განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117002208166
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/83-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - ს- „ბ------------ 1---“
წარმომადგენელი - ნ--- ა-------
მოწინააღმდეგე მხარე - შ-- „ნ----–----“
წარმომადგენელი - ნ-------- ნ-------
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს გადახდევინება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ-- „ნ----–----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ს- „ბ------------ 1---“-ს მოსარჩელე შ-- „ნ----–----ს“ სასარგებლოდ ნასყიდობის საფასურის 42 874.14 ევროს ეკვივალენტის ლარში გადახდა, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით. მოპასუხე ს- „ბ------------ 1---“-ს ასევე დაეკისრა მოსარჩელე შ-- „ნ----–----ს“ სასარგებლოდ 2016 წლის 30 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნასყიდობის საფასურის გადაუხდელი თანხის 0.05%-ის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 31 მარტს გამყიდველს შ-- „ნ----–---სა“ და მყიდველს ს- „ბ------------ 1---“-ს შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება N---------.
ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს ხელშეკრულების პირობების შესრულებამდე, 2016 წლის 30 მარტამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.
2.2. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.7. პუნქტის 2.7.1. ქვეპუნქტის მიხედვით, მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდა მოხდება შემდეგი პირობით: 100% წინასწარ ან მიწოდების შემდგომ ეტაპობრივი გადახდა. ამავე პუნქტის 2.7.2. ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებისას წარმოქმნილი დავალიანების გადახდის საბოლოო ვადაა: დაგროვილი დავალიანების 50% - 2015 წლის 30 სექტემბრამდე, ხოლო დანარჩენი 50% -2016 წლის 30 იანვრამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.
2.3. 2015 წლის 30 სექტემბერს, მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შეთანხმება დავალიანების გადაფასების შესახებ, რომლის თანახმად, მყიდველმა ს- „ბ------------ 1---“-მა აღიარა 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 136 802.50 ლარის ოდენობით დავალიანების არსებობა.
ამასთან, შეთანხმების მე-3 პუნქტის მიხედვით, გადაფასების შედეგად მყიდველის დავალიანება გამყიდველის მიმართ განისაზღვრა 57 001.03 ევროს ოდენობით.
შეთანხმების მე-4 პუნქტის თანახმად, მყიდველმა იკისრა ვალდებულება, გამყიდველის წინაშე არსებული დავალიანება დაეფარა ეროვნულ ვალუტა ლარში გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მხარეთა ახსნა-განმარტება.
შეთანხმება დავალიანების გადაფასების შესახებ.
2.4. შ-- „ნ----–---მა“ გამარტივებული წარმოების განხორციელების მიზნით, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, რესპონდენტის ს- „ბ------------ 1---“-ის მიმართ. ს- „ბ------------ 1---“ პროტესტით არ დაეთანხმა აპლიკანტის განცხადებას დავალიანების გამარტივებული წესით გადახდევინების თაობაზე, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, აპლიკანტს შ-- „ნ----–---ს“ უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მხარეთა ახსნა-განმარტება.
განცხადება. პროტესტი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება.
2.5. სააღსრულებო წარმოებისათვის გაწეული ხარჯია 200 ლარი. (100 ლარი სააპლიკაციო საფასური, 100 ლარი ყადაღის საფასური).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
გადახდის რეკვიზიტები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.6. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტის 3.2.2. ქვეპუნქტის მიხედვით, საქონლის ღირებულების გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში გამყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მყიდველს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.
2.7. 2015 წლის 30 სექტემბრის შეთანხმებით აღიარებული დავალიანებიდან 57 001.04 ევროდან ს- „ბ------------ 1---“-ის მიერ, არ არის გადახდილი 42 874.14 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
მოპასუხე სადავოდ ხდის სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, 2015 წლის 30 სექტემბრის შეთანხმებით დადასტურებული დავალიანების ნაწილობრივ დაფარვის თაობაზე და აღნიშნავს, რომ 57 001.04 ევროს ეკვივალენტი ლარებში გადახდილი აქვს 2015-2017 წლებში, რაც შეეხება შესაგებლით აღიარებულ დავალიანებას 42 300 ევროს ოდენობით, ეს დავალიანება წარმოშობილია შემდგომ პერიოდში მიმდინარე მიწოდებებიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პირობებში, რაც უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ გარემოებებს, დასახელებული მატერიალური ნორმა არ ითვალისწინებს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმს. თუმცა, რადგან საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა (სკ მ. 427), სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ამ მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება კი ცალსახად მოვალეს ეკისრება.
მხარეებს შორის სადავო არ არის და საქმის მასალებითაც დადგენილია, რომ 2016-2017 წლებში მხარეებს შორის გაგრძელდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, 2016 წლის აპრილიდან მხარეებს შორის ანგარიშსწორება ხდებოდა საქონლის მიწოდებამდე. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 05 აპრილის საგადასახადო დავალებიდან დგინდება, რომ 2016 წლის 05 აპრილს მყიდველმა ს- „ბ------------ 1---“-მა გადაიხადა რუმბოს ღირებულება 915.04 ლარის ოდენობით. სასაქონლო ზედნადების თანახმად, დგინდება, რომ შ-- „ნ----–---მა“ მყიდველს 2016 წლის 06 აპრილს მიაწოდა 915.04 ლარის ღირებულების რუმბო; 2016 წლის 15 აპრილის საგადასახადო დავალების თანახმად, მყიდველმა გადაიხადა 1171.30 ლარი, 15 აპრილს - 147.37 ლარი, სულ ჯამში, 1318.67 ლარი, იროკოსა და სულფოლაკის ღირებულების ასანაზღაურებლად, 2016 წლის 18 აპრილის სასაქონლო ზედნადების მიხედვით, მიწოდებულია 1318.67 ლარის ღირებულების იროკო და სულფოლაკი; 2016 წლის 10 მაისის საგადასახადო დავალებით გადახდილია 376.52 ლარი, კალცინიტისა და კრისტალონის ღირებულება, 2016 წლის 10 მაისის სასაქონლო ზედნადებით მიწოდებულია ზემოაღნიშნული საქონელი იმავე ღირებულებით; 2016 წლის 15 მაისის საგადასახადო დავალებიდან ირკვევა, რომ მყიდველმა გადაიხადა 15 783.96 ლარი, მელოდი დუო. ნატივოს ღირებულება, 2016 წლის 16 მაისის სასაქონლო ზედნადების მიხედვით, მიწოდებულია 15 783.96 ლარის ღირებულების მელოდი დოუ და ნატივო; 2016 წლის 18 მაისს გადახდილია - 530.46 ლარი, მულჩირების ფირის ღირებულება, ხოლო 2016 წლის 2016 წლის 18 მაისის სასაქონლო ზედნადების თანახმად, მიწოდებულია სწორედ ამ ღირებულების მულჩირების ფირი და ა.შ.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ საგადასახადო დავალებები, მისი მხრიდან 2015 წლის 30 სექტემბრის შეთანხმებით დადასტურებული დავალიანების დაფარვის თაობაზე, რადგან შესაგებელზე დართული 2017 წლის 23 აგვისტოს N1--------- საგადასახადო დავალების თანახმად, დგინდება, რომ დაფარულია ფილტრის სხვაობის დავალიანება 80.85 ლარი, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 23 აგვისტოს მიწოდებულია 539.5 ლარის ღირებულების ფილტრი; 2017 წლის 25 ოქტომბრის N9668 საგადახდო დავალების მიხედვით, გადახდილია 45 ლარი ფილტრკარდონის ღირებულების ასანაზღაურებლად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებიდან დგინდება, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს შ-- „ნ----–---მა“ განახორციელა საქონლის მიწოდება; შესაგებელზე დართული საგადახდო დავალებებიდან დგინდება, მყიდველის მიერ 2016-2017 წლებში, კონკრეტულ პერიოდში საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შესრულებისას, უმეტეს შემთხვევაში, გადახდის დანიშნულებაშიც აღნიშნულია კონკრეტულ პერიოდში მისაწოდებელი საქონლის დასახელება, რომლის საფასურსაც წინასწარ იხდიდა ს- „ბ------------ 1---“. მაგალითისთვის: 2016 წლის 09 მარტის N3--- საგადახდო დავალება; 2016 წლის 15 მარტის N4--- საგადახდო დავალება; 2016 წლის 16 მაისის N5--- საგადახდო დავალება; 2016 წლის 29 აგვისტოს N7--- საგადახდო დავალება და სხვა.
ამდენად, მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებებიდან და სასაქონლო ზედნადებებიდან ცალსახად დგინდება, ის გარემოება, რომ 2016 წლის აპრილიდან 2017 წლამდე პერიოდში, ს- „ბ------------ 1---“, გამყიდველის მიერ საქონლის მიწოდებამდე, ახორციელებდა გადახდებს. აქედან გამომდინარე, აპელირება იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 30 სექტემბრის შეთანხმებით დადასტურებული დავალიანება მყიდველმა სრულად დაფარა, უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ 2015 წლის 30 სექტემბრის შეთანხმებით აღიარებული ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოების დასადასტურებლად არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში, შ-- „ნ----–---სა“ და ს- „ბ------------ 1---“-ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამყიდველს შ-- „ნ----–---ს“ ეკისრებოდა საქონლის მიწოდების ვალდებულება, ხოლო მყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება, დადგენილია, რომ მოპასუხემ 2015 წლის 30 სექტემბრის შეთანხმებით დადასტურებული დავალიანებიდან არ გადაიხადა 42 874.14 ევროს ეკვივალენტი ლარებში გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, 2016 წლის 30 იანვრამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ს- „ბ------------ 1---“-ს მოსარჩელე შ-- „ნ----–----ს“ წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ს- „ბ------------ 1---“-ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ, მას გადასახდელი აქვს ნასყიდობის საფასურის სახით 42 874.14 ევროს ეკვივალენტი ლარებში და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.
მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2.9. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია ს- „ბ------------ 1---“-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის ნაწილის გადახდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.1%-დან შემცირდეს 0.05%-მდე, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოვალეს ეკისრება ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებიდან 2016 წლის 30 იანვრიდან და გრძელდება მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულებამდე. შესაბამისად, მოვალე ს- „ბ------------ 1---“-ს კრედიტორის წინაშე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით ძირითადი დავალიანება წარმოშობილია მიმდინარე მიწოდებიდან, შესაბამისად, არ არსებობს პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი. ამასთან, აპელანტი მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების მიუხედავად მისი ოდენობა მაინც შეუსაბამოდ მაღალია და უნდა დაექვემდებაროს შემცირებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1 სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- 2015 წლის 31 მარტს ერთი მხრივ შ-- ,,ნ----–---ს’’ და მეორე მხრივ ს- ,,ბ------------ 1----ს’’ შორის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მყიდველი მიერ გამყიდველის ასორტიმენტში არსებული პროდუქციის - მცენარეთა დაცვის საშუალებების და სასუქების შეძენა. ხელშეკრულების 2.7 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდა მოხდებოდა 100 % წინასწარ ან მიწოდების შემდგომ ეტაპობრივი გადახდის გზით. საქონლის მიწოდებისას წარმოქმნილი დავალიანებიდან 50 %-ის გადახდის ბოლო ვადა 2015 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდს, ხოლო დარჩენილი 50 %-ის გადახდის ვადა 2016 წლის 30 იანვრამდე პერიოდს მოიცავდა. ხელშეკრულების 3.2.2 პუნქტით საქონლის ღირებულების გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში გამყიდველის უფლებად განისაზღვრა მყიდველისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.1 %-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება. (ტ.1.ს.ფ. 21-22)
- 2015 წლის 30 სექტემბერს ერთი მხრივ შ-- ,,ნ----–---ს’’ და ს- ,,ბ------------ 1----ს’’ შორის გაფორმდა შეთანხმება დავალიანების გადაფასების შესახებ, რომლითაც ს- ,,ბ------------ 1----მა’’ შ-- ,,ნ----–----ს’’ მიმართ 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით აღიარა დავალიანება 136802.50 ლარის ოდენობით. შეთანხმების მე-3 პუნქტის მიხედვით, გადაფასების შედეგად მყიდველის დავალიანება გამყიდველის მიმართ 57 001.03 ევროს ოდენობით განისაზღვრა.
4.1.2. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე მოპასუხეს 31.03.2015 წლის ხელშეკრულების და 30.09.2015 წლის შეთანხმების საფუძველზე დაგროვილ დავალიანების ნაწილის სახით 42874.14 ევროს ეკვივალენტს ლარში და პირგასამტეხლოს სახით 30.01.2016 წლიდან 31.03.2015 წლის ხელშეკრულების და 30.09.2015 წლის შეთანხმების საფუძველზე დაგროვილი დავალიანების სრულ გადახდამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.1 %-ს ედავება.
4.1.3. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ 31.03.2015 წლის ხელშეკრულების და 30.09.2015 წლის შეთანხმების საფუძველზე დაგროვილი დავალიანების ძირი თანხის დაკისრების ნაწილში, რომლითაც ს- ,,ბ------------ 1----ს’’ შ-- ,,ნ----–----ს’’ სასარგებლოდ 42 874.14 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა, სააპელაციო წესით გასაჩივრებული არ არის და ამ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.11.2018 წლის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
4.1.4. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შ-- ,,ნ----–----ს’’ სასარგებლოდ ს- ,,ბ------------ 1----ს’’ 30.01.2016 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის მართებულად დააკისრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.05 %-ის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ აპელანტი სადავოდ ხდის როგორც პირგსამატეხლოს დარიცხვის საფუძველს, ასევე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასაც. კერძოდ, აპელანტი მიიჩნევს, რომ ძირითადი დავალიანება წარმოშობილია არა 31.03.2015წ. ხელშეკრულებიდან და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 30.09.2015 წლის შეთანხმებიდან, არამედ მიმდინარე მიწოდებიდან.
სააპელციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ს- ,,ბ------------ 1----ის’’ მიერ 31.03.2015წ. ხელშეკრულებიდან და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 30.09.2015 წლის შეთანხმების საფუძველზე 42 874,14 ევროს ეკვივალენტის ლარის შ-- ,,ნ----–----სთვის’’ გადახდის ფაქტი, რის გამოც აპელანტის შესაბამისი პრეტენზია პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძვლის არარსებობის შესახებ ვერ იქნება გაზიარებული.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:
1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება,2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ვადა ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა,3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი,4. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თვით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ამდენად, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში, შ-- ,,ნ----–----ს’’ მოთხოვნაზე 31.03.2015 წლის ხელშეკრულებით და 30.09.2015 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო 30.01.2016 წლიდან პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასთან დაკავშირებით ს- ,,ბ------------ 1----ის’’ პრეტენზია ეფუძნება ძირითადი დავალიანების სახით დაგროვილი დავალიანების მიმდინარე მიწოდებიდან წარმოშობას, რაც მისივე განმარტებით 30.01.2016 წლიდან პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერებას გამორიცხავს. ამდენად, აპელანტის მიერ დასახელებული გარემოების, რომ 31.03.2015 წლის ხელშეკრულების და 30.09.2015 წლის შეთანხმების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება ს- ,,ბ------------ 1----ის’’ მხრიდან შესრულებულია და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ძირი თანხის სახით დაკისრებული 42 874.14 ევროს ეკვივალენტი ლარი წარმოადგენს სადავო გარიგების შემდეგ მიმდინარე მიწოდებიდან წარმოშობილ დავალიანებას, დადასტურება სწორედ ს- ,,ბ------------ 1----ს’’ ეკისრებოდა. აღსანიშნავია, რომ მისი მტკიცება 31.03.2015 წლის ხელშეკრულებით და 30.09.2015 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ საგადახდო დავალებების წარმოდგენით შემოიფარგლა (ტომი 1, ს.ფ. 84-126). პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც უდავოა სადავო ხელშეკრულების და შეთანხმების შემდეგ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების ფაქტი, ს- ,,ბ------------ს 1----ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები (საგადახდო დავალებები) არ იძლევა დასკვნის საფუძველს მასზედ, რომ ამ დოკუმენტებში მითითებული თანხა 31.03.2015წ. ხელშეკრულების და 30.09.2015 წლის შეთანხმების ფარგლებში დაგროვილი დავალიანების დაფარვას მოხმარდა. უფრო მეტიც, ამ მიმართებით მხედველობაშია მისაღები მოსარჩელის მხარის მითითება და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მასზედ, რომ დაგროვილი დავალინების გათვალისწინებით, შემდეგი სახელშეკრულებო ურთიერთობა წინასწარ გადახდის პირობით გაგრძელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ შესაგებელზე დართული საგადახდო დავალებებიდან დგინდება, მყიდველის მიერ 2016-2017 წლებში მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შესრულება, რადგან უმეტეს შემთხვევაში, მხარე გადახდის დანიშნულებაში თავად აღნიშნავს კონკრეტულ პერიოდში მისაწოდებელი საქონლის დასახელებას, რომლის საფასურსაც ის წინასწარ იხდიდა. მაგალითისთვის: 2016 წლის 09 მარტის N3--- საგადახდო დავალება; 2016 წლის 15 მარტის N4--- საგადახდო დავალება; 2016 წლის 16 მაისის N5--- საგადახდო დავალება; 2016 წლის 29 აგვისტოს N7--- საგადახდო დავალება და სხვა. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ საპირისპირო დასაბუთებული არგუმენტაცია აპელანტის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი პრეტენზია პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძვლის არ არსებობის შესახებ დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული;
4.1.5. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადცილებული დღისთვის ვადაგადაცილებული თანხის 0.05 %-მდე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხელშეკრულების საერთო თანხის, შესრულებული ვალდებულებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე მართებულად ჩათვალა მოთხოვნილი პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0.1%, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და სამართლიანად შეამცირა მისი ოდენობა 0.05 %-მდე.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი ითხოვს შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირებას, კერძოდ, დაკისრებული პირგასამტეხლოს დაყვანას ვადაგადაცილებული დავალიანების 0.01 %-მდე. (იხ. 25.06.2019წ. სხდომის ოქმი). აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ მიიჩნევს პირველი ინსტანციის მიერ შემცირებულ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და რა ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ითხოვს შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირებას. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე. საბოლოოდ, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო რა, ორ იურიდიულ პირს შორის ნების თავისუფალი ავტონომიის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობა, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა და მოცულობა, ასევე, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს- ,,ბ------------ 1----ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /
/გოდერძი გიორგიშვილი /