განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115792566
საქმე №1ბ/951-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ქ--------------–---–ის,ადვოკატ - ი-----------ს მონაწილეობით,ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ქ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გამართლებულ ა-–--------------–----------------ის მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 1957 წლის 10 მაისს, რეგისტრირებული: ქ------–-----------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით:
ა-–---------------ანს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. საზოგადოებრივი ქონების ფარულად გატაცება საცავში შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1995 წლის 4 მარტს, დაახლოებით 05:00 საათზე, ა-–------------------ა ტექნიკური საშუალების გამოყენებით გაჭრა ქ------–--–-------------------------ში მდებარე „თ---–----–--------------“ ვაჭრობის №-- საიჯარო მაღაზიის შესასვლელი კარების ბოქლომი, უკანონოდ შეაღწია მაღაზიაში და ფარულად დაეუფლა იაპონური წარმოების ელექტროგენერატორს, ღირებულს 1200 აშშ დოლარად და საღებავის საფრქვევს - ღირებულს 40 000 რუსულ რუბლად. ნაქურდალი ნივთები ჩაალაგა ვაზ 2106 მარკის სახ№О--------- ავტომანქანის საბარგულში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის განაჩენით:
საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ა-–------------------ გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სახეზე არ არის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-–------------------ს დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც მიჩნეული იქნა, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ--------------–---–მა, რომელმაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ა-–------------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
აპელანტის განმარტებით, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა ყველა ის მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებენ ა-–------------------ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას. კერძოდ, დაზარალებულ თ-----------–----–-–---–ის ჩვენებით, მოწმეების კ-----------------------------–----------------ის ჩვენებებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურდა, რომ 1995 წლის 4 მარტს, ა-–------------------ მართავდა გ---–----------------ის სახელზე რეგისტრირებულ ვაზ 2106-ის მარკის ავტომანქანას, მან მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია ჭ-----------------------ში მდებარე „თ---–----–--------------“ ვაჭრობის N32 საიჯარო მაღაზიაში, საიდანაც დაეუფლა იაპონური წარმოების ელექტროგენერატორს, ღირებულს 1200 აშშ დოლარად და საღებავის საფრქვევს, ღირებულს 40 000 რუსულ რუბლად. ნაქურდალი ნივთები ჩაალაგა აღნიშნული ავტომანქანის საბარგულში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სააპელაციო სასამართლოში პროკურორმა ქ--------------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ საქმეზე წარმოდგენილი იქნა საკმარის მტკიცებულებებათა ერთობლიობა, რაც წარდგენილ ბრალდებებში ა-–------------------ს ბრალეულობას დაადასტურებდა, პალატა არ იზიარებს, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა თ-----------–----–-–---–მა განაცხადა, რომ 1995 წლის მარტის მდგომარეობით მუშაობდა ქ------–--–-------------------------ში მდებარე „თ---–----–--------------“ ვაჭრობის №-- საიჯარო მაღაზიაში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. 4 მარტს, გამთენიისას მაღაზიის დირექტორმა დაურეკა და შეატყობინა მაღაზიის გაქურდვის ფაქტი. იგი მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მაღაზიის კარი დახვდა ამოჭრილი, ასევე ეზოში ნახა ლურჯი ფერის „ვაზ 2106“ მარკის ა/მანქანა, რომელშიც იდო მათი მაღაზიის კუთვნილი „ჰონდას“ ფირმის გენერატორი, პულივიზატორი და ქანჩების ნაკრები. დაზარალებულის ინფორმაციით, როგორც გამოძიების ეტაპზე გაირკვა, ხსენებულ ა/მანქანას მართავდა მისთვის უცნობი პირი - ა-–------------------. ასევე, განსასჯელის ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებული იქნა მათი მაღაზიიდან წინა წლებში მომხდარი ქურდობისას წაღებული სხვადასხვა დასახელების ნივთები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე კ-------------------მ განაცხადა, რომ განსასჯელი ა-–------------------ არის მისი ძმა, გ---–----------------ი კი მისი ყოფილი რძალია. დაახლობით 25 წელია ა-–------------------ საქართველოში აღარ ცხოვრობს. 1995 წლის იანვარში, ახალი წლის დღეებში მასთან სტუმრად მივიდა ა-–------------------, რომელმაც უთხრა, რომ კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან და სახლიდან იყო წამოსული, ცხოვრობდა მეგობრებთან და შერიგებას არ გეგმავდა. მეუღლეებს შორის კოლფლიქტი მომხდარი იყო ახალ წლამდე. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი ძმა მართავდა „ვაზ 2106“ მარკის ა/მანქანას, რომელიც გაფორმებული იყო გ---–-----------------ის სახელზე, თუმცა მეუღლეებს შორის ჩხუბის შემდეგ, ა-–------- ხსენებული მანქანით აღარ დადიოდა, მანქანა გაჩერებული იყო, გასაღები კი ვისთან ინახებოდა, მისთვის უცნობია. მოწმის ჩვენებით, იმ პერიოდის შემდეგ ა-–------------------ აღარ უნახავს.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ა------------------ა, რომლის განმარტებითაც ა-–------------------ არის მისი მეუღლის, კ-------------------ს ძმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ს-----------------ს ჩვენება, რომლის თანახმადაც 1995 წლის მარტის თვის მდგომარეობით მუშაობდა შსს ორგანოებში. 3 მარტს, 09:00 საათიდან 4 მარტის 07:30 საათამდე მორიგეობდა სამსახურში, №1 საავადმყოფოს მიმღებში თანამშრომელ ზ--------–---–---ნ ერთად. დაახლოებით 09:30 საათზე სახლში დაბრუნებულს გზად შეხვდა ნათლული გ---–----------------ი. გ---–------მ უთხრა, რომ დედამისის ეზოდან მოუპარავთ მისი კუთვნილი ა/მანქანა და სთხოვა დახმარება ისნის რაიონის პოლიციაში განცხადების შეტანაში. მან (ს----------------მა) ა/მანქანაში ჩაისვა გ---–----- და მივიდნენ სახლში მოპარული ა/მანქანის ტექ.პასპორტის ასაღებად, თუმცა გ---–-----მ ტექ.პასპორტი ვერ იპოვა და ივარაუდა, რომ პასპორტი ავტომობილში იყო დარჩენილი. აღნიშნულის შემდეგ დააპირეს პოლიციაში წასვლა, თუმცა ეზოს კართან დახვდნენ ვაკის რაიონის პოლიციის თანამშრომლები და უთხრეს, რომ მანქანა მათთან იყო. სამართალდამცავებმა აჩვენეს მანქანა, რომელიც იდგა ჭ---------------------ის ეზოში, ნორმალურ მდგომარეობაში, მის საბარგულში იდო გაზისა და ჟანგბადის ბალონები და წითელი ფერის გენერატორი. მოწმის ჩვენებით, ხსენებული ა/მანქანით დადიოდა გ---–-----ს მეუღლე ა-–------------------, გ---–-----ს არასდროს უმართავს იგი, გასაღები კი ვის ჰქონდა, არ იცის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე გ---–----------------ის ჩვენებები:
1995 წლის 04 და 05 მარტის დაკითხვის ოქმის თანახმად, გ---–----------------ი 1983 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა-–-------------------ან და 1994 წლის 24 ნოემბრამდე ცხოვრობდნენ ერთად საბანაკო დასახლება, პირველი ქუჩა, ბინა 11-ში. 1994 წლის 25 ნოემბერს მეუღლეებმა იჩხუბეს და განსასჯელი სახლიდან წავიდა დეკემბრის ბოლოს. 1989 წლის 8 დეკემბერს, მან და მეუღლემ ერთად შეიძინეს ლურჯი ფერის ა/მანქანა ვაზ 2106, სახ. № О---------, რომელიც გაფორმდა გ---–-----ს სახელზე, თუმცა მართავდა ა-–-------, ვინაიდან თავად არ იცოდა მანქანის მართვა. მანქანას აჩერებდნენ სახლის ავტოფარეხში, რომლის გასაღებიც ჰქონდა ალბერტს. მეუღლის სახლიდან წასვლის შემდეგ, ა/მანქანა დარჩა მასთან (გ---–----------------სთან), ავტოფარეხის გასაღები კი ჰქონდა ალბერტს, ვინაიდან იქ ინახავდა სხვადასხვა ნივთებს. მოწმის ჩვენებით, 1995 წლის 9 იანვარს ბავშვების სანახავად მივიდა ა-–-------, გამოიცვალა და წავიდა ისე, რომ მანქანა არ წაუყვანია. მეორედ მივიდა 1995 წლის იანვრის შუა რიცხვებში და მანქანა წაიყვანა ერთი დღით - დილიდან საღამომდე. ამის შემდეგ ალბერტს მანქანა არ წაუყვანია. მოწმის ინფორმაციით, მანქანას ჰქონდა ერთი გასაღები და ინახებოდა მასთან. 1994 წლის 4 მარტს, 09:00 საათზე, დედამ - ლუდა ბალაიანმა უთხრა, რომ ეზოში მანქანა აღარ იყო და კითხა - ხომ არ იცოდა სად იყო. დედის განმარტებით, 3 მარტს დაძინებამდე მანქანა ადგილზე იყო, გაღვიძებულს კი აღარ დახვდა. ამის გამო წავიდა ნათლიასთან - ს----------------თან, რომელსაც შეხვდა სახლთან, უამბო მანქანის დაკარგვის ამბავი და კითხა, თუ როგორ მოქცეულიყო. მოწმის ჩვენებით, ს------- ა/მანქანით დაბრუნდნენ სახლში, ხოლო სახლიდან გამოსულს შეხვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთა მოთხოვნითაც სახლიდან გამოიტანა ა/მანქანის რგოლზე აცმული ოთხი ცალი გასაღები. პოლიციელების კითხვაზე უპასუხა, რომ ყავდა ვაზ 2106 მარკის ა/მანქანა, სახ. № О---------, რომელიც მოპარეს და პოლიციაში მიდიოდა განცხადების შესატანად. პოლიციის თანამრომლებმა მიიყვანეს ვაკეში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, სადაც იდგა მისი ა/მანქანა და რომელშიც მოთავსებული იყო წითელი ფერის გენერატორი, გაზის ბალონი, მინის საჭრელი, სახრახნისები, აგრეთვე მოწმისა და მისი მეუღლის კუთვნილი სხვადასხვა ნივთები. მოწმის ჩვენებით, 1989 წელს ა-–-------ა მანქანის კარის გასაღებები შეცვალა და სახლიდან წასვლამდე მასთან ინახებოდა, მას შემდეგ კი, ა-–------------------ა გასაღებები მას დაუტოვა და იცოდა, რომ ინახებოდა სახლში, ლარნაკში. სწორედ აღნიშნული გასაღებები წარუდგინა პოლიციელებს 4 მარტს, თუმცა ვერ ხსნის, ამ დღეს რატომ არ განუცხადა სამართალდამცველებს გასაღებების შეცვლის ფაქტი.
1995 წლის 05 მარტის დაკითხვის ოქმის თანახმად, გ---–----------------მა განმარტა, რომ დიდი ხნის მანძილზე მეუღლესთან - ა-–-------------------ან იმყოფებოდა კონფლიქტში, რის გამოც სახლიდან გააგდო იგი, ვინაიდან ბინაც და ქონებაც მას ეკუთვნოდა, თუმცა ა-–-------ა არ დაუბრუნა ა/მანქანა და მინდობილობა. აღნიშნულის გამო კვლავ იჩხუბეს და მისი მოთხოვნით, 1994 წლის 3 მარტს დაახლოებით 15-16 საათზე ა-–-------ა მანქანა გააჩერა დედამისის საცხოვრებელი სახლის ეზოში და გასაღებიც გადასცა. 1995 წლის 4 მარტს დილით, დედამ უთხრა, რომ ღამით ა-–-------ა წაიყვანა მანქანა, რაზეც უპასუხა, რომ ა-–------- ვერ შეძლებდა მანქანის წაყვანას, რადგან გასაღები მას ქონდა. პოლიციაში განცხადების შესატანად მიმავალს სახლთან შეხვდნენ პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს ჭ--------------ში, სადაც იდგა მისი მანქანა. პოლიციას გადასცა მეუღლის მიერ დატოვებული გასაღებები, თუმცა კარის გაღება ვერ შეძლეს.
2009 წლის 17 ივნისის დაკითხვის ოქმის თანახმად, 1995 წელს დაკითხული იქნა მისი მეუღლის, ა-–------------------ს მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე. ქურდობის ჩადენამდე ა-–--------ან ქონდა ცუდი ურთიერთობა, იგი ხშირად არ მიდიოდა სახლში. ა-–------------------ს მიერ მაღაზიის გაქურდვის თაობაზე შეიტყო პოლიციის თანამშრომლებისგან, თუმცა როდის და რა ნივთები მოიპარა ა-–-------ა, არ იცის.
2009 წლის 05 ივლისის დაკითხვის ოქმის თანახმად, გ---–----------------მა განმარტა, რომ ა-–--------ან ერთად ავტომანქანა შეიძინა თანაცხოვრების პერიოდში, 1989 წელს. დაშორების შემდეგ ა/მანქანა იდგა მისი დედის საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ-------------------ში და გასაღებები ქონდა მას (გ---–----------------ს), თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ალბერტს, რომელმაც 1989 წელსვე შეცვალა გასაღებები, მისთვის დაუტოვებია ძველი, უვარგისი გასაღებები. მოწმის ჩვენებით, პოლიციისაგან შეიტყო, 1995 წლის 4 მარტს მისი მეუღლის მიერ მაღაზიის გაქურდვის ფაქტი, მისი ბინიდან კი მოპარულ ნივთებთან ერთად ამოიღეს მისი კუთვნილი სხვადასხვა დასახელების ნივთებიც.
2009 წლის 24 სექტემბრის და 2012 წლის 04 იანვრის დაკითხვის ოქმების თანახმად, ა/მანქანა ვაზ 2106 სახ№О--------- 1989 წელს მას (გ---–----------------ს) უყიდა დედამ და მიუხედავად იმისა, რომ გაფორმდა მის სახელზე, ა/მანქანას მართავდა ა-–------------------. 1995 წლის 4 მარტს დედამ უთხრა, რომ მისი მეუღლე ა-–------- ღობიდან გადასულა ეზოში და წაუყვანია ზ/აღნიშნული ა/მანქანა. მოწმის ჩვენებით, მის კუთვნილ ა/მანქანას მრავალი წელია ადევს ყადაღა, რის გამოც ვერ სარგებლობს და ადგება ზიანი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 1995 წლის 4 მარტს დათვალიერდა ქ------–--–-------------------------ში მდებარე „თ---–----–--------------“ ვაჭრობის №-- საიჯარო მაღაზია და აღნიშნული მაღაზიის შესასვლელი კარიდან 30 მეტრში გაჩერებული „ვაზ 2106“ მარკის, სახ. № О--------- ა/მანქანა, რა დროსაც ამოღებული იქნა გადაჭრილი ჩამოსაკიდი ბოქლომი, კარიდან ამონაჭერი რკინის ფურცელი, პულივიზატორიდან აღებული ორი დაქტილოფირი, კასეტები, კალკულატორი, სამი ცალი ბლოკნოტი, ქურთუკი, მართვის მოწმობა გაცემული ა-–------------------ს სახელზე და ა/მანქანის ტექ.პასპორტი გაცემული გ---–----------------ის სახელზე, მინის საჭრელი ე.წ. „ნაჟოვკა“, იაპონური წარმოების „ჰონდას“ ფირმის წითელი ფერის გენერატორი, 1 ცალი პულივიზატორი, სახრახნისების ნაკრები, 1 ცალი წითელი ფერის და 1 ცალი მონაცრისფრო ბალონები, რეზინის მილებითა და საჭრელით.
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, №-- თ---–----–-------------- მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ამოღებული ხელის კვლები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
„თ---–----–--------------“ ვაჭრობის №-- საიჯარო საწარმოს დირექტორ ზ-------–---–ის 05.03.1995წ ხელწერილის თანახმად, ამ უკანასკნელმა გამომძიებლისაგან ჩაიბარა იაპონური წარმოების „ჰონდას“ ფირმის წითელი ფერის გენერატორი, 1 ცალი პულივიზატორი და სახრახნისების ნაკრები.
ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის (1998 წლის რედაქცია) პირველი ნაწილის მოთხოვნაა, რომ თითოეული მტკიცებულება შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება, მათი ერთობლიობით, საკმარისი უნდა იყოს პირის დამნაშავედ ცნობისათვის. მეხუთე ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (1998 წლის რედაქცია), გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
პალატა აფასებს რა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს საქმესთან მათი დამოკიდებულების, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ყოველგვარ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა-–------------------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში მიმოიხილავს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც ერთის მხრივ იძლევიან დასკვნის საფუძველს, რომ გ---–----------------ის საკუთრებაში არსებულ „ვაზ 2106“ მარკის ავტომანქანას მისი და ა-–------------------ს დაშორებამდე მართავდა სწორედ ეს უკანასკნელი, ხოლო მეორეს მხრივ, მტკიცებულებებით დინდება, რომ აღნიშნული ავტომანქანა 1995 წლის 4 მარტს ქ------–--–-------------------------ში მდებარე „თ---–----–--------------“ ვაჭრობის №-- საიჯარო მაღაზიის შესასვლელთან იყო გაჩერებული, რომელშიც ეწყო მაღაზიიდან ფარულად დაუფლებული ნივთები. თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არცერთ შემთხვევაში არ დასტურდება ბრალად წარდგენილ დანაშაულებრივ ქმედებაში ა-–------------------ს მონაწილეობა და თავად საჩივრის ავტორსაც არ შეუძლია მიუთითოს, თუ რომელი მტკიცებულებები ქმნიან საკმარის ერთობლიობას, რაც საჭირო იქნებოდა იმის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ „თ---–----–--------------“ ვაჭრობის №-- საიჯარო მაღაზიიდან სწორედ ა-–------------------ დაეუფლა ელექტროგენერატორს და საღებავის საფრქვევს.
მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებიდან - მოწმე გ---–----------------ის გამოკითხვის ოქმებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს, რომ 1995 წლის 4 მარტის ღამეს, გ---–----------------ის საკუთრებაში არსებულ მანქანას, რომელიც აღმოჩენილი იქნა შემთხვევის ადგილზე და რომელშიც მოთავსებული იყო მოპარული ნივთები, მართავდა განსასჯელი ა-–------------------. როგორც მოწმე უთითებს, გასაღები ქონდა მის მეუღლეს და შეეძლო მას ესარგებლა ხსენებული ავტომობილით.
მოწმე გ---–----------------ის ჩვენების შეფასებისას, პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ---–----------------ის ჩვენებებიდან დგინდება მხოლოდ „ვაზ 2106“ მარკის, სახ. № О---------, ავტომანქანის ა-–------------------ს მფლობელობაში შესაძლო ყოფნის ფაქტი, მოწმე არ არის თვითმხილველი იმ გარემოებისა, თუ როგორ დაეუფლა მის სახლთან ახლოს გაჩერებულ ავტომობილს ა-–------------------ 1995 წლის 4 მარტს და მით უფრო, როგორ განახორციელა მან ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება.
გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებასაც, რომ მოწმე გ---–----------------ი ვერ იქნა წარმოდგენილი სასამართლოს წინაშე და სასამართლო ხელმძღვანელობს მხოლოდ მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ---–----------------ის ჩვენებების საჯაროდ წაკითხვისას, ადგილი არ ქონია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას და აღნიშნული განხორციელდა ობიექტური მიზეზის გამო - მოწმის ადგილსამყოფელი იყო დაუდგენელი. საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვაზე წინასწარი გამოძიების დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ან თუ ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. თუმცა ამავე მუხლის თანახმად, მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
ანალოგიურ მიდგომას ავითარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას მოწმის წარმოუდგენლობასა და მისი გამოძიების დროს მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვასთან დაკავშირებით, რაზეც ამომწურავი მსჯელობა იქონია პირველი ინსტანციის სასამართლომ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შემუშავებული პრინციპების მიხედვით, აუცილებელია სამ ეტაპად იქნეს შესწავლილი სამართალწარმოების შესაბამისობა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტებთან, როდესაც სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების სახით გამოყენებული იქნა იმ მოწმის ჩვენება, რომელიც არ ესწრებოდა სასამართლო პროცესს და არ იქნა დაკითხული. სასამართლომ უნდა შეისწავლოს: 1. არსებობს თუ არა მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი და შედეგად შესაძლებელია თუ არა დაუსწრებელი მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენებების გამოყენება; 2. არის თუ არა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი, ან გადამწყვეტი საფუძველი და 3. არსებობს თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ქმედითი პროცესუალური გარანტიები, რათა დაცვისთვის გადაუმოწმებელი მტკიცებულებების დაშვებით მიყენებული ზიანი დაბალანსდეს და უზრუნველყოფილი იყოს მთლიანი სასამართლო განხილვის სამართლიანობა (Schatschaschwili v. Germany, no.9154/10, 15.12.2015, § 107).
ა-–------------------ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე გ---–----------------ის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე უკვე იმსჯელა სააპელაციო პალატამ. რაც შეეხება ზემოთხსენებულ შეფასების მეორე და მესამე ეტაპს, აღსანიშნავია, რომ მოწმის ჩვენება ნამდვილად იყო განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე, რომელიც არსებით გავლენას იქონიებდა განსასჯელის ქმედების შეფასებაზე, ხოლო მისი წარმოუდგენლობის დამაბალანსებელი ფაქტორების არსებობა, მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა უზრუნველყოფილი. საქმეზე არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ხასიათი ზეპირი ან წერილობითი მტკიცებულება, რომელიც იქნებოდა საკმარისად ძლიერი და გ---–----------------ის ჩვენების უტყუარობის სათანადოდ შეფასების საშუალებას მოგვცემდა. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, არ ამყარებენ მოწმე გ---–----------------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებს, რომლებიც თავის მხრივ, სრულყოფილად თანხვედრილი არ არის ერთმანეთთან მიმართებაშიც კი. შესაბამისად, ა-–------------------ს მეუღლის ჩვენება სასამართლოსათვის არ იძლევა დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ 1995 წლის 4 მარტის ღამეს, მის საკუთრებაში არსებულ „ვაზ 2106“ მარკის ავტომანქანას, სახ. № О---------, მართავდა სწორედ ა-–------------------, რომელმაც უკანონოდ შეაღწია ქ------–--–-------------------------ში მდებარე „თ---–----–--------------“ ვაჭრობის №-- საიჯარო მაღაზიაში და ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების ნივთებს.
პალატა მიუთითებს, რომ როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ა-–------------------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით კი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა მსგავსი ხასიათის არცერთი მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ გ---–----------------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებიდან შექმნილი ეჭვი, რომელიც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება და იგი უნდა გადაწყდეს ა-–------------------ს სასარგებლოდ.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა ისინი ურთიერთშესაბამისობის, სარწმუნოობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-–---------------ანს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ა-–------------------ს მიერ ქურდობის, ე.ი. საზოგადოებრივი ქონების ფარულად გატაცების ჩადენა საცავში შეღწევით არ წარმოადგენს უტყუარად, მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე დადასტურებულ ფაქტს, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის განაჩენი უნდა დარცეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე, 504-ე, 535-537-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის განაჩენი.
ა-–------------------ გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში, საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ა-–------------------ს მიმართ 1995 წლის 23 მარტის დადგენილებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ა-–---------------ანს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
გაუქმდეს 1995 წლის 8 მარტისა და 14 მარტის დადგენილებები, სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთებზე და 1995 წლის 23 მარტის დადგენილება ა/მანქანაზე ვაზ 2-------------------- ყადაღის დადების თაობაზე.
გაუქმდეს 1995 წლის 5 ივნისის დადგენილება ა-–------------------ს საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე ყადაღის დადებისა და მისი ამოღების თაობაზე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე