განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.03.2019
საქმის ნომერი
330210118002269324
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002269324

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6780-18 25 აპრილი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ლ--–- ი---–---–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ი--- შ----–----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ვ--------ა ჯ---–-ა (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ქ------- ზ---------–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხეს დაეკისროს 3000 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ვ--------ა ჯ---–-ას ასესხა 3000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება მოპასუხის მიერ 2016 წლის 29 აგვისტოს შედგენილი ვალის აღიარების ხელწერილით.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი, მასზე ხელმოწერის ნამდვილობა და შესაბამისად, მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა. მოპასუხის განმარტებით, მას მოსარჩელესთან აკავშირებდა სხვა სასესხო ურთიერთობა. კერძოდ, 2015 წლის 07 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კრედიტორის მოთხოვნით გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი. მოპასუხის მიერ სრულად იქნა შესრულებული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალდებულება, რის შედეგადაც გაუქმდა იპოთეკის რეგისტრაცია. შესაბამისად, არ არსებობდა სადავო ხელწერილის დადების აუცილებლობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2018წ. გადაწყვეტილებით ლ--–- ი---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4.1. 2015 წლის 07 ივლისს ლ--–- ი---–---–ს და ვ--------ა ჯ---–-ას შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით, ლ--–- ი---–---–მა ვ--------ა ჯ---–-ას ასესხა 10000 აშშ დოლარი. მსესხებლის მიერ სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ვ--------ა ჯ---–-ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: მცხეთა, სოფელი ს----------, მიწის (უძრავი ქონებიის) საკადასტრო კოდი 7-----------.

 

4.2. 2015 წლის 07 ივლისის N1-------- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 21.12.2016 წელს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალდებულება კრედიტორ ლ--–- ი---–---–ის მიმართ, ასევე დაკისრებული აღსრულების საფასური ვ--------ა ჯ---–-ას მიერ სრულად იქნა შესრულებული.

 

4.3. სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულების გაქარწყლების თაობაზე მოპასუხის ვალდებულებაზე და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტით დაედასტურებინა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი და მასზე შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის ვ--------ა ჯ---–-ას.

 

4.4. სადავო ხელწერილით არ დასტურდება, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვ--------ა ჯ---–-ას ვალდებულების არსებობა.

 

მოსარჩელემ მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის დასტურად წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულება - 2-------წ დათარიღებული ხელწერილი, ხოლო სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ რეალურად მოსარჩელეს სესხის თანხა გადასცა ხელწერილის გაფორმებამდე; წარმოდგენილი ხელწერილით მოვალის მიერ აღიარებულ იქნა არსებული ვალდებულება კრედიტორის წინაშე.

 

სასამართლო მიუთითებს 341-ე მუხლის სამართლებრივი წანამძღვრებისა და ნორმატიული შინაარსის განმარტებაზე, მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე და განმარტავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენეტი, ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს. კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება. ვინაიდან ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე... არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. პალატის მოსაზრებით, არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, როგორიცაა: მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანმხდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე. სასამართლომ მიიჩნია, ხელწერილში ასახული ჩანაწერი არ შეიცავს ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ზემოაღნიშნულ კომპონენტებს.

 

4.5. მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მოპასუხისათვის 3000აშშ დოლარის ოდენობით თანხის საკუთრებაში გადაცემის სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. სასამართლო პროცესზე მოსარჩელემ განმარტა, რომ რეალურად მოპასუხისათვის სესხის გადაცემა განახორციელადა ხელწერილის შედგენამდე 2-3 თვით ადრე, ხოლო 25.06.18წ სხდომაზე მიუთითა, რომ თანხა მოპასუხეს გადასცა 2015წელს.

 

სესხის თანხის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით, მოსარჩელის დაუკონკრეტებელი და არათანამიმდევრული პოზიციის პირობებში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის შეფასებას და მიუთითებს, რომ აღნიშნული ხელწერილის საფუძველზე არგუმენტირებულად ვერ ჩაითვლება მოსარჩელის მტკიცება 3000აშშ დოლარის მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, ხელწერილში ასახული ჩანაწერის მიუხედავად. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ხელწერილით არ დგინდება გადასაცემი თანხის ვალუტა.

 

მოსარჩელის პოზიციას ვერ ამყარებს, ის გარემოებაც რომ 2015 წლის 07 ივლისს ლ--–- ი---–---–ს და ვ--------ა ჯ---–-ას შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 10000 აშშ დოლარზე და იპოთეკით დაიტვირთა ვ--------ა ჯ---–-ას კუთვნილი უძრავი ქონება და ეს იმ პირობებში, როდესაც თუკი მოსარჩელის განმარტებას გავითვალისწინებთ, ვ--------ა ჯ---–-ას დასაბრუნებელი ქონდა მოსარჩელისათვის 3000 აშშ დოლარი და მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, მან მხოლოდ სანოტარო ბიუროში მოპასუხესთან შემთხვევითი შეხვედრის დროს დააწერინა ვ--------ა ჯ---–-ას ვალის აღიარების ხელწერილი.

 

4.6. სასამართლოს განმარტებით, სასესხო ურთიერთობის წარმოშობის წინაპირობების მტკიცების თვალსაზრისით, სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების - თანხის გადაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს _ მოსარჩელეს, ხოლო ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელია _ მოვალე, მოპასუხე.

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის ხელწერილი არ შეიცავს დამაჯერებელ და უტყუარ ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ და ვერ ადასტურებს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სასესხო ან/და ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობისა და მოთხოვნილ თანხაზე ვ--------ა ჯ---–-ას ვალდებულების არსებობის ფაქტს, რაც განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტი აღნიშნავს, რომ:

 

5.1. მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სადავო ხელწერილის საპირისპირო მტკიცებულება და არც მისი ბათილობა მოუთხოვია. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დგინდება როგორც ვალის არსებობა, ასევე სასესხო ურთიერთობა. ხელწერილით მოპასუხემ დაადასტურა თავისი ნება და აღიარა ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.

 

5.2. 07.07.2015წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების გარდა მხარეთა შორის არსებობდა ასევე სხვა ურთიერთობაც, რომელსაც აღნიშნულ ხელშეკრულებასთან კავშირი არ ჰქონდა. ხელწერილით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადასხა 3000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ განმარტა, რომ თანხა ხელწერილის გაფორმებამდე 2-3 თვით ადრე გადასცა მოპასუხეს. აღნიშნულ თანხას 07.07.2015წ. ხელშეკრულებასთან კავშირი არ აქვს და არც ნოტარიუსთან მომხდარა შემთხვევითი შეხვედრა. მხარეები და მოპასუხის ახლობელი შეთანხმებულნი იყვნენ შეხვედრაზე, რა დროსაც მოსარჩელემ მოითხოვა ხელწერილი და შეადგინეს ხელწერილი ნოტარიუსში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. ლ--–- ი---–---–ი (შემდგომში „მოსარჩელე“) ითხოვს ვ--------ა ჯ---–-ას (შემდგომში „მოპასუხე) დაეკისროს სესხად გაცემული თანხის გადახდა 3000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

პალატა განმარტავს, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (იხ.: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.; სუსგ №1425-1345-2017, 30.04.2018წ.).

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება;

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ვადა ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა;

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი;

4. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

 

ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს).

 

მოსარჩელე მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტის დასტურად მიუთითებს 2--------- წლით დათარიღებული ხელწერილზე, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: „ვიღებ სესხს 3000... უპროცენტოს ლ--–- ი---–---–ისგან 2---------“. ხელწერილიდან უტყუარად არ დგინდება თანხის ვალუტა (ტ.1, ს.ფ. 24).

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ თანხის სესხების ფაქტი დასტურდება მოპასუხის მიერ 2---------წ. დაწერილი ვალის აღიარებით (ტ.1, ს.ფ.4). სააპელაციო საჩივარში მოსარჩელე მიუთითებს, რომ თანხა მსესხებელს გადაეცა ხელწერილის გაფორმებამდე 2-3 თვით ადრე (ტ.1, ს.ფ.103). რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობას დაადასტურებდა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის და ასეთის არსებობაზე იგი არც მიუთითებს. რაც შეეხება სადავო ხელწერილს, პალატას მიაჩნია, რომ სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტი ვერც აღნიშნული ხელწერილით დგინდება, რადგან: ხელწერილი არ შეიცავს პირდაპირ დათქმას თანხის მსესხებლისთვის გადაცემის თაობაზე; გამოყენებულია ზმნის აწმყო დრო - „ვიღებ“, მაშინ როდესაც თავად მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო თანხა ხელწერილის გაფორმებამდე 2-3 თვით ადრე ჰქონდა მოპასუხისთვის გადაცემული; ხელწერილით შეუძლებელია დადგინდეს სადავო თანხის ვალუტა.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, ხელშეკრულების საგნის გადაცემის და სესხის ხელშეკრულების დადების თაობაზე.

 

8. გათვალისწინებით იმისა, რომ, თავად მოსარჩელის განმარტებით, ხელწერილი შედგენილია თანხის გადაცემიდან 2-3 თვის შემდეგ, მოსარჩელე აღნიშნულ ხელწერილს მიიჩნევს ვალის აღიარების ხელშეკრულებად, რის თაობაზეც მიუთითებს კიდეც სარჩელში. სადავო ხელწერილის ვალის არსებობის აღიარების კონტექსტში შესწავლის შემდეგ პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ ხელწერილი არ შეესაბამება გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ მოთხოვნებს და სასამართლომ სწორად არ დაუდო საფუძვლად აღნიშნული მტკიცებულება სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა, ამდენად ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ნებისმიერი დოკუმენტი, ან მხარეებს შორის განხორციელებული მიმოწერა, სადაც დავალიანების არსებობაა დაფიქსირებული, ვალის აღიარების ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება, თუ არ ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე.

 

ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. უნდა არსებობდეს ისეთი წინაპირობები, რომლებიც მიუთითებენ მომავალში კონკრეტულ შემთხვევაში უკვე არსებული სამართალურთიერთობის მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი ვერ შეფასდება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, რადგან ამავე კოდექსის 327-ე მუხლისა და 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების არსებითი პირობებიც (მოთხოვნის მოცულობა და მოვალის მიერ მისი შესრულების ვალდებულების დადასტურება) მხარეებმა წერილობით უნდა შეათანხმონ. ზემოხსენებულ ხელწერილში ეს პირობები შეთანხმებული არ არის. ამდენად, გაზიარებული ვერ იქნება მოსარჩელის მსჯელობა სადავო ხელწერილის სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტად შეფასების თაობაზე.

 

9. სარჩელის საფუძვლიანობის შეფასების მიზნებისთვის პალატა ყურადღებას მოპასუხის მიერ წარდგენილ მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელზე, სადაც მოპასუხე განმარტავს, რომ მას არანაირი ხელწერილი არ შეუდგენია, მხარეებს ერთმანეთთან აკავშირებდათ სრულიად სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც წარმოშობილია 07.07.2015წ. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე და ამ ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ვალდებულება მოპასუხის მიერ სრულად არის შესრულებული (იხ.: შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.38-47).

 

საქმეში წარმოდგენილია 07.07.2015წ. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელისგან ისესხა 10 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 1.5 პროცენტის სარგებლით, სამი თვის ვადით. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება (ტ.1, ს.ფ. 49-53). საქმის მასალებით დგინდება და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ 07.07.2015წ. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 21.12.2016წ. გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლით კრედიტორ ლ--–- ი---–---–ის მიმართ განსაზღვრული თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე დაკისრებული აღსრულების საფასური მოპასუხის მიერ სრულად იქნა გადახდილი (ტ.1, ს.ფ. 73).

 

აპელანტის განმარტებით, სარჩელით სადავო თანხას 07.07.2015წ. ხელშეკრულებასთან კავშირი არ აქვს (ტ.1, ს.ფ.103). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 25.04.2019წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მართალია, მხარეთა შორის არსებობდა სხვა ხელშეკრულებაც, თუმცა მხარეები იყვნენ კარგ ურთიერთობაში და მოსარჩელემ დამატებით ასესხა მოპასუხეს სადავო თანხა. სასამართლოს კითხვაზე, ხელწერილის შედგენისას, ანუ 2---------წ., იყო თუ არა დარღვეული 07.07.2015წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სესხის გადაცემის დროს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება არ იყო დარღვეული, თორემ მოსარჩელე თანხას მოპასუხეს აღარ გადასცემდა (იხ.: 25.04.2019წ. სხდომის ოქმი, 11:39:18 – 11:40:23). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 07.07.2015წ. ხელშეკრულება დადებული იყო სამი თვის ვადით, ხელწერილი კი დათარიღებულია 2---------წ.-ით და მოსარჩელე მიუთითებს ხელწერილის გაფორმებამდე სამი თვით ადრე სესხის თანხის მოპასუხისთვის გადაცემაზე, პალატას არათანმიმდევრულად მიაჩნია მოსარჩელის განმარტებები მასზედ, რომ სადავო თანხის გადაცემის დროს 07.07.2015წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება დარღვეული არ იყო, კონტრაჰენტები კარგ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ და მოსარჩელემ მოპასუხეს დამატებით ასესხა მოთხოვნილი თანხა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დადასტურებული ვერ იქნა მოპასუხესთან სასესხო ან/და ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის ფაქტი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.

 

10. პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

11. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.2, ს.ფ. 9).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ--–- ი---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2018წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე