განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001818765 (N3ბ/839-19)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
აპელანტი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - მ------- ხ-------ე
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება
სააპელაციო საჩივრის განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.აპელანტის მოთხოვნა
1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით მ------- ხ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დაევალა მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოსარჩელეს აუნაზღაუროს 2012 წლის 45 დღიანი გამოუყენებელი კუთვნილი შვებულებიდან დანაკლისი საშვებულებო თანხა - 1 007.9 ლარის ოდენობით.
2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ 2012 წლის 25 თებერვლის სამხედრო ნაწილი 0-----ის მეთაურის №3- ბრძანებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოხსნილად ჩაითვალა ყველა სახის კმაყოფიდან 2012 წლის 26 თებერვლიდან და წარდგენილი იქნა კონტრაქტის შეწყვეტაზე ზღვრული ასაკის მიღწევის გამო საარტილერიო ბატალიონის შტაბის S---ის ოფიცერი, მაიორი - მ------- ხ-------ე. საფუძველი: პირადობის მოწმობა №ა 0------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 25 თებერვლის სამხედრო ნაწილი 0-----ის მეთაურის №3- ბრძანება (ს.ფ.
49).
სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მეთაურმა, 2012 წლის 26 თებერვლის №1-- წერილით, მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურს გაუგზავნა საარტილერიო ბატალიონის შტაბის S---ის ოფიცრის, მაიორ - მ------- ხ-------ის მასალები საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნასთან დაკავშირებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავის 21-ე მუხლის II პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (ზღვრული ასაკის მიღწევისას) თანახმად 2012 წლის 26 თებერვლიდან.
წერილს დაერთო გასაუბრების ფურცელი, რომლითაც დგინდება, რომ 2012 წლის 25 თებერვალს გასაუბრება ჩაუტარდა მაიორ - მ------- ხ-------ეს, რომელსაც ეცნობა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავის 21-ე მუხლის II პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (ზღვრული ასაკის მიღწევისას) თანახმად. გასაუბრების ფურცელში მითითებულია, რომ მ------- ხ-------ე ეთანხმებოდა ჯარიდან მის დათხოვნას და რაიმე სახის პრეტენზია არ ჰქონდა დათხოვნასთან დაკავშირებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მეთაურის 2012 წლის 26 თებერვლის №1-- წერილი (ს.ფ. 43);
- გასაუბრების ფურცელი (ს.ფ. 44).
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 მარტის №7-- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის შტაბის S---ის ოფიცერი (შტატი №8-------), მაიორი - მ------- ხ-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 26 თებერვლიდან, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (ზღვრული ასაკის მიღწევისას) თანახმად. საფუძველი: სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებლის შუამდგომლობა (შემ. №3181, 14.03.2012წ.)
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 მარტის №7-- ბრძანება (ს.ფ. 12).
2012 წლის 1 აპრილის სამხედრო ნაწილი - 0-----ის მეთაურის №6- ბრძანებით ამორიცხულად ჩაითვალა საარტილერიო ბატალიონის პირადი შემადგენლობის სიებიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო 2012 წლის 26 თებერვლიდან საარტილერიო ბატალიონის შტაბის S---ის ოფიცერი, მაიორი - მ------- ხ-------ე. საფუძველი: ს.თ.მ. №7--, 26.03.2012.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 1 აპრილის სამხედრო ნაწილი 0-----ის მეთაურის №6- ბრძანება (ს.ფ. 13).
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2017 წლის 20 მარტის №MOD 3------------- წერილის თანახმად მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის ყოფილ ს/მოსამსახურეს, მაიორ - მ------- ხ-------ეს ზღვრული ასაკი შეუსრულდა 2012 წლის 26 თებერვალს, რის გამოც, ს/ნ - 0-----ის მეთაურის 2012 წლის 25 თებერვლის №3- ბრძანებით მოხსნილი იქნა ყველა სახის კმაყოფიდან და გაშვებული იქნა სამსახურიდან, რის შემდეგაც შეიარაღებული ძალების რიგებიდან ამორიცხვამდე (2012 წლის 26 მარტი) სამხედრო ნაწილში არ იმყოფებოდა და არც რაიმე სახის დავალებებს არ ასრულებლდა. მაიორ - მ------- ხ-------ეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება მიღებული აქვს 2012 წელს ს.თ.მ. 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 26-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ფულადი სარგოს (თანამდებობრივი სარგო 255 ლარი - წოდებრივი სარგო 50 ლარი) ათმაგი ოდენობით (უწყისი №91), რაც ჯამში შეადგენს - 3 050, 00 (სამიათასორმოცდაათი) ლარს. 2012 წლის საანგარიშო პერიოდში მაიორ - მ------- ხ-------ეს კუთვნილი შვებულებით არ უსარგებლია (ცნობა №131) და გამოუყენებელი შვებულების თანხა საერთო ჯამით - 1 023,40 (ათასოცდასამი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი მიღებული აქვს 2012 წლის №10 საშვებულებო უწყისით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2017 წლის 20 მარტის №MOD 3------------ წერილი (ს.ფ. 40);
- სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-2 ქვეთი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის 2012 წლის 25 თებერვლის №1--- ცნობა (ს.ფ. 45).
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და აღრიცხვის განყოფილების უფროსის 2017 წლის 6 ივნისის №MOD 2------------ ცნობით დგინდება, რომ მ------- ხ-------ე (პ/ნ: 6----------) ნამდვილად მსახურობდა მე-2 ქვეით ბრიგადაში და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენდა - 1 354,25 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და აღრიცხვის განყოფილების უფროსის 2017 წლის 6 ივნისის №MOD 2------------ ცნობა (ს.ფ. 105).
სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მეთაურის 2012 წლის 2 აპრილის №1-- ცნობით დგინდება, რომ მ-------ი ხ-------ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენს 15 წელს და 1 თვეს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მეთაურის 2012 წლის 02 აპრილის №1-- ცნობა (ს.ფ. 17).
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე რომლის თანახმადაც ყველას აქვს გარანტირებულ უფლება თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს მოსარჩელის მოთხოვნაზე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩელეს აუნაზღაუროს 2012 წლის 45 დღიანი გამოუყენებელი კუთვნილი შვებულებიდან დანაკლისი საშვებულებო თანხის - 1 007.9 ლარის ანაზღაურება.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.
განსახილველ შემთვევაში, მ------- ხ-------ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის შტაბის S---ის ოფიცერის (შტატი №8-------) თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
მითითებული ნორმებიდან გამოდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, თუ იგი მიყენებულია ამ ორგანოს სახელმწიფო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად. ამასთან, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა წარმოეშობა მოსამსახურის ბრალის მიუხედავად, თუ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას თავდაცვის სფეროში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამინისტროს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ხოლო მითითებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეებს, წყვეტს მათი წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, მივლინებაში წარგზავნისა და შვებულებაში გასვლის საკითხებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ- სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
მითითებული კანონის 21-ე მუხლი არეგულირებს სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევებს. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ ზღვრული ასაკის მიღწევისას.
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 მარტის №7-- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის შტაბის S---ის ოფიცერი (შტატი №8-------), მაიორი - მ------- ხ-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 26 თებერვლიდან, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (ზღვრული ასაკის მიღწევისას) თანახმად.
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის გავლისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით.
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულების I თავის მე-2 პუნქტის თანახმად, დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის, საქართველოს შეიარაღებული ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამხედრო მოსამსახურეებზე. აღნიშნული დებულების IX თავის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოფიცერს და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში ეძლევათ მორიგი კუთვნილი შვებულებები შემდეგი ხანგრძლივობით: ა) რომელმაც იმსახურა სამხედრო ძალებში 10 კალენდარულ წელზე ნაკლები - 30 დღე; ბ) რომელმაც იმსახურა სამხედრო ძალებში 10 კალენდარულ წელს და მეტ ხანს - 45 დღე; გ) რომელიც იმყოფება საფრენოსნო სამსახურში, გადის სამხედრო სამსახურს სარაკეტო და სატორპედო კატარღაზე, საქართველოს სასაზღვრო ძალებში, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების გემებზე, აგრეთვე ასრულებს საბრძოლო მორიგეობას განსაკუთრებულ რთულ პირობებში - 45 დღე; დ) სხვა სახელმწიფოდან კონტრაქტით მოწვეულ სამხედრო მოსამსახურეს - 45 დღე. კუთვნილი შვებულებით სარგებლობა შეიძლება მოხდეს ნაწილ-ნაწილ მეთაურის (უფროსის) ნებართვით.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი“ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. ამ წესით განისაზღვრება აღნიშნულ თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, სამსახურის გავლის, ატესტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესები და საფუძვლები. ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე/ მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამავე პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები.
განსახილველ შემთხვევაში, სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მეთაურის 2012 წლის 2 აპრილის №1-- ცნობით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ------- ხ-------ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენს 15 წელს და 1 თვეს. შესაბამისად, მოსარჩელეს, მის მიერ ნამსახურობის ვადის გათვალისწინებით „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულების შესაბამისად ეკუთვნის 45 დღიანი შვებულება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და აღრიცხვის განყოფილების უფროსის 2017 წლის 6 ივნისის №MOD 2------------ ცნობით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მ------- ხ-------ის (პ/ნ: 6----------) დარიცხული ხელფასი შეადგენდა - 1 354,25 ლარს.
ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2012 წლის საანგარიშო პერიოდში, მაიორ - მ------- ხ-------ეს კუთვნილი შვებულებით არ უსარგებლია, ხოლო გამოუყენებელი შვებულების თანხა საერთო ჯამით - 1 023,40 ლარი აუნაზღაურდა 2012 წლის №10 საშვებულებო უწყისით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს დანაკლისი საშვებულებო თანხა, მოცემულ შემთხვევაში 1 007,9 ლარი (2031,3 ლარი - 1023,4 ლარი (ანაზღაურებული თანხა); (45,14 ლარი (1 დღის ანაზღაურება (1354,25 ლარი : 30 დღე) X 45 დღეზე = 2031,3 ლარი).
ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელისათვის, როგორც მისთვის კუთვნილი დანაკლისი საშვებულებო თანხის ანაზღაურება - 1 007,9 ლარის ოდენობით.
3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მ-------ი ხ-------ეს 2012 წლის 26 თებერვალს შეუსრულდა ზღვრული ასაკი და საქართველო შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილია საქართველოს თავდაცვის მინიტრის 26.03.2012 წლის N7-- ბრძანებით 2012 წლის 26 თებერვლიდან. აღსანიშნავია ის გარემოება, რო 25.02.2012 წლის გასაუბრების ფურცლის შესაბამისად, მ-------ი ხ-------ე დათანხმდა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნას ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. სამხედრო ნაწილი N0-----ის მეთაურის 25.02.2012 წლის N3- ბრძანებით, მ-------ი ხ-------ე მოხსნილია ყველა სახის კმაყოფიდან 2012 წლის 26 თებერვლიდან, ხოლო მე-2 ქვეითი ბრიგადი 20.03.2017 წლის N2----- წერილის თანახმად, მ-------ი ხ-------ეს საქართველოს შეიარაღებულ ძალების რიგებში 2012 წლის 26 თებერვლის შემდეგ არ უმსახურია, არც ფაქტობრივად უვლია დისლოკაციის ადგილზე და არც რაიმე დავალება შეუსრულებია.
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა „სამხედრო სამსახური გავლის შესახებ დებულების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრ N609 ბრძანებულების საფუძველზე, მაშინ როდესაც 2012 წელს მოქმედი რედაქცის ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად სამხედრო სამსახურის გავლისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება კალენდარული დღის ოდენობით.
ასევე 2012 წელს მოქმედი რედაქციით „საჯარო სამსახურ შესახებ" საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისა მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით.
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კანონი არის საქართველოს საკანონმდებლო აქტი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომელიც უნდა ექვემდებარებოდეს საკანონმდებლო აქტებს და წინააღმდეგობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს იერარქიით ზემდგომი ნორმატიული აქტი, რადგან ზემოაღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონები წარმოადგენენ საკანონმდებლო აქტებს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის N609 ბრძანებულება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სასამართლოს უნდა ემსჯელა საკანონმდებლო აქტების გამოყენებაზე. ამასთან, შვებულებით სარგებლობა წარმოადგენს მოხელის უფლებას ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით. შვებულების მიღება მოქალაქის უფლებას წარმოადგენს და მისი გამოყენება დამოკიდებულია ამ უფლების რეალიზაციაზე. საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელემ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს შვებულების მოთხოვნით და შესაბამისად, არ მოიპოვება არც იმის მტკიცებულებაც, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უარი ეთქვა მას შვებულებით სარგებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში მ-------ი ხ-------ის სამსახურიდან დათხოვნა არ მომხდარა დამსაქმებლი ინიციატივით, მის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსი შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით: სამხედრო მოსამსახურე სამსახურიდან დაითხოვება ზღვრული ასაკის მიღწევისას. აღნიშნული საფუძველი არის კანონმდებლობით დარეგულირებული, კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ ზღვრული ასაკის მიღწევის დროს, სამხედრო მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან, შესაბამისად მ-------ი ხ-------ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო არა დამსაქმებლის ნება, არამედ კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნა, რომ ზღვრული ასაკის მიღწევის გამო სამხედრო მოსამსახურე დაითხოვება სამხედრო სამსახურიდან. ამასთან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ-------ი ხ-------ე ეთანხმებოდა სამხედრო სამსახურიდან მის დათხოვნას და რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნდა აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისად მან გამოავლინა ნება სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და უარი ეთქვას მოსარჩელეს სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-7-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, რაც ქმნის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული წარმოადგენს დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რომელსაც საქართველო შეუერთდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის N655 დადგენილებით, აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე.
ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
განსახილველ შემთხვევაში მ-------ი ხ-------ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩელეს აუნაზღაუროს 2012 წლის 45 დღიანი გამოუყენებელი კუთვნილი შვებულებიდან დანაკლისი საშვებულებო თანხა - 1 007.9 ლარის ოდენობით.
პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასარჩელო მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშვნელობის არის იმის გარკვევა, თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, რასაც სამოქალაქო კანონმდებლობა უკავშირებს სუბიექტურ ფაქტორს ანუ იმ მომენტს, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეწარმის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს. განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობა შეწყვეტის საფუძველია ზღვრული ასაკის მიღწევა და არა დამსაქმებლის ინიციატივა, რაც გამორიცხავს დამსაქმებლისათვის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობას, იმის გათვალიწინებით, რომ მ------- ხ-------ეს გამოუყენებელი შვებულების თანხა საერთო ჯამით 1023.40 ლარი მიღებული აქვს და 2012 წლის 25 თებერვლის გასაუბრების ფურცლის მიხედვით, მ------- ხ-------ეს ჯარიდან დათხოვნასთან დაკავშირებით არ ჰქონდა არანაირი პრეტენზია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (Nბს-229-229 (კ-18)) სადაც საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხელფასი მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს, რომელზედაც როგორც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე მის მოთხოვნაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ემუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა. საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია, რომ შრომითი ანაზღაურება და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და სარჩელის წარდგენის მომენტისათვის გასული იყო მოთხოვნის წარდგენის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე - მ------- ხ-------ის სასარგებლოდ კუთვნილი შვებულებიდან დანაკლისი საშვებულებო თანხის - 1 007.9 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა და შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას.
5. პროცესის ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 3-2-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. მ------- ხ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი