განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.06.2019
საქმის ნომერი
330210018002371023
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002371023

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/6046-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ლ---–- მ------–-–---–-

წარმომადგენელი - ი--- მ---–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ----- ა--------

წარმომადგენლები - გ--- ბ-----–---–-, რ--------- ც---–----

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ---–- მ------–-–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. უძრავი ქონება, 44,50 კვ.მ ფართი, მდებარე, თ---–---------------–-----------------------------------------------------------------------------–----------- მემკვიდრეობით მიიღო კ-------- ჩ-------მა (დაბადებული 1---------წ, პ/ნ 0----------) 2014 წლის 16 ოქტომბრის ნოტარიუს ა----------–---–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 143-145, ტომი პირველი). მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 127).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 131, ტომი პირველი).

 

2.2. 2014 წლის 08 დეკემბერს კ-------- ჩ-------სა (დაბადებული 1---------წ) და გ---–- ჩ-------ს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------, ნოტარიუსი მ--- ბ--------), რომლის თანახმად, საცხოვრებელი ბინა, 44,50 კვ.მ ფართით, მდებარე, თ---–---------------–-----------------------------------------------------------------------------–-----------, გამჩუქებელმა კ-------- ჩ-------მა აჩუქა გ---–- ჩ-------ს.

 

2014 წლის 11 დეკემბერს აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება 44,50 კვ.მ ფართი, მდებარე, თ---–---------------–-----------------------------------------------------------------------------–----------- (საკადასტრო კოდი 0----------------------), აღირიცხა გ---–- ჩ-------ის საკუთრებაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 146-148, პირველი ტომი). ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 149-150, პირველი ტომი).

 

2.3. 2015 წლის 22 იანვარს გ---–- ჩ-------სა და ნ----- ა-------ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ----- ა-------მა შეიძინა უძრავი ქონება 44,50 კვ.მ ფართი, მდებარე, თ---–---------------–-----------------------------------------------------------------------------–----------- (საკადასტრო კოდი 0----------------------).

 

2015 წლის 26 იანვრიდან აღნიშნული უძრავი ქონება დასახელებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ნ----- ა--------ს საკუთრებაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 231-233, ტომი მეორე). ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 151, ტომი პირველი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4. არ დგინდება ლ---–- მ------–-–---–-ს მიერ ნ----- ა--------ს სასარგებლოდ 18 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით ნ----- ა--------სათვის სადავო ბინის შეძენის მიზნით გადახდილი აქვს 18 000 აშშ დოლარი, უძრავი ნივთის ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

მოსარჩელე მხარეს მითითებული გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს ფულადი თანხის გაგზავნის თაობაზე რუსულ ენაზე მომზადებული დოკუმენტები, გაცემული შესაბამისი საბანკო/საფინანსო დაწესებულებების მიერ. აღნიშნული დოკუმენტი ნათარგმნია ქართულ ენაზე და დამოწმებულია შესაბამისი წესით. აღნიშნული მასალებით დგინდება, რომ ბ------ დ---------ს ფულადი თანხები გაგზავნილი აქვს ა---------– ა--------სათვის. წარმოდგენილი მასალებიდან ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, ი-–----------–-–---–ს ნ----- ა--------ს სასარგებლოდ გაგზავნილი აქვს 1250 აშშ დოლარი, 2009 წელს. ის გარემოება, რომ ი-–----------–-–---–ი მოქმედებდა ლ---–- მ------–-–---–-ს დავალებით და გადარიცხულ თანხაზე მოთხოვნის უფლება რომ ეკუთვნის მოსარჩელეს სათანადო მტკიცებულებებით არ დგინდება.

 

წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება ლ---–- მ------–-–---–-ს მიერ ნ----- ა--------ს სასარგებლოდ თანხის, თუნდაც ნაწილობრივ გადახდის ფაქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მოპასუხის სასარგებლოდ 18 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტის დამტკიცება მტკიცების ტვირთის პროცესუალური და მატერიალური საფუძვლების, კერძოდ, სსსკ- ის მე-4 და 102-ე მუხლებისა და სსკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დადასტურებულად მიიჩნიოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება 18 000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ.

 

2.5. არ დგინდება ნ----- ა--------ს გამდიდრების ფაქტი ლ---–- მ------–-–---–-ს მიერ უძრავ ქონებაზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად.

დადგენილია, რომ 2015 წლის 22 იანვარს გ---–- ჩ-------სა და ნ----- ა-------ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ----- ა-------მა შეიძინა უძრავი ქონება 44,50 კვ.მ ფართი, მდებარე, თ---–---------------–-----------------------------------------------------------------------------–----------- (საკადასტრო კოდი 0----------------------).

 

შესაბამისად, ნ----- ა--------ს საკუთრებაში გადასვლამდე უძრავი ქონება ირიცხებოდა ჯერ კ-------- ჩ-------ის, ხოლო შემდგომ გ---–- ჩ-------ის სახელზე, ხოლო მოპასუხის სახელზე უძრავი ქონება აღირიცხა 2015 წლის 26 იანვრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, ლ---–- მ------–-–---–- სადაო უძრავ ქონებას ფლობდა 2006 წლიდან. რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს აღნიშნული სამუშაოები ჩატარებულია ნ----- ა-------ზე საკუთრების წარმოშობის მომენტამდე, ანუ 2015 წლის 26 იანვრამდე. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება უკვე ჩატარებული სარემონტო სამუშაოებით და როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებიდან დგინდება შეძენილ ქონებაში გადაიხადა 90000 ლარი (იხ. ტ.2. ს.ფ. 231) მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტობრივი შემადგენლობა სახეზე არ გვაქვს.

 

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ნ----- ა-------- არ წარმოადგენს პირს, რომელმაც მოსარჩელე ლ---–- მ------–-–---–-ს ხარჯზე მიიღო სარგებელი და ამით უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ- კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

მოცემული ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობა გულისხმობს შემდეგი სამი პირობის ერთდროულად არსებობას: მოპასუხის გამდიდრებას, რაც ხდება მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის საფუძველზე და მატერიალურ სიკეთეთა გადანაცვლებას უსაფუძვლოდ. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის, გამდიდრებულისა, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად.

 

სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე ხდება.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნის (18 000 აშშ დოლარი) საფუძვლად მიუთითა მხარეთა შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ზეპირი ფორმით შეთანხმება და ამის საფუძველზე თანხის მოპასუხისათვის გადახდა. რამდენადაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო თანხის გადახდის შესახებ მითითებული გარემოებისა და შესაბამისად უსაფუძვლო გამდიდრების თუნდაც ერთი ელემენტის არსებობის დადასტურება, შესაბამისად გამოირიცხება 976-ე მუხლის მოქმედება, განსახილველი შემთხვევის ფაქტობრივი მოცემულობა გამორიცხავს დაცვითი ფუნქციით აღჭურვილი ნორმის გამოყენების წინაპირობების არსებობას.

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად - გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.

 

მოცემული ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობა გულისხმობს შემდეგი სამი პირობის ერთდროულად არსებობას: მოპასუხის გამდიდრებას, რაც ხდება მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის საფუძველზე და მატერიალურ სიკეთეთა გადანაცვლებას უსაფუძვლოდ.

 

სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ თანხის გადახდაზე ვალდებულია ის პირი, ვინც სარგებელს იღებს და გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა პირმა სარგებელი მიიღო. სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებით მოპასუხე არ გამდიდრებულა და მას სარგებელი არ მიუღია, ვინაიდან მოპასუხემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება უკვე გაუმჯობესებულ მდგომარეობაში და შესაბამისად, ნასყიდობის თანხის გადახდით სარგებელი მიიღო მესაკუთრემ (გამყიდველმა), რომელმაც მიიღო ქონება გაუმჯობესებულ მდგომარეობაში და ამ გაუმჯობესების ხარჯზე განსაზღვრა ნასყიდობის საფასური.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი მოთხოვნის უფლებას შეგნებულად ან შეცდომით ხარჯების გაწევის შემთხვევაში მეორე პირს აკისრებს და არა კონკრეტულად მესაკუთრეს. მეორე პირი არის ვალდებული პირი, ვისაც გაზრდილი ღირებულებით უბრუნდება ქონება, ნივთი, ან სხვაგვარად იღებს სარგებელს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ნ----- ა-------ს არ უნახავს სარგებელი გაუმჯობესებული ქონების საკუთრებაში მიღებით, ვინაიდან მან ეს ქონება შეიძინა ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ გვაქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის კვალიფიკაციის წინაპირობები. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ლ---–- მ------–-–---–-ს სასარჩელო მოთხოვნები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთბულ შეფასებებს და მიუთითებს მათ უსაფუძვლობაზე. აპელანტის განმარტებით 2006 წელს ნ----- და ა---------– ა-------ებთან დადო ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო უძრავ ქონებაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოწმებს რა გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ნ----- ა--------სთვის ლ---–- მ------–-–---–-ს სასარგებლოდ ნასყიდობის საფასურის სახით 18 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და რემონტისთვის გაწეული ხარჯის 23 954.04 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

განსახილველი დავისთვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებისა და მართებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის, უმნიშვნელოვანესია, იმ ფაქტის დადგენა, თუ მხარეებს ერთმანეთთან რა სამართლებრივი ურთიერთობა აკავშირებდათ. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 185-ე მუხლების შინაარსიც ადასტურებს, რომელთა ანალიზიც ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი სასამართლომ და არა მხარემ უნდა განსაზღვროს.

 

4.1.2. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა ზეპირი გარიგების საფუძველზე გადახდილი თანხის 18 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მიუხედავად ზეპირი შეთანხმებისა და ამ შეთანხმების საფუძველზე ნასყიდობის ფასის 18 000 აშშ დოლარის გადახდისა, მხარეებს შორის სადავო უძრავ ქონებაზე გარიგება კანონით დადგენილი წესით აღარ დადებულა, რაც შეეხება მოთხოვნას რემონტის ხარჯების ანაზღაურების შესახებ, აღნიშნული მოთხოვნა ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოსარჩელემ საკუთარი სახსრებით გაარემონტა სადავო უძრავი ქონება, რომელიც მისი მხრიდან დაუფლებისას არ იყო საცხოვრებლად ვარგისი. ამასთან, გათვალისწინებით იმისა, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს ნ----- ა-------- წარმოადგენს, ნივთზე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებით, გამდიდრდა მოპასუხე.

 

4.1.3. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ სადავო უძრავი ნივთის გასაღები 2006 წელს ლ---–- მ------–-–---–ს ნ----- ა-------მა გადასცა. მხარეები სადავოდ არც იმ გარემოებას ხდიან, რომ ლ---–- მ------–-–---–მა 2006 წლიდან უძრავ ნივთზე ნ----- ა--------ს საკუთრების უფლების წარმოშობამდე (22.01.2015 წ.) სარემონტო სამუშაოების ჩაატარა. მხარეთა შორის სადავოა და სააპელაციო პალატის მიერ გამოკვლევას ექვემდებარება ის გარემოებები მიიღო თუ არა ნ----- ა-------მა ლ---–- მ------–-–---–-სგან ნასყიდობის ფასის სახით 18 000 აშშ დოლარი და გამდიდრდა თუ არა ნ----- ა-------- უძრავ ნივთზე ლ---–- მ------–-–---–-ს მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარების შედეგად.

 

4.1.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ლ---–- მ------–-–---–მა ნ----- ა-------ს 18 000 აშშ დოლარი გადაუხადა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილია მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, რომლის თანახმადაც, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ნ----- ა--------სთვის 18 000 აშშ დოლარის გადახდას ასაბუთებს საქმეში წარმოდგენილ რუსულ ენაზე მომზადებულ დოკუმენტებზე მითითებით, რომელიც თავის მხრივ ნათარგმნია ქართულ ენაზე და ერთ შემთხვევაში ირკვევა, ბ------ დ---------ის მიერ ა----- ა--------სთვის თანხის გადარიცხვის, ხოლო მეორე შემთხვევაში ი-–----------–-–---–ის მიერ ნ----- ა--------სთვის 1250 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტი. საგულისხმოა აღნიშნოს ისიც, რომ მოსარჩელემ ზეპირი გარიგების საფუძველზე მოპასუხის ძმის ა---------– ა--------სთვის 10 000 აშშ დოლარის ხელზე გადახდის შესახებ მიუთითა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის ისეთი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს ლ---–- მ------–-–---–-ს მიერ ნ----- ა--------ს სასარგებლოდ თანხის გადახდილად მიჩნევის ვარაუდის საფუძველს მისცემდა. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი რუსულენოვანი დოკუმენტები, რომლებიც თარგმნილია ქართულ ენაზე და რომლითაც მოსარჩელე ნ----- ა--------სთვის თანხის გადახდის ფაქტის დადასტურებას შეეცადა ერთ შემთხვევაში ბ------ დ---------ის მიერ არა ნ----- ა--------ს, არამედ ა---------– ა--------სთვის თანხის გადარიცხვაზე მიუთითებს, ხოლო მეორე შემთხვევაში ი-–----------–-–---–ის მიერ ნ----- ა--------თვის 1250 აშშ დოლარის გადარიცხვის შესახებ ირკვევა. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ი-–----------–-–---–ის ლ---–- მ------–-–---–-ს დავალებით მოქმედების ფაქტი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. აღსანიშნავია, რომ აპელანტმა მოსარჩელისთვის 10 000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებად მხოლოდ მის მხარის ახსნა-განმარტებაზე მიუთითა. პალატა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს დაარღვევდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მხოლოდ მოსარჩელე აპელანტის ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად ვერ მიიჩნევს მოპასუხისთვის ან და მისი ოჯახის წევრისთვის ძმისთვის 10 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს, ვინაიდან ასეთი გარემოების დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების მიმართ მტკიცებულების სახე პირდაპირ არის განსაზღვრული სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, სადავოობის შემთხვევაში, შესრულების დამტკიცების მიზნით, სავალო საბუთის წარდგენის ვალდებულება მოვალეს ეკისრება. ამასთან, ვინაიდან აღნიშნული ნორმით პირდაპირ არის განსაზღვრული სათანადო მტკიცებულების სახე - ვალის მიღების შესახებ დოკუმენტი (მიღება-ჩაბარების აქტი), იგი სხვა მტკიცებულებებით, მაგალითად, მხარის ახსნა-განმარტებით, მოწმის ჩვენებით, და ა.შ. არ შეიძლება შეიცვალოს.

 

4.1.5. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ უძრავ ნივთზე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების შედეგად ნ----- ა--------ს გამდიდრების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც ზემოთ აღინიშნა მხარეები სადავოდ არ ხდიან 2006 წელს ნ----- ა--------ს მიერ ლ---–- მ------–-–---–-სთვის საცხოვრებელი ბინის გასაღების გადაცემას და ამ უკანასკნელის მიერ საცხოვრებელ ბინაზე ნ----- ა--------ს საკუთრების უფლების წარმოშობამდე (26.01.2015წ.) სარემონტო სამუშაოების წარმოებას. მხარეთა შორის სადავოა ამ სამუშაოების შედეგად ნ----- ა--------ს გამდიდრების ფაქტი.

 

ამ მიმართებით მხედველობაშია მისაღები ის უდავო გარემოებები, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ:

- უძრავი ქონება, მდებარე, თ---–---------------–-----------------------------------------------------------------------------–----------- 2014 წლის 16 ოქტომბრის ნოტარიუს ა----------–---–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მემკვიდრეობით მიიღო კ-------- ჩ-------მა (დაბადებული 1---------წ, პ/ნ 0----------).

- უძრავი ნივთზე მდებარე: თ---–---------------–-----------------------------------------------------------------------------–-----------, 2014 წლის 08 დეკემბერს ერთი მხრივ კ-------- ჩ-------ს (დაბადებული 1---------წ) და მეორე მხრივ გ---–- ჩ-------ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა გ---–- ჩ-------ის საკუთრების უფლება.

- 2015 წლის 22 იანვარს ერთი მხრივ გ---–- ჩ-------ს და მეორე მხრივ ნ----- ა-------ს შორის გაფორმებული გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე მდებარე: თ---–---------------–-----------------------------------------------------------------------------–----------- (საკადასტრო კოდი 0----------------------) საჯარო რეესტრში ნ----- ა--------ს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.

 

საგულისხმოა, რომ იმ სუბიექტთა წრის განსაზღვრა, ვინც უნდა აგოს პასუხი მოსარჩელის მიმართ, მოსარჩელის მტკიცების ვალდებულების ნაწილია (სსსკ-ის მე-3, მე-4,178-ე მუხლები), თუმცა, საბოლოოდ, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნისთვის სასამართლო ამოწმებს ნორმით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგზე პასუხს აგებს თუ არა ის პირი, რომელიც დასახელებულია მოპასუხედ (სათანადო მოპასუხე).

 

ამდენად, სწორი სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია სათანადო მოპასუხის განსაზღვრის მნიშვნელობას. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ მან საცხოვრებელ ფართში სარემონტო სამუშაოები 2006 წლიდან აწარმოა, სადავოდ არ ხდება ფაქტი მასზედ, რომ სამუშაოები საცხოვრებელ ბინაზე მოპასუხის საკუთრების უფლების მოპოვებამდე მიმდინარეობდა, მოპასუხემ საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლება 2015 წლის 22 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვა, გამომდინარეობს პირველი დასკვნა იმის თაობაზე, რომ საცხოვრებელი ფართზე უფლების მოპასუხისათვის გადაცემის მომენტისთვის სადავო სარემონტო სამუშოები უკვე განხორციელებული უნდა ყოფილიყო, ხოლო აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამომდინარეობს მეორე დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირს მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებული პირი ნ----- ა-------- არ წარმოადგენს. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარე სარჩელზე ნ----- ა--------ს პასუხისმგებლობას ამ უკანასკნელის მიერ მისთვის 2006 წელს საცხოვრებელი ბინის გასაღების გადაცემას უკავშირებს, აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას ფაქტს მასზედ, რომ ნ----- ა-------მა საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლება გ---–- ჩ-------თან 22.01.2015 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვა, აღნიშნული კი ამ გარიგების კანონიერების გაბათილებამდე საფუძველს აცლის მოსარჩელის მსჯელობას მასზედ, რომ 2006 წელს ნ----- ა-------- საცხოვრებელი ბინის გაყიდვაზე უფლებამოსილ სუბიექტს წარმოადგენდა და ბინაში ჩატარებული რემონით სწორედ ეს უკანასკნელი გამდიდრდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში მოსარჩელეს გ---–- ჩ-------ს და ნ----- ა-------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც ნ----- ა-------მა საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლება მოიპოვა, სადავოდ არ გაუხდია .

 

4.1.6. საბოლოოდ სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის მოთხოვნის განმაპირობებელ სამართლებრივ საფუძვლად სწორდა მიიჩნია სსკ-ის 987-ე მუხლი, სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები ლ---–- მ------–-–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნების გასაბათილებლად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ლ---–- მ------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /

 

/გოდერძი გიორგიშვილი /