განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002946592
საქმე №1ბ/1012-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ივლისი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-–-------------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონის, არასრული უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: გ---------------------------------–------–--–ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განაჩენით ი-–---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 2019 წლის 27 მარტიდან - 2019 წლის 30 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ, ი-–---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით..
ი-–---------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 მარტს, დაახლოებით 19:10 საათზე, ქ------–--–-----------------------–-------------------–- არსებულ მაღაზია „--–---ს მიმდებარედ, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო ი-–---------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ---------------ეს, კერძოდ, ხელით ძლიერად მოქაჩა საყელოში, მუშტი დაარტყა სახის არეში, ხელი ჰკრა და ფეხი დაარტყა ფეხების არეში, აღნიშნული ქმედებების შედეგად ნ--------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–----------–--ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მიერ ი-–---------–---–ის მიმართ 2019 წლის 17 მაისს გამოტანილი განაჩენი უსამართლოა, ვინაიდან, მოსამართლემ განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების ხასიათი, აღნიშნულ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და განუსაზღვრა აშკარად მსუბუქი სასჯელი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ი-–---------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ი-–---------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე გაითვალისწინა რომ ბრალდებულის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობა განხორციელებულია საჯარო ადგილას და გამოიხატა არაერთჯერად დარტყმაში, ხოლო მეორეს მხრივ, ის რომ მეუღლეებს შორის მსგავსი ხასიათის ფიზიკურ ძალადობას პირველად ჰქონდა ადგილი (რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 19 წელი), რაც დგინდება როგორც ბრალდებულის, აგრეთვე, დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული და დაზარალებული ამ ეტაპზე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია და როგორც დაზარალებულის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებით ირკვევა, ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ი-–---------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ ი-–---------–---–ისთვის სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ი-–---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 2019 წლის 27 მარტიდან - 2019 წლის 30 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ, ი-–---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ი-–---------–---–ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ი-–---------–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ი-–---------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია: გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე და ვიდეოკამერების ჩანაწერები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი