განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.06.2019
საქმის ნომერი
140310117002230406
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საგადასახადო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310117002230406

საქმე №3ბ/965-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

21 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე

მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე, შორენა ყაველაშვილი

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) – სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ა-–---------- დ-------ე

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - შ--–-- ჯ---–---–ი, კ---- ჯ---–---–ი, ე-- ჯ---–---–ი, შპს ,,ი------“

წარმომადგენელი - ი-----–- ხ-----

 

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი შ--–-- ჯ---–---–ის, კ---- ჯ---–---–ის, ე-- ჯ---–---–ისა და შპს ,,ი------ს” მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. შ--–-- ჯ---–---–ი ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდა 2009 წლის 9 მარტს, მისი იურიდიული მისამართია - გ-----, კი--------- ქუჩა, № 7---ია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 13 ოქტომბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

2.2.2. შპს ,,ი------” დარეგისტრირდა 2013 წლის 24 მაისს, მისი იურიდიული მისამართია - გ-----, კი--------- ქუჩა, № 7---ია; მისი დირექტორი და 10 %-იანი წილის მესაკუთრეა შ--–-- ჯ---–---–ი, ხოლო 90%-ის მესაკუთრე მისი მამა - კ---- ჯ---–---–ია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 24 მაისის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

2.2.3. 2015 წელს ჩატარდა ინდ. მეწარმე შ--–-- ჯ---–---–ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება, ხოლო 2017 წელს - მისი საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება; მას დაერიცხა გადასახადები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 14 სექტემბრის № 3---- ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 31 მარტის № 8--- და 2017 წლის 14 ივნისის № 1---- ბრძანებები;

- საგადასახადო შემოწმების 2017 წლის 9 ივნისის აქტი, 2017 წლის 14 ივნისის № 1----- საგადასახადო მოთხოვნა, საგადასახადო დეკლარაციები.

 

2.2.4. კ---- ჯ---–---–ის სახელზე 2015 წლის 3 ოქტომბერს აღირიცხა ავტომანქანა, ხოლო შ--–-- ჯ---–---–ის სახელზე რიცხული ავტომანქანა 2015 წლის 27 ოქტომბერს აღირიცხა ე-- ჯ---–---–ის სახელზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაბეჭდები ავტომობილების შესახებ.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.3.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე; განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეები არიან ურთიერთდამოკიდებული პირები ამ მუხლის ,,ე” (ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს) და ,,თ” (პირები ნათესავები არიან) ქვეპუნქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას; ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

ამ მუხლის შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის უნდა არსებობდეს ამავე მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ მოპასუხეებს შორის იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები, არ დასტურდება.

 

საქმეზე არ იყო წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომ ინდ. მეწარმე შ--–-- ჯ---–---–ს გააჩნდა მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის სხვა მოპასუხე ფიზიკურ პირებთან მიმართებაში, მათ შორის, მტკიცებულებები, რომ მოპასუხეები ერთმანეთის ნათესავები არიან.

 

როგორც აღინიშნა, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას ან ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას. საქმის მასალებით კი, მოპასუხეები წარმოადგენდნენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ფიზიკურ პირებს. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ ერთმანეთს ემთხვევა ინდ. მეწარმე შ--–-- ჯ---–---–ისა და შპს ,,ი------ს” იურიდიული ადგილსამყოფლები, თუმცა ერთი და იგივე ფაქტობრივ მისამართზე ახორციელებდნენ თუ არა ისინი თავის საქმიანობას, არ დგინდება.

 

ის ფაქტი, რომ ინდ. მეწარმე შ--–-- ჯ---–---–ი და შპს ,,ი------” ერთი და იგივე სახის სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ (დადასტურების შემთხვევაში), არ ქმნის მათ ურთიერთდამოკიდებულ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, რადგან ცალკე აღებული ეს ქმედებები, სხვა გარემოებების გარეშე, წარმოადგენს ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას.

 

დადგენილია, რომ შ--–-- ჯ---–---–ი იყო შპს ,,ი------ს” დირექტორი და 10 %-აინი წილის მფლობელი, თუმცა ეს ვერ ადასტურებს ამ პირთა გაუმიჯნაობას, რადგან ეს მხოლოდ მხარის განმარტებაა და არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის.

 

აღნიშნული მსჯელობისა და ამგვარი დასკვნის უმთავრესი საფუძველია ის, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.

 

მოსარჩელის მხრიდან კი არ წარდგენილა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მისცემდა იმის მყარად დასკვნის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის განსხვავება შეუძლებელია დანარჩენი მოპასუხეებისაგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ფიზიკური პირები არიან ერთმანეთის ნათესავები, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოდგენილა, თუმცა, ამ ფაქტის დადასტურებულად ჩათვლის შემთხვევაშიც, ვერც ეს ფაქტი გახდება ურთიერთდამოკიდებულ პირებად მათი ცნობის საფუძველი, რადგან, როგორც აღინიშნა, არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეების ერთი და იგივე საქმიანობის იმავე ადგილზე განხორციელება, მატერიალური ფასეულობების გადაცე--, შეიძლება, მართლაც ქმნიდეს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, ამ პირებმა წინასწარ მიიღეს ზომები, რათა საგადასახადო უზრუნველყოფის შესაძლო ღონისძიებებისაგან განერიდებინათ თავიანთი ქონება, მათ შორის მიღებული შემოსავალი, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი, დადასტურების შემთხვევაშიც, ვერ გახდება ამ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ჩათვლის საკმარისი საფუძველი. ასევე დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის პოზიცია, რომ შ--–-- ჯ---–---–ის მხრიდან ავტომანქანის ე-- ჯ---–---–ზე გადაფორმებით დასტურდება მათი გაუმიჯნაობა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ინდ. მეწარმე შ--–-- ჯ---–---–ის საგადასახადო შემოწმებისას მისი მხრიდან თავის სახელზე რიცხული ავტომანქანის სხვა პირზე გადაფორმება მართლაც ქმნის იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, ამ პირებმა წინასწარ მიიღეს ზომები, რათა საგადასახადო უზრუნველყოფის შესაძლო ღონისძიებებისაგან განერიდებინათ თავიანთი ქონება, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი, დადასტურების შემთხვევაშიც, ვერ გახდება ქონების გამცემ-მიმღებთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ჩათვლის საკმარისი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად (ცრუმაგიერი მფლობელობა), თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები; გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ, ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.

 

როგორც აღინიშნა, საქმეზე წარდგენილი არ იყო არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობაზე და ამ გაუმიჯნაობის პირობებში განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოპასუხეებად დასახელებული პირები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და ,,თ” ქვეპუნქტზე დაყრდნობით, მიიჩნია რა ურთიერთდამოკიდებულ პირებად, აღნიშნულიდან გამომდინარე ისინი იმავდროულად მიიჩნია ცრუმაგიერ პირებად, რაც გაზიარებული ვერ იქნებოდა; ამ მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობა სახეზეა მაშინ, როდესაც ერთი პირის მიერ მეორე პირის კონტროლი წინ უსწრებს მათ შორის განხორციელებულ კონკრეტულ საქმიანობას და თვითონ ეს კონკრეტული საქმიანობა არ განიხილება ერთი პირის მიერ მეორის კონტროლად; მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხეთა კონტროლს დაქვემდებარებული რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობის არსებობა ერთმანეთს შორის, თუმცა, ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც, არ არსებობდა მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის საკმარისი საფუძველი, ვინაიდან, სახეზე არ იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ,,ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, თუნდაც დადასტურდეს გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ნათესავების მიერ იგივე საქმიანობის განხორციელება იგივე მისამართზე, მხოლოდ ეს ფაქტი ვერ გახდება ცრუმაგიერ პირებად მოპასუხეთა აღიარების საფუძველი, რადგან სახეზე არ არის დასახელებული ორი კუმულაციური პირობიდან 1-ლი - პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან.

 

წარდგენილი მასალების შეფასებით და ანალიზით მოპასუხეთა ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა სამეწარმეო საქმიანობაში, გადასახადის გადამხდელის - ინდ. მეწარმე შ--–-- ჯ---–---–ის განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა დანარჩენი მოპასუხეებისაგან არ დგინდება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, აღენიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ აღძრული იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს.

 

აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

სარჩელი, ძირითადად, ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხეები ერთმანეთის ნათესავები იყვნენ, შ--–-- ჯ---–---–სა და კ---- ჯ---–---–ს დაფუძნებული ჰქონდათ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, და ისინი ერთი და იგივე ადგილზე ერთი სახის სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ, ასევე შ--–-- ჯ---–---–მა თავის სახელზე რიცხული ავტომანქანა აღრიცხა ე-- ჯ---–---–ის სახელზე.

 

როგორც აღინიშნა, ნათესაური კავშირის, აგრეთვე ერთი და იგივე ადგილზე ერთი სახის სამეწარმეო საქმიანობის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარდგენილა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა.

 

ყოველივე აღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავდა იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ თუნდაც ერთი და იგივე ადგილზე მოპასუხეთა მიერ იგივე საქმიანობის განხორციელება (დადასტურების შემთხვევაში) მოხდა ფორმალურად, შემხვედრი დაკმაყოფილების გარეშე, შესაძლო საგადასახადო მოთხოვნების მოლოდინის პროცესში, მითითებული პირები საერთო ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთმანეთისაგან განსხვავება და წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლო იყო, რის გამოც არ დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული. აპელანტის აზრით, შ--–-- ჯ---–---–ი, კ---- ჯ---–---–ი, ე-- ჯ---–---–ი და შპს ,,ი------“ წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს, ვინაიდან მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობის არსებობა გავლენას ახდენს მათ საქმიანობასა და ეკონომიკურ შედეგებზე, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

 

ამდენად, აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური მოითხოვს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცე--ს; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას. დამატებით, პალატა აღნიშნავს, რომ:

 

4.1. განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს პირთა ცრუმაგიერად აღიარება, რასაც არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

მითითებული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი არ ასახელებს გარემოებებს, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად უნდა განსაზღვროს მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზანი. ცალსახაა, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირთა ცრუმაგიერად ცნობა წარმოადგენს საგადასახადო დავალიანების გადახდევინებისათვის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში საგადასახადო ორგანოს წარმოეშვება სამართლებრივი საფუძველი აამოქმედოს კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ნებისმიერი ღონისძიება ცრუმაგიერ პირთა მიმართ. უზრუნველყოფის ღონისძიების კანონდარღვევით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ერთის მხრივ, გადასახადის გადამხდელის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების გაუმართლებელი ხელყოფა, ხოლო მეორეს მხრივ, კონფლიქტში მოვიდეს ამავე კონსტიტუციის იმპერატიულ დანაწესთან გადასახადების სავალდებულო წესით გადახდასთან დაკავშირებით. კონსტიტუცია წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვის გარანტს, ისევე როგორც ადგენს გადასახადთა გადახდის გარდუვალობას. მოცემული დავის მნიშვნელობა განსაკუთრებულია, ვინაიდან გადაწყვეტილების შედეგით არ უნდა მოხდეს ბალანსის დარღვევა, როგორც საჯარო და კერძო ინტერესებს შორის, ასევე, სახელმწიფოს, როგორც კრედიტორის და გადასახადის გადამხდელის, როგორც მოვალის კანონიერ ინტერესებს შორის. სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა იცავს სახელმწიფოს კანონიერ ინტერესს და გადასახადის გადამხდელთ უზღუდავს შესაძლებლობას თავი აარიდონ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას - სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შენატანს.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირთა ცრუმაგიერად დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს საგადასახადო ვალდებულების მქონე პირის მიერ განხორციელებული ოპერაციები, დადგინდეს ჭეშმარიტი მიზანი, ოპერაციაში მონაწილე პირთა ნამდვილი ნება. აღნიშნულის ფარგლებში უნდა შეფასდეს გადასახადის გადამხდელთან მჭიდრო კავშირში მყოფ პირთა ქმედება თანხვედრაში მოდის თუ არა იგი გადამხდელის სურვილთან/მიზანთან თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების ღონისძიებას. სწორედ პირთა ცრუმაგიერად ცნობის ბედს განსაზღვრავს გადამხდელის მიზნის დადგენა. 246-ე მუხლის დეფინიციაც აქცენტს აკეთებს გადამხდელის მიზანზე. უკეთუ გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმ მიზნით, რომ შექმნას იმგვარი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მოცემულობა, რომ შეუძლებელი გახდეს საგადასახადო დავალიანებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ისინი აკმაყოფილებენ ცრუმაგიერად ცნობის წინაპირობებს. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ ამგვარი მოცემულობის შექმნა შესაძლებელია წინ უსწრებდეს დავალიანების წარმოშობას. გადამხდელი იმ მოლოდინით, რომ წარმოეშვება საგადასახადო ვალდებულება, მისგან თავის არიდების მიზნით ახორციელებს კონკრეტულ ქმედებებს, იქნება ეს აქტივების გარიდება, საწარმოს საქმიანობის დანაწევრება თუ სხვა. საგადასახადო ვალდებულების არსებობის პირობებში, გადასახადის გადამხდელი, ფაქტობრივად, მოკლებულია შესაძლებლობას გაარიდოს აქტივი, ვინაიდან კანონმდებლობა დავალიანების წარმოშობის მომენტიდანვე ითვალისწინებს უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელებას გადამხდელის სრულ ქონებაზე და როგორც წესი, ამგვარი ღონისძიების გავრცელებას ადგილი აქვს ავტომატურ რეჟიმში. შემოსავლების სამსახურში არსებული გადასახადის გადამხდელთა მონაცემთა ელექტრონული ბაზა უზრუნველყოფს უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელებას საგადასახადო დავალიანების წარმოშობის მომენტიდანვე. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ცრუმაგიერი მფლობელობის ნორმა ვრცელდება არამარტო იმ პირთა მიმართ, ვინც საგადასახადო ვალდებულებათა თავის არიდების მიზნით განახორციელეს კონკრეტული ოპერაციები დავალიანების წარმოშობის შემდგომ, არამედ ამ დავალიანების წარმოშობის მომენტამდეც. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გადასახადის გადამხდელის მიზანი - მოქმედებს თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინებისაგან თავის არიდების მიზნით, იქნება ეს უკვე წარმოშობილი თუ მოსალოდნელი ვალდებულების პირობებში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების თავის არიდების შემთხვევებში, საგადასახადო ორგანოს ეკისრება მტკიცების ტვირთი - დაადასტუროს, რომ ქონების გარიდების მომენტში გადამხდელმა იცოდა მოსალოდნელი დავალიანების შესახებ და სწორედ მისგან თავის არიდების მიზნით განახორციელა კონკრეტული ოპერაცია.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მსჯელობას ურთიერთდამოკიდებული პირების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობა იმავდროულად, ქმნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს ამ პირების ცრუმაგიერად აღიარებისათვის, რამდენადაც ურთიერთდამოკიდებულ პირებად აღიარება გავლენას ახდენს ურთიერთდამოკიდებული პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე. პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლი განსაზღვრავს ურთიერთდამოკიდებული პირების ცნებას, იგი მოიცავს ჩამონათვალს იმ შემთხვევებისა, როდესაც პირები ითვლებიან ურთიერთდამოკიდებულებად. ნორმაში ასახული ჩამონათვალი ცხადჰყოფს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს გააჩნიათ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი, იქნება ეს ეკონომიკური თუ ნათესაური კავშირი. პირთა ცრუმაგიერად დადგენის ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მათ ურთიერთდამოკიდებულების საკითხსაც, ვინაიდან პირთა შორის ახლო კავშირი მაღალი რისკის მატარებელია იმ კუთხით, რომ არსებობს დიდი შანსი ამგვარმა კავშირმა გავლენა იქონიოს გარიგების შინაარსზე და მის სამართლებრივ შედეგებზე. სასამართლომ ჯეროვანი ანალიზის საფუძველზე უნდა განსაზღვროს სახეზეა თუ არა ურთიერთდამოკიდებულების გავლენა მხარეებს შორის ჩამოყალიბებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ურთიერთდამოკიდებული პირების არარსებობა, იმავდროულად არ გამორიცხავს პირთა ცრუმაგიერობას. ასეთ შემთხვევებში უნდა შეფასდეს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ისტორია, მის მიერ განხორციელებული ოპერაციები, გარიგებაში მონაწილე კონტრაჰენტი პირების დამოკიდებულება გარიგების შინაარსის, შედეგის მიმართ და მასზედ, თუ როგორი ეკონომიკური ეფექტის მომტანი იქნება მხარეთა შორის განხორციელებული გარიგება მასში მონაწილე თითოეულ პირზე.

 

ამდენად, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიკური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ დაფუძნებულ კომპანიას არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმოები შექმნილია ერთი და იგივე გარიგებების განხორციელების მიზნით, ერთ საწარმოზე ფორმდება აქტივები, ხოლო მეორეზე ვალდებულებები, საწარმო გამოიყენება სხვა საწარმოს ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ--–-- ჯ---–---–ი ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 2009 წლის 9 მარტს, მისი იურიდიული მისამართია - გ-----, კი--------- ქუჩა, № 7--. ასევე დადგენილია, რომ შპს ,,ი------” დარეგისტრირდა 2013 წლის 24 მაისს, მისი იურიდიული მისამართია - გ-----, კი--------- ქუჩა, № 7--; მისი დირექტორი და 10 %-იანი წილის მესაკუთრეა შ--–-- ჯ---–---–ი, ხოლო 90%-ის მესაკუთრე მისი მამა - კ---- ჯ---–---–ია.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ი/მ შ--–-- ჯ---–---–ის საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2015 წლის 14 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 31 მარტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული თე--ტური საგადასახადო შემოწმების შედეგად. შემოწმების შედეგად დარიცხულმა თანხამ შეადგინა 99071,71 ლარი, რის თაობაზეც შედგა 2017 წლის 14 ივნისის საგადასახადო მოთხოვნა. საბოლოოდ, 2017 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით ი/მ შ--–-- ჯ---–---–ის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 116861,67 ლარს. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, ი/მ შ--–-- ჯ---–---–ის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ამასთან, 2017 წლის 24 იანვარს გამოიცა მის ქონებაზე ყადაღის დადების ბრძანება, რის საფუძველზეც 2017 წლის 15 მარტს დაყადაღებული იქნა შ--–-- ჯ---–---–ის წილი შპს ,,იაკობში“, ხოლო მიმდინარე პერიოდისთვის სხვა სახის ქონება საკუთრებაში არ გააჩნია.

 

პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზედ, რომ შპს ,,ი------“ შექმნილი იქნა ი/მ შ--–-- ჯ---–---–ის მიერ გადასახადის გადახდევინების ღონისძიებებისგან თავის არიდების მიზნით და აღნიშნავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების დაფუძნება წინ უსწრებდა საგადასახადო შემოწმება/ინვენტარიზაციას, ხოლო ავტომობილის გასხვისება განხორციელდა საგადასახადო მოთხოვნის შედგენასა და საგადასახადო ვალდებულების აღიარებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ვერ მიიჩნევს, რომ ი/მ შ--–-- ჯ---–---–ის მიერ ქონების გადაცე--ს თან არ ახლდა ნამდვილი საკუთრების უფლების განხორციელება. ვერ დასტურდება, რომ ამ ოპერაციის ჭეშმარიტი მიზანი იყო არა საკუთრების უფლების გადასვლა, არამედ პირთა ჯგუფის მიერ იმგვარი ფორმის გამოძებნა, რაც შესაძლებელს გახდიდა სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებას საგადასახადო ვალდებულების გვერდის ავლით. ამასთან, მხოლოდ ის გარემოება, რომ ი/მ შ--–-- ჯ---–---–ი არის შპს ,,ი------ს“ წილის მესაკუთრე და მათი რეგისტრაციის მისამართი ერთმანეთს ემთხვევა, არ შეიძლება გახდეს მათი ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და პრინციპულად მიიჩნევს იმ გარემოებაზე ხაზგასმას, რომ სააპელაციო საჩივარში ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც გავრცელებული კონცეფციების თანახმად, ფორმალურად, შესაძლოა, მართლაც ქმნიდეს პირთა შორის იმგვარი კავშირების დადგენის შესაძლებლობას, როცა მათ შორის მიჯნის გავლება ხდება შეუძლებელი, ნიღბავს ნამდვილ მესაკუთრეს და ხელს უწყობს საგადასახადო ვალდებულებისათვის თავის არიდებას, თუმცა, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს კონკრეტულ მტკიცებულებებს, რაც სასამართლოს მისცემს პირთა შორის მსგავსი კავშირების დადასტურების შესაძლებლობას. აპელანტი ვერ უთითებს, რა გარემოებით დასტურდება, რომ მოპასუხეები - შ--–-- ჯ---–---–ი, კ---- ჯ---–---–ი, ე-- ჯ---–---–ი და შპს ,,ი------“ საერთო ეკონომიკური ინტერესების საფუძველზე შეთანხმებულად მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამკვიდრებელი კონცეფციის თანახმად, ასეთი ტიპის აღიარებითი სარჩელის პირობებში საჭიროა დადგინდეს, რომ კომპანია ფაქტობრივად წარმოადგენს მაკონტროლებელი ბენეფიციარის „მეორე მეს“ და მისი დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მისი გამიჯვნის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით აპელანტმა ვერ მოახდინა იმ გარემოების დადასტურება, რომ სუბიექტთა შორის ადგილი აქვს ქონების გადაცე--ს რაიმე ტიპის შემხვედრი დაკმაყოფილების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ქმნის მითითებული ფაქტის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოთხოვნას აქცევს დაუსაბუთებლად.

 

5. შე--ჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული გორის რაიონული სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე

 

მოსამართლეები ნინო ქადაგიძე

 

შორენა ყაველაშვილი