განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2019
საქმის ნომერი
330100119002967852
ინსტანცია
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № საქმე 330100119002967852

საქმე № 1ბ/1089-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 ივლისი, 2019 წ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა

 

ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----- ქ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გ------- კ-------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–----–--–-------------------- დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენით გ------- კ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

გ------- კ-------ეს სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 15 აპრილიდან 2019 წლის 17 აპრილის ჩათვლით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- კ-------ემ ჩაიდინა მუქარა ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

2019 წლის 13 აპრილს დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე დროის მონაკვეთში, თბილისში, დ----------–-, გ------- კ-------ე ყოფილ მეუღლეს ანი კ-------ეს ტელეფონის საშუალებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----- ქ--------–-–---–მა და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ სასჯელის სახედ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადად, მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული ვადის დადგენა. საჩივრის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გ------- კ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, უსამართლო და შეუსაბამოა მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. შესაბამისად, ბრალდების მხარის მოსაზრებით, მსჯავრდებულისთვის შეფარდებული მსუბუქი სასჯელი ვერ გახდება შემაკავებელი, რათა მან მომავალშიც არ ჩაიდინოს დანაშაული.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებს, საჩივარსა თუ მასზე წარმოდგენილ შესაგებელში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად, რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----- ქ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------- კ-------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.

ამდენად პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში თავის დამნაშავედ ცნობის, ასევე საქმეზე შეკრებილი უდავო უმტკიცებულებების, კერძოდ დაზარალებულის და მოწმეების: ანი კ-------ის, თ------–-------------------------------------------------------------–---–------ თვითონ გ------- კ-------ის გამოკითხვის ოქმების, დანაშაულის შესახებ შეტყობინების და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------- კ-------ემ ჩაიდინა მუქარა ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----- ქ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა არ იზიარებს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება აანაზრაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

ამ ფონზე დაუსაბუთებელია აპელანტის მოთხოვნა სასჯელის დამძიმების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებულია არგუმენტი, რომ მსჯავრდებულმა, მისი პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, შესაძლოა მომავალშიც გაიმეოროს მსგავსი ქმედება. იმ ფონზე, როდესაც ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ბრალდებას სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ეს არგუმენტი მეტისმეტად ჰიპოტეტიურია. გარდა ამისა, გადამწყვეტი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ არის. ეს ნიშნავს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირველად და რეციდივის ვარაუდი არსებობს მხოლოდ მოსაზრების დონეზე.

ამ მოცემულობისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მხედველობაში მიიღო, რომ არ არსებობს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენა არასაპატიმრო ხასიათის არცერთი სასჯელი და დანიშნა პატიმრობა 7 (შვიდი) თვის ვადით. ეს ნიშნავს, რომ ხსენებული, თუნდაც მოსაზრების დონეზე არსებული ვარაუდი ახალი დანაშაულის ჩადენის შესახებ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულია.

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, სანქციის სახით ითვალისწინებს არაერთ ალტერნატივას, მათ შორის: ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას და თავისუფლების აღკვეთას ვადით-ერთ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა მათგან ყველაზე მძიმე სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, მაშინ როდესაც ამ საჯელის მაქსიმალური ზომაა 1 (ერთი) წელი, დანიშნულია 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულის პიროვნების, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირველი ნასამართლობაა, უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის მოთხოვნა სცილდება სამართლიანობის ფარგლებს.

ამავდროულად სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. მოცემულ შემთხვევაში გ------- კ-------ე გამოძიების ეტაპიდან თავს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და უდავოდ გახადა მტკიცებულებები, ამასთან არ არის ნასამართლევი. შესაბამისად სახეზეა სასჯელის პირობით ჩათვლის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის აღიარება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა. როგორც წესი, აღიარებით დანაშაულის ჩამდენი პირი ადასტურებს, რომ ის აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი, საზოგადებისათვის ზიანის მომტანი ქმედების უარყოფით ხასიათს და ცდილობს მისი შედეგების თავიდან აცილებას. ამავდროულად, დანაშაულის აღიარება ხელს უწყობს სრულყოფილ, ობიექტურ სამართალწარმოებას და სახელმწიფო რესურსის დაზოგვას. შესაბამისად ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და მათ შორის სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას.

ამრიგად, სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის მისწრაფებას შეურიგდეს დაზარალებულს. მათ შორის პალატა ითვალისწინებს გ------- კ-------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ შემდეგ გარემოებებს: აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და პასუხისგებაში მიცემის შემდეგ დაზარალებულთან აქვს ნორმალური ურთიერთობა, რაც დასტურებდა ამ უკასკნელის განცხადებით. ამასთან გ------- კ-------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ამ გარემოებების გათვალისწინებით სწორად შეარჩია სასჯელის სახე და ზომა, ამავე დროს სწორად ჩათვალა საჭიროდ პირობითი მსჯავრის გამოყენება.

სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ------- კ-------ეს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი გ------- კ-------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----- ქ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი გ------- კ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

გ------- კ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

გ------- კ-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 15 აპრილიდან 2019 წლის 17 აპრილის ჩათვლით.

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ------- კ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გ------- კ-------ის სახელზე გირაოს შემტან პირს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილინ ფულადი თანხა.

მსჯავრდებულ გ------- კ-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი