განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1080-19
N330310018002694803
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მირანდა ერემაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ------ ც-------ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ------ ც-------ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 4 ოქტომბრის N0--------- ბრძანება; დაევალა მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ლ------ ც-------ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე (საცხოვრებელი ფართის შესყიდვა).
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. ლ------ ც-------ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ლ------ ც-------ას დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს სამეგრელო-ზემო სვანეთი, ჩ-------–---, სოფელი მ-------ი (ს.ფ. 20).
1.2.2. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ჩ-------–---ს რაიონის, სოფელ მ-------–- არსებული 2820,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა განაშენიანების ფართით N1---- კვ.მ, 2013 წლის 28 იანვრის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ------ ც-------ას სახელზე.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ჩ-------–---ს რაიონის, სოფელ მ-------–- არსებული 2820,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა განაშენიანების ფართით N1---- კვ.მ, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების (დამოწმების თარიღი 11.02.2013) საფუძველზე, 2013 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ------ა ფ-------ს სახელზე (ს.ფ. 111-113).
1.2.3. 2017 წლის 27 ივლისს, ლ------ ც-------ამ განცხადებით (კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადი) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და გრძელვადიანი განსახლებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) ყიდვის ღონისძიებების განხორციელება მოითხოვა. განცხადებაში ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ჩ-------–---, სოფელი მ-------ი, ლ---- ც-------ას სახლი. სასურველი საცხოვრებელი სახლის (სახლი/ბინა) მდებარეობა/სასურველი განსახლების რეგიონი/რაიონია: ჩ-------–---.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ლ------ ც-------ამ შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით ლ------ ც-------ამ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა ჩ-------–---, სოფელი მ-------ი, ლ---- ც-------ას სახლი; ლ------ ც-------ა ოჯახის ერთადერთი წევრია; ლ------ ც-------ა პენსიონერია და მას უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია; ლ------ ც-------ას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სარგებლობაში არ გააჩნია; მისი ოჯახი იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში; ოჯახის სარეიტინგო ქულა 100001-ზე ნაკლებია; ლ------ ც-------ა ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე; ლ------ ც-------ას ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს საკუთრებაში სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია; ლ------ ც-------ას საცხოვრებელი არ არის ნგრევადი და გარემოს არ აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა.
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, შემოწმდა ლ------ ც-------ას საცხოვრებელი პირობები მისამართზე, ჩ-------–---, სოფელი მ-------ი; შევსებულ იქნა მონიტორინგის ფორმა და აღნიშნულის შესაბამისად, შედგა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ ლ------ ც-------ა ოჯახის ერთადერთი წევრია; მისი შემოსავლის წყაროა დევნილის დახმარება - 45 ლარი და ასაკობრივი პენსია 180 ლარი, სულ 225 ლარი; ლ------ ც-------ას საცხოვრებელი ფართის ამჟამინდელი მესაკუთრეა მისი ძმისშვილი ლ---- ც-------ა, რომელიც ცხოვრობს მ-------–-, ცალკე სახლში; სოციალურად დაუცველთა ბაზაში ფიქსირდება 80 890 ქულით; ლ------ ც-------ა საცხოვრებელ ფართს ითხოვს ჩ-------–---ს რაიონის სოფელ მ-------–-; ლ------ ც-------ა არ ყოფილა დაოჯახებული; მონიტორინგის მისამართზე (მამაპაპისეული სახლი) 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქირის გარეშე. საკუთრება, რომელიც ლ------ ც-------ას სახელზე იყო რეგისტრირებული სოფელ მ-------–- იყიდა მისმა ძმამ ნ---- ც-------ამ. ვინაიდან იგი იმყოფებოდა რუსეთში, ჩ-------–---ს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა რამდენიმე წლის წინ სახლი თვითნებურად მიაწერეს ლ------ ც-------ას. ლ------ ც-------ამ შეავსო განცხადება ფართის შესყიდვაზე და საკუთრება გადაუფორმა დას - მ------ა ფ-------ს.
2017 წლის 28 ივლისის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ ლ------ ც-------ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: ჩ-------–---ს რაიონი, სოფელი მ-------ი. სარეიტინგო ქულა - 80 890 (ქულის მინიჭების თარიღი 12.05.2017 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 12.04.2017 წელი).
ლ------ ც-------ას სოციალური კრიტერიუმის მიხედვით მიენიჭა 2,5 ქულა (ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრება 1,5 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელი 1 ქულა); კრიტერიუმი - მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; სულ 3,5 ქულა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2018 წლის 15 მაისს განხილულ იქნა ლ------ ც-------ას განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით ლ------ ც-------ას მიენიჭა 3,5 ქულა და უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე, ვინაიდან ამ ეტაპზე განსახლება არ წარმოადგენდა გადაუდებელ საჭიროებას მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრების გამო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 4 ოქტომბრის N0--------- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების (,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 15 მაისის N18 ოქმის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, ლ------ ც-------ას ოჯახს, ამ ეტაპზე უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. (ს.ფ. 92-110; 114; 117-121; 123;136-138).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 4 ოქტომბრის N0--------- ბრძანება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.
1.3.2. სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე ლ------ ც-------ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მიმართაც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ასევე, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ლ------ ც-------ას საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ჩ-------–---ს რაიონის სოფელი მ-------ი. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
1.3.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის დევნილი ოჯახი − განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის – ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.
სასამართლომ განმარტა, რომ დევნილი ოჯახისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის პროცედურას ითვალისწინებს „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ხოლო მე-6 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.
ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2018 წლის 15 მაისს განხილულ იქნა ლ------ ც-------ას განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით ლ------ ც-------ას მიენიჭა 3,5 ქულა და უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე, ვინაიდან ამ ეტაპზე განსახლება არ წარმოადგენდა გადაუდებელ საჭიროებას მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრების გამო (ჩ-------–---ს რაიონი, სოფელი მ-------ი).
სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №6 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №7 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ხოლო №7 დანართის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში: ა) 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – 3 ქულა; ბ) 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით – 2,5 ქულა; გ) 57001-60000 შორის სარეიტინგო ქულით – 2 ქულა; დ) 60001-65000 შორის სარეიტინგო ქულით – 1,5 ქულა; ე) 100001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – 1 ქულა. ასევე, ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთ-ერთი კომპონენტია დევნილ ოჯახში ასაკით პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო ან ოჯახი, რომელის წევრთა ნახევარზე მეტი არის ასაკით პენსიონერია.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ლ------ ც-------ა ოჯახის ერთადერთი წევრია; იგი პენსიონერია და უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია; ლ------ ც-------ას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სარგებლობაში არ გააჩნია; მისი ოჯახი იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში და ოჯახის სარეიტინგო ქულა 100001-ზე ნაკლებია; ლ------ ც-------ა ცხოვრობს ნათესავის ბინაში ქირის გარეშე; ლ------ ც-------ას ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს საკუთრებაში სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.
ამდენად, სასამართლოს განმარტებით, სამინისტროს მიერ საკითხის გამოკვლევისას შედგენილი კითხვარით, გადამოწმების ოქმითა და საქმის სხვა მასალებით დადასტურდა ის გარემოება, რომ ლ------ ც-------ას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე ცხოვრობს ჩ-------–---ში, სოფელ მ-------–- და სარგებლობს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. შესაბამისად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მოსარჩელისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე უარის თქმის შესახებ, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის საფუძვლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც გამოცემული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.
1.3.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, ასევე არ შეასრულა ვალდებულება საკითხი გადაეწყვიტა არა სხვა ბინით სარგებლობის შესაძლებლობის, არამედ განსახლებისათვის აუცილებელი გარემოებების გათვალისწინებით. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ამ ეტაპზე სარგებლობს ნათესავის საკუთრებით, არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 4 ოქტომბრის N0--------- ბრძანება ლ------ ც-------ას განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
1.3.5. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 4 ოქტომბრის N0--------- ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ლ------ ც-------ას ოჯახი გრძელვადიანი განსახლების მიზნით დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით (საცხოვრებელი ფართის შესყიდვა).
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და არასწორად განმარტა მთელი რიგი ნორმები, რამაც ერთობლიობაში გამოიწვია უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა ის. სარჩელის მოთხოვნას წარმაოდგენდა სააგენტოს სადავო აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება, რომლითაც მოსარჩელეს გამოეყოფოდა საცხოვრებელი ფართი. სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებული აქვს ის გარემოება, რომ მოსარჩელე საკუთრებაში არ ფლობს საცხოვრებელ ფართს, რომ მას უწევს სხვის კუთვნილ საცხოვრებელში ცხოვრება და ეს გარემოება არ გამორიცხავს მის უფლებას, როგორც დევნილმა, სახელმწიფოსაგან მიიღოს საცხოვრებელი ფართი. აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობა არ შეესაბამება საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებას, ასევე არ შეესაბამება ლ. ც-------ასთან მიმართებით სააგენტოს პოზიციას და სახელმწიფოს მიდგომას საკითხთან მიმართებით, რომელიც გაწერილია მოქმედ კანონმდებლობაში. სააგენტო მოსარჩელესთან მიმართებით არცერთ შემთხვევაში არ უთითებს და არ მოიაზრებს, რომ მას რაიმე გარემოებების გამო, არ აქვს უფლება სახელმწიფოსაგან, როგორც დევნილმა პირმა, მიიღოს საცხოვრებელი ფართი. მოცემულ შემთხვევაში, საკითხი დგას სხვაგვარად: ვინაიდან მოსარჩელეს ფაქტიურად შეუზღუდავად მიუწვდება ხელი მამა-პაპისეული საცხოვრებლით სარგებლობაზე (იმავე სოფელში, სადაც სხვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვს), ის ამ ეტაპზე არ დგას გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის ეტაპზე და როგორც ამ კატეგორიის სხვა დევნილი ოჯახები, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან მოგვიანებით, სხვა ეტაპზე. მოცემულ ეტაპზე, სახელმწიფოს მიდგომის თანახმად, უნდა დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომლებიც ყველაზე უფრო მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან და ხელი არ მიუწვდებათ არანაირ საცხოვრებელზე.
აპელანტის განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საცხოვრებელი ფართებით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახების რაოდენობიდან გამომდინარე, შეუძლებელია სახელმწიფომ ყველ მათგანი მყისიერად ან ძალიან მოკლე პერიოდში დააკმაყოფილოს, მოქმედი ნორმატივებით დადგინდა რიგითობა დევნილი ოჯახების საცხოვრებლებით დაკმაყოფილებისა. აღნიშნული რიგითობა ემყარება პრინციპს, რომ პირველ რიგში დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი არანაირ საცხოვრებელზე, ხოლო შემდეგ ეტაპზე კი ის ოჯახები, რომლებსაც ამჟამად ხელი მიუწვდებათ საცხოვრებელზე. ეს პრინციპები გაწერილია მოქმედ კანონმდებლობაში და გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება აღნიშნულს.
დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის N240 განკარგულებით დამტკიცებული "იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის" და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული "დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის" შესაბამისად. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
"იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის" დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის N240 განკარგულების 2.1.11 პუნქტის თანახმად, იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება განიხილება ბოლო ეტაპზე და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. მოქმედი ნორმა, გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას და აღნიშნულით სურს, პირველ რიგში მოახდინოს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომლებსაც არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ - რათა უწინარესად მოხდეს ყველაზე უფროს შეჭირვებული დევნილების თავშესაფრით დაკმაყოფილება. ცხადია, ეს ნორმა არაფრით არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ეს ვალდებულება ცხადია ძალაში რჩება მათთან მიმართებითაც, ვისაც რაიმე ალტერნატიული საცხოვრებელი და თავშესაფარი გააჩნია. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმაში შეტანილი ინფორმაციის (მონიტორინგის ფორმის „პ“ პუნქტი) თანახმად, სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე (ჩ-------–---, სოფელი მ-------ი). ვიზიტის დროს დადგინდა, რომ მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი არის კერძო საცხოვრებელი სახლი, საცხოვრებლად სრულიად ვარგისი და გამართული. მოსარჩელის განმარტებით დადგინდა, რომ სახლი წარმოადგენს მოსარჩელის მამა-პაპისეულ სახლს, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 1993 წლიდან (მარტო), ყოველგვარი ქირის ან სხვა რაიმე სახის გადასახადის გარეშე. სახლი დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში აღრიცხული არ არის. მის დედ-მამიშვილებს გააჩნიათ ცალკე საცხოვრებლები. აღნიშნული ინფორმაციის სისწორე დადასტურებულია აპლიკანტის (მოსარჩელის) ხელმოწერით. შესაბამისად, ფაქტიური მდგომარებით, მოსარჩელის ოჯახი შეუზღუდავად, ყოველგვარი სამართლებრივი ან ფაქტობრივი დამაბრკოლებელი გარემოების გარეშე სარგებლობს აღნიშნული საცხოვრებლით. ამასთან, რამდენადაც უძრავი ქონება წარმოადგენს მოსარჩელის აწგარდაცვლილი მშობლების საკუთრებას, არსებობს რეალური სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რომ მან საცხოვრებელზე მოიპოვოს საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომლის რეალიზებასაც არ ახდენს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
აპელანტის განმარტებით, იძულებით გადაადგილებული პირის - ლ------ ც-------ას საკითხის შესწავლის შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ მას ხელი მიუწვდებოდა ალტერნატიულ საცხოვრებელზე - მამაპაპეულ სახლზე, რომელიც ფაქტიურად ოჯახის საკუთრებაა და შეუზღუდავად შეუძლია ამ საცხოვრებლით სარგებლობა (აღნიშნული სახლი მოსარჩელის საკუთრებად იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და მოგვიანებით გადაფორმდა ძმის საკუთრებად). ამასთან, ის გარკვეული გარემოებების გამო არ სარგებლობს რა აღნიშნული საცხოვრებლით, სარგებლობს და ცხოვრობს უახლოესი ნათესავის - ძმისშვილის საკუთრებაში არსებულ (იმავე სოფელში) საცხოვრებელ სახლში (ძმისშვილი ცხოვრობს ასევე მის საკუთრებაში არსებულ სხვა საცხოვრებელში. შესაბამისად, მოსარჩელეს შეუზღუდავად მიუწვდება ხელი საცხოვრებელზე და პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და მსჯელობა, რომ მოსარჩელეს დაუყოვნებლივ ესაჭიროება საკუთარი საცხოვრებელი და თანაც ასევე იმავე სოფელში - ყოველგვარი სამართლიანობის, კანონიერების და არგუმენტირებულობის ფარგლებს სცილდება.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601, 96-ე, 53-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან გამომდინარე, სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია (მათ შორის, მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ინფორმაცია, ასევე ოჯახის იმ წევრთა შესახებ ინფორმაცია, რომლებიც სხვა მისამართებზე ცხოვრობენ) და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო. შესაბამისად, სამინისტროს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, მიიჩნევს, რომ იგი უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი №1). აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახი განმარტებულია, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
მითითებული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის ინფორმაციის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 15.05.2018წ. განიხილა ლ------ ც-------ას განაცხადი, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით ლ------ ც-------ას მიენიჭა 3,5 ქულა და უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ საკითხის განხილვის ეტაპზე მოსარჩელის განსახლება არ წარმოადგენდა გადაუდებელ საჭიროებას, მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრების გამო (ჩ-------–---ს რაიონი, სოფელი მ-------ი).
სააპელაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ ლ------ ც-------ა ოჯახის ერთადერთი წევრია, იგი პენსიონერია და უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია, ასევე სარგებლობაში არ გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მისი ოჯახი იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში და ოჯახის სარეიტინგო ქულა 100001-ზე ნაკლებია, ლ------ ც-------ა ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ქირის გარეშე, მას ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს საკუთრებაში სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, მოცემულ ეტაპზე იქნეს განსახლებულ ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. სამინისტრომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელეს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოების პროცედურა, ასევე არ შეასრულა ვალდებულება საკითხი გადაეწყვიტა არა სხვა ბინით სარგებლობის შესაძლებლობის, არამედ განსახლებისათვის აუცილებელი გარემოებების გათვალისწინებით. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ამ ეტაპზე სარგებლობს ნათესავის საკუთრებით, არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სადავო 2018 წლის 4 ოქტომბრის N0--------- ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აღნიშნული ბრძანება და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ლ------ ც-------ას ოჯახი, გრძელვადიანი განსახლების მიზნით, დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით (საცხოვრებელი ფართის შესყიდვა).
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე