განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002985224
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
საქმე №1ბ/1128-19 26 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ნ--ა შ--------ე (პირადი №5----------) დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ჭ-----------------–-------–-------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენით:
ნ--ა შ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.
ნ--ა შ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
ნ--ა შ--------ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 3 აპრილიდან 2019 წლის 6 ივნისის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვ---------------–ოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ----- ყ---–-----–---–მა და ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა - მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
მსჯავრდებულ ნ--ა შ--------ეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
ა-----------ე 2014 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ--ა შ--------ესთან, რომელთანაც ოფიციალურად განქორწინდა 2017 წლის ნოემბერში. 2018 წლის შემოდგომოდან ა-----------ეს და მის ყოფილ მეუღლეს ნ--ა შ--------ეს ჰქონდათ კონფლიქტური სიტუაცია, ვინაიდან ნ--ა შ--------ე მას სთხოვდა შერიგებას, რაზეც ა-----------ე უარს ეუბნებოდა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ნ--ა შ--------ემ ა-----------ეს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა როგორც პირადად, ისე შეტყობინებების გაგზავნის გზით და დაემუქრა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით. 2019 წლის 19 მარტს, დაახლოებით 06:33 საათზე ნ--ა შ--------ემ ბ---ა ო---ის მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- ქ. თ---–--–----------–-----------------------ში მყოფ ა-----------ეს ტელეფონის ნომერზე 5-------- გაუგზავნა შემდეგი შინაარსის მოკლე ტესტური შეტყობინება: ,,მ-----ის მანქანას ცოტა ბენზინი ასხია და დანიელი არ გაუშვა, ცოტაზე მეტიც.“ ა-----------ემ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, როგორც საკუთარი თავის, ასევე მამის მ----- ზ------ის მიმართ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნ--ა შ--------ის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ა-----------ის, მოწმეების მ----- ზ------ის, ბ---ა ო---ის, რ-------–----–---–ის, თ-------- ჯ-----–---–ის, ბ--ა ბ------–---ის, ლ-------–----ძის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტომასალით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით და ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ--ა შ--------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ--ა შ--------ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ--ა შ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს.
ნ--ა შ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედება ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატის აზრით ნ--ა შ--------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასჯელის განსაზღვრის დროს ზედმიწევნით სწორი შეფასება მიეცა მითითებულ გარემოებებს, გათვალისწინებული იქნა, რომ ნ--ა შ--------ე ქმედების ჩადენამდე არ იყო ნასამართლევი, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.
ამავე საფუძვლებზე მითითებით პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ ნ--ა შ--------ისთვის დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს. ბრალდების მხარე საჩივარში უთითებს, რომ ნ--ა შ--------ის მიერ განხორცილებული იქნა არა მხოლოდ სიტყვიერი მუქარა, არამედ იგი გამოიხატა ქმედებაშიც და სასჯელი არ არის სამართლიანი, ვინაიდან მსჯავრდებული დაზარალებულისთვის ,,საშიშროების შემცველია“.
პალატა კვლავ მიუთითებს, რომ განაჩენით დაგდენილი ქმედების ჩადენამდე მსჯავრდებული ნასამართლევი არ ყოფილა, აღიარა დანაშაული, არ გაუხდია მტკიცებულებები სადავოდ, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს, დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, რაც მიუთითებს მის მიმართ გამოყენებული სასჯელის საკმარის ეფექტურობაზე.
პალატა განმარტავს, რომ ნ--ა შ--------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული. კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით განსაზღვრა ალტერნატიული სასჯელები, რომლითაც საშუალება მისცა სასამართლოს, სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მისი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ და ისე დაუნიშნოს სასჯელი. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ--ა შ--------ეს აღნიშნული მუხლის სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან ყველაზე მკაცრი - თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პალატის აზრით დანიშნული სასჯელი არ არის ლმობიერი, როგორც ამას ბრალდების მხარე მიუთითებს და მისი მოსაზრება, რომ მსჯავრდებული დაზარალებულისთვის საშიშროების შემცველია, საფუძველს მოკლებულია. როგორც საქმის მასალებით დგინდება, დაზარალებული ა-----------ე შერიგებულია დაზარალებულთან და ნოტარიულად დადასტურებული განცხადება-შუამდგომლობით ითხოვს კანონით გავალისწინებული შეღავათების გავრცელებას ნ--ა შ--------ის მიმართ. ამიტომ სახეზე არ არის მომეტებული საფრთხე ინკრიმინირებული ქმედების მომავალშიც განმეორებისა და, აქედან გამომდინარე, დანაშაულის პრევენციის მიზნის მისაღწევად აუცილებელი არ არის უფრო მძიმე სასჯელის გამოყენება - პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მიჩნეული უნდა იქნას ჩადენილი დანაშაულის ქმედების პროპორციულად.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე განზრახი ან გაუფრთხილებელი დანაშაული, აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში ნ--ა შ--------ე არ არის წარსულში ნასამართლევი, ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რასაც აღიარებს და ინანიებს, არ გახადა სადავოდ მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს, არ გააჩნია სხვა დამამძიმებელი გარემოება. სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან განსაზღვრული აქვს ყველაზე მძიმე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვალა პირობით. კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ ნ--ა შ--------ის მიმართ გამოყენებული იქნას აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.
პალატა ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი რეალურად მოიხადა - იმყოფებოდა პატიმრობაში სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში - 2019 წლის 3 აპრილიდან 2019 წლის 6 ივნისის ჩათვლით. ამ ხნის მანძილზე მას საკმარისი დრო ჰქონდა, დაფიქრებულიყო თავისი ქმედების ხასიათზე, მის შეუთავსებლობაზე საზოგადოების ინტერესებთან და გამოეტანა სათანადო დასკვნები. ამასთან, მსჯავრდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედების ჩადენის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება თავისუფლების აღკეთის სახით დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდის საკითხი, ეს კი მიჩნეული უნდა იქნა საკმარის ეფექტურ შემაკავებელ ფაქტორად, რაც ასევე დაეხმარება მას, გააცნობიეროს თავისი ქმედების სიმძიმე და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნ--ა შ--------ისთვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. პალატა თვლის, რომ ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ წარმოადგენს საჭიროებას მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი ნ--ა შ--------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ვ---------------–ოს რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----- ყ---–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი ნ--ა შ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ნ--ა შ--------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 3 აპრილიდან 2019 წლის 6 ივნისის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.
მხედეველობაში იქნას მიღებული, რომ ნ--ა შ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღებული ანაწმენდის ნიმუში, საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, ნ--ა შ--------ის ნერწყვის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე