განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.06.2019
საქმის ნომერი
020310919002999061
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020310919002999061

საქმე №3/ბ-210-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 ივნისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი (მომხსენებელი)

ხათუნა ხომერიკი, ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

აპელანტები:

1. ლ--–----------, თ-------------, ლ------------

წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი

 

2. ლ--–--------–---–ი, გ--–---------, კ------------

 

დავის საგანი - დამცავი ორდერის კანონიერება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე და საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:

2019 წლის 17 მაისს ლ--–----------მ, თ-------------მ და ლ------------მ განცხადებით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს დამცავი ორდერის გამოცემა ლ--–--------–---–ის, გ--–---------ს და კ------------ს მიმართ, რათა მათ აეკრძალოთ 30 მეტრში განმცხაებლებთან მიახლოება.

 

განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ მოპასუხეები მათ აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას (ლანძღვა-გინება), თავს ესხმიან მათ და ყრიან თავიანთი საცხოვრებელი სახლიდან, რის გამოც განმცხადებლები თავს აფარებენ ნათესავებთან. ასევე მოპასუხეებმა განმცხადებლებს საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი მიუყარეს ერთი ოთახის კუთხეში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული კ------------ და გ--–--------- (ლ--–--------–---–ის წარმომადგენლები) არ დაეთანხმნენ ლ--–----------ს, თ-------------ს და ლ------------ს მოთხოვნას.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ლ--–----------ს, თ-------------ს და ლ------------ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ--–---------ს, კ------------ს და ლ--–--------–---–ს აეკრძალათ მსხვერპლის თ-------------ს, ლ------------ს და ლ--–----------ს მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება; დამცავი ორდერი გამოიცა 6 თვის ვადით;

 

ამ დასკვნამდე საქალაქო სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, რომლის 2112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში - აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით, ხოლო იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით განმარტებულია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას, ხოლო იმავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, ოჯახის წევრია დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლოს აღნიშვნით, მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები; ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით. იმავე ნორმატიული აქტის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი; დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და მე-12 მუხლის მიხედვით, დამცავი ორდერი გაიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

სასამართლოს მითითებით, მე-11 მუხლის მიხედვით, დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2115-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დამცავ ორდერში მიეთითება: ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას; გ) მოძალადის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი; დ) ამ მუხლის მე-3 ნაწილის და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემაკავებელი ორდერით გასათვალისწინებელი იმ მოქმედებების ჩამონათვალი (იგულისხმება კანონის მე-10 მუხლის 31 ნაწილი), რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს.

 

იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს; დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის; ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს; ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს; ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს; კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს; მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

 

სასამართლოს განმარტებით, შებოჭილი არ არის დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე განცხადებაში განმცხადებლის მიერ დაყენებული მოთხოვნით, მას შეუძლია დაადგინოს იმ ღონისძიების გატარება, რაც ძალადობის ფაქტის პროპორციულია და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

სასამართლოს მითითებით, რეაგირების საკითხზე აქტიური როლი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია სახელმწიფო ორგანოებს, რისი ნათელი გამოვლინებაა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლოს აღნიშვნით მოწმის სახით სადავო მისამართზე მცხოვრებმა მეზობლებმა დაადასტურეს, რომ მხარეები 2019 წლის მაისის თვეში ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოპასუხეების მხრიდან განმცხადებლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი დასტურდება ასევე ვიდეო ჩანაწერებითაც. აღნიშნული ფაქტი კი მოითხოვს რეაგირებას და კონფლიქტის დაძაბული ხასიათიდან გამომდინარე წარმოადგენს დამცავი ორდერის 06 თვის ვადით გამოცემის საფუძველს მოპასუხეების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების, მათ შორის, შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენების აკრძალვის სახით. ამასთან, მართალია მოწმეები მიუთითებენ განმცხადებლების მხრიდანაც შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე, მაგრამ სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ განცხადების შესაბამისად ლ--–----------ს, თ-------------ს და ლ------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ იგი ვერ გაიზიარებს მოპასუხეების განმცხადებლებთან მიახლოების აკრძალვის მოთხოვნას, ვინაიდან მოტივი რომელიც საფუძვლად უდევს მითითებულ მოთხოვნას დაუსაბუთებელია. კერძოდ, განმცხადებლები თვლიან, რომ მათ მოპასუხეებისაგან ეზღუდებათ თანასაკუთრებით სარგებლობის უფლება და თანასაკუთრებაში გულისხმობენ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე 10.4, 20.9, 25.5 და 15.7 კვ.მ. ფართებს (ს.ფ. 48, 49, 53, 58), რომლებიც მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი ფოტო სურათების თანახმად, არის იზოლირებული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე, მასზედ თანდართული მასალების მიხედვით, საკუთრების უფლებით ეკუთვნის ლ--–--------–---–ს, რაც ასახულია კიდეც საჯარო რეესტრიდან ამონაწერში. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული ფართიდან განმცხადებლების კუთვნილი ნივთების გატანა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს განმცხადებლების მიმართ ძალადობრივ ქმედებად, ხოლო მოპასუხეებისათვის განმცხადებლებთან მიახლოების აკრძალვა დაუსაბუთებლად შეზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ მოპასუხეების საკუთრების უფლებას ისარგებლონ ჩ-------–---ში მდებარე სადავო ქონებით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მოპასუხეების მიერ განმცხადებლების საცხოვრებელი სახლიდან გაძევებისა და განმცხადებლებზე თავდასხმის ფაქტი.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ლ--–----------ს, თ-------------ს და ლ------------ს მიერ, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მიპასუხეთა მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა მოითხოვეს რათა მათ აეკრძალოთ ყველა იმ ადგილთან მოახლოება, სადაც მსხვერპლები იქნებიან მარტო ან/და თანმხლებ პირებთან ერთად და აეკრძალოთ მსხვერპლებთან ურთიერთობა, საუბარი, ვერბალური, არავერბალური, ვიზუალური კონტაქტი როგორც პირადად და უშუალოდ, ისე - კომუნიკაციის ამა თუ იმ საშუალების გამოყენების გზით.

 

აპელანტების მითითებით, ფაქტობრივ გარემოებაში მოსამართლე ფაქტიურად სამოქალაქო საქმის განხილვის წაროებაში გადავიდა, და და დაადგინა თითქოს მხარეებს შორის კონფლიქტი გამოწვეულია ერთ საცხოვრებელი ოთახზე კონფლიქტით, ასევე მიუთითებს ოთახების ფართებს რომლითაც თითქოს განსაზღვრა მოძალადეების იზოლირებული საკუთრების ფაქტი. ძალადობა რომლებიც მოპასუხეთაგან გრძელდება მთელი ამ წლების განმავლობაში არ ეფუძნება ქონებრივ დავას, მეტიც პირიქით ქონებრივი დავაცა და ძალადობაც რასაც ისინი ახორციელებენ ეფუძნება პირად ზიზღს რომელიც მოძალადეებს გააჩნიათ მსხვერპლთა მიმართ, წარმოგიდგენთ ვიდეო ჩანაწერს რომელიც ჩაწერილია 25 მაისს სასამართლო სხდომის შემდეგ რა დროსაც გ--–---------მ შეურაცყოფა მიაყენა ქალბატონ ლ--–----------ს და ლანძღავს მას იმის გამო რომ როგორ გაბედა და გაყვა მამამისს ის ცოლად. ეს არის პირადი ზიზღი რაც მოძალადეებს გაჩნიათ მათ რომ თავიანთი ქონებრივი ინტერესის დაცვა აინტერესებდეთ ამას ძალადობით არ განახორციელებდნენ არსებობს ამისათვის სასამართლო და მიმართავდნენ თუნდაც ხელისშეშლის ქღკვეთის მოთხოვნით.

 

აპელანტების აღნიშვნით, პირველი ინსტანციის სასამართლო ასევე არასწორად აღნიშნავს, რომ თითქოს მოპასუხეები გვთავაზობენ ფართს კუთვნილ წილს და რადგან არ ვეთანხმებით და ამონაწერში ისინი დაფიქსირებული არიან თანამესაკუთრეებად და აქვთ მსხვერპლთა გამოსახლების უფლება. ძალადობას გამართლება არა აქვს და არც ერთ ასპექტში არ ითვლება ის გამართლებულად, (მოსამართლე სამწუხაროდ მოექცა მოპასუხეთა გავლენის ქვეშ და თავისდა უნებურად სამოქალაქო დავაში გადაინაცვლა მოპასუხეებმა მას მოხერხებულად აუბნიეს თავგზა მთელი პროცესის მიმდინარეობისას ხელში ატრიალებდნენ პროექტებს და იმეორებდნენ რომ თავის საკუთრებას განკარგავდნენ.) ქონებრივი დავა არსებობის შემთხვევაში ამ სასამართლოს განსახილველი არაა და ვერც ამ კუთხით დადგენილ უსწორო ფაქტობრივ გარემოებებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი ახსნა ამ გადაწყვეტილებაში.

 

აპელანტების მითითებით, მათ სხვა საცხოვრებელი გარდა ჩ-------–---ში, გ.შენგელიას ქუჩა N15ის-ა არ გააჩნიათ. ეს არის მათი მუდმივი საცხოვრებელი სადაც ჩაატარეს რემონტი, და დღემდე ცხოვრობენ, ხოლო მოპასუხეებს საცხოვრებელი სახლები არაერთი აქვთ ქ.თბილისში. მართალია სახლი თანასაკუთრებაა და ამიტომაც რადგან მოპასუხეებს პირადი ზიზღი და ბოღმა აქვთ მათ მიმართ მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს საზიარო უფლების გაუქმება. მოძალადეებს, რადგან ესმით რომ მსხვერპლები რომელთა ტანჯვა-წამებითაც წლების განმავლობაში საზრდოობდნენ, ხელიდან ეცლებათ, განსაკუთრებით გააქტიურდნენ. მოძალადეებს აქვთ ღრმა ფსიქოლოგიური ტრავმა ბავშვობიდან მიღებული რის რეალიზებასაც მსხვერპლთა ძალადობის ფონზე ახორციელებენ.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს ლ--–--------–---–მა, გ--–---------მ დ კ------------მაც იმ საფუძვლით, რომ თავად განმცხადებლების ლ--–----------, თ------------- და ლ------------ს მხრიდან ჰქონდა ადგილი მათზე ძალადობას და ლ--–--------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსაფუძვლოდ დაკავებას.

 

საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ ლ--–----------ს, თ-------------ს და ლ------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ლ--–--------–---–ის, გ--–---------ს და კ------------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება, ლ--–----------ს, თ-------------ს და ლ------------ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს ძირითადად განსაზღვრავს ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

დასახელებული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” მე-3 მუხლის მიხედვით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული კანონის მე-4 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით განმარტებულია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას, ხოლო იმავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, ოჯახის წევრია დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის ”ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება, “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრად, სხვა პირებთან ერთად მოიაზრება და და ძმა, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, მოძალადეა ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა გამოხატული ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით, ობიექტური მონაცემებით უნდა დასტურდებოდეს, თავის მხრივ კი ეს მონაცემები საქმეში არსებულ კანონით დადგენილი წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, რომელთა სწორი და ობიექტური შეფასება და სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობის და საბოლოო ჯამში გაზიარების თვალსაზრისით მათი მტკიცებულებითი მნიშვნელობის განსაზღვრა სასამართლოს კანონისმიერი ვალდებულებაა.

 

ამ დასკვნის გასამყარებლად სააპელაციო პალატა მოიხმობს ,, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით კი, განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე უნდა შეიცავდეს მტკიცებულებათა ჩამონათვალს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დამცავი ორდერი არის დროებითი სახის ღონისძიება და მისი გამოცემის საფუძველს მსხვერპლის მოძალადისაგან დაცვა წარმოადგენს. აღნიშნულ ორდერში მითითებული აკრძალვებით მოძალადეს ეზღუდება მსხვერპლის მიმართ გარკვეული მოქმედებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მსხვერპლის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით (მოწმეთა განმარტებებით, თავად განმცხადებელთა განმარტებებით), საქმეში წარმოდგენილი ვიდეო და ფოტომასალებით უტყუარად არ დასტურდება კ------------ს, გ--–---------ს და მით უფრო ლ--–--------–---–ის მხრიდან განმცხადებლების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენის ფაქტები.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განმცხადებელები არ უარყოფენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მათ მიერ დაკავებულია დაბა ჩ-------–---ში გ--–-----–-ას ქუჩა N15-ში მხდებარე ლილი ყურაშვილის საკუთრებაში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული რამოდენიმე ოთახი, თუმცა მათი განმარტებით ისინი ამ ფართის მფლობელები არიან და მოწინააღმდეგე მხარეებს არ გააჩნიათ მათი თვითნებურად გამოსახლების უფლება.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ 2019 წლის 9-10 მაისს მხარეთა შორის მომხდარი კონფლიქტი თავისი შინაარსით და სიმწვავით განსახილველ შემთხვევაში არ ქმნის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით დამცავი ორდერის გამოცემის აუცილებლობას. მით უფრო სახეზე არ არის გენდერული ფორმით ძალადობა, რომელიც მიმართულია ქალის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ ლ--–--------–---–ი, გ--–--------- და კ------------ ცხოვრობენ ქალაქ თბილისში და ისინი ჩ-------–---ში წელიწადში ჩადიან რამოდენიმეჯერ. მხარეებს ერთმანეთთან (რასაც არ უარყოფენ) არა აქვთ არანაირი სატელეფონო და სხვა კომუნიკაცია. შესაბამისად დამცავი ორდერის გამოცემა იმ მიზნით, რომ მხარეთა შორის არ არსებობდეს ერთმანეთთან მიახლოების, ასევე კომუნიკაციის გამოყენების შემზღუდავი ღონისძიებები არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვერ იქნება ეფექტური და კანონიდან გამომდინარე რეალური მიზნის მატარებელი.

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. საჩივარში მოყვანილი გარემოებები შეიცავს საქართველოს სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს, რის გამოც ლ--–----------ს, თ-------------ს და ლ------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ლ--–--------–---–ის, გ--–---------ს და კ------------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება, ლ--–----------ს, თ-------------ს და ლ------------ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, 2113 მუხლის მე-6 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლ--–----------ს, თ-------------ს და ლ------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ლ--–--------–---–ის, გ--–---------ს და კ------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

3. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება;

 

4. ლ--–----------ს, თ-------------ს და ლ------------ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

5. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნოს მხარეებს;

 

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება;

 

მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი

 

ხათუნა ხომერიკი

 

ნანა კალანდაძე