განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2019
საქმის ნომერი
330210018002419386
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002419386

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/2515-19

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ს----------–----–-----------------------------

წარმომადგენელი - დ----- ტ-------

 

მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,,კ------- 2---’’

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებით ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი შ-- „კ------- 2---“-ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შ-- „კ------- 2---“-სს მოსარჩელე ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 2 524.95 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. შ-----------------------------სა და შ-- „კ------- 2---“-სს შორის 2017 წლის 10 მარტს გაფორმდა N1-- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შ-----------------------------სათვის მიეწოდებინა ხის მასალა.

 

ხელშეკრულების მე- 3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 50 499 ლარით.

 

მხარეთა შორის 2017 წლის 10 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების 4.1. პუნქტისა და დანართი N1-ის თანახმად, მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 20 მარტის ჩათვლით და ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 20 ივლისის ჩათვლით შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება- ჩაბარების აქტის ხელმოწერის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

 

ხელშეკრულების 10.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობებს ვერ შეასრულებს (შესრულების ვადა, ხარისხი) ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილია: ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით. ხოლო 10.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1-- ხელშეკრულება;

- ხელშეკრულების დანართი N1;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.2. 2017 წლის 23 მარტს შ-- „კ------- 2---“-მა ს----------–----–-----------------------------ს მიაწოდა 20 416 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო 2017 წლის 28 მარტს - 14 259 ლარის ღირებულების საქონელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.03.2017 და 28.03.2017 მიღება-ჩაბარების აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.3. შ-- „კ------- 2---“-ს მიწოდების ვადის გადაცილების გამო, დაერიცხა ჯარიმა 1 211.98 ლარის ოდენობით. აღნიშნული ჯარიმა გადახდილია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 11.05.2017 საგადახდო დავალება N1494493687;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4. შ-- „კ------- 2---“-ის 2017 წლის 22 მაისის წერილით, მხარეებს შორის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულების შესრულება.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს შესაძლებლობას, მოშალოს ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული ინსტიტუტის სამართლებრივ ასპექტებზე. ხელშეკრულების მოშლის ფუნქცია არის არა შესრულების შედეგად მიღებული შედეგების უკან დაბრუნება, არამედ მის შესრულებაზე მომავალში უარის თქმა, განსხვავებით ხელშეკრულებიდან გასვლის ინსტიტუტისა, რომლის მიზანია, შესაძლებლობა მისცეს კრედიტორს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, როცა მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ. შესაბამისად, გამოიყენება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი. განსხვავებით აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილისა, ეს დებულება მიმართულია უშუალოდ კრედიტორის ინტერესების დასაცავად, რადგან იგი ხელშეკრულების მოშლის წინაპირობად ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას უთითებს. განსხვავებულია, ასევე მათი გამოყენების რეჟიმიც: თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, პატივსადები მიზეზების შემთხვევაში მხარეებს პირდაპირ შეუძლიათ ხელშეკრულების მოშლა, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ამ უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. ამასთან, დამატებითი ვადა არ არის საჭირო, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ მოჰყვება ან კრედიტორი კარგავს ინტერესს შესრულების მიმართ.

 

ხელშეკრულებიდან გამომდინარე კონკრეტული ვალდებულებების შეუსრულობლობასთან დაკავშირებით, შემსრულებელს უნდა მიეცეს დამატებითი ვადა ან გაფრთხილება ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად.

 

მოპასუხე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების საპირისპიროდ, სარჩელში მითითებული გარემოების უარსაყოფად, აპელირებს მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, მისი მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 22 მაისის წერილის თანახმად, შ-- „კ------- 2---“- ის დირექტორი აცნობებს ს----------–----–-----------------------------ს, რომ მასალის გაძვირებასთან და მყიდველის მიერ დარღვეული თანხის გადახდასთან დაკავშირებით უარს აცხადებენ შემდეგი პარტიის შემოტანაზე და წყვეტენ ხელშეკრულებას. (იხ. 2017 წლის 22 მაისის წერილი).

 

ამდენად, მოპასუხემ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად მიუთითა, იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ პირველ ეტაპზე მიწოდებული საქონლის ღირებულება გადაიხადა დაახლოებით თვენახევრის დაგვიანებით. საქმეში წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნებიდან დგინდება, რომ ს----------–----–-----------------------------მ მოპასუხეს 2017 წლის 03 მაისს ჩაურიცხა, 23 მარტს მიწოდებული საქონლის ღირებულება 20 416 ლარი. 15 მაისს კი 28 მარტს მიწოდებული საქონლის ღირებულება - 14 259 ლარი. კონკრეტულ შემთხვევაში, საქონლის მიწოდებიდან 20 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, შ-- „კ------- 2---“-ს არ გაუფრთხილებია შემსყიდველი ვალდებულების შესრულების თაობაზე და ნება ხელშეკრულების მოშლის თაობაზე გამოავლინა, მხოლოდ ვალდებულების შესრულების შემდეგ 2017 წლის 22 მაისს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში, არ არის დაცული ხელშეკრულების შეწყვეტის, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდის ვადის გადაცილება, ვადაგადაცილების პერიოდის გათვალისწინებით, ვერ განიხილება არსებითი ხასიათის დარღვევად და ამ მოტივით ხელშეკრულებაზე უარის თქმა დაუშვებელია. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ 2017 წლის 22 მაისის წერილში მოპასუხე შემდეგი პარტიის შემოტანაზე უარის მოტივად მიუთითებდა მასალის გაძვირებაზე. აღნიშნული გარემოება მით უფრო ვერ გახდება ხელშეკრულების მოშლის საფუძველი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არ დგინდება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, რაც შეიძლება გამხდარიყო მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის უპირობო საფუძველი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

2017 წლის 10 მარტს ს----------–----–-----------------------------სა (შემსყიდველი) და შ-- „კ------- 2---“-სს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №1-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული ხე- ტყის მასალის შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 50 499 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო შესყიდვის ობიექტის მიწოდება განეხორციელებინა დანართი №1-ით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

 

შ-- „კ------- 2---“-მა ჯეროვნად არ შეასრულა მასსა და ს----------–----–-----------------------------ს შორის 2017 წლის 10 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი სრულად არ მიაწოდა. აღნიშნული გარემოება შემსყიდველს ანიჭებდა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილებას, რომლის გამოყენების შემთხვევაში, ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.4. პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდევინება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 5049.90 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოპასუხემ სადავოდ გახადა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ხოლო მის ოდენობაზე შედავება არ განახორციელა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, კერძოდ: „საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში სასამართლო მხოლოდ ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრს. ამ პროცესში მონაწილეობენ მოთხოვნის კრედიტორი, რომლის მიმართაც დარღვეულია ვალდებულება და მოვალე/მოპასუხე, რომელიც მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებას - პირგასამტეხლოს მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ განაკვეთად. ამ დროიდან, უკვე სასამართლო იწყებს პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას. საგულისხმოა, რომ ამ პროცესში მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, თუმცა საგულისხმოა, რომ თუ მხარე სადავოდ არ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას (გონივრულობას), მაგრამ საერთოდ გამორიცხავს მისი დაკისრების წინაპირობების არსებობას, უპრიანია სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობაც შედავებულად მიიჩნიოს და შეაფასოს მისი გონივრულობა. ასეთ ვითარებაში ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს მხარის ნება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არათუ პირგასამტეხლოს ოდენობას ხდის სადავოდ, არამედ საერთოდ პირგასამტეხლოს დაკისრებას არ ეთანხმება“ (№ას-318-301-2017, 05.05.2017 წელი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 5 049.90 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და შეამცირა შემდეგი გარემოებების გამო:

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღვრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს კანონიერი ნდობა სახელმწიფო ორგანოს ქცევის კეთილსინდისიერების მიმართ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებამ კომპანია გადახდისუუნარობის პირას არ უნდა მიიყვანოს. სანქციის სახით დაწესებული პირგასამტეხლო უნდა ატარებდეს იმ სამართლებრივ მიზანს, რაც მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ანიჭებს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ შემსყიდველს არ მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 15 824 ლარის ღირებულების საქონელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. სასამართლომ დარღვევის ხასიათის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით ამ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი აქვს 1211.98 ლარი მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნორმატიულ დანიშნულებიდან გამომდინარე, ის უნდა შემცირდეს ორჯერ და დასაკისრებელი თანხის ოდენობა ნაცვლად 5 049.90 ლარისა - 2 524.95 ლარით განსაზღვრა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება შემსყიდველის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლო პრაქტიკით დადგენილია პირგასამტეხლოს შემცირების კრიტერიუმები, რომლის გათვალისწინებითაც დასაშვებია გარიგებით შეთანხმებული პირგსამტეხლოს ოდენობის შემცირება. შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს ოდენობის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

3.2. აპელანტის განმარტებით შ-- ,,კ------- 2----მა’’ ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. რაც ხელშეკრულების საგნის ნაწილის მიუწოდებლობაში გამოიხატა. აპელანტის განმარტებით სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეს პირასამტეხლოს დაკისრების საფუძველი და ოდენობა სადავოდ არ გაუხდია. გარდა ამისა, აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების დარღვევისთვის პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო ფიქსირებული ოდენობით და მეწარმე სუბიექტს გარიგებაზე ხელმოწერის პირობებში გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შესაძლო შედეგები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1.1 წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართებულობა უნდა შემოწმდეს, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის თვალსაზრისით, კერძოდ უნდა ჩაითვალოს თუ არა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და არსებობს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში სკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე მისი შემცირების წინაპირობები.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:

 

- 10.03.2017 წელს ერთი მხრივ ს----------–----–-----------------------------ს და მეორე მხრივ შ-- ,,კ------- 2----ს’’ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #1-- ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საგანსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხის მასალის შეძენა წარმოადგენდა. შესყიდვის ღირებულება 50 499.00 ლარით განისაზღვრა.

- მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობების შეუსრულებლობის ან/და კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველის უფლებად განისაზღვრა: ა) არაჯეროვანი შესრულებისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებლისთვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10 %-ის ოდენობის ჯარიმის დაკისრება.

- უდავოა, რომ 10.03.2017 წლის ხელშეკრულების საფუძველზე შ-- ,,კ------- 2----მა’’ ს----------–----–-----------------------------ს 23.03.2017 წელს 20 416 ლარის ღირებულების, ხოლო 28.03.2017 წელს 14 259 ლარის ღირებლების ხის მასალა მიაწოდა.

- უდავოა ასევე, რომ 10.03.2017 წლის ხელშეკრულების საფუძველზე შ-- ,,კ------- 2----ს’’ ს----------–----–-----------------------------სთვის 15 824 ლარის ღირებულების საქონელი არ მიუწოდებია.

4.1.2. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი გაზიარების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება შესაძლო ზიანს აღემატებოდეს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.

 

პირგასამტეხლო მოთხოვნის დამატებითი უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა, კერძოდ, მოდავე მხარეები მათ შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენაბაზე შეთანხმდნენ.

 

საგულისხმოა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას არ წარმოადგენს და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა ვალდებულების დარღვევა, რაც შესყიდვის ობიექტის ნაწილის, კერძოდ 15 824 ლარის ღირებულების ხის მასალის მიუწოდებლობაში გამოიხატა სადავო არ არის, შესაბამისად, სასამართლოს მიერ შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება წარმოადგენს.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პალატა შენიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. ამით აიხსნება ის, რომ ზოგადი წესით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება იმ ფარგლებში, რომელიც ვერ დაიფარა პირგასამტეხლოთი. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, დარღვევის შედეგებს მიეკუთვნება არა მხოლოდ ქონებრივი ზიანი, არამედ კრედიტორის არაქონებრივი უფლებებისადმი მიყენებული ზიანი.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე კრედიტორის ეკონომიკური ინტერესი. აღნიშნულ გარემოებებზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც გულისხმობს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას მასზედ, რომ მოპასუხე მხარეს არც პირგასამტეხლოს საფუძველი და არც მისი ოდენობა სადავო არ გაუხდია. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს პირველი ინსტანციის სასამართლოში შ-- ,,კ------- 2----ის’’ მიერ წარდგენილ შესაგებელზე, სადაც ეს უკანასკნელი სადავოდ ხდის მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას და აღნიშნავს, რომ ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობა მოსარჩელის ბრალით იყო გამოწვეული. ამდენად, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე, სადაც პალატამ განმარტა რომ ,,თუ მხარე სადავოდ არ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას (გონივრულობას), მაგრამ საერთოდ გამორიცხავს მისი დაკისრების წინაპირობების არსებობას, უპრიანია სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობაც შედავებულად მიიჩნიოს და შეაფასოს მისი გონივრულობა. ასეთ ვითარებაში ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს მხარის ნება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არათუ პირგასამტეხლოს ოდენობას ხდის სადავოდ, არამედ საერთოდ პირგასამტეხლოს დაკისრებას არ ეთანხმება“ (№ას-318-301-2017, 05.05.2017 წელი). ამდენად, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს საფუძვლის შედავების გათვალისწინებით სახეზე იყო პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე მსჯელობის საფუძველი.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 10.03.2017 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის საგანსაც 50 499 ლარის ღირებულების ხის მასალის შესყიდვა წარმოადგენდა მიმწოდებლმა შემსყიდველს 34 674 ლარის ღირებულების მასალა მიაწოდა. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ შემსყიდველ მხარეს მიწოდებული მასალის ხარისხთან დაკავშირებით შემსრულებლის მიმართ რაიმე პრეტენზია არ ჰქონია, შემსყიდველი მიმწოდებელ საზოგადოებას, მხოლოდ 15 824 ლარის ღირებულების, რაც დაახლოებით ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30 %-ს შეადგენს ხის მასალის მიუწოდებლობას ედავება. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებით არც ხელშეკრულების საგნის ნაწილის მიუწოდებლობის შედეგად ზიანის დადგომის ფაქტი დგინდება. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანს დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და არა კრედიტორის გამდიდრება, ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირება წარმოადგენს. შესაბამისად, პირგასამტეხლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული უნდა იყოს. სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ მსგავს სიტუაციაში, როდესაც შესრულების ვადის გადაცილების საფუძვლით ხელშეკრულება უკვე შეწყვეტილია, შესაბამისად, პირგასამტეხოს დაკისრების მიზანს ხელშეკრულების შესრულების პროვოცირება აღარ წარმოადგენს, საქმის მასალებით არც ნასყიდობის საგნის ნაწილის მიუწოდებლობით გამოწვეული ზიანის დადგომის ფაქტი დასტურდება, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემსყიდველის დარღვეული უფლების აღდგენის მიზნებისთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შემცირების შედეგად განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია.

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ: ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს კანონიერი ნდობა სახელმწიფო ორგანოს ქცევის კეთილსინდისიერების მიმართ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებამ კომპანია გადახდისუუნარობის პირას არ უნდა მიიყვანოს. სანქციის სახით დაწესებული პირგასამტეხლო უნდა ატარებდეს იმ სამართლებრივ მიზანს, რაც მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ანიჭებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს----------–----–-----------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე /ვანო წიკლაური /