განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002466481
საქმე №2ბ/2601-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ივლისი 2019 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - ლ-----------–---–ი
წარმომადგენელი - თ----- გ-----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ლ-----------
წარმომადგენელი - თ------------–-–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება.
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი
1. 2017 წლის 10 მაისს ლ---------ასა (გამსესხებელი) და ლ-----------–---–ს (მსესხებელი) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ლ---------ამ გადასცა ლ-----------–---–ს სესხის თანხა 3 000,00 ლარი. სესხის გაიცა ყოველთვიური სარგებლის (პროცენტის) გადახდის გარეშე. სესხის გაიცა ერთი წლის ვადით და მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 2018 წლის 10 მაისს. მხარეებს შორის გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის სესხის თანხის (3 000,00 ლარის) გადაცემის ფაქტი არ არის სადავო.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ლ-----------მ და მოითხოვა ლ-----------–---–ის მიმართ ლ-----------ს სასარგებლოდ 3000 ლარის დაკისრება.
11.1 სარჩელის საფუძვლები:
სარჩელში განმარტებულია, რომ ლ---------ამ ლ-----------–---–ს ასესხა თანხა 3 000,00 ლარი, რასთან დაკავშირებით 2017 წლის 10 მაისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. შეთანხმების თანახმად, ლ-----------–---–ს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა 2018 წლის 10 მაისს. მოპასუხეს მოსარჩელისათვის სესხის თანხა არ დაუბრუნებია.
12. მოპასუხის შესაგებელი :
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ მხარეებს შორის გაფორმდა უპროცენტო სესხის ხელშეკრულება, ლ-----------–---–ი ყოველთვიურად იხდიდა 300,00 ლარს, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ-----------ს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად; ლ-----------–---–ს მოსარჩელე ლ-----------ს სასარგებლოდ დაეკისრა 3000 ლარის გადახდა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 100 ლარის გადახდა (იხ გადაწყვეტილება ტომი 1 სფ.100)
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასააჩივრა მოპასუხე ლ-----------–---–მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
14.1 ლ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლებია:
აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ არ დგინდება ლ-----------–---–ის მიერ ლ-----------ს სასარგებლოდ სესხის თანხის, 3000 ლარის გადახდის ფაქტი. აპელანტი მიუთითებს, რომ მას სასამართლო სხდომაზე იმ მოწმეთა დაკითხვის შესახებ, რომლებიც სესხის თანხის გადახდის ფაქტს დაადასტურებდნენ, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი უსაფუძვლოდ ეთქვა. გარდა ამისა, აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განამრტა იგი. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად „კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ანწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამისი დამადასტურებელი დოკუმენტი“; კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც აპელანტი განამრტავს მოვალეს არ მოუთხოვია ამისი დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენა რადგან მხარეთა შორის არსებობდა ნდობის მაღალი ხარისხი.
სამოტივაციო ნაწილი
15. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
17. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, ამდენად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
18. აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას:
18.1. 2017 წლის 10 მაისს ლ---------ასა (გამსესხებელი) და ლ-----------–---–ს (მსესხებელი) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ლ---------ამ გადასცა ლ-----------–---–ს სესხის თანხა 3 000,00 ლარი. სესხის გაიცა ყოველთვიური სარგებლის (პროცენტის) გადახდის გარეშე. სესხის გაიცა ერთი წლის ვადით და მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 2018 წლის 10 მაისს. მხარეებს შორის გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის სესხის თანხის (3 000,00 ლარის) გადაცემის ფაქტი არ არის სადავო.
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. როგორც აღინიშნა, სესხის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმითაც. სამოქალაქო კოდექსის თანახმად სესხი რეალური ხელშკრულებაა: ის დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთების საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. რეალური სესხის ხელშეკრულება გულისხმობს საგნის ფიზიკურ გადაცემას, როგორც ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის პირობას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის 2017 წლის 10 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაცემული აქვს სესხის თანხა 3 000,00 ლარი (სესხის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სარგებლის (პროცენტის) გადახდას.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას სასესხო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში მოვალემ ვერ წარმოადგინა ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურბელი მტკიცებულება. აპელანტის მოსაზრებით სასამართლო არ გამოიძახა და არ დაკითხვა მოწმე რომელიც დაადასტურებდა რომ ფულს აძლევდა მას (მოწმეს) შესაბამისად ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლებოდა. პალატა განმარატვს რომ ამგვარი მოწმის დაკითხვის შემთხვევაშიც მისი განმარტებებით ვერ დადგინდებოდა კრედიტორის წინაშე მოვალის მიერ ვალდებულების შესრულება. პალატა მოიხმობს სსსკ-ის მე-4 მუხლს, რომლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მოვალეს ეკისრება. სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, მისცეს მოვალეს მის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს, თუმცა კანონმდებელი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ მოითხოვოს ხსენებული საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. დოკუმენტის (ვალის გადახდის თაობაზე საბუთის) ფლობა აუცილებელია მოვალისათვის, რადგან მას მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე კრედიტორისაგან არ ითხოვს საბუთს ვალდებულების შესრულების შესახებ, უნდა ითქვას, რომ ამით ის იჩენს გარკვეულ წინდაუხედაობას ან ზედმეტ ნდობას კრედიტორის მიმართ. საბოლოოდ, ეს ფაქტორი მთლიანად უკავშირდება მის რისკს და განაპირობებს მისი მხრიდან ვალდებულების არსებობა-არარსებობის ფაქტს. იმავე შინაარსს აყალიბებს კანონმდებელი სსკ-ის 431-ე მუხლშიც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების მიღების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია, კრედიტორისაგან მოითხოვოს სავალო საბუთის დაბრუნება ან გაუქმება, შეუძლებლობის შემთხვევაში კი ვალდებულების შეწყვეტის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა.(შდრ. სუსგ 11.11.2015, №ას-570-541-2015). ამდენად, კანონის თანახმად, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რამაც შესაძლოა, განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. (ას-241-241-2018). მოცემულ შემთხვევაში მოვალემ ვერ დაადასტურა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულება, რის გამოც სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
20. საპროცესო ხარჯები: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს რუსთავის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა ბერეკაშვილი