განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.05.2019
საქმის ნომერი
330210015708480
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015708480

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3411-18 15 მაისი, 2019 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ქეთევან მესხიშვილი,მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ხ------ა ზ--–---------–-ილი

 

წარმომადგენელი - ც-–--ო დ-------–-ილი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

 

წარმომადგენელი - მ------ თ--------ია

 

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ა(ა)იპ „ფ-------------------“

 

წარმომადგენლები - ი-----–ი კ-------ია, რ--------- რ-----ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ხ------ა ზ--–---------–-ილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ სარჩელი აღძრა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 აგვისტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 10 ნოემბრის, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის ა(ა)იპ ფონდი „კ-----------ს“ დამფუძნებელთა მიერ 2014 წლის 13 მარტს ჩატარებულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების, სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში, რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ხ------ა ზ--–---------–-ილმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. ა(ა)იპ ფონდი „კ-----------“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, 1997 წლის 31 იანვრიდან, საიდენტიფიკაციო ნომრით 2-------- რეგისტრირებული სუბიექტია. ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ხ------ა ზ--–---------–-ილია (ს.ფ. 24-27, 28-33, 44, 186-187).

 

6. ა(ა)იპ ფონდი „კ-----------ს“ მოქმედი წესდება პარტნიორთა გადაწყვეტილებით 2005 წლის 21 მარტს იქნა მიღებული და იგი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა. წესდების თანახმად, ფონდის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანოა ფონდის გამგეობა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს ფონდის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად. წესდების 8.10 პუნქტის თანახმად, წესდებაში დამატებისა და ცვლილების დამტკიცება და შეტანა გამგეობის კომპეტენციაა. ფონდის მოქმედი წესდების თანახმად, ფონდის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტები, მათი კომპეტენციების ფარგლებში, გამგეობის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი არიან (ს.ფ. 28-33).

 

7. 2014 წლის 13 მარტს, ფონდი „კ-----------ს“ დამფუძნებელთა განმეორებითი კრება ჩატარდა, რომელსაც მხოლოდ მოსარჩელე ხ------ა ზ--–---------–-ილი ესწრებოდა. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფონდის წესდებაში ცვლილება შევიდა და ფონდის 1998 წლის წესდების 3.2. მუხლით გათვალისწინებული დანაწესი ამოქმედდა, რომლის თანახმად, დამფუძნებელთა ერთ-ერთ უფლებამოსილებად წესდების დამტკიცება და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა განისაზღვრა. ამავე კრების ოქმის საფუძველზე, ფონდის წარმომადგენლობის უფლებამოსილება ფონდის დამფუძნებელს, მოსარჩელე ხ------ა ზ--–---------–-ილს გადაეცა (ს.ფ. 35-36).

 

8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და ხ------ა ზ--–---------–-ილს განცხადებაზე, რომლითაც მოსარჩელე ფონდი „კ-----------ს“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას ფონდის 2014 წლის 13 მარტის დამფუძნებელთა განმეორებითი კრების ოქმის შესაბამისად ითხოვდა, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადა განესაზღვრა.

 

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას საფუძვლად დაედო არაუფლებამოსილი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღება წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ ფონდის მოქმედი წესდების თანახმად, წესდებაში ცვლილების განხორციელება გამგეობის პრეროგატივას წარმოადგენდა. სარეგისტრაციოდ წარდგენილი კრების ოქმით კრების გადაწყვეტილებაუნარიანობა არ დგინდებოდა. ასევე, ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნა არ დგინდებოდა, მაშინ როდესაც კრების ოქმით წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრა მოხდა. გარდა ამისა, განაცხადზე ხ------ა ზ--–---------–-ილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები არ იკვეთებოდა, ვინაიდან საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილება, წესდების თანახმად, აღმასრულებელ დირექტორს აქვს, ხოლო აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა, თავის მხრივ, გამგეობის და არა დამფუძნებელთა კრების უფლებამოსილებას მიეკუთვნება (ს.ფ. 18-20).

 

9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა, თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ხ------ა ზ--–---------–-ილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 21-22).

 

10. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ა(ა)იპ ფონდი „კ-----------ს“ დამფუძნებელი ხ------ა ზ--–---------–-ილი ფონდის წესდებაში ცვლილების შეტანისა და ფონდის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკუთარი თავისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მისი უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

 

საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ა(ა)იპ ფონდი „კ-----------ს“ მოქმედი წესდება პარტნიორთა გადაწყვეტილებით 2005 წლის 21 მარტს იქნა მიღებული და იგი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა. წესდების თანახმად, ფონდის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ ორგანოდ ფონდის გამგეობა იქნა არჩეული, რომელსაც საწესდებო მიზნების მისაღწევად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ფონდის საქმიანობის წარმართვა დაევალა. წესდების 8.10 პუნქტის თანახმად, წესდებაში დამატებისა და ცვლილების დამტკიცება და შეტანა გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება. ამავე წესდების თანახმად, ფონდის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტები, მათი კომპეტენციების ფარგლებში, გამგეობის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი არიან (ს.ფ. 28-33). სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე რეგისტრირებული წესდება, რომელშიც ცვლილება 2005 წელს შევიდა და რომელსაც ხ------ა ზ--–---------–-ილის სახელით ხელს - წარმომადგენელი თ----- ლ------ე აწერს, მოსარჩელის მიერ, კანონით დადგენილი წესით, სადავო არ გამხდარა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, სასამართლოს არ აქვს ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ წესდების იურიდიულ ძალაში ეჭვი შეიტანოს.

 

2014 წლის 13 მარტს, ფონდი „კ-----------ს“ დამფუძნებელთა განმეორებითი კრება ჩატარდა, რომელსაც მხოლოდ მოსარჩელე ხ------ა ზ--–---------–-ილი ესწრებოდა. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფონდის წესდებაში ცვლილება შევიდა და ფონდის 1998 წლის წესდების 3.2. მუხლით გათვალისწინებული დანაწესი ამოქმედდა, რომლის თანახმად, დამფუძნებელთა ერთ-ერთ უფლებამოსილებად წესდების დამტკიცება და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა განისაზღვრა. ამავე კრების ოქმის საფუძველზე, ფონდის წარმომადგენლობის უფლებამოსილება ფონდის დამფუძნებელს, მოსარჩელე ხ------ა ზ--–---------–-ილს გადაეცა (ს.ფ. 35-36). სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება წარადგინა მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის რეგისტრაციაზეც მას 2014 წლის 10 ნოემბერს უარი ეთქვა, შესაბამისად, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებათა წრეს ფონდის დამფუძნებელთა უფლებამოსილებების შეფასება და საჯარო რეესტრის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართებულობის შემოწმება წარმოადგენს.

 

როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მოსარჩელე მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აცხადებდა, რომ აღნიშნული დებულებიდან გამომდინარე ფონდის დამფუძნებლის პრეროგატივას ფონდის ხელმძღვანელისა და წამომადგენლის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენდა. აღნიშნულ პოზიციას სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის, პარტნიორთა/დამფუძნებელთა მიერ შედგენილი წესდება ორმხრივი/მრავალმხრივი გარიგებაა (სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლი), რომელიც სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გარიგების ნამდვილობის ყველა ელემენტს უნდა აკმაყოფილებდეს. სადავოობის შემთხვევაში, დამფუძნებელი/პარტნიორი, რომელიც არ ეთანხმება ამ გარიგებას, უფლებამოსილია, ისარგებლოს უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპით, რომელიც ვრცელდება ნებისმიერი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების მიმართ, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა საქმეზე წარმოდგენილი წესდება, მოცემული დავის განხილვის მომენტისთვის, მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით, სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, მისი მხოლოდ ზეპირი მითითება წესდებაში შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის არქონისა და თანხმობის არარსებობის შესახებ გაზიარებული ვერ იქნება. ამიტომ, ითვლება რომ რეესტრში რეგისტრირებული წესდება ნამდვილია და შესაბამის იურიდიულ შედეგს წარმოშობს. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის პირველ ნაწილს, იგი ზოგადი, დისპოზიციური ნორმაა, იგი იმპერატიულ დანაწესს არ შეიცავს და, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად მისი გამოყენება შესაძლებელი არ არის. გარდა ამისა, შინაარსობრივი თვალსაზრისითაც, მასში მითითებული არ არის, რომ ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს/წევს ხელმძღვანელობითი ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების უფლება მისი შეხედულებით, ნებისმიერ დროს გააჩნია, აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს, რომ ფონდის დამფუძნებლის/წევრის გადაწყვეტილებით, როდესაც წესდებით სხვაგვარი მოწესრიგება არ არსებობს, ფონდის გაძღოლის უფლება მისი შეხედულებისამებრ ერთ ან რამდენიმე პირს შეიძლება მიანიჭოს, თავის მხრივ, მათთვის მინიჭებული უფლებები ცალკე დოკუმენტით უნდა გაიწეროს, რაც, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ დამფუძნებელს საკუთარი შეხედულებისამებრ ფონდის წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის შეცვლა შეუძლია, მით ურო, კი ისეთ პირობებში, როდესაც დამფუძნებლისთვის ასეთ უფლებას საქმეში წარმოდგენილი არცერთი სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი არ განამტკიცებს. შესაბამისად, სასამართლო ვერ დაეთანხმება აპელანტს, მასზედ რომ მის მიერ 2014 წელს, გადაწყვეტილების მიღებისას, 1998 წლის რედაქციის წესდებით მოქმედება კანონშესაბამისი იყო, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში წარმოდგენილია რეესტრში რეგისტრირებული 2005 წლის რედაქციის წესდება, რომელსაც ცალსახად მეტი იურიდიული ძალა გააჩნია.

 

11. 2005 წლის 21 მარტით დათარიღებული ფონდი „კ-----------ს“ წესდების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ იგი სამართალში მოქმედი ორგანული თეორიის გამოვლინებაა, რომელიც ასევე, განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილითაც, კერძოდ, აღნიშნული ნორმა ა(ა)იპ-ს დამფუძნებელს/წევრს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას დანიშნოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. როგორც წესი დამფუძნებელი პირი დანიშვნის ორგანიზაციულ უფლებას ერთჯერადი გენერირებით იყენებს, ანუ ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილებით პირის ავტორიზება ერთჯერადი ბუნების მქონეა. სწორედ ეს სულისკვეთებაა გამოვლენილი, ერთი მხრივ, სამოქალაქო კოდექსში, რომელიც დეტალურად არ განსაზღვრავს ორგანიზაციული მოწყობის უფლებამოსილებათა დანაწილებას და ამ საკითხის მოწესრიგებას საწესდებო ავტონომიის ფარგლებში, დამფუძნებლებს ანიჭებს, და მეორე მხრივ, საქმეზე წარმოდგენილ წესდებაშიც, სადაც დამფუძნებლებმა ფონდის გამგეობას გადასცეს ხელმძღვანელობითი, ხოლო მის თავმჯდომარეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ისევე, როგორც ყველა გარიგება, პირობის ბუნდოვანების დროს, წესდების განმარტებაც სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად ხდება, ანუ ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ჩანაწერის სიტყვა-სიტყვით არამედ, მის შინაარსობრივ მნიშვნელობას, რა დროსაც მხარეთა ნების განმარტება ლოგიკურ საწყისებზე ხდება. ა(ა)იპ ფონდ „კ-----------ში“ დამფუძნებელთა როლის წარმოსაჩენად და მხარეთა ნების განმარტებისთვის სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს შეაპირისპიროს წესდების 1998 წლისა და 2005 წლის რედაქციები. წესდების ძველ რედაქციაში (1998 წელი) ფონდის დამფუძნებლებს მესამე მუხლი ეძღვნებათ, სადაც მითითებულია, რომ ფონდი დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით იქმნება. დამფუძნებლები უფლებამოსილნი არიან გადაწყვეტილება მიიღონ შემდეგ საკითხებზე: ა) ფონდის დაფუძნება და ფონდის მიზნისა და სტრატეგიის განსაზღვრა; ფონდის მიზნის შეცვლა; წესდების დამტკიცება და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; გამგეობის წევრების არჩევა; ფონდის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხების გადაწყვეტა. თუ დამფუძნებლები თავიანთ უფლებამოსილებას გადასცემენ გამგეობას, გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც ამ წესდებით დამფუძნებელთა კომპეტენციას განეკუთვნება. რაც შეეხება წესდების ბოლოდროინდელ რედაქციას (2005 წელი) ფონდის დამფუძნებლები მხოლოდ სახელობით არიან მოხსენიებულნი, ყველა ის უფლებამოსილება კი, რომელიც ძველი წესდებით დამფუძნებლებს ჰქონდათ მინიჭებული, ფონდის გამგეობას გადაეცა. შესაბამისად, როგორც სიტყვა-სიტყვითი ასევე, ლოგიკური განმარტების შედეგად პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ფონდის დამფუძნებლებმა გამოიყენეს წესდების 1998 წლის რედაქციაში მითითებული შესაძლებლობა და თავიანთი უფლებამოსილება გამგეობას გადასცეს, რის შემდეგაც სწორედ აღნიშნულ ორგანოს ფონდის ხელმძღვანელობის ხოლო, მის თავმჯდომარეს ფონდის წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიენიჭა.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს გარემოებას მასზედ, რომ წესდების 2005 წლის რედაქციაში გამგეობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების დეტალურ გაწერასა და მისი უფლებამოსილების განხორციელების წესების ზუსტად ჩამოყალიბებას, სწორედ ის დანიშნულება ჰქონდა, რომ დამფუძნებლებმა მათი უფლებამოსილებები და ფონდის ხელმძღვანელობა სრულად მიანდეს გამგეობას, შესაბამისად წესდების განმარტების შედეგად, სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას მასზედ, რომ მას, როგორც ფონდის დამფუძნებელს, საწარმოს წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის ნებისმიერ დროს შეცვლა/დანიშვნა შეეძლო. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, თუ რატომ არ მოხდა ფონდის დამფუძნებლების უფლებების წესდებაში, თუნდაც, ზოგადი ხასიათით მინიშნება.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სწორად იხელმძღვანელა რეგისტრირებული წესდებით და სწორად განუმარტა ხ------ა ზ--–---------–-ილს, რომ ფონდის მოქმედი წესდების თანახმად, წესდებაში ცვლილების განხორციელება გამგეობის პრეროგატივას წარმოადგენდა. სარეგისტრაციოდ წარდგენილი კრების ოქმით კრების გადაწყვეტილებაუნარიანობა, ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება არ დგინდებოდა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საპირისპიროს გაზიარების შემთხვევაში, მივიღებდით მოცემულობას, სადაც ფონდის დამფუძნებლების უფლებამოსილებები, მათი განხორციელების ფორმა და ფარგლები არცერთი დოკუმენტით გაწერილი არ არის და არც მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებით დგინდება, ანუ ამ მოცემულობით, სამი დამფუძნებლიდან ნებისმიერს შეეძლებოდა მოეწვია კრება, მიეღო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირება მოეთხოვა, ამგვარი მიდგომა კი, რა თქმა უნდა, სამართლებრივი განჭვრეტადობისა და განსაზღვრულობის პრინციპიდან არ გამომდინარეობს და შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება.

 

12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი მოქმედებს, საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს, კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას აფუძნებს, მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული, დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.

 

აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი იმგვარად ნაწილდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ხ------ა ზ--–---------–-ილის, როგორც ფონდის დამფუძნებლის უფლებების დაცვის საუკეთესო მექანიზმს საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა წარმოადგენდა სწორედ აპელანტს უნდა დაედასტურებინა. სასამართლოში რელევანტური მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტების წარდგენის გზით აპელანტმა ვერ დაარწმუნა სასამართლო, იმ პირობებში როდესაც არსებობდა შეუცილებელი წესდება, სადაც დეტალურად იყო გაწერილი ფონდის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებები და მათი განხორციელების ფარგლები, ასევე, დეტალურად იყო გაწერილი ფონდის გამგეობის თავმჯდომარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები, თუ რატომ უნდა მინიჭებოდა მას წესდებით გამგეობისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით ვერ დასძლია.

 

შეჯამების სახით პალატა მიუთითებს, რომ წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობა არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, თითქოს, ხ------ა ზ--–---------–-ილს, როგორც ფონდის დამფუძნებელს, მისი უფლებების სასამართლოს წესით დაცვის საშუალება არ აქვს ან ეზღუდება, უბრალოდ პალატა ვერ დარწმუნდა და, შესაბამისად, ვერ დაეთანხმა აპელანტს მასზედ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება მისი უფლებების აღდგენისთვის საუკეთესო და ეფექტური სამართლებრივი გზაა, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც სწორედ ამ სულისკვეთებას ეფუძნება.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

14. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობასა და დადგენილ ფაქტებს და მიიჩნევს, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის.

 

15 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე, იხელმძღვანელა და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ხ------ა ზ--–---------–-ილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები თამარ ალანია

თამარ ზამბახიძე