განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1431-19
N330310019002815893
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით კ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2019 წლის 17 იანვრის N2----- გადაწყვეტილება; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე კ------------–---–ს 2019 წლის 1 თებერვლიდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხა; 2013 წლის 09 სექტემბრიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. კ------------–---–ი დაიბადა 1----–-–-----------------ს.
კ------------–---–მა 2018 წლის 24 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეულის მიერ 2019 წლის 17 იანვარს გამოიცა N2----- გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, კ------------–---–ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან დასაქმებული იყო სსიპ ს----------–----------------------–--–-აში.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ 2018 წლის 27 დეკემბერს გაცემული №0------------ წერილის თანახმად, მოქალაქე კ------------–---–ს მისი 2018 წლის 24 დეკემბრის №102930 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც საქმიანობა ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა. განცხადებაზე თანდართული 2019 წლის 08 იანვრის N9--- ცნობით, გაცემული სსიპ ს----------–----------------------–--–-ის მიერ ირკვევა, რომ აღნიშნული ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მიეკუთვნება საბიუჯეტო ორგანიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუშაობის პერიოდში კ------------–---–ისათვის პენსიის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
1.2.2. სსიპ ს----------–----------------------–--–-ის 2019 წლის 08 იანვრის N9--- ცნობით დგინდება, რომ კ------------–---–ი ნამდვილად მუშაობს სსიპ ს----------–----------------------–--–-აში 2009 წლის იანვრიდან დღემდე ასოციაციის კურიერის პოზიციაზე და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 900 (ცხრაას) ლარს. ამასთან, წერილით განმარტებულია, რომ სსიპ ს----------–----------------------–--–-ა წარმოადგენს პირთა წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის'' შესახებ და "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონების საფუძველზე. არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მის ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საწევრო შენატანები და არ გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება, შესაბამისად, სსიპ ს----------–----------------------–--–-ა არ არის საბიუჯეტო ორგანიზაცია.
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის ამ კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.
1.3.2. სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ამავე კანონის 5.1 მუხლის თანახმად კი, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე კ------------–---–ი დაიბადა 1----–-–-----------------------------------------------------ს. შესაბამისად, ის წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ კ------------–---–მა 2018 წლის 24 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიული ერთეულის მიერ 2019 წლის 17 იანვარს გამოიცა N2----- გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, კ------------–---–ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), ვინაიდან იგი დასაქმებული იყო სსიპ ს----------–----------------------–--–-აში. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ 2018 წლის 27 დეკემბერს გაცემული №0------------ წერილის თანახმად, მოქალაქე კ------------–---–ს მისი 2018 წლის 24 დეკემბრის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც საქმიანობა ადმინისტრაციულ ორგანოში ან საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა. 2019 წლის 08 იანვრის N9--- ცნობით, გაცემული სსიპ ს----------–----------------------–--–-ის მიერ ირკვევა, რომ აღნიშნული ასოციაცია წარმოადგენს პირთა წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, არ მიეკუთვნება საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომლის ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საწევრო შენატანი.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.
ამასთან, საპენსიო ასაკის პირისთვის პენსიის უფლების წარმოშობის ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის საქმიანობისა.
სასამართლოს განმარტებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე კ------------–---–ი მუშაობს სსიპ ს----------–----------------------–--–-აში (მოსარჩელის განმარტებით, სსიპ ს----------–----------------------–--–-აში დასაქმებულია კურიერის პოზიციაზე).
საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ ს----------–----------------------–--–-აციის 2019 წლის 08 იანვრის N9--- წერილით სსიპ ს----------–----------------------–--–-ა წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საწევრო შენატანები და არ გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება და შესაბამისად, სსიპ ს----------–----------------------–--–-ა არ არის საბიუჯეტო ორგანიზაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, სსიპ ს----------–----------------------–--–-ა, სადაც დასაქმებულია კ------------–---–ი, წარმოადგენს თუ არა საბიუჯეტო ორგანიზაციას.
სასამართლომ მიუთითა ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლზე, რომლის თანახმად, ს----------–----------------------–--–-ა არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით.
სსიპ ს----------–----------------------–--–-ის წესდების მე-2 მუხლის თანახმად, ს----------–----------------------–--–-ა (შემდგომში - ,,ასოციაცია“) წარმოადგენს პირთა წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის კორპორაციას და შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონების საფუძველზე. მითითებული წესდების 28-ე მუხლით განსაზღვრულია ასოციაციის შემოსავლის წყაროები, ესენია: საწევრო შენატანები; შემოწირულობები; გრანტით მიღებული ქონება და სახსრები; ტესტირების გადასახდელი; სასწავლო ცენტრიდან მიღებული შემოსავლები; სესხით ან კრედიტით მიღებული სახსრები; კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები; საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.
სასამართლომ ასევე მიუთითა,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ფორმირების პრინციპებს, არეგულირებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების პროექტების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, ბიუჯეტების შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესებს, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების და ამ ხელისუფლებების ორგანოების მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირების საბიუჯეტო ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოებზე, აგრეთვე მათ მიერ შექმნილ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და ორგანიზაციებზე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებსა და სამეწარმეო იურიდიულ პირებზე, ასევე – წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი არიან ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ბიუჯეტებით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციები.
მითითებული საკანონდებლო აქტის მე-6 მუხლის ,,ს“ პუნქტის შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაცია არის საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია.
სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დგინდება, რომ სსიპ ა-----------------–--–-- სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ღონისძიებებისა და მათ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებების განმკარგავი საბიუჯეტო ორგანიზაციების ჩამონათვალში არ ფიქსირდება. სსიპ ა-----------------–--–-- წარმოადგენს პირთა წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი შემოსავლის წყაროებია საწევრო შენატანები; შემოწირულობები; გრანტით მიღებული ქონება და სახსრები; ტესტირების გადასახდელი; სასწავლო ცენტრიდან მიღებული შემოსავლები; სესხით ან კრედიტით მიღებული სახსრები; კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები; საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. სსიპ ს----------–----------------------–--–-ა, დაფუძნების დღიდან დღემდე არასაბიუჯეტო ორგანიზაციას წარმოადგენს.
სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, შეზღუდვა წესდება იმ შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება ორი ფულადი გასაცემლის გაცემა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ კ------------–---–ი, როგორც სსიპ ს----------–----------------------–--–-ის თანამშრომელი არ წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის მიმღებ სუბიექტს. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზემოაღნიშნულ გარემოებას და ასევე არასწორად განმარტა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რის გამოც უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მოსარჩელეს სახელმწიფო პენსიის დანიშნის შესახებ.
სასამართლო სრულად დაეთანხმა მოსარჩელის მითითებას, რომ სსიპ ს----------–----------------------–--–-ა წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საწევრო შენატანები და არ გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება, შესაბამისად არ არის საბიუჯეტო ორგანიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე კ------------–---–ი საქმიანობს სსიპ ს----------–----------------------–--–-აში, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ შეუწყდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, კ------------–---–ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ზაკ-ის 51-53-ე, მე-601 მუხლებზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-33-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2019 წლის 17 იანვრის N2----- გადაწყვეტილება კ------------–---–ის მიმართ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც კ------------–---–ს 2019 წლის 01 თებერვლიდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაევალოს კ------------–---–ის სასარგებლოდ 2019 წლის 1 თებერვლიდან მიუღებელი პენსიის თანხის ანაზღაურება.
სასამართლოს განმარტებით, კ------------–---–ის სასარგებლოდ 2013 წლის 09 სექტემბრიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების მოთხოვნა, თავისი არსით წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებას. სზაკ-ის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. ამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, ამდენად, ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა დადგინდეს შემდეგი საფუძვლების ერთობლივი არსებობა: ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ბ) შედეგი–ზიანი; გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; დ) პირის ბრალეულობა.
სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე–13 მუხლის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. სოციალური მომსახურების საგენტო ახდენს სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირებას, თუმცა სადავო შემთხვევაში მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, კონკრეტულად რომელი საკანონმდებლო ნორმის მოთხოვნა იქნა დარღვეული მოწინააღმდეგე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან და რაში გამოიხატება სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედების/უმოქმედობის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს იმ ნაწილში, რომლითაც სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა კ------------–---–ის სასარგებლოდ 2019 წლის 1 თებერვლიდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნა და მიუღებელი პერიოდის სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება.
აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გასაჩივრებულ ნაწილში უსაფუძვლოა და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, საჯარო სამართალში მოქმედი პრინციპის შესაბამისად, ყველაფერი აკრძალულია, რაც კანონით ნებადართული არ არის, შესაბამისად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს მინიჭებული გარკვეული უფლებამოსილება, მისი მხრიდან საქმიანობის განხორციელება ჩაითვლება, როგორც უფლებამოსილების გადამეტება. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) შრომით საქმიანობას ეწევა სსიპ ს----------–----------------------–--–-აში.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების მიზნებისათვის კი საჯარო საქმიანობა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების მარეგულირებელი კანონმდებლობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში საქმიანობისას არ განასხვავებს ამ პირის დაფუძნების სახეებს (წევრობაზე დაფუძნებული (საჯარო სამართლის კორპორაცია), თუ ქონების განკარგვის გზით დაფუძნებული). აქედან გამომდინარე, საპენსიო უზრუნველყოფის მიზნებისათვის მოცემული განმარტება საპენსიო უზრუნველყოფის უფლების შეზღუდვას ადგენს არა მხოლოდ საჯარო მოხელეების მიმართ, არამედ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც, ნორმით განსაზღვრული გამონაკლისის გარდა, სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ეწევა შრომით ანაზღაურებად საქმიანობას დაფინანსების წყაროს მიუხედავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, კ------------–---–ის მუშაობის პერიოდში პენსიის დანიშვნა-გაცემის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის 5.1 მუხლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე კანონის 13.1 მუხლის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს, ხოლო 14.2 მუხლის შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.
მითითებული კანონის 5.3 მუხლის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობად, ამ კანონის 4.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ამრიგად, საჯარო საქმიანობის განხორციელება, საპენსიო ასაკის პირისათვის პენსიის უფლების წარმოშობის ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ------------–---–ი დაიბადა 1----–-–-----------------------------------------------------ს, ამდენად, იგი წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიღებაზე უფლების მქონე სუბიექტს. აღნიშნული პირი მუშაობს სსიპ ს----------–----------------------–--–-აში, კურიერის პოზიციაზე. 24.12.2018წ. კ------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. 17.01.2019წ. N2----- გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი დასაქმებული იყო სსიპ ს----------–----------------------–--–-აში.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლზე, რომლის თანახმად, ს----------–----------------------–--–-ა არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამასთანავე, სსიპ ს----------–----------------------–--–-ის წესდების მე-2 მუხლის თანახმად, ს----------–----------------------–--–-ა წარმოადგენს პირთა წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის კორპორაციას. მითითებული წესდების 28-ე მუხლის შესაბამისად, ასოციაციის შემოსავლის წყაროებია: საწევრო შენატანები; შემოწირულობები; გრანტით მიღებული ქონება და სახსრები; ტესტირების გადასახდელი; სასწავლო ცენტრიდან მიღებული შემოსავლები; სესხით ან კრედიტით მიღებული სახსრები; კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები; საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.
პალატა ასევე მიუთითებს ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსზე“, რომლის მოქმედებაც არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებსა და სამეწარმეო იურიდიულ პირებზე, ასევე წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი არიან ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ბიუჯეტებით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციები. მითითებული კანონის მე-6 მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაცია არის საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია.
უდავოა, რომ სსიპ ა-----------------–--–--, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ღონისძიებებისა და მათ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებების განმკარგავი საბიუჯეტო ორგანიზაციების ჩამონათვალში არ ფიქსირდება. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სსიპ ა-----------------–--–-- წარმოადგენს პირთა წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი შემოსავლის წყაროებია საწევრო შენატანები; შემოწირულობები; გრანტით მიღებული ქონება და სახსრები; ტესტირების გადასახდელი; სასწავლო ცენტრიდან მიღებული შემოსავლები; სესხით ან კრედიტით მიღებული სახსრები; კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები; საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. სსიპ ს----------–----------------------–--–-ა, დაფუძნების დღიდან დღემდე არასაბიუჯეტო ორგანიზაციას წარმოადგენს.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.3 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, შეზღუდვა წესდება იმ შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება ორი ფულადი გასაცემლის გაცემა. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ს----------–----------------------–--–-ა წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საწევრო შენატანები და არ გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება, შესაბამისად არ არის საბიუჯეტო ორგანიზაცია. კ------------–---–ი, როგორც სსიპ ს----------–----------------------–--–-ის თანამშრომელი, არ წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის მიმღებ სუბიექტს, მისი საქმიანობა არ ითვლება საჯარო საქმიანობად და მას კანონის შესაბამისად, არ შეუწყდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია, დადგენილი წესით და ოდენობით. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არასწორად განმარტა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რის გამოც, მოსარჩელეს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2019 წლის 17 იანვრის N2----- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც კ------------–---–ს 2019 წლის 01 თებერვლიდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია. ამასთანავე, მოპასუხეს უნდა დაევალოს კ------------–---–ის სასარგებლოდ 2019 წლის 1 თებერვლიდან მიუღებელი პენსიის თანხის ანაზღაურება.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი