განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117002210590
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7124-18 21 მაისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ა-–----------–- (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ნ---------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ლ--–- კ---–---–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.09.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეს დაეკისროს 2600 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
2. 19.03.2011წ. მხარეთა შორის დაიდო მარტივი წერილობითი ფორმით შედგენილი სესხის ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით. მოპასუხემ სესხად აღებული თანხის - 3000 აშშ დოლარის ანგარიშში მოსარჩელეს გადაუხადა 400 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 2600 აშშ დოლარი. მოპასუხემ 10.03.2014წ. შეადგინა ხელწერილი მასზედ, რომ ა-–----------–-სგან სესხად აიღო 2600 აშშ დოლარი, რასაც მთლიანად გაისტუმრებდა 2015 წლის დეკემბრამდე. ამავე ხელწერილში აღინიშნა, რომ თუ 2100 აშშ დოლარს მოვალე გადაიხდიდა 2014 წლის 30 აპრილამდე, აღიარებული ვალი ჩაეთვლებოდა მთლიანად გადახდილად. სესხად აღებული თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად - ყოველთვიურად არანაკლებ 100 აშშ დოლარისა. მოპასუხე, მიუხედავად კრედიტორის არაერთი მოთხოვნისა, უარს აცხადებს თანხის დაბრუნებაზე.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. გადაწყვეტილებით ა-–----------–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.1. 2011 წლის 19 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილის თანახმად, ლ--–- კ---–---–მა ა-–----------–-სგან ისესხა 3000 აშშ დოლარი, რაც დაადასტურა ხელმოწერით (ს.ფ. 24);
4.2. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში მსესხებლისათვის დაბრუნებული იქნა მხოლოდ 400 აშშ დოლარი (ს.ფ. 26).
4.3. 2014 წლის 10 მარტის ხელწერილის თანახმად, ლ--–- კ---–---–მა დაადასტურა ა-–----------–-სგან სესხად მიღებული და დარჩენილი შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა - 2600 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ამავე ხელწერილის თანახმად უნდა დაებრუნებინა 2015 წლის დეკემბრამდე. ხელწერილში ასევე მითითებულია შემდეგი: ,,იმ შემთხვევაში, თუ მე ლ--–- კ---–---–ი 2100 (ორი ათას ასი) აშშ დოლარს გადავიხდი 2014 წლის 30 აპრილამდე, ეს ვალი მთლიანად გადახდილად ჩამეთვლება. თანხას გადავიხდი ეტაპობრივად, ყოველთვიურად არანაკლებ 100 აშშ დოლარისა. ხელწერილი ხელმოწერილია ა-–----------–-ს და ლ--–- კ---–---–ის მიერ (ს.ფ. 26);
4.4. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოპასუხე ლ--–- კ---–---–ის მიერ ფულადი ვალდებულება 2600 აშშ დოლარის ოდენობით შესრულებული არ არის.
4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების - ექვს წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
2014 წლის 10 მარტის ხელწერილში, მსესხებელი პირდაპირ მიუთითებს, რომ მის მიერ 2100 აშშ დოლარის 2014 წლის 30 აპრილამდე გადახდის შემთხვევაში, ვალდებულება მთლიანად შესრულებულად ჩაითვლებოდა, ხოლო ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად არანაკლებ 100 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, ვალი უნდა დაეფარა 2015 წლის დეკემბრამდე. მხარეთა ახსნა-განმარტებების შესაბამისად, ასევე არ წარმოადგენს სადავო გარემოებას, რომ მოპასუხეს ვალდებულება ერთიანი თანხის 2100 აშშ დოლარის სახით არ გადაუხდია მოსარჩელისთვის. ასევე არ არის სადავო ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს ეტაპობრივი გადახდები აღარ განუხორციელებია 2014 წლის მაისიდან. შესაბამისად, ხანდაზმულობის კანონით განსაზღვრული სამწლიანი ვადის დენა დაიწყო სწორედ 2014 წლის ივნისიდან, საიდანაც სარჩელის სასამართლოში შემოტანამდე, 2017 წლის 12 დეკემბრამდე გასულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების დარღვევას, რაც ხანდაზმულობის ვადის ათვლის საკითხზე იქონიებდა გავლენას. მოცემულ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში სესხის სახით გაცემული იქნა თანხა და მისი დაბრუნების წესი მხართა მიერ იქნა შეთანხმებული. შესაბამისად, ერთიანი ვალდებულების დაფარვა ხდება გარკვეული პერიოდებით და აღნიშნული ვალდებულების წარმოშობის საფუძველი კონკრეტული თანხის გადახდა. განსხვავებით პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისა, როდესაც ვალდებულება დაკავშირებულია პერიოდებზე განსაზღვრული ფულადი ვალდებულების შესრულებასთან და არა თანხის ჯამურ მოცულობაზე, რომლის გადახდის პერიოდია დადგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.09.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5.1. სასამართლო არასწორად მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას.
ხელწერილის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელისგან ისესხა 2600 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე. ხელწერილში არის დათქმა, რომ თუ მსესხებელი 2014 წლის 30 აპრილამდე დააბრუნებდა 2100 აშშ დოლარს, ვალი მთლიანად გადახდილად ჩაითვლებოდა. ამავდროულად, სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, ყოველთვიურად არანაკლებ 100 აშშ დოლარისა. სესხის დაბრუნების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2015 წლის დეკემბერი. მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა 2 100 აშშ დოლარის დაფარვა 2014 წლის 30 აპრილამდე. მოპასუხემ ხელწერილით დადებული პირობა არაერთხელ დაარღვია, ხოლო 2015 წლის დეკემბერს, როდესაც ვალდებულების მთლიანად შესრულების ვადა დადგა, მან არ დააბრუნა თანხა.
5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება ის დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ხელწერილში მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების რამდენიმე ხერხზე. კერძოდ, მოვალეს შეეძლო 2014 წლის აპრილში გადაეხადა 2100 აშშ დოლარი და დანარჩენ ნაწილშიც ვალდებულება ითვლებოდა შესრულებულად, ან პერიოდულად შეესრულებინა ვალდებულება და თანხა გადაეხადა 2015 წლის დეკემბრამდე. ამდენად, ძირითადი შეთანხმება იყო ის, რომ თანხა 2600 აშშ დოლარის ოდენობით გადახდილი უნდა ყოფილიყო 2015 წლის დეკემბრამდე. გათვალისწინებით იმისა, რომ მხარეები შეთანხმდნენ 2014 წლის მაისიდან ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის გადახდაზე, დგინდება, რომ სახეზეა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულება და თითოეულ პერიოდზე ცალ-ცალკე ითვლება ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, 2014 წლის ივნისიდან 2014 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდი სასამართლომ ხანდაზმულადაც რომ მიიჩნიოს, არასწორია მთლიანი მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევა, ვინაიდან სარჩელი შეტანილ იქნა 2017 წლის დეკემბერში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების/უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
7. 10.03.2014წ. ა-–----------–ს („მოსარჩელე“) და ლ--–- კ---–---–ს („მოპასუხე“) შორის შედგა შეთანხმება (ხელწერილი) შემდეგი შინაარსით:
„ მე, ლ--–- კ---–---–მა, დაბ. 2---------წ., მცხ. ქ. თბილისი, ს. ჩ--------- ქ. #21-ში, პ/ნ 0----------, სესხად ავიღე თანხა 2600 (ორი ათას ექვსასი აშშ დოლარი) ა-–----------–-სგან, რასაც 2015 წლის დეკემბრამდე მთლიანად გავისტუმრებ.
იმ შემთხვევაში, თუ მე ლ--–- კ---–---–ი, 2100 (ორი ათას ასი) აშშ დოლარს გადავიხდი 2014 წლის 30 აპრილამდე, ეს ვალი მთლიანად გადახდილად ჩამეთვლება.
თანხას გადავიხდი ეტაპობრივად, ყოველთვიურად არანაკლებ 100$ “ (ტ.1, ს.ფ. 26).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს, კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
“ნების გონივრული განსჯა” ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა.
ამდენად, როგორც 10.03.2014წ. ხელწერილით დგინდება, მოსარჩელის მიმართ მოპასუხის ვალდებულება შეადგენდა 2600 აშშ დოლარს. ამასთან, მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ თუ მოპასუხე 2100 აშშ დოლარს გადაიხდიდა 2014 წლის 30 აპრილამდე, ვალი ჩაითვლებოდა მთლიანად გადახდილად, ანუ ვალდებულების მოკლე დროში შესრულების შემთხვევაში მცირდებოდა შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა 500 აშშ დოლარით. იმ შემთხვევაში კი, თუ მოვალის მიერ ამ ვადაში 2100 აშშ დოლარი გადახდილი არ იქნებოდა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, ყოველთვიურად არანაკლებ 100 აშშ დოლარისა.
ანუ მხარები შეთანხმებულნი იყვნენ სესხის სახით გადაცემული თანხის ეტაპობრივად დაფარვაზე, ყოველთვიურად არანაკლებ 100 აშშ დოლარის ოდენობით.
8. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და არც საწინააღმდეგო მტკიცებულება მოიპოვება საქმეში, რომ მოპასუხეს ვალდებულება 2014 წლის 30 აპრილამდე ერთიანი თანხის - 2100 აშშ დოლარის სახით არ გადაუხდია და არც ეტაპობრივი გადახდები უწარმოებია 2014 წლის მაისიდან (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 152; სააპელაციო საჩივარი, ტ.1, ს.ფ. 160-173).
შესაბამისად, რადგან 30.04.2014წ.-მდე ერთიანი გადახდის ვალდებულება დაირღვა და მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს შესაგებელი ხანდაზმულობის თაობაზე, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ხანდაზმულია თუ არა ეტაპობრივად 2015 წლის დეკემბრამდე შესრულების მოთხოვნა.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია. ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს. ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. №ას-868-830-2014; 06.11.2018წ. №ას- 902-2018).
თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 01.12.2010წ. №ას-599-562-2010).
განსახილველ შემთხვევაში მხარები შეთანხმებულნი იყვნენ სესხის სახით გადაცემული თანხის ეტაპობრივად დაფარვაზე, ყოველთვიურად არანაკლებ 100 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მსესხებელს სესხის თანხა უნდა გადაეხადა გარკვეული პერიოდულობით. შესაბამისად, აღნიშნული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას: სუსგ 20.05.2013წ. №ას-1432-1351-2012; 14.02.2017წ. №ას-934-899-2016; 06.11.2018წ. №ას- 902-2018).
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, მხარეთა შეთანხმებული გადახდის წესის შესაბამისად (ყოველთვიურად არანაკლებ 100 აშშ დოლარი), თანხის ყოველი გადახდის მიმართ ათვლილ უნდა იქნეს დამოუკიდებლად. შესაბამისად, დგინდება, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის – 2017 წლის 12 დეკემბრისთვის (ტ.1, ს.ფ. 1), ხანდაზმული იყო სასარჩელო მოთხოვნა 2014 წლის 12 დეკემბრამდე გადასახდელის თანხის ანაზღაურების ნაწილში, 2014 წლის 12 დეკემბრის შემდეგ კი გადასახდელი თანხის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება. გათვალისწინებით იმისა, რომ მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ ყოველთვიურად არანაკლებ 100 აშშ დოლარის გადახდაზე, დგინდება, რომ 2014 წლის ივნისიდან (ანუ იმ დროიდან, რა დროიდანაც მხარეს არ უწარმოებია პერიოდული გადახდები) 2014 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 650 აშშ დოლარს (6.5 თვე X 100) და სარჩელი ხანდაზმულად მიჩნეული უნდა იქნეს სწორედ 650 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
შესაბამისად, დავალიანების ჯამური ოდენობის გათვალისწინებით დგინდება, რომ 1950 აშშ დოლარის ნაწილში (2600-650) სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის და ხანდაზმულობის მოტივით პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა იგი ამ ნაწილში.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სარჩელის საფუძვლიანია მოპასუხისთვის 1950 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 261 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 30), საიდანაც 0.40 თეთრი დაუბრუნდა მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით.
სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 285 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ.174).
წინამდებარე გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, სარჩელიც კმაყოფილდება 1950 აშშ დოლარის ნაწილში, - ანუ კმაყოფილდება მოთხოვნის 75 %.
შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 195.45 ლარის ოდენობით (261-0.40=260.6; 260.6-ის 75% =195.45).
აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 213,75 ლარის (285-ის 75%) ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ა-–----------–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.09.2018წ. გადაწყვეტილება გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტისა და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ა-–----------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. ლ--–- კ---–---–ს ა-–----------–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1950 აშშ დოლარის გადახდა.
5. ლ--–- კ---–---–ს ა-–----------–-ს სასარგებლოდ დაკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 213.75 ლარის ოდენობით.
6. ლ--–- კ---–---–ს ა-–----------–-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 195.45 ლარის ოდენობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე