განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.07.2019
საქმის ნომერი
330210016001462731
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
23.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001462731

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/7076-18 13 ივნისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - მა----------ძე

 

წარმომადგენელი - ჟა-----------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ქ-------–ა“

 

წარმომადგენელი - ირ---–-----------ა, რუ---------------ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. შპს „ქ-------–ამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში მა----------ძის მიმართ სარჩელი აღძრა და 17 563.84 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მა----------ძეს შპს „ქ-------–ას“ მიმართ 2013 წლის 09 აგვისტოდან 2014 წლის 15 აპრილამდე პერიოდზე პირგასამტეხლოს, 2583 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის ვალდებულება დაეკისრა. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად იქნა ცნობილი.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება მა----------ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2008 წლის 10 მარტს, შპს „ქ-------–ასა“ და მა----------ძეს შორის უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, გასაყიდ ქონებას წარმოადგენდა ფართი მდებარე: ქ. თ---–--–---–---------------------------–------------------------------------–--------------------------------–------------------–------------------------------------------------------------–-------------------------------------------------------------------------------------------------------------.მ., ასევე შესაბამისი წილი 23.1/7700 ოდენობით ფართის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაში, რომელიც მიწის ნაკვეთს და საერთო საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილს წარმოადგენდა. გასაყიდი ქონების ღირებულება 69 300 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს შეადგენდა. თანხის სრულად დაფარვის ბოლო ვადა 2009 წლის 25 მაისი იყო.

 

აღნიშნული ხელშეკრულების 9.3. პუნქტის მიხედვით, მყიდველს თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, დამოუკიდებლად მისი ბრალისა, გამყიდველს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,05% ოდენობით, უნდა გადაეხადა. ამავე ხელშეკრულების 9.4. პუნქტის საფუძველზე კი, მყიდველის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას გამყიდველისთვის პირგასამტეხლოს ქონების ღირებულების 10%-ის ოდენობით გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა. ხელშეკრულებაზე დართული გადახდის გრაფიკის თანახმად, მოპასუხეს ვალდებულება შვიდ ტრანშად - 2009 წლის 25 მაისამდე პერიოდში, უნდა შეესრულებინა (ს.ფ. 11-13, 14).

 

6. 2009 წლის 02 თებერვალს, მხარეებმა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანეს, კერძოდ, გასაყიდი ქონების ღირებულება 84 131.57 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით განსაზღვრეს, რომლის გადახდა მყიდველს ყოველთვიურად 824.69 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით, გადახდის დღისთვის მოქმედი ოფიციალური კურსით, 5 წლის განმავლობაში, უნდა მოეხდინა. გამყიდველს შეეძლო ხელშეკრულება ცალმხრივად გაეუქმებინა, თუ მყიდველი გადახდის პერიოდს გადააცილებდა და გამყიდველის მიერ წერილობითი შეტყობინებით მიცემული 2 კვირიანი დამატებითი ვადა უშედეგოდ გავიდოდა. ასეთ დროს გამყიდველს მყიდველისთვის გადახდილი თანხა, ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოსა და შესაძლო ზიანის გამოკლებით, უკან უნდა დაებრუნებინა. 2008 წლის 10 მარტის ხელშეკრულების სხვა დებულებები უცვლელი დარჩა და ამავე ცვლილებებთან ერთობლიობაში მოქმედებდა (ს.ფ. 15).

 

7. მა----------ძე შპს „ქ-------–ას“ ხელშეკრულებით შეთანხმებულ თანხას იმ პერიოდშიც უხდიდა, როდესაც სადავო ფართი რეალურად მასზე გადაცემული არ ყოფილა (მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

8. მა----------ძის მიერ 2009 წლის 02 თებერვლის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებაში ცვლილებით გათვალისწინებული ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება სრულად და ჯეროვნად არ არის შესრულებული (ს.ფ. 11-13, 14, 15).

 

9. მა----------ძემ ხელშეკრულებით ნაკისრი ყოველთვიურად შესასრულებელი ვალდებულება ბოლოს 2010 წლის ოქტომბრის თვეში შეასრულა, რა დროსაც მოპასუხემ სექტემბრის თვის გადასახადი გადაიხადა (ს.ფ. 54, 161).

 

10. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აპელანტისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ვალდებულება მართებულად მოხდა.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

 

სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

 

მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38).

 

მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლი დისპოზიციური ხასიათისაა, იგი მხარეთა ნების ავტონომიის მოქმედების სფეროში შემავალ უფლება-ვალდებულებებს შეეხება, და იმგვარ იმპერატიულ დანაწესს არ წარმოადგენს, რომლისგან გადახვევაც მხარეთა მიერ დაუშვებელია. ვინაიდან სააპელაციო საჩივრით მხარემ სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლების არარსებობა და მიუთითა, რომ ფულადი თანხის გადახდა აპელანტის მიერ იმ მოტივით არ ხდებოდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული ქონება მას შეთანხმებულ ვადაში არ გადასცემია, უნდა დადგინდეს ხომ არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის გამოყენების გამომრიცხველი გარემოება, კერძოდ ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება გამყიდველის მიერ ქონების გადაცემის მიუხედავად ხომ არ უნდა მომხდარიყო.

 

სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მოდავე მხარეთა შორის 2008 წლის 10 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მყიდველი თანხას ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში, მისი ბრალის მიუხედავად, არ გადაიხდიდა აღნიშნული პირგასამტეხლოს დაკისრებას გამოიწვევდა. ასევე, ამავე ხელშეკრულების 7.4 პუნქტის შესაბამისად, მყიდველის განცხადება ნაკლის შესახებ არ აძლევს მას უფლებას უარი თქვას ან გადაავადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შენატანის გადახდა. აღნიშნული ორივე დანაწესის ლოგიკური და გონებრივი განსჯის შედეგად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის დისპოზიციური დანაწესი - შემხვედრი ვალდებულების შესრულებამდე თანხის გადახდის დაყოვნების უფლების გამოყენების თაობაზე მხარეთა მიერ გამოვლენილი ნებით სხვაგვარად იქნა განმტკიცებული, კერძოდ შემსყიდველს მიუხედავად ნასყიდობის საგნის გადაცემისა და ნაკლიანი შესრულებისა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება უნდა შეესრულებინა. სასამართლოს აღნიშნულ დასკვნას ამყარებს ასევე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.9 პუნქტიც, სადაც მითითებულია, რომ გამყიდველი უფლებას იტოვებს გადადოს მყიდველისთვის ფართის ჩაბარების თარიღი იმ ვადით რა ვადითაც მყიდველმა რომელიმე შენატანის გადახდა დააგვიანა. ცალსახაა, რომ მხარეთა მიერ გამოხატული ნება შემხვედრი ვალდებულების შეუსრულებლობამდე მისი წილი შესრულების გადავადების თაობაზე მხოლოდ გამყიდველს მიენიჭა, ამ პირობებში როდესაც ხელშეკრულებით ნათლად ჩანს, რომ მხარეებმა ხელშეკრულების დადების მომენტში ვალდებულების შესრულების გადავადებაზე იმსჯელეს და აღნიშნული უფლება, ნების ავტონომიის პირობებში, მხოლოდ გამყიდველს მიანიჭეს, გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის მის სასარგებლოდ გამოყენების თაობაზე.

 

11. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის გამოყენებისას ანუ, ხელშეკრულების მხარეთა ნების განმარტების დროს, უდიდესი ყურადღება ექცევა მხარეთა კონკლუდენტურ მოქმედებებს, ვინაიდან მიუხედავად წერილობითი შეთანხმების შინაარსისა, შესაძლებელია მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებით საპირისპირო შინაარსის გარიგება დადგინდეს. სააპელაციო საჩივრით მხარე მიუთითებდა მასზედ, რომ 2013 წლის 09 აგვისტოდან 2014 წლის 15 აპრილამდე, ისევე როგორც ამ პერიოდამდე, ნასყიდობის საგნის გადაუცემლობის გამო მხარემ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება და შემხვედრი ვალდებულების შესრულებამდე შეწყვიტა საფასურის გადახდა. ამ მიმართებით სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული გარიგების თანახმად, აპელანტს ნასყიდობის საგანი არაუგვიანეს 2009 წლის 30 მაისს უნდა გადასცემოდა, რაც არ მომხდარა. თავად აპელანტის (თავდაპირველი მოპასუხის) ახსნა-განმარტებიდან კი დადგინდა, რომ მის მიერ ბოლო გადახდა 2010 წლის ოქტომბერში განხორციელდა. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნა 2013 წლამდე გადასახდელი თანხის თაობაზე ხანდაზმულად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში ვერ გააქარწყლებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ აპელანტის მიერ ფულადი თანხის გადახდა ქონების გადაცემის მიუხედავად, 2010 წლის ოქტომბრამდე გრძელდებოდა. ამასთან, სადავოდ არ გამხდარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზედ, რომ მა----------ძე შპს „ქ-------–ას“ ხელშეკრულებით შეთანხმებულ თანხას იმ პერიოდშიც უხდიდა, როდესაც სადავო ფართი რეალურად მასზე გადაცემული არ ყოფილა, აღნიშნული კი ცალსახად მოწმობს, რომ აპელანტის მიერ თანხის გადახდის ვალდებულება ნასყიდობის საგნის გადაცემისგან დამოუკიდებლად უნდა მომხდარიყო.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლით განმტკიცებულია მხარის აღმჭურველი უფლება, რომლის გამოყენებაც ავტომატურად არ ხდება, საამისოდ აუცილებელია დაინტერესებულმა მხარემ განაცხადოს აღმჭურველი უფლების გამოყენების თაობაზე, რაც თავის მხრივ სამართლებრივად მიღებასავალდებულო ნების გამოვლენას წარმოადგენს და ნამდვილია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნება მეორე მხარეს მიუვა. საქმის მასალებში არსებული არცერთი მტკიცებულებით აპელანტის მიერ მსგავსი ნების გამოვლენა, მით უფრო, მისი ადრესატამდე მისვლა არ დასტურდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად მხარეთა კონკლუდენტური მოქმედების განსჯის შედეგადაც, პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ თანხის გადაუხდელობა არ იყო გამოწვეული აპელანტის მიერ სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების შედეგად.

 

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სასამართლო უფლებამოსილი არ არის გასცდეს აპელანტის მოთხოვნებს და მას თავისი ინიციატივით მიაკუთვნოს ის, რაც არ მოუთხოვია. მოცემული დავის ფარგლებში დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ან/და გამოთვლის პრინციპი შედავებული არ არის, მხარე მხოლოდ მისი დაკისრების გამომრიცხველ გარემოებებზე უთითებდა რაც გაზიარებული არ იქნა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე განვითარებულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

13. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, აპელანტს უნდა ემტკიცებინა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გონივრული განსჯისა და კონკლუდენტური მოქმედებების შეჯერების შედეგად მას საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებამოსილება გააჩნდა. აღნიშნულის სამტკიცებლად მხარემ მხოლოდ ზოგადი მითითებები გააკეთა, საქმეში არსებული ხელშეკრულება და თავად აპელანტის მიერ განხორციელებული ქმედებები კი სასამართლოს საპირისპირო დასკვნის გაკეთების საშუალებას აძლევდა, რის გამოც სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია.

 

14. სააპელაციო საჩივრით აპელანტის მიერ ასევე, გასაჩივრებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საადვოკატო ხარჯის მოსარჩელისთვის (შპს „ქ-------–ა) დაუკისრებლობის ნაწილში, ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ 2018 წლის 20 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამატებითი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლითაც დაკმაყოფილდა მა----------ძის მოთხოვნა და შპს „ქ-------–ას“ საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების სახით 100 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. ხსენებული დამატებითი გადაწყვეტილება საადვოკატო მომსახურებისთვის დაკისრებული თანხის ოდენობის ნაწილში გასაჩივრებული არ ყოფილა, ამიტომ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის უფლებები ამ ნაწილში აღდგენილია და მასზე არსებითი მსჯელობის განვითარების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო ინსტანციაში, მოწინააღმდეგე მხარემ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 1 288,56 ლარის ოდენობით, ანაზღაურების თაობაზე იშუამდგომლა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო განსახილველი დავის სირთულის, მისი ხანგრძლივობისა და იმ სამართლებრივი მნიშვნელობის ქმედებების განხორციელების მხედველობაში მიღებით, რაც დავის ფარგლებში აპელანტების წარმომადგენლებმა განახორციელეს ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგანს 17 563 ლარი შეადგენდა (სააპელაციო ინსტანციაში გადაწყვეტილება 2583 ნაწილში გასაჩივრდა), ადვოკატის ხარჯი კი, მოპასუხეს მხოლოდ 100 ლარის ოდენობით აუნაზღაურდა მიიჩნევს, რომ პროპორციულობის პრინციპი არ უნდა დაირღვეს და განსახილველი შუამდგომლობა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მა----------ძეს შპს „ქ-------–ას“ სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 285 ლარის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს.

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. ამიტომ, სასამართლო ასკვნის, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც აპელანტმა მხარემ (თავდაპირველმა მოპასუხემ) ვერ გასწია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების, გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია 270 ლარი რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 386-ე 55-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მა----------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. მა----------ძეს შპს „ქ-------–ას“ სასარგებლოდ, სააპელაციო ინსტანციაში გაწეული საადვოკატო მომსახურების გაწევის საფასურის სახით, დაეკისროს 285 ლარის გადახდა;

 

4. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ალანია