განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001675179
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3294-18 15 მაისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ქეთევან მესხიშვილი,მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - ა-------------ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ა----------------ა“
წარმომადგენელი - ნ---- ლ-------ია, ი----- დ----------–---–ი
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - რ--------- მ----–-ილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა სს „ა----------------ას“ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა. სს „ა----------------ისთვის“ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის - 58 777 ლარის, პირგასამტეხლოს - 696 353 ლარის, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის - 47780 ლარის, პირგასამტეხლოს - 75 500 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2013 წლის 27 თებერვალს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და შპს სადაზღვევო კომპანია „ა-------------ს“ შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №66 ხელშეკრულება გაფორმდა. სადაზღვევო კომპანია „ა-------------მა“ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული 512 ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის, „SKODA OCTAVIA“ მარკის ავტომანქანები სახელმწიფო ნომრით: N--------, N-------, N--------, N-------, N------, N-------, N-------, N-------, „ფოლცვაგენ პასატის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით N------- და „მინი კუპერის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო N-------, დაზღვევის ვალდებულება იკისრა (ტომი I, ს.ფ. 13-24, მხარეთა ახსნა-განმარტება).
6. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული „შკოდა ოქტავიას“ მარკის 8 ავტომანქანა, სახელმწიფო #N------, სახელმწიფო #C------, სახელმწიფო #N------, სახელმწიფო #V------, სახელმწიფო #V------, სახელმწიფო #N------, სახელმწიფო #V------, სახელმწიფო #V------, სახელმწიფო #B------, „ფოლცვაგენ პასატის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით T------ და „მინი კუპერის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო #W------, დაზიანდა (ტომი II, ს.ფ. 64-81, ტომი I, ს.ფ. 134-135).
7. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომანქანები სახელმწიფო ნომრით NC------, N-------, V------, V------, N------, N-------, N------- და „პასატის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით N------- შეკეთებული იქნა, რითიც სს „ა----------------ას“ მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა (ტომი II, ს.ფ. 254-258).
8. 2017 წლის 10 აპრილის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ექვსი ერთეული ავტომობილი, ტექნიკური თვალსაზრისით დაკომპლექტებულია ქარხანა-დამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული დეტალებით, ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია და ვარგისია შემდგომი ექსპლუატაციისათვის. გამოსაკვლევად წარდგენილი იქნა შემდეგი ავტომობილები: SKODA OCTAVIA, სახ #N------, SKODA OCTAVIA, სახ #C------, VOLKSWAGEN PASSAT GLS, სახ #T------, SKODA OCTAVIA, სახ #V------, SKODA OCTAVIA, სახ #V------, SKODA OCTAVIA, სახ #V------ (ტომი II, ს.ფ. 254-258).
9. 2017 წლის 13 ივნისის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ოთხი ერთეული ავტომობილი სახ. #N------, V------, F------ და W------, ტექნიკური თვალსაზრისით დაკომპლექტებულია ქარხანა-დამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული დეტალებით, ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია და შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია (ტომი II, ს.ფ. 259-264).
10. შპს სადაზღვევო კომპანია „ა-------------მა“ სამართლებრივი ფორმა შეიცვალა და დღეის მდგომარეობით სს „ა----------------ას“ წარმოადგენს (ტომი I, ს.ფ. 147-148).
11. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით B------ და „მინი კუპერის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით W------, სრულად არ განადგურებულა, რაც სადაზღვევო კომპანიას დაზიანებული ავტომობილის ჩანაცვლების ვალდებულებას არ წარმოუშობდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება მოსთხოვოს. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს 2013 წლის 27 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება და დანართი N4-ით გათვალისწინებული სადაზღვევო პირობები წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების არსებითი პირობების სადავოდ არაა გამხდარი შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოდავე მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა სახეზეა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ძირითად კრიტერიუმს სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს, სადაზღვევო შემთხვევა შეიცავს თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ საგამონაკლისო პირობებს, რამდენადაც ამგვარი შემთხვევა გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.11 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების დაზიანების, სრული განადგურების, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის შემთხვევაში მზღვეველი იტოვებს უფლებას დამზღვევს გადასცეს ახალი (ქარხნული) სატრანსპორტო საშუალება დანართი N4-ით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების შესაბამისად, ხოლო დაზიანებულზე, განადგურებულსა ან გატაცებულზე მიიღოს საკუთარი უფლება. ამავე ხელშეკრულების 10.5 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სრულ განადგურებად ითვლება ზიანი, რომლის დროსაც აღდგენითი შეკეთების ღირებულება, მისი დაზღვევის მომენტისთვის სადაზღვევო თანხად განსაზღვრული ღირებულების 60% ან მეტ პროცენტს შეადგენს.
საქმის მასალებში „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით B------) დაზიანებების თაობაზე რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულება არსებობს, კერძოდ, 2013 წლის ოქტომბრის თვეში მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა შპს „ი-----------ისის“ ინვოისი სადაც მითითებული იყო, რომ დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებას 25 618 ლარი ესაჭიროებოდა. ამ აქტის საფუძველზე სადაზღვევო კომპანიამ მიიჩნია, რომ ა/მანქანის აღდგენა შეუძლებელი იყო. თუმცა, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს შემდგომში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, ხსენებულ სადაზღვევო შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირად რ--------- მ----–-ილი იქნა მიჩნეული (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე), რომელიც შპს „ი-----------ისის“ ინვოისში მითითებულ ზიანის ოდენობას არ დაეთანხმა და სადაზღვევო კომპანიას გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება წარუდგინა, სადაც არაორაზროვნადაა მითითებული, რომ დაზღვეულ ავტომანქანაზე ჩატარებული ექსპერტიზით ზიანის ოდენობა არა 25 618 ლარს, არამედ 6 930 ლარს შეადგენდა. მას შემდეგ რაც ზიანის მოცულობებს შორის აშკარა შეუსაბამობა გამოიკვეთა, სადაზღვევო კომპანიამ პროვაიდერ ორგანიზაციას დაზიანებული მანქანის შესაკეთებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მიმართა. K---------ის მიერ შედგენილი დეფექტური აქტით დადგინდა, რომ ავტომანქანაზე არსებული დაზიანების გამოსასწორებლად 6 617 ლარის სამუშაოების ჩატარება იყო საჭირო (ტომი I, ს.ფ. 91-135). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ სადავო ავტომანქანა პროვაიდერ სახელოსნოში სრულად შეკეთდა. შეკეთების ღირებულება ავარიაზე პასუხისმგებელი პირის რ--------- მ----–-ილის მიერ სრულად იქნა გადახდილი, მოსარჩელეს შეკეთებული ავტომობილის მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს (ტომი I, ს.ფ. 112-113, 133).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლო, პირველ რიგში, განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. შესაპირისპირებელი მტკიცებულებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-139-ე მუხლების კონტექსტში მოწოდებულ ინფორმაციას წარმოადენს, რომელიც სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ მტკიცებულების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული სასამართლოს როლს მტკიცებულებების დასაშვებად ცნობასა და მათი შეფასების ნაწილში ასევე ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალიც, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი მხოლოდ პროცესუალურ დონეზე მტკიცებულების ადმინისტრირებას მოიცავს. მტკიცებულების დასაშვებობა ან ის თუ, როგორ უნდა შეფასდეს იგი, პირველ ყოვლისა, ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაა, ეროვნული სასამართლოების ამოცანაა შეაფასონ მათ წინაშე არსებული მტკიცებულებები, ამრიგად, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ევროსასამართლოს შესაძლებლობას არ აძლევს მხოლოდ მტკიცებულებათა შეფასების მხრივ ეჭვქვეშ დააყენოს სამოქალაქო დავის შედეგის სამართლიანობა. თუმცა, სტრასბურგის სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების კონტექსტში მუდმივად აღნიშნავს, რომ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოები ვალდებულნი არიან პროცესის სამართლიანობა უზრუნველყონ, რომელიც, ასევე, მოიცავს მტკიცებულებათა მოპოვების პროცესის სამართლიანობის შემოწმებას. სხვა მხრივ, მხოლოდ ეროვნული სასამართლოს პრეროგატივაა შეაფასოს მხარეთა არგუმენტები, მტკიცებულებები და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დისპოზიციურობისა და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრული რეალიზაციის პირობებში, საქმის უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომანქანისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით გაზიარებული არ უნდა იქნეს 2013 წლის ოქტომბრის თვეში მოსარჩელის მიერ წარდგენილი შპს „ი-----------ისის“ ინვოისი, სადაც ავტომობილის დაზიანების ოდენობად 25 618 ლარი იქნა მითითებული, ვინაიდან მისი მტკიცებულებითი ძალა გაქარწყლებულია საქმის მასალებში არსებული ორი მტკიცებულებით, რომელთაგან ერთი - სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაა, რომელშიც მითითებულია, რომ საქმეზე ჩატარებული საქონელთმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანა „შკოდა აქტივიასთვის“ მიყენებული ზიანის ოდენობა 6 930 ლარს შეადგენს, ხოლო, მეორე - სადაზღვევო კომპანიის ინიციატივით, მის პროვაიდერ ორგანიზაცია შპს „K---------ში“ ჩატარებული კვლევაა, რომლითაც სადავო ავტომობილის აღდგენის ღირებულება 6 717 ლარით განისაზღვრა და სწორედ ამ ფასად შეკეთდა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ სადაზღვევო კომპანიამ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება 25 618 ლარის ფარგლებში ივალდებულა, შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ფასი აღემატებოდა ავტომობილის სადაზღვევო თანხის 60%-ს, ამიტომ მისი ახალი ავტომობილით ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო. სამოქალაქო კოდექსის 830-ე მუხლის თანახმად, დამზღვევი მოვალეა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ან შეამციროს ზიანი და ამასთან დაკავშირებით შეასრულოს მზღვევლის მითითებები. მართალია, სადაზღვევო კომპანიამ შპს „ი-----------ისის“ მიერ წარდგენილი ინვოისის საფუძველზე სწორედ 25 618 ლარის ანაზღაურება ივალდებულა და რ--------- მ----–-ილს აღნიშნული თანხის რეგრესის წესით ანაზღაურების თაობაზე მიმართა კიდეც, თუმცა ამ დროისთვის დამთავრებული არ იყო სისხლის სამართლის გამოძიება. 2013 წლის 10 დეკემბრის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში კი მიეთითა, რომ დაზიანებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ჩატარებული საქონელთმცოდნეობის ექსპერტიზის თანახმად მიყენებული ზიანის ოდენობა 6930 ლარს შეადგენდა. ზიანის გამოსასწორებლად აღნიშნულთან მიახლოებული თანხა დაასახელა სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერმა ორგანიზაციამაც. შესაბამისად, საქმის მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელეს არ დაუცვია სამოქალაქო კოდექსის 830-ე მუხლის პირობები, სადაზღვევო კომპანიისთვის კი ცნობილი არ იყო, რომ შპს „ი-----------ისის“ ინვოისში მითითებული ფასები არ შეესაბამებოდა ზიანის საბაზრო ოდენობას, რაც მას აძლევდა უფლებას არ დასთანხმებოდა ზიანის გადამეტებულ ანაზღაურების მოთხოვნას და იგი შემცირებული ოდენობით აენაზღაურებინა.
გარდა სამოქალაქო კოდექსის 830-ე დანაწესისა, სადაზღვევო ურთიერთობების სპეციფიურობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ამავე კოდექსის 832-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. ხსენებული ნორმის თანახმად, მოთხოვნა, რომელიც მოსარჩელეს ზიანის მიმყენებელ რ--------- მ----–-ილის მიმართ გააჩნდა სადაზღვევო ურთიერთობის დასრულების შემდეგ სადაზღვევო კომპანიაზე გადავიდოდა, რომელსაც ზიანის მიმყენებლისგან ზიანის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხის უკუმოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება სადაც ზიანის ოდენობა ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე ცალსახად განისაზღვრება, რა თქმა უნდა, სადაზღვევო კომპანიას ზიანის მიმყენებლისგან სწორედ ამ ოდენობის თანხაზე წარმოეშობოდა უკუმოთხოვნის უფლება, რაც ცალსახად დააზიანებდა მის ინტერესებს.
შუალედური დასკვნის სახით პალატა განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება „შკოდა ოქტავიას“ (სახელმწიფო ნომრით B------) მარკის ავტომანქანის ზიანის შეფასების მიზნებისთვის პალატა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებასა და შპს „K---------ში“ ჩატარებულ კვლევას უნდა დაეყრდნოს, რომლითაც სადავო ავტომობილის აღდგენის ღირებულება 6717 ლარით განისაზღვრა. ზიანის ოდენობასთან მიმართებით კი, ცალსახაა, რომ აღდგენის თანხა არ აღემატებოდა ავტომობილის სადაზღვევო თანხის 60%-ს რაც, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მისი განადგურებულად ცნობისთვის იყო საჭირო, ამიტომ სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა.
12. რაც შეეხება „მინი კუპერის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით W------) სრულად განადგურების ფაქტს, ამ მიმართებითაც სააპელაციო პალატა აპელანტის მსჯელობას ვერ გაიზიარებს. აპელანტის მთავარ არგუმენტს მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ახლით ჩანაცვლებაზე წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღდგენის ღირებულება ავტომობილის სადაზღვევო თანხის (საბალანსო ღირებულების) 60%-ს აღემატებოდა, რის დასტურადაც შპს „ო---------------ის“ ანგარიშ-ფაქტურაზე უთითებს.
მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N66-ის დანართი N4 ზარალის (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას განსახორციელებელი ქმედებების ინსტრუქციებსა და ზარალის ანაზღაურების სქემას განსაზღვრავს. მე-4 პუნქტის თანახმად, დეფექტურ აქტზე ხელი უნდა მოეწერა სერვის ცენტრის წარმომადგენელს, დამზღვევსა და კომპანიის (მზღვეველის) წარმომადგენელს. მე-5 პუნქტის თანახმად კი, კომპანიის მიერ ზარალის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ დამზღვევისთვის ინფორმაციის მიწოდების შემდგომ დამზღვევი უფლებამოსილია დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება კომპანიის წერილობით შეტყობინების საფუძველზე დამზღვევის მიერ შერჩეულ სერვის ცენტრში გადაიყვანოს, სადაც წინასწარ შეთანხმებულ დღეს, მზღვეველის წარმომადგენლის თანდასწრებით ხორციელდება ავტომანქანის ტექნიკური დათვალიერება და ხდება შესაბამისი დეფექტური აქტების შედგენა დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების ან მისი ნაწილების აღდგენისათვის ან შეცვლისათვის საჭირო თანხისა და ვადის მითითებით. აღნიშნული დეფექტური აქტების შედგენის შემდეგ მას ხელს აწერენ შესაბამისი სერვის-ცენტრების, დაზღვევისა და კომპანიის წარმომადგენლები. ამ აქტით ავტომანქანის შეფასების მოცულობა უნდა განსაზღვრულიყო. საქმის მასალებში სადავო ავტომობილის შეფასების დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის. ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის კი, მოსარჩელე შპს „ო---------------ის“ მიერ გაცემულ დოკუმენტს უთითებს (ტომი II, 105). უპირველესად პალატა მიუთითებს, რომ შპს „ო---------------ის“ მიერ შედგენილი ანგარიშ-ფაქტურა არ არის იმ ტიპის დოკუმენტი, რომლითაც მხარეებმა ხელშეკრულებით ზიანის ოდენობის განსაზღვრა შეათანხმეს. იგი ხელმოწერილი არ არის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამი პირის მიერ. ამასთან, მოპასუხე მხარე აცხადებდა და აპელანტმა ვერ გააქარწყლა მითითება მასზედ, რომ აღნიშნული დოკუმენტის შედგენა სადაზღვევო კომპანიისთვის უცნობი იყო და მათთვის მოსარჩელეს მინი კუპერის შეკეთების თაობაზე ანგარიშ-ფაქტურა არ წარუდგენია. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ყოველთვის ხელშეკრულების პირობების გამოკვლევის შედეგად ხდება, მით უფრო ისეთ შემთხვევებში როდესაც კონკრეტული ვალდებულების შესრულების წესი და ფორმა მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებითაა შეთანხმებული. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეს ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცედურები არ დაუცვია, შესაბამისად, მხოლოდ შპს „ო---------------ის“ ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენა სასამართლოსთვის სადაზღვევო კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას ან/და არაჯეროვან შესრულებას არ ადასტურებს.
მიუხედავად იმისა, დაიცვა თუ არა მოსარჩელემ ხელშეკრულებით შეთანხმებული ზიანის განსაზღვრის პროცედურები, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს, რომ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა იმდენად არასრული და ბუნდოვანია, რომ შეუძლებელია ამ დოკუმენტით ზიანის ოდენობის განსაზღვრა. მასში მითითებულია მხოლოდ ავტომობილის ა/მ სათ. ნაწილების ღირებულება - 32 238,40, სერვისის ღირებულება - 5020,16 და დღგ - 6706,54 ლარი. წარდგენილი მტკიცებულების ანალიზის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ ზიანის დადასტურების შემთხვევაშიც კი, გაურკვეველია საიდანაა გამოთვლილი ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული ოდენობა. გარდა ზემოაღნიშნულისა, უმნიშვნელოვანესია ხაზი გაესვას საქმის მასალებში არსებულ 2017 წლის 13 ივნისის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომლის თანახმად, „მინი კუპერის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით W-------, სს „ა----------------ას“ მხრიდან სრულად იქნა აღდგენილი და ვარგისია ექსპლუატაციისათვის. შესაბამისად, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი და სათანადო წესით შედგენილი არცერთი დოკუმენტით არ დგინდება, რომ ავტომობილის აღდგენის თანხა აღემატებოდა ავტომობილის სადაზღვევო თანხის 60%-ს რაც, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მისი განადგურებულად ცნობისთვის იყო საჭირო, სააპელაციო პალატა ადგენს, რომ სადაზღვევო კომპანიას ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები არ დაურღვევია. ამიტომ პალატა ადგენს, რომ ამ ნაწილშიც მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
13. პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სადაზღვევო კომპანიისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
წინამდებარე განჩინების მე-11 და მე-12 პუნქტებში განვითარებული მსჯელობიდან დადგინდა, რომ სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. სადავო ავტომობილების შეკეთება სადაზღვევო კომპანიის მხრიდან განხორციელდა, იგი მოსარჩელეს გადაეცა და საქმის მასალებში შესრულების ნაკლზე მითითება არ იკვეთება, შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ როდესაც ძირითადი ვალდებულების დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები გამოირიცხება, არ არსებობს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალების, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობებიც. ასევე, დადგინდა, რომ საქმეზე წარმოდგენილი დეფექტური აქტები მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული არ არის, შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელშეკრულების დარღვევა დადგინდებოდა, პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი აშკარად არ შეესაბამება მხარეთა შორის მიღწეულ შეთანხმებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკისრებაც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამართლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხის მიმართ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებას მოითხოვს, შესაბამისად, მას ვალდებულების დარღვევის მტკიცების ვალდებულება გააჩნდა. სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ სადავო ავტომობილების აღდგენა შეუძლებელი იყო ან/და მათი აღდგენის ღირებულება მანქანის საბალანსო ღირებულების 60%-ს აღემატებოდა, რაც ხელშეკრულების თანახმად, მის განადგურებულად დაკვალიფიცირებას გამოიწვევდა. ამგვარი გარემოების დადასტურება მოსარჩელემ ვერ შეძლო, ვინაიდან შკოდა აქტივიას მარკის ავტომანქანასთან მიმართებით მოპასუხემ წარმოადგინა ორი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ გამოთვლილ ზიანის ოდენობას აბათილებდა, ხოლო მინიკუპერის მარკის ავტომობილთან მიმართებით მოსარჩელემ წარადგინა იმგვარი დოკუმენტი, რომელიც ხელშეკრულებით ზიანის ოდენობის გამოთვლისთვის საკმარისი არ იყო, ასევე მოსარჩელის მიერ წარდგენილ ანგარიშ - ფაქტურაში არ იყო მითითებული შესაცვლელი ნაწილები მათი შესაბამისი ფასებით, რასაც სასამართლო ზიანის დაკისრებისთვის განკუთვნად მტკიცებულებად ვერ მიიჩნევდა. გარდა ამისა, მოსარჩელემ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლად მიუთითა დეფექტური აქტები, რომელთა მიმართებით საქმის განხილვის ეტაპზე დადგინდა, რომ ისინი ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით არ იყო შედგენილი, შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ვალდებულების დარღვევის ფაქტობრივი საფუძვლები არ იკვეთებოდა ასევე, პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპიც მხარეთა შორის არსებული ვალდებულებიდან არ გამომდინარეობდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;
4. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სს „ა----------------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები თამარ ალანია
თამარ ზამბახიძე