განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2019
საქმის ნომერი
020310017002008165
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310017002008165

საქმე N3/ბ-567-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი – ლ-–-----------

 

მოწინააღმდეგე – შპს ,,კ---–-----------’’

წარმომადგენელი – მ------------------–---–ი

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით შპს ,,კ---–-----------ს’’ სარჩელის უარყოფა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. 2017 წლის 12 ივლისს შპს ,,კ---–-----------მ’’ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 9 ივლისის N5- ბრძანების ბათილად ცნობა;

 

სარჩელის მიხედვით, შპს ,,კ---–-----------ს’’ საკუთრების უფლებით ერიცხება 20000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სოფელ განმუხურში ს/კ. 4--------5-4. 2017 წლის 30 მაისს შპს-მ N8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა აზომვითი ნახაზი და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე.

 

2017 წლის 01 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ N1----- წერილით მიმართა ზუგდიდის რაიონის გამგეობას დაედასტურებინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 07 ივნისის N4- ბრძანებით დადგენილ იქნა შპს ,,კ---–-----------ს’’ მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთებისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. ბრძანება თანდართული დოკუმენტებით გაეგზავნა საჯარო რეესტრს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 9 ივლისის N5- ბრძანებით უკანონოდ გაუქმდა 2017 წლის 09 ივნისის N5- ბრძანება და N5- ოქმი, რაც წარედგინა საჯარო რეესტრს.

 

მოპასუხე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 9 ივლისის N5- ბრძანება ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 7 ივნისის N4- ბრძანებისა და N4- ოქმის გაუქმების შესახებ“.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს ,,კ---–-----------ს“ 2012 წლის 15 ნოემბრიდან საკუთრებაში გააჩნია უძრავი ნივთი (20 000 მ2 მიწის ნაკვეთი) ს/კ 4--------5-4;

 

2.1.2. 2017წლის 30 მაისს მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. წარადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. თავის მხრივ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 1 ივნისს მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაედასტურებინა უფლების დამდგენ დოკუმენტსა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა;

 

2.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ჯონი მიშველიას მიერ განხორციელდა ადგილზე დათვალიერება და შედგა დათვალიერების ოქმი, რომლითაც დადგინდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული ნივთის იდენტურობა;

 

2.1.4. ოქმის მიხედვით დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ბ------------–----, ლ-------------–------ია, ჯ-------------–---ა;

 

2.1.5. დათვალიერების ოქმის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ადმინისტრაციულ ერთეულში გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი – N4- ბძანება (07.06.2017წ), რომლითაც დაადგინა უფლების დამდგენ დოკუმენტში არსებული ნაკვეთის იდენტურობა საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებულ ნივთთან და მასალები გადაუგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;

 

2.1.6. აღნიშნული ბრძანების გამოცემიდან რამდენიმე დღეში, 2017 წლის 9 ივლისს მუნიციპალიტეტის გამგებლის იმავე წარმომადგენელმა იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში გამოსცა ბრძანება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017წლის 9 ივნისის N4- ბრძანებისა და N4- ოქმის გაუქმების შესახებ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო;

 

2.1.7. ახლად გამოვლენილ გარემოებაზე მითითებას აღნიშნული ბრძანება არ შეიცავს. სასამართლო სხდომაზე განიმარტა, რომ წარმომადგენელმა დაუშვა შეცდომა, რადგან ეს ნაკვეთი რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრებაში. არ მომხდარა საკითხის შესწავლა და არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება. დაინტერესებული პირისთვის მოსაზრების წარმოდგენა არ მოუთხოვიათ. არც თავდაპირველ დათვალიერებაში მონაწილე პირები (ბ------------–----, ლ-------------–------ია, ჯ-------------–---ა) გამოუკითხავთ, მათგან არ მიუღიათ წერილობითი ახსნა–განმარტებები.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს და მასში არ არის არანაირი ფაქტობრივი დასაბუთება.

 

2.2.2. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი გვაძლევს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის განმარტებას და მასში გულისხმობს მუნიციპალიტეტის მერს ან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა’’, ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მერიის თანამდებობის პირს ან მოხელეს.

 

კანონის აღნიშნული დათქმების მიხედვით უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გამგებლის/მერის წარმომადგენლის კომპეტენციაა და ამ საკითხის გადასაწყვეტად მას რაიმე სპეციალური ცოდნა არ სჭირდება. თუკი, საკითხის გადასაწყვეტად სპეციალური ცოდნა იქნება საჭირო, მას შეუძლია სპეციალისტის მოწვევა. რაც შეეხება სხდომაზე გაჟღერებულ გარემოებას, რომ ნაკვეთი რეგისტრირებულია თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში, იგი ვერ ჩაითვლება ახლად გამოვლენილ გარემოებად, რადგან თვითმმართველობის წარმომადგენლისთვის ცნობილი იყო ამ გარემოების შესახებ ორივე აქტის გამოცემისას. ამასთან, გამგებლის წარმომადგენლის კომპეტენციას წარმოადგენს უშუალოდ საკადასტრო ნახაზზე და უფლებადამდგენ დოკუმენტში მითითებული ნაკვეთების იდენტურობის საკითხის გარკვევა და მის კომპეტენციას არ წარმოადგენს საკადასტრო ნახაზზე არსებული და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდების საკითხთთან რაიმე გადაწყვეტილების მიღება.

 

2.2.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ხოლო 98-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, ხოლო 99-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომლებიც წარმოადგენს უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას.

 

იმავე კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია, დაინტერესებული პირისგან საჭირო ინფორმაცია არ მიუღია, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ გამოუკვლევია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის ბათილობის ეს საფუძველი სახეზეა, შესაბამისად რაიონულმა სასამართლომ შპს ,,კ---–-----------ს’’ სარჩელი დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:

 

3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 2017 წლის 01 ივნისს N1----- მომართვისა და წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელის მიერ გამოცემულ 2017 წლის 07 ივნისის N4- ბრძანებასთან და N4- ოქმთან დაკავშირებით მიწის ნაკვეთის იდენტობის დადგენის თაობაზე, საკითხის შესწავლითა და ახლად გამოვლენილი გარემოებით გარკვეულ იქნა, რომ იდენტობით დასადგენი მიწის ნაკვეთი არ შეესაბამებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილ ნახაზს, აგრეთვე არ წარმოადგენდა მოპასუხის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს, შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე, ვინაიდან 2017 წლის 07 ივნისის N4- ბრძანება და N4- ოქმი ეწინააღმდეგებოდა კანონს, რაც გამოიწვევდა სხვა პირის ან პირების კანონიერი უფლებების და ინტერესების დარღვევას, გამგებლის წარმომადგენელმა 2017 წლის 09 ივნისის N5- ბრძანებით გააუქმა მის მიერ გამოცემული 2017 წლის 07 ივნისის N4- ბრძანება და N4- ოქმი. ამდენად აპელანტს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ძალაში დარჩეს განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 9 ივლისის N5- ბრძანება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა (მუხლი 1.1. და 2).

 

მითითებული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში შპს ,,კ---–-----------მ’’ 2017 წლის 30 მაისს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. განცხადებას დაურთო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 01 ივნისს N1----- წერილით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაედასტურებინა უფლების დამდგენ დოკუმენტსა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რაც ამ უკანასკნელის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადასტურებული იქნა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

კანონის მე-3 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელში იგულისხმება - მუნიციპალიტეტის მერი ან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მერიის თანამდებობის პირს ან მოხელეს.

 

საქმის მასალების მიხედვით, 2017 წლის 09 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამოსცა N5- ბრძანება და ახლად გამოვლენილ გარემოებათა მოტივით გააუქმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 7 ივნისის N4- ბრძანება და N4- ოქმი. სადავო ბრძანება ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებულ მონაცემებს არ შეიცავს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის არსებული მდგომარეობით დასაბუთებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მოთხოვნის უარყოფას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის ბუნდოვანი განმარტებები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების და არა მისი გაუქმების (ბათილად ცნობის) საფუძველია. აქვე პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, გადაამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და გამოაცხადოს იგი ძალადაკარგულად, ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის წინაპირობების არსებობისას ცნოს ბათილად, რა მსჯელობას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს, შესაბამისად პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობის თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე