განაჩენი

სისხლის სამართლის 29.07.2019
საქმის ნომერი
330100119002911414
ინსტანცია
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119002911414

საქმე №1ბ/1196-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ძ---–-------–---ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N------------) - გ------- მ------ს ძე მ-------ის (დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ-------–---------------------------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------------------------------------------- -ში) მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გ------- მ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2013 წლის 27 სექტემბრიდან გ------- მ-------ე და მ--- მ–-----–---–- იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ჰყავთ ერთი საერთო შვილი 2016 წელს დაბადებული ლ---- მ-------ე. 2018 წლის 25 მაისიდან დაზარალებული მ--- მ–-----–---–- მუშაობს, თბილისში, კ------------------------------–--------–-–--------–ი“ მ-------ს თანამდებობაზე, რის გამოც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე გ------- მ-------ე ეჭვიანობის ნიადაგზე უშლის სამსახურში სიარულს, მუშაობას და ასევე უკრძალავს სახლიდან გასვლას. 2019 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისში, კ------------------------------–--------–-–--------–ი“, გ------- მ-------ე, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაზარალებულ მ--- მ–-----–---–ს, სწვდა ყელის არეში ტანსაცმელზე, შეაჯანჯღარა და დაემუქრა. დაზარალებულ მ--- მ–-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან თანაცხოვრების პერიოდში გ------- მ-------ე სისტემატურად ძალადობდა მასზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით:

 

გ------- მ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძ---–-------–---ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-------------–მა, აპელანტმა ითხოვა გ------- მ-------ის მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება გ------- მ-------ის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტი, დაზარალებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა, არ უნდა გახდეს გ------- მ-------ის გამართლების ერთერთი საფუძველი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ძ---–-------–---ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-------------–ის სააპელაციო საჩივრის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გამამრთლებელი განაჩენი გ------- მ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უდაოდ ცნობილ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით გ------- მ-------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ------- მ-------ის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ვერ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებამდე პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს გ------- მ-------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე, როგორც უდავო მტკიცებულებაზე, გარდა დაზარალებულ მ--- მ–-----–---–-ს ჩვენებისა, რამაც პრეიუდიციული შინაარსი შეიძინა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. პალატას მიაჩნია, რომ გ------- მ-------ის მიმართ ვერ გამოიკვეთა ბრალის დადგენილებაში მითითებული გარემოებები, მის მიერ მ--- მ–-----–---–-ს მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე. საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რაც პირდაპირ დაადასტურებდა აღნიშნული ქმედების ბრალდებულის მიერ განხორციელებას. მით უფრო იმის გათვალისწინებითაც, რომ მ--- მ–-----–---–მა უარი განაცხადა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე და მისი პოზიციის დაფიქსირების გარეშე შეუძლებელია მტკიცება იმისა, თუ რამდენად რეალურად აღიქვა მუქარა დაზარალებულმა. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, მუქარის დადასტურების თვალსაზრისით პალატა ვერ გაიზირებს მოწმე თ-------- ხ-----------------ს ჩვენებას : „შევამჩნიე მ---ს მეუღლის მიერ მ---ს ტანსაცმელზე, მკერდის არეში, მოქაჩვის ფაქტი“, რადგან შემთხვევის ადგილას მყოფი მოწმის მიერ გადმოცემული ინფორმაცია, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტის გათვალისწინებით, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში არ ქმნის გ------- მ-------ისათვის წარდგენილი ბრალდების დამტკიცების საფუძვლებს.

 

მოცემულ შემთხვევაში აპელანტი უთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დადგენილია გ------- მ-------ის მიერ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის განხორციელების ფაქტი, რაც პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდების მხარე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს ედავება დაზარალებულ მ--- მ–-----–---–-ს მიმართ, დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად მისეული აღქმის გასააზრებლად, თუ რამდენად რეალურად აღიქვა მან მუქარა, მისი პოზიციის დაფიქსირების გარეშე, შეუძლებელია. მოცემული გარემოებების გაანალიზებით ნათელია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით პალატისთვის არ მომხდარა მუქარის ბრალდებით პირის ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რადგან არ არის დადგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი გარემოება, გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში იმას ვისაც ემუქრებოდა გ------- მ-------ე. უდაოდ ცნობილი მტკიცებულებათა შეჯერების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლიოს საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ------- მ-------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული არგუმენტებზე, კერძოდ დაზარალებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა არ მისცეს მისი ახლო ნათესავის მიმართ დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენება, არ უნდა გახდეს გ------- მ-------ის გამართლების საფუძველი და დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მუქარის ნორმატიულ ბუნებას, კერძოდ ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. აღნიშნულის დადასტურება პირდაპირ შესაბამისობაში მოდის დანაშაულის შემადგენლობის - სავალდებულო ელემენტების დადასტურებასთან, რომელიც დატვირთულია კუმულატიური პირობის ელემენტებით. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმზე, როგორიც არის დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა. მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება, გარდა დაზარალებულის განცდისა, შეუძლებელია სხვა მტკიცებულებებით დადგინდეს, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

 

აპელანტი საპელაციო საჩივარში უთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის და პრევეციის აღკვეთის შესახებ ევროსაბჭოს ე.წ „სტამბოლის კონვენციას“ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეებს Opuz v. Turkey, Kontrova v. Slovakia, Durmaz v. Turkey, Civek v. Turkey, რომელთა სახელმძღვანელო პრინციპები სწორედ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე მიუთითებს - დაიცვას მსხვერპლი ძალადობისგან, ასევე მნიშვნელოვანია ძალადობის ყველა სახის არსებობისას მართლმსაჯულების ხელმისაწვდოობის უზრუნველყოფა, თუმცა პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის მე–31 მუხლის მე–7 ნაწილის ჩანაწერზე კერძოდ, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზ------------- საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:

 

„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.

 

პალატას ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია ბრალდების მხარის არგუმენტები იმასთან მიმართებით თითქოსდა წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია გამართლებული გ------- მ-------ის მიერ მ--- მ–-----–---–-ს მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი. როგორც ზემოთ აღინიშნა დაზარალებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მისცა ჩვენება მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უდაოდ ცნობილი მტკიცებულებები არ სცემენ პასუხს იმ გარემოებაზე დაზარალებულმა აღიქვა თუ არა მუქარა რეალურად, ადგილი ჰქონდა თუ არა მუქარის განხორციელებას, შესაბამისად არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ძ---–-------–---ს რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გამამართლებელი განაჩენი გ------- მ-------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ძ---–-------–---ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-------------–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი გ------- მ-------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი:

 

გ------- მ-------ე (-------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

გ------- მ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

 

განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ხვიჩა კიკილაშვილი