განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2019
საქმის ნომერი
010142219700087649
ინსტანცია
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010142219700087649

საქმე № 1ა.გ/91-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვახტანგ მრელაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ------ ა-----ას (პ/ნ №6----------) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის დადგენილებით, გ------ ა-----ა ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, რისთვისაც დაეკისრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით, გ------ ა-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და ამავე კოდექსის 2731 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2019 წლის 03 ივლისს მსჯავრდებულმა გ------ ა-----ამ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა და მისთვის ნასამართლობის მოხსნა.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ------ ა-----ას შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ სისხლის სამართლის წესით საქმის წარმოებისას არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გადასინჯვის საკანონმდებლო შესაძლებლობა, ვინაიდან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძლებს განსაზღვრავს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი, რომლის ,,დ“ ქვეპუნქტში მითითებულია, რომ ,,განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი“. პალატა ხაზს უსვამს, რომ მითითებული ნორმის თანახმად, კანონმდებელი იძლევა შესაძლებლობას გადაისინჯოს მხოლოდ განაჩენი და არა დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შესახებ.

 

ამასთან, პალატა დამატებით განმარტავს, რომ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ------ ა-----ას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით, მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალებების ბუპრენორფინისა და ტეტროჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდრღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუნას“ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობაზე, ხოლო სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე არ უმსჯელია. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ ცვლილება უნდა იქნეს შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 ოქტომბრის განაჩენში გ------ ა-----ას მიმართ და ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობა, მსჯავრდებული გ------ ა-----ა უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დადგენილი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუნას“ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ამასთან პალატა თვლის, რომ ვინაიდან 2017 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით გ------ ა-----ას ნარკოტიკულ საშუალება ,,მარიხუანასთან“ ერთად მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ მოხმარებისათვის და განესაზღვრა ერთიანი სასჯელი, ხსენებული განაჩენი სასჯელის და უფლებების ჩამორთმევის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ------ ა-----ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 ოქტომბრის განაჩენში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ------ ა-----ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

გ------ ა-----ა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვახტანგ მრელაშვილი