განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.05.2019
საქმის ნომერი
330210018002333198
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002333198

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/6512-18 14 მაისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე )

წარმომადგენელი - ქეთევან მჭედლიშვილი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გამწვანება კრწანისი“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ვარლამ მდივანი (დირექტორი), გულსუნდა ტოლიაშვილი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.07.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხეს დაეკისროს 10 000 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. 11.10.2016წ. მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ჯორჯ ბუშის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა, მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვა. მოპასუხემ მოახდინა ანგარიშსწორება პირველი და მეორე ეტაპის შესაბამისად, ხოლო მესამე ეტაპის სამუშაოების ღირებულება მოპასუხის მიერ გადახდილი არ არის. ნაცვლად ანგარიშსწორებისა, მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ მათ უნდა უზრუნველეყოთ გამხმარი პირაკანტების ჩანაცვლება ხელშეკრულების 4.2. პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში, რაც არ შესრულებულა და მოითხოვეს ზემოაღნიშნული მცენარეების ჩანაცვლება. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ვალდებულება არ გამომდინარეობს ხელშეკრულების პირობებიდან.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების მიზნებისათვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რის გამო გახმა მცენარეები, რადგანაც საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მოსარჩელის ვალდებულებაა გამხმარი მცენარეების ახლით ჩანაცვლება. მოსარჩელე ფლობს ინფორმაციას მცენარეთა გახმობის თაობაზე, არ ანაცვლებს მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ამავდროულად ითხოვს მესამე ეტაპით განსაზღვრულ თანხას, რაც მიუთითებს მოსარჩელის არაკეთილსინდისიერ ზრახვებზე და უსაფუძვლოდ გამდიდრების სურვილზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.07.2018წ. გადაწყვეტილებით:

1. შპს ''გამწვანება კრწანისის'' სარჩელი დაკმაყოფილდა.

2. მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის შპს ''გამწვანება კრწანისის''სასარგებლოდ დაეკისრა - 10 000 ლარის გადახდა.

 

4.1. 2016 წლის 16 ოქტომბერს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ''გამწვანება კრწანისს'' შორის გაფორმდა ხელშეკრულება ''სახელმწიფო შესყიდვის'' შესახებ. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ჯორჯ ბუშის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღგენა, მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა - 444 115.49 ლარს ყველა გადასახადის ჩათვლით.

 

ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის შესაბამისად, მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 1 მაისის ჩათვლით, ხოლო ნერგების მიწოდება-დარგვა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2016 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 დეკემბრამდე ეტაპობრივად, რაც მოსარჩელის მიერ განხორციელდა.

 

ხელშეკრულების მე-4 მუხლი ითვალისწინებს გაწეული მომსახურეობის ხარისხს და გარანტიას, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს. მოსარჩელემ ასევე აიღო ვალდებულება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა დარგულ ნერგს 100%-იანი გახარებით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს შემსყიდველ ორგანიზაციას.

 

მოსარჩელის მხრიდან ეს ვალდებულებები შესრულდა, რის შესაბამისადაც მოპასუხესთან გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები.

 

4.2. 2017 წლის 10 ნოემბერს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება შემცირდა - 64 247.45 ლარით და განისაზღვრა 379 868.54 ლარით. შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტზე - ჯორჯ ბუშის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა მოვლა-პატრონობის მომსახურება დასრულდა - 2017 წლის 1 მაისს.

 

4.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 1 მაისამდე მოპასუხემ გამოაცხადა ტენდერი კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ გამწვანებული ტერიტორიების მოვლა - პატრონობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (რომელიც მოიცავდა ჯორჯ ბუშის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვას). მოსარჩელემ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში, მაგრამ მოხდა მისი დისკვალიფიკაცია დაბალი ფასის გამო. ყველზე დაბალი ფასი დააფიქსირა შპს ''გრინსერვის+''-მა, თუმცა საბოლოოდ ამ ფირმის დისკვალიფიკაციაც მოხდა და კახეთის გზატკეცილის მიმდებარე გამწვანებული ტერიტორიების მოვლა - პატრონობა დარჩა მომსახურების გარეშე (მათ შორის, ჯორჯ ბუშის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა).

 

4.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 30 მაისს, დარჩა რა ჯორჯ ბუშის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის მომსახურეობა მომსახურების გარეშე, რაშიც უპირველესად მოსარჩელეების მიერ დარგული პირაკანტების მორწყვა შედიოდა, მოსარჩელემ, მიმართა განცხადებით მოპასუხეს, რითაც აცნობა შექმნილი სიტუაციის შესახებ, რომ

2016 წლის ნოემბრის თვეში მათ მიერ დარგული პირაკანტების მორწყვა დარჩა მომსახურების გარეშე და აგროტექნიკური ღონისძიებების გაუტარებლობა და მოურწყველობა გამოიწვევდა მათ ხმობას. ითხოვა ფაქტების დადასტურების მიზნით შესაბამისი წარმომადგენლის გამოყოფა და ადგილზე მდგომარეობის შესწავლა, რასაც არანაირი რეაგირება მოპასუხის მხრიდან არ მოჰყოლია.

 

4.5. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში. მოსარჩელის მიერ მე-3 ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ, კერძოდ: სრულად გახარებული და ჩანაცვლებული ნერგების რაოდენობის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე დარჩენილი 25%-ის მიღების ვალდებულება წარმოეშვა, ანგარიშსწორების ნაცვლად მოპასუხემ 2017 წლის 11 დეკემბერს აცნობა მოსარჩელეს, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს ობიექტზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გამხმარი პირაკანტების ჩანაცვლება ხელშეკრულების 4.2. პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში (2017 წლის 1 დეკემბრამდე) არ შესრულებულა და ითხოვა მცენარეების ჩანაცვლება ისე, რომ არ გადაუგზავნია მონიტორინგის შედეგები, არ უცნობებია დეტალურად თუ კონკრეტულად სად, რა რაოდენობით იყო ჩასანაცვლებელი პირაკანტები, იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების 5.4. პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს პრეტენდენტს და მოახდინოს მისი ნერგების შემოწმება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით. აღნიშნული შემოწმება განხორციელდება შემსყიდველის მიერ საამისოდ გამოყოფილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ და გაფორმდება დათვალიერების აქტი (დასურათებული).

 

4.6. დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ანაზღაურება 10670 ლარის ოდენობით, არ აუნაზღაურებია.

 

4.7. საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურებას ექვემდებარება მესამე ეტაპის შესაბამისად, მხარის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით, რამდენადაც, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება მოსარჩელის მიერ 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების ფაქტი.

 

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ 2017 წლის 27 მაისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით მოპასუხემ ჩაიბარა სრულად გახარებული და ჩანაცვლებული ნერგები, ამდენად, სადავო გარემოება მასზედ, მომწოდებლის ანუ მოსარჩელის მიერ აღებული ვალდებულება გაწეული მომსახურების ხარისხზე 4.1. პუნქტი და მცენარეების 100%-იანი გახარებით ჩაბარების უზრუნველყოფაზე შესრულებულია, რაც დასტურდება აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი N9-ით, რომლითაც დგინდება, რომ გამწვანების საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა ხელშეკრულების შესაბამისი პარამეტრებით გაზაფხულზე გახარებული 2000 ძირი პირაკანტას ნერგი, რომლის ღირებულების 25% შეადგენს - 10 670 ლარს. ამავე აქტში მითითებულია, რომ ხელშეკრულების 4.2. პუნქტის შესაბამისად ჩანაცვლდა

''გამწვანება კრწანისის'' მიერ 274 ძირი პირაკანტა, რის საფუძვლადაც მითითებულია

2017 წლის 1 მაისის ინსპექტირების აქტი. ამდენად, საქმის მასალებით უცილოდ დგინდება, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულების შესაბამისად მცენარეების 100%-იანი გახარება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ფორმით მოთხოვნის შემთხვევაში, კერძოდ, ინსპექტირების აქტის შესაბამისად ჩანაცვლებაც.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტის შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია სრულად. რაც შეეხება მოპასუხეს, მან სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის შედავება ამ საფუძვლით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

4.8. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილზე, ასევე ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ მოსარჩელის კეთილსინდისიერად და ჯეროვნად იქნა შესრულებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის არ არის ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება. მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.07.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ:

 

5.1. ხელშეკრულების 4.4. პუნქტით, ჩანაცვლებულ ნერგებზე საგარანტიო ვადა განისაზღვრა 2 წლით, რომლის ფარგლებშიც მიმწოდებელი ვალდებული იყო გამხმარი ნერგები ჩაენაცვლებინა ახლით. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 11.12.2017წ. წერილის თანახმად, 30.11.2017წ. ობიექტზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ არ მომხდარა 2016 წლის შემოდგომაზე დარგული დეკორატიული მცენარეების 100%-იანი გახარება ხელშეკრულების 4.2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში.

 

მოსარჩელემ 27.05.2017წ. უზრუნველყო შემოდგომაზე დარგული 274 გამხმარი პირაკანტას ახლით ჩანაცვლება, თუმცა არასათანაადო მოვლის გამო (მორწყვა) , 2017 წლის 30 ნოემბრისთვის ზემოხსენებული პირაკანტები კვლავ გამხმარი იყო და მათი ახლით ჩანაცვლება არ მომხდარა. მცენარეთა გახმობის ფაქტი დასტურდება არა მხოლოდ მონიტორინგის შედეგებით, არამედ თავად მოსარჩელის 30.05.2017წ. წერილით. აღნიშნული წერილი წარმოდგენილია მომსახურების პერიოდის გასვლის შემდეგ. თუ კომპანია ვერ ახორციელებდა მცენარეების მორწყვას, მას აღნიშნულის თაობაზე მერიისთვის უნდა ეცნობებინა შემოდგომაზე, როდესაც განხორციელდა მცენარეთა თავდაპირველი დარგვა და არა 2017 წლის მაისის თვეში.

 

5.2. შესაძლებელია კონკრეტულ ტერიტორიას არ გააჩნდეს სარწყავი სისტემა, თუმცა მისი მორწყვა შესაძლებელია ავტოწყალმზიდით. ხელშეკრულების დანართით დასტურდება, რომ ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდებოდა არამარტო სარწყავი ქსელების წყლის დანახარჯის, არამედ ავტოწყალმზიდით წყლის დანახარჯის ანაზღაურებაც. შესაბამისად, თუ მხარე თვლიდა, რომ სარწყავი ქსელის მუშაობა არ იყო საკმარისი, მას შეეძლო მცენარეები მოერწყა ავტოწყალმზიდით. რაც შეეხება ტენდერს, ტენდერით უნდა განხორციელებულიყო უკვე გახარებული მცენარეების მოვლა, ხოლო მცენარეთა 100%-იანი გახარება წარმოადგენდა მოსარჩელის ვალდებულებას. გაუგებარია, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ, რომ ჩაშლილი ტენდერით სწორედ ზემოხსენებული პირაკანტების მორწყვა უნდა განხორციელებულიყო, რადგანაც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რის გამო გახმა მცენარეები, რადგანაც საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მოსარჩელის ვალდებულებაა გამხმარი მცენარეების ახლით ჩანაცვლება. მოსარჩელე ფლობს ინფორმაციას მცენარეთა გახმობის თაობაზე, არ ანაცვლებს მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ამავდროულად ითხოვს მესამე ეტაპით განსაზღვრულ თანხას, რაც მიუთითებს მოსარჩელის არაკეთილსინდისიერ ზრახვებზე და უსაფუძვლოდ გამდიდრების სურვილზე.

 

5.3. უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ მოსარჩელისთვის უცნობი იყო თუ სად და რა რაოდენობით უნდა მომხდარიყო გამხმარი პირაკანტების ჩანაცვლება. 30.05.2017წ. წერილით დასტურდება, რომ მხარემ იცოდა გამხმარი მცენარეების ადგილმდებარეობის და ოდენობის თაობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ 27.05.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტით მერიამ დაადასტურა მე-3 ეტაპით განსაზღვრული სამუშაოების მიღება, რის გამოც არ არსებობს თანხის დაკავების სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტით განხორციელდა გამხმარი პირაკანტების ახლით ჩანაცვლება, რაც არ გულისხმობს ამავდოროულად მათ გახარებას, რადგან მცენარეთა გახარებას ესაჭიროება გარკვეული დრო. შესაბამისად, მესამე ეტაპით განსაზღვრული თანხის ანაზღაურების წინაპირობები იარსებებდა იმ შემთხვევაში, თუ 27 მაისს დარგული მცენარეები არ გახმებოდა 2017 წლის 10 დეკემბრამდე.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. 11.10.2016წ. შპს ''გამწვანება კრწანისს'' (შემდგომში „მოსარჩელე“, „მიმწოდებელი“) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდგომში „მოპასუხე“, „შემსყიდველი“) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“) შემდეგი პირობებით:

7.1. შესყიდვის ობიექტი - ჯორჯ ბუშის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა, მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვა.

7.2. ხელშეკრულების საერთო ღირებულება - 444 115.99 ლარი ყველა გადასახადის ჩათვლით.

7.3. ვადა - მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 01 მაისის ჩათვლით, შემსყიდველის მიერ მიწოდებული გეგმა-გრაფიკის დაცვით, ხოლო ნერგების მიწოდება-დარგვა, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2016 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 დეკემბრამდე ეტაპობრივად (3.1. პუნქტი).

7.4. ანგარიშსწორება - 2016 და 2017 წლების საბიუჯეტო სახსრებით, ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (7.2 პუნქტი). დეკორატიული მცენარეების ანგარიშსწორება - 2016-2017 წლების ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად: ა) პირველი ეტაპი - მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან -50 %; ბ) მე-2 ეტაპი სრულად გახარებული და ჩანაცვლებული ნერგების რაოდენობის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2017 წლის 10 მაისამდე -25%; გ). მე-3 ეტაპი - სრულად გახარებული და ჩანაცვლებული ნერგების რაოდენობის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე დარჩენილი 25 % (7.3 პუნქტი) (ტ.1, ს.ფ.15-18).

 

8. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების და მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების მიღების დასადასტურებლად მხარეთა შორის შედგენილია შემდეგი მიღება-ჩაბარების აქტები:

- 2016 წლის 1 დეკემბრის N40 მიღება-ჩაბარების აქტით მოპასუხემ ჩაიბარა 84759.12 ლარის ღირებულების სამუშაო დღგ-ს ჩათვლით.

- 2016 წლის 23 დეკემბრის N45 მიღება-ჩაბარების აქტით მოპასუხემ ჩაიბარა 80221.96 ლარის ღირებულების სამუშაო დღგ-ს ჩათვლით.

- 2017 წლის 01 თებერვლის N1 მიღება-ჩაბარების აქტით მოპასუხემ ჩაიბარა 1245.68 ლარის ღირებულების სამუშაო დღგ-ს ჩათვლით.

- 2017 წლის 01 მარტის N3 მიღება-ჩაბარების აქტით მოპასუხემ ჩაიბარა 8730.94 ლარის ღირებულების სამუშაო დღგ-ს ჩათვლით.

- 2017 წლის 29 მარტის N5 მიღება-ჩაბარების აქტით მოპასუხემ ჩაიბარა 30980.76 ლარის ღირებულების სამუშაო დღგ-ს ჩათვლით.

- 2017 წლის 01 მაისი N7 მიღება-ჩაბარების აქტით მოპასუხემ ჩაიბარა 51931.74 ლარის ღირებულების სამუშაო დღგ-ს ჩათვლით (ტ.1, ს.ფ. 28-55).

 

9. მხარეთა შორის 27.05.2017წ. გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 11.10.2016წ. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ ჩააბარა, ხოლო მოპასუხემ ჩაიბარა ხელშეკრულების შესაბამისი პარამეტრებით გაზაფხულზე გახარებული 2000 ძირი პირაკანტას ნერგი, რომლის ღირებულების 25% შეადგენს 10670 ლარს. აქვე აღინიშნა, რომ 01.05.2017წ. შედგენილი ინსპექტირების აქტისა და 27 მაისს შედგენილი დეფექტური აქტის შესაბამისად მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების 4.2. პუნქტის შესაბამისად ჩანაცვლდა 274 ძირი პირაკანტა ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის შუა გამყოფი ზოლის გამწვანებულ ტერიტორიაზე (ტ.1, ს.ფ. 56).

 

10. მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულების ბოლო, მესამე ეტაპის - დარჩენილი 25%-დან 10 000 ლარის ანაზღაურებას. გადასახდელი თანხის ოდენობა და მისი დაანგარიშების წესი მხარეთა შორის სადავო არ არის.

 

მოპასუხე სადავოდ ხდის თანხის ანაზღაურების საფუძველს და განმარტავს, რომ ხელშეკრულების მე-3 ეტაპით განსაზღვრული თანხის მიღების წინაპირობა იყო მცენარეების 100%-იანი გახარება 2017 წლის 1 დეკემბრამდე, რაც სახეზე არ არის. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელემ 27.05.2017წ. უზრუნველყო შემოდგომაზე დარგული პირაკანტების ახლით ჩანაცვლება, თუმცა არასათანადო მოვლის გამო (მორწყვა), 2017 წლის 30 ნოემბრისთვის ზემოაღნიშნული პირაკანტები კვლავ გამხმარი იყო, ხოლო მათი ახლით ჩანაცვლება არ მომხდარა, რაც მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევაზე (იხ.: შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.125).

 

აღნიშნულის საპირისპიროდ მოსარჩელე განმარტავს, რომ 01.05.2017წ. მას დაუმთავრდა მომსახურების ხელშეკრულება, რაც გულისხმობდა სხვადასხვა სამუშაოებს, მორწყვის ჩათვლით. მოპასუხემ გამოაცხადა ახალი ტენდერი, თუმცა იგი ჩაიშალა და ტერიტორია მომსახურების გარეშე დარჩა. მოსარჩელემ აცნობა მოპასუხეს, რომ აგროტექნიკური ღონისძიებების გაუტარებლობა და მოურწყველობა გამოიწვევდა მათ ხმობას, ითხოვდა ადგილზე მდგომარეობის შესწავლას, რასაც მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია(ტ.1, ს.ფ.6).

 

ამდენად, დავის გადასაწყვეტად უნდა დადგინდეს, რამდენად წარმოადგენდა მოსარჩელის ვალდებულებას:

- 2017 წლის 01 მაისის შემდგომ პერიოდში გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა (მორწყვა).

- არასათანადო მოვლა-პატრონობის გამო (მოურწყველობა) 30.11.2017წ. მდგომარეობით გამხმარი პირაკანტების ახლით ჩანაცვლება, რის შეუსრულებლობასაც მოპასუხე მხარე უკავშირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობას.

 

საქმის მასალებით ასეთი ვალდებულება არ დასტურდება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

10.1. ხელშეკრულების 3.1. პუნქტით ცალსახად და არაორაზროვნად განისაზღვრა, რომ გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 01 მაისის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ.15).

 

10.2. ის გარემოება, რომ, გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის თაობაზე მოსარჩელე მხარის სახელშეკრულებო ვალდებულება დასრულდა 2017 წლის 01 მაისს, დასტურდება 10.11.2017წ. მიმწოდებელს და შემსყიდველს შორის გაფორმებული შეთანხმებითაც. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, წარმოიშვა 11.10.2016წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების ხარჯთაღრიცხვის კორექტირების აუცილებლობა (ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტზე მოვლა-პატრონობის მომსახურება დასრულდა 2017 წლის 01 მაისს, რის შედეგადაც დარჩა აუთვისებელი სარწყავი წყლის მოცულობა). აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება შემცირდა - 64 247.45 ლარით და ნაცვლად 444 115,99 ლარისა განისაზღვრა 379 868.54 ლარით (ტ.1, ს.ფ. 62). ამდენად, მხარეებმა მიუთითეს რა მოვლა-პატრონობის მომსახურების დასრულებაზე, აუთვისებელი წყლის მოცულობის შესაბამისად შეამცირეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 01 მაისის შემდგომ პერიოდში გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა აღარ წარმოადგენდა მოსარჩელის სახელშეკრულებო ვალდებულებას. აღნიშნულზე მეტყველებს თავად მოპასუხის მიერ ჯერ კიდევ მომსახურების სახელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე განხორციელებული ქმედებები. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 29.03.2017წ. მოპასუხემ გამოაცხადა ტენდერი კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (რომელიც მოიცავდა ჯორჯ ბუშის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვას). მოსარჩელემ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში, მაგრამ მოხდა მისი დისკვალიფიკაცია დაბალი ფასის გამო. ყველზე დაბალი ფასი დააფიქსირა შპს ''გრინსერვის+''-მა, თუმცა საბოლოოდ ამ ფირმის დისკვალიფიკაციაც მოხდა და კახეთის გზატკეცილის მიმდებარე გამწვანებული ტერიტორიები დარჩა მოვლა-პატრონობის გარეშე (მათ შორის, ჯორჯ ბუშის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა) (ტ.1, ს.ფ. 70-76).

 

10.3. 30.05.2017წ. განცხადებით მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ 29.03.2017წ. გამოცხადებული ტენდერის ჩაშლის გამო მაისის დასაწისიდან არ ხდებოდა აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება, მათ შორის მოსარჩელის მიერ 2016 წლის ნოემბრის თვეში დარგული პირაკანტების მორწყვა, რასაც შეიძლება გამოეწვია ახლადდარგული მცენარეების ხმობა. აქვე მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 27.05.2017წ. მოახდინა პირაკანტების ჩანაცვლება. მცენარეების დარგვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ორხევის ხიდის შემდეგ წყლის ნაკადი იმდენად პატარა იყო, ე.წ ფრქოვანიდან ამოსული წყალი ვერ აღწევდა მცენარეებამდე, სწრაფჩამრთველშიც წყალი იმდენად მცირე რაოდენობით მოდიოდა, რომ შეუძლებელი იყო მისი გამოყენება. მოსარჩელემ წერილში აღნიშნა, რომ ახალდარგული პირაკანტები საჭიროებდა აგროტექნიკური ნორმებით დადგენილი რწყვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა მცენარეების ხმობა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს ზემოაღნიშნული ფაქტების დადასტურების მიზნით გამოეყო უფლებამოსილი წარმომადგენელი და მოსარჩელისთვის ეცნობებინა შედეგების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 77, 78). გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით შედავებული არ ყოფილა, რომ მოსარჩელის აღნიშნულ წერილს მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

 

მოპასუხემ მხოლოდ 11.12.2017წ. წერილით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ როგორც 30.11.2017წ. ობიექტზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, გამხმარი პირაკანტების ჩანაცვლება ხელშეკრულების 4.2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში (2017 წლის 01 დეკემბრამდე) არ შესრულებულა. მოპასუხემ მოსარჩელეს მოსთხოვა მცენარეების ჩანაცვლება და განუმარტა, რომ ვალდებულების შესრულებამდე მის მიმართ განხორციელდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები (ტ.1, ს.ფ.79). ამავე წერილით ირკვევა, რომ შემსყიდველს მიმწოდებლისათვის არ გადაუგზავნია მონიტორინგის შედეგები, არ უცნობებია დეტალურად თუ კონკრეტულად სად, რა რაოდენობით იყო ჩასანაცვლებელი პირაკანტები.

 

10.4. ხელშეკრულების მე-4 პუნქტი ადგენდა მიმწოდებლის ვალდებულებას ხარისზე და საგარანტიო ვადას, მე-5 პუნქტი კი - ხელშეკრულების კონტროლის (ინსპექტირების) წესს (ტ.1, ს.ფ.15).

 

მიმწოდებელს, გარდა მიზანმიმართული, მექანიკური დაზიანებებისა და ქურდობის ფაქტებისა, უნდა უზრუნველეყო მცენარეთა 100%-იანი გახარება და საჭიროების შემთხვევაში ჩანაცვლება პირველივე სავეგეტაციო პერიოდში (2017 წლის 01 მაისამდე, 2017 წლის 01 დეკემბრამდე, 2018 წლის 01 მაისამდე და 2018 წლის 01 დეკემბრამდე) (4.2 პუნქტი). მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დარგული ნერგი 100 %-იანი გახარებით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის (4.3. პუნქტი). შესყიდვის ობიექტის ხარისხის საგარანტიო ვადა განისაზღვრა მიღება-ჩაბარების დასრულებიდან 2 წლის ვადით, ხოლო ჩანაცვლებულ ნერგებზე - ჩანაცვლებიდან 2 წლის ვადით. მიმწოდებელი ვალდებული იყო ნერგების ხმობის შემთხვევაში საგარანტიო პერიოდში საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო გამხმარი ნერგების სანაცვლოდ იმავე სახეობის, ზომის და რაოდენობის ნერგების ჩანაცვლება (4.4. პუნქტი) (ტ.1, ს.ფ. 15).

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების 5.4 მუხლით განსაზღვრულია შემსყიდველის უფლებამოსილება - ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს ნერგების შემოწმება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რაც უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ საამისოდ გამოყოფილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ და უნდა გაფორმდეს დათვალიერების აქტი (დასურათებული) (ტ.1, ს.ფ.16). შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის პოზიცია მასზედ, რომ ხელშეკრულების მიზნებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რის გამო გახმა პირაკანტები და შემსყიდველი ვალდებული იყო ჩაენაცვლებინა ნერგები (ტ.1, ს.ფ. 209).

 

ანუ მიმწოდებელი ვალდებული იყო მიეწოდებინა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისი ნერგები და თუ ინსპექტირების ჯგუფის მიერ ასეთი შეუსაბამობა გამოვლინდებოდა საგარანტიო ვადაში, ამაზე მიმწოდებელი აგებდა პასუხს, დარგული ნერგების მოვლა-პატრონობა კი ცალკე შეთანხმების საგანი იყო, რაზეც მხარეები დამატებით აღარ შეთახნმებულან.

 

საქმეში წარმოდგენილი არ არის შემსყიდველის ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი დათვალიერების აქტი (დასურათებული) და ასეთის არსებობაზე მოპასუხე არც მიუთითებს. როგორც საქმის მასალებით დგინდება, მიმწოდებელი ჯერ კიდევ 17.01.2018წ. წერილში განმარტავდა, რომ მისთვის უცნობი იყო 30.11.2017წ. მონიტორინგის შედეგები და რომ შემსყიდველის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების 5.4 პუნქტის შესაბამისად დასურათებული დათვალიერების აქტის შედგენა (ტ.1, ს.ფ.83). აღნიშნული წერილის პასუხად შემსყიდველმა მიმწოდებელს აცნობა, რომ მოთხოვნილი თანხასთან მიმართებაში მანამდე გაგზავნილი წერილებით უკვე ცნობილი იყო სამსახურის პოზიცია და კვლავ მოითხოვა გამხმარი მცენარეების ჩანაცვლება (ტ.1, ს.ფ. 85). ამდენად, სააპელაციო პალატას საფუძვლიანად მიაჩნია მოსარჩელის მსჯელობა მასზედ, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია ხელშეკრულების შესრულების კონტროლის (ინსპექტირების) წესი.

 

ამდენად, საქმეში არ მოიპოვება სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამო ნერგების მიწოდების ფაქტს.

 

10.5. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

 

როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელემ სახელშეკრულებო ვადაში განახორციელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ნერგები 100 %-იანი გახარებით გადასცა შემსყიდველს, რის თაობაზეც მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები (ტ.1, ს.ფ.28-59). მოსარჩელემ ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად ასევე ჩაანაცვლა 274 ძირი გამხმარი პირაკანტას ნერგი ახლით, რის თაობაზეც ასევე შედგენილი იქნა მიღება ჩაბარების აქტი (ტ.1, ს.ფ.57-59). ამასთან, ამოეწურა რა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება გამწვანებული ტერიტორიის მოვლა-პატრონობის, მომსახურების შესახებ, მიმართა შემსყიდველს და აცნობა გახარებული ნერგებისთვის აუცილებელი აგროტექნიკური სამუშაოების აუცილებლობის თაობაზე (ტ.1, ს.ფ.77), რაც ცალსახად კონტრაჰენტის კეთილსინიდისიერ ქმედებად უნდა შეფასდეს. აღნიშნულის საპირისპიროდ დგინდება, რომ მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია მოსარჩელის მიმართვას აგროტექნიკური სამუშაოების აუცილებლობის თაობაზე. ამასთან, ჩაიშალა მოპასუხის მიერ გამოცხადებული ტენდერი კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ და ტერიტორიები დარჩა მომსახურების გარეშე (ტ.1, ს.ფ.70-76). მოპასუხემ მხოლოდ რამდენიმე თვის შემდგომ აცნობა მოსარჩელეს, რომ იგი ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად ვალდებული იყო ჩაენაცვლებინა გამხმარი ნერგები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხის მხრიდან დაცული არ ყოფილა ხელშეკრულების შესრულების კონტროლის (ინსპექტირების) წესი და მის მიერ შედგენილი არ იქნა დათვალიერების დასურათებული აქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია მოსარჩელის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისირად შესრულების ფაქტი, არამართლზომიერია მოპასუხის უარი თანხის ანაზღაურებაზე.

 

11. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოპასუხეს მართებულად დააკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელი ნაწილის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

12. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

13. აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა

 

1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე : თამარ ზამბახიძე