განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.08.2019
საქმის ნომერი
080210018002325549
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018002325549

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-446-2019 23 ივლისი, 2019 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - ნ---- უ------–--ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს ს----------–--------ი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სს ს----------–--------ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. გამოთხოვილ იქნა ნ---- უ------–--ის უკანონო მფლობელობიდან სს ს----------–--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ს---–--------ს გამზ. N6-, სართული 9, ბინა N6-, საკადასტრო კოდი: 0------------------ და სს ს----------–--------ს ქონება გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. საჯარო რეესტრში ს/კოდით 0------------------ რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ქუთაისი, ს---–--------ს გამზ. N6-, სართული 9, ბინა N6- წარმოადგენს მოსარჩელე სს ს----------–--------ის საკუთრებას. 2.2. მოსარჩელე სს ს----------–--------ის კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ნ---- უ------–--ე, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.3. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. 2.4. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. 2.5. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე. 2.6. მოსარჩელე სს ს----------–--------ის კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე. 2.7. სადავო ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს. 2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ფაქტიურად ითხოვს მოპასუხის გამოსახლებას და ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ---- უ------–--ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ აპელანტი უკანონოდ ფლობს მოწინააღმდეგე მხარის სს ს----------–--------ის აუქციონის წესით შეძენილ საკუთრებას. სასამართლოსთვის ცნობილი გახდა იმ გარემოების შესახებ, რომ აპელანტ ნ---- უ------–--ეს სარჩელი ჰქონდა შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოში აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზედ და სხდომაზე გაკეთდა შუამდგომლობა საქმის შეჩერების თაობაზედ, თუმცა მიუხედავად ამისა საქმე მაინც განიხილა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოების აშკარა უსწორო აღმოჩნდება. 3.2. გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, ვინაიდან სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ნორმები არ განმარტა კანონის მიზნიდან და საქმეში არსებული ფაქტობრივი მტკიცებულებიდან გამომდინარე, ხოლო ის რაც განმარტა იურიდიულად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. 3.3. სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად გადაწყვეტილება ვერ იქნება დასაბუთებული. ამდენად არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით 384-ე მუხლით გათვალისწინებული აბსოლიტური საფუძველი. 3.4. აპელანტის მხრიდან შეტანილი იქნა შეგებებული სარჩელი, რომელიც სასამართლომ მიიღო წარმოებაში და სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსამართლის მხრიდან აღნიშნული სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმით აპელანტის მიერ შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი მტკიცებულები, რომელსაც მოსამართლეც და მხარეც გაცნობილი იყვნენ, სასამართლოსგან წარმოებაში მიღებული შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმით სასამართლოს მთავარ სხდომაზე აშკარად დააზიანა კანონიერი ინტერესები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ №0------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ეკუთვნის სს ს----------–--------ს (მოსარჩელე, მესაკუთრე). 4.2. ნ---- უ------–--ეს (აპელანტი) სადავო ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.3.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო დაებრუნებინა მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონება. 4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 4.4.1. დადგენილია, რომ სადავო ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. ეს ნიშნავს, რომ ქონება, სწორედ, მას ეკუთვნის. 4.4.2. აპელანტი არც საჯარო რეესტრის ამ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებია. 4.4.3. მეტიც, მას სასამართლოსათვის ის ფაქტებიც არ მიუთითებია, რომლებიც სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრებას გამორიცხავდა. 4.4.4. ამის გამო, დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა. 4.5. პალატა არ ეთანხმება აპელანტს, რომ საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო შეეჩერებინა საქმის წარმოება. 4.5.1. საქმის მასალებით დგინდება, რომ საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობა მოპასუხის წარმომადგენელმა დააყენა საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე. 4.5.2. შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ მოპასუხემ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრა სარჩელი „აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით“, თუმცა სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღების დამადასტურებელი საბუთი მას არ გააჩნდა. 4.5.3. სწორედ ამ მოტივით შუამდგომლობა არ იქნა დაკმაყოფილებული (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის სხდომის ოქმი 16:47:40-16:51:15). 4.5.4. ზემოხსენებული მტკიცებულება აპელანტს არც სააპელაციო განხილვის ეტაპზე წარმოუდგენია. 4.5.5. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია, მხოლოდ, სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის გადაწყვეტამდე. 4.5.6. რადგან მოპასუხეს მის მიერ სავარაუდოდ აღძრული სარჩელის წარმოებაში მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია, საქალაქო სასამართლომ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე სავსებით სწორად არ დააკმაყოფილა. 4.6. აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოხსენებული განჩინება აპელანტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია. 4.6.1. ამიტომ, ამავე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო მას ვერც შეამოწმებს. 4.7. აპელანტმა სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში, მართალია, გამოხატა შეგებებული სარჩელის აღძვრის ნება, თუმცა, საბოლოოდ, იგი მას აღარ აღუძრავს. 4.7.1. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, საქალაქო სასამართლო აღნიშნულის თაობაზე ვერც იმსჯელებდა. 4.8. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. ნ---- უ------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე