განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310116001509134
საქმე №3ბ/2053-1-
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე, შორენა ყაველაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ვ----– კ---–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
წარმომადგენელი - ლ---------–---ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
წარმომადგენლები - გ------- ს------------ და კ------- ყ---–---ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ----– კ---–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. №1- თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 11 ივნისის №1----- განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის №---ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ვ----– კ---–-–---–ის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 26 ივნისის №3----- განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი - ვ----– კ---–-–---–ი.
მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო:
- №1- თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 11 ივნისის №1----- განკარგულება (ს.ფ. 23-24);
- №1- თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 26 ივნისის №3----- განკარგულება (ს.ფ. 25).
2.2.2. 2016 წლის 3 აგვისტოს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარუდგინა ინფორმაცია რეგისტრირებულ მაჟორიტარ კანდიდატთა შესახებ.
2016 წლის 4 აგვისტოს მოხსენებითი ბარათით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტის უფროსმა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს აცნობა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარდგენის შესახებ. დეპარტამენტის უფროსის მითითებით, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, წერილში ჩამოთვლილი პირები (მათ შორის - ვ----– კ---–-–---–ი) ვალდებულნი იყვნენ ბიუროში წარედგინათ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია, თუმცა მათი მხრიდან დარღვეული იყო დეკლარაციის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადა.
მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო:
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 3 აგვისტოს ინფორმაცია (ს.ფ. 91).
- 2016 წლის 4 აგვისტოს მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 93).
2.2.3. საჯარო სამსახურის ბიუროს 2016 წლის 12 აგვისტოს №4 განკარგულებით, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტზე და მე-20 მუხლზე მითითებით, კანონით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობისათვის ვ----– კ---–-–---–ი დაჯარიმდა 1000 (ათასი) ლარით. ამავე განკარგულებით ვ----– კ---–-–---–ს განემარტა, რომ ჯარიმა უნდა გადაეხადა ამ განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არაუგვიანეს 30 დღისა. ჯარიმა გადახდილად ჩაითვლებოდა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საჯარო სამსახურის ბიუროში წარდგენის შემდეგ. ამასთან, ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებდა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- საჯარო სამსახურის ბიუროს 2016 წლის 12 აგვისტოს №4----კ განკარგულება (ს.ფ. 40).
2.2.4. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2016 წლის 15 აგვისტოს № გ 6--- წერილით ვ----– კ---–-–---–ს ეცნობა, რომ მისი მხრიდან არ შესრულებულა ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება - საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან (2016 წლის 11 ივნისიდან) ერთი კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ფორმით არ შეუვსია და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში არ წარუდგენია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, მითითებული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გამოცემულ იქნა განკარგულება მისთვის ჯარიმის სახით 1000 (ათასი) ლარის დაკისრების შესახებ.
ამავე წერილით ვ----– კ---–-–---–ს განემარტა დადგენილ ვადაში დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისა და ჯარიმის გადახდის მიუხედავად, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2016 წლის 15 აგვისტოს №გ 6--- წერილი (ს.ფ. 39).
2.2.5. საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარმა კანდიდატმა - ვ----– კ---–-–---–მა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინა 2016 წლის 22 აგვისტოს.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- 22.08.2016/-14 წერილი, გზავნილი (ს.ფ. 46-47).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ.
ამრიგად, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2016 წლის 12 აგვისტოს №04 სადავო განკარგულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და დავის განხილვისას შემოწმდა მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო საკითხთან დაკავშირებულ სხვა ნორმატიულ აქტებთან.
2.3.2. სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის სამართლებრივ პირობებსა და მექანიზმს.
აღნიშნული კანონის მეორე მუხლში მოცემულია იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც იგულისხმებიან ტერმინში ,,თანამდებობის პირები” (მათ შორის, მითითებულია საქართველოს პარლამენტის წევრი).
ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ამავე მუხლის მეორე და მე-3 პუნქტები კი, განსაზღვრულ ვადაში და ფორმის დაცვით თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას ადგენს თანამდებობაზე მყოფი პირისა და იმ პირის მიმართაც, რომელმაც დატოვა თანამდებობა, თანამდებობის დატოვებიდან ორი თვის ვადაში. საყურადღებოა ასევე, რომ აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატიც ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მითითებული კანონის სუბიექტს, ვინაიდან იგი საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების ფარგლებში, №1- თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, დადგენილი წესით რეგისტრირებული იყო პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად. შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელებულიყო კანონით დადგენილი ვალდებულება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის გამარტივებული ფორმით შევსებისა და წარდგენის თაობაზე.
სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია მიეთითებინა, რომ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების დადგენა როგორც თანამდებობის პირთათვის, ისე თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატებისათვის, სამომავლოდ დაკავშირებულია დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან, აღნიშნული კატეგორიის პირთა მიმართ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. სწორედ ამ მიზნით დადგინდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მითითებულ პირებთან (როგორც თანამდებობის პირებთან, ისე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებთან) დაკავშირებული პერსონალური მონაცემების ღიაობა, რაშიც შეიძლება მოიაზრებოდეს ნებისმიერი ინფორმაცია ამ პირთა შემოსავლების, განათლების და სხვა პირადი საკითხების შესახებ. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის დანაწესი, თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების გამჟღავნების წინაპირობად არ მიუთითებს თვით ამ პირის თანხმობის არსებობის აუცილებლობას, რაც გამომდინარეობს სხვა პირებისაგან განსხვავებით, ზოგადად, გამჭვირვალობის პრინციპის საფუძველზე, მათთან დაკავშირებული მონაცემების უფრო ღიაობიდან და ხელმისაწვდომობიდან, ვინაიდან პოლიტიკური თანამდებობის პირებმა უნდა შექმნან ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკა და პასუხისმგებელნი არიან ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, მისი კანდიდატად წარდგენის დროიდან უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და აცნობიერებდეს, რომ მათთან დაკავშირებული გარკვეული სახის ინფორმაციის მიღება შეუძლებელი იქნება წარსული ცხოვრების გათვალისწინების გარეშე და შესაძლოა იმ პერიოდსაც მოიცავდეს, როდესაც ისინი თანამდებობებზე არ იმყოფებოდნენ.
,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი ადგენს არამხოლოდ თანამდებობაზე განმწესებული, თანამდებობაზე მყოფი პირის, არამედ სამომავლოდ თანამდებობის პირად მოაზრებული საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ვალდებულებას, დადგენილ ვადაში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის შესახებ. შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში არსებული ჩანაწერი „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია” გულისხმობს არა დეკლარაციის შევსების ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის თანამდებობაზე მყოფ პირს და მის ქონებრივ მდგომარეობას, არამედ სამომავლოდ თანამდებობის პირად მოაზრებული კანდიდატის ვალდებულებას, არსებული მდგომარეობით, დადგენილი ფორმის დაცვით ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობა. შესაბამისად, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი პასუხისმგებლობას ადგენს არა თანამდებობაზე მყოფ პირთა მიერ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობისათვის, არამედ ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობისათვის. ამრიგად, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ წარმოადგენს ამ კანონის სუბიექტს, ვინაიდან კანდიდატად რეგისტრაციის მომენტისათვის არანაირ თანამდებობაზე არ იმყოფებოდა და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულებაც არ წარმოეშობოდა.
2.3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციის მიღებას, შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის საჯაროობასა და დეკლარაციის დროულად ჩაბარებაზე კონტროლს უზრუნველყოფს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო სამსახურის ბიურო. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის ბიურო უზრუნველყოფს: ა) თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენას; ბ) თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრკოლებელ ხელმისაწვდომობას; გ) თანამდებობის პირის მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებასა და შენახვას; დ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შინაარსის საჯაროობას.
ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი -განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ.
სასამართლომ, ასევე, მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №128 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის თანდართული ფორმა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატებისათვის.
მოსარჩელე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს არ მოიაზრებს ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობის პირად და მიიჩნევს, რომ მასზე თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ უნდა გავრცელებულიყო, მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია კანონის მოთხოვნა - არ უზრუნველყო ვადის ამოწურვამდე დეკლარაციის წარდგენის თაობაზე მისი გაფრთხილება.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში ავალდებულებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებას და ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენას. ამასთან, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთან მიმართებაში კანონი საჯარო სამსახურის ბიუროს არ ავალდებულებს გააფრთხილოს პარლმანენტის წევრობის კანდიდატი დეკლარაციის წარდგენის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელემ კანონით განსაზღვრულ ვადაში და წესით არ წარადგინა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ამრიგად, მოსარჩელის პოზიცია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისი გაფრთხილების ვალდებულების დარღვევის გამო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა.
2.3.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათლად ცნობის საფუძველი.
მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს დაეკისროს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მოსარჩელისათვის დაკისრებული ჯარიმის - 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურება.
დადგენილია, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობისათვის ვ----– კ---–-–---–ი დაჯარიმდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნა კანონიერად. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის ჯარიმის - 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლო იყო და მოსარჩელეს ამ ნაწილშიც უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2.3.5. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის სოლიდარულად საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა შემდეგი:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული სასარჩელო მოთხოვნები სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2016 წლის 12 აგვისტოს №04 განკარგულების ბათილად ცნობისა და მოსარჩელისათვის დაკისრებული ჯარიმის - 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურების თაობაზე, არ არსებობდა მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
ვ----– კ---–-–---–ის აზრით, იგი არ არის ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის სუბიექტი, რის გამოც არ იყო ვალდებული წარედგინა დეკლარაცია. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰქონდა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, მოპასუხეებს აღნიშნულის შესახებ უნდა გაეფრთხილებინათ იგი, რაც არ განუხორციელებიათ.
აპელანტი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და არღვევს მის უფლებებს. ამდენად, აპელანტი - ვ----– კ---–-–---–ი მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას. დამატებით, პალატა აღნიშნავს, რომ:
4.1. ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი ადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის სამართლებრივ პირობებსა და მექანიზმს.
აღნიშნული კანონის მეორე მუხლში მოცემულია იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც იგულისხმებიან ტერმინში ,,თანამდებობის პირები”, მათ შორის, მითითებულია საქართველოს პარლამენტის წევრი.
ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ამავე მუხლის მეორე და მე-3 პუნქტები კი, განსაზღვრულ ვადაში და ფორმის დაცვით თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას ადგენს თანამდებობაზე მყოფი პირისა და იმ პირის მიმართაც, რომელმაც დატოვა თანამდებობა, თანამდებობის დატოვებიდან ორი თვის ვადაში.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ამავე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატიც ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას მასზედ, რომ იგი არ წარმოადგენს ხსენებული კანონის სუბიექტს და აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში ავალდებულებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებას და ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენას. ხსენებული კანონის მე-14 მუხლი ადგენს არამხოლოდ თანამდებობაზე განმწესებული, თანამდებობაზე მყოფი პირის, არამედ სამომავლოდ თანამდებობის პირად მოაზრებული საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ვალდებულებას, დადგენილ ვადაში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის შესახებ. შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში არსებული ჩანაწერი „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია” გულისხმობს არა დეკლარაციის შევსების ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის თანამდებობაზე მყოფ პირს და მის ქონებრივ მდგომარეობას, არამედ სამომავლოდ თანამდებობის პირად მოაზრებული კანდიდატის ვალდებულებას, არსებული მდგომარეობით, დადგენილი ფორმის დაცვით ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ----– კ---–-–---–ი საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების ფარგლებში, №1- თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, რეგისტრირებული იყო პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად. შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელებულიყო კანონით დადგენილი ვალდებულება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის გამარტივებული ფორმით შევსებისა და წარდგენის თაობაზე.
,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას მასზედ, რომ მოპასუხეს ჰქონდა მისი გაფრთხილების ვალდებულება და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთან მიმართებაში კანონი საჯარო სამსახურის ბიუროს არ ავალდებულებს გააფრთხილოს პარლმანენტის წევრობის კანდიდატი დეკლარაციის წარდგენის თაობაზე. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ კანონით განსაზღვრულ ვადაში და წესით არ წარადგინა რა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, არსებობდა სადავო აქტის - საჯარო სამსახურის ბიუროს 2016 წლის 12 აგვისტოს №4 განკარგულების მიღებისა და მისთვის ჯარიმის 1000 ლარის ოდენობით დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასევე უკანონო იყო მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის ქმედების განხორციელების დავალების შესახებ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც აპელანტის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ----– კ---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
შორენა ყაველაშვილი