განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002609432
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/76-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - თ----- მ---------–-
წარმომადგენელი - ნ-----–---- ა--------
მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,,კ----------------’’
წარმომადგენლები - გ--- კ----–---, გ------- თ------–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ-- „ტ---------------ს“ სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე თ----- მ---------–ს შ-- „ტ---------------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 4481.78 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3115.6 ლარი, სარგებელია - 1316.18 ლარი, პირგასამტეხლოა - 50 ლარი. შ-- „ტ---------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 1438.97 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2017 წლის 2 აგვისტოს შ-- „ტ--------------სა“ და თ----- მ---------–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება #3----. ამავე დღეს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზე თ----- მ---------–მა, შ-- „ტ---------------ს“ სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება - Nissan fuga, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, გამოშვების წელი - 2008, საიდენტიფიკაციო ნომერი - P---------, სარეგისტრაციო ნომერი - G------.
ხელშეკრულების მიხედვით, საკრედიტო ხაზის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 3 260 ლარი, საიდანაც დამგირავებელმა სესხის სახით მიიღო მთლიანი თანხა. სესხის ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა ძირი თანხის 5%-ს. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის თანხის - 0.2%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 15-20)
- შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ; (ს.ფ 24)
2.2. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ბოლო გადახდა განახორციელა 2018 წლის 9 იანვარს. შესაბამისად, მისი დავალიანება 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 5920.75 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3115.6 ლარი, სარგებელია - 1316.18 ლარი, პირგასამტეხლოა
- 1488.97 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასესხო ამონაწერი (ს.ფ 21-22)
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 23)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 2 აგვისტოს შ-- „ტ--------------სა“ და თ----- მ---------–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება #3----. ამავე დღეს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 3260 ლარი, ყოველთვიურად 5%-ის დარიცხვით. შესაბამისად, ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.
მოპასუხეს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის არსებული სესხის ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 9 იანვარს განხორციელებული გადახდის შემდგომ. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს მოვალის მიერ გამოხატული ნება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან მხარეებს შორის ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ვალის რესტრუქტურიზაციის და ახალი გადახდის გრაფიკის შედგენასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც ჰქონდა კრედიტორს, სახელდობრ, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
კანონის აღნიშნული დანაწესი საერთოა როგორც ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილისათვის ისე, სახელშეკრულებო სამართლისათვის და ეხება სესხის ხელშეკრულების ყველა კომპონენტს, ყველა იმ უფლება-ვალდებულებას, რომელიც წარმოიშობა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.
დადგენილი გარემოებაა, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია. შესაბამისად, არ არსებობს ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ უნდა ამტკიცოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მან უარი განუცხადა კრედიტორს სასესხო ურთიერთობის გაგრძელებაზე. დასახელებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს 3 115.6 ლარს და მოსარჩელის მოთხოვნა დარჩენილი ძირითადი დავალიანების დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
უდავოა, რომ მხარეებმა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაშიც გაითვალისწინეს სარგებლის გადახდა ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობით. მაშასადამე, მოსარჩელის მოთხოვნა, ვადაგადაცილებული სარგებლის 1316.18 ლარის დაკისრების ნაწილში ასევე ლეგიტიმურია და უნდა დაკმაყოფილდეს.
2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ პრეზუმირებული მინიმალური ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ზეწოლის განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული არსებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 1488.97 ლარის დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ განსაზღვრული ჯარიმის მოცულობა, რომელიც არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეს დაეკისროს 50 ლარი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება უზრუნველყოფილი იყო კრედიტორის სასარგებლოდ რეგისტრირებული გირავნობით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფარგლებში მსჯელობის მიღმა დარჩა მოთხოვნის გირავნობით დაკმაყოფილების შესაძლებლობა. აპელანტის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების არსებული სახით კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიუხედავად იარსებებს რეგისტრირებული გირავნობა მსესხებლის სატრანსპორტო საშუალებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1 განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:
- 2017 წლის 02 აგვისტოს ერთი მხრივ შ-- ,,ტ--------------ს’’ და მეორე მხრივ თ----- მ---------–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნევლყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 3260 ლარის ოდენობით, სესხისთვის გათვალისწინებული იქნა წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 94.87 %-ის ოდენობით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით შ-- ,,ტ---------------ს’’ სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის საკუთებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება მარკა, მოდელი: nissan fuga, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: A--------, გამოშვების წელი - 2008, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი - P---------, სარეგისტრაციო ნომერი - G------.
ხელშეკრულების მე-6 მუხლით მხარეები შეთანხდნენ მოგირავნის ინტერესების დაკმაყოფილების წესზე. კერძოდ, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამსეხებლის უფლებად განისაზღვრა უზრუნველყოფის საგნით მოთხოვნის დაკმაყოფილების შეთანხმებული წესებიდან ერთ-ერთის არჩევის უფლება. მხარეთა შეთანხმებით მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოგირავნის უფლებად განისაზღვრა ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობა: ა) გირავნობის საკუთრებად რეგისტრაცია; ბ) გირავნობის საგნის რეალიზაციის მოთხოვნა და მოგირავნის მიერ შერჩეულ მესამე პირზე მისი გაყიდვა; გ) სპეციალური სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით გირავნობის საგნის რეალიზაცია და დ) აუქციონის წესით, მოგირავნის მიერ ორგანიზებულ აუქციონზე გირავნობის საგნის რეალიზაცია. მხარეები შეთანხმდენენ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეოდა მსესხებელის სხვა ქონებაზე. იგივე დათქმა იქნა გათვალისწინებული გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევისთვისაც.
- მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ 02.08.2017წ. ხელშეკრულების პირობები, რის გამოც სარჩელის შეტანის მომენტისათვის თ----- მ---------–ს შ-- ,,ტ---------------ს’’ მიმართ ერიცხებოდა დავალიანება, 3115.6 ლარის ოდენობით (ს.ფ. 23).
4.1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.03.2019წ. განჩინებით შ-- ,,ტ---------------ს’’ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შ-- ,,კ----------------’’.
4.1.3. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი სადავოდ არ ხდის 02.08.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობას და არც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობას, აპელანტი პრეტენზიას აცხადებს გირავნობის საგნით, როგორც შეუსრულებელი ვალდებულების უპირატესი დაკმაყოფილების საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით მსჯელობის არ ქონაზე და შესაბამისად, უზრუნველყოფის საგნით მოთხოვნის დაკმაყოფილების დაუდგენლობაზე.
4.1.4. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ კრედიტორი მხარეთა შორის 02.08.2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე თ----- მ---------–-სგან, როგორც მსესხებლისგან ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების გადახდას მოითხოვს. სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა იმაში გამოიხატება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულად გამოიკვლია მხარეთა შორის 02.08.2017 წლის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი უფლება-მოვალეობები. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიკვლია და არ დაადგინა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად სესხი უზრუნველყოფილი იყო მსესხებლის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით, ამასთან, მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება უზრუნველყოფის საგნით გამსსესხებლის ინტერესების დაკმაყოფილების შესახებ.
4.1.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის გარიგების დადების დროს მოქმედი რედაქციის თანახმად მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4.1.6. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, განიმარტოს, თავად გირავნობის, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი. მოთხოვნის უზრუნველყოფისას აუცილებელია მოვალისა და კრედიტორის უფლებების თანაბარზომიერი დაცვა. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოვალისა და კრედიტორის ნებას, კერძოდ, მოვალის სურვილს, გარკვეული რისკის ქვეშ დააყენოს ქონება, რითაც ქმნის ნაკისრი ვალდებულების შესრულების გარანტიასა და კრედიტორის სურვილს, გასცეს თანხა, სანაცვლოდ კი მიიღოს უზრუნველყოფის ღონისძიება გარანტიად, რომლითაც მისი მოთხოვნა, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაკმაყოფილდება. მოვალე დაცულია საგნის იმ ვალდებულების ფარგლებით, რომელი ვალდებულებისთვისაც მან ქონება გირავნობით დატვირთა, ანუ გირავნობით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უმთავრესია, როგორც გირავნობის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გირავნობის საგნის რეალიზაცია ხორციელდება. ამ შემთხვევაში წინდაწინაა სავარაუდო, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების - ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს გირავნობის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად, გირავნობის შესახებ გარიგების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის მოვალის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც გამომდინარეობს ძირითადი ვალდებულებიდან. აღნიშნული განპირობებულია გირავნობის სამართლებრივი ბუნებით, კერძოდ, იგი დამოუკიდებლად არ წარმოიშობა და მიბმულია ძირითადი მოთხოვნის არსებობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გირავნობით დადგენილი პასუხისმგებლობის ფარგლები მთლიანად განისაზღვრება ძირითადი მოთხოვნიდან გამომდინარე ვალდებულების ფარგლებით.
4.1.7. განსახილველ შემთხვევაში 02.08.2017წ. ხელშეკრულების მე-4 პუნქტში ნათლად და გარკვევით მითითებულია, როგორც გირავნობის საგანი, (აპელანტის საკუთრებაში საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება), ასევე გირავნობის საგნით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფარგლები (8150.00 ლარი). ხელშეკრულების მე-6 პუნქტით კი, როგორც უკვე აღინიშნა გათვალისწინებულია ვალდებულების შეუსრულებლობის ან მისი არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოგირავნის ინტერესის დაკმაყოფილების წესი. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების და მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მსესხებლისთვის შეუსრულებელი ვალდებულების სახით არსებული დავალიანების დაკისრების საფუძველი, თუმცა გარკვეული შეზღუდვით. კერძოდ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავალიანების დაფარვა პირველ რიგში უნდა განხორციელდეს გირავნობის საგნის განკარგვის გზით, როგორც ეს მხარეებს შეთანმხებული აქვთ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "გ" ან "დ" ქვეპუნქტებით. მხოლოდ გირავნობის საგნის განკარგვის (მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ა, ბ, გ ან დ ქვეპუნქტებით გათვალისწიენბული რომელიმე უფლების) შესახებ მხარეთა მიერ შეთანხმებული რომელიმე უფლების რეალიზების შემდეგ, თუკი დავალიანება არ იქნება დაფარული, უნდა მიეცეს კრედიტორს დარჩენილი დავალიანების მოვალის სხვა ქონებიდან ამოღების განხორციელების უფლება. სააპეალციო პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ ამ შეზღუდვის გათვალისწინებით უნდა მოხდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. წინააღმდეგ შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილი იქნება ისე, რომ არ მოახდინოს გირავნობის საგნის განკარგვა, განახორციელოს მოთხოვნის მიქცევა მოვალის სხვა ქონებაზე, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება გიროვნობის არსს. ამგვარად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ წარმოდგენილი სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირების გათვალისწინებით, ასევე იმ უდავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია გირავნობის საგნით, ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, კერძოდ იმ შეზღუდვის გათვალისწინებით რაზეც ზემოთ მივუთითეთ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. კერძოდ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს იმ შეზუდვის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს უნდა დაევალოს პირველ რიგში გირავნობის საგნის განკარგვის შედეგად დაიკმაყოფილოს მოთხოვნა და მხოლოდ გირავნობის გამოყენების შემდგომ, თუკი გირავნობის საგანი არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დაფარვისათვის, დარჩენილი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მოვალის სხვა ქონებიდან.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (სარჩელი დაკმაყოფილებულია 90%-ით) შესაბამისად შ-- "კ----------------ს' მიერ სარჩელზე გადახდილის სახ. ბაჟის ანგარიშში თ----- მეტრეველს შპს "კ----------------ს" სსასარგებლოდ უნდა დაეკისროს 121,27 ლარის გადახდა.
ამასთან, ვინაიდან თამარ მ---------–-ს სააპელაციო საჩივარი ასევე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 10%-ით), მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში შ-- ,,კ---------------ს’’ თ----- მ---------–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 17,92 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თამარ მ---------–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,ტ---------------ს’’ უფლებამონაცვლის შ-- ,,კ----------------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3.1. მოპასუხე თ----- მ---------–ს შპს "კრედიტპოინტის" სასარგებლოდ დაეკისროს 4481.78 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითდი თანხაა - 3115.6 ლარი, სარგებლი 1316.18 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 50 ლარი;
3.2. შ-- "კრედიტოინტმა" მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის (3.1. პუნქტი) ამოღება პირველ რიგში განახორციელოს თ----- მ---------–-ს საკუთრებაში არსებული გირავნობით დატვირთული სატრანსპორტო საშუალების (მარკა, მოდელი: nissan fuga, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: A--------, გამოშვების წელი - 2008, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი - P---------, სარეგისტრაციო ნომერი - G------) განკარგვის შესახებ მხარეთა მიერ შეთანხმებული (საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ #32465 ხელსეკრუელბის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "გ" ან "დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების) რომელიმე უფლების რეალიზების გზით;
3.3 მხოლოდ გირავნობის საგნის განკარგვის (საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ #32465 ხელშკრულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ა, ბ, გ ან დ ქვეპუნქტებით გათვალისწიენბული რომელიმე უფლების) შესახებ მხარეთა მიერ შეთანხმებული რომელიმე უფლების რეალიზების შემდეგ, თუკი დავალიანება არ იქნება დაფარული, მიეცეს შ-- "კ---------------ს" დარჩენილი დავალიანების დაფარვის უფლება თ----- მეტრეველის სხვა ქონებიდან.
4. შ-- ,,კ---------------ს’’ თ----- მ---------–-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივრის ანგარიშში 17,92 ლარის გადახდა;
5. შ-- "კ----------------ს' მიერ სარჩელზე გადახდილი სახ. ბაჟის ანგარიშში თ----- მეტრეველს შპს "კ----------------ს" სსასარგებლოდ დაეკისროს 121,27 ლარის გადახდა
6. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური