განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001994028
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №3ბ/543-18 17 აპრილი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები - მარიამ ცისკაძე
გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი : სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;
წარმომადგენლები: თ---------------–--ე, ხ-----------–--------–ი;
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,პ-------ი“;
წარმომადგენლები: თ------ შ-------ე, ლ--–--–---–-----ი;
თავდაპირველი მოპასუხე - ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ მუდმივმოქმედი სატენდერო კომისია;
წარმომადგენელი: მ----------------–---ი;
მესამე პირი: შპს ,,B--------------”;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელენტის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 მაისის N- სხდომის ოქმი შენობის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე NAT 1--------); ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება შპს ,,პ-------ის“ მიერ წარდგენილ DIS1---------92 საჩივართან დაკავშირებით;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადდა ქ. თბილისის 2017-2018 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ქ. თბილისში, ხ----–--------------------აში საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისათვის ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე NAT 1--------).
სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2. პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პრეტენდენტს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა აეტვირთა ,,ინფორმაცია ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის“ შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გადამხდელის ელექტრონული გვერდის საშუალებით მომზადებული ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი, რომელიც აღებული უნდა იყოს ტენდერში ,,წინადადების მიღება დაწყებულია“ ეტაპის დაწყების შემდგომ“.
ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო და სატენდერო დოკუმენტაცია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთა შპს ,,პ-------იმ“.
ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ მუდმივმოქმედმა სატენდერო კომისიამ 2017 წლის 02 მაისის სხდომაზე (ოქმი N4) განიხილა პრეტენდენტის - შპს ,,პ-------ის“ სატენდერო წინადადება და მიიჩნია, რომ იგი საჭიროებდა დაზუსტებას, კერძოდ წარსადგენი იყო ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის მიხედვით კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა ხარჯთაღრიცხვა N-/2-საქვაბის მოწყობილობა - მე-2 პუნქტის (ბუნებრივ გაზზე მომუშავე წყალგამთბობი ქვაბი მართვის პანელით და სრული ავტომატიკით, გაზის ორსაფეხურიანი სანათურით Q=70 კვტ (უცხოური წარმოების)) ,,სხვა მანქანა“ არ არის განფასებული.
კომისიამ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N- ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის მე-12 მუხლის მე-6, მე-8 და მე-10 (ა) ქუნქტების შესაბამისად, შპს ,,პ-------ის“ შეტყობინების სისტემაში განთავსების დღიდან განუსაზღვრა 3 (სამი) სამუშაო დღე დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარსადგენად, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა ოქმში ასახული მოთხოვნები. ამავე გადაწყვეტილებით პრეტენდენტს განემარტა, რომ განსაზღვრული ვადის განმავლობაში საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობა გამოიწვევდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ამავე წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
შპს ,,პ-------ის“, ზემოაღნიშნული ოქმით გათვალისწინებული დავალება ეცნობა 02.05.2015წ. N----- შეტყობინებით ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ მუდმივმოქმედ სატენდერო კომისიამ 2017 წლის 10 მაისის სხდომაზე (ოქმი N-) განიხილა შპს ,,პ-------ის“ მიერ წარდგენილი დაზუსტებული სატენდერო წინადადება. კომისიამ მიიჩნია, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დაზუსტებული სატენდერო წინადადება შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
კომისიამ, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის შპს ,,პ-------ის“ სატენდერო წინადადება გამოავლინა გამარჯვებულად; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N- ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,პ-------ის“ განუსაზღვრა სისტემაში განთავსების დღიდან 3 (სამი) სამუშაო დღე სატენდერო განცხადების 5.1.2. პუნქტის შესაბამისად, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარსადგენად; ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,პ-------ის“ განემარტა, რომ განსაზღვრული ვადის განმავლობაში საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობა გამოიწვევდა დისკვალიფიკაციას ამავე წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე; შესყიდვების სისტემაში შენობის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონულ ტენდერს NAT 1-------- მიენიჭა სტატუსი ,,გამარჯვებული გამოვლენილია“. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის 2017 წლის 10 მაისის N----- შეტყობინებით, შპს ,,პ-------ის“ ეცნობა ზემოაღნიშნული ოქმით გათვალისწინებული დავალება.
ზემოაღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, შპს ,,პ-------ის“ მიერ წარდგენილი იქნა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირთა რეესტრიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 მაისის ცნობა. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირთა რეესტრიდან დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 დეკემბრის N-------- შეტყობინების საფუძველზე, შპს ,,პ-------ის“ მთელ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა (1-----------, 16.12.2015წ.).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტის (01.01.2017წ. -დან 12.05.2015წ. - მდე) მიხედვით, დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული შეადგენს 294679.75 ლარს.
შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 მაისის ცნობის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, 11.05.2017წ. მდგომარეობით ერიცხება სალდირებული ზედმეტობა 121962.33 ლარი. დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული შეადგენს 294679.75 ლარს. ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ საგადასახადო დავალება არ არის აღიარებული თუ გადასახადის/გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა არ არის გასული.
ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ მუდმივმოქმედ სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 მაისის საოქმო გადაწყვეტილებით (ოქმი N-) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N- ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,პ-------ი“ დისკვალიფიცირებული იქნა ელექტრონული ტენდერიდან (აუქციონის გარეშე NAT 1--------). კომიასიამ განმარტა, რომ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები არ შეესაბამება სატენდერო განცხადებით და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს - სატენდერო განცხადების 5.1.2. პუნქტი.
შპს ,,პ-------იმ“ საჩივრით მიმართა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 მაისის N- სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. საჩივრის ავტორი არ ეთანხმება დისკვალიფიკაციის საფუძველს და განმარტა, რომ წარდგენილი დოკუმენტები ცალსახად ადასტურებდა დამატებით დარიცხული თანხების არაღიარებას, აღნიშნულ ცნობაში ასევე მითითებულია, რომ არაღიარება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ აქტი გასაჩივრებულია და გასაჩივრების ვადა არ არის გასული.
სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,პ-------ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სატენდერო კომისიის საოქმო გადაწყვეტილება შპს ,,პ-------ის” დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში (აუქციონის გარეშე NAT 1--------) გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,B-------------”, რომელთანაც 2017 წლის 28 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N0-------.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში (აუქციონის გარეშე NAT 1--------) შპს ,,პ-------მა“ გადაიხადა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული საგარანტიო თანხა - 28 740 ლარის ოდენობით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 მაისი N- საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,პ-------ის“ დისკვალიფიკაციის თაობაზე და სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება შპს ,,პ-------ის“ მიერ წარდგენილ DIS1---------92 საჩივართან დაკავშირებით, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მეორე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ)სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. მითითებული მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი არის შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამშენებლო სამუშაო.
ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.
სასამართლომ ასევე მოიხმო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“. აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წესის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი. მე-3 პუნქტის თანახმად კი, წესის მოქმედება ვრცელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.
ამდენად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი წარმოადგენს სპეციალურ რეგულაციას გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის და შესაბამისად, მითითებულ სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების მიმართ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადდა ქ. თბილისის 2017-2018 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ქ. თბილისში, ხ----–--------------------აში საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისათვის ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე NAT 1--------). სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2. პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პრეტენდენტს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა აეტვირთა ,,ინფორმაცია ბიუჟეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გადამხდელის ელექტრონული გვერდის საშუალებით მომზადებული ბიუჟეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი, რომელიც აღებული უნდა იყოს ტენდერში ,,წინადადების მიღება დაწყებულია“ ეტაპის დაწყების შემდგომ“.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია.
სასამართლომ მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლზე, რომელიც არეგულირებს დისკვალიფიკაციის განხორციელების წესსა და პირობებს. ხსენებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი, განსაზღვრავს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის კონკრეტულ შემთხვევებს, კერძოდ, მითითებული პუნქტის ,ე” ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ ის არ წარმოადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ტენდერში მონაწილეობა მიიღო და შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სათანადო განაცხადი გააკეთა შპს ,,პ-------იმ”. სატენდერო წინადადების განხილვის და დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შპს ,,პ-------ი“ გამოცხადდა გამარჯვებულად. ამასთან, სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ პრეტენდენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2. პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა სატენდერო განცხადებით და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. პრეტენდენტს, დაევალა მითითებული პუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა.
ზემოაღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს ,,პ-------ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირთა რეესტრიდან, რომლითაც დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 დეკემბრის N-------- შეტყობინების საფუძველზე, შპს ,,პ-------ის“ მთელ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა (1-----------, 16.12.2015წ.).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი, რომლის (01.01.2017წ. -დან 12.05.2015წ. - მდე) მიხედვით, დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული შეადგენს 294679.75 ლარს. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 მაისის ცნობა, სადაც მითითებულია, რომ დამატებით დარიცხული თანხები არ არის აღიარებული და შეადგენს 294679.75 ლარს. ამავე დოკუმენტში მოცემული განმარტების შესაბამისად, საგადასახადო დავალება არ არის აღიარებული თუ გადასახადის/გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა არ არის გასული.
ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ მუდმივმოქმედ სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 მაისის საოქმო გადაწყვეტილებით (ოქმი N-) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N- ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,პ-------ი“ დისკვალიფიცირებული იქნა ელექტრონული ტენდერიდან (აუქციონის გარეშე NAT 1--------).
საქმის მასალებით დადასტურებულია, ასევე მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის შპს ,,პ-------ის“ ერიცხება უღიარებელი საგადასახადო დავალიანება, რომლის დარიცხვის კანონშესაბამისობასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დავა. ის, რომ ეს დარიცხული თანხები არ არის აღიარებული, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია, კერძოდ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული აქტები მოსარჩელემ, ასევე წარადგინა შემსყიდველ ორგანიზაციაში. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის თანახმად, არ აღიარებული დავალიანება არ გულისხმობს კომპანიის სახელზე დავალიანების არარსებობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანება სახეზეა, როდესაც: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ამავე კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად, სადავო საგადასახადო დავალიანება არის პირის მიმართ დარიცხული გადასახადის/სანქციის თანხა, რომელიც აღიარებული არ არის და გასაჩივრებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით. სადავო საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება შეჩერებულად ითვლება საგადასახადო დავის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე. ამრიგად, კანონმდებელი ერთმანეთისაგან განასხვავებს აღიარებულ და უღიარებელ საგადასახადო დავალიანებებს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება როგორც აღიარებული, ასევე უღიარებელი დავალიანებები. თუმცა, გადამხდელის მხოლოდ პირადი აღრიცხვის ბარათზე დავალიანების ორივე ფორმის ასახვით, მისი აღიარებულად მიჩნევა შეუძლებელია, რადგან მხარის კანონისმიერი უფლებაა სადავოდ გახადოს დავალიანების დარიცხვის წარმოშობის საფუძველი. აღნიშნული კი, გამორიცხავს ამ სახით დარიცხული დავალიანების საგადასახადო დავალიანებად მიჩნევას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის ცნობილი იყო უღიარებელი, მით უფრო ამ საგადასახადო დავალიანების შესახებ მიმდინარე დავის თაობაზე, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას აღნიშნული მოტივით მოეხდინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
სასამართლომ მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცებულია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი.
აღნიშნული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია: ა) სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი; ბ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) მისი მიღების დრო და ადგილი, საბჭოს წევრთა ვინაობა, მომჩივნისა და მოპასუხის, მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისა და საქმეში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა და დავის საგანი; ბ) საბჭოს მიერ დადგენილი გარემოება ან/და მტკიცებულება, რის საფუძველზეც დადასტურდა ან უარყოფილ იქნა ესა თუ ის მტკიცებულება, ასევე, სამართლებრივი აქტის შესაბამისი ნორმა, რომლითაც ხელმძღვანელობდა საბჭო; გ) საბჭოს გადაწყვეტილება საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ; დ) მისი გასაჩივრების ვადა და წესი. მე-4 პუნქტის თანახმად კი, საბჭოს ყოველი წევრი საჩივარსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რაც უნდა ემყარებოდეს დავის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა იყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა იყოს სათანადო გადაწყვეტილება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, კერძოდ, შპს ,,პ-------ის“ დისკვალიფიკაციის თაობაზე სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 მაისის N- საოქმო გადაწყვეტილების უკანონოდ მიჩნევიდან გამომდინარე, სასამართლო ასევე კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს ამ აქტის ძალაში დატოვების თაობაზე გამოცემულ - სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331-ე მუხლი ადგენს, რომთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 მაისის N- სხდომის ოქმი და სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება. სასამართლო ასევე საფუძვლიანად მიიჩნევს შპს ,,პ-------ის“ მიერ საგარანტიო თანხის სახით გადახდილი 28 740 ლარის უკან დაბრუნების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან, აღნიშნული თანხა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობიდან გამომდინარე, როგორც თანმდევი შედეგი ექვემდებარება გადამხდელი - შპს ,,პ-------ისათვის“ სრულად უკან დაბრუნებას.
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტს დაუსაბუთებლად მიაჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიაჩნია,რომ იგი უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე,რომ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება როგორც აღიარებული, ასევე უღიარებელი დავალიანებები, თუმცა გადამხდელის მხოლოდ პირადი აღრიცხვის ბარათზე დავალიანების ორივე ფორმის ასახვით, მისი აღიარებულად მიჩნევა შეუძლებელია, რადგან მხარის კანონიერი უფლებაა სადაოდ გახადოს დავალიანების დარიცხვის წარმოშობის საფუძველი, აღნიშნული კი გამორიცხავს ამ სახით დარიცხული დავალიანების საგადასახადო დავალიანებად მიჩნევას. აპელანტს სურს სასამართლოს ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზე,რომ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ იქნა N----------- ელექტრონული ტენდერი ქ. თბილისში ხ----–--------------------აში საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობისათვის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. ზემოაღნიშნულ ტენდერში ა(ა)იპ სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 მაისის სხდომის N- ოქმის საფუძველზე, შპს "პ-------ს" განესაზღვრა 3 სამუშაო დღე საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოსადგენად. პრეტენდეტის მიერ წარმოდგენილ იქნა დადგენილ ვადაში საკვალიფიკაციო მონაცემები, თუმცა მონაცემები არ შეესაბამებოდა სატენდერო განცხადებით და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდველის სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N- ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე, ა (ა) იპ "თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს" სატენდერო კომისიამ განახორციელა შპს "პ-------ის" დისკვალიფიკაცია. შპს "პ-------ის" მიერ გასაჩივრებულ იქნა სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 მაისის N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება დავების განხილვის საბჭოში. გარემოებების შესწავლის საფუძველზე საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. აპელანტი მიუთითებს,რომ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად,სატენდერო კომისია იხილავს და აფასებს თუ რამდენად შეესაბამება განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისი ტენდერის სატენდერო განცხადებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. აპელანტი უთითებს, N----------- ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნტქის "დ" ქვეპუნტზე და აღნიშნავს,რომ პრეტენდენტს უნდა აეტვირთა ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არსებობის შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში და ასევე წარედგინა გადამხდელის ელექტრონული გვერდის საშუალებით მომზადებული ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი,რომელიც აღებული უნდა ყოფილიყო ტენდერში "წინადადების მიღება დაწყებულია" ეტაპის შემდგომ. ზემოაღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შედარების აქტიდან ირკვევა,რომ შპს "პ-------ის" დავალიანება ბიუჯეტის მიმართ,რომელიც არაა აღიარებული შეადგენდა- 294679.75 ლარს. აპელანტი მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე და აღნიშნავს,რომ არ აღიარებული საგადასახადო დავალიანება არ ნიშნავს,რომ აღნიშნული დავალიანება კომპანიის სახელზე არ ირიცხება.
აპელანტი მიიჩნევს,რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრაქტიკულად ახალი საკანონდებლო რეგულაცია დააწესა, ვინაიდან სადავო აქტის გამოცემის დრიოსათვის მოქმედი შესყიდვების კანონმდებლობა ითვალისწინებდა საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარდგენას და იმ შემთხვევაში, როდესაც მოთხოვნილია,რომ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს ცნობა ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ ქონის შესახებ, ნიშნავს,რომ დოკუმენტი უნდა იყოს დავალიანების არ ქონის შესახებ და არა სადაოდ გამხდარი დავალიანების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნუდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია,რომ ა(ა)იპ "თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს" სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 მაისის N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 მაისის N- სხდომის ოქმის, სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიისათვის შპს ,,პ-------ის“ მიერ საგარანტიო თანხის სახით გადახდილი 28 740 ლარის უკან დაბრუნება ( 2017 წლის 24 ნოემბრის სხდომის ოქმი).
როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადდა ქ. თბილისის 2017-2018 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ქ. თბილისში, ხ----–--------------------აში საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისათვის ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე NAT 1--------).
სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2. პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პრეტენდენტს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა აეტვირთა ,,ინფორმაცია ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ“. აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტს უნდა წარედგინა გადამხდელის ელექტრონული გვერდის საშუალებით მომზადებული ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი, რომელიც აღებული იქნებოდა ტენდერში ,,წინადადების მიღება დაწყებულია“ ეტაპის დაწყების შემდგომ.
ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში კომისიამ, მონაწილე პრეტენდენტის შპს ,,პ-------ის“ სატენდერო წინადადება გამოავლინა გამარჯვებულად; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N- ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,პ-------ს“ განესაზღვრა სისტემაში განთავსების დღიდან 3 (სამი) სამუშაო დღე სატენდერო განცხადების 5.1.2. პუნქტის შესაბამისად, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარსადგენად; ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,პ-------ს“ განემარტა, რომ განსაზღვრული ვადის განმავლობაში საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობა გამოიწვევდა დისკვალიფიკაციას ამავე წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე; შესყიდვების სისტემაში შენობის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონულ ტენდერს NAT 1-------- მიენიჭა სტატუსი ,,გამარჯვებული გამოვლენილია“. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის 2017 წლის 10 მაისის N----- შეტყობინებით, შპს ,,პ-------ს“ ეცნობა ზემოაღნიშნული ოქმით გათვალისწინებული დავალება.
მითითებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, შპს ,,პ-------ის“ მიერ წარდგენილ იქნა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 მაისის ცნობა. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 დეკემბრის N-------- შეტყობინებით, შპს ,,პ-------ის“ მთელ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა (1-----------, 16.12.2015წ.).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტის (01.01.2017წ. -დან 12.05.2015წ. - მდე) მიხედვით, დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული, შეადგენს 294679.75 ლარს.
შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 მაისის ცნობის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, საწარმოს 11.05.2017წ. მდგომარეობით ერიცხება სალდირებული ზედმეტობა 121962.33 ლარი. დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული შეადგენს 294679.75 ლარს. ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ საგადასახადო დავალება არ არის აღიარებული თუ გადასახადის/გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა არ არის გასული.
ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს“ მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 მაისის საოქმო გადაწყვეტილებით (ოქმი N-) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N- ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,პ-------ი“ დისკვალიფიცირებული იქნა ელექტრონული ტენდერიდან (აუქციონის გარეშე NAT 1--------). კომიასიამ განმარტა, რომ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები არ შეესაბამება სატენდერო განცხადებით და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს - სატენდერო განცხადების 5.1.2. პუნქტი.
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, ხოლო რაც შეეხება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესს ადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი”.
სსიპ შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N- ბრძანების ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 13.2 მუხლის ქვეპუნქტების ჩამონათვალი მოიცავს მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის, როგორც პროცედურული, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თემატიკის საფუძვლებს, კერძოდ, მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის მხრიდან ხარვეზიანი ან შეუსაბამო ტექნიკური დოკუმენტაციის ან საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შედეგებს /,,ა’’, ,,გ’’, ,,დ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტები/.
ადმინისტრაციულ ორგანოში საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილი წარდგენა წარმოადგენს დაინტერესებული პირის ვალდებულებას და პროცედურული უფლების რეალიზაციის საშუალებას, რომლის გამოყენების ხარისხზეც არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებები და დასკვნები. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურაში ამ უფლების არასათანადო რეალიზაცია იწვევს მონაწილის სანქცირებას - დისკვალიფიკაციას.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და საგადასახადო კოდექსზე მითითებით აღნიშნავს, საგადასახადო დავალიანების ცნება არის ერთიანი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო დავალიანება წარმოადგენს შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებას. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას.
არაღიარებული საგადასახადო დავალიანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გულისხმობს, პირის მიმართ დარიცხული გადასახადის/სანქციის თანხას, რომლის წარმოშობაც გადასახადის გადამხდელის მიერ სადავოდაა ქცეული. სადავო საგადასახადო დავალიანების საკითხზე დაწყებული საგადასახადო დავის განხილვის მიმდინარეობა კი მოიცავს, როგორც საგადასახადო ორგანოებში წარდგენილი საჩივრის საფუძველზე დაწყებულ წარმოებას, ისე სარჩელის წარდგენის გზით სასამართლო დავის მიმდინარეობას.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების არსებობის ფაქტს ამოწმებს მხოლოდ ფორმალურად და მას არ გააჩნია დავალიანების ტიპისა და მისი წარმოშობის მართლზომიერების კვლევის შესაძლებლობა, რამდენადაც აღნიშნული სცდება სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომპეტენციას. პალატა მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ფუნქციები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში შემოიფარგლება მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვის, ორგანიზების, ანალიზისა და მისი შესრულების ზედამხედველობით. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ავალდებულებს მისთვის მინიჭებული ამ უმნიშვნელოვანესი ფუნქციების ზედმიწევნით სამართლებრივ ჩარჩოში განხორციელებას, რათა აცილებულ იქნეს მოცემულ პროცედურაში კანონშეუსაბამო და არაჯანსაღი ტენდენციების დამკვიდრება.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტის, განსახილველ შემთხევაში სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ ინფორმაციის, სავალდებულოდ მოთხოვნის მიზანს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანების მქონე, არასაიმედო კონტრაჰენტთან ხელშეკრულების დადებისაგან და სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობით გამოწვეული შედეგებისაგან სახელმწიფოს დაცვა წარმოადგენს.
სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით, ვინაიდან ტენდერში გამარჯვებულმა პირმა გარანტირებულად უნდა უზრუნველყოს ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, ხოლო ბიუჯეტის წინაშე საგადასახადო ვალდებულების არსებობამ და პირის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებამ შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს ვალდებულების შესრულების შესაძლებობა, პრეტენდენტის მიერ ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის დადასტურება წარმოადგენს ამგვარი რისკისგან დაზღვევის მექანიზმს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისათვის პრეტენტენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტი, თუნდაც არაღიარებული, საკმარისი საფუძველია პრეტენტენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, ვინაიდან წინასწარ, წინსწრებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განსაზღვროს საგადასახადო დავალიანების ბედი.
სააპელაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე კანონშესაბამისად მიიჩნევს შპს ,,პ-------ის“ დისკვალიფიკაციის თაობაზე სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 მაისის N- საოქმო გადაწყვეტილებას. პალატის მოსაზრებით ასევე არ არსებობს სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიისათვის შპს „პ-------ის“ მიერ საგარანტიო თანხის სახით გადახდილი 28 740 ლარის უკან დაბრუნების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რაც შექმნიდა სადავო აქტების ზაკ-ის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ბათილობის საფუძველს, ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ყველა გარემოების სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საპროცესო ხარჯები:
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „პ-------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა).
თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
გელა ბადრიაშვილი