განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310016001516236 (3/ბ-207-2019წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (მომხსენებელი)
გოჩა აბუსერიძე, ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოპასუხე) - შპს ,,ბ------“
წარმომადგენლები-ო----- წ---–-----ე, პ----- ბ---–----ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი- ზ-----ბ ქ-–----ე
დავის საგანი - დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდევინება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2016 წლის 23 სექტემბერს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს ,,ბ------ს“ (შემდგომში მოპასუხე, აპელანტი) მიმართ და მოითხოვა შპს „ბ------სთვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 2--------) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 2013 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 01 მარტამდე პერიოდში გადასახდელი ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის - 6119.87 (ექვსი ათას ასცხრამეტი ლარი და 87 თეთრი) ლარის დაკისრება.
2.1.მოსარჩელემ სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ გარემოებებს:
2.1.1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილია შპს „ს----------------ა“, რომელიც ახორციელებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე წარმოქმნილი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
2.1.2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახური აწარმოებს იმ პირთა რეესტრს (აღრიცხვას), რომლებიც წარმოქმნიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. რეესტრის წარმოება ხორციელდება სს „ე-------------------------“ ბილინგ სისტემის ან შპს „ბ---------–--–--“ რეესტრის მეშვეობით.
2.1.3.შპს „ბ------“ მიეკუთვნება იმ ორგანიზაციას, რომელიც თავისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური მონაცემების მიხედვით, მოპასუხეს 2013 წლის 01 იანვრიდან ერიცხება დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი. მიუხედავად წერილობითი და ზეპირი გაფრთხილებისა, მოპასუხე არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, კერძოდ არ იხდის დასუფთავების მოსაკრებელს, რის გამოც მერია იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის.
2.2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ,,-------“ სარჩელთან მიმართებით შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით მოცემული საზოგადოების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა. სახელდობრ მიუთითა, რომ მართალია, „ბ------“ რეგისტრირებულია მეწარმე იურიდიულ პირად, მისი იურიდიული მისამართია ქ. ბათუმი, დ-----------–-----–-----------, თუმცა მოცემულ შემთხვევაში საკუთრებაში არსებული ზემოხსენებული უძრავი ქონება იჯარის ხელსეკრულებების საფუძველზე სარგებლობაში აქვს გაცემული სხვადასხვა პირებზე და ამდენად ისინი იყვნენ ვალდებულნი, რომ გადაეხადათ დასუფთავების მოსაკრებელი.
2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს ,,-------“ (ს/კ 2--------) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 6119.87 (ექვსი ათას ასცხრამმეტი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა.
2.4.გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
2.4.1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილია შპს „ს----------------ა“, რომელიც ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას, დერატიზაციას, დეზინსექციას, სამედიცინო ნარჩენების გაუვნებელყოფას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს „ს----------------ა“ -ს წესდება;
-შპს „ს----------------ას“ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან .
2.4.2.შპს „ბ------“ რეგისტრირებულია მეწარმე იურიდიულ პირად, მისი საიდენტიფიკაციო კოდია - 2--------, იურიდიული მისამართია ქ. ბათუმი, დ-----------–-----–-----------. შპს „ბ------“ მიეკუთვნება იმ ორგანიზაციას, რომელიც თავისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №-- დადგენილებით დამტკიცებული დებულება ().
2.4.3.თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილებით, ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის შემოღებული იქნა ადგილობრივი მოსაკრებელის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, ასევე დადგინდა მოსაკრებლის გადამხდელი პირები და მოსაკრებლის ოდენობა. 2011 წლის 31 იანვრის №- და 2013 წლის 30 აპრილის №-- დადგენილებებით ზემოხსნებულ დადგენილებაში შეტანილი იქნა ცვლილებები, კერძოდ: იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის რაოდენობა თვეში განისაზღვრა შემდეგი ფორმულით: M=(N X C X K)/12, საიდანაც M არის - მოსაკრებლის რაოდენობა თვეში, N - ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში, C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება, K - ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი, მოსწავლე). 2011 წლის 31 იანვრის №- დადგენილებით, C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება შეადგენს - 15 ლარს, ხოლო 2013 წლის 30 აპრილის №-- დადგენილებით, C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება შეადგენს - 9 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილება;
2.4.4.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №2------ მიმართვით შპს „ბ------ს“ დირექტორს ეცნობა, რომ 2013 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 01 მარტამდე მდგომარეობით ერიცხებოდა მიმდინარე დავალიანება - 6119.87 (ექვსი ათას ასცხრამეტი ლარი და 87 თეთრი) ლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის №2------- წერილი.
2.4.5. შპს „ბ------ს“ მიერ დავალიანება არ არის დაფარული.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება. (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
2.5.დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება: საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და მათი განაკვეთების განსაზღვრა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში, საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2.5.2.საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი საქართველოს კონსტიტუციისა და ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2.5.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის. ამავე კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელია - მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლებას და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულისტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს. დასახელებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნარჩენების წარმომქმნელმა შეიძლება მოახდინოს მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მე-15 მუხლის თანახმად, ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან.
2.5.4.თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილებით, ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის შემოღებული იქნა ადგილობრივი მოსაკრებელის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, ასევე დადგინდა მოსაკრებლის გადამხდელი პირები და მოსაკრებლის ოდენობა. 2011 წლის 31 იანვრის №- და 2013 წლის 30 აპრილის №-- დადგენილებებით ზემოხსნებულ დადგენილებაში შეტანილი იქნა ცვლილებები, კერძოდ: იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის რაოდენობა თვეში განისაზღვრა შემდეგი ფორმულით: M=(N X C X K)/12, საიდანაც M არის - მოსაკრებლის რაოდენობა თვეში, N - ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში, C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება, K - ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი, მოსწავლე). 2011 წლის 31 იანვრის №- დადგენილებით, C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება შეადგენს - 15 ლარს, ხოლო 2013 წლის 30 აპრილის №-- დადგენილებით, C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება შეადგენს - 9 ლარს.
2.5.5.სასამართლომ ზემოხსენებული შეაჯერა რა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიუთითა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „ს----------------ა“ ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას, დერატიზაციას, დეზინფექციას, სამედიცინო ნარჩენების გაუვნებელყოფას. შპს „ბ------“ რეგისტრირებულია მეწარმე იურიდიულ პირად, მისი საიდენტიფიკაციო კოდია - 2--------, იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, დ-----------–-----–-----------. იგი მიეკუთვნება იმ ორგანიზაციას, რომელიც თავისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. რეესტრის წარმოება ხორციელდება სს „ე-------------------------“ ბილინგ სისტემის რეესტრის მეშვეობით.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის 2015 წლის 30 მარტის №2------ მიმართვით, შპს „ბ------ს“ დირექტორს ეცნობა, რომ 2013 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 01 მარტამდე მდგომარეობით ერიცხებოდა მიმდინარე დავალიანება - 6119.87 (ექვსი ათას ასცხრამეტი ლარი და 87 თეთრი) ლარის ოდენობით, თუმცა ამ უკანასკნელის მიერ დავალიანება საქმის სასამართლოში განხილვის დროისათვისაც არ დაფარულა.
2.5.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №- დადგენილების დანართი 1-ის, კერძოდ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული მოსაკრებლის გამოანგარიშების და გადახდის შესახებ“ ინსტრუქციის მე-7 მუხლით განსაზღვრულია მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებები და მოვალეობები, რომლის თანახმადაც:
1. ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში ან ოპერატორთან დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად;
2. ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე ფიზიკური პირი რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა აცნობოს სამსახურს ან ოპერატორს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე. აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი. (ცნობა სასწავლებლიდან, გარდაცვალების, დაბადების ან ქორწინების მოწმობა, სულადობის ცვლილების შესახებ ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობა, ან მინიმუმ სამი მეზობლის მიერ ხელწერით დადასტურებული განაცხადი და ა.შ);
3. საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე;
4. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს;
5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე;
6. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ან/და ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე;
7. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება სამსახურის ან ოპერატორისადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან;
8. ორგანიზებული ბაზრობის მომწყობი პირი ვალდებულია წარუდგინოს შესაბამის სამსახურს ან/და ოპერატორს ინფორმაცია ბაზრობაზე არსებული სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტების საქმიანობის სფეროს და დაკავებული ფართობის შესახებ;
9. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.
ზემოხსენებულზე დაყრდნობით სასამართლომ აღნიშნა, რომ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული მოსაკრებლის გამოანგარიშების და გადახდის შესახებ“ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, შპს „ბ------“ ვალდებული იყო თუ თვითონ არ განახორციელებდა ისეთ საქმიანობას, რომელიც წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს და ასეთ საქმიანობას მოიჯარეები განახორციელებდნენ, ამის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, უნდა ეცნობებინა სამსახურის ან ოპერატორისათვის და წარედგინა კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი და მიუთითა, რომ ნორმატიული აქტით მოცემული რეგულაციის თანახმად ასეთი ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობებში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა ვერ განხორციელდებოდა, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელემხარის პოზიცია, რომ 2013 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 01 მარტამდე პერიოდში შპს ,,-------“ სწორად ერიცხებოდა დასუფთავების მოსაკრებელი.
2.5.7. სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ. შესაბამისად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 30 მარტის №2------ წერილით განსაზღვრულია არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობის გამო შპს „ბ------“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ წარმოეშვა ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის საფასურის გადახდის ვალდებულება.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ შპს „ბ------ს“ მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული.
2.5.8. ყოველივე ზემოზსენებულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ საფუძვლიანია იყო და შპს „ბ------“ მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 6119.87 ლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ბ------ს“ დირექტორმა ო----- წ---–-----ემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
აპელანტის თვალსაზრისით, საქალაქო სასამართლომ არასწორად გაიზიარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დავალიანება უნდა გადაეხადა შპს ,,-------“, რადგანაც მათ მიერ წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, სახელდობრ საიჯარო ხელშეკრულებები, რითაც დგინდებოდა თუ ვის უნდა გადაეხადა დასუფთავების მოსაკრებელი. ამასთან სასამართლომ სწორად არ შეაფასა ის ფაქტი, რომ შპს ,,ბ------“ არ ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც წარმოშობს საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. საწარმო დაკავებულია მხოლოდ კომერციული ფართების იჯარა - გაქირავებით და ყველა გადასახადის გადახდა ხდება მხოლოდ მოიჯარეების მიერ მათ მიერ დაკავებული ფართების მიხედვით.
აპელანტის განმარტებით საქალაქო სასამართლო სამართლებრივი დასაბუთებისას არასწორ მსჯელობას ავითარებს იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტებში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №- დადგენილების დანართი 1 -ის მე-7 პუნქტის თანახმად შპს ,,ბ------“ იყო ვალდებული 30 კალენდარული დღის ვადაში ეცნობებინა შესაბამისი სამსახურებისათვის მოიჯარეების საქმიანობის შესახებ, ასეთი არასწორია, რადგან შპს ,,ბ------ს“ მიერ წარდგენილი იქნა მერიის შესაბამის სამსახურში ინფორმაცია მოიჯარეების შესახებ, მაგრამ მერიის მიერ მოხდა მხოლოდ წყლის გადასახადის გადამხდელებად ცალკე სუბიექტების დარეგისტრირება, რაც შეეხება დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებად რეგისტრაცია მერიის მხრიდან არ მომხდარა, რაც სამართლებრივად შპს ,,ბ------ს“ პრობლემას არ წარმოადგენს. შესაბამისად დასუფთავების გადასახადი უნდა მოეთხოვათ არა შპს ,,ბ------სთვის“, არამედ მოიჯარეებისთვის.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1.სააპელაციო სასამართლო მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას (წინამდებარე განჩინების 2.4.1.-2.4.5. პუნქტები), ამასთან დამატებით მიუთითებს შემდეგს:
4.1.1 სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელ ზ-----ბ ქ-–----ის მიერ გადმოცემული განმარტებით დადგენილია, რომ საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის რეესტრის წარმოება ხორციელდება მხოლოდ სს „ე-------------------------“ ბილინგ სისტემის რეესტრის მეშვეობით, შესაბამისად სს,,ე-------------------------“ სისტემაში წარმოებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დარიცხვა-დაანგარიშების პროგრამა. (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი).
4.1.2.სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აპელანტ შპს ,,ბ------ს“ წარმომადგენელის, დირექტორ ო----- წ---–-----ის მიერ გადმოცემული განმარტებით დადგენილია, რომ სს „ე-------------------------“ ბილინგ სისტემის რეესტრის მიხედვით ქ. ბათუმში, ა----–-----–------------ში აბონენტად და ამდენად, შესაბამის გადამხდელად საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროისათვისაც რეგისტრირებულია მხოლოდ შპს ,,ბ------“. შესაბამისად, ის თავად კრიბავს მის საკუთრების უფლების საგანს განკუთვნილ უძრავი ქონების ტერიტორიაზე ასევე მისსავე საკუთრებაში რეგისტრირებულ ფართებში განთავსებული ცალკეული მოიჯარეებისაგან, რომელთაც დროებით სარგებლობაში აქვთ გადაცემული ეს ფართები, ელექტროენერგიის გადასახადს და თავადვე ახდენს მის გადახდას. (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმი).
4.1.3.საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის შპს ,,ბ------ს“ დირექტორ ო----- წ---–-----ისადმი 2015 წლის 30 მარტის №2------ წერილით დადგენილია, რომ მას, როგორც შპს ბ------ს“ დირექტორს, ეცნობა იმის თაობაზე, რომ ,,ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე თვითმმართველი ქალაქის -ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის №-- დადგენილების შესაბამისად დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლების მონაცემთა ბ----- მიხედვით 2015 წლის 01 მარტის მდომარეობით შპს ,,-------“ ერიცხება დავალიანება 4239.26 ლარის ოდენობით და მოეთხოვა მიმდინარე დავალიანების თანხის ჩარიცხვა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. (იხ.ს.ფ 23)
4.1.4. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის შპს ,,ბ------ს“ დირექტორ ო----- წ---–-----ისადმი 2015 წლის 28 დეკემბრის №2------- წერილით დადგენილია, რომ მას, როგორც შპს ბ------ს“ დირექტორს, ეცნობა იმის თაობაზე, რომ მას, 2015 წლის 30 მარტის №2------ წერილით ეცნობა, რომ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლების მონაცემთა ბაზაში შპს ,,ბ------ს“ სააბონენტო ანგარიშზე (სააბონენტო კოდი 6---------) ირიცხებოდა დავალიანება 4239.26 ლარის ოდენობით, რასაც რეაგირება არ მოყოლია.
ამავე წერილითვე შპს ,,ბ------ს“ დირექტორ ო----- წ---–-----ეს ეცნობა, რომ ,,ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 2015 წლის 27 ნოემბრის №-1 დადგენილების მე-17 პუნქტის თანახმად დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან, ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სხვა ცვლილების შემთხვევაში)არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა , აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს, ან ოპერატორს (პუნქტი 22), რაც შპს ,,ბ------ს“ მიერ არ განხორციელებულა და რომ 2015 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ბ----- მონაცემებით ამავე ობიექტისთვის დავალიანებამ შეადგინა 5669.48 (ხუთი ათას ექვსასსამოცდაცხრა ლარი და 48 თეთრი) ლარი. ამასთან მოცემული წერილით შპს ,,ბ------ს“ დირექტორს დაგროვილი დავალიანების გადახდასთან ერთად ეთხოვა იმ სახის დოკუმენტაციის წარდგენა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდებოდა დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ბაზაში მონაცემების დაზუსტება. (იხ.ს.ფ.24-25)
4.1.5. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით - ინფორმაციით დავალიანების მქონე აბონენტების შესახებ დადგენილია, რომ 2016 წლის 01 მარტის მდგომარეობით შპს ,,ბ------ს“ (აბონენტის კოდი 6--------- (ენერგო პრო) დავალიანება შეადგენს 6119.87 (ექვსი ათას ასცხრამეტი ლარი და 87 თეთრი) ლარს. (იხ.ს.ფ .36)
4.1.6.თვით აპელანტ შპს ,,ბ------ს“ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით - ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის შპს ,,ბ------ს“ დირექტორ ო----- წ---–-----ისადმი 2016 წლის 29 დეკემბრის №2------- წერილით დადგენილია, რომ მას, როგორც შპს ბ------ს“ დირექტორს, ეცნობა იმის თაობაზე, რომ შპს ,,-------“, რომლის სააბონენტო კოდია 6---------, 2013 წლისდან დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის სახით ყოველთვიურად ერიცხებოდა 307.70 კვ.მ ფართზე სამრეწველო მაღაზიის კატეგორიის, ხოლო 170 კვ.მ ფართზე - მცირე სამეწარმეო საქმიანობაზე განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად და რომ 2013 წლის მაისიდან აღნიშნული მაჩვენებელი შდეიცვალა და დარიცხვა განისაზღვრა 24 კვ.მ. საოფისზე ფართზე -3.60 (სამი ლარი და 60 თეთრი) ლარით, 522.71 კვ.მ სამრეწველო მაღაზიის ფართზე -141,13 (ასორმოცდაერთი ლარი და 13 თეთრი) ლარით და 45 კვ.მ დახურული ტიპის სასაწყობო ფართზე-5.40 (ხუთი ლარი და 40 თეთრი) ლარით, რაც ჯამში შეადგენს 150.13 (ასორმოცდაათი ლარი და 13 თეთრი) ლარს. მასვე დამატებით ეცნობა, რომ სს,,ე-------------------------“ სისტემაში, რომლშიც წარმოებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დარიცხვა-დაანგარიშების პროგრამა, არ არის დეტალური ინფორმაცია ზემოთ აღნიშნულ არასაცხოვრებელ ფართში განთავსებული მოიჯარეთა სახელობითო სიისა და მათ მიერ დაკავებულ ფართზე წარმოებული საქმიანობის შესახებ (იხ.ს.ფ.142-143).
4.2.სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მართებულად გამოიყენა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი და კანონქვემდებარე აქტები და სწორად განმარტა ასეთი, შესაბამისად პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გადმოცემულ სამართლებრივ შეფასებებს (წინამდებარე განჩინების 2.5.1.-2.5.8 პუნქტები) და მიუთითებს შემდეგზე:
სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად განმარტავს, რომ ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი საქართველოს კონსტიტუციისა და ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლებას და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლაპატრონობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს. დასახელებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნარჩენების წარმომქმნელმა შეიძლება მოახდინოს მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. ამავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მე-15 მუხლის თანახმად, ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან. დადგინდა მოსაკრებლის გადამხდელი პირები, მოსაკრებლის ოდენობა, გადახდის წესი.
,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება: საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და მათი განაკვეთების განსაზღვრა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში, საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია შემდეგი:
- თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-- დადგენილებით ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული იქნა ადგილობრივი მოსაკრებელის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი. დადგინდა მოსაკრებლის გადამხდელი პირები, მოსაკრებლის ოდენობა, გადახდის წესი.
-თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №- დადგენილებით 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულებამ შეადგინა - 15 ლარი, ხოლო 2013 წლის 30 აპრილის №-- დადგენილებით, 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება შემცირდა და შეადგინა- 9 ლარი.
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს ,,ს----------------ა“ ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას, დერატიზაციას, დეზინფექციას, სამედიცინო ნარჩენების გაუვნებელყოფას.
- შპს ,,ბ------“ რეგისტრირებულია მეწარმე იურიდიულ პირად, რომლის საიდენტიფიკაციო კოდია - 2--------, ხოლო იურიდიული მისამართად მითითებულია - ქ. ბათუმი, დ-----------–-----–-----------.
- შპს ,,ბ------“ მიეკუთვნება იმ ორგანიზაციას, რომელიც თავისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის რეესტრის წარმოება ხორციელდება სს „ე---------------------------“ ბილინგ სისტემის რეესტრის მეშვეობით.
-სს „ე-------------------------“ ბილინგ სისტემის რეესტრის თანახმად ელექტროენერგიის მომხმარებლად სააბონენტო კოდით 6--------- და შესაბამისად გადამხდელად ქ. ბათუმში, ა----–-----–------------ში რეგისტრირებულია მხოლოდ შპს ,,ბ------“
- 2016 წლის 01 მარტის მდგომარეობით შპს ,,ბ------ს“ (აბონენტის კოდი 6---------) დავალიანება შეადგენს 6119.87 (ექვსი ათას ასცხრამეტი ლარი და 87 თეთრი)ლარს.
- შპს „ბ------ს“ მიერ დავალიანება დაფარული არ არის.
პალატა მიუთითებს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №- დადგენილების დანართი №--ის, კერძოდ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული მოსაკრებლის გამოანგარიშების და გადახდის შესახებ“ ინსტრუქციის მე-7 მუხლით განსაზღვრულია მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებები და მოვალეობები, რომლის თანახმადაც:
1. ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია დადაწესებულება ვალდებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში ან ოპერატორთან დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად;
2. ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე ფიზიკური პირი რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა აცნობოს სამსახურს ან ოპერატორს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე. აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი. (ცნობა სასწავლებლიდან, გარდაცვალების, დაბადების ან ქორწინების მოწმობა, სულადობის ცვლილების შესახებ ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობა, ან მინიმუმ სამი მეზობლის მიერ ხელწერით დადასტურებული განაცხადი და ა.შ);
3. საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე;
4. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს;
5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე;
6. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ან/და ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე;
7. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება სამსახურის ან ოპერატორისადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან;
8. ორგანიზებული ბაზრობის მომწყობი პირი ვალდებულია წარუდგინოს შესაბამის სამსახურს ან/და ოპერატორს ინფორმაცია ბაზრობაზე არსებული სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტების საქმიანობის სფეროს და დაკავებული ფართობის შესახებ;
9. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ რადგან შპს ,,ბ------“ უშუალოდ თავად არ ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც წარმოშობს საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, კერძოდ საზოგადოება დაკავებულია რა მხოლოდ კომერციული ფართების იჯარა - გაქირავებით, დასუფთავების გადასახადი უნდა გადახდეთ მოიჯარეებს და არა შპს ,,-------“ .
აპელანტის ზემოხსენებულ მოსაზრებაზე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული მოსაკრებლის გამოანგარიშების და გადახდის შესახებ“ მე-7 პუნქტზე და განმარტავს, რომ შპს „ბ------“ ვალდებული იყო თუ თვითონ არ ახორციელებდა ისეთ საქმიანობას, რომელიც წარმოქმნიდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს და ასეთ საქმიანობას მოიჯარეები ახორციელებდნენ, ამის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, უნდა ეცნობებინა სამსახურის ან ოპერატორისათვის და წარედგინა კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც შპს ,,-------“ არ განუხორციელებია. ამდენად, ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობებში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა ვერ განხორციელდებოდა, მით უფრო ისეთ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის რეესტრის წარმოება ხორციელდება მხოლოდ სს „ე-------------------------“ ბილინგ სისტემის რეესტრის მეშვეობით, ხოლო სს „ე-------------------------“ ბილინგ სისტემის რეესტრის მიხედვით ქ. ბათუმში, ა----–-----–------------ში აბონენტად და ამდენად, შესაბამის გადამხდელად, როგორც უკვე აღინიშნა, რეგისტრირებულია მხოლოდ შპს ,,ბ------“.
ამდენად მტკიცებულება იმისა, რომ შპს ,,ბ-----მა“ შეასრულა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მასზე დაკისრებული ვალდებულება, აპელანტის მხრიდან წარმოდგენილ ვერ იქნა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 30 მარტის №2------ წერილით განსაზღვრულია არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობის გამო შპს ,,-------“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ წარმოეშვა ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის საფასურის გადახდის ვალდებულება.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სახეზეა შპს ,,ბ------ს“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდევინების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ელ ნაწილსა და 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით მართებულად დააკმაყოფილა.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტ შპს ,,ბ------ს“ მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -150 ლარი არ უბრუნდება სააპელაციო საჩივარზე უარყოფის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 386-ე, 389-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ბ------“-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე
ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე