განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002636614
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/681-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - ს----------–----–-----------------------------
წარმომადგენელი - დ----- ტ-------
მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,,ნ-------–-----------------’’
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი შ-- ,,ნ-------–-----------------“-ს მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შ-- ,,ნ-------–----------------ს“ მოსარჩელე ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 202,87 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2017 წლის 25 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა ს------------სა (შემსყიდველი) და შ-- ,,ნ-------–-----------------ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №3- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1- ით განსაზღვრული სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების (რძის პროდუქტები - ყველი) შესყიდვა (C-----------). ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 299 687,50 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო შესყიდვის ობიექტის მიწოდება განეხორციელებინა დანართი №1-ით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
მხარეთა შორის 2017 წლის 25 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების 11.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია დანართი №1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 19-24);
- ხელშეკრულების დანართი (ს.ფ. 25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.2. ს----------–----–-----------------------------სა და შ-- ,,ნ-------–-----------------ს“ შორის 2017 წლის 20 ნოემბერს გაფორმდა შეთანხმება №- მხარეთა შორის 2017 წლის 25 იანვარს გაფორმებულ №3--ე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დანართი N1-ის პირველი პოზიციით გათვალისწინებული მისაწოდებელი რაოდენობის - 2500 კგ. ქართული წარმოების ,,ნ-------–-----------------ს“ მიერ წარმოებული ყველის ჩანაცვლება მოხდა ქართული წარმოების ,,რ-------------ის“ მიერ წარმოებული ყველით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური პირობების გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება N3 (ს.ფ. 57-58);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.3. შ-- ,,ნ-------–----------------მა“ ჯეროვნად არ შეასრულა მას და ს----------–----–-----------------------------ს შორის 2017 წლის 25 იანვარს გაფორმებული №3- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მისაწოდებელი საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით. მიწოდება განხორციელდა შემდეგნაირად:
ა) 328 კგ. რძის პროდუქტი - ყველი (ღირებულება 3 145,52 ლარი) 2017 წლის 24 ნოემბერს - 25 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2017 წლის 30 ოქტომბერი);
ბ) 212 კგ. რძის პროდუქტი - ყველი (ღირებულება 2 033,08 ლარი) 2017 წლის 28 ნოემბერს - 28 დღის დაგვიანებით (მიწოდების ვადა 2017 წლის 31 ოქტომბერი);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.
27-32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.4. შ-- ,,ნ-------–----------------ს“ მას და საქართველოს შინაგან საქმეთა ს------------ს შორის 2017 წლის 25 იანვარს გაფორმებული №3- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის ნაწილის მიწოდების ვადის დარღვევის გამო, დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%, ჯამში - 23 825,16 ლარი.
შ-- ,,ნ-------–----------------ს“ დავალიანების დაფარვის მიზნით, ს----------–----–-----------------------------საგან გაეგზავნა შესაბამისი გაფრთხილების წერილი საქონლის მიწოდების ვადადარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შესახებ, თუმცა პირგასამტეხლო დღემდე დაფარული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შსს-ს წერილი (ს.ფ. 33-34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.5. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
2017 წლის 25 იანვარს ს----------–----–-----------------------------სა (შემსყიდველი) და შ-- ,,ნ-------–----------------ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №3- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების (რძის პროდუქტები - ყველი) შესყიდვა (C--- 1-------). ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 299 687,50 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო შესყიდვის ობიექტის მიწოდება განეხორციელებინა დანართი №1-ით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.
დადგენილია, ასევე, რომ შ-- ,,ნ-------–----------------მა“ ჯეროვნად არ შეასრულა მასსა და ს----------–----–-----------------------------ს შორის 2017 წლის 25 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მისაწოდებელი საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადადარღვევით. შესაბამისად, წარმოიშვა ამავე ხელშეკრულების 11.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
2.7. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მიერ მითითებულ ბრალის გამომრიცხველ გარემოებებთან დაკავშირებით.
მოპასუხის განმარტებით, მის მიერ საქონლის ნაწილის მიწოდების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს, ს---------------------–------------სა და შ-- ,,ნ-------–-----------------ს“ მიერ ჩატარდა ერთობლივი ღონისძიებები, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მოხდა წარმოებაში არსებული მანქანა დანადგარების დეზინფექცია დერატიზაცია, რის შემდეგაც აიღეს ჩამონარეცხების 34 წერტილში მიკრობიოლოგიური ანალიზები. მიკრობიოლოგიური ანალიზის პასუხი სტანდარტულად გაიცემა 5-7 თვის ვადაში. ვინაიდან, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოება არ ფუნქციონირებდა და კომპანიას მისაწოდებელი ჰქონდა პროდუქცია, ხელშეკრულების შესრულების მიზნით შ-- ,,ნ-------–----------------მა“ მიმართა ს----------–----–-----------------------------ს პროდუქციის ჩანაცვლებისათვის, რისთვისაც საჭირო იყო პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზის აღება, რასაც დაჭირდა 21 დღე, რომლის გასვლის შემდეგაც მოპასუხემ განაახლა პროდუქციის მიწოდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლით დადგენილია მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევები. კერძოდ, ასეთად ჩაითვლება თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ხოლო, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, კი ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მისი ბრალის გამომრიცხველ გარემოებად მიუთითებს ე.წ. ფორსმაჟორს. სასამართლომ განმარტა, რომ ე.წ. ფორსმაჟორი, ეს არის საპატიო გარემოება, რამაც შეიძლება გამორიცხოს ხელშეკრულების ვადის დარღვევით გამოწვეული პასუხისმგებლობა. ამგვარი წიპირობების წარმოქმნა ხდება პირისგან დამოუკიდებელი მიზეზით, მიუხედავად მისი კანონშესაბამისი და გულისხმიერი მოქმედებისა, რის გამოც შეუძლებელი ხდება ვალდებულების დროულად შესრულება. ამასთან, ამ გარემოების გათვალისწინება და მისი თავიდან აცილება მხარეს არ შეუძლია.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მეწარმე სუბიექტს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას ეკისრება გულმოდგინედ მოქმედების ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ მან უნდა გამოიჩინოს სათანადო გულისხმიერება და განახორციელოს ყველა შესაძლო ღონისძიება ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, წინასწარ განჭვრიტოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული რისკები და მიიღოს სათანადო ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად.
ამდენად, ზემოთ აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები სცდება მოპასუხის კონტროლის სფეროს, თუმცა ეს ისეთი გარემოებებია, რაც არის წინასწარ განჭვრეტადი და მეწარმის მიერ წინდახედულობის ნორმების სათანადოდ დაცვის პირობებში, ექვემდებარება გათვალისწინებას და მისი მიზეზით ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილებას. შესაბამისად, გონივრულად ივარაუდება, რომ მოპასუხის მიერ დეზინფექცია-დერატიზაციის პროცედურებთან, ასევე საქონლის მოწოდებასთან დაკავშირებული სავარაუდო რისკები და პრობლემები (პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზის აღება), მის მიერ ჩვეულებრივ წინდახედულობის ნორმების დაცვით, თავიდანვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ბრალის გამომრიცხველი გარემოებები უსაფუძვლო და დუსაბუთებელია. შესაბამისად, არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ.
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
2017 წლის 25 იანვარს ს----------–----–-----------------------------სა და შ-- ,,ნ-------–-----------------“-ს შორის გაფორმებული №3- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 11.4. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ შემსყიდველი უფლებამოსილია დანართი №1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტელო ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. ამასთან, დადგენილია, რომ შ-- ,,ნ-------–----------------მა“ ჯეროვნად არ შეასრულა მას და ს----------–----–-----------------------------ს შორის 2017 წლის 25 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მისაწოდებელი საქონლის ნაწილი შემსყიდველისათვის მიწოდებულ იქნა ვადა დარღვევით, რის გამოც შემსყიდველის მიერ დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%, ჯამში - 23 825,16 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 23 825,16 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
ამასთან, მხარეთა შორის 25.01.2017წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების დავალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. (იხ. სუსგ. №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი)
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. (იხ. სუსგ. №ას-181-181-2018; 23 მარტი, 2018 წელი)
დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის მიწოდება განახორციელა ვადის დარღვევით. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი იყო. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნორმატიულ დანიშნულებიდან გამომდინარე, მისი ოდენობა საქონლის მიწოდების ვადის თითოეული დარღვევიდან გამომდინარე დაანგარიშებული უნდა იყოს შემდეგნაირად:
ა) 328 კგ რძის პროდუქტი - ყველის (ღირებულება 3 145,52 ლარი) მიწოდების 25 დღით დაგვიანებისათვის - 117,75 ლარი (3145,52*0,15/100=4,71*25);
ბ) 212 კგ რძის პროდუქტი - ყველის (ღირებულება 2 033,08 ლარი) მიწოდების 28 დღით დაგვიანებისათვის - 85,12 ლარი (2033,08*0,15/100=3,04*28);
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლო სასამართლომ შეამცირა და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად მოთხოვნილი 23 825,16 ლარისა, 202,87 ლარის გადახდა დააკისრა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.
მოპასუხის განმარტებასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოსარჩელემ მიღება-ჩაბარების აქტით მიიღო მიწოდებული საქონელი და გადაიხადა შესაბამისი საფასური, აღარ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებამოსილება, სასამართლომ არ გაიზიარა შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მოვალეს ეკისრება მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ამასთან, ამავე კოდექსის 419-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს დადგენილ დროში. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულებისათვის დაწესებული იყო პირგასამტეხლო, მოსარჩელე უფლებამოსილია მოვალეს მოსთხოვოს, როგორც ვალდებულების შესრულება, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდაც. არაჯეროვანი შესრულების მიღება არ ათავისუფლებს მოვალეს შესაბამისი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.
სასამართლოს განმარტებით მოსარჩელე იმის მიუხედავად, რომ მოპასუხისაგან ვადის დარღვევით მიიღო შესრულება და გადაიხადა შესრულების შესაბამისი საფასური, უფლებამოსილია მოითხოვის მოპასუხისათვის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული პირგასამტეხლო. შესაბამისად, მოპასუხის მითითებული პოზიცია დაუსაბუთებელად და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, მართალია, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ დაარღვია გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ვადაში შესრულების ვალდებულება, თუმცა მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია იმ გარემოების მხედველობაში მიღებაც, რომ მიმწოდებელს ს------------ს მოთხოვნის შესაბამისად შესყიდვის ობიექტის მიწოდება კვირაში ერთხელ უნდა განეხორციელებინა. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მიწოდების ვადა ერთ შემთხვევაში 30 ოქტომბრიდან 24 ნოემბრამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში 31 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე დაირღვა. აღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტი მიიჩნევს, რომ სახეზეა არა ერთჯერადად შესასრულებელი ვალდებულების, არამედ პერიოდულად, ყოველკვირეულად შესასრულებელი ვალდებულების შეჩერება დროის კონკრეტულ მონაკვეთში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
4.1.2. მიუხედავად 21.05.2019წ. 11:00 საათზე დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ უწყების მოწინააღმდეგე მხარისთვის ჩაბარებისა, ეს უკანასკნელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის წარმომადგენელმა კი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო ამ უკანასკნელის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და ს----------–----–-----------------------------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4.1.3. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესახებ საკითხი. აპელანტი მიიჩნევს, რომ მიწოდების ვადის დარღვევის დადასტურების პირობებში, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ არსებობდა გარიგებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 23 825,16 ლარიდან 202.87 ლარამდე შემცირების საფუძველი.
სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევასთან ერთად აუცილებელია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული და დადასტურებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს აპელანტის მოთხოვნას. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივარში მითითებული ოდენობის პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, არის თუ არა შეუსაბამოდ მაღალი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული ამა თუ იმ ოდენობის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, ეს სამართლებრივი შეფასების საკითხია. შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ იმ პოზიციის დაფიქსირება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის არამართლზომიერი და არაგონივრული იმ თვალსაზრისით, რომ ზედმეტადაა შემცირებული, სააპელაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომელიც შეიძლება გახდეს საფუძველი დაუსწრებელი გადაწყვეტიელბის მიღებისა. საკითხი იმის შესახებ არის თუ არა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული და სამართლიანი, წარმოადგენს შესაფასებელ, სამსჯელო საკითხს, რომლის შეფასების დროსაც ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც იქნა გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას. კონკრეტულ შემთხვევაში კი ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ (შ-- "ნ-------–-----------------") ვადაგადაცილებით მიაწოდა აპელანტს არა მთლიანი 299 687 ლარის ღირებულების პროდუქტი, არამედ ერთ შემთხვევაში, 3145 ლარის ღირებულების, ხოლო მეორე შემთხვევაში 2033 ლარის ღირებულების პროდუქტი სადავო არ ხდება სააპელაციო საჩივრით. მაშასადამე პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრული განსაზღვრის ის ფაქტობრივი საფუძველი, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლო დაემყარა არ არის შედავებული წარმოდგენილი აპელაციით. ამ პირობებში კი, როდესაც უდავოა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ 299 687 ლარის ღირებულების პროდუქტის მიწოდების ვალდებულებიდან დაარღვია მხოლოდ 3145 + 2033 ლარის (ჯამში 5178 ლარის ) ღირებულების პროდუქტის მიწოდების ვადები, არაგონივრული და არასამართლიანია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის - 0,15%-ის გამოანგარიშება მთლიანი მისაწოდებელი პროდუქტის ღირებულებიდან 299 687 ლარიდან. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს კანონიერი ნდობა სახელმწიფო ორგანოს ქცევის კეთილსინდისიერების მიმართ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებამ კომპანია გადახდისუუნარობის პირას არ უნდა მიიყვანოს. სანქციის სახით დაწესებული პირგასამტეხლო უნდა ატარებდეს იმ სამართლებრივ მიზანს, რაც მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ანიჭებს.
4.1.4 სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი გაზიარების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 25.01.2017წ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ერთი წელზე მეტი ვადით მოქმედებდა, მხედველობაშია მისაღები ფაქტი მასზედ, მიმწოდებლის მხრიდან 25.01.2017წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით რძის პროდუქტების მიწოდებას გულისხმობდა მხოლოდ ორ შემთხვევაში დაირღვა, კერძოდ, ერთ შემთხვევაში ვადის გადაცილება 3 145,52 ლარის ღირებულების პროდუქტის 25 დღის დაგვიანებით, ხოლო მეორე შემთხვევაში 2 033,08 ლარის ღირებულების პროდუქტის 28 დღის დაგვიანებით მიწოდებაში გამოიხატა. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ 299 687.50 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომელიც 25.01.2017 წლიდან 01.03.2018 წლის ჩათვლით მოქმედებდა, გარდა ზემოთ აღნიშნული ვადაგადილებისა, რომელიც როგორც აღინიშნა ერთ შემთხვევაში შესრულების 25 დღის დაგვიანებაში, ხოლო მეოერე შემთხვევაში 28 დღის დაგვიანებით შესრულებაში გამოიხატა, შემსყიდველისთვის მისაღებ ვადებში და ხარისხით შესრულდა. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანი დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და არა კრედიტორის გამდიდრება, ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირება წარმოადგენს. შესაბამისად, პირგასამტეხლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული უნდა იყოს. სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ მსგავს სიტუაციაში, როდესაც შესრულების ვადის გადაცილება ეპიზოდურია და დაახლოებით ერთი წლის ვადით მოქმედი გარიგების ფარგლებში მხოლოდ ორ ეპიზოდში ფიქსირდება, ამასთან, მოსარჩელის მხრიდან კონკრეტულ მტკიცებულებებზე მითითებით დადასტურებული ვერ იქნა ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებით გამოწვეული ზიანის დადგომის შესახებ, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს ქმნის. საბოლოოდ, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხელშეკრულების საერთო თანხის, შესრულებული ვალდებულებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე მართებულად ჩათვალა მოთხოვნილი პირგასამტეხლო - ხელშეკრულების საერთო ღირებულების თანხის 0.15%, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და სამართლიანად შეამცირა ის 202,87 ლარამდე (ვადის დარღვევით შესრულებული ღირებულების 0.15 %-მდე).
ამგვარად, იმ პირობებში, როდესაც აპელანტი მხოლოდ ზოგადი კრიტიკით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ და მიუთითებს, რომ არამრთლზომიერადაა შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა, მაგრამ არ აქვს საკმრისად შედავებული ის კონკრეტული ფაქტობრივი საფუძველები რასაც ემყარება სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სააპელაციო საჩივრით დაყენებულ მოთხოვნას და პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოთ მითითებული გარემოებების გათალისწინებით, მართებულად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420 - მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთნ დაკავშირებით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს----------–----–-----------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /
/გოდერძი გიორგიშვილი /