განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001361876
საქმე №2ბ/6988-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2019 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
დიანა ბერეკაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ გოგიშვილი, ქეთევან დუგლაძე
სხდომის მდივანი: მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - შპს ,,ს----------–-------–იორაცია“
წარმომადგენელი - თ--------------–---ი
მოწინააღმდეგე მხარე - ბ---- ყ---–---ა
წარმომადგენელი - ს-----------–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს ,,ს----------–-------–იორაციამ“ და მოპასუხე ბ---- ყ---–---ას მიმართ მოითხოვა წყლის დატაცებით მიყენებული ზიანის 24 525 ლარის ანაზღაურება.
2. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 18 ივნისს, 14:25 საათზე შპს ,,ს----------–-------–იორაციის“ ინსპექტორის ზ------ კ------------–ის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 96-ე პრიმა მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #0-----, რომლის შესაბამისად, ბ---- ყ---–---ას ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით, ს----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ-------ში, თვითნებურად წყლის დატაცების ფაქტზე. 2015 წლის 18 ივნისს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილზე, ს----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ-------ში, შპს ,,ს----------–-------–იორაციის“ ინსპექტორის ზ------ კ---------–ის მიერ შედგენილ იქნა სარწყავი წყლის დატაცებით, შპს ,,ს----------–-------–იორაციაზე“ მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი, რომლის მიხედვით ზიანმა 327 ჰა მიწის ნაკვეთის გასარწყავებაზე შეადგინა 24 525 ლარი. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #0----- შესულია კანონიერ ძალაში, სამართალდამრღვევს ოქმი ჩაბარდა 2015 წლის 02 ივლისს, რის საფუძველზეც მას უფლება ჰქონდა კანონით დადგენილ ვადებში (30 დღე) გაესაჩივრებინა ზემოაღნიშნული ოქმი. მოპასუხის მიერ არ მომხდარა ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა კანონით დადგენილ ვადაში (30 დღე).
2015 წლის 21 ოქტომბერს, კომპანიას ეცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულებულ იქნა აღნიშნული საქმე. მხარემ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2011 წლის 01 თებერვლის N2 დადგენილებით, განისაზღვრა სამელიორაციო მომსახურების ტარიფები, კერძოდ, სამელიორაციო წყლის მომსახურებაზე - ირიგაცია შეადგენს 1 ჰა ფართობზე 75 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მოსარჩელეთან ხელშეკრულების გარეშე მოიხმარდა სარწყავ წყალს 327 ჰა ფართობზე, შესაბამისად, კომპანიას მიადგა ზიანი, ვინიადან მოპასუხეს უნდა გადაეხადა 24525 ლარი (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3. მოპასუხის შესაგებელი:
3.1. მოპასუხე ბ---- ყ---–---ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს ,,ს----------–-------–იორაციის“ თანამშრომელმა შეადგინა ზიანის გაანგარიშების აქტი, შპს ,,ს----------–-------–იორაციის“ თანამშრომელმა შეადგინა ზიანის გაანგარიშების აქტი, თუმცა აქტში მითითებულს, არც გაანგარიშების და არც ზიანის არსებობას არ ეთანხმება, არის აბსურდი და დაუსაბუთებელი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ის გარემოება, რომ 2015 წლის 02 ივლისს ჩაბარდა სამართალდარღვევის ოქმი და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მოპასუხეს იგი არ ჩაბარებია და არც მისი ხელმოწერაა მის ჩაბარებაზე. ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე, თვალხილულად შეიძლება იმის გარჩევა, რომ გზავნილის ჩაბარებაზე ხელმოწერა მოპასუხეს არ ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს არ მიეცა აქტის გასაჩივრების შესაძლებლობა, არც კი იცოდა მის შესახებ, სანამ აღსრულების ეროვნული ბიუროდან არ მიუვიდა შეტყობინება. რაც შეეხება მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის შედეგად ჯარიმის გადახდას, აღნიშნულზე მხარე ადასტურებს და უთითებს, რომ ვინაიდან მის საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდებოდა შეზღუდვა, იგი იძულებული იყო სრულად გადაეხადა ჯარიმა, რათა მოხსნოდა შეზღუდვები, თუმცა აღნიშნული გარემოება არ ნიშნავს, რომ იგი ეთანხმება მის დაჯარიმებას წყლის დატაცების გამო. მხარემ ასევე მიუთითა, რომ თავად მოსარჩელე მხარეს აქვს მოუწესრიგებელი სარწყავი სისტემა და არხებში წყლის გაშვების შემდეგ, წყალი თავისთავად მიედინება მიმდებარე სარწყავ სისტემაში. აქტის შედგენის დროს კი არავინ იმყოფებოდა ადგილზე, რაც ასევე სადავოდ მიაჩნია და ამასთან, მხარემ მიუთითა, რომ მას არასდროს ჰქონია ხელშეკრულება მოსარჩელესთან 327 ჰა ფართის გასარწყავებაზე, არც ფაქტობრივად არის შესაძლებელი ამდენი ფართის გასარწყავება, ვინაიდან აღნიშნული შეუძლებელია რელიაფის გათვალისწინებით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ზიანის გაანგარიშება მის საკუტრებაში არსებულ მთლიან ფართობზე უსაფუძვლოა და დაუდასტურებელი. მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, რაც შესაძლოა გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილების მიზეზე, მით უმეტეს, რომ მხარისათვის სადავო იყო ზიანის დაანგარიშების წესი (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------–იორაციის“ სარჩელი ბ---- ყ---–---ას მიმართ, ზიანის სახით 24525 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. (იხ. გადაწყვეტილება)
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება გასააჩივრა მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------–იორაციამ“.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
5.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 7.1 პუნქტში მართალია მსჯელობს ზიანზე, როგორც დელიქტურ ვალდებულებაზე, მითითებული ნორმით განსაზღვრულ იმ წინაპირობებზე, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობების წარმოშობისათვის - ზიანი, მათლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, თუმცა მისსავე მსჯელობაში გამორიცხავს მოპასუხის მხრიდან აღნიშნული პირობების არსებობას, მაშინ, როდესაც სწორედ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით - შპს "ს----------–-------–იორაციასთან" ხელშეკრულების გაფორმების გარეშე - ხდებოდა აღნიშნული ნაკვეთის გასარწყავება. ის ფაქტი, რომ მოპასუხის მიერ შპს "ს----------–-------–იორაციასთან" გასარწყავების შესახებ ხელშეკრულება არ ჰქონდა გაფორმებული ასევე დასტურდება მხარის მხრიდან, რაც უდაო გარემოებადაა მიჩნეული სასამართლოს მიერ.
5.2. სასამართლო მსჯელობს, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება გარემოება, თუ რა რაოდენობის ზიანი მიაყენა მოპასუხემ მოსარჩელეს და თან ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოპასუხის მხრიდან არ დასტურდება მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც ასევე ბუნდოვანია და არ უნდა გამხდარიყო ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი. მით უფრო, რომ შპს "ს----------–-------–იორაციის" თავდაპირველ სარჩელს, მტკიცებულების სახით, ერთვის 2015 წლის 18 ივნისს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #0-----, რომელიც სარჩელის აღძვრის მომემტისათვის უკვე შესული იყო კანონერ ძალაში, მხარის მიერ აღნიშნული სამართალდარვეის ოქმი არც კომპანიაში და არც სასამართლოში არ გასაჩივრებულა და მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა დაკისრებული თანხა, რითაც მის მიერ დასტურდება შპს "ს----------–-------–იოარციაზე" მიყენებული ზიანის ფაქტი. სასამართლო შპს " ს----------–-------–იორაციის" მიერ სარჩელზე თანდართული მტკიცებულება - 2015 წლის 18 ივნისს სარწყავი წყლის დატაცებით შპს "ს----------–-------–იორაციაზე" მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტს არ თვლის სადაო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, მაშინ, როდესაც სსსკ-ის 309/17-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლი განაჩენი, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. შპს "ს----------–-------–იორაციის" მიერ სარჩელს სამოქალაქო საქმეზე მოპასუხე ბ---- ყ---–---ას მიმართ დართულია სწორედ ადმინისტრაციული სამართალდაღვევის საქმეზე შპს "ს----------–-------–ირაციის" მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (2015 წლი 18 ივნისის სარწყავი წყლის დატაცებით შპს "ს----------–-------–იორაციაზე" მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი), რომლითაც დადასტურდა ბ---- ყ---–---ას მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად შპს "ს----------–-------–იორაციაზე" მიყენებული ზიანის ფაქტი, კერძოდ - მოპასუხე ბ---- ყ---–---ამ შპს "ს----------–-------–იოარციას" თავისი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების შედეგად მიაყენა ზიანი 24 525 (ოცდაოთხი ათას ხუთას ოცდახუთი) ლარი. შპს "ს----------–-------–იორაცია" წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ახორციელებს საირიგაციო და სადრენაჟე მომსახურებას. აღნიშნული მომსახურების აბონენტებისათვის ხარისხიანად მიწოდებისათვის შპს "ს----------–-------–იორცია" ახდენს მის საკუთრებაში არსებული სარწყავი მილებისა და არხების მოვლა-შენახვისათვის მუდმივ რეაბილიტაციასა და აღდგენით საუშაოებს, რისთვისაც საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავს. შესაბამისად, მას არა აქვს უფლება ხელშეკრულების გაფორმების გარეშე გაუწიოს მომსახურება ნებისმიერ ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულებრებლი ეროვნული კომისიის 2011 წლის 1 თებერვლის #2 დადგენილებით კი განისაზღვრა სამელიორაციო მომსახურების ტარიფები, რომლის საფუძველზეც სამელიორაციო წყლის მომსახურებაზე ირიგაცია შეადგენს 1 ჰა ფართობზე 75 ლარს. ბ---- ყ---–---ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახ იქნა შპს "ს----------–-------–იორაციაზე" მიყენებული ზიანი 24 525 ლარის ოდენობით, რაც გამოწვეულია მასსა და შპს "ს----------–-------–იორაციას" შორის განაცხადის არ არსებობის პირობებში მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასარწყავების შედეგად. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაუთვალისწინებია მოსარჩელე მხარის - შპს "ს----------–-------–იორაციის" მიერ საქმეზე თანდართული მტკიცებულება - ვიდეო მასალის სახით, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბ---- ყ---–---ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ნამდვილად მთლიანად ირწყვებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვეის ოქმის N0------ის შედგენის დროს. სასამართლო სადაო გადაწყვეტილებას ამყარებს მხოლოდ და მხოლოდ მოწმის - ზ------ კ---------–ის ჩვენებაზე. აღნიშნული ჩვენების მიხდვით შპს "ს----------–-------–იორაციის" ინსპექტორის - ზ------ კ---------–ის მიერ ტერიტორიის აზომვა მოხდა დარღვევიდან 1 წლის შემდეგ "აღდგენილი სურათის" მიხედვით, რაც პრინციპულად შეუძლებელია. სასამართლო თავის მსჯელობას მოსარჩელის მიერ ზიანის ოდენობის არასრულ და არასრულყოფილ დაანგარიშების ნაწილში ამყარებს ასევე მოწმის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც იგი აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ზიანის ოდენობის დაანგარიშება დამოკიდებული იყო სუბიექტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართის ოდენობაზე და არა რეალურად გასარწყავებული ტერიტორიის ფართობზე. აღნიშნულ მსჯელობაში კი სასამართლო არაფერს ამბობს იმ ფაქტზე, რომ შპს "ს----------–-------–იორაციის" წარმომადგენლის მიერ მანამდეც და მერეც დაფიქსირებული იყო შპს "ს----------–-------–იორციის" მხრიდან კომპანიაზე მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი, კერძოდ ის, რომ ზიანის დაანგარიშება ხდება არა კონკრეტული ფიზიკური, თუ იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სრული მოცულობის ოდენობით, არამედ რეალურად გასარწყავებული ფართის მიხედვით "ჯპს" მონაცემების მიხედვით. ვინაიდან 2015 წლის 18 ივნისს ფ/პ ბ---- ყ---–---ა განაცხადის გარეშე მოიხმმარდა შპს "ს----------–-------–იორაციის არხიდან სარწყავ წყალს 327 ჰა-ზე, შესაბამისად შპს "ს----------–-------–იორაციას' მიადგა ზიანი 24 525 ლარის ოდენობით. აღნიშნულის მტკიცებულებად სარჩელზე თანდართულია 2015 წლის 18 ივნისს ბ---- ყ---–---ას მიმართ შედგენილი ადმინისტარციული სამართალდაღვევის ოქმი #0-----, იმავე დღეს უფლებამოსილი პირის მიერ შპს "ს----------–-------–იორაციაზე" ზ------ კ---------–ის მიერ მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი და სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეო მასალა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე #2/12334-16 და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს შპს "ს----------–-------–იორაციის" მოთხოვნა.
სამოტივაციო ნაწილი
6. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
8. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და ამავე კოდექსის 408-ე მუხლი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება).
9. პალატა მოსარჩელის/აპელანტის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. 2014 წლის 12 ივნისს, შპს ,,ს----------–-------------------–-------–------–------------------------ას“ და ზ------ ყ---–---ას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელი უზრუნველყოფდა მომხარებელს სამელიორაციო მომსახურების გაწევით, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 15 ჰა მიწის მორწყვის გეგმის შესაბამისად. მომხმარებელი უზრუნველყოფდა წყალგანაწილების კვანძში მიწოდებული წყლის რაციონალურად განაწილებას (მორწყვას) და მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გეგმის და საფასურის გადახდის გრაფიკის შესაბამისად. (ტომი 1, ს.ფ. 50)
9.2. სამელიორაციო მომსახურების გაწევის შესახებ ბ---- ყ---–---ას 2015 წლის 10 ივლისის განაცხადის 2015 წლის 31 ივლისის აქტის თანახმად, ბ---- ყ---–---ა წარმოადგენდა შპს ,,ს----------–-------–იორაციის“ აბონენტს და აღნიშნული კომპანიისგან იღებდა შესაბამის მომსახურებას (მიწების მორწყვა). აღნიშნული მომსახურების საფასურმა 2015 წლის ივლისის თვეში შეადგინა 1125 ლარი, რაც ბ---- ყ---–---ას მიერ იქნა გადახდილი 2015 წლის 29 ოქტომბერს (ტომი 1, ს.ფ. 51-52-53)
9.3. სახელშეკრულებო ურთიერთობა შპს ,,ს----------–-------–იორაციას“ და ბ---- ყ---–---ას შორის გაგრძელდა 2016 და 2017 წლებშიც, სამელიორაციო მომსახურების გაწევის შესახებ 2016 წლის 24 მარტის და 2017 წლის 20 მარტის განაცხადების საფუძველზე.(ტომი 1, ს.ფ. 111-112)
9.4. შპს ,,ს----------–-------–იორაციის“ ქ-------------–-ს რ----------------–----–- ჯგუფის სპეციალისტის ზ------ კ---------–ის ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, 2015 წლის 18 მაისს ზემო სამგორის ქვემო მაგისტრალურ არხზე დაიწერა ჯარიმა ბ---- ყ---–---აზე, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა 327 ჰა მიწის ფართობი (სად. კოდი 5-----------). ვინაიდან იმ დროს ამ ტერიტორიაზე შედიოდა წყალი განაცხადის გარეშე, ვერ მოხერხდა მორწყული ტერიტორიის აზომვა და მის მიერ დაიწერა ჯარიმა სრულ ფართობზე. ამავე ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, მოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ 2015 წლის 18 მაისისთვის ფართობი სრულად არ ირწყვებოდა და ირწყვებოდა მხოლოდ 15 ჰა ფართობი. ამას ადასტურებს თვითონ ის ფაქტიც, რომ მიწის მეპატრონემ ბ---- ყ---–---ამ, რომელსაც დაეწერა ჯარიმა, 2015 წლის 10 ივლისს გააკეთა შპს ,,ს----------–-------–იორაციის“ მიმართ განაცხადი ს----–------–--- მომსახურების შესახებ, ხოლო 2016 წლის 24 მარტს 20 ჰა მიწის ფართობზე. (ტომი 1, ს.ფ. 122)
9.5. უძრავი ქონება მდებარე: ს----------ს რაიონი, სოფელი უ-------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5----------- საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოპასუხე ბ---- ყ---–---ას. (ტომი 1, ს.ფ. 47-48)
9.6. 2015 წლის 18 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, მოპასუხე ბ---- ყ---–---ას მიერ, მისამართზე: ს----------, სოფელი უ------- 1425, დაფიქსირდა წყლის მიტაცების ფაქტი, რაზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შპს ,,ს----------–-------------------–-------–------–------------ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #0-----. აღნიშნული აქტის თანახმად, ბ---- ყ---–---ა დაჯარიმდა 250 ლარით. (ტომი 1, ს.ფ. 14)
9.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 21 ოქტომბრის ცნობის თანახმად, შპს ,,ს----------–-------------------–-------–------–------------------------ის“ და ბ---- ყ---–---ას საქმეზე, სააღსრულებო ფურცელი იქნა აღსრულებული. (ტომი 1, ს.ფ. 20)
9.8. მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 2014 წლის 12 ივნისიდან - 2015 წლის 12 ივნისამდე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იქნა 2015 წლის 18 ივნისს, რა დროსაც მოხდა წყლის მიწოდების შეწყვეტა, რომელიც განახლდა 2015 წლის 10 ივლისს და ხელშეკრულებაც გაგრძელდა 2015 წლის 10 ივლისიდან, შესაბამისად მართლსაწინააღმდეგო ქმედების პერიოდი ასეთის არსებობის შემთხვევაში განისაზღვება 12 ივნისიდან -18 ივნისამდე (როდესაც შეწყდა წყლის მიწოდება) სულ 5 დღით. გარდა ამისა მოწინააღმდეგე მხარის განმარტების თანახმად, მართალია მის საკუთრებაში ირიცხება 327.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება საძოვრად, თუმცა მასზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები, მეცხოველეობის ფერმის ფუნქციონერებისთვის. მოუწესრიგებელი სარწყავი სისტემის გამო არხებში წყლის გაშვების შემდეგ, წყალი თავისთავად მიედინება მიმდებარე სარწყავ სისტემაში.
9.9. უდავოა 2015 წლის 18 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ბ---- ყ---–---ა არ ესწრებოდა და მისი განმარტებით ფერმაში არავინ იმყოფებოდა. ამასთან, სარწყავი სისტემა მოუწესრიგებელია და როდესაც წყალს გაშვება ხდება იგი თავისთავად მიედინება მიმდებარე სარწყავ სისტემაში, აგრეთვე გაურკვეველია თუ რა ოდენობის მიწის ნაკვეთის მორწყვა განხორციელდა, რადგან შპს ,,ს----------–-------–იორაციის“ ქ-------------–-ს რ----------------–----–- ჯგუფის სპეციალისტის ზ------ კ---------–ის ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, ვერ მოხერხდა მორწყული ტერიტორიის აზომვა და მის მიერ დაიწერა ჯარიმა სრულ ფართობზე. ამავე ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, მოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ 2015 წლის 18 მაისისთვის ფართობი სრულად არ ირწყვებოდა და ირწყვებოდა მხოლოდ 15 ჰა ფართობი.
10. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის. ზიანში, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე - პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით ან დაზიანებით, დაზარალებულის მიერ გამომუშავების დაკარგვის ან შემცირებით და ა.შ. დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე გაშვებული მოგება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია არა ზიანის მიმყენებლის დასჯისაკენ, არამედ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაკენ, რომელიც არსებობდა უფლების ხელყოფამდე. მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი კი აწევს დაზარალებულს.
პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.(სუსგ ას-72-72-2018)
პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს.
11. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. (შეად სუსგ საქმე ას-218-2019(b) მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა ვერ ერთი ზიანის დაკისრების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობა, ასეთ ვითარებაში კი, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების საფუძვლები.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
12. საპროცესო ხარჯები
ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ს----------–-------–იორაციას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე
მიხეილ გოგიშვილი