განაჩენი

სისხლის სამართლის 25.07.2019
საქმის ნომერი
080100118002630291
ინსტანცია
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/ბ-324-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - გ------- ხ----ის

გამართლებულის - გ------- ო---ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ი-----ს ძე ო---ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებულიო, ნასამართლობის მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქ--------, გ-------------ს ქ.N--.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- ო---ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 0900 საათზე, ქუთაისში, ჯ-----–---–-ს ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან გ------- ო---ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ნ----- ყ---------ეს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განაჩენით გ------- ო---ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და გამართლდა.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქ--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- ხ----ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ------- ო---ის საქართველოს 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ გ------- ხ----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ გ------- ო---ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ----- ყ---------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ამჟამად, მშობლებთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში. გ------- ო---ესთან ქორწინებაში იმყოფებოდა 7 წლის განმავლობაში. ამჟამად განქორწინებულია და მუშაობს საავადმყოფოში მედდად. განმარტავს, რომ ბრალდებულთან თანაცხოვრების პერიოდში ეს უკანასკნელი თამაშობდა და პრობლემები ქონდა ფულად თანხასთან დაკავშირებით. რის გამოც, გ------- ხშირად თხოვდა მას ფულად თანხებს და მის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი, ლანძღავდა მას და დანით ხელში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ითხოვდა მისგან ეშოვნა ფულადი თანხა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მისი მეუღლის მიმართ შედგნილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის ვადის გასვლის შემდეგ ის ისევ მივიდა მასთან სახლში. მოწმის განმარტებით, ერთხელ გ------- ო---ემ დაიბარა მამამისთან ერთად, რა დროსაც დაუწყო მას ჩხუბი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ასევე დახვდა მას საავადმყოფოსთან როდესაც იგი სამსახურში მიდიოდა და ისევ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. რის გამოც, მოუწია მას საპატრულო პოლიციის გამოძახება. განმარტავს, რომ გ------- ო---ეს სურდა მასთან შერიგება და ამის გამო ემუქრებოდა მას. დაზარალებულის განმარტებით მას გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის შიში, რადგანც მიიჩნევს, რომ მის ყოფილ მეუღლეს შეეძლო მუქარის განხორციელება. ასევე ტელეფონზე უგზავნიდა სმს-ებს სადაც ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ერთხელ, როდესაც ბრალდებული მისული იყო მასთან ბინაში და სთხოვდა ფულად თანხას, იგი დაუკავშირდა დედამისს და სთხოვა სახლში მისვლა, როდესაც მისი მშობელი სახლში მივიდა და კარები გააღო, გ------- ო---ე მას სახლში დახვდა, ხოლო როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ იგი გაიქცა სახლიდან. ამ უკანასკნელმა პოლიციაში განაცხადა, რომ თითქოს დანა იმიტომ ეჭირა ხელში, რომ ტელევიზორის ,,შნურის“ გაკეთება უნდოდა, რაც ტყუილია. ადასტურებს, რომ განქორწინების შემდეგ მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან მის მიმართ ადგილი ქონდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას. რის გამოც ქონდა შიში. განმარტავს, რომ ამჟამად ცოტა მშვიდად არის, რადგანაც მისი მეუღლე არის დაკავებული. ადასტურებს, რომ 2018 წლის 28 ივლისს, როდესაც მივიდა სამსახურში მისი ყოფილი მეუღლე გ------- ო---ე იქ დახვდა შენობის გარეთ და ასევე შევიდა მასთან ერთად შენობის შიგნითაც, სადაც შენობის დერეფანში, მის მიმართ ისევ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. წინა დღით იგი იმყოფებოდა ბავშვთან ერთად, როდესაც დაუძახა მას და ბავშვის თანდასწრებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოქვეყნდა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის ნაწილი, სადაც დაზარალებული განმარტავს, რომ ,,2018 წლის 28 ივლისს დილით დაახლოებით 09:00 სთ-ზე როდესაც ფეხით მივუყვებოდი ქ--------ს ჯ-----–---–-ს ქუჩა N---ში განთავსებული ჩემი სამსახურის მიმართულებით და უკვე თითქმის მისული ვიყავი, გ------- დამხვდა ქუჩაში და დამიწყო ლანძღვა გინება და მუქარა, რომ თუ არ შევურიგდებოდი მომკლავდა და ა.შ. მე გავერიდე მას და სამსახურში შევედი, რის შემდეგაც მან მე თავი დამანება და შემდეგ არ შემხმიანებია. ვერ დავრეკე მაშინვე პოლიციაში, ვინაიდან იმ დროს 24 საათიანი მორიგე ვიყავი და სამსახურიდან ვერ გამოვიდოდი, ამიტომ მე პოლიციაში სახლში მისვლის შემდეგ დავრეკე“, დაზარალებულმა დაადასტურა გამოქვეყნებული გამოკითხვის სისწორე. განმარტავს, რომ მის ყოფილ მეუღლესთან ამ შეხვედრას არავინ არ ესწრებოდა, ისე ხალხი იყო ირგვლივ. ადასტურებს, რომ გ------- ო---ის მხრიდან მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას რამდენჯერმე ქონდა ადგილი. მათ შორის 2018 წლის 28 ივლისს.

მოწმის სახით დაკითხული მ------ ყ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ------- ო---ე არის მისი შვილის ნ----- ყ---------ის ყოფილი მეუღლე. გ------- ხშირად თამაშობდა აზარტულ თამაშებს, რის გამოც, ქონდა ეკონომიური პრობლემები და დაძაბული ურთიერთობა მეუღლესთან, რის გამოც, ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. განმარტავს, რომ ამის შემდეგ გ-----მ მისი ქალიშვილი დაიბარა შესახვედრად. როდესაც ნ----- წავიდა მასთან შესახვედრად თავადაც გაჰყვა მას, სადაც გ------- ო---ემ მისი თანდასწრებით უთხრა მის ქალიშვილს, რომ თუ არ შეურიგდებოდა მოკლავდა მას. მოწმის განმარტებით როგორც იცის მისი ქალიშვილის მიმართ, ადგილი ჰქონდა ცემის ფაქტსაც მისი სიძის მხრიდან, ხოლო თვითონ რასაც შეესწრო იყო ის, რომ იგი დაემუქრა მის შვილს სიცოცხლის მოსპობით. განმარტავს, რომ მისი სიძის მხრიდან მის ქალიშვილზე სამსახურში დამუქრების ფაქტთან დაკავშირებით იცის მხოლოდ მისი ქალიშვილის მონაყოლი, თავად არ შესწრებია. ადასტურებს, რომ მის ქალიშვილს ჰქონდა შიში ბრალდებულის მხრიდა განხორციელებული მუქარის გამო.

მოწმის სახით დაკითხული მ--- გ------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ------- ო---ე არის მისი შვილის ნ----- ყ---------ის ყოფილი მეუღლე. მოგვიანებით გაიგო, რომ მისი სიძე ყოფილა აზარტული თამაშების მოყვარული, რის შესახებაც მის შვილს უფრო ადრე სცოდნია. აღნიშნულის შესახებ ხშირად ქონდათ საუბარი გ------- ო---ესთან, რომ აზარტული თამაშებისთვის თავი დაენებებინა და ისიც პირდებოდათ, რომ ასე მოიქცეოდა, თუმცა პირობას არ ასრულებდა. განმარტავს, რომ ერთხელ მისმა ქალიშვილმა დაურეკა ძალიან განერვიულებულმა და გაღიზიანებულმა სთხოვა მასთან მისვლა, როდესაც მივიდა იქ გ------- ო---ე დახვდა დანით ხელში, რომელიც კომპიუტერთან იჯდა და რას აკეთებდა ზუსტად არ იცის და ითხოვდა თანხის მიცემას. განმარტავს, რომ ამის შემდეგ დარეკა პოლიციაში და მოხდა შემაკავებელი ორდერის გამოწერა გ------- ო---ის მიმართ, ხოლო მისი შვილი ნ----- ყ---------ე წაიყვანა მასთან სახლში. ამის შემდეგ მოხდა მის შვილსა და გ------- ო---ეს შორის განქორწინება, რის შემდეგაც იმედი ქონდა, რომ მისი შვილი ნ----- ყ---------ე მოახერხებდა დამშვიდებას, თუმცა გ------- ო---ე ძალიან ხშირად მუქარის შემცველი SMS-ების უგზავნიდა მის შვილს. განმარტავს, რომ აღნიშნული სმს-ები ძირითადად იყო სიცოცხლის მოსპობით დამუქრების შინაარსის შემცველი. განმარტავს, რომ ამის შემდეგ ყოფილა ის ფაქტი, როდესაც გ------- ო---ეს მიუკითხავს მის შვილისთვის სამსახურში და დამუქრებია მას, თუმცა ამ ფაქტს თავად არ შესწრებია. ადასტურებს, რომ ერთხელ გ------- ო---ის დარეკვის საფუძველზე, მისი მეუღლე და მისი შვილი წავიდნენ მასთან შესახვედრად, სადაც გ------- ო---ე სიცოცხლის მოსპობით დამუქრებია მის შვილს. განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული ფაქტის გარდა (როდესაც დანა ეჭირა ხელში გ------- ო---ეს) თავად სხვა რაიმე ძალადობის ფაქტს პირადად არ შესწრებია. შემაკავებელი ორდერი მისი ქალიშვილის მიმართ გამოიცა იმის გამო, რომ ის სახლში არ უშვებდა გ------- ო---ეს, რასაც პირადად არ შესწრებია. ასევე არ იცის თუ რა თანხას ითხოვდა გ------- ო---ე მისი შვილისაგან, მან ერთხელ მათთან სახლში მიიტანა თანხა და უთხრა, მის სიძეს დაწყნარებულიყო. განმარტავს, რომ არ შესწრებია იმ ფაქტს, რომ მის ქალიშვილს გ------- ო---ის სახელფასო ანგარიშიდან დიდი ოდენობის ფულადი თანხა გამოეტანა.

მოწმის სახით დაკითხული დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ბ----- ე-–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მონაწილეობას იღებდა გ------- ო---ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. რომელიც აღძრული იქნა ოჯახური ძალადობის შესახებ არსებული შეტყობინების საფუძველზე. ადასტურებს, რომ მის მიერ იქნა გამოკითხული დაზარალებული ნ----- ყ---------ე, რომელმაც გამოკითხვის დროს განმარტა, რომ მისი მეუღლე გ------- ო---ე ემუქრებოდა მას სიცოცხლის მოსპობით. ადასტურებს, რომ მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებულ ნ----- ყ---------ის დედა მ--- გ------–-–---–ი. მონაწილეობას იღებდა გ------- ო---ის დაკავებაში. ამ უკანასკნელს წარუდგინა და გააცნო ბრალდება. ასევე გაუცვალა მას საქმეში არსებული მტკიცებულებები. განმარტავს, რომ მის მიერ იქნა გამოთხოვილი გ------- ო---ის მიმართ არსებული შემაკავებელი ორდერის ასლები. სასამართლოდან გამოითხოვა განაჩენი გ------- ო---ის მიმართ, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ასევე, საქმეს დაურთო პოლიციის თანამშრომლების სამხრე ჩანაწერებიც. განმარტავს, რომ გ------- ო---ის დაკავების საფუძველი იყო დაზარალებულ ნ----- ყ---------ის ჩვენება, ასევე, ის გარემოება, რომ გ------- ო---ეს ადრეც ქონდა ჩადენილი ძალადობა მისი მეუღლის მიმართ, რაზედაც არსებობდა განაჩენიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობდა საფუძვლიანი შიში იმისა, რომ იგი კვლავ მოახდენდა ძალადობრივ ზემოქმედებას დაზარალებულზე და ასევე, დაზარალებულიც მიუთითებდა, რომ გ------- ო---ე მის მიმართ იყო აგრესიულად განწყობილი.

მოწმის სახით დაკითხული გ------- ო---ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს N--ე სამხედრო ბრიგადაში ოცეულის სერჟანტად. მეუღლეს ნ----- ყ---------ეს დაშორდა 2018 წლის აპრილის თვეში. მისი მეუღლე მუშაობს დიაგნოსტიკურ ცენტრში ჯ-----–---–-ს ქუჩაზე. ადასტურებს, რომ 2018 წლის 28 ივლისს ნამდვილად მიაკითხა მეუღლეს ნ----- ყ---------ეს სამსახურში. იმის გამო, რომ ადვოკატთან გასაუბრების შემდეგ, საჭიროდ ჩათვალა პირადად მისულიყო მასთან, აეხსნა შექმნილი მდგომარეობა და შერიგებოდა მას. მათი შეხვედრა შედგა სამსახურის წინ კამერების ქვეშ. შეხვედრამდე ნ----- დაუკავშირდა მას და უთხრა, რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს და გადაეწყვიტათ შერიგების საკითხი. განმარტავს, რომ ამ შეხვედრამდე ესაუბრა მისი მეუღლის ადვოკატს, რომელმაც ურჩია, რომ შერიგებოდა ნ-----ს. ამ შეხვედრის შემდეგ, 2018 წლის 29 ივლისს მიაკითხეს მას პოლიციის თანამშრომლებმა და დააკვეს იგი. განმარტავს, რომ მის მეუღლეს ნ----- ყ---------ეს არასოდეს არ დამუქრებია, მისი მხრიდან არანაირი მუქარა არ ყოფილა. ნ----- არის მისი შვილის დედა და სურდა, რომ იგი კარგად ყოფილიყო. ადასტურებს, რომ 28 ივლისს მან ნ-----სგან მოითხოვა მისი სახელფასო ბარათი, რომელიც მან ვერ ნახა და ამის გამო შეაგინა, რის გამოც, უჩივლა მას. ამ დროს ხელში ეკავა დანა და ალბათ ამის გამო დარეკეს პოლიციაში. მოწმის განმარტებით ნ----- ყ---------ეს და მის დედას უნდათ, რომ მისი ბინა ჩაიგდონ ხელში, ბინა მისმა მამამ უყიდა შვილიშვილს და ამ შვილისგან ნაჩუქრობის ხელშეკრულებით მიიღო მისმა ცოლმა ნ----- ყ---------ემ. ნ-----ს დედის მიერ დარეკვის შედეგად მოხდა ყველაფერი იმიტომ, რომ თავად ბინა, რომ ვერ დაიბრუნოს, რასაც ადასტურებს ნ-----ს დედის მიერ მის სახელზე გაგზავნილი სმს-ები ,,ქუჩაში დაგტოვებო“. ადასტურებს, რომ მეუღლის მამასთან ქონდა კარგი ურთიერთობა, ხოლო მეუღლის დედას ის არ უნდოდა. განმარტავს, რომ მის ყოფილს მეუღლეს ნ----- ყ---------ეს შეხვდა იმის გამო, რომ თვითონ ნ-----მ მიწერა მას და უთხრა შეხვედროდნენ ერთმანეთს. ამ შეხვედრის დროს მას ნ----- ყ---------ის მიმართ რაიმე მუქარა არ განუხორციელებია.

სააპელაციო პალატას გ------- ო---ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა წარდგენილი ბრალდება.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით გ------- ო---ის მიერ, მეუღლის - ნ----- ყ---------ის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარისად, ვინაიდან საქმეში გარდა დაზარალებულის ჩვენებისა სხვა პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს.

მართალია საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები, რომლების თანახმადაც გ------- ო---ის მიერ განხორციელდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს და წარმოადგენენ მხოლოდ ვარაუდს რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, გ------- ო---ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ნ----- ყ---------ის ჩვენება.

რაც შეეხება მოწმეების: მ------ ყ---------ის, მ--- გ------–-–---–ისა და პოლიციის თანამშრომელის - ბ----- ე-–----ს ჩვენებებს, ისინი განმარტავენ დაზარალებულ ნ----- ყ---------ის მონათხრობს, მეუღლის გ------- ო---ის მხრიდან მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) გ------- ო---ის მიერ განხორციელებული ქმედება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმის ჩვენება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- ხ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- ხ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი გ------- ო---ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

გ------- ო---ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ------- ო---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია

გამართლებულ გ------- ო---ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე