განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.06.2019
საქმის ნომერი
820310018002580454
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310018002580454 (3/ბ-120-2019 წ.)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)

ნანა კალანდაძე, მურთაზ მეშველიანი

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ს-------- ა-------

 

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ს-------- ა-------ს სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 07 აგვისტოს ს-------- ა-------ს წარმომადგენელმა ნ------- დ-------ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ემიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის 2018 წლის 2--------ის სხდომის ოქმის (ს-------- ა-------ს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) ბათილად ცნობა და ს-------- ა-------ს მოთხოვნის, საცხოვრებელი ფართის გამოყოფის თაობაზე, დაკმაყოფილება.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2014 წელს განვითარებული მეწყრული მოვლენების შემდეგ დაზიანდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ თ---–----ში მდებარე ს-------- ა-------ს კუთვნილი მიწის ნაკვეთი და საფრთხე დაემუქრა საცხოვრებელ სახლს. ს-------- ა-------მ დახმარებისათვის მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას. ჩატარდა საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა. დადგინდა, რომ საჭირო იყო დაზიანებულ მონაკვეთზე ინერტული მასალის დაყრა და მთელ ფერდობზე წყლის ნაკადების შესაბამისი მილების ან არხების საშუალებით უსაფრთხო მიმართულებით გადაყვანა. 2017 წელს ჩატარდა განმეორებითი კვლევა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ზემოთ მითითებული სამუშაოები არ ჩატარებულა. ეზოს ტერიტორიაზე აგებულმა ფერდდამცავმა კედელმა ვერ უზრუნველყო მეწყრული პროცესების შეჩერება, ნაპრალები საგრძნობლად გადიდებული და საფრთხის შემცველი იყო. შპს „ტ---------------------ის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მეწყრული პროცესების მთავარ მაპროვოცირებელ ძალას წარმოადგენდა ფერდის ზემო ნაწილში არსებული წყალშემკრები მშრალი ხევიდან ძლიერი ატმოსფერული ნალექების დროს მოვარდნილი წყალი, რომელიც ჩაედინებოდა გრუნტებში და იწვევდა როგორც გრუნტების წყლით გაჯერებას, ასევე მის გარეცხვას. აუცილებელ პირობას კი წარმოადგენდა წყალქცევითი სამუშაოების ჩატარება. აქვე აღნიშნულია, რომ ადგილის რელიეფიდან, შესასრულებელი სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, სადრენაჟო და წყალქცევითი კომუნიკაციების მოწყობა დაკავშირებული იყო გარკვეულ სიძნელეებთან და თანხებთან. იმ შემთხვევაში, თუ ეს სამუშაოები რაიმე მიზეზის გამო ვერ შესრულდებოდა, საჭირო გახდებოდა საცხოვრებელი სახლის სხვა უსაფრთხო ადგილას გადატანა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ს-------- ა-------ს ოჯახს მიანიჭა ეკომიგრანტის სტატუსი. გამგებლის 0-----2016 №3-- ბრძანების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გაცემის მიზნით შექმნილმა კომისიამ ს-------- ა------- 2017 წლის 0-----–--ს მიიწვია სხდომაზე, რომელმაც განიხილა განსახლების კრიტერიუმის მიხედვით ქულების მინიჭების საკითხი. მას მიენიჭა II კატეგორია, ელოდებოდა ბინის მიღებასა და უსაფრთხო ადგილას დაბინავებას, მაგრამ მერიის წერილით მას უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე ალტერნატიული ფართის არსებობის გამო. რეალურად უარის თქმის მიზეზი გახდა მოსარჩელის შვილის, გ------ ა-------ს მიერ 2016 წლის ბათუმში უ----ის ტერიტორიაზე 63 კვ.მ ფართის შეძენის ფაქტი. გ------ ა------- დაცოლშვილდა და შეიძინა 265 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული დამხმარე ნაგებობით, რომელიც გადააკეთა საცხოვრებლად. მოსარჩელის ოთხსულიანი ოჯახი ტვირთად ვერ დააწვება შვილის სამსულიან ოჯახს. მითუმეტეს, რომ არავის არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს ახალგაზრდა ოჯახს ცხოვრების მოწყობაში. საფრთხე შეექმნა მამა-პაპისეულ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ფართობს, რომლის კეთილმოწყობაზე ზრუნავდა ოჯახი წლების განმავლობაში, მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობს მისი მეუღლე და ორი სრულწლოვანი ვაჟი. ოჯახს ეკუთვნის დახმარება და ითხოვს საცხოვრებელი სახლის სხვა უსაფრთხო ადგილას გადატანას ან შესაბამისი ფართის გამოყოფას. მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ უკანონოდ უთხრა უარი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მერიის 2018 წლის საოქმო გადაწყვეტილება ს-------- ა-------სათვის სოციალური ბინის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ.

 

მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი, რამდენადაც ოჯახს გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ს-------- ა-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 2--------ის №-- ოქმი ს-------- ა-------ს ნაწილში; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელ ადგილობრივ კომისიას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ს-------- ა-------ს განცხადებაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

 

მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ს-------- ა-------ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 50 ლარის გადახდა, ხოლო ს-------- ა-------ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, 50 ლარი, ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ მეწყრული მოვლენების შედეგად დაზიანდა მოსარჩელე ს-------- ა-------ს საცხოვრებელი ტერიტორია.

 

ს-------- ა-------ს მიენიჭა ეკომიგრანტის სტატუსი და II კატეგორია.

 

მხარეთა შორის სადავოა ს-------- ა-------ის მიერ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის საკითხი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაზე, რომლის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.

 

ამავე ბრძანების დანართი №1-ის (სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა) პირველი მუხლის თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა."

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მეორე მუხლით მოცემულია სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცია, რომლის თანახმადაც, 1. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ოჯახები (შემდგომში – დაზარალებული ოჯახი), შემდეგი დიფერენციით: ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი), რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას; ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/აღდგენა/რეაბილიტაცია. 2. სტიქიით დაზარალებული ოჯახი შედგება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრისაგან, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.

 

აღნიშნული წესის მესამე მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად, დაზარალებულად ითვლება სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება; „კ“ ქვეპუნქტით, I კატეგორიას მიეკუთვნება გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა). „ლ“ ქვეპუნქტით, II კატეგორიაა – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ს-------- ა-------ს ოჯახს, საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამო მინიჭებული აქვს მეორე კატეგორიის ხარისხი.

 

დადგენილია, რომ ს-------- ა-------მ დახმარებისთვის განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიას, რომელმაც 2018 წლის 2--------ის №-- საოქმო გადაწყვეტილებით უარი უთხრა ს-------- ა-------ეს ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართვაზე შუამდგომლობის გაწევის თაობაზე. უარის თქმის მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ ს-------- ა-------ის შვილს ცალკე გააჩნია საცხოვრებელი ფართი, ანუ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

 

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულებით განსაზღვრული ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განცხადებები, რომლებსაც (,,ბ“ ქვეპუნქტი) 2017 წლის 01 იანვრიდან შუამდგომლობის აღძვრის დღემდე გააჩნიათ, გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ს-------- ა-------ის ოჯახს არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რადგანაც ქ. ბათუმში, მ---------–----ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა არის მისი შვილის გ------ ა-------ს საკუთრება.

 

როგორც საქმის სასამართლო განხილვის შედეგად გამოირკვა, მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ს-------- ა-------ის სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, საკითხის გადაწყვეტისას კომისია დაეყრდნო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ეკომიგრანტი ოჯახის შესწავლის აქტს, რომლითაც დგინდება, რომ ქ. ბათუმში, მ---------–----ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა არის მისი შვილის გ------ ა-------ს საკუთრება.

 

კომისია გადაწყვეტილების მიღებისას შემოიფარგლა ნორმატიული აქტის რეგულაციით ზემო დასახელებული ფორმალური გარემოების მითითებით, რომ არსებობდა ალტერნატიული ფართი, რაც გამორიცხავდა ს-------- ა-------ისათვის დახმარების გაცემას და შინაარსობრივად არ გამოიკვლია და არ შეისწავლა, რეალური მოცემულობების პირობებში, როცა მსგავს პირობებში საცხოვრებელი სახლის დაზიანების სტიქიური მოვლენებით დაზიანების გამო სხვა პირების მიმართ გავრცელდა შეღავათები, შვილის საკუთრებაში საცხოვრებელი ბინის არსებობა წარმოადგენდა თუ არა მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში ნორმატიული აქტის დათქმა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობასთან დაკავშირებით არ უნდა იქნას გაგებული სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, რამდენადაც ის არ გულისხმობს ფართის მხოლოდ საჯარო რეესტრის მიხედვით საკუთრებაში რიცხულობას. ნორმა წაკითხულ უნდა იქნას სისტემურად, ტექსტის ლოგიკურ ჭრილში და განმარტებული უნდა იქნას ამ ნორმატიული აქტის მიზნებიდან გამომდინარე, რაშიც იგულისხმება იმ გარემოების გამოკვლევა და განსაზღვრა, დაზარალებულ ოჯახს გააჩნია თუ არა საცხოვრებლად სხვა, მისთვის განკუთვნილი ალტერნატიული ფართობი და დაზარალებული ოჯახი შეძლებს თუ არა, მასში ცხოვრებას, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი ფართის განადგურების შემდეგ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორევ ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღნიშნული ნორმის გამოყენების საჭიროება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 2--------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება, ს-------- ა-------ს ნაწილში და კომისიას დაავალა გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება) გამოცემა ს-------- ა-------ს განცხადებაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ს-------- ა-------ს სარჩელის უარყოფა მოითხოვა. ამასთან, აპელანტმა მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ს-------- ა-------ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმება.

 

აპელანტის განმარტებით, ს-------- ა-------ს განცხადება სოციალურ სახლში ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით, სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილმა კომისიამ განიხილა ჯერ კიდევ 2017 წლის 0-------------ს, რაზეც შედგა ოქმი №--. განცხადების განხილვის შედეგად „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად, ალტერნატიული ფართის არსებობის გამო, განცხადების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა. კერძოდ, გაირკვა, რომ მოსარჩელის შვილს, გ------ ა-------ს (რომელიც ს-------- ა-------ს მითითებული ჰყავდა როგორც მასთან მცხოვრები ოჯახის წევრი), 2016 წელს ბათუმში, მ---------–----ის ქ.№13-ა-ში, შეძენილი ჰქონდა 265 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 63 კვ.მ საცხოვრებელი ფართი (ს/კ 0-----------). აღნიშნულის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №-- დადგენილების მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ს-------- ა-------ს ეთქვა უარი, რაც მას არ გაუსაჩივრებია.

 

2018 წლის 23 თებერვალს მოსარჩელემ კვლავ მიმართა განცხადებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას და აღნიშნა, რომ ოჯახი არის სტიქიით დაზარალებული, რის გამოც ითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, მაგრამ ამჟამად საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადში №2------, შვილი გ------ ა------- არ ფიგურირებდა.

 

2018 წლის 2--------ს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის მიერ (ოქმი №--) განხილული იქნა I და II კატეგორიას მიკუთვნებული შემდეგი ოჯახების განცხადებები, მათ შორის სოფელ ჭ------–ში მცხოვრები ს-------- ა-------ს 2018 წლის 2-----------–ის №2------ განცხადება. განცხადების განხილვის შედეგად კომისიიამ მიიჩნია, რომ სოფელ ჭ------–ში მცხოვრები ს-------- ა-------ს ოჯახის შემადგენლობაში შედიოდა შვილი გ------ ა-------, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია ქ. ბათუმში, მ---------–----ის ქ. №225ა-ში 63 კვ.მ საცხოვრებელი ფართი (ს/კ 0-----------), რის გამოც გასულ წელს უარი ეთქვა და აღნიშნული ფართი კომისიის მიერ მიჩნეული იქნა ოჯახის ალტერნატიულ ფართად. 2018 წლის 2-----------–ის განცხადებაში ს-------- ა-------მ ოჯახის შემადგენლობაში არ მიუთითა გ------ ა-------. კომისიამ იმსჯელა და ჩათვალა, რომ ს-------- ა-------ს მიერ შემოტანილი განცხადებით სრულად არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია ოჯახის წევრებსა და ალტერნატიული ქონების შესახებ. კომისიის მიერ საბოლოოდ მიჩნეული იქნა, რომ ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რის გამოც უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

აპელანტის განმარტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2018 წლის 2--------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება ს-------- ა-------ს ნაწილში გამოტანილია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილების მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, გაანალიზების, შესწავლის და შეფასების შედეგად. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ მომხდარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესის არსებითი დარღვევა, არ იკვეთება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება. მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელი იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელ ადგილობრივ კომისიას 2018 წლის 2--------ს (ოქმი №-- ) მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები მისი გაუქმებისათვის.

 

აპელანტი მხარე ასევე არ ეთანხმება გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა ს-------- ა-------ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 50 ლარის გადახდა, ვინაიდან "სახელმწიფო ბაჟის" შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ" ქვეპუნქტით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია განთავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი) და ს-------- ა-------ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ს-------- ა-------ს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას - გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებულია საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი). კერძოდ, ს-------- ა-------ს სარჩელით წარმოებული დავა (ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება) სოციალურ საკითხს უკავშირდება. სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე კი სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება. ს-------- ა-------ს სარჩელზე ზედმეტად ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი გადახდილი, რომლის ნაწილის (50 ლარის) ანაზღაურებაც, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, დაეკისრა წაგებულ მხარეს (მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს), მაშინ როცა მხარეს უნდა დაბრუნებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბაჟის სახით გადახდილი თანხა. ამდენად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ს-------- ა-------ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 100 ლარის ნაწილის (50 ლარის) დაკისრების შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, შესაბამისად, ს-------- ა-------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 50 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი. რაც შეეხება გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ნაწილი (50 ლარი) დატოვა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, _ ს-------- ა-------ს სააპელაციო საჩივრის არარსებობის გამო _ გადაწყვეტილება ვერ შეიცვლება.

 

დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. რაიონული სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესით სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ოჯახები შემდეგი დიფერენცირებით:

ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას; ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა.შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/აღდგენა/ რეაბილიტაცია.

 

,,წესის’’ მე-3 მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად, დაზარალებული განნმარტებულია, როგორც სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება. წესის მიხედვით დიფერენცირებულია დაზარალებულთა კატეგორიები. I კატეგორიას მიეკუთვნება გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა) (მე-3 მუხლის „კ“ ქვ. პუნქტი). II კატეგორიას კი მიეკუთვნება გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას (მე-3 მუხლის „ლ“ ქვ. პუნქტი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს და იღებს გადაწყვეტილებებს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხებთან დაკავშირებით. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობის, თანასწორობის, თანაზომიერების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქმეში დაცული მასალით ირკვევა, რომ ს-------- ა-------ს ოჯახს საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამო მინიჭებული აქვს II კატეგორია. დადგენილია, რომ ს-------- ა-------მ დახმარებისათვის განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელ ადგილობრივ კომისიას, რომელმაც 2018 წლის 2--------ის №-- საოქმო გადაწყვეტილებით უარი უთხრა ს-------- ა-------ს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვაზე შუამდგომლობის გაწევის თაობაზე. უარის თქმის მიზეზად კი დასახელდა ის გარემოება, რომ ს-------- ა-------ს შვილს ცალკე გააჩნია საცხოვრებელი ფართი, ანუ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულებით განსაზღვრული ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განცხადებები, რომლებსაც (,,ბ“ ქვეპუნქტი) 2017 წლის 01 იანვრიდან შუამდგომლობის აღძვრის დღემდე გააჩნიათ, გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

 

”წესით“ განსაზღვრული რეგულაციის თანახმად, ეს გარემოება მართლაც წარმოადგენს დახმარების გაცემისათვის დამაბრკოლებელ კრიტერიუმს, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა განიმარტოს “ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის” ცნება ამ „წესის” მიზნებიდან გამომდინარე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა საკითხი იმის შესახებ გ------ ა-------ს (ს-------- ა-------ს შვილის) საკუთრებად რეგისტრირებული ქ.ბათუმში, მ---------–----ის ქუჩის N225ა-ში მდებარე 63 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი რამდენად შეიძლებოდა მიჩნეულიყო ს-------- ა-------ს ოჯახის ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართად, მაშინ, როცა მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნულ სახლის შეიძინა მისმა სრულწლოვანმა შვილმა, რომელიც ცოლ-შვილით ცხოვრობს იქ, ხოლო თვითონ (ს-------- ა-------) მეუღლესთან და ორ სრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს სტიქიის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ სახლში. სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს მითითებას, რომ კომისიას უნდა გამოეკვლია ს-------- ა-------ს ოჯახის შემადგენლობა, მისი შვილის, გ------ ა-------ს ოჯახის შემადგენლობა და შეეფასებინა რამდენად იყო შესაძლებელი ამ ორი ოჯახის ერთ ბინაში (ქ. ბათუმში, მ---------–----ის ქუჩის N225ა-ში მდებარე საცხოვრებელ ფართში) ცხოვრება, შესაბამისად დაედგინა რამდენად შეიძლებოდა ეს უკანასკნელი საცხოვრებელი სახლი მიჩნეულიყო ს-------- ა-------ს ოჯახის ალტერნატიულ საცხოვრებლად.

 

მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ს-------- ა-------ის სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, ხოლო ალტერნატიული ფართის საკითხის გადაწყვეტისას კომისიამ ჩათვალა, რომ ს-------- ა-------ს მიერ მიმდინარე წელს შემოტანილი განცხადებით სრულად არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია ოჯახის წევრებისა და ალტერნატიული ქონების შესახებ, რაც სასამართლოს აზრით მოკლებულია დასაბუთებას. კომისია შემოიფარგლა მხოლოდ ნორმატიული აქტის რეგულაციით ზემო დასახელებული ფორმალური გარემოების მითითებით, რომ არსებობდა ალტერნატიული ფართი, რაც გამორიცხავდა ს-------- ა-------სათვის დახმარების გაწევის შესაძლებლობას და შინაარსობრივად არ გამოიკვლია რეალური მოცემულობები (ის, რომ შვილს გააჩნდა საცხოვრებელი ფართი, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა) წარმოადგენდა თუ არა მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არასწორად დააკისრა ხელვაჩაურის მუნიციაპლიტეტის მერიას ს-------- ა-------ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 50 ლარის ანაზღაურება, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო მისი გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილი სააპელაციო პრეტენზია უსაფუძვლო, რაც არ უნდა დაკმაყოფლდეს.

 

6. სასამართლო ხარჯები

მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი);

 

3. დაუბრუნდეს ს-------- ა-------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი;

 

4. დანარჩენ ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და ს-------- ა-------ს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში უცვლელად დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება;

 

5. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე;

 

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N32) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32).

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი

ნანა კალანდაძე

მურთაზ მეშველიანი