განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 8201001190028784443
საქმე №1/ბ-308-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ი----ი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მაკა გორგოძე
მოსამართლეები: თეიმურაზ სვანიძე
ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის _ რ----- ბ---–----ის,მსჯავრდებულის - გ------ ნ-----ის,ადვოკატის - გ---- შ-----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ ა-–---–ას ძე ნ-----ის მიმართ, დაბადებული 197- წლის 0- ი----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, მცხოვრები: ხულოს, რაიონი სოფელი წ---–---.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------ ნ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ჩადენილი არაერთგზის, რამაც გამოიწვია ტანჯვა. რაც გამოიხატა შემდეგში:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენით, ოჯახური ძალადობისათვის (საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით) ნასამართლევი გ------ ნ-----ე, 2018 წლის სექტემბრის თვიდან 2018 წლის 01 ნოემბრამდე ჩათვლით პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ---–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტისას, სისტემატურად შეურაცხყოფდა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა, აშანტაჟებდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს რძალს მელანო ნ-----ეს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განაჩენით გ------ ნ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით (ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენით) დანიშნული სასჯელის საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის 250 საათის მოუხდელი ნაწილი 54 საათი და საბოლოოდ გ------ ნ-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 54 საათის ვადით.
გ------ ნ-----ეს მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავების და პატიმრობის დრო 2019 წლის 07 თებერვლიდან - 2019 წლის 29 მარტის ჩათვლით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განაჩენში და გ------ ნ-----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას მაქსიმალური ვადით. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი, სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ, ის გარემოება, რომ გ------ ნ-----ე არ არის კანონმორჩილი და მისი მხრიდან არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, რასაც ცხადყოფს მისი წარსული, კერძოდ, ის რომ ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის და მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ ანალოგიური დანაშაულისათვის. იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და სასჯელის გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული. ამდენად, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი და ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორს რ----- ბ---–----ეს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ გ------ ნ-----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გ---- შ-----ეს, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------ ნ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დაადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით, მოწმეების - მ--–---------------------------------------–-----------------------------------------------------–---------------------------------------------- გამოკითხვის ოქმებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით, დაკავების ოქმით, დაზარალებულის წერილობითი თანხმობით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ გ------ ნ-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
საპელაციო პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეჯამებისას თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს შეესაბამება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი. ამდენად, ორი სასჯელის თავისუფლების აღკვეთისა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ერთად გამოყენება დაუშვებელია, უნდა მოხდეს მათი შთანთქმა ან შეჯამება, ხოლო შეჯამებისას ორი სახის სასჯელიდან უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი სახის სასჯელი.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის მიერ ორი ძირითადი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ერთად დანიშვნა ეწინააღმდეგება სსკ-ის 61-ე მუხლის მოთხოვნას, რის გამოც უკანონოა. (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის №1/ბ-45-19წ განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №111-19 განჩინება).
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განაჩენში მსჯავრდებულ გ------ ნ-----ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელში უნდა შევიდეს ცვლილება და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 54 საათის ვადით, საქართველოს სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით შეიცვალოს თავისუფლების აღვეთის 10 დღის ვადით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გ------ ნ-----ეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 54 საათი, სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის - შესაბამისი თავისუფლების აღვეთა 10 დღის ვადით და საბოლოოდ გ------ ნ-----ეს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 10(ათი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ------ ნ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოუხდელი ნაწილი 54 საათის, სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის ,, გ“ ქვეპუნქტის შესაბამისი თავისუფლების აღკვეთა 10 დღის ვადით და საბოლოოდ გ------ ნ-----ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 10 (ათი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გ------ ნ-----ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავების და პატიმრობის დრო 2019 წლის 07 თებერვლიდან 2019 წლის 29 მარტის ჩათვლით და დაუყოვნებლივ განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გ------ ნ-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მაკა გორგოძე
მოსამართლეები თეიმურაზ სვანიძე
ლერი თედორაძე