განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002338945
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5673-18 12 ივნისი, 2019 წელი სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი - ნანა ველიჯანაშვილი
აპელანტი – შპს „B--------“
წარმომადგენელი – გ---–---- კ-----ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს----------–-------–-------- კომპანია“
წარმომადგენელი – ქ------- ბ----–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელე შპს „ს----------–-------–-------- კომპანიამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „B---------ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოპასუხისთვის 30 131 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შპს „B---------ს“ შპს „ს----------–-------–-------- კომპანიის“ სასარგებლოდ 30 131 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „B---------მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2014 წლის 11 ნოემბერს შპს „ს----------–-------–-------- კომპანიასა“ და შპს „B---------ს“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც გამყიდველმა მყიდველისთვის ამ ხელშეკრულების დანართ #1-ში მითითებული ნასყიდობის საგნის გადაცემისა და მასთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური საბუთის, ტექნიკური აღწერილობით, მიწოდების ვალდებულება იკისრა. ამავე ხელშეკრულებით მყიდველი კისრულობდა ვალდებულებას ნასყიდობის ფასი ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით გადაეხადა და ნაყიდი ნივთი მიეღო.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულების სრული გადახდა წინასწარ, გამყიდველის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით განხორციელდებოდა. ნასყიდობის საგნის ღირებულება 66 331 ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით, განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 16-17, 18).
6. 2015 წლის 22 მაისს შპს „ს----------–-------–-------- კომპანიასა“ და შპს „B---------ს“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლისა და ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება დაიდო, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამყიდველი ვალდებული იყო მყიდველისთვის 2014 წლის 11 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ნასყიდობის ფასის ნაწილი, 43 131 ლარი, დაებრუნებინა. მხარეებმა განსაზღვრეს რომ შეთანხმების ხელმოწერის დღისთვის გამყიდველმა მყიდველს 13 000 ლარი გადაუხადა, რის შედეგადაც მყიდველისათვის ხელშეკრულების მოშლის შედეგად დასაბრუნებელი თანხა 30 131 ლარს შეადგენდა, რომლის დაფარვა 2015 წლის 22 ივლისისთვის უნდა მომხდარიყო (ტომი I, ს.ფ. 19-21, 22).
7. 2014 წლის 11 ნოემბერს შპს „ს----------–-------–-------- კომპანიასა“ და შპს „ბ-------------ს“ შორის ლიზინგის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით დაიდო, რომლის თანახმად, ლიზინგის გამცემმა აიღო ვალდებულება შემდგომში გამოსყიდვის უფლებით ლიზინგის მიმღებისთვის დანართი #2-ით განსაზღვრული ვადით (ლიზინგის ვადა) მფლობელობასა და სარგებლობაში ლიზინგის საგანი გადაეცა, ხოლო ლიზინგის მიმღებმა აიღო ვალდებულება აღნიშნული ხელშეკრულებით, მისი დანართებით და ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად და ჯეროვნად შეესრულებინა (ტომი I, ს.ფ. 23-33, 34, 35).
8. შპს „ს----------–-------–-------- კომპანიამ“ 2014 წლის 11 ნოემბერს ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ვალდებულება სრულად შეასრულა, კერძოდ, შპს „B---------ს“ ლიზინგის საფასური 43 131 ლარის ოდენობით სრულად გადაუხადა, ხოლო, მოპასუხე შპს „B---------მა“ 2015 წლის 22 მაისის შეთანხმების ფარგლებში არსებული ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, 13 000 ლარის ნაწილში შეასრულა (ტომი I, ს.ფ. 36-39, მხარეთა ახსნა-განმარტება).
9. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულების 1.5 პუნქტით გათვალისწინებული გირავნობის ხელშეკრულება არ დადებულა, შესაბამისად, მოსარჩელისთვის დაკისრებული თანხის ანაზღაურების მიზნით გირავნობის საგნის სარეალიზაციოდ მიქცევის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.
მოდავე მხარეთა შორის 2015 წლის 22 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლისა და ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლის 1.5 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამყიდველის მიერ აღიარებული ვალის 30 131 ლარის დაბრუნების უზრუნველსაყოფად გირავნობით, შეთანხმების დანართი N1-ით გათვალისწინებული და გამყიდველის საკუთრებაში არსებული ქონება, დაიტვირთებოდა, რის თაობაზეც მხარეები გააფორმებდნენ შესაბამის გირავნობის ხელშეკრულებას, რომლის ნოტარიული დამოწმებისა და რეგისტრაციის ხარჯებს გამყიდველი გადაიხდიდა.
პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლით არის რეგლამენტირებული. ხსენებული დანაწესის თანახმად, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. თუმცა, რა თქმა უნდა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობიდან გამომდინარე ეს პრინციპი შეუზღუდავი არ არის. ცალკეულ შემთხვევებში კანონი ადგენს ფორმას, რომლის დაცვაც კონკრეტული ტიპის ხელშეკრულებების ნამდვილობისათვის აუცილებელია. მხარეებსაც შეუძლიათ გაითვალისწინონ ხელშეკრულების რაიმე ფორმა, როგორც მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა. კანონმდებელი გარკვეულ წესებს ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით ისეთ შემთხვევებში განსაზღვრავს, როდესაც თავად სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად არის ამის საჭიროება და ფორმის დაწესებას შესაბამისი მიზანი გააჩნია.
პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. ამავე კოდექსის 69-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგების ფორმასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით დადგენილი წესები ხელშეკრულების ფორმაზეც ვრცელდება. როგორც წესი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის რაიმე განსაკუთრებული ფორმის დაცვა საჭირო არ არის. ხელშეკრულება ძალაში მას შემდეგ შედის, როდესაც მხარეები შესაბამის პირობებზე თუნდაც ზეპირი მოლაპარაკებების გზით შეთანხმდებიან. ხელშეკრულების დასადებად, ცალკეულ შემთხვევაში, ზეპირი მოლაპარაკებებით შესაბამისი პირობების განსაზღვრაც არ არის აუცილებელი. შესაძლოა, მხარეთა კონკლუდენტური ქმედებებიდანაც ირკვეოდეს, რომ მათ შორის ხელშეკრულება დაიდო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს ხელშეკრულების ტიპებს, რომელთა ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ ისინი წერილობითი ფორმით დაიდოს. თავის მხრივ, წერილობითი ფორმა იყოფა რთულ (სანოტარო) წერილობით და მარტივ წერილობით ფორმებად. სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ამავე კოდექსის 255-ე ნაწილი ორი სახის კერძოდ, მფლობელობით და რეგისტრირებულ გირავნობას იცნობს. ცალსახაა, რომ მოდავე მხარეებმა 2015 წლის შეთანხმების დანართი N1-ში ჩამოთვლილ ნივთებზე რეგისტრირებული გირავნობის დადების ვალდებულება იკისრეს, რომელიც თანახმად 258-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ფორმასავალდებულო გარიგებათა რიგს მიეკუთვნება, ვინაიდან კანონი მისი ნამდვილობისთვის წერილობითი ფორმით შედგენასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას მოითხოვს. მოდავე მხარეებმა რეგისტრირებულ გირავნობასთან მიმართებით დამატებით, მისი სანოტარო წესით დამოწმებაც ივალდებულეს. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული გირავნობის ხელშეკრულების წერილობით დადება, სანოტარო წესით დამოწმება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეადგენდა იმ არსებით პირობებს, რომელთა დაცვაც მხარეებს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს წარმოუშობდათ.
სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, თუ ნება გამოვლენილია სამართლებრივი ფორმის დაუცველად, სამართლებრივი შედეგი არ მიიღწევა. უდავოა, და საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საპირისპირო არ დასტურდება, რომ მხარეთა შორის მატერიალური დოკუმენტი დანართ N1-ში მითითებულ ქონებებზე რეგისტრირებული გირავნობის დადების თაობაზე, არ შექმნილა, მით უფრო იგი ნოტარიულად არ დამოწმებულა და საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 22 მაისის შეთანხმებით გირავნობის ხელშეკრულება კი არ დადებულა, არამედ, რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება წარმოიშვა, რომელიც არ შესრულებულა. ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, გირავნობის საგნის არარსებობის პირობებში, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ანაზღაურების მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიქცეულიყო დანართ N1-ში მითითებული მოძრავი ქონება და თანხის გადახდის დაკისრება აპელანტისთვის უმართებულო იყო.
10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამართლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის თანაბრად გადანაწილების საფუძველზე, დაკისრებული თანხის ანაზღაურების მიზნით, მხარეთა შორის გაფორმებული გარიგების დანართი N1-ში მითითებული მოძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის შესაძლებლობა აპელანტს უნდა ედასტურებინა. ამ გარემოების სამტკიცებლად კი, მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული, სანოტარო წესით დამოწმებული და რეესტრში რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება უნდა წარმოედგინა. საქმის მასალებში მსგავსი წერილობითი დოკუმენტი არ მოიძებნება, შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა რეგისტრირებული გირავნობის დადების ვალდებულება იკისრეს, იგი არ შესრულებულა და გირავნობის უფლება არ წარმოშობილა, ამიტომ პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის სრული, ობიექტური და სამართლიანი გამოკვლევის შედეგად პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსი საფუძვლიანად შეისწავლა, სწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 1205 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე, ასევე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „B---------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები თამარ ალანია თამარ ზამბახიძე