განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210118002681246
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წ. ქ.თბილისი
საქმე №2ბ/865-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
აპელანტი - გ------- თ----ე, ტ------–ი დ-------–---–ი, ილია ჯ-------–---–ი,გ------- მ----–---–ი, მ----- თ----ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ლ-------------ი”
დავის საგანი – დავალიანების გადახდის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
აღწერილობითი ნაწილი
1. 2016 წლის 25 თებერვალს, სს ლ-------------სა’’ და გ------- თ----ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N4------------------, რომლის თანახმადაც მოპასუხეზე გაიცა სამომხმარებლო, საბანკო კრედიტი 15000 ლარის ოდენობით. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 28 %. ვადად განისაზღვრა 36 თვე. ყოველთვიური შესატანის ოდენობა 620,45 ლარი. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 1 %- ის ოდენობით.
2. 2016 წლის 25 თებერვალს, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0----------------, სს ,, ლ-------------სა’’ და ილია ჯ-------–---–ს შორის, რომლის საფუძველზეც, მან იკისრა სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა, მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თითოეული თავდების მიმართ, თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 15450 ლარი.
3. 2016 წლის 25 თებერვალს, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0----------------, სს ,, ლ-------------სა’’ და გ------- მ----–---–ს შორის, რომლის საფუძველზეც, მან იკისრა სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა ,მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თითოეული თავდების მიმართ, თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 15450 ლარი.
4. 2016 წლის 25 თებერვალს, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0----------------, სს ,, ლ-------------სა’’ და ტ------–ი დ-------–---–ს შორის, რომლის საფუძველზეც, მან იკისრა სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა, მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თითოეული თავდების მიმართ, თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 15450 ლარი.
5. 2016 წლის 25 თებერვალს, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0----------------, სს ,, ლ-------------სა’’ და მ----- თ----ეს შორის, რომლის საფუძველზეც, მან იკისრა სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა, მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თითოეული თავდების მიმართ, თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 15450 ლარი.
6. სს ,,ლ-------------მა’’ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გასცა საბანკო კრედიტი, რის შემდეგაც წარმოეშვა აღნიშნული თანხის შეთანხმებული პირობებით მოთხოვნის უფლება. მოპასუხეებმა კი დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 06 ნოემბერს და დღემდე არ ასრულებს მას.
7. მოპასუხეს, 2018 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით სს ,,ლ-------------ის’’ მიმართ, სესხზე N4------------------ ერიცხება დავალიანება 19448,77 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა-8774,3 ლარი, პროცენტი - 2241,48 ლარი , ჯარიმა - 8432,99 ლარი) ოდენობით, თუმცა სს ,,ლ-------------ი’’ თანახმაა ამ ეტაპზე დარიცხული ჯარიმის შეღავათის ხარჯზე მოვალეს მოსთხოვოს შემცირებული დავალიანების გადახდა 13915,78 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა- 8774,3 ლარი, პროცენტი- 2241,48 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 2900ლარი) ოდენობით.
8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს „ლ-------------მა“ და მოითხოვა მოპასუხეებს გ------- თ----ეს, ილია ჯ-------–---–ს, გ------- მ----–---–ს, ტ------–ი დ-------–---–ს და მ----- თ----ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,ლ-------------ის’’ მიმართ შემცირებული დავალიანების 13915,78 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა 8774,3 ლარი, პროცენტი - 2241,48 ლარი და შემცირებული ჯარიმა 2900 ლარი) გადახდა. თავდებების - ილია ჯ-------–---–ის, გ------- მ----–---–ის, ტ------–ი დარუბაშვილის და მ----- თ----ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს 15450 ლარით. გ------- თ----ეს სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს N11647862 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 300 ლარის (აღნიშნული მოთხოვნა დარჩა განუხილველი). მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის - 426,47 ლარის და უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟების 50-50 ლარის სრულად გადახდა.
9. სარჩელის საფუძვლები:
9.1. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 25 თებერვალს, სს ლ-------------სა’’ და გ------- თ----ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N4------------------, რომლის თანახმადაც მოპასუხეზე გაიცა სამომხმარებლო, საბანკო კრედიტი 15000 ლარის ოდენობით. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 28 %. ვადად განისაზღვრა 36 თვე. ყოველთვიური შესატანის ოდენობა 620,45 ლარი. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 1 %- ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 25 თებერვალს, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0----------------, სს ,, ლ-------------სა’’ და ილია ჯ-------–---–ს შორის, ასევე თავდებობის ხელშეკრულება N0---------------- სს ,,ლ-------------სა’’ და გ------- მ----–---–ს შორის, ასევე თავდებობის ხელშეკრულება N0---------------- სს ,,ლ-------------სა’’ და ტ------–ი დ-------–---–ს შორის, ასევე თავდებობის ხელშეკრულება N0---------------- სს ,,ლ-------------სა’’ და მ----- თ----ეს შორის, რომლის საფუძველზეც, მათ იკისრეს სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა, მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თითოეული თავდების მიმართ, თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 15450 ლარი. სს ,,ლ-------------მა’’ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გასცა საბანკო კრედიტი, რის შემდეგაც წარმოეშვა აღნიშნული თანხის შეთანხმებული პირობებით მოთხოვნის უფლება. მოპასუხეებმა კი დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 06 ნოემბერს და დღემდე არ ასრულებს მას. აქედან გამომდინარე 2018 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით სს ,,ლ-------------ის’’ მიმართ, სესხზე N4------------------ ერიცხება დავალიანება 19448,77 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა-8774,3 ლარი, პროცენტი - 2241,48 ლარი , ჯარიმა - 8432,99 ლარი) ოდენობით, თუმცა სს ,,ლ-------------ი’’ თანახმაა ამ ეტაპზე დარიცხული ჯარიმის შეღავათის ხარჯზე მოვალეს მოსთხოვოს შემცირებული დავალიანების გადახდა 13915,78 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა- 8774,3 ლარი, პროცენტი- 2241,48 ლარი, შემცირებული ჯრიმა - 2900ლარი) ოდენობით.
10. მოპასუხის შესაგებელი:
10.1. მოპასუხეებმა გ------- თ----ემ, ტ------– დ-------–---–მა,ილია ჯ-------–---–მა, გ------- მ----–---–მა და მ----- თ----ემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნეს სარჩელი სრულად.
11. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეებს გ------- თ----ეს, ტ------–ი დ-------–---–ს, ილია ჯ-------–---–ს, გ------- მ----–---–სა და მ----- თ----ეს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის” სასარგებლოდ - 13 915,78 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენს - 8774,3 ლარს, პროცენტი - 2241,48 ლარს და შემცირებული ჯარიმა - 2900 ლარს. თავდებების - ილია ჯ-------–---–ის, გ------- მ----–---–ის, ტ------–ი დ-------–---–ის და მ----- თ----ის, თითოეულის პასუხისმგებლობა შემოიფარგლა 15450 ლარით. მოსარჩელე სს ,,ლ-------------ს" დაუბრუნდა მის მიერ 2016 წლის 16 ოქტომბერს (საგადახდო დავალება #5---------) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 426.47 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა 16.10.2018 წ. სახელმწიფო ხაზინის შემდეგ ანგარიშზე: სახაზინო კოდი - 3--------. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 16 ოქტომბერს სარჩელის უზრუნველოყოფის ღონისძიებისთვის (საგადახდო დავალება #5---------) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი და ასევე 16.11.2018წ. საგადახდო დავალება # 1 გადახდილი ბაჟი 50 ლარის ოდენობით ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის’’ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა მოპასუხეების ტ------–ი დ-------–---–ისა და მ----- თ----ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ტ------– დ-------–---–ს (პ/ნ 3----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილის მდებარე ქ. რუსთავი, მ-----------------------, ს/კ 0------------------ გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; ასევე მოპასუხე მ----- თ----ეს (პ/ნ 3----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. რუსთავი, მ----–---–-------------, ს/კ 0------------------ გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. (იხ. გადაწყვეტილება)
12. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს გ------- თ----ემ, ტ------– დ-------–---–მა, ილია ჯ-------–---–მა, გ------- მ----–---–მა და მ----- თ----ემ. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
12.1. აპელანტების განმარტებით, დაკისრებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, რადგან ძირ თანხასთან ერთად დაეკისრათ ჯარიმის გადახდა 2900 ლარის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი
13. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
14. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტი) და სასამართლოს დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და დამატებით განმარტავს შემდეგს:
15. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დაკისრება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი /საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით/, 873-ე მუხლი /კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა./ 417-ე მუხლი /პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის/ 895-ე მუხლი /თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა/.
16. პალატა უპირველესად განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებელით მოპასუხეები/აპელანტები არ დაეთანხმნენ ჯარიმას და პროცენტის ოდენობას და მიიჩნიეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, თუმცა 2018 წლის 28 დეკემბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სცნეს სარჩელი. აღნიშნულზე მითითებულია სასამართლო გადაწყვეტილებაშიც, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს აპელაციას მის გაქარწყლებაზე.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა პალატა განმარტავს შემდეგს:
17. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების პრეტენზიას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობასთან დაკავშირებით და განმარტავს შემდეგს:
კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ამასთან პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობის პერიოდი არის ხანგრძლივი, სესხის მოვალეს უნდა დაებრუნებია 2019 წლის 5 მარტს, თუმცა 2017 წლის 6 ნოემბრიდან ვალდებულება დღემდე შესრულებული არ არის. აქედან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო სესხის ძირ თანხაზე 8774.3 ლარზე ჯარიმა - 2900 ლარი, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო საგრძნობლად მაღალია. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში, ის დაკარგავს თავის ძირითად პრევენციულ და ზიანის მაკომპენსიერებლ ფუნქციას. აქედან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების მოთხოვნა დაუსაბუთებელია და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
18. საპროცესო ხარჯები
აპელანტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ------- თ----ის, ტ------–ი დ-------–---–ის, ილია ჯ-------–---–ის, გ------- მ----–---–ის და მ----- თ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი