განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310116001293541 (საქმე №3ბ/678-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ბმა ,,ყ-------- ჩ--ი“’;
წარმომადგენელი/თავმჯდომარე - ხ------------–---–ი;
წარმომადგენელი - გ----------------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - თ---------------–---–ი;
მესამე პირი - ბმა ,,ლ--------------------ე“;
წარმომადგენელი - ა-–---------------–--ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა:
1.1. ბმა ,,ყ-------- ჩ--ი“’ ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ბმა ”ყ-------- ჩ--ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა საქმეზე თბილისის საქალაქო საამართლოს 2016 წლის 25 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოების აკრძალვის თაობაზე.
2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
თბილისში, ყ-------- ქუჩა N4/2-ში (ე-----–--------–---–ის ქუჩა N4-ში) მდებარე 401 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა - ნაგებობა ტექნიკურ ინვენტარიზაციის ბიუროში 1940 წლიდან აღირიცხა (N0----- სააღრიცხვო ბარათი). აღნიშნული სახლის მფლობელებზე პრივატიზება 1992 წლიდან, ხოლო საჯარო რეესტრის მიერ მისი პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2006 წელს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა-დახასიათება (ტომი 1, ს.ფ. 186-187);
- სააღრიცხვო ბართი, გენ.გეგმა (ტომი 1, ს.ფ. 190-198, 226);
- სარეგისტრაციო ბარათი, საინვენტარიზაციო გეგმა (ტომი 1, ს.ფ. 112, 116-117, 119);
- რეესტრის ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ. 121).
თბილისში, ყ-------- ქუჩა N4/2-ში (ე-----–--------–---–ის ქუჩა N4-ში) მდებარე 401 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა - ნაგებობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ლ--------------------ე“ 2014 წლის 10 დეკემბერს დაფუძნდა და ამხანაგობის თავჯდომარედ არჩეული იქნა მ----- ფ--–-----ი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფუძნების კრების ოქმი N1 (ტომი 1, ს.ფ. 38-39);
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი (ტომი 1, ს.ფ. 44).
2016 წლის 25 თებერვალს ბმა-ს „ლ--------------------ე“ თავმჯდომარე მ----- ფ--–-----მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა ქალაქ თბილისში, ყ-------- ქუჩა N4-ში (ტ----–---–ის ქუჩა N4-ში) მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემა. განცხადებას თან ერთვოდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მისი ელ. ვერსია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, დამფუძნებელი კრების ოქმი (დამოწმებული ასლი) და ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი (დამოწმებული ასლი). წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის (მომზადებული შპს ,,რ--------------------ის“ მიერ 2016 წლის 25 თებერვალს) მიხედვით, დასარეგისტრირებელი, ქ.თბილისში, ტ----–---–ის ქუჩა N4-ში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართი 395 კვ.მ-ით იყო დაფიქსირებული.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება და თანდართული დოკუმენტები (ტომი 1, ს.ფ. 33-48);
- განცხადების მიღების ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 156-157).
2016 წლის 25 თებერვლის განცხადებით მოთხოვნილ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, 2016 წლის 26 თებერვალს მ----- ფ--–-----მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დამატებით წარუდგინა ქ. თბილისში, ყ-------- ქუჩა N4/2-ში (ტ----–---–ის ქუჩა N4) მდებარე ნაკვეთზე 2009 წლის 18 აგვისტოს მომზადებული საინვენტარიზაციო გეგმა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადების მიღების ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 160).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 29 თებერვლის N8-------------- გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, ყ-------- ქუჩა N4-ში (ტ----–---–ის ქუჩა N4) უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია განხორციელდა ფართობისა და საზღვრების დაზუსტებით განმცხადებლის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტების მიხედვით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება, საკადასტრო გეგმა (ტომი 1, ს.ფ. 18, 19);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტომი 2, ს.ფ. 103 105).
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩია, რომ სადავო გადაწყვეტილებით ბმა-ს „ლ--------------------ე“ კუთვნილი ნაკვეთის საზღვრები ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით დარეგისტრირდა (პუნქტები 3.1.-3.6), მოსარჩელეს კი აღნიშნული რეგისტრაციის უსაფუძვლობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბმა „ყ-------- ჩ--ის“ კუთვნილი მრავალბინიანი სახლი ყ-------- ჩ--ი N4-ში მდებარეობს, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით, სახლთმფლობაზე 538 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყო გამოყოფილი, თუმცა სახლს თავისუფალი ნაკვეთი სადავო გადაწყვეტილებით დარეგისტრირებული ნაკვეთის მხარეს არ ჰქონია, არამედ საპირისპირო მხარეს გააჩნდა (ცნობა-დახასიათება, გენ-გეგმა - ტომი 1, ს.ფ. 62, 63, საინვეტარიზაციო გეგმა - ტომი 1, ს.ფ. 60, რეესტრის ამონაწერი - ტომი 2, ს.ფ. 83, 85, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი - ტომი 1, ს.ფ, 29). ბმა „ყ-------- ჩ--ს“, მართალია, წითელი ხაზები სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 1 ივლისის N1------ ბრძანებით ბმა-ს „ლ--------------------ე“ ნაკვეთის მხარეს დაუდგინდა, (ტომი 1, ს.ფ. 22), თუმცა, როგორც აღინიშნა, უფლების დამდგენი დოკუმენტებით არ დადასტურდა შესაბამის ნაკვეთზე „ყ-------- ჩ--ის“ საკუთრების უფლება, რაც სასამართლოს განმარტებით შეიძლებოდა, ბმა-ს „ლ--------------------ე“ უფლების გამომრიცხავი გარემოება გამხდარიყო.
2016 წლის 16 მარტს ბმა ,,ყ-------- ჩ--ის“ წარმომადგენელმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს N8----------- განცხადებით, რომლითაც ქალაქ თბილისში, ე-----–--------–---–ის ჩ--ი N4-ში მდებარე მიწის ნაკვეთის წითელი ხაზების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია, სსიპ ქ.თბილისის მუციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 1 ივლისის N1------ ბრძანება და ამხანაგობის კრების ოქმები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება და თანდართული დოკუმენტები (ტომი 1, ს.ფ. 164 -172);
- განცხადების მიღების ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 173 174).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 21 მარტის N8------------03 გადაწყვეტილებით, ბმა ,,ყ-------- ჩ--ის“ N8----------- განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. კერძოდ, განმცხადებელს მიეთითა, რომ განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე, N0--------------- უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. განმცხადებელს განემარტა, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დამდგენი დოკუმენტაცია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი გარემოების ამსახველი ნახაზი (ტომი 1, ს.ფ. 179);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 21 მარტის N8------------03 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 31);
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 21 მარტის N8------------04 გადაწყვეტილებით, ბმა „ყ-------- ჩ--ის“ N8----------- განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება სიტუაციური ნახაზის საქმეზე მიბმის გამო, 2016 წლის 24 მარტის N8------------05 გადაწყვეტილებით კი კვლავ შეჩერდა მიწის ნაკვეთის საზღვრების დამდგენი კორექტირებული დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 24 მარტის N8------------04 და N8------------05 გადაწყვეტილებები (ტომი 1, ს.ფ. 176, 177-178).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 3 მაისის N8------------06 გადაწყვეტილებით, ბმა ,,ყ-------- ჩ--ის“ განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა კორექტირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დამდგენი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 3 მაისის N8------------06 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 278).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილებების შინაარსიდან გამომდინარე, მათი კანონიერება უნდა იქნეს შეფასებული იმ გარემოებების გამოკვლევით, თუ რამდენად გააჩნდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ. თბილისში, ტ----–---–ის ქუაჩა N4-ში მდებარე უძრავ ნივთზე ბმა-ს „ლ-----------–---------ე“ უფლების წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით საჯარო რეესტრში დარეგისტრირების საფუძველი, ხოლო ბმა „ყ-------- ჩ--ის“ მიერ წარდგენილ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შემდეგ შეწყვეტის საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის განმხილველმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, მე-8 მუხლზე, 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, დადგენილად მიიჩნია, რომ ბმა-ს „ლ-----------–---------ე“ წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აღნიშნული ამხანაგობის კუთვნილ მიწის ნაკვეთის საზღვრების დასარეგისტრირებლად წარუდგინა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მისი ელ. ვერსია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, დამფუძნებელი კრების ოქმი (დამოწმებული ასლი) და ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი (დამოწმებული ასლი), ასევე, საინვენტარიზაციო გეგმა, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მისი მოთხოვნა რეგისტრაციის შესახებ შეესაბამებოდა დასარეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე ამხანაგობის უფლების დამდგენ დოკუმენტებს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა შედეგად მართლზომიერად განხორციელდა და გადაწყვეტილება შეესაბამება კანონს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ბმა „ყ-------- ჩ--ის“ N8----------- განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოთხოვნილი რეგისტრაცია იჭრებოდა მომიჯნავე, ბმა-ს „ლ-----------–---------ე“ ნაკვეთის საზღვრებში, კორექტირებული აზომვითი ნახაზი კი წარდგენილი არ ყოფილა, რაც არ არის სადავო. დასახელებული გარემოებისა და მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 მაისის N8------------06 გადაწყვეტილებით, ბმა ,,ყ-------- ჩ--ის“ განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება კანონის შესაბამისად იქნა შეწყვეტილი.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მარტის განჩინებით სარჩელის უზრუნველსაყოფად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე აეკრძალა თბილისში, ყ-------- ქუჩა N4-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლი და დასახელებული ნორმიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. ბმა ყ-------- ჩ--ის“ სააპელაციო საჩივარი:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, ასევე არ ეთანხმება გადაწყვეტილებაში მითითებულ მოსაზრებებს, უფრო კონკრეტულად კი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას სადაც სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 29 თებერვლის N8-------------- გადაწყვეტილებით ბმა-ს „ლ--------------------ე“ ნაკვეთის საზღვრების უსაფუძვლოდ დარეგისტრირების ფაქტი, ისევე, როგორც არ დასტურდება მოსარჩელე ბმა „ყ-------- ჩ--ის“ უფლება სადავო გადაწყვეტილებით დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ფაქტობრივ უსწორობას, ვინაიდან, მათ მიერ სასამართლოში წარდგენილი იყო მტკიცებულებები, იმის დასადასტურებლად, რომ ბმა “ლ-----------–---------ე“-ს მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის შეთანხმებული თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან.
ასევე არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ბმა „ყ-------- ჩ--ს“, მართალია, წითელი ხაზები სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 1 ივლისის N1------ ბრძანებით ბმა-ს „ლ--------------------ე“ ნაკვეთის მხარეს დაუდგინდა, თუმცა უფლების დამდგენი დოკუმენტებით არ დასტურდება შესაბამის ნაკვეთზე „ყ-------- ჩ--ის“ საკუთრების უფლება, რაც შეიძლებოდა, ბმა-ს „ლ--------------------ე“ უფლების გამომრიცხავი გარემოება გამხდარიყო.
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებული მსგავსი მსჯელობა ცხადყოფს, რომ სასამართლოს მიერ საქმის წარმოების მასალების გამოკვლევა სრულყოფილად არ მოხდა, ვინაიდან, საქმის მასალებში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ბრძანება, #1------, რომლითაც დადგინდა "ყ-------- ჩ--ის"-თვის მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა, ხოლო ფართობი განისაზღვრა 355 კვ.მ-ით. წარმომადგენლისთვის გაუგებარია თუ რატომ არ მიიჩნია საქმის განმხილველმა სასამართლომ აღნიშნული ბრძანება უფლების დამდგენ დოკუმენტად, მაშინ როცა იგი ადასტურებს სადავო მიწის ნაკვეთზე ბმა "ყ-------- ჩ--ის" უპირობო უფლებას, რომელიც მისივე განმარტებით, ამავდროულად შეესაბამება ბმა “ყ-------- ჩ--ის“ ცნობა - დახასიათებაში და საინვენტარიზაციო ნახაზზე მითითებული ფართის ოდენობას.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ ბმა "ლ-----------–---------ე"-მ სადავო მიწის რეგისტრაციისთვის წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, აღნიშნულზე აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება, ისეთ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე, როგორიც იყო რეგისტრაციისთვის აუცილებელი უფლების დამდგენი დოკუმენტის ცვლილება. კონკრეტულად კი, ბმა "ლ-----------–---------ე"-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა უზუსტო საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ვინაიდან, როდესაც მ--–---–---–ის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანმა საცხოვრებელმა სახლმა განახორციელა წითელი ხაზების დაზუსტება, ფაქტობრივად შეიცვალა "ლ-----------–---------ე"-ს უფლების დამდგენ დოკუმენტში ანუ საინვენტარიზაციო გეგმაზე მისი თავდაპირველი კონტურული საზღვრები (კონფიგურაცია) და შესაბამისად, ბმა “ლ-----------–---------ე“-ს მიერ წარდგენილი საკადასტრო ნახაზი, უკვე აღარ იყო წარდგენილი ძველი საინვენტარიზაციო ნახაზის საზღვრებში და ფართში, რაც აპელანტის განმარტებით, ნიშნავს რომ შეიცვალა საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტში აღწერილი უფლების ფარგლებიც.
ამდენად აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად მოახდინა ფაქტების სამართლებრივი საფუძლების შეფასება, მაშინ როდესაც ბმა “ლ-----------–---------ე“ საინვენტარიზაციო საზღვრები, ისევე როგორც ბმა “ყ-------- ჩ--ის“ საინვენატირაზიო გეგმის საზღვრები შეცვლილია და ადგილი აქვს საინვეტარიზაციო საზღვრების ბათილობის ფაქტს, ვინაიდან უფლების დამდგენი დოკუმენტის ქვეშ ამ შემთხვევაში მოიაზრება საინვენტარიზაციო გეგმაზე არსებული საზღვრები, ხოლო როგორც ერთი ამხანაგობის, ასევე მეორე ამხანაგობის საზღვრების კონფიგურაცია შეცვლილია. სწორედ ამ ცვლილებების და ძველი საინვენტარიზაციო საზღვრების გაუქმების უდაო ფაქტის არსებობის პირობებში თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ბმა “ყ-------- ჩ--ს“ დაუდგინა წითელი ხაზები, რომელიც დღეის მდგომარეობით არის კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ხოლო მსგავსი დოკუმენტი წერილობითი ფორმით, მოწინააღმდეგე მხარეს - ბმა “ლ-----------–---------ე"-ს არ გააჩნია.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 29 თებერვლის N8------------- გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 03 მაისის N8------------06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე რომლითაც განმატებულია კანონის მიზნებისათვის გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობები. ამავე კანონის მე-3 მუხლი კი, კერძოდ პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო - სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. მეორე ნაწილით კი დადგენილია სააგენტოს ფუნქციები. კერძოდ: ა) რეგისტრაცია; ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირებისთვის მეთოდური და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება; დ) საგადასახადო ორგანოსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეების განხორციელება; ე) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების დამისამართება, ნუმერაცია და მათი მისამართების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა; ვ) უფლებადაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემთა აღრიცხვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომ − ინსტრუქცია) დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს კანონის მე-4 მუხლით დარეგულირებულ საჯარო რეესტრის სტრუქტურაზე და განმარტავს, რომ სადავო გადაწყვეტილებების შინაარსიდან გამომდინარე, მათი კანონიერება უნდა იქნეს შეფასებული იმ გარემოებების გამოკვლევით, თუ რამდენად გააჩნდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ.თბილისში, ტ----–---–ის ქუა N4-ში მდებარე უძრავ ნივთზე ბმა-ს „ლ-----------–---------ე“ უფლების წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით საჯარო რეესტრში დარეგისტრირების საფუძველი, ხოლო ბმა „ყ-------- ჩ--ის“ მიერ წარდგენილ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შემდეგ შეწყვეტის საფუძველი.
პალატა აქვე მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე რომლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირებას „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლზე და განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
პალატა მიუთითებს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს (,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი).
პალატა ასევე მიუთითებს კანონის 22-ე მუხლს, რომლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ბმა-ს „ლ-----------–---------ე“ წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აღნიშნული ამხანაგობის კუთვნილ მიწის ნაკვეთის საზღვრების დასარეგისტრირებლად წარუდგინა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მისი ელ. ვერსია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, დამფუძნებელი კრების ოქმი (დამოწმებული ასლი) და ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი (დამოწმებული ასლი), ასევე, საინვენტარიზაციო გეგმა, მისი მოთხოვნა რეგისტრაციის შესახებ შეესაბამებოდა დასარეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე ამხანაგობის უფლების დამდგენ დოკუმენტებს. ამდენად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პალატის მოსაზრებით განხორციელდა საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა შედეგად მართლზომიერად და გადაწყვეტილება შეესაბამება კანონს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე, ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სასამართლოსთვის წარმოედგინა დასკვნა, ბმა ,,ყ-------- ჩ--ის“ მიერ 2016 წლის 16 მარტს N8----------- განცხადებაზე თანდართული საკადასტრო გეგმა, შესაბამისობაში არის თუ არა ტექ. აღრიცხვის არქივში დაცულ ქ. თბილისში, ე-----–--------–---–ის ჩ--ი N4-ში მდებარე მიწის ნაკვეთის, საინვენტარიზაციო ცნობა - დახასიათებასა და გეგმასთან, რაზედაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის N1----- მომართვით პალატას გადმოეგზავნა მტკიცებულება (ნახაზი). მეტი სიცხადისთვის პალატა ყურადღებას ამახვილებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვის შინაარსზე სადაც მითითებულია, რომ N8----------- განცხადებით წარდგენილი უძრავი ნივთი არ შეესაბამება ტექ. აღრიცხვის არქივში დაცულ ქ. თბილისში ე. ტ----–---–ის ჩ--ი N4-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმას (ტომი 2, ს.ფ 332-333).
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ეთანხმება საქმის განმხილველი სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ ბმა „ყ-------- ჩ--ის“ N8----------- განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოთხოვნილი რეგისტრაცია იჭრებოდა მომიჯნავე, ბმა-ს „ლ-----------–---------ე“ ნაკვეთის საზღვრებში, კორექტირებული აზომვითი ნახაზი კი წარდგენილი არ ყოფილა, რაც არ არის სადავო. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ დასახელებული გარემოებისა და მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 მაისის N8------------06 გადაწყვეტილებით, ბმა ,,ყ-------- ჩ--ის“ განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება კანონის შესაბამისად იქნა შეწყვეტილი.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.
საქმეში წარმოდგენილ სადავო გარემოებასთან დაკავშირებით პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ დაცული არ არის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები, კერძოდ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია დაუსაბუთებელი საპელაციო საჩივარი, არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები, ან დამაჯერებელი ინფორმაცია, რაც სასამართლოს მისცემდა სააპელაციო საჩივრის ავტორის მხრიდან მითითებული გარემოებების შეფასების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის მოტივითაც.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მარტის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. კერძოდ, სარჩელის უზრუნველსაყოფად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე აეკრძალა თბილისში, ყ-------- ქუჩა N4-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება (ტომი 1, ს.ფ. 69-71).
სააპელაციო სასამართლო ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის შედეგს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო ინსტანციის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება რჩება უცვლელი.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
აპელანტის ბმა ”ყ-------- ჩ--ის” სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბმა ”ყ-------- ჩ--ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი