განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117001841528
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1608-19 22 მაისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი - ნანა ველიჯანაშვილი
აპელანტი – მ-----ა ზ---–-ილი
წარმომადგენელი – დ-------ი ნ-–--–-–-ილი
მოწინააღმდეგე მხარე – ვ------- უ----------–-ილი, გ------ი დ------–-ილი
თავდაპირველი მოპასუხე - დ----- ზ---–-ილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, შეგებებულ სარჩელში - ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელე ვ------- უ----------–-ილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ-----ა ზ---–-ილის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მის მიმართ 7374 ლარის დაკისრება მოითხოვა. თავის მხრივ, მ-----ა ზ---–-ილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეგებებული სარჩელი მოპასუხეების - ვ------- უ----------–-ილის, დ----- ზ---–-ილისა და გ------ი დ------–-ილის წინააღმდეგ შეიტანა და მათთვის 16 742 ლარის დაკისრება მოითხოვა (საიდანაც გადახდილი სარემონტო თანხაა - 10 800 ლარი, მიყენებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო თანხა 4847,21 ლარი, ბანკში გადახდილი პროცენტი 895 ლარი, ექსპერტიზის თანხა 400 ლარი)
2. თავდაპირველ სარჩელსა და შეგებებულ სარჩელში მოპასუხედ დასახელებულმა პირებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ვ------- უ----------–-ილის სარჩელი მოპასუხე მ-----ა ზ---–-ილის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მ-----ა ზ---–-ილს 1275,86 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. შეგებებული სარჩელის ავტორის მ-----ა ზ---–-ილის სარჩელი ვ------- უ----------–-ილის, დ----- ზ---–-ილისა და გ------ი დ------–-ილის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე დ----- ზ---–-ილის მოსარჩელე მ-----ა ზ---–-ილის სასარგებლოდ 16 342 ლარი ხოლო, მოპასუხე დ----- ზ---–-ილს მოსარჩელე მ-----ა ზ---–-ილის სასარგებლოდ 400 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ. მ-----ა ზ---–-ილს მოპასუხეების ვ------- უ----------–-ილისა და გ------ი დ------–-ილის მიმართ მოთხოვნის ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება მ-----ა ზ---–-ილმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, ვ------- უ----------–-ილის სასარგებლოდ 1275,86 ლარის დაკისრებისა და მოპასუხეებისთვის ზიანის აღმოსაფხვრელად 4 847,21 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მეორე პუნქტები) გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. ყ------ის რაიონის, დაბა ყ------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს მ-----ა ზ---–-ილი წარმოადგენს, უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - სამკვიდრო მოწმობა, დამოწმების თარიღი 16/07/2015 (ტომი I, ს.ფ. 20-21).
6. მ-----ა ზ---–-ილის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის, მდებარე ყ------ის რაიონის, დაბა ყ------ი, სარემონტო სამუშაოებს 2016 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში ვ------- უ----------–-ილი, გ------ი დ------–-ილთან ერთად ახორციელებდა (ტომი I, 393-439, მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები).
7. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა არ არსებობდა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მო პასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს.
მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური, ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს. მოცემულ შემთხვევაში, შინაარსობრივად მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებას ემსგავსება, რადგან მ-----ა ზ---–-ილის უძრავ ქონებაზე დ----- ზ---–-ილმა, ვ------- უ----------–-ილმა და გ------ი დ------–-ილმა სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს. თუმცა, განსახილველი დავის ფარგლებში ყურადღება უნდა მიექცეს „კონტრაჰენტთა“ ვინაობას. სარჩელზე თავდაპირველი მოპასუხე ვ------- უ----------–-ილი დასახელებულ მოპასუხეებთან ნათესაურ კავშირში მყოფ პირს წარმოადგენდა, კერძოდ, მ-----ა ზ---–-ილი დ----- ზ---–-ილის მამიდაა, რომელიც სადავო პერიოდში ვ------- უ----------–-ილის სიძე იყო (შვილის ქმარი). საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ დადასტურებულა, რომ მხარეთა შორის გაწეული სამსახურისთვის საზღაურის გარკვეული ოდენობით გადახდა შეთანხმდა, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის, სამართლებრივი დატვირთვით, ნარდობის სამართალურთიერთობა არ წარმოშობილა, მოწინააღმდეგე მხარეები, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, სიძეს სარემონტო სამუშაოებში ეხმარებოდნენ. ამასთან, სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას არაერთხელ აღინიშნა, რომ მ-----ა ზ---–-ილს გ------ი დ------–-ილთან და ვ------- უ----------–-ილთან მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ მოლაპარაკებები არ უწარმოებია, ის არცერთხელ არ შეხვედრია ხსენებულ პირებს, აღნიშნული სააპელაციო სასამართლოში თავად აპელანტმაც აღიარა. სადავო უძრავ ქონებაზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება დ----- ზ---–-ილმა განიზრახა, რისთვისაც დახმარება მის სიმამრს ვ------- უ----------–-ილს და ახლობელ გ------ი დ------–-ილს სთხოვა. დ----- ზ---–-ილმა იცოდა, რომ მისი სიმამრი არც ხელოსანი და არც მშენებელი არ იყო, შესაბამისად, მას სარემონტო სამუშაოების უნაკლოდ შესრულების გონივრული ვარაუდი არ და ვერ შეიძლება ჰქონოდა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ----- ზ---–-ილსა და მოწინააღმდეგე მხარეებად დასახელებულ პირებს შორის კიდეც რომ არსებულიყო სამართლებრივი ურთიერთობა (რაც სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი გარემოება არ არის და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მასზე იმსჯელოს), მ-----ა ზ---–-ილი ამ ურთიერთობის მონაწილე არ იყო, შესაბამისად, მ-----ა ზ---–-ილს მოწინააღმდეგე მხარეების მიმართ სახელშეკრულებო სამართლიდან გამომდინარე თანხის მოთხოვნას ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი, ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება და ამავე კოდექსის 409-ე მუხლით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობაში გამოკვლევით, მოდავე მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ------- უ----------–-ილისა და გ------ი დ------–-ილის ქმედებებში მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოხატული ბრალში არ იკვეთება, რაც დელიქტური სამართლიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას საფუძველს აცლის. ახლო ნათესაური კავშირი, რომელიც მოდავე მხარეებს ერთმანეთთან აკავშირებდათ, ქმნის პრეზუმფციას, რომ, როგორც დ----- ზ---–-ილმა, ასევე მ-----ა ზ---–-ილმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ, რომ ვ------- უ----------–-ილი პროფესიით მშენებელი/ხელოსანი არ იყო, შესაბამისად, სადავო ქონების მისი დახმარებით გარემონტების დროს არ შეიძლება ჰქონოდათ გონივრული მოლოდინი იმისა, რომ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები უნაკლო იქნებოდა. საქმის მასალებით კი ვ------- უ----------–-ილის ანდა გ------ი დ------–-ილის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქედების ჩადენა, რამაც მ-----ა ზ---–-ილისათვის ზიანის ანაზღაურება გამოიწვია, საქმის მასალებით არ დასტურდება.
შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ-----ა ზ---–-ილის შეგებებული სარჩელი ვ------- უ----------–-ილისა და გ------ი დ------–-ილის მიმართ ფულადი თანხის დაკისრების ნაწილში, მართებულად არ დააკმაყოფილა.
8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მ-----ა ზ---–-ილისთვის ვ------- უ----------–-ილის სასარგებლოდ 1275,86 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არსებობდა.
ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სადავო გადაწყვეტილება მ-----ა ზ---–-ილის მიერ იმ ნაწილშია გასაჩივრებული, რომლითაც მას ვ------- უ----------–-ილის მიმართ თუნუქის ფურცლების ღირებულება 1275,86 ლარი დაეკისრა.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
საქმის მასალებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან დგინდება, რომ თუნუქის ფურცლები, რომლითაც მ-----ა ზ---–-ილის უძრავი ქონება გადაიხურა, ვ------- უ----------–-ილის ოჯახს მუნიციპალიტეტმა გადასცა. აპელანტი მხარე სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით სადავო სახლზე მეორადი თუნუქის ფილების დაგების ფაქტი დადგინდა, რაც მოსარჩელისთვის მათი ღირებულების ანაზღაურებას გამორიცხავდა. აღნიშნულ გარემოებას სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ საქმის მასალებში არცერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომელიც სადავო სახლზე სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე არსებულ მდგომარეობას გვაჩვენებდა, საქმის მასალებით მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებაა გამოკვეთილი, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროს სადავო ქონება უკვე თუნუქის ფილებით იყო გადახურული. ვინაიდან არც აპელანტი მხარე უარყოფს ვ------- უ----------–-ილის მიერ სადავო ფილების მიტანისა და სახურავზე განთავსების ფაქტს, იქმნება პრეზუმფცია, რომ სარემონტოდ სწორედ ის ფილები იქნა გამოყენებული, რაც ვ------- უ----------–-ილს მუნიციპალიტეტის მიერ გადაეცა. აღნიშნული პრეზუმფციის გასაქარწყლებლად ვერ გამოდგება მარტოოდენ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ის გარემოება, რომ თუნუქის ფილები მეორადი იყო. უპირველესად პალატა მიუთითებს, რომ მეორადი პროდუქტი თავისთავად გამოუსადეგარს/უვარგისს არ ნიშნავს. დღესდღეობით საქართველოში სხვადასხვა მეორადი საყოფაცხოვრებო, თუ სარემონტო მასალები გამოიყენება, რაც მათი გამოყენებით განხორციელებულ შესრულებას ავტომატურად ნაკლის მქონედ ვერ აქცევს. საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება და ვერც აპელანტმა მიუთითა, მოხდა თუ არა სახურავის აყრა/გამოცვლა, ასრულებდა თუ არა იგი სახურავის დანიშნულებას ან, დღეის მდგომარეობით იგივე ფილებია, თუ არა სახურავზე დაგებული და ა. შ. და ასე შემდეგ, ამგვარი მტკიცების არარსებობის პირობებში კი პალატა მიიჩნევს, რომ შესრულების მიღება, თუნდაც ის ნაკლიანი ყოფილიყო, აპელანტის მიერ მოხდა, არაჯეროვანი შესრულების გამოსწორების ან/და უკან დაბრუნების თაობაზე აპელანტს შედავება არ განუხორციელებია, ამიტომ სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საქალაქო სასამართლოს მიერ მართებულად დაკმაყოფილდა.
9. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამათლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის თანაბრად გადანაწილების საფუძველზე, აპელანტს ვ------- უ----------–-ილის თუნუქის ფილებით სახლის გადახურვის გამომრიცხავი ან და ის გარემოებები უნდა ემტკიცებინა, რომ ფილების არასათანადო ხარისხის გამო მის მიღებაზე უარი განაცხადა, ასევე მასვე ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი მასზედ, რომ მოწინააღმდეგედ დასახელებული პირებისთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა. აღნიშნულის სამტკიცებლად არ გამოდგება აპელანტის მტკიცება, რომ სახურავის გადასახურად გამოყენებული თუნუქი მეორადი იყო ან/და ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარეებად დასახელებული პირები აპელანტის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რემონტს ახორციელებდნენ, ვინაიდან არცერთი მტკიცებულებით მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა ან/და განზრახ ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის სრული, ობიექტური და სამართლიანი გამოკვლევის შედეგად პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსი საფუძვლიანად შეისწავლა, სწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის, არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს. საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, კი თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, დავის საგნის ფასი 4 000 ლარით განისაზღვრება. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, რადგან მ-----ა ზ---–-ილის სააპელაციო საჩივარზე ი---------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟი 180 ლარის ოდენობით, იქნა გადახდილი, ამიტომ, საქმეზე 2019 წლის 04 მარტს, სს „თიბისი ბანკის“ მეშვეობით, №0 საგადასახადო დავალებით, სახელმწიფო ხაზინაში, ბანკის კოდით TBCBGE22, სახაზინო კოდით 300773150, აპელანტი მ-----ა ზ---–-ილის სახელით ი---------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 180 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 90 ლარი მ-----ა ზ---–-ილს უკან უნდა დაუბრუნდეს, ხოლო დარჩენილი 90 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე, ასევე,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ-----ა ზ---–-ილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საქმეზე 2019 წლის 04 მარტს, სს „თიბისი ბანკის“ მეშვეობით, №0 საგადასახადო დავალებით, სახელმწიფო ხაზინაში, ბანკის კოდით TBCBGE22, სახაზინო კოდით 300773150, აპელანტი მ-----ა ზ---–-ილის სახელით ი---------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 180 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 90 ლარი მ-----ა ზ---–-ილს უკან დაუბრუნდეს, ხოლო აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩენილ ნაწილში ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი