა, საკონკურსო კომისია კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 კალენდარული დღით ადრე, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით, ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ, ხოლო კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში – აგრეთვე შეუსაბამობის მიზეზს.
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკონკურსო კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესს, კონკურსის ჩატარების პროცედურებს, ზოგად პირობებს, კონკურსის ეტაპებს, ასევე განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი. მითითებული წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევა საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით. მე-3 მუხლის მიხედვით, კონკურსის პრინციპები ეფუძნება კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის, საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭირვალეობისა და ღიაობისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით აღიარებულ სხვა პრინციპებს. კონკურსის ამოცანებია საუკეთესო კანდიდატების შერჩევა ვაკანტური პოზიციებისათვის განსაზღვრულ ძირითად, სპეციალურ და ასევე დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილებისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 აპრილის ბრძენებით განსაზღვრული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისათვის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში, მოთხოვნას წარმოადგენს უმაღლესი განათლება, ეკონომიკის, ადმინისტრირების, იურიდიულ, აგრარულ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება. კონკურსის პირველი ეტაპიდან ა------– კ----ე ისე იქნა გადაყვანილი, რომ არ შემოწმდა წარმოადგენდა თუ არა მის მიერ წარდგენილი განათლების დიპლომი უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
მოპასუხის წარმომადგენელმა და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კომისიის თავმჯდომარემ მიუთითეს, რომ საჯარო სამსახურის ბიუროში შესაბამის მოხელესთან სატელეფონო საუბრით გაარკვიეს წარმოადგენდა თუ არა ა------– კ----ის მიერ წარმოდგენილი დიპლომი უმაღლესი განათლების დიპლომს, რაზეც მიიღეს თანხმობა და კონკურსანტი გადაიყვანეს მომდევნო ეტაპზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დიპლომის შესაბამისობაზე ინფორმაცია მიეღო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან და დაედასტურებინა 1987-1990 წლებში ოზურგეთის კვების მრეწველობის ტექნიკუმში მიღებული განათლება წარმოადგენდა თუ არა საკონკურსო პირობაში ასახულ უმაღლეს განათლებას.
მოპასუხე მხარის მიერ ასევე ვერ იქნა დასაბუთებული, რამდენად წარმოადგენდა მძღოლად მუშაობა ეკონომიკის, ადმინისტრირების, იურიდიულ, აგრალურ ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში სამუშაო გამოცდილებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საკონკურსო კომისიის მიერ არ იქნა დადგენილი კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან და კანდიდატის - ა------– კ----ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებთან, სპეციალურ მოთხოვნებთან და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველჰყო დაესაბუთებინა თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭა ა------– კ----ეს უპირატესობა და რა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი მისი შემდეგომ ეტაპზე გადაყვანის და კონკურსში გამარჯვებულად მიჩნევისათვის.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, ადმინისტრაციული ორგანო კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევის პროცესში დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ბუნებრივია კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა თანამდებობაზე წარსადგენად, უჩნდება საფუძვლიანი უფლება გაეცნოს გადაწყვეტილების მოტივებს. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შედეგებისა, დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომელიც არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 2018 წლის 2------ის N- საოქმო გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში ა------– კ----ის წარდგენის ნაწილში მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე (დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია არ მიიღებდა გადაწყვეტილებას ა------– კ----ის წარდგენის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ა------– კ----ის კონკურსში მონაწილეობით და ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენით, შემდგომ კი მისი დანიშვნის ბრძანებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მოსარჩელე თ------ კ------ის კანონიერ უფლებას და ინტერესს, რის გამოც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები ბათილად იქნა ცნობილი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. იმავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, ამასთანავე საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით დისკრეციული უფლებამოსილება განმარტებულია როგორც – უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სასამართლოს აღნიშვნით, მოსარჩელე ითხოვს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ვაკანტურ პოზიციაზე, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში საუკეთესო კანდიდატის ხელახლა შერჩევა ტესტირების გზით, აგრეთვე კანდიდატის კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილებისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე ახალი ბრძანების გამოცემა ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში თ------ კ------ის დანიშვნის შესახებ, _ რასთან დაკავშირებითაც რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა და თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა, რის გამოც სასამართლომ არსებითად არ გადაწყვიტა საკითხი თ------ კ------ის მოთხოვნაზე სარჩელის ამ ნაწილში და დაავალა საკონკურსო კომისიას ხელახლა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენასა და თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ (მოპასუხე), ისე ა------– კ----ემ (მესამე პირმა), რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და თ------ კ------ის სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
აპელანტ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ საკონკურსო კომისიამ არ შეისწავლა საქმის გარემოებები, რადგან კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები შესწავლილი იქნა სრულად მათ შორის კომისიამ და მერიის საკადრო სამსახურმა შესაბამისი კონსულტაცია გაიარა საჯარო სამსახურის ბიუროსთან, რასაც ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა.
აპელანტის განმარტებით, არ შეიძლება ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი საკითხის გარკვევა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო რატომღაც აპელირებს მასზედ, რომ არ არსებობს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ წერილობით გაცემული რეკომენდაცია, მაშინ როცა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი ითვალისწინებს საჯარო სამსახურის ბიუროსთან ზეპირი რეკომენდაციისა და კონსულტაციის გავლას შესაბამისი საჯარო დაწესებულების მოთხოვნის შემთხვევაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, აპელანტ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის გასამტკიცებლად ვერ იქნა მოყვანილი ვერც ერთი მტიცებულება იმისა თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა საკონკურსო კომისიის მიკერძოება და „კანონის აშკარა დარღვევა“. ასეთი არც სასამართლო განხილვისას იქნა გამოკვეთილი. ამასთან სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირი საჯარო სამსახურში მიიღება კონკურსის წესით, ანუ მერიის მიერ განხორციელებული ქმედება კონკურის დანიშვნის შესახებ სრულიად კანონიერია. რაც შეეხება კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილ დოკუმენეტებს კომისიამ და მერიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა საჯარო სამსახურის ბიუროსთან და კომისიის თავმჯდომარესთან ერთად სრულყოფილად შეისწავლეს დოკუმენტაცია, მათ შორის მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა საკონკურსო პირობებთან. კომისიის მიერ არ არის დარღვეული საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესი, რადგან კონკურსი ჩატარდა ღიად, გამჭვირვალედ არ დარღვეულა კონკურსანტების უფლებები. კომისიამ შეაფასა კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და სავსებით მართებულად ჩათვალა, რომ ა------– კ----ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები სრულად აკმაყოფილებდა საკონკურსო პირობებს, რადგან მას აქვს მოსახლეობასთან ურთიერთობის გამოცდილება. ანუ კომისიის მხრიდან "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
აპელანტის განმარტებით, საკონკურსო გადაწყვეტილება ზოგადად და კერძოდ კ------ე-კ----ის ნაწილში მიღებული იქნა კოლექტიური, ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასების შედეგად, თითოეული კომისიის წევრი ინდივიდუალურად აფასებდა ყოველი კონკურსანტის შესაძლებლობებს და დაგროვებული ქულების მიხედვით კონკურსში გამარჯვებულად მიჩნეული იქნა სწორედ ა------– კ----ე, რომელსაც მიეცა რეკომენდაცია ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, რაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაზიარებული იქნა და ა------– კ----ე დაინიშნა ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის უფროს სპეციალისტად ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში.
აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ საკონკურსო კომისია მოქმედებდა კანონის შესაბამისად, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 აპრილის №204 დადგენილების „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“, სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ საიტზე ატვირთულ №49350 ვაკანსიის დეტალების ანუ საკონკურსო მოთხოვნების (პირობების), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიული საჯარო მოთხოვნათა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ“ 2018 წლის 19 აპრილის №754 ბრძანების მოთხოვნათა სრული დაცვით და განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ არ არსებობდა თ------ კ------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები. ამდენად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და თ------ კ------ეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აპელანტ ა------– კ----ის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირი საჯარო სამსახურში მიიღება კონკურსის წესით ანუ მერიის მიერ განხორციელებული ქმედება კონკურსის დანიშვნის შესახებ სრულიად კანონიერია. რაც შეეხება კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, კომისიამ და მერიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა საჯარო სამსახურის ბიუროსთან და კომისიის თავმჯდომარესთან ერთად სრულყოფილად შეისწავლეს დოკუმენტაცია, მათ შორის მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა საკონკურსო პირობებთან. კომისიის მიერ არ არის დარღვეული საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესი, რადგან კონკურსი ჩატარდა ღიად, გამჭვირვალედ არ დარღვეულა კონკურსანტების უფლებები. კომისიამ შეაფასა კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და სავსებით მართებულად ჩათვალა, რომ მის (ა------– კ----ის) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები სრულად აკმაყოფილებდა საკონკურსო პირობებს, რადგან მას აქვს მოსახლეობასთან ურთიერთობის გამოცდილება, ანუ კომისიის მხრიდან "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის და სხვა ნორმატიული აქტების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ სამუშაო აღწერილობას და უნდა განსაზღვრავდეს კანდიდატის მიერ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო მოთხოვნებსა და კვალიფიკაციას, რაც გულისხმობს კანდიდატის როგორც პიროვნული უნარ-ჩვევების, ისე პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტაციის ჩამონათვალის არსებობას. კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 10 კალენდარული დღის ვადა. ამავე კანონის 36-ე მუხლის თანახმად, კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით. ამავე კანონის 39-ე მუხლის თანახმად კონკურსის ეტაპებია: ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ბ) კანდიდატის შეფასება; გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება. მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებთან, სპეციალურ მოთხოვნებთან და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას, _ საკონკურსო კომისიის დავალებით უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი - კანდიდატს, რომელმაც ამ კანონის 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის ეტაპი ვერ გაიარა, საკონკურსო კომისია კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 კალენდარული დღით ადრე, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით, ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ, ხოლო კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში – აგრეთვე შეუსაბამობის მიზეზს.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევა საჯარო სამსახურის ვაკანტური თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საუკეთესო კანდიდატი პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩევა მხოლოდ ღია ან დახურული კონკურსის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით... წესის მე-3 მუხლის მიხედვით, კონკურსის პრინციპები ეფუძნება კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის, საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭირვალეობისა და ღიაობისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით აღიარებულ სხვა პრინციპებს. მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკურსის მიზანი და ამოცანებია - საუკეთესო კანდიდატების შერჩევა ვაკანტური პოზიციებისათვის განსაზღვრულ ძირითად, სპეციალურ და ასევე დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილებისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე. ამავე წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე. მე-4 პუნქტის თანახმად, კომისია, ამ წესის შესაბამისად, აფასებს კანდიდატის შესაბამისობას პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. მე-6 პუნქტის თანახმად კი კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, წერითი დავალებისა და გასაუბრების შედეგების, სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შეფასებას.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობები რეგლამენტირებულია საქართველოს კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილად ქცეული საერთაშორისო აქტით - ევროპული ქარტიით ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ (სტრასბურგი, 15.X.1985, რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 26.10.2004 წლის N515 – II დადგენილებით), რომლის მე-6 მუხლის შესაბამისად, უფრო ზოგადი საკანონმდებლო დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები უფლებამოსილნი არიან განსაზღვრონ თავიანთი შიდა ადმინისტრაციული სტრუქტურები იმ მიზნით, რომ მოხდეს მათი მისადაგება ადგილობრივ საჭიროებებთან და უზრუნველყოფილი იქნას ეფექტური მართვა; თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების მოხელეთა სამსახურის პირობები უნდა იძლეოდნენ იმის საშუალებას, რომ მოხდეს მაღალკვალიფიციური პერსონალის დაქირავება დამსახურებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე.
დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 04 აპრილის N690 ბრძანებით, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეიქმნა საკონკურსო კომისია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე კანონით დადგენილი წესით კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად. საკონკურსო კომისიის 2018 წლის 11 აპრილის N1 საოქმო გადაწყვეტილებით გამოცხადდა ღია კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით. მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოსაცხადებელი კონკურსის პროგრამა განისაზღვრა მერის ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესაბამისად, კონკურსის პროცესი გაიყო სამ ეტაპად: განცხადებების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება (ს.ფ. 83). ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 12 აპრილის N726 ბრძანებით განისაზღვრა საკონკურსო კომისიის შემადგენლობა (ს.ფ. 67).
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 19.04.2018წ. ბრძანებით ცვლილება შევიდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 აპრილის N732 ბრძანების პირველ პუნქტში და ბრძანების დანართი ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ მეორადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში მოეთხოვა - უმაღლესი განათლება, ეკონომიკის, ადმინისტრირების, იურიდიულ, აგრარულ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, კომპიუტერული პროგრამებისა და სამართლებრივი აქტების ცოდნა (ს.ფ. 69-70).
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის (ღია კონკურსის ან დახურული კონკურსის) ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 23 აპრილის N2 სხდომის ოქმით განისაზღვრა გამოცხადებული კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპის ჩატარების ფორმატი, კომისიის წევრთა მიერ კანდიდატთა შეფასება მოხდება 10 ქულიანი შეფასებით (ს.ფ. 84).
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში მონაწილეობა მიიღო თ------ კ------ემ, რომელმაც კომისიას წარუდგინა უმაღლესი განათლების დამდასტურებელი დიპლომი, რითაც დგინდება, რომ იგი 1979 წელს ჩაირიცხა ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1987 წელს დაამთავრა სამართალმცოდნეობის სპეციალობით (დიპლომი აღიარებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ). ასევე დადგენილია, რომ თ------ კ------ე 2014 წლის 22 აგვისტოდან - 2018 წლის 09 მაისამდე მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის (მერის) წარმომადგენლად ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ს-----ში (ს.ფ. 23-30), ხოლო 1980 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებსა და უწყებებში, მათ შორის - 2003 წლის 30 სექტემბრიდან, 10 წლის ვადით დანიშნული იყო ქ----- რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, საიდანაც გათავისუფლდა 2009 წლის 10 სექტემბერს და ჩაირიცხა მოსამართლეთა რეზერვში, საიდანაც ამორიცხა 2013 წლის 30 სექტემბერს მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო (ს.ფ. 18-22).
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში მონაწილეობდა ა------– კ----ე, რომელმაც კომისიას წარუდგინა დიპლომი, რითაც ირკვეოდა, რომ იგი 1987 წელს შევიდა ოზურგეთის კვების მრეწველობის ტექნიკუმში და 1990 წელს დაამთავრა კვების მრეწველობის საწარმოთა მანქანა მოწყობილობების სპეციალობით. შპს ,,ხ--–-------------------------ის“ დირექტორის მიერ გაცემული ცნობა, რითაც დგინდება, რომ ა------– კ----ე ნამდვილად მუშაობს შპს „ხ--–-------------------------ში“ მთავარ მძღოლად, კუთვნილი ავტომანქანით, მარშრუტზე - ს-----ი-ბათუმი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე მონაწილე კონკურსანტთა გასაუბრება ჩატარდა 2018 წლის 19-20 მაისს.
ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობდა ორი კანდიდატი - თ------ კ------ე და ა------– კ----ე.
საკონკურსო კომისიის 2018 წლის 2------ს N- ოქმით საუკეთესოდ მიჩნეული იქნა ა------– კ----ე და ზემოხსნებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს წარედგინა ა------– კ----ის კანდიდატურა (ს.ფ. 31-34).
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 0-------ის N1--- ბრძანებით, 2018 წლის 0-------იდან, ა------– კ----ე დაინიშნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად ს-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში 12 თვით გამოსაცდელი ვადით (ს.ფ. 101).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. მე-7 მუხლის შესაბამისად დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამდენად, ცალკეულ თანამდებობაზე პირთა შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა ცალსახად განეკუთვნება საკონკურსო კომისიის დისკრეციის სფეროს, როდესაც სამართლის ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, რამდენიმე სასურველი გადაწყვეტილებიდან მიიღოს ერთ-ერთი თანასწორობის პრინციპის დაცვით. სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონკურსო კომისია განსახილველ შემთხვევაში, სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას მოქმედებდა მისივე დისკრეციის ფარგლებში.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სააპელაციო სასამართლო ადასტურებს, რომ სასამართლო კონტროლი, დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნული კატეგორიის დავების განხილვის პროცესში შეზღუდულია, რაც გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ კანდიდატის საბოლოო შეფასება განეკუთვნება სპეციალიზირებული კომისიის კომპეტენციას, თუმცა, ბუნებრივია, აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლო კონტროლს, რომელიც შეეხება ისეთ საკითხებს, რაც უკავშირდება კომისიის მხრიდან გამოსაყენებელი ნორმის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას, კონკურსანტთა თანასწორობის პრინციპის უგულებელყოფას.
სწორედ ის მიზანი, რომ მოხდეს კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმება, განაპირობებს იმ გარემოებების და ფაქტების ხელმისაწვდომობის საჭიროებას, რასაც კომისია საკითხის გადაწყვეტის პროცესში დაეყრდნო. ამდენად, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ კომისიის წევრისათვის მინიჭებული უფლება - მოახდინოს შეფასება, არ ნიშნავს მის უფლებას შეფასების პროცესი დააფუძნოს დაუდგენელ, გამოუკვლეველ და დაუსაბუთებელ გარემოებებზე. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან არ იკვეთება, რა კრიტერიუმით მოხდა კონკურსანტთა პროფესიული დონის შემოწმება, შეფასდა თუ არა მათი უნარ-ჩვევები, - ანალიზის უნარი, პროფესიული მიღწევები და ა.შ. რითიც დარღვეული იქნა კონკურსის ჩატარების ზემოაღნიშნული აქტებით გაწერილი მოთხოვნა - ყველა პროცედურა იყოს ღია, ობიექტური და გამჭვირვალე.
რაიონულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა და მოწმის სახით დაკითხულმა კომისიის თავმჯდომარემ მიუთითეს, რომ საჯარო სამსახურის ბიუროში შესაბამის მოხელესთან სატელეფონო საუბრით გაარკვიეს წარმოადგენდა თუ არა ა------– კ----ის მიერ წარმოდგენილი დიპლომი უმაღლესი განათლების დიპლომს, რაზეც მიიღეს თანხმობა და კონკურსანტი გადაიყვანეს მომდევნო ეტაპზე. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დიპლომის შესაბამისობაზე ინფორმაცია მიეღო არა საჯარო სამსახურის ბიუროდან, არამედ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან და დაედასტურებინა 1987-1990 წლებში ოზურგეთის კვების მრეწველობის ტექნიკუმში მიღებული განათლება წარმოადგენდა თუა არა საკონკურსო პირობაში ასახულ უმაღლეს განათლებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხე მხარის მიერ ასევე ვერ იქნა დასაბუთებული, რამდენად წარმოადგენდა მძღოლად მუშაობა ეკონომიკის, ადმინისტრირების იურიდიულ, აგრარულ ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში სამუშაო გამოცდილებას.
საკონკურსო კომისიის მიერ არ იქნა დადგენილი კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან და კანდიდატის - ა------– კ----ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა.
ამდენად ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მიანიჭა ა------– კ----ეს უპირატესობა და რა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი მისი შემდეგომ ეტაპზე გადაყვანის და კონკურსში გამარჯვებულად მიჩნევისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სადავო ურთიერთობას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის და ა------– კ----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე