განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001134671
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4428-18 15 აპრილი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები - თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - შპს „ფ-------------------–- ი--------------–--------“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
წარმომადგენელი - ს----- ტ---–---–ი, გ------- ც---–---ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ი--------–----– კ----------–-- ჰ---–-----ი" (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში).
წარმომადგენელი - ანა მ------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.05.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
დავის საგანი – სარჩელში: თანხის დაკისრება.
შეგებებულ სარჩელში: შეთანხმების ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეს დაეკისროს 190 281.36 აშშ დოლარის გადახდა.
2. სარჩელის საფუძვლები:
30.10.2012წ. მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და ხელშეკრულებით დაფიქსირდა მოპასუხის ვალდებულება გადაეხადა 190 281.36 აშშ დოლარი. მოპასუხეს აღნიშნული დავალიანება უნდა დაეფარა ანგარიშსწორების გრაფიკის შესაბამისად ან შეთანხმების ხელმოწერიდან 12 თვის ვადაში. ვინაიდან გრაფიკზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, დგინდება, რომ მოპასუხეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2013 წლის 30 ოქტომბრამდე. მოპასუხეს თანხა დღემდე არ აქვს გადახდილი.
3. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:
30.10.2012წ. დადებული შეთანხმების ბათილად ცნობა.
4. შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
შეგებებული სარჩელის ავტორი არ დადებდა შეთანხმებას, რომ სცოდნოდა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რაც წინ უძღვოდა სადავო შეთანხმების გაფორმებას. შეგებებული სარჩელის ავტორს არ ჰქონდა ინფორმაცია იმ მართლსაწინააღმდეგო და ზიანის გამომწვევი ქმედებების შესახებ, რომელსაც მოსარჩელე კომპანია რ---- ჯგუფის მიმართ ახორციელებდა. სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული შემადგენლობა, შეთანხმება ბათილია და იგი რაიმე სახის ვალდებულებას მოპასუხის მიმართ არ წარმოშობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.03.2018წ. გადაწყვეტილებით:
1. შპს "ი--------–----– კ----------–-- ჰ---–-----ის" სარჩელი დაკმაყოფილდა.
2. შპს "რ---- ფოთის თავისუფალი ი--------------–--------ს" შპს "ი--------–----– კ----------–-- ჰ---–-----ის" სასარგებლოდ დაეკისრა 190 281.36 აშშ დოლარის გადახდა.
3. შპს "რ---- ფოთის თავისუფალი ი--------------–--------ს" შპს "ი--------–----– კ----------–-- ჰ---–-----ის" სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.
4. შპს "რ---- ფოთის თავისუფალი ი--------------–---------" შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.1. 2012 წლის 30 ოქტომბერს, ერთის მხრივ შპს ,,რ---- ს----------–---------------–- ი--------------–--------ს“ (დამკვეთი) და მეორეს მხრივ შპს ,,ი--------–----– კ----------–-- ჰ---–-----ს“ (შემსრულებელი) შორის, გაფორმდა შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ხელშეკრულება ხელმოწერილია შპს ,,ი--------–----– კ----------–-- ჰ---–-----ის“ დირექტორის ლ---- გ-------–---–ის და შპს „რ---- ს----------–---------------–- ი--------------–--------ს“ დირექტორის რ---- ს---ის მიერ. შეთანხმების მე-3 მუხლით შპს "რ---- ს----------–---------------–- ი--------------–--------ს" ვალდებულება შპს ,,ი--------–----– კ----------–-- ჰ---–-----ის“ მიმართ განისაზღვრა 190 281.36 აშშ დოლარით, რომელიც უნდა დაფარულიყო ანგარიშსწორების გრაფიკის შესაბამისად ან შეთანხმების ხელმოწერიდან 12 თვის ვადაში. ვინაიდან გრაფიკზე შეთანხმება ვერ მოხდა, მოპასუხეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2013 წლის 30 ოქტომბრამდე.
შეთანხმების მე-5 მუხლის თანახმად, შეთანხმებაზე ხელმოწერის მომენტისათვის მხარეებს ერთმანეთის მიმართ, გარდა ფინანსური ვალდებულებისა რაც ზემოთ იქნა აღნიშნული, არ გააჩნიათ.
5.2. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებით შპს "რ---- ს----------–---------------–- ი--------------–--------ს" შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს "ფ-------------------–- ი--------------–--------.
5.3. 2012 წლის 30 ოქტომბრის სადავო შეთანხმება არ არის ბათილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. შესაბამისად, გარიგება წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენას, რომელიც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედგების გამომწვევია. გარიგება არის მისი მონაწილე მხარის განსჯის შედეგი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები.
გარიგება შესაძლოა ბათილად იქნეს მიჩნეული მისი შინაარსის დაუდგენლობის, მართლსაწინააღმდეგო და ამორალური ხასიათის, გავლენის ბოროტად გამოყენების, მოჩვენებითი და თვალთმაქცური ხასიათის გამო და სხვა საფუძვლებით. მოცემულ შემთხვევაში, გარიგების ბათილობის სამართლებრივ საფუძვლად სარჩელში მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის დავა ან დაურწმუნებლობა აღმოიფხვრება ურთიერთდათმობის (მორიგების) გზით, თუ, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ეს მორიგება ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს, და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობა სცოდნოდათ.
შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ შპს ,,ფოთის ი--------------–--------მ“ და მისმა ბენეფიციარებმა არ იცოდნენ რომ გ--–- მ----ე იყო შპს ,,ი--------–----– კ----------–-- ჰ---–-----ის“ ბენეფიციარი. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც გ--–- მ----ის წინააღმდეგ დაიწყო შიდა კორპორატიული გამოძიება. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული ვერ გახდება ვალის აღიარების დოკუმენტის ბათილობის საფუძველი. სადავო შეთანხმება ხელმოწერილია უფლებამოსილი პირების მიერ, რომლებიც ამავე შეთანხმებაში აფიქსირებენ პოზიციას, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია, გარდა ამავე შეთანხმებით დადგენილი ფინანსური ვალდებულებისა, არ გააჩნიათ. მოპასუხე მხარეს არც შესაგებელში, არც შეგებებულ სარჩელში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლება პირდაპირ კავშირში ყოფილიყო სადავო შეთანხმებასთან. მხოლოდ ბრალდებები გ--–- მ----ესთან მიმართებაში, შეთანხმების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება. შეთანხმება აკმაყოფილებს გარიგების ნამდვილობისათვის კანონით გათვალისწინებულ პირობებს და მისი გაუქმების საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლის გამოყენება შეუსაბამოა.
5.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 341-ე, 361-ე მუხლზე და განმარტა, რომ შპს ,,ფ-------------------–- ი--------------–--------მ“ უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, ძირითადი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.03.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (შეგებებული სარჩელის ავტორმა) და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტი აღნიშნავს, რომ:
6.1. სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 341-ე, 361-ე მუხლებს და მიდის იმ დასკვნამდე, რომ 2012 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმებით მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის მიმართ 190 281.36 აშშ დოლარის ვალდებულების არსებობა. სასამართლო ზედაპირულად მსჯელობს სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიულ შინაარსთან დაკავშირებით და დასაბუთებული მსჯელობის გარეშე ასკვნის, რომ შეთანხმება ბათილი არ არის.
დადგენილი პრაქტიკით მხარეთა შორის ნებისმიერი სამართალურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი დავა ან დაურწმუნებლობა შეიძლება აღმოიფხვრას ურთიერთდათმობის გზით. მითითებული ურთიერთდათმობა, თავის მხრივ, შეიძლება იყოს კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. მორიგება, თავისი არსით, არსებული სამართალურთიერთობების ახლებურ მოწესრიგებას წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლის გამოყენების მიზნებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მხარეთა ნებას, თავიდან აიცილონ უთანხმოება, გაუგებრობა, ვალდებულების შეუსრულებლობა და თუნდაც სამომავლო სასამართლო დავა. ამასთან, აღნიშნული ნება უნდა განაპირობებდეს მხარეთა მხრიდან გარკვეულ დათმობებზე (კომპრომისზე) წასვლას. ნიშანდობლივია, რომ დათმობა (კომპრომისი) შეიძლება იყოს ორმხრივადაც და ცალმხრივიც, მთავარია, რომ მითითებული დათმობა (კომპრომისი) მიზნად ისახავდეს სახელშეკრულებო პირობათა მოდიფიცირების გზით, კონტრაჰენტისთვის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შესაძლებლობის მიცემას. ამასთან, მხარე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ რომ არა მითითებული დათმობა (კომპრომისი) სასურველი შედეგს ვერ მიიღწევა. გარდა ამისა, ფაქტები, რომლებიც აღნიშნულ კომპრომისს განაპირობებს, შეიძლება სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს, თუმცა, მორიგების (დათმობის, კომპრომისის) ეტაპზე მხარე მას რეალურად უნდა აღიქვამდეს და ეს განაპირობებდეს მისი მხრიდან გარკვეულ დათმობაზე წასვლას (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.11.2013წ. N2ბ/1084-13 საქმე). განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მხრიდან 2012 წლის 30 ოქტომბრის შეთანხმებაზე ხელის მოწერა სწორედ კომპრომისის სახეს ატარებდა, რადგან ამ დროისათვის მან არაფერი იცოდა იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, რომელშიც მოსარჩელე სხვა პირებთან ერთად იყო ჩართული.
სადავო შეთანხმება ჩვეულებრივი გარიგებაა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისთვის კანონით გათვალისწინებულ პირობებს. დაუშვებელია მორიგების გზით მესამე პირთათვის რამე ვალდებულებების დაწესება, მორიგება შეიძლება შეეხოს მესამე პირს, თუმცა, იმგვარ კონტექსტში, რომ მორიგების მხარემ მორიგების გზით მესამე პირის მიმართ მოთხოვნის უფლებაზე თქვას უარი (pactum de non petendo). მორიგება ვალდებულებით სამართლებრივ კონტექსტში შეიძლება წარმოადგენდეს ცვლილებას გარიგებაში ან ახალ გარიგებას. შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც განხორციელდა 2012 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებით, არ წარმოადგენს მორიგებას. შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება სწორედ ახალ გარიგებას წარმოადგენს, ვინაიდან ის მხარეებისთვის აწესებს ძირითადი ხელშეკრულებისგან განსხვავებულ უფლება-მოვალეობებს.
აპელანტი მხარე მიზნაშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, თუ რა შემხებლობა აქვს გ--–- მ----ეს აღნიშნული შეთანხმების ბათილობასთან. კერძოდ: ა-------------------------–------------ში შემავალმა ერთ-ერთმა ს--------მ - რ-----–------- და მისმა მმართველებმა 2005 წელს მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ფარგლებში საქართველოში დაფუძნდა რამდენიმე კომპანია, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის გენერალური დირექტორი იყო გ--–- მ----ე. მათ შორის ერთ-ერთ კომპანიას წარმოადგენდა მოსარჩელე. კომპანიის 100 %-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენდა რ-----–-----ას ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია “რ----- კ----------–-- დ----–-------- ლიმიტედი”. 2011 წლის 8 ნოემბერს, გ--–- მ----ემ შპს “ი--------–----– კ----------–-- ჰ---–-----ის “ წილის 100% მიყიდა დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ კომანდიტურ საზოგადობა “მ---------ის“, რომელსაც ამ ტრანზაქციის განხორცილებისას წარმოადგენდა ი----- ქ-------ე, გ--–- მ----ის ახლო მეგობარი. შესაბამისად, კს „მ---------ი“ მთლიანად გ--–- მ----ის მიერ კონტოლდებოდა. 2012 წელს ინვესტორს გაუჩნდა კითხვები მის მიერ დაფუძნებული ქართული კომპანიის დირექტორთან, გ--–- მ----ესთან. აღნიშნულ საკითხზე შიდა კორპორატიულმა გამოძიებამ გამოავლინა არაერთი ფაქტი რ-----–-----ას მთავრობის და მისი მმართველის კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან დაკავშირებით, ამ პროცესებში შპს „ი--------–----– კ----------–-- ჰ---–-----იც“ ფიგურირებდა. შიდა კორპორაციულმა გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ 2011 წლის 8 ნოემბერს წილების ინგლისში რეგისტრირებულ კომანდიტურ საზოგადოება “მ---------იზე“ გადაცემა იყო გ--–- მ----ის მორიგი მცდელობა ხელში ჩაეგდო შპს „ი--------–----– კ----------–-- ჰ---–-----ი“ . 2013 წლის ივნისში გ--–- მ----ე დააკავეს ინვესტორის კუთნილი წილების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდებით. გ--–- მ----ემ აღიარა დანაშაული და ციხეში გაატარე 6 თვე, ხოლო გათავისუფლებიდან 12 თვის შემდეგ დაიწყო იმის მტკიცება, რომ აღიარებითი ჩვენება მიცემული იყო იძულების გზით.
2012 წლის 30 ოქტომბერს დაიდო შეთანხმება შპს “ი--------–----– კ----------–-- ჰ---–-----თან” დადებული ხუთი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზნით. მოპასუხეს არ ჰქონდა ინფორმაცია იმ მართლსაწინააღმდეგო და ზიანის გამომწვევი ქმედებების შესახებ, რომელსაც მოსარჩელე კომპანია გ--–- მ----ესთან ერთად რ---- ჯგუფის მიმართ ახორციელებდა. მოპასუხეს აღნიშნული გარემოებები რომ სცოდნოდა, იგი არ გააფორმებდა სადავო შეთანხმებას.
სასამართლო საქმეებში, რომელიც თან ერთვის შეგებებულ სარჩელს, შპს ”ი--------–----– კ----------–-- ჰ---–-----ის“ ბენეფიციარის კს ”მ---------ის” და საბოლოო ბენეფიციარის ბატონი გ--–- მ----ის მიმართ მოთხოვნა ერთ შემთხვევაში არის 550 000 აშშ დოლარი და მეორე შემთხვევაში - 2 060 533, 55 ლარი. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს მოწინააღმდეგე კომპანიასა და მასთან დაკავშირებული პირების მიერ სახვადასხვა დროს განხორცილებული აქტივობებით, რომლებიც, აპელანტი კომპანიისა და მასთან ერთად ჰ---–-----ში შემავალი კომპანიებისთვის ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად. ამასთან, სასამართლოები განიხილავენ ოცამდე დავას, სადაც მოსარჩელეებს წარმოადგენენ აპელანტ კომპანიასთან დაკავშირებული ზემოთ მითითებული იურიდიული პირები და საინვესტიციო ორგანოები, რომლებიც სხვადასხვა საფუძვლით ამ კომპანიების დირექტორ(ებ)ისგან და კონტრაქტორებისგან ითხოვენ საკმაოდ სოლიდური თანხის ანაზღაურებას. შესაბამისად, აპელანტს აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ რეალურად წინამდებარე სარჩელი პროვოცირებულია სწორედ იმ საქმეების არსებობით, რაც ზემოთ აღინიშნა.
ამდენად, ვინაიდან გ--–- მ----ე და მასთან აფილირებული კომანდიტური საზოგადოება კს „მ---------ი“ (რომელიც მოსარჩელე კომპანიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელია) დაფიქსირებულები არიან მოპასუხისთვის ზიანის ერთიანი სქემით მიყენებაში, ნათელია, რომ სადავო შეთანხმება ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებებთან მჭიდრო კავშირშია, რასაც შეთანხმების ბათილობაზე არსებით გავლენის მოხდენა შეეძლო. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლის გამოყენების მართლზომიერებაზე წინამდებარე საქმეში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
8. 30.10.2012წ. ერთის მხრივ, შპს ,,რ---- ს----------–---------------–- ი--------------–--------ს“ (დამკვეთი) (შემდგომში „მოპასუხე“/“შეგებებული სარჩელის ავტორი“/“აპელანტი“) და მეორეს მხრივ, შპს ,,ი--------–----– კ----------–-- ჰ---–-----ს“ (შემსრულებელი) (შემდგომში „მოსარჩელე/მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“/ „მოწინააღმდეგე მხარე“) შორის, გაფორმდა შეთანხმება ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ, შემდეგი შინაარსით:
8.1. აღნიშნული ხელშეკრულებების და ასევე მხარეთა შორის არსებული სხვა ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ფინანსური ურთიერთვალდებულებების გათვალისწინებით შედგა საბოლოო შედარების აქტი, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა შორის არსებული ფინანსური ურთიერთვალდებულებები, რომლის შესაბამისადაც განხორციელდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა (მე-2 მუხლი);
8.2. მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ განისაზღვრა 190 281.36 აშშ დოლარით, რომელიც უნდა დაფარულიყო ანგარიშსწორების გრაფიკის შესაბამისად ან შეთანხმების ხელმოწერიდან 12 თვის ვადაში (მე-3 და მე-4 მუხლები).
8.3. მხარეებმა დაადასტურეს, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერის მომენტისათვის, გარდა ამავე შეთანხმებით დარეგულირებული ფინანსური ვალდებულებისა, ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ (მე-5 მუხლი)(ტ.1, ს.ფ. 16-18).
9. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მხარეთა შორის გრაფიკზე შეთანხმება არ მომხდარა. შესაბამისად, მოპასუხეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2013 წლის 30 ოქტომბრამდე.
10. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 18.10.2016წ. ბრძანებით შეიცვალა შპს "რ---- ს----------–---------------–- ი--------------–---------" საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს "ფ-------------------–- ი--------------–-------- (ტ.2, ს.ფ. 80, 94).
11. სარჩელის საგანია 30.10.2012წ. შეთანხმების შესრულება, შეგებებული სარჩელის ავტორი კი ითხოვს 30.10.2012წ. შეთანხმების ბათილობას იმ საფუძვლით, რომ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლით დადგენილი გარიგების ბათილობის წანამძღვრები. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, ხომ არ არსებობს შეთანხმების ნამდვილობის დამაბრკოლებელი გარემოება.
შეგებებული სარჩელის ავტორი სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლის საფუძველზე გარიგების ბათილობაზე მიუთითებს შემდგე ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით:
- 2012 წლის 30 ოქტომბრის შეთანხმება გაფორმდა მოსარჩელესთან დადებული ხუთი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზნით. მოპასუხეს არ ჰქონდა ინფორმაცია იმ მართლსაწინააღმდეგო და ზიანის გამომწვევი ქმედებების შესახებ, რომელსაც მოსარჩელე კომპანია გ--–- მ----ესთან ერთად რ---- ჯგუფის მიმართ ახორციელებდა.
- მოპასუხეს აღნიშნული გარემოებები რომ სცოდნოდა, იგი არ გააფორმებდა სადავო შეთანხმებას (იხ.: შეგებებული სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 338-358).
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
1. ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის დავა ან დაურწმუნებლობა აღმოიფხვრება ურთიერთდათმობის (მორიგების) გზით, თუ, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ეს მორიგება ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს, და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობა სცოდნოდათ.
2. დაურწმუნებლობას უთანაბრდება, როცა რაიმე მოთხოვნის განხორციელება საეჭვოა.
აღნიშნული მუხლი იძლევა მატერიალურ-სამართლებრივი გარიგების - მორიგების ცნებას და აწესრიგებს ამ მორიგების საფუძველში ორმხრივი შეცდომის შედეგებს. მატერიალურ-სამართლებრივი მორიგება არის ხელშეკრულება, რომლის მეშვეობითაც მხარეთა დავა ან გაურკვევლობა მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობასთან დაკავშირებით აღმოიფხვრება ორმხრივი დათმობის გზით. მორიგების ხელშეკრულების დადების საფუძველს წარმოადგენს მხარეთა შორის დავა ან გაურკვევლობა სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის, ან მოთხოვნის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით, კერძოდ:
ა) დავა, დაურწმუნებლობა, გაურკვევლობა: დავა გულისხმობს მხარეთა წარმოდგენების განსხვავებულობას სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით. არ არის აუცილებელი, რომ დავა მთლიან სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდებოდეს, საკმარისია, თუ ის მის ცალკეულ ელემენტებს (მაგ. ერთ ცალკეულ მოთხოვნას ან შესაგებელს) უკავშირდება. ასევე უმნიშვნელოა არსებობს თუ არა სინამდვილეში ეს სამართლებრივი ურთიერთობა და საკმარისია, რომ ხელშეკრულების ერთი მხარე მაინც დარწმუნებული იყოს მის არსებობაში. გაურკვევლობა ეხება შემთხვევას, როდესაც არც ერთი მხარე არ არის დარწმუნებული არც თავისი და არც მეორე მხარის მოთხოვნის მართებულობაში. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის არსებობას უთანაბრდება მოთხოვნის განხორციელების საეჭვოობა.
თუ მხარეთა შორის დავა ან გაურკვევლობა არ არის სახეზე, ან არ ხდება ორმხრივი დათმობა, მაშინ უკვე თავისთავად აღარ გვაქვს საქმე 360-ე მუხლში ნახსენებ მორიგებასთან, არამედ სხვა ტიპის დავის მოგვარებასთან, თუმცა ამ მოგვარების შემთხვევაშიც შესაძლებელია 360-ე მუხლის ანალოგიით გამოყენება, თუ შეთანხმებას მხარეთა შეცდომა უდევს საფუძვლად.
ბ) დავის აღმოფხვრა
მორიგების ხელშეკრულების მიზანია არსებული დავის, გაურკვევლობის ან დაურწმუნებლობის აღმოფხვრა. თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ის სრულებით აღმოიფხვრას, საკმარისია მისი ნაწილობრივი, ცალკეული პუნქტების ან დროებითი მოგვარება.
გ) ორმხრივი დათმობა
დავის, გაურკვევლობისა და დაურწმუნებლობის აღმოფხვრა უნდა მოხდეს ორმხრივი დათმობის გზით. ორივე მხარემ უნდა დათმოს თავისი პოზიციის ნაწილი მაინც, თუმცა თანაზომიერება გაღებულ მსხვერპლს შორის აუცილებელი არ არის. შესაძლებელია სადავო სამართლებრივი მოთხოვნის შენარჩუნების სანაცვლოდ მოდავე მხარემ იკისროს სრულებით ახალი ვალდებულება.
თუ მხოლოდ ერთი მხარე თმობს პოზიციებს და მეორე მხარისაგან სანაცვლოდ არაფერს იღებს, მაშინ სახეზე არ გვაქვს მორიგება 360-ე მუხლის შესაბამისად და შესაძლებელია საქმე გვქონდეს ე. წ. დეკლარატორულ (კაუზალურ) ვალის აღიარებასთან, ვალის ნაწილობრივ პატიებასთან და ა. შ.. მიუხედავად იმისა, რომ მორიგება გარკვეულწილად შეიცავს ერთ-ერთი ან ორივე მხარის მიერ ვალის აღიარების ელემენტებს, განსხვავებით 341-ე მუხლში დაფიქსირებული აბსტრაქტული ვალის აღიარებისაგან, მორიგებისას მხარე აღიარებს სადავო ურთიერთობას (იხ.: გ------- რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ.360, http://www.gccc.ge).
პალატა განმარტავს, რომ მორიგების ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების დადების ზოგადი წესების შესაბამისად და ექვემდებარება გარიგების ნამდვილობის ზოგად წინაპირობებს. რაც შეეხება მორიგების არანამდვილობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რასაც განსახილველ შემთხვევაში ეფუძნება შეგებებული სარჩელი, პალატა მიუთითებს, რომ დავის გადაწყვეტისას მოგვარება ძირითადად ემყარება იმ გარემოებებს, რომლებიც მხარეთა შორის არასადავოა. სწორედ ამ გარემოებებს ხდიან მხარეები ახალი ხელშეკრულების საფუძვლად. თუ ეს საფუძველი არასწორი აღმოჩნდება და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობას სცოდნოდათ, მასზე დაფუძნებული სამართლებრივი ურთიერთობა 360 I მუხლის შესაბამისად არანამდვილია. ამგვარად 360 I მუხლი წარმოადგენს 398 II მუხლის შესაბამისად გარიგების საფუძვლის დარღვევის სპეციალურ შემთხვევას. თითოეული მხარე კისრულობს იმ რისკს, რომ თავდაპირველ ურთიერთობაში გათვალისწინებული სადავო გარემოებების სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მან მორიგების ფარგლებში განსხვავებულად მოაწესრიგა, მისთვის უფრო ხელსაყრელი იყო. მორიგების არანამდვილობის საფუძველს წარმოადგენს არა მხარეთა ნებისმიერი საერთო შეცდომა, არამედ ხელშეკრულების არასწორ საფუძველზე დამყარება. თუ ერთ მხარეს არ ეშლება, დგება მოტყუების საკითხი (იხ.: გ------- რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ.360, http://www.gccc.ge).
მხარე, რომელიც მიუთითებს მორიგების ხელშეკრულების არანამდვილობაზე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ეს კონკრეტული გარემოებები გახდა გარიგების საფუძველი და ისინი სინამდვილეში არ არსებობდნენ; დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა ამ გარემოების გარეშე, რაც გულისხმობს, რომ არასწორად დაშვებული გარემოება იყო სწორედ დავის ან დაურწმუნებლობის მიზეზი (იხ.: გ------- რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ.360, http://www.gccc.ge).
ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე მატერიალურ-სამართლებრივი მორიგება ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი თუ:
Ø მხარეთა შორის იყო დავა ან დაურწმუნებლობა, რომელიც ემყარებოდა ორივე მხარისათვის ცნობილ სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს;
Ø მხარეები მორიგდნენ ორმხრივი დათმობის გზით;
Ø თუ შემდეგ დადგინდა, რომ კონკრეტული გარემოებები, რომლებმაც გამოიწვია დავა, მცდარია და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობა სცოდნოდათ.
12.1. მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებს მისი მხრიდან ცალმხრივად იმ გარემოებების არცოდნაზე, რომ შეგებებული სარჩელის მოპასუხე კომპანია და მასთან დაკავშირებული პირი ახორციელებდნენ მართლსაწინააღმდეგო და ზიანის გამომწვევი ქმედებებს. ამდენად, აღნიშნული გარემოებები, ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა მიუთითებდეს კონტრაჰენტის მოტყუებაზე და არა მორიგების არანამდვილობაზე მისი არასწორი საფუძვლის გამო, წარმოდგენილი სარჩელი კი სწორედ ასეთია. ანუ თავად აპელანტი ადასტურებს 360-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოების არარსებობის ფაქტს.
12.2. 30.10.2012წ. შეთანხმებით არ მომხდარა ორმხრივი დათმობა. განხორციელდა ურთიერთვალდებულებების შედარება, მათი გაქვითვა და ერთი მხარის ვალდებულების ნაშთის (გაუქვითავი თანხის - ე. წ. სალდოს) კონსტატაცია და მისი გადახდის ვადის განსაზღვრა.
12.3. განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელი არ შეიცავს დასაბუთებას და შესაბამის მტკიცებას, რომელი კონკრეტული გარემოებები გახდა 2012 წელს მხარეთა შორის დავის ან დაურწმუნებლობის წარმოშობის საფუძველი, რაც შემდგომში აღმოჩნდა მცდარი, არანამდვილი. აპელანტი საუბრობს ურთიერთობის დაძაბვასა და დავების წარმოშობაზე მომავალში და არა 30.10.2012წ. შეთანხმების გაფორმებამდე პერიოდზე.
აღნიშნულის საპასუხოდ, შეგებებული სარჩელის მოპასუხე განმარტავს, რომ: მხარეთა შორის არ არსებობდა დავა ან დაურწმუნებლობა, რაც დასტურდება ელექტრონული მიმოწერებით; მიმოწერის ტექსტი ადასტურებს, რომ მხარეებს შორის იყო საქმიანი ურთიერთობა და არსებობდა ვალდებულება, რომლის ოდენობა მხარეთა შორის სადავო არ იყო; მხარეები სადავო შეთანხმებაზე ხელის მოწერით რაიმე სახის დათმობაზე არ წასულან; საქმეში წარმოდგენილი დადასტურებული ანგარიშფაქტურებით ჩანს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი ასრულებდა სხვადასხვა სამუშაოებს (ახალი საწყობის მშენებლობა, გზის საფარის სამუშაოები, მისასვლელი გზის შეკეთება და ა.შ..) (ტ.3, ს.ფ. 61-65; ტ.1, ს.ფ. 22-44). მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ აპელანტი უთითებს გ--–- მ----ის მართლსაწინააღმდეგო ქცევაზე და შესაბამის შედეგებზე. გ--–- მ----ე 30.10.2012წ. შეთანხმების გაფორმების მომენტში არ წარმოადგენდა არც ერთი ხელშემკვრელი საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ შეგებებული მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ვერ წარმოშობენ სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გარიგების ბათილობის საფუძვლებს. არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების და სადავო შეთანხმების ბათილად ცნობის წანამძღვრები.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
14. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოპასუხის მიერ 30.10.2012წ. შეთანხმებით განსაზღვრული თანხა გადახდილი არ არის. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი და მოპასუხეს დაეკისრა 190 281.36 აშშ დოლარის გადახდა.
15. პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
16. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.2, ს.ფ. 394).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ფ-------------------–- ი--------------–---------“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.05.2018წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი