განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/4706-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ანა გოგიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე, ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე
აპელანტი - ნ-----------–---–ი;
წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ნ-----–ია კ-------–---ის ქართულ-ჰ---–---------ი კ-–----ა“;
წარმომადგენელი - ა-------------–---–ი;
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.
1. აპელანტის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელი დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ნ-----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს ,,ნ-----–ია კ-------–---ის ქართულ-ჰ---–---------ი კ-–----ის” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
2.1 2012 წლის 24 ივლისის, შპს ,,ჰ---–---------ი კ-–----ის“ პარტნიორთა კრების ოქმით NDC-CM 2012-001 დგინდება, რომ საზოგადოების დირექტორობიდან გამოწვეულ იქნა დ--------–-----ე. აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა და მიენიჭა საზოგადოების და ხელმძღვანელობის უფლებამოსილება ნ-----------–---–ს. (იხ. შპს ,,ჰ---–---------ი კ-–----ის“ პარტნიორთა კრების ოქმი NDC-CM 2012-001; მხარეთა ახსნა-განმარტება);
2.2. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ ნ-----------–---–ი 2012 წლის 22 აგვისტოდან წარმოადგენს შპს ,,ჰ---–---------ი კ-–----ის“ ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს. (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან);
2.3. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ ნ-----------–---–ი 2013 წლის 28 მაისიდან წარმოადგენს შპს ,,ჰ---–---------ი კ-–----ის“ ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს. (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან);
2.4. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს ,,ჰ---–--------- კ-–----ას“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,ნ-----–ია კ-------–---ის ქართულ-ჰ---–---------ი კ-–----ა“, ამასთან 2015 წლის 26 იანვრის მდგომარეობით ნ----- ტ----–---–---–ი წარმოადგენს შპს ,,ნ-----–ია კ-------–---ის ქართულ-ჰ---–---------ი კ-–----ის“ ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს. (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან);
2.5. ნ---- ფ----–---–ის ამონაწერით საბანკო ანგარიშიდან დგინდება, რომ მას ხელფასის სახით ერიცხებოდა სხვადასხვა ოდენობით თანხები პერიოდულად, კერძოდ, მას 2013 წლის 5 იანვარს ჩაერიცხა ხელფასის სახით 25 803,60 ლარი, ხოლო 2013 წლის 26 აპრილს 6824,20 ლარი. (იხ. ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, საგადახდო დავალებები);
2.6. შპს ,,ჰ---–---------ი კ-–----ის“ წესდების 7.7. პუნქტის თანახმად, დირექტორი ადგენს საზოგადოების ბიუჯეტს. დირექტორი პასუხისმგებელია ფინანსური ანგარიშებისა და საკონტროლო სისტემების შემუშავებაზე. მას ეკისრება პასუხისმგებლობა სათანადო აღრიცხვიანობის უზრუნველყოფაზე გადასახადებთან, საბაჟო მოსაკრებლებთან და სხვა გადასახადებთან დაკავშირებით. იგი პირადად არის პასუხისმგებელი ყველა ფინანსურ ოპერაციებზე.
ამავე წესდების 7.11.4. პუნქტის თანახმად, კი დირექტორი განსაზღვრავს საზოგადოების მუშა-მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების ოდენობას და პირობებს (იხ. შპს ,,ჰ---–---------ი კ-–----ის“ წესდება).
2.7. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ნ-----------–---–მა განაცხადა, რომ ზეპირსიტყვიერად შეთანხმებული იყო ხელმძღვანელობასთან იმის შესახებ, რომ მას ხელფასის თანხა ჩაერიცხებოდა პერიოდულად, ამასთან, მას მართალია ჰქონდა შესაძლებლობა თვითონვე გადაერიცხა ხელფასის თანხა თავის ანგარიშზე თუმცა ამას არ აკეთებდა, თუ ხელმძღვანელების თანხმობა არ იქნებოდა. (იხ. მოსარჩელის ახსნა- განმარტება);
2.8. შპს ,,ჰ---–---------ი კ-–----ის“ დირექტორის თანამდებობა ნ-----------–---–მა დატოვა 2013 წლის 15 მაისს პირადი განცხადების საფუძველზე. (იხ. განცხადება, მოსარჩელის ახსნა-განმარტება).
2.9. სასამართლო სხდომაზე, ასევე შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით წარმოდგენილი შესაგებლით ნ-----------–---–მა დაადასტურა ის გარემოება, რომ იგი იმ პერიოდში როდესაც იყო საწარმოს დირექტორი, პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა კ-–----ებში და იღებდა ანაზღაურებას, რაც მას წესდებით აკრძალული არ ჰქონია.
2.10. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე შპს ,,ნ-----–ია კ-------–---ის ქართულ- ჰ---–---------ი კ-–----ის“ განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ნ-----------–---–ს დირექტორად ყოფნის პერიოდში არ შეუსრულებია არანაირი სამუშაო რაც იქნებოდა საზოგადოებისათვის სასარგებლო. საქმეში არსებული ელექტრონული მიმოწერებით და ინვოისებით დასტურდება, რომ ნ-----------–---–ი ჩაბმული იყო ორგანიზაციის მართვაში და ახორციელებდა იმ ფუნქციების შესრულებას, რაც მას ევალებოდა, კერძოდ, კადრების მოძიების, შერჩევის დაკომპლექტების მიმართულებით, ასევე საწარმოს აპარატურის შეძენისა და მატერიალურ ტექნიკური აღჭურვილობის შეძენასთან მიმართებით. ამის საპირისპიროდ, მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი განმარტება სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართლაწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავინთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქრწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ნ-----–ია კ-------–---ის ქართულ-ჰ---–---------მა კ-–----ამ“ ვერ დაადასტურა გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებდა შეგებებულ სარჩელს. (იხ. ელექტრონული მიმოწერები და ინვოისები, მხარეთა ახსნა-განმარტება).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11 სასამართლოს მითითებით საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი). ამავე კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულების ანაზღაურების სანაცვლოდ. სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ ''თუკი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნად.'' (სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, (#7932/03))
2.12. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლო განმარტავს, რომ დირექტორი (დირექტორატი) სამეწარმეო საზოგადოების მართვის აუცილებელი ორგანოა, რომლის მნიშვნელობაც საზოგადოების საქმიანობის სწორად წარმართვაში გადამწყვეტია. დირექტორი, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის თანახმად, აღჭურვილია საზოგადოების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით. ხელმძღვანელობით საქმიანობად მიიჩნევა მოქმედება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება მეწარმე სუბიექტის მიზანს (მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი), წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კი მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში საზოგადოების წარმოდგენას ნიშნავს (მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი). სწორედ დირექტორის მეშვეობით ხდება იმ გადაწყვეტილებების რეალიზაცია, რომელთაც იღებს პარტნიორთა საერთო კრება.
2.13. სადავო საკითხების გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას, თუ ვინ აწესრიგებს დირექტორთან სამომსახურო ხელშეკრულების დადებასა და მისთვის ხელფასის დანიშვნის საკითხს, ასევე რა სამართალურთიერთობა ყალიბდება დირექტორსა და საზოგადოების პარტნიორებს შორის.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-6 ნაწილის ,,ე“ პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხზე: დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება.
ურთიერთობა იურიდიულ პირსა და ფიზიკურ პირს შორის, რომელიც მისი აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციას ასრულებს, ერთი მხრივ, წარმოადგენს შრომითს, ხოლო მეორე მხრივ - შიდაკორპორაციულს, რაც აისახება მისი სამსახურებრივი ურთიერთობების სპეციფიკაზე. როდესაც ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს ფუნქციას, იმავდროულად წარმოადგენს მის თანამშრომელს, მისი უფლებამოსილება, იმოქმედოს ამ საწარმოს სახელით, ეფუძნება არა მარტო კანონს და სადამფუძნებლო დოკუმენტებს, არამედ - დამფუძნებლის გადაწყვეტილებასაც ხელმძღვანელად მისი დანიშვნისა თუ არჩევის შესახებ.
ორგანული და სამსახურებრივი ურთიერთიერთობები მჭიდრო ფაქტობრივ და სამართლებრივ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან. მაგალითად, თუკი სახეზეა დანიშვნის აქტი, პირს შეუძლია მოითხოვოს მასთან სასამსახურო ხელშეკრულების დადება. თავის მხრივ, დირექტორატის წევრის გამოწვევა, როგორც წესი, იმავდროულად, ნიშნავს მასთან სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტას, ან ამ ხელშეკრულების შეწყვეტა ხშირად შეიძლება მისი თანამდებობიდან გამოწვევის ტოლფასი აღმოჩნდეს. ამდენად, ეს ურთიერთობები გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. არის შემთხვევები, როდესაც პირები მხოლოდ მაშინ იღებენ მათი თანამდებობაზე გამწესების წინადადებას ანუ აცხადებენ თანხმობას, როდესაც იმავდროულად მათთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და შრომითი ურთიერთობა მყარდება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების დადებისას იყოს დირექტორად გასამწესებელი პირის თანხმობა. ასევე საგულისხმოა, რომ ხელშეკრულება ძალაში არ შედის თანამდებობაზე დანიშვნის აქტით. მხოლოდ ეს უკანასკნელი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ დირექტორთან სამსახურებრივი ურთიერთობა დამყარდეს. აუცილებელია ხელშეკრულების დადება, თუმცა თავად ხელშეკრულება საზოგადოებასა და გამგეობის წევრს შორის შესაძლოა დაიდოს როგორც ზეპირად, ისე - წერილობით და კონკლუდენტური ქმედებითაც.
სამსახურებრივი ურთიერთობა წარმოადგენს ვალდებულებით სამართლებრივ ფუნდამენტს ორგანული ადგილისათვის (თანამდებობისთვის). იგი ეფუძნება სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებას, გამოხატულს, როგორც წესი, ხშირად დავალების შესრულების ხელშეკრულების ფორმით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დირექტორის ანაზღაურების საკითხი სასამსახურო ხელშეკრულების ერთ-ერთი ძირითადი საკითხია. დირექტორის ანაზღაურება მოიცავს ხელფასს და სხვა შესაძლო გასაცემლებს. ამ უკანასკნელთან მიმართებით კანონი შეიცავს მითითებას, რომ ეს შეიძლება იყოს მოგებაში მონაწილეობის უფლება, პენსიის მიცემის უფლება, სხვა მსგავს ურთიერთობებში მონაწილეობა, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორთა კრება (მუხ. 91 მუხლი) ამასთან ხელმძღვანელის ერთგულების მოვალეობა დირექტორს ავალდებულებს, ბოროტად არ გამოიყენოს თავისი გავლენა საზოგადოებაზე ამგვარი საკითხების გადაწყვეტისას. მაგალითად, ასეთ შემთხვევას შეიძლება ადგილი ჰქონდეს, როდესაც დირექტორი თავისი თანამდებობის გამოყენებით ითხოვს განსაკუთრებულ პირობებს, როგორიცაა მაღალი ანაზღაურება ან სხვა პრივილეგიები.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული შპს ,,ჰ---–---------ი კ-–----ის“ წესდების 7.7. პუნქტის თანახმად დადგენილია, რომ დირექტორი ადგენს საზოგადოების ბიუჯეტს. დირექტორი პასუხისმგებელია ფინანსური ანგარიშებისა და საკონტროლო სისტემების შემუშავებაზე. მას ეკისრება პასუხისმგებლობა სათანადო აღრიცხვიანობის უზრუნველყოფაზე გადასახადებთან, საბაჟო მოსაკრებლებთან და სხვა გადასახადებთან დაკავშირებით. იგი პირადად არის პასუხისმგებელი ყველა ფინანსურ ოპერაციებზე. ამავე წესდების 7.11.4. პუნქტის თანახმად, კი დირექტორი განსაზღვრავს საზოგადოების მუშა-მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების ოდენობას და პირობებს.
შესაბამისად იგულისხმება, რომ დირექტორის უფლებამოსილებაში შედის მხოლოდ მუშა-მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა და არა საკუთარ თავთან გარიგების დადება, რაც გამოიხატა მის მიერ საკუთარი თავისთვის ხელფასის დანიშვნაში. აღნიშნული უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ პარტნიორებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, კერძოდ 2012 წლის 03 სექტემბრის N6 ბრძანებას, რომლითაც ნ-----------–---–მა როგორც შპს ,,ჰ---–---------ი კ-–----ის“ დირექტორმა ყოველთვიური დარიცხული ხელფასის სახით თავის თავს განუსაზღვრა 3800 ევროს ეკვივალენტი ლარში.
ამდენად, სასამრთლო მიიჩნევს, რომ განსახილველად შემთხვევაში დირექტორი ვალდებული იყო სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა, რომ მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 3 800 ევროს ეკვივალენტს ლარში, ასევე უნდა დაედასტურებინა რომ საწარმოს მის მიმართ ჰქონდა ხელფასის თანხის გადაუხდელობით გამოწვეული დავალიანება, იმ პირობებში როდესაც მას უკვე ჰქონდა ხელფასის სახით ჩარიცხული საწარმოდან გარკვეული ოდენობით თანხები, რაც მას მისცემდა უფლებას მოეთხოვა საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის 3-ე პუნქტის შესაბამისად ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დამსაქმებლისაგან დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის ანაზღაურება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.14. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების სახით ნ-----------–---–ისათვის 32 627 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დირექტორებმა კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ უნდა შეასრულონ დაკისრებული ამოცანები. თუ დირექტორი არ შეასრულებს თავის მოვალეობას, იგი ვალდებულია აუნაზღაუროს საზოგადოებას მიყენებული ზარალი. დირექტორები პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. თუ დადგენილია ზიანის ფაქტი, მაშინ დირექტორებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი საქმეს უძღვებოდნენ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. საზოგადოებას არ შეუძლია უარი თქვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე. ეს მოთხოვნა შეიძლება გამოიყენონ საზოგადოების კრედიტორებმა, თუ საზოგადოებისაგან არ მიუღიათ თავიანთი მოთხოვნების კომპენსაცია.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოცემული მუხლი ეხება სააქციო საზოგადოებაში დირექტორის მიერ ვალდებულების გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად შესრულების მოვალეობას, რაც დირექტორს აკისრებს იმის მტკიცების მოვალეობას, რომ საქმეს უძღვებოდა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 6-ე პუნქტის შესაბამისად. ანალოგიური ჩანაწერი ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის არც ზოგად ნაწილში და არც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების თავში არ არის მოცემული, რის გამოც მხარეთა შორის ზიანის მიყენების ფაქტი და მტკიცების ტვირთვის განაწილება უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ზოგადი დებულებების შესაბამისად.
2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
იმისათვის რომ წარმოაშვას ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებები უნდა არსებობდეს დამდგარი ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს პირის პასუხისმგებლობას. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებითი სამართლის მნიშვნელოვანი კომპონენტია მტკიცების ტვირთის გადანაწილება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ხდება დადგენილი ზოგადი პრინციპის შესაბამისად. თუმცა, სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკის ან მტკიცებულებათა მოპოვების ობიექტური თუ სუბიექტური შესაძლებლობის გათვალისწინებით, სამართალი განსაზღვრავს მტკიცების ზოგადი პრინციპისგან განსხვავებულ რეჟიმს. ზიანი, ქმედება და მიზეზობრივი კავშირი წარმოდგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროში შემავალ ფაქტობრივ შემადგენლობას, ხოლო ქმედების მართლზომიერება და არაბრალეულობა ზიანის მიმყენებლის მტკიცების ტვირთია.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ-----------–---–ი წარმოადგენდა საწარმოს დირექტორს 2012-2013 წლებში. საწარმოს მასთან ცალკე სასამსახურო ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონია. დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ ნ-----------–---–ი როგორც საწარმოს დირექტორი ახორციელებდა დირექტორის უფლება-მოვალეობებს. ამასთან, იმ პირობებში როდესაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მის მიერ გაცემული ბრძანება ხელფასის დანიშვნის თაობაზე, სხვა მტკიცებულება რომლითაც დასტურდება, რომ მას საერთო კრების მიერ დანიშნული ჰქონდა რაიმე სახის ანაზღაურება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დირექტორი თავის უფლებამოსილებას ანაზღაურების გარეშე ალბათობის მაღალი ხარისხით არ შეასრულებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანხა რომელიც ირიცხებოდა პერიოდულად დირექტორის საბანკო ანგარიშზე უნდა იქნეს მიჩნეული მის შრომით ანაზღაურებად, რომელიც ზეპირად იქნა შეთანხმებული მხარეთა შორის.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა ვერ დაადასტურა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დირექტორის მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით, ნ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ-----------–---–მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში შეგებებული სარჩელით კომპანია მოითხოვდა იმ თანხის ყოფილი დირექტორისაგან დაბრუნებას, რომელიც მას „ხელფასის“ სახით ჰქონდა მიღებული. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში იგი კანონიერ ძალაშია შესული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე (1) მუხლის თანახმად. შეგებებული სარჩელის უსაფუძვლობასთან მიმართებით საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ.ფ----–---–ი დირექტორის უფლებამოსილებას ანაზღაურების გარეშე ალბათობის მაღალი ხარისხით არ შეასრულებდა, შესაბამისად, დაასკვნა, რომ „თანხა, რომელიც პერიოდულად ირიცხებოდა დირექტორის საბანკო ანგარიშზე, უნდა იქნას მიჩნეული მის შრომით ანაზღაურებად, რომელიც ზეპირად იქნა შეთანხმებული მხარეთა შორის“. მოხმობილი ფაქტობრივი გარემოება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ უნდა შეაფასოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონტექსტში და დაადგინოს სახეზე ხომ არ არის პრეიუდიციული ფაქტი გასამრჯელოზე მხარეთა ზეპირი შეთანხმების თაობაზე. საგულისხმოა მოპასუხის ის პოზიციაც, რომ მოპასუხე გასამრჯელოზე შეთანხმების არსებობას ზოგადად არ გამორიცხავს, არამედ, საკუთარ განმარტებებში (მათ შორის საქალაქო სასამართლოში 20.11.2015წ. წარდგენილ განცხადებაში) აღნიშნავს, რომ დირექტორი ანაზღაურებას მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუკი მოიზიდავდა გრანტს, თუმცა, ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის საფუძვლად იგი მიუთითებს პირობის დაუდგომლობას, ამ განმარტებასთან ერთობლიობაში საკასაციო პალატა თვლის, რომ შეფასება უნდა მიეცეს ასევე მხარეთა შორის შეუდავებელ გარემოებას ნ.ფ----–---–ის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ გარკვეული მოვალეობების შესრულების შესახებ. რაც შეეხება საკასაციო პასუხში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ დირექტორი დასაქმებული იყო ამავე საზოგადოებასთან ასოცირებულ სამსამუშაო ადგილას და სწორედ ამ საქმიანობიდან მისაღები თანხების პირობით გახდა იგი დირექტორი, პალატა არ იზიარებს, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დამსაქმებელთა ცნობები) დასტურდება მხოლოდ ნ.ფ----–---–ის დასაქმების ფაქტი, რაც არ ეწინააღმდეგება კანონს (ამას არც მოპასუხე ხდის სადავოდ), ხოლო პირობას, რომ სხვა სამუშაოდან მიღებული ანაზღაურების პირობით გახდა მოსარჩელე კომპანიის დირექტორი, საქმის მასალებით არ არის დადასტურებული.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1 აპელანტის აზრით სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ-----------–---–ის ამონაწერით საბანკო ანგარიშიდან დგინდება, რომ მას სახელფასო დავალიანების სახით ერიცხებოდა სხვადასხვა ოდენობით თანხები პერიოდულად და არა ხელფასისი სახით.
ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს, რომ სასამართლო სხდომაზე ნ-----------–---–მა განაცხდა, თითქოს ზეპისიტყვიერად შეთანხმებული იყო ხელმძღვანელობასთან იმის შესახებ, რომ მას ხელფასის თანხა ჩაერიცხებოდა პერიოდულად, ამასთან, მართალია, მას ჰქონდა შესაძლებლობა თვითონვე გადაერიცხა ხელფასის თანხა თავის ანგარიშზე, თუმცა ამას არ აკეთებდა თუ ხელმძღვანელობის თანხმობა არ იქნებოდა. აღნიშნული პუნქტი მცდარია ერთ რამეში, კერძოდ, ნ-----------–---–ი და მისი წარმომადგენელები ამტკიცებდნენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასთან ხდებოდა შეთანხმება დაგროვილი სახელფასო დავალიანების ჩარიცხვა რა პერიოდში განხორციელებულიყო, რადგან კომპნაია იყო ახალი დაფუძნებული და კომპანიას ინვესტიციის სახით სჭირდებოდა ძალიან ბევრი რესურსი, რაც მოგეხსენებათ დამოკიდებულია ფინანსურ შესაძლებლობაზე, აქედან გამომდინარე, კომპანიის დირექტორი ყველანაირად ხელს უწყობდა კომპანიას და თუ კომპანიის ჩამოსაყალიბებლად თანხა იყო გასაღები, პირველ რიგში ხორციელდებოდა კომპანიის ინტერსები. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თანხის გაცემა სახელფასო დავალინების სახით ხდებოდა პერიოდულად. აღნიშნულს ადასტურებს თუნდაც ის გარემოება რომ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით გამოცხადებულმა პირებმა აღნიშნეს, რომ მათაც ხელფასი ერიცხებოდათ პერიოდულად, მიუხედავად ყოველთვიურად შეთანხმებული თანხისა ანუ კომპანია შემოსავლების, გარანტების მიღების შემდეგ ისტუმრებდა სახელფასო დავალიანებას.
გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ არასწორად შეაფსა ფაქტობრივი გარემოება ნიშნავს, რომ სახელფასო დავლიანების სახით თანხის ჩარიცხვის საკითზე არასწორად იმსჯელა. სასამართლოს რომც არ გაეთვალისწინებინა ბრძანება N6 და სწორედ აღნიშნული ბრძანების გათვალისწინებით და შესაბამისად ხდებოდა ხელფასის ანაზღაურება, მართალია, დაგვიანებით რომელიც სახელფასო დავლიანების სახით ერიცხებოდა, მაგრამ კომპანიის პარტნიორები ბრძანების შესაბამისად შეთანხმებულ თანხას ურიცხავდნენ ნ-----------–---–ს (ხოლო თუ რატომ ხდებოდა დაგვიანებით/პერიოდულად ხელფასების გაცემა, აღნიშნულთან დაკავშირებით აღინიშნა ფაქტობრივ გარემოებაში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, იმსჯელოს ნ-----------–---–ის, როგორც (სადავო პერიოდში) შპს ,,ნ-----–ია კ-------–---ის ქართულ-ჰ---–---------ი კ-–----ის“ დირექტორის ანაზღაურების ოდენობაზე.
დასახელებული საკვანძო საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების - 2012 წლის 3 სექტემბრის შპს „ჰ---–---------ი კ-–----ის“ N6 ბრძანებისა და ბრუნვის ისტორიის საფუძველზე.
საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავალების სასყიდლიან ხელშეკრულებაზე ზეპირი ფორმით შეთანხმების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს. ამ თვალსაზრისით კი, მან წარმოადგინა: ხელფასის დარიცხვის შესახებ საბანკო ამონაწერები და შპს „ჰ---–---------ი კ-–----ის“ სახელით მის მიერვე 2012 წლის 3 სექტემბერს გამოცემულ #6 ბრძანება. საკასაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ დირექტორის მიერ ცალმხრივად გამოცემული ბრძანება არ შეიძლება, საკმარისი იყოს სადავო ფაქტის დამტკიცებულად მიჩნევისათვის, თუმცა, ეს ორი დოკუმენტი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შეფასდეს ერთობლიობაში და უნდა დადგინდეს, მათი ანალიზი ხომ არ ქმნის პრეზუმფციას, რომ დავალების ხელშეკრულება მართლაც სასყიდლიანი იყო. დადებით შემთხვევაში, პრეზუმირებული ფაქტის ბუნებიდან გამომდინარე, მისი გაქარწყლების ვალდებულება დაეკისრება მოპასუხეს. ამ მხრივ, შემოწმებას ექვემდებარება ასევე განხორციელებული ჩარიცხვების მათემატიკური ოდენობა, რომელიც, როგორც კასატორი აღნიშნავს, დავალიანების პერიოდის (თვეების) გათვალისწინებით ზუსტად ემთხვევა #6 ბრძანებით განსაზღვრულ გასამრჯელოს ოდენობას. ასევე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში იგი კანონიერ ძალაშია შესული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე (1) მუხლის თანახმად. შეგებებული სარჩელის უსაფუძვლობასთან მიმართებით საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ.ფ----–---–ი დირექტორის უფლებამოსილებას ანაზღაურების გარეშე ალბათობის მაღალი ხარისხით არ შეასრულებდა, შესაბამისად, დაასკვნა, რომ „თანხა, რომელიც პერიოდულად ირიცხებოდა დირექტორის საბანკო ანგარიშზე, უნდა იქნას მიჩნეული მის შრომით ანაზღაურებად, რომელიც ზეპირად იქნა შეთანხმებული მხარეთა შორის“. მოხმობილი ფაქტობრივი გარემოება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ უნდა შეაფასოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონტექსტში და დაადგინოს სახეზე ხომ არ არის პრეიუდიციული ფაქტი გასამრჯელოზე მხარეთა ზეპირი შეთანხმების თაობაზე.
ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: სსკ-ის 106-ე მუხლის "ბ" პუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება, როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე, ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (იხ. სუსგ, #ას-324-309-2016, 10 იანვარი, 2017 წელი, #ას-526-502-2016, 1 მარტი, 2017 წელი).
სააპელაციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს მსჯელობის კვალდაკვალ განმარტავს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული დამოკიდებულებისა და სამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით მოქმედებს პრეზუმფცია, რომ დირექტორი თავის მოვალეობებს ანაზღაურების სანაცვლოდ შეასრულებდა. აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება მოპასუხის მიერ არ მომხდარა.ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო სასამართლო თავის წინა გადაწყვეტილებაშიც მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ადგენდა სწორედ ამ მიმართულებით. რაც შეეხება ოდენობას, პალატა განმარტავს შემდეგს: კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში აღნიშნული და შესაბამისად უზენაესი სასამართლოს განჩინებაში ციტირებული ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ „თანხა, რომელიც პერიოდულად ირიცხებოდა დირექტორის საბანკო ანგარიშზე, უნდა იქნას მიჩნეული მის შრომით ანაზღაურებად, რომელიც ზეპირად იქნა შეთანხმებული მხარეთა შორის“ არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტად გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი მსჯელობისა და განსახილველი ფაქტობრივი სინამდვილის ერთიანი კონტექსტის გათვალისწინებით.
პალატა განმარტავს, რომ დირექტორის ანაზღაურება უნდა ასახავდეს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა სამართლიანობა და კეთილსინდისიერება. ვინაიდან, ანაზღაურების საკითხი შეიცავს ასევე მორალურ კომპონენტებს, როგორიცაა საკუთარი ინტერესების ხარჯზე სხვათა უგულებელყოფა. ამასთან, შედარებითსამართლებრივი ანალიზის თვალსაზრისით, პალატა მიუთითებს შემდეგს: გერმანიაში, დირექტორის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კომპანიის სახელით აქციონერებთან მოლაპრაკებას აწარმოებს სამეთვალყურეო საბჭო. ანაზღაურება არ შეიძლება სადავო გახდეს აქციონერთა ან მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან, მაგრამ შესაძლოა დადგეს სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლბის საკითხი, თუკი აღმოჩნდება, რომ ანაზღაურება შეუსაბამოდ დიდია. პრეცედენტული სამართალის თანახმად, დირექტორი არ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის შესახებ (აღნიშნულთან დაკავშირებით, იხ. ლაშა ცერცვაძე, დირექტორატის მოვალეობები კომპანიების შერწყმისას და საკონტროლო პაკეტის გასხვისებისას (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი) გვ.76).
იმ შემთხვევაშიც კი თუ დადგინდება, რომ განხორციელებული ჩარიცხვების მათემატიკური ოდენობა, დავალიანების პერიოდის (თვეების) გათვალისწინებით ზუსტად ემთხვევა #6 ბრძანებით განსაზღვრულ გასამრჯელოს ოდენობას, პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს, თვით წარმოდგენილი მტკიცებულებების ხასიათის გათვალისწინებით. პალატა ყურადღებას ამახვილებს ბრძანების შემდგენი პირის სტატუსზე და მიუთითებს, რომ იგი წარმოადგენს ბრძანებაში მითითებული საკითხისადმი დაინტერესებულ პირს, რაც ეჭქვეშ აყენებს მასში მითითებული მონაცემის უტყუარობასა და დოკუმენტის მიუკერძოებელ ხასიათს. ამგვარი ქმედება, არ გამომდინარეობს ობიექტურობის პოზიციიდან. საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ არ არეგულირებს დირექტორთა ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაბამისად, არსებული რეგულირების თანახმად, იგი მთლიანად მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული. ამგვარ შეთანხმებად კი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დირექტორის მიერ საკუთართან თავთან დადებული გარიგება, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მას აღნიშნულის უფლებამოსილება სათანადო პირებისაგან გადაცემული არ ჰქონდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ამგვარ უფლებამოსილებად არ შეიძლება განვიხილოთ შპს ,,ჰ---–---------ი კ-–----ის“ წესდების 7.1 პუნქტი რომლის მიხედვითაც, საზოგადოების ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენელობა ევალება დირექტორს... 7.7. პუნქტის თანახმად, დირექტორი ადგენს საზოგადოების ბიუჯეტს. დირექტორი პასუხისმგებელია ფინანსური ანგარიშებისა და საკონტროლო სისტემების შემუშავებაზე. მას ეკისრება პასუხისმგებლობა სათანადო აღრიცხვიანობის უზრუნველყოფაზე გადასახადებთან, საბაჟო მოსაკრებლებთან და სხვა გადასახადებთან დაკავშირებით. იგი პირადად არის პასუხისმგებელი ყველა ფინანსურ ოპერაციებზე.
საკუთარ თავთან გარიგების დადებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლი აწესრიგებს. დასახელებული ნორმა აწესებს შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია, რომ წარმომადგენელმა წარმოდგენილი პირის სახელით დადოს გარიგება ან საკუთარ თავთან, ან როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა. მაშასადამე, წარმომადგენელს არა აქვს უფლება ერთდროულად გარიგების ორივე მხარეს წარმოადგენდეს. დასახელებული ნორმით მოწესრიგებულია შემთხვევა, როდესაც გარიგებაში ერთი და იგივე პირი წარმოდგენილ პირსაც წარმოადგენს და საკუთარ თავსაც (თვითკონტრაჰირება). ხაზგასასმელია, რომ რწმუნებულს საკუთარ თავთან გარიგების დადების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ეს პირდაპირ არის მითითებული წარმომადგენლობის დოკუმენტში. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით (იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარის მიერ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ გასაჩივრებულა) ერთმნიშვნელოვანი ხდება, რომ დირექტორს ჰქონდა ხელფასის მიღების უფლებამოსილება, თუმცა მისი ოდენობის განსაზღვრისათვის საპელაციო სასამართლოს მოსაზრებით საქმეში წარმოდგენილი ორი დოკუმენტი, რომელიც დაინტერესებული პირის მიერაა შედგენილი (ბრძანება, თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი) და ციფრების მათემატიკური გაანგარიშება ვერ იქნება საკმარისი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ მის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულების (ხელფასის დავალიანება) ფაქტი, ხოლო ჩარიცხული თანხა მიჩნეულ უნდა იქნეს დირექტორის ანაზღაურებად მთლიანი პერიოდის მანძილზე. შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამარლებრივი წინაპირობები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
დადგენილია, რომ აპელანტი თავისი სარჩელით ითხოვს მოპასუხე საწარმოს მის სასარგებლოდ დაეკისროს 14 313 ევროს ექვივალენტი ლარებში და გასამარჯელოს გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსულებამდე პირგასამტეხლო 0,07 % ის ოდენობით გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ხარჯები უნდა დაეკისროს წაგებულ მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1 ნ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.
3. ნ-----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივრის წარმოებისთვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 1 494 ლარის ოდენობით.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ანა გოგიშვილი
მოსამართლეები ეკატერინე ცისკარიძე
ხათუნა არევაძე