განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.05.2019
საქმის ნომერი
330210017001997079
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმეN2ბ/2025-18 3 მაისი, 2019 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან გვარამია

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

გელა ქირია

 

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) – ი/მ ს-------------------ე;

წარმომადგენლები - ი-----–----------–--, ა-–------------–-----------;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - მარიამ კერესელიძე;

 

დავის საგანი _ თანხის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის საოქმო განჩინება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა. ი/მ ს-------------------ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 13 561.56 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2016 წლის 12 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და ინდ.მეწარმე ს-------------------ეს შორის გაფორმდა N81 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოპასუხემ აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში (2016 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით) ჩაეტარებინა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიული დანაყოფის ადმინისტრაციული შენობების 104 999.96 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვის ობიექტი საბოლოოდ მიღებულად ჩაითლება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით.

 

ხელშეკრულების 10.3 პუნქტით, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 1%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.16-20);

 

2.2. 2016 წლის 13 მაისის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და ინდ. მეწარმე ს-------------------ეს შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, ვინაიდან, მიმწოდებელმა შეასრულა 15 163.72 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

2016 წლის 01 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და ინდ.მეწარმე ს-------------------ეს შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, ვინაიდან, მიმწოდებელმა შეასრულა 12 413.59 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

2016 წლის 8 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და ინდ. მეწარმე ს-------------------ეს შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, ვინაიდან, მიმწოდებელმა შეასრულა 39 940.23 ლარის ღირებულების სამუშაო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ს.ფ. 43-44, 62, 64)

 

2.3. 2016 წლის 8 ივლისს, მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილებები, რომლის ფარგლებშიც, შეიცვალა 2016 წლის 12 აპრილის N81 ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ურთიერთშეთანხმების ოქმი (იხ. ს.ფ. 46)

 

2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 9 ნოემბრის დასკვნის თანახმად, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს ტერიტორიული დანაყოფების ადმინისტრაციულ შენობებში შესრულებულ სარემონტო სამუშაოებზე, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეული ღირებულებების შესაბამისად დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 102 465.92 ლარს, ნაცვლად წარმოდგენილ ფორმა N2-ით მოცემული 104 986.60 ლარისა, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 2 520.68 ლარს... შესრულებული სამუშაოების ხარისხი ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის ვიზუალური დათვალიერებით იყო დამაკმაყოფილებელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დასკვნა (იხ. ს.ფ. 85-110)

 

2.5. 2016 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და ინდ.მეწარმე ს-------------------ეს შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 102 465.92 ლარს, ნაცვლად ფორმა N2-ით წარმოდგენილი 104 986.60 ლარისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ს.ფ. 111)

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.6. პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. 2016 წლის 12 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და ინდ.მეწარმე ს-------------------ეს შორის გაფორმდა N81 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოპასუხემ აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში (2016 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით) ჩაეტარებინა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიული დანაყოფის ადმინისტრაციული შენობების 104999.96 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები. დასახელებული ხელშეკრულების ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულება გაფორმდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. გადასახდელი საზღაური არსებით პირობად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმევი პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“.

 

მოსარჩელე მოითხოვს ი/მ ს---------------------ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 13 561.56 ლარის გადახდა. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს მსჯელობის საგანია შესრულდა თუ არა მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

2.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

მოპასუხე არ უარყოფს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მის მიერ 2013 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადის დარღვევით. აღნიშნული დადასტურებულია როგორც სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით, ასევე, წარმოდგენილი შესაგებლით. ი/მ ს-------------------ემ მიუთითა, რომ სამუშაო შესრულდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში; სამუშაოს შესრულება 2016 წლის 11 აგვისტომდე ვერ განხორციელდა, რადგან გაიზარდა შესასრულებელი სამუშაოს ოდენობა; მიღება-ჩაბარების აქტზე შემკვეთის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ადასტურებს, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ.

 

მოპასუხის არგუმენტების საწინააღმდეგოდ, სასამართლომ განმარტა, რომ სკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს რა ვალდებულების შესრულების სტანდარტს, მიუთითებს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს დათქმულ დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალემ ვალდებულება იმ ვადაში უნდა შეასრულოს რა ვადაც ვალდებულების შესრულებისათვის განისაზღვრა და არა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, რაც შესაძლებელია არ ემთხვეოდეს ზემოაღნიშნულს.

 

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვის ობიექტი საბოლოოდ მიღებულად ჩაითლება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე გაფორმებული საბოლოო მიღება- ჩაბარების აქტით. შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ადასტურებს მის მიერ სამუშაოს მიღებას და ერთმნიშვნელოვნად არ ადგენს, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, რაც შეიძლება მდგომარეობდეს, როგორც სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევაში, ასევე ნაკლიან შესრულებაში და ა.შ. ამასთან, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ ვინაიდან, მხარეებმა შეთანხმების საფუძველზე გაზარდეს სამუშაოს მოცულობა აღნიშნულმა განაპირობა ვადის დარღვევა. გაზრდილი სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო დრო შემსრულებლისთვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო. ამდენად, თუ ის არ ეთანხმებოდა ახალი შეთანხმების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს იმავე ვადაში შესრულებას, მას იმთავითვე უნდა დაეფიქსირებინა და თავიდან აეცილებინა დამდგარი უარყოფითი შედეგი.

 

2.9. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.1. პუნქტი).

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია პრეტენზია პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობასთან დაკავშირებით. მოპასუხეს არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია, რომ მის მიერ გადახდილია პირგასამტეხლოს თანხა. სასამართლომ განმარტა, რომ თანხის გადახდის თაობაზე მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებული წესის თანახმად უნდა მოხდეს. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სამოქალაქო კოდექსის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ იგი მოვალისათვის დისპოზიციურ, ხოლო კრედიტორისათვის იმპერატიულ ხასიათს ატარებს, კერძოდ: დისპოზიციურობა გამოიხატება იმ ფაქტში, რომ მოვალე, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი, რომელიც იმ შემთხვევაში თუ, მხარეები გადახდის წესზე არ შეთანხმებულან ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევს, მას შეუძლია კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც, კრედიტორი ვალდებულია გასცეს დასახელებული დოკუმენტი. შესაბამისად, ი/მ ს-------------------ეს უნდა წარმოედგინა უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები), რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

 

მითითებული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 13 561.56 ლარის ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელემ სარჩელის შეტანისას არ წარადგინა მხარეთა შორის 2016 წლის 16 ნოემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რის საფუძველზეც შედგა ზემოაღნიშნული აქტი. მოსარჩელემ ვერ წარადგინა ვერცერთი მტკიცებულება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მოპასუხის მხრიდან ვადის დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილებული იყო შესაძლო შედეგებზე. მოსარჩელემ ასევე სასამართლოს არ წარუდგინა მოპასუხის გაგზავნილი წერილი, რომლითაც მხარეს ეცნობა, რომ სამუშაოები დასრულებულია და მოთხოვნილი იქნა მიღებული ყოფილიყო ობიექტი ექსპლუატაციაში.

 

მოსარჩელემ პირგასამტეხლოს ათვლა დაიწყო 2016 წლის 10 აგვისტოდან 2016 წლის 17 ნოემბრამდე, რა დროსაც გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და მოსარჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვამს ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, ვინაიდან 2016 წლის 8 ივლისის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ურთიერთშეთანხმების ოქმის თანახმად ხარჯთაღრიცხვაში მითითებული გარკვეული სახის სამუშაოები შეიცვალა სხვა სახის სამუშაოებით, რომლის მოცულობიდან გამომდინარე, შესასრულებელი სამუშაოები უფრო მეტ დროს მოითხოვდა ვიდრე ეს ცვლილებამდე იყო. აღნიშნულის თაობაზე მხარეები შეთანხმდნენ ზეპირი ფორმით, ვინაიდან მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე მოპასუხეს მის მიმართ გააჩნდა კანონიერი ნდობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს არ დაურღვევია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები და მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა იმის შესახებ თითქოს მოპასუხემ აღიარა ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა, რაც არასწორია, ვინაიდან არც შესაგებელში და არც საქმის განხილვისას მსგავსი განცხადება მოპასუხის მხრიდან არ გაკეთებულა. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ შესაგებლით სარჩელის ცნობა არ მომხდარა, არამედ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნა მოპასუხის მხრიდან უკანონოდ იქნა მიჩნეული. აპელანტის მტკიცებით უკანონო და დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი ერთმნიშვნელოვნად არ ადგენს იმ ფაქტს, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. აღნიშნული ეჭქვეშ აყენებს საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს სამოქალაქო ურთიერთობები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს, წარმოდგენილი საქმის მასალების შესწავლის, სადავო საკითხების თაობაზე მხარეთა მოსაზრებების გაცნობის და საქმის ზეპირი განხილვის შედეგად მიაჩნია, რომ ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე;

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. განსახილველი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს 13 561.56 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს მხარეთა შორის 2016 წლის 12 აპრილს გაფორმებულ - ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N81 ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, შემსყიდველმა (მოსარჩელე) მიმწოდებლისგან (მოპასუხე) მიიღო სატენდერო წინადადება სამუშაოების შესრულებაზე - 104 999.96 ლარის ღირებულებით. ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიული დანაყოფის ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები. მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხარჯთაღრიცხვაში მითითებული სამუშაოები განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ას ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში (ხელშეკრულების 5.1. პუნქტი). ხელშეკრულებით განისაზღვრა სამუშაოთა მიღება-ჩაბარების წესი, რომლის თანახმად, სამუშაოების შესრულების მიმდინარეობისას შემსყიდველის გადაწყვეტილებით ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებზე ეტაპობრივად გაფორმდება შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო შესყიდვის ობიექტი საბოლოოდ მიღებულად ჩაითვლება სსიპ „ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით. შუალედური ან საბოლოო შემოწმებების შედეგად გამოვლენილი დეფექტების ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი. ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლოყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 1%-ის ოდენობით (იხ. 10.3. პუნქტი). ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. პუნქტები, რომლებიც აწესრიგებენ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებულ საკითხებს, მოქმედებენ მხარეთათვის განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულების სრულ შესრულებამდე. ხელშეკრულების მიხედვით, საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა N2 და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 20 საბანკო დღის განმავლობაში (იხ. ტ.1, ს.ფ. 16-20)

4.2. საქმის მასალებში წარმოდგენილია შესრულებულ სამუშაოთა შესახებ მხარეთა შორის გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები, კერძოდ, 2016 წლის 13 მაისის, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად მიმწოდებელმა შეასრულა 15 163.72 ლარის ღირებულების სამუშაო. 2016 წლის 01 ივნისის, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მიმწოდებელმა შეასრულა 12 413.59 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო, 2016 წლის 8 ივლისის, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით მიმწოდებელმა შეასრულა 39 940.23 ლარის ღირებულების სამუშაო (იხ. მიღება-ჩაბარების აქტებიი ტ.1, ს.ფ. 43-44, 62-65)

 

4.3. 2016 წლის 8 ივლისის ურთიერთშეთანხმების ოქმით მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილებები, რომლის ფარგლებშიც, შეიცვალა 2016 წლის 12 აპრილის N81 ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვა, კერძოდ კი, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შემცირდა 13.35 ლარით და შეადგინა 104 986.61 ლარი. ამასთან, ხელშეკრულების სხვა პუნქტები დარჩა უცვლელი. (იხ. ურთიერთშეთანხმების ოქმი იხ. ტ.1, ს.ფ. 46)

 

4.4. 2016 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და ი/მ ს-------------------ეს შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 102 465.92 ლარს, ნაცვლად ფორმა N2-ით წარმოდგენილი 104 986.60 ლარისა (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი ტ.1, ს.ფ. 111)

 

4.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 9 ნოემბრის დასკვნის თანახმად, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს ტერიტორიული დანაყოფების ადმინისტრაციულ შენობებში შესრულებულ სარემონტო სამუშაოებზე, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეული ღირებულებების შესაბამისად დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 102 465.92 ლარს, ნაცვლად წარმოდგენილ ფორმა N2-ით მოცემული 104 986.60 ლარისა, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 2 520.68 ლარს. დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ხარისხი ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის ვიზუალური დათვალიერებით იყო დამაკმაყოფილებელი (იხ. ექსპერტიზის დასკვნა ტ.1, ს.ფ. 85-110).

 

4.6. 2016 წლის 18 ნოემბრის წერილით, მოპასუხეს ეცნობა, რომ სამუშაოების ვადის გადაცილებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების 1%-ის ოდენობით სულ საჯარიმო თანხამ შეადგინა 13 561.56 ლარი. აღნიშნული წერილი მოპასუხეს ჩაბარდა 2016 წლის 25 ნოემბერს (იხ. ტ.1, ს.ფ. 66)

 

4.7. პალატა საქმის შესწავლის შედეგად დადგენილად მიიჩნევს სადავო ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული იქნა ვადის დარღვევით.

 

ვადის დარღვევა წარდგენილ შესაგებელში დაადასტურა თავად მოპასუხემ, თუმცა მიუთითა, რომ ნაკისრი ვალდებულების ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვია ხარჯთაღრიცხვაში განხორციელებულმა ცვლილებებმა (იხ. შესაგებელი ტ.1, ს.ფ. 76), ვინაიდან შესრულებას დასჭირდა დამატებითი ვადები, რომლის თაობაზე მხარეები შეთანხმდნენ ზეპირი ფორმით, რადგან მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე მოპასუხეს მის მიმართ გააჩნდა კანონიერი ნდობა (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 9 ნოემბრის დასკვნით დადასტურებულია, რომ შესრულებული სარემონტო სამუშაოები ნაცვლად 104 986.60 ლარისა, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 2 520.68 ლარს. დადგენილია, რომ მიმწოდებლის (მოპასუხე) მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა, შესაბამისად, შემსყიდველი (მოსარჩელე) უფლებამოსილი იყო მოეთხოვა ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, მხარეთა მიერ დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე, მეტიც ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2016 წლის 8 ივლისის ურთიერთშეთანხმების ოქმის თანახმად, ცვლილება შეეხო მხოლოდ 2016 წლის 12 აპრილის N81 ხელშეკრულებაზე თანდართულს ხარჯთაღრიცხვას, კერძოდ, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შემცირდა 13.35 ლარით და შეადგინა 104 986.61 ლარი, ხელშეკრულების სხვა პუნქტები კი დარჩა უცვლელი. მითითებული, კი, გულისხმობს, რომ ცვლილება არ შეხებია მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების ვადას. საგულისხმოა, ასევე, რომ 2016 წლის 12 აპრილს დადებული N81 ხელშეკრულების 14.8 პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება/დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წერილობითი ფორმით იქნება შედგენილი და მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე მხარეთა შეთანხმება მიმართული სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისაკენ წარმოადგენს გარიგებას, იგი 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიძენდა იურიდიულ ძალას მხოლო ურთიერთობის მონაწილეების მიერ წინასწარ შეთანხმებული (მოცემულ შემთხვევაში წერილობითი) ფორმით ნების გამოვლენის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის რომ წერილობითი ფორმით მხარეებს შორის ადგილი არ ჰქონია გარიგების დადების ფაქტს, რომელიც შეეხებოდა სამუშაოს შესრულების ვადის ცვლილებას.

 

ამდენად, პალატა მხედველობაში ვერ მიიღება აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიმართ გააჩნდა კანონიერი ნდობა, ვინაიდან სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით და შესაბამისად, მხარეს სადავო გარემოების დასადასტურებლად მართებდა რელევანტური მტკიცებულების წარმოდგენა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და მასზე ხელმოწერა, თავისთავად არ გამორიცხავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის დაყენებას.

 

4.8. პალატა მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში და ი/მ ს-------------------ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 678.08 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, შეფასდეს, თუ რაში გამოიხატა მიმწოდებლის (მოპასუხე) მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. პალატა შენიშნავს, რომ მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, განსახილველ შემთხვევაში, გამოიხატა შესრულების ვადის გადაცილებაში, კერძოდ, დადგენილია, რომ მოპასუხემ 23 382.49 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა 58 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების თანახმად კი, პირგასამტეხლო ვადის გადაცილების შემთხვევაში, განსაზღვრული იყო ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 1%-ის ოდენობით. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და ექვემდებარება შემცირებას. ამგვარად, განსახილველ შემთხვევაში, მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, აგრეთვე ორივე მხარის კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, პალატა სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის დანაწესზე მითითებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის 0,05%-მდე შემცირებას, რაც შეადგენს 678.08 ლარს. ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, რის შედეგადაც ი.მ. ს-------------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 678.08 ლარის გადახდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გათავისუფლებულია სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან.

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე ბაჟის სახით გადახდილია 543 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 176-177)

 

რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 95%-ით (13 561-678=12883; 12883*100/13561=95%), აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 515 ლარის ანაზღაურება (543-ის 95%).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ი/მ ს-------------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

 

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

4. ი.მ. ს-------------------ეს დაეკისროს 678.08 ლარის ანაზღაურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ;

 

5. ი.მ. ს-------------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტი სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.

 

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ი.მ. ს-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟის ანაზღაურება 515 ლარის ოდენობით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია

 

თავმჯდომარე ლევან გვარამია

 

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

 

გელა ქირია