განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100119003004077
საქმე № 1 ბ/1164-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ივლისი, 2019 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა
ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის პროკურორის ი----------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
რ---–------------------- მიმართ, დაბადებული 1----–-–---------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------–---–---------------------- დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განაჩენით რ---–------------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
რ---–------------------ სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 8 აპრილიდან 2019 წლის 12 აპრილის ჩათვლით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ---–------------------- ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
2019 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, კუთვნილი ,,ოპელის’’ მარკის ავტომობილით მყოფი რ---–------------------, სექსუალური ურთიერთობის დასამყარებლად ნებაყოფლობით შეუთანხმდა ტრანსგენდერ ქალს - ნ-----–----------–---–-, ჩაისვა მანქანაში, ნაცვლად შეთანხმებული ცირკის ასახვევის ზემოთ მიმდებარე ტერიტორიისა, წაიყვანა თბილისში, თ-----–--- სამინისტროს მიმდებარედ, გ-------–------------ ქუჩაზე და გენდერული იდენტობის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სახრახნისის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. ნ-----–----------–---–- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მან მოახერხა მანქანიდან გადმოსვლა და საფეხმავლო ასასვლელით დაბრუნდა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავის მეგობარ ტრანსგენდერ ქალებთან, ი-------------------------–-------------------. რ---–------------------ ჯერ ფეხით, შემდეგ კი თავისი ავტომანქანით გამოეკიდა მას, ამჯერად სამივე ტრანსგენდერ ქალს აგინა უშვერი სიტყვებით, სახრახნისით ხელში გადმოვიდა ავტომანქანიდან და იმავე მოტივით, მოკვლის მუქარით გაემართა მათკენ. ტრანსგენდერმა ქალებმა, გაუჩნდათ რა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, გაქცევით უშველეს თავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი----------- და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ სასჯელის სახედ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადად, მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული ვადის დადგენა. საჩივრის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით რ---–------------------- მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნების განხორციელებას, როგორიც არის სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ დანაშაულებრივი ქმედების მიზეზი და მოტივი გენდერული იდენტობით გამოწვეული შეუწყნარებლობაა, რაც თავის თავში მეტ საზოგადოებრივ საფრთხეს მოიცავს. სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებით თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. რ---–-------------------თვის შეფარდებული მსუბუქი სასჯელი ვერ გახდება შემაკავებელი იმისთვის, რომ მან მომავალშიც არ ჩაიდინოს დანაშაული. პროკურორმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა ასევე ევროპის მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაზე, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ, რომლის თანახმადაც ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები საუკუნეების განმავლობაში იყვნენ და დღესაც არიან ჰომოფობიის, ტრანსფობიის და სხავდასხვა სახის შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი და რომ აღნიშნული ჯგუფების მიერ ადამიანის უფლებით საგებლობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ქმედებებია საჭირო და სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მათი უფლებები.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად, რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მას შესაგებელი საერთოდ არ აქვს წარმოდგენილი. საქმის არსებითი განხილვისას მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ გახადეს და არ გამოკვლეულა. ამ გარემოებების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის პროკურორის ი----------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ---–------------------- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.
ამდენად მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში თავის დამნაშავედ ცნობის, ასევე საქმეზე შეკრებილი უდავო უმტკიცებულებების, კერძოდ დაზარალებულების: ნ-----–-- მ------–---–--------------------------–--------------------–-------------------------------------- ექსპერიმენტის ოქმების, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის, რ---–------------------- ავტომანქანის დათვალიერების ოქმის, ამოღებული საგნის - სახრახნისი და კვლების, პირის ამოცნობის ოქმების და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ---–------------------- ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმების თაობაზე, მას პალატა არ ეთანხმება შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულის მიერ დანაშაული ჩადენილია გენდერული იდენტობის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მის მიმართ დანიშნულია მსუბუქი სასჯელი, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად მითითებულია დანაშაულის ჩადენა გენდერული იდენტობის, შეუწყნარებლობის მოტივით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, სანქციის სახით ითვალისწინებს არაერთ ალტერნატივას, მათ შორის: ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა მათგან ყველაზე მძიმე სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში დანიშნულია ამ მუხლით გათვალისწინებული საჯელის მაქსიმალური ზომა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად სააპელაციო პალატას მსჯავრდებულისთვის სასაჯელის დამძიმების სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია.
ამავდროულად სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. მოცემულ შემთხვევაში რ---–------------------ თავს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და უდავოდ გახადა მტკიცებულებები, ამასთან არ არის ნასამართლევი. შესაბამისად სახეზეა სასჯელის პირობით ჩათვლის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის აღიარება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა. როგორც წესი, აღიარებით დანაშაულის ჩამდენი პირი ადასტურებს, რომ ის აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი, საზოგადებისათვის ზიანის მომტანი ქმედების უარყოფით ხასიათს და ცდილობს მისი შედეგების თავიდან აცილებას. ამავდროულად, დანაშაულის აღიარება ხელს უწყობს სრულყოფილ, ობიექტურ სამართალწარმოებას და სახელმწიფო რესურსის დაზოგვას. შესაბამისად ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და მათ შორის სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას.
კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულის პიროვნება, არა მხოლოდ ფორმალურად აკმაყოფილებს საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, არამედ იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ მის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში. საქმე ისაა, რომ რ---–------------------ აღკვეთის ღონისძიებად შერჩეული ჰქონდა გირაო და მის პირობებს იცავდა განუხრელად. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ არა თუ ამ პირობების დარღვევის შესახებ რაიმე მტკიცებულებაა წარმოდგენილი, არამედ ამაზე სიტყიერი აპელირებაც კი არ ყოფილა. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა არსებობს არაერთი შემამსუბუქებელი გარემოება, კერძოდ: რ---–------------------ თავს დამნაშავედ ცნობს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ ხდის მტკიცებულებებს და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულებას. ამ ფონზე ვარაუდი იმისა, რომ სასჯელის მიზნები პირობითი მსჯავრის შედეგადაც იქნება მიღწეული სავსებით გონივრულია.
სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნებისათვის მსჯავრდებულის მიერ სასჯელის რეალურად მოხდა წარმოადგენს არა თვითმიზანს, არამედ მხოლოდ კერძო და ზოგადი პრევენციის უზრუნველყოფის საშუალებას. მით უმეტეს ეს ეხება სასჯელის ისეთ სახეს, როგორიცაა პატიმრობა. ამ კონტექსტში პალატის მხედველობის გარეშე ვერ დარჩება ის გარემოება, რომ: ერთის მხრივ, დანიშნულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი, მეორეს მხრივ კი, არსებობს დანიშული სასჯელის პირობითად ჩათვლის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ამ მოცემულობის ფონზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და სამართლიანია. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დასტურდება, რომ რ---–------------------ გაცნობიერებული აქვს არა მხოლოდ ჩადენილი ქმედების ხასიათი, არამედ გამოსაცდელი ვადის პირობების დარღვევის კანონით განსაზღვრული შედეგები, მათ შორის დანიშნული საპატიმრო სასჯელის რეალურად მოხდის გარდუვალობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ რ---–------------------ განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი რ---–------------------- მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის პროკურორის ი----------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი რ---–------------------- მიმართ დარჩეს უცვლელი.
რ---–------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
რ---–------------------ სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 8 აპრილიდან 2019 წლის 12 აპრილის ჩათვლით.
მსჯავრდებულ რ---–------------------- ყოფაქცევაზე კონტროლი, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულ რ---–------------------ დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განჩინება ყადაღის დადების თაობაზე გაუქმებულია და რ---–------------------- მიმართ შეფარდებული - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას რ-------------------- (პირადი №------------ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თ---–-----------------------–---–------------------------ (ფართი 33.00 კვ.მ) საკადასტრო კოდი №------------------------
ნივთმტკიცება:
ნ--------–---–-- ტანსაცმელი, რ--------------- ავტომანქანა და მისი გასაღები, საფულე და პირადობის მოწმობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს;
სახრახნისი, მიკრონაწილაკები, ანაწმენდები და სისხლის ნიმუშები საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი