განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017002084060
საქმე №3ბ/551-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
5 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე, შორენა ყაველაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წარმომადგენელი - ქ------- ი-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - დ----- ა------–---–ი
დავის საგანი - სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი მოპასუხე - დ----- ა------–---–ის მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. 2009 წლის 06 აგვისტოს, ერთის მხრივ, სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდს (შემდგომში ,,გრანტის გამცემი’’) და დ----- ა------–---–ს (შემდგომში ,,გრანტის მიმღები’’) შორის დაიდო ხელშეკრულება ,,გრანტის შესახებ’’. ხელშეკრულების 1.1 მუხლის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს H--------g U--------- (Economics) სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.
ხელშეკრულების 1.2. და 1.2.2 მუხლების თანახმად, გრანტის გამცემი ,,გრანტის მიმღებს" გრანტის სახით გადასცემს სწავლასთან დაკავშირებულ ხარჯებს (სამგზავრო, საცხოვრებელი და სხვა ხარჯები) 7200 (შვიდი ათას ორასი) ევროს ოდენობით.
ხელშეკრულების 3.1. მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“ ვალდებულია სრულად და დროულად დააფინანსოს ,,გრანტის მიმღები“ (წერილობითი განაცხადის მიღების შემდეგ) ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად.
ხელშეკრულების 3.2 მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების ხარჯვის მონიტორინგი.
ხელშეკრულების 3.3. მუხლის თანახმად, ,,გრანტის მიმღები“ ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის. სხვა მიზნებისთვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ,,გრანტის გამცემის“ თანხმობით.
ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, ,,გრანტის გამცემს“ უფლება აქვს ,,გრანტის მიმღების“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ცალმხრივად, საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, რაც დაუყონებლივ უნდა აცნობოს ,,გრანტის მიმღებს“.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2009 წლის 06 აგვისტოს სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და დ----- ა------–---–ს შორის დადებული ,,გრანტის შესახებ’’ ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22).
2.2.2. 2010 წლის 04 მარტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, როგორც სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდის უფლებამონაცვლესთან, დ----- ა------–---–მა წარადგინა განცხადება და მოითხოვა სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და მას შორის 2009 წლის 06 აგვისტოს დადებული გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მომდევნო კვარტლის (მარტი, აპრილი, მაისი) საცხოვრებლის საფასურის - 1800 ევროს ჩარიცხვა.
2010 წლის 19 მარტის №8 საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დ----- ა------–---–ს გადაერიცხა 4249.98 ლარი (1789.09 ევროს ეკვივალენტი).
2010 წლის 27 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, როგორც სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდის უფლებამონაცვლესთან, დ----- ა------–---–მა წარადგინა განცხადება და მოითხოვა სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და მას შორის 2009 წლის 06 აგვისტოს დადებული გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე მომდევნო კვარტლის (ივნისი, ივლისი, აგვისტო) საცხოვრებლის საფასურის - 1800 ევროს ჩარიცხვა.
2010 წლის 08 ივნისის №139 საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დ----- ა------–---–ს გადაერიცხა 4021.02 ლარი (1800 ევროს ეკვივალენტი).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- დ----- ა------–---–ის 04.03.2010 წ. განცხადება (ს.ფ. 24);
- 19.03.2010 წ. საგადახდო მოთხოვნა N8 (ს.ფ. 25);
- დ----- ა------–---–ის 27.05.2010 წ. განცხადება (ს.ფ. 26);
- 08.06.2010 წ. საგადახდო მოთხოვნა N139 (ს.ფ. 27).
2.2.3. 2010 წლის 08 ივლისს, ერთის მხრივ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (შემდგომში ,,გრანტის გამცემი’’) და მეორეს მხრივ, დ----- ა------–---–ს (შემდგომში ,,გრანტის მიმღები’’) შორის დაიდო ხელშეკრულება ,,გრანტის შესახებ’’. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს გერმანიაში, ჰ------–-----------------------ის ეკონომიკის ფაკულტეტზე 2010-2011 სასწავლო წლის ორი სემესტრის მანძილზე ყოფითი ხარჯების ასანაზღაურებლად.
ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს გრანტის სახით გადასცემს 7200 (შვიდი ათას ორსი) ევროს ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის დადგენილი კურსის შესაბამისად.
ხელშეკრულების 3.1. მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“ ვალდებულია სრულად და დროულად დააფინანსოს ,,გრანტის მიმღები“ (წერილობითი განაცხადის მიღების შემდეგ) ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად.
ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების ხარჯვის მონიტორინგი.
ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ამ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის.
ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, გრანტის გამცემს დაუბრუნოს მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული თანხა.
ხელშეკრულების 3.6. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია შეინარჩუნოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი აკადემიური მოსწრების საშუალო კოეფიციენტი, ე.წ. GPA.
ხელშეკრულების 3.7. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს წარუდგინოს ჰ------–-----------------------ის ეკონომისტის დიპლომი.
ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღების მიერ ხელშეკრულების 3.6. და 3.7. პუნქტებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში იტოვებს გაცემული საგრანტო თანხის უკან დაბრუნების უფლებას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2010 წლის 08 ივლისს სსიპ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დ----- ა------–---–ს შორის დადებული ხელშეკრულება გრანტის შესახებ (ს.ფ. 28-32).
2.2.4. 2010 წლის 09 აგვისტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დ----- არ----–--–მა წარადგინა განცხადება და მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მას შორის 2010 წლის 08 ივლისს დადებული გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხის - 7200 ევროს ჩარიცხვა.
2010 წლის 20 აგვისტოს საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დ----- ა------–---–ს გადაერიცხა 17022,24 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- დ----- ა------–---–ის 09.08.2010 წ. განცხადება (ს.ფ. 33);
- 20.08.2010 წ. საგადახდო მოთხოვნა (ს.ფ. 35).
2.2.5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014 წლის 11 ივლისის № M-------------1 მიმართვის თანახმად, დ----- ა------–---–ს ეთხოვა 2010 წლის 08 ივლისის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მას შორის დადებული გრანტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერთი კვირის ვადაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014 წლის 11 ივლისის № M-------------1 მიმართვა (ს.ფ. 37-38).
2.2.6. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი დ----- ა------–---–ის ელექტრონული ფოსტიდან, რომლიდანაც ირკვევა, რომ დ----- ა------–---–მა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაუგზავნა ელექტრონული შეტყობინება, რომელსაც დაურთო მცირე დიპლომი (რომელიც მოიცავს 12 წერილობით გამოცდას) და სრული დიპლომისთვის საჭირო ნიშნების ფურცელი (რომელიც მოიცავს 15 წერილობით და 2 ზეპირ გამოცდას, 2 საკურსო ნაშრომს და სადიპლომო ნაშრომს).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი დ----- ა------–---–ის ელექტრონული ფოსტიდან (ს.ფ. 49-50).
2.2.7. საქმეში წარმოდგენილია 2012 წლის 19 სექტემბერს ჰ------–-------------------------–-ის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკონომიკის თეორიის სადიპლომო სპეციალობის საგამოცდო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი (ნიშნების ფურცელი) სადიპლომო გამოცდის შედეგების თაობაზე, რომლიდანაც ირკვევა, შემდეგი: დ----- ა------–---–ი (დაბ. 1--------1, თბილისში, ჩათვლის წიგნაკი N2------) სპეციალობა: სადიპლომო ეკონომიკის თეორია, სემესტრი მე-15: ეკონომიკის თეორია - სტატუსი - ჩათვლა; შეფასება - 3,5; SWS - 8; ეკონომიკის თეორია I (ფარდობითობის თეორია) 2008-2; სტატუსი - პროფ. ოეხსსლერ, ფ.დ; შეფასება - 3,3; SWS - 4; ეკონომიკის თეორია II (თამაშის თეორია) 2009-3; სტატუსი - პროფ. ოეხსსლერ, ფ.დ; შეფასება - 3,7; SWS - 4; ეკონომიკის პოლიტიკა - სტატუსი - ჩათვლა; შეფასება - 3,3; SWS - 8; ზეპირი გამოცდა: ეკონომიკის პოლიტიკა 2011-1; სტატუსი - პროფ. დოქ. ირმენი; შეფასება -2,7; SWS - 0; ეკონომიკის პოლიტიკა I (მაკროეკონომიკა) - 2008-2; ; სტატუსი - პროფ. დოქ. ირმენი; შეფასება -3,3; SWS - 4; ეკონომიკის პოლიტიკა II - 2009-4; ; სტატუსი - პროფ. დოქ. განსი; შეფასება-4,0; SWS - 4; ფინანსური მეცნიერებები - სტატუსი - ჩათვლა; შეფასება - 3,8; SWS - 8; ფინანსური მეცნიერებები I (სახელმწიფო ამოცანები და სახელმწიფო ბიუჯეტი) - 2009-4; ; სტატუსი - პროფ. დოქ. ფელდი; შეფასება-4,0; SWS - 4; ფინანსური მეცნიერებები II (სახელმწიფო შემოსავლები) - 2009-2; ; სტატუსი - პროფ. დოქ. ფელდი; შეფასება-3,7; SWS - 4; საწარმო ეკონომიკის თეორია - სტატუსი - ჩათვლა; შეფასება - 2,8; SWS - 10; საბანკო საქმის მიკროეკონომიკა - 2009-2; ; სტატუსი - პროფ. დოქ. როიდერი; შეფასება-1,3; SWS - 4; სემინარი:საწარმო ეკონომიკის თეორია - 2012-1; ; სტატუსი - პროფ. დოქ. შვირენი; შეფასება-3,7; SWS - 2; ფინანსური ბაზრისა და ფინანსურ ინსტიტუციათა თეორია - 2012-3; ; სტატუსი - პროფ. დოქ. აიხბერგერი; შეფასება-4,0; SWS - 4; დინამიური მაკროეკონომიკა - სტატუსი - ჩათვლა; შეფასება-2,0; SWS - 8; ეკონომიკის ზრდა 2011-2; სტატუსი - დოქ ჰერმელინგი; შეფასება-2,0; SWS - 4; შესავალი დინამიურ ფისკალურ პოლიტიკაში 2008-3; სტატუსი - დოქ მენელი; შეფასება-2,0; SWS - 4; ფულისა და სავალუტო პოლიტიკა - სტატუსი - ჩათვლა; შეფასება-4,0; SWS - 8; ფულის თეორია და ფულის პოლიტიკა 2011-2; სტატუსი - ახალ. პროფ.დოქ. შმიდტი; შეფასება-4,0; SWS - 4; სართაშორისო სავალუტო პოლიტიკა 2010-2; სტატუსი - პროფ.დოქ. ფოიერშტაინი; შეფასება-4,0; SWS - 4; საორგანიზაციო და ურთიერთობის ეკონომიკა; სტატუსი - ჩათვლა; შეფასება-3,0; SWS - 14; საინფორმაციო ეკონომიკა 2010-2; სტატუსი - პროფ.დოქ. როიდერი; შეფასება-2,7; SWS - 4; ზეპირი გამოცდა: საორგანიზაციო და ურთიერთობის ეკონომიკა 2011-1; სტატუსი - პროფ.დოქ. როიდერი; შეფასება-3,0; SWS - 0; საორგანიზაციო ეკონომიკა 2010-4; სტატუსი - პროფ.დოქ. როიდერი; შეფასება-3,7; SWS - 4; სემინარი: საორგანიზაციო და ურთიერთობის ეკონომიკა 2011-4; სტატუსი - პროფ.დოქ. შვირენი; შეფასება-2,3; SWS - 2; ხელშეკრულების თეორია - 2010-4; სტატუსი - პროფ.დოქ. როიდერი; შეფასება-3,0; SWS – 4.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ჰ------–-------------------------–-ის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკონომიკის თეორიის სადიპლომო სპეციალობის საგამოცდო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი (ნიშნების ფურცელი) სადიპლომო გამოცდის შედეგების თაობაზე (ს.ფ 77-78).
2.2.8. საქმეში ასევე წარმოდგენილია ჰ------–-------------------------–-ის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგამოცდო სამსახურის მიერ გაცემული წინასადიპლომო გამოცდის (ე.წ. მცირე დიპლომის) ნიშნების სია, რომლიდანაც ირკვევა, რომ დ----- ა------–---–ის წინასადიპლომო გამოცდის (ე.წ. მცირე დიპლომის) შედეგი არის: ჩაბარებულია 2,8.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ჰ------–-------------------------–-ის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის საგამოცდო სამსახურის მიერ გაცემული წინასადიპლომო გამოცდის (ე.წ. მცირე დიპლომის) ნიშნების სია (ს.ფ. 80-82).
2.2.9. საქმეში წარმოდგენილია ჰ------–-------------------------–-ის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემული წინასადიპლომო გამოცდის (ე.წ. მცირე დიპლომის) მოწმობა, რომლის თანახმადაც დ----- ა------–---–მა 2007 წლის ზაფხულის სემესტრში ეკონომისტის დიპლომისთვის ჩააბარა წინასადიპლომო (ე.წ. მცირე დიპლომის) გამოცდა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ჰ------–-------------------------–-ის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემული წინასადიპოლომო გამოცდის (ე.წ. მცირე დიპლომის) მოწმობა (ს.ფ. 83-84).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
2.3.2. ,,განვითარებისა და რეფორმების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის (ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი) თანახმად, ინსტიტუციონალური და საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტიანად განხორციელების მიზნით შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განვითარებისა და რეფორმების ფონდი (შემდგომში – ფონდი). ამავე კანონის 1.2. მუხლის თანახმად, ფონდი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ კანონით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. გარიგებები, რომლებიც სცილდება კანონით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებს, ბათილია.
,,განვითარებისა და რეფორმების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის (ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი) მე-2 მუხლის თანახმად, განისაზღვრა ფონდის მიზანი. კერძოდ, ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს: ა) ინსტიტუციონალური და საჯარო რეფორმების განხორციელებას; ბ) საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებას (კვალიფიკაციის ამაღლებას); გ) საჯარო მოსამსახურეთა ადეკვატური ანაზღაურებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას; დ) ქვეყანაში ინსტიტუციონალური და სამართლებრივი რეფორმების განხორციელებისათვის შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას.
სასამართლომ აქვე მიუთითა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განვითარებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის №970 ბრძანებულების პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განვითარებისა და რეფორმების ფონდის (შემდეგში - ფონდი) ლიკვიდაცია 2010 წლის 1 თებერვლამდე. ამავე ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა, რომ ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ სასწავლო-სამაგისტრო და სხვა სასწავლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული ფონდის უფლებები და მის მიერ ნაკისრი მოვალეობები განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
2.3.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის 2009 წლის 06 აგვისტოს და 2010 წლის 08 ივლისს გაფორმებული ,,გრანტის შესახებ’’ ხელშეკრულებები წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
2.3.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს. დასახელებული კანონის 2.1 მუხლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია ის სუბიექტები, თუ ვინ შეიძლება წარმოადგენდეს გრანტის მიმღებს, ხოლო მე-5 მუხლით განსაზღვრულია გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბებისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და ამ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით.
,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტი გაიცემა სსიპ ,,განვითარებისა და რეფორმების ფონდის“ ,,საქართველოს ეთნიკური უმცირესობათა წარმომადგენლების სასწავლო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის“ ფარგლებში და გამოყენებული უნდა იქნეს ,,გრანტის მიმღების“ უცხოეთის სასწავლო დაწესებულებაში სწავლის ღირებულებასთან ან/და საზღვარგარეთ მგზავრობას, ცხოვრებასა და სწავლასთან, ასევე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.
მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა არსებითი პირობები, კერძოდ - ,,გრანტის გამცემი“ ვალდებულია სრულად და დროულად დააფინანსოს ,,გრანტის მიმღები“ (წერილობითი განაცხადის მიღების შემდეგ). ხოლო ,,გრანტის მიმღები“ ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის. სხვა მიზნებისთვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ,,გრანტის გამცემის“ თანხმობით.
2.3.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვს წელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.
სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშვნელობის არის იმის გარკვევა თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, თავის მხრივ, სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად, აღნიშნული დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამავე დროს სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაში პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის სწორად შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებითი რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის განსაზღვრას. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი, თუ მოთხოვნის წარმოშობისა და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანხვედრაშია.
სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის 2009 წლის 06 აგვისტოს გრანტის შესახებ დადებული ხელშეკრულება მოიცავდა 2009/2010 წლების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, ხოლო 2010 წლის 08 ივლისს დადებული ხელშეკრულება მოიცავდა 2010/2011 წლების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას. სასამართლოს შეფასებით, ხელშეკრულების მოქმედება მოიცავდა 2009/2011 სასწავლო წლების პერიოდს, რა დროშიც უნდა დასრულებულიყო საგრანტო თანხის ამოწურვა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მოთხოვნა 2009 წლის 06 აგვისტოს სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და დ----- ა------–---–ს შორის და 2010 წლის 08 ივლისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დ----- ა------–---–ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული - 25 293.24 ლარის (ოცდახუთი ათას ორას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ ხანდაზმული იყო, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, საგრანტო ხელშეკრულების მოქმედება მოიცავდა 2010/2011 წლების სასწავლო წლების პერიოდს და ამ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, ხოლო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა 2016 წლის 14 მარტს. ამდენად, აღნიშნული საკითხის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი ხანდაზმული იყო, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ 2010 წლის 8 ივლისს გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულების მიზანი იყო გრანტის მიმღებს მიეღო აკადემიური ხარისხი. ხელშეკრულების 3.7. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია, სწავლის დასრულების შემდეგ, გრანტის გამცემს წარუდგინოს ჰ------–-----------------------ის ეკონომისტის დიპლომი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, იგი ვალდებულია გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით მიღებული თანხა. ამდენად, ვინაიდან დ----- ა------–---–ს გრანტის გამცემისთვის არ წარუდგენია ჰ------–-----------------------ის ეკონომისტის დიპლომი, აღნიშნული გრანტის სახით გადაცემული თანხის უკან დაბრუნების საფუძველი იყო.
აპელანტის აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა. აღნიშნული ხელშეკრულება მოქმედებდა ნაკისრი ვალდებულების სრულ შესრულებამდე. ვინაიდან დ----- ა------–---–მა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2014 წლის 11 ივლისის N5----- წერილის გაგზავნიდან ერთი კვირის ვადაში მიმართა სამართლებრივ ზომებს და შეწყვიტა ხელშეკრულება ცალმხრივად. შესაბამისად, აპელანტის აზრით, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო ამ დროიდან და მათ მიერ დაცული იქნა სასამართლოსთვის მიმართვის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას. დამატებით, პალატა აღნიშნავს, რომ:
4.1. ,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს. დასახელებული კანონის 2.1 მუხლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია ის სუბიექტები, თუ ვინ შეიძლება წარმოადგენდეს გრანტის მიმღებს, ხოლო მე-5 მუხლით განსაზღვრულია გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და ამ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით.
,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2009 წლის 6 აგვისტოს ერთის მხრივ, სსიპ ,,განვითარებისა და რეფორმების ფონდსა“ და მეორეს მხრივ, დ----- ა------–---–ს შორის დაიდო გრანტის შესახებ ხელშეკრულება 2009-2010 სამაგისტრო სწავლის ფარგლებში, რომლის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემდა მიზნობრივ ფულად სახსრებს H--------g U---------, (Economics) სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად. ასევე დადგენილია, რომ 2010 წლის 8 ივლისს დ----- ა------–---–სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის კვლავ დაიდო გრანტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემდა მიზნობრივ ფულად სახსრებს გერმანიაში, ჰ------–-----------------------ის ეკონომიკის ფაკულტეტზე 2010-2011 სასწავლო წლის 2 (ორი) სემესტრის მანძილზე ყოფითი ხარჯების ასანაზღაურებლად. ამავე ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია სწავლის დასრულების შემდეგ, გრანტის გამცემს წარუდგინოს ჰ------–-----------------------ის ეკონომისტის დიპლომი. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კი გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გადაცემული თანხა.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ამონაწერი დ----- ა------–---–ის ელექტრონული ფოსტიდან, რომლიდანაც ირკვევა, რომ დ----- ა------–---–მა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაუგზავნა ელექტრონული შეტყობინება, რომელსაც დაურთო მცირე დიპლომი (რომელიც მოიცავს 12 წერილობით გამოცდას) და სრული დიპლომისთვის საჭირო ნიშნების ფურცელი (რომელიც მოიცავს 15 წერილობით და 2 ზეპირ გამოცდას, 2 საკურსო ნაშრომს და სადიპლომო ნაშრომს). ასევე წარმოდგენილია ჰ------–-------------------------–-ის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკონომიკის თეორიის სადიპლომო სპეციალობის საგამოცდო სამსახურის მიერ 2012 წლის 19 სექტემბერს გაცემული დოკუმენტი (ნიშნების ფურცელი) სადიპლომო გამოცდის შედეგების თაობაზე და ამავე სამსახურის მიერ გაცემული წინასადიპლომო გამოცდის (ე.წ. მცირე დიპლომის) ნიშნების სია, რომლიდანაც ირკვევა, რომ დ----- ა------–---–ის წინასადიპლომო გამოცდის (ე.წ. მცირე დიპლომის) შედეგი არის: ჩაბარებულია 2,8. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დ----- ა------–---–ის მიერ ჰ------–-----------------------ში სწავლების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მსჯელობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის ანალიზით ირკვევა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო (ხელშეკრულების დადების დრო), ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად, ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანისთვის. დროის ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში. გარკვეული დროის დადგომას ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგები – სამართლებრივი ურთიერთობების (შესაბამისად პირთა უფლებებისა ან/და მოვალეობების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ვადებს მნიშვნელოვანი წესრიგი შეაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესშიც. დრო სამართლიანი სასამართლოს უფლებას გასდევს მთლიანად უფლებით სარგებლობის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა თავიდანვე გარკვეული დროით არის პირობადებული – ამა თუ იმ უფლების, ინტერესის დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვა უფლების დარღვევიდან გარკვეული ვადით არის შეზღუდული.
მოცემულ შემთხვევაში, დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზედ, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ დროიდან როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ მოითხოვა დიპლომის წარმოდგენა და აღნიშნავს, რომ
მხარეებს შორის 2009 წლის 06 აგვისტოს დადებული გრანტის შესახებ დადებული ხელშეკრულება მოიცავდა 2009/2010 წლების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, ხოლო 2010 წლის 08 ივლისს დადებული ხელშეკრულება მოიცავდა 2010/2011 წლების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას. ამდენად, ხელშეკრულების მოქმედება მოიცავდა 2009/2011 სასწავლო წლების პერიოდს, რა დროშიც უნდა დასრულებულიყო საგრანტო თანხის ამოწურვა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 2009 წლის 06 აგვისტოსა და 2010 წლის 08 ივლისს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემული - 25 293.24 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ ხანდაზმული იყო, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, საგრანტო ხელშეკრულების მოქმედება მოიცავდა 2009/2011 სასწავლო წლების პერიოდს და ამ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, ხოლო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა 2016 წლის 14 მარტს, მოთხოვნის წარმოშობიდან 3 წლის გასვლის შემდგომ, რაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
შორენა ყაველაშვილი