განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.03.2019
საქმის ნომერი
330210018002349988
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002349988

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/5344-18 12 მარტი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები თამარ ალანია

ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - სს „ს--–------“ (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

წარმომადგენელი - მ-----------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს----------–--------–------“ (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ე-–--------------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი) ნაწილობრივ, 21 710 ლარის დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

 

მოპასუხეს დაეკისროს 2011 წლის 1 თებერვლიდან 2018 წლის აპრილამდე ქ. ქ-------–- გ--–-----------------ში აღმართული მოსარჩელის კუთვნილი 34 მეტრიანი ანძით სარგებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება - 154 370 ლარის ოდენობით.

 

შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

 

2. ქ. ქ-------–- გ--–---ის ქუჩა №----ში აღმართულია შეგებებული სარჩელის ავტორის კუთვნილი 34 მეტრიანი ანძა, რომელზეც მოპასუხემ მოსარჩელესთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე 2011 წლიდან განათავსა მისი კუთვნილი პარაბელური ანტენები. მოსარჩელემ მოითხოვა შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა მოპასუხემ უარი განცხადა და არც საიჯარო ქირა გადაიხადა. არამართლზომიერი მფლობელობა გაგრძელდა 2018 წლის აპრილამდე. იმავე მისამართზე აღმართულია სხვა კომპანიების ანტენები. კერძოდ, მხარე სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება შპს მ---------სა და შპს მ--------–თან, რომელთა საიჯარო ქირა განსაზღვრულია ყოველთვიურად 3010 და 2550 ლარით.

მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფის შედეგად დაკარგულმა სიკეთემ წარმოშვა მოპასუხის თანხის გადახდის ვალდებულება, რომლის განსაზღვრის კრიტერიუმსაც წარმოადგენს მოსარჩელის მიუღებელი საიჯარო ქირა ყოველთვიურად 1 795 ლარი. 2011 წლის თებერვლიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით წარმოქმნილი დავალიანება შეადგენს 154 370 ლარს. რაც დაანგარიშებულია მოპასუხის მიერ განთავსებული ანტენების დიამეტრისა და ოდენობის, აგრეთვე ქ-------–- მდებარე ანძაზე სხვა სატელეკომუნუკაციო კომპანიების მიერ პარაბელური ანტენების საიჯარო ქირის ოდენობის გათვალისწინებით.

 

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 32 000 ლარის დაკისრების ნაწილში (2018 წლის 05 ივნისის სხდომის ოქმი 16.32.08). მოპასუხე ნაწილობრივ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ სადავო მისამართზე მდებარე ანძაზე განთავსებული იყო მისი ანტენები, თუმცა სს ს--–------ს მიერ ანტენები გამოიყენებოდა მეოთხე თაობის ლტ ინტერნეტ მომსახურების მისაწოდებლად, რომლის მიწოდებაც ქ. ქ-------–- დაიწყო 2015 წლის ივლისიდან.

 

მოპასუხე თანახმაა ანტენების განთავსებისთვის, როგორც ფაქტობრივი საიჯარო ურთიერთობის საფუძველზე, გასულ პერიოდზე გადაიხადოს ყოველთვიური ქირა 1000 ლარი სახელშეკრულებო 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2018წ. გადაწყვეტილებით:

1. სს „ს--–------ს“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „ს----------–--------–-----ს“ დაეკისრა 25 631 ლარი.

 

2. სს „ს--–------ს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 97 216,77 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

3. შპს „ს----------–--------–------ს“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სს „ს--–-----ს“ დაეკისრა 68 210 ლარი.

 

4. შპს „ს--–------ს“ სასარჩელო მოთხოვნა 86 160 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

4.1. 2017 წლის 25 მაისის შპს „ს----------–--------–---------–-------ს“ წერილით დასტურდება, რომ მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. ქ-------ი, ს--------- გ--–---ის N2--, ს/კ 0----------- განთავსებულია ორი სატელევიზიო ანძა 118 მეტრი და 34 მეტრი სიმაღლის ანძა. საიდანაც 34 მეტრი სიმაღლის ანძა დგას 1996 წლიდან და მისი მესაკუთრეა შპს „ს----------–--------–------“. აღნიშნული ანძის შპს ს----------–--------–------სადმი კუთვნილების ფაქტი სს ს--–------ს მხრიდან შედავებული არ არის.

 

4.2. შპს ს----------–--------–-----მა სს ს--–------ს ანტენების განთავსების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა და მნიშვნელოვანია დადგინდეს რა პერიოდიდან დაიწყო მოპასუხემ შეგებებული სარჩელის ავტორის ანძის გამოყენება საკუთარი აპარატურის განთავსების მიზნით.

 

აღნიშნული გარემოება ვერ ირკვევა სს ს--–------ს დაზუსტებულ შესაგებელს თანდართული მტკიცებულებებით, რადგან მასში საუბარია 22 ერთეული აპარატურის მონტაჟზე. მხარეთა განმარტებით კი შპს ს----------–--------–------ს კუთვნილ ანძაზე განთავსებული იყო მხოლოდ 2,4 მ. დიამეტრის ერთი ანტენა, 1,2 მ. დიამეტრის შვიდი ანტენა და 0,8 მ. დიამეტრის ორი ანტენა. მთლიანობაში განთავსებული აპარატურის რაოდენობა შეადგენდა 10 ერთეულს რაც აშკარა შეუსაბამობაშია სს ს--–------ს დაზუსტებულ შესაგებელს თანდართულ მტკიცებულებებთან.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სს ს--–------ს თავდაპირველ შესაგებელში გადმოცემულ გარემოებას მასზედ, რომ ანტენები ს--–------ს მიერ გამოიყენება მეოთხე თაობის ლტი ინტერნეტ მომსახურების მისაწოდებლად და შპს ს----------–--------–------ს ანძაზე განთავსებულია 2014 წლის დეკემბრიდან. აღნიშნული პოზიცია თანხვედრაშია სს ს--–------ს წარმოდგენილი ახალი ინტერნეტ მომსახურების სილქ LTE 4G სახლისთვის ტარიფების და პირობების განსაზღვრის ბრძანების მიღების თარიღთან, რომელიცაა 2014 წლის 01 დეკემბერი.

ბუნებრივია, ინტერნეტ მომსახურება სილქ LTE 4G -ის გაწევა შეუძლებელია სათანადო აპარატურის (ანტენების) გარეშე და სასამართლოს ყველაზე უფრო დამაჯერებლად მიაჩნია, რომ სს ს--–-----მა ახალი მომსახურების დანერგვასთან ერთად ანტენები შპს ს----------–--------–------ს ანძაზე განათავსა სწორედ 2014 წლის დეკემბრის დასაწყისში. ამავე მსჯელობიდან გამომდინარე დადასტურებულად უნდა ჩავთვალოთ, რომ შპს ს----------–--------–------ს ქონების მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას ადგილი ჰქონდა 2014 წლის დეკემბრიდან 2018 წლის თებერვლის თვის ჩათვლით, 38 თვიანი პერიოდის განმავლობაში.

 

4.3. შპს ს----------–--------–------ს ანძაზე განთავსებული სს ს--–------ს აპარატურის დემონტაჟი განხორციელდა სს ს--–------ს გადაწყვეტილებით 2018 წლის თებერვლიდან 6 მარტამდე პერიოდში.

 

4.4. შპს ს----------–--------–------ს საკუთრებაზე განთავსებული სს ს--–------ს ანტენათა დიამეტრის და ანალოგიურ საკითხებზე სხვა კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით დადასტურებულია, რომ შპს ს----------–--------–------ს ყოველთვიური მიუღებელი საიჯარო ქირა შეადგენს 1795 ლარს. შესაბამისად, 38 თვის განმავლობაში მიუღებელი შემოსავალი შეადგენს 68 210 ლარს.

 

4.5. სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით მოპასუხე სს ს--–-----მა სასარჩელო მოთხოვნა ცნო 32 000 ლარის ნაწილში, რაც ამავე ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს საქართველოს ტ--–------ს მფლობელობაში არსებულ ქონებაზე სს ს--–------ს აპარატურა განთავსებული იყო 2014 წლის დეკემბრიდან 2018 წლის თებერვლის თვის ჩათვლით, 38 თვიანი პერიოდის განმავლობაში და შეგებებული სარჩელის ავტორის მიუღებელი შემოსავალი შეადგენს 68 210 ლარს. მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. ამავე კოდექსის 991-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

 

მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სს ს--–-----მა შპს ს----------–--------–------ს ქონების მართლსაწინააღმდეგო გამოყენების შედეგად დაზოგა სოლიდური მოცულობის თანხა, ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორმა ვერ მიიღო 68210 ლარის შემოსავალი, რომელიც უნდა ანაზღაურდეს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმები სასარჩელო ხანდაზმულობის სპეციალურ ვადებს არ განსაზღვრავენ და შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ სამოქალქო კოდექსის 128-ე მუხლის 3-ე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, რომლის გათვალისწინებით შპს ს----------–--------–------ს სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის. შპს საქართველოს ტ--–------ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სს ს--–-----ს დაეკისროს 68210 ლარი.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2018წ. გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი) ნაწილობრივ, კერძოდ, 21 710 ლარის დაკისრების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელის მოპასუხემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტი აღნიშნავს, რომ:

 

5.1. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი სს „ს--–------ს“ მიერ ს----------–--------–------ს ანძაზე ანტენების განთავსების თარიღი. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად ცნო ანტენების განთავსება 2014 წლის 4 დეკემბრიდან, საიდანაც გამოითვალა ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. აღნიშნულ ანძაზე ანტენები განთავსდა ლტი მეოთხე თაობის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სახის მომსახურების გაწევა ზოგადად დაიწყო 2014 წლის 4 დეკემბრიდან (კომპანიის შიდა ბრძანების თანახმად), კონკრეტულად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე (სადაც განთავსებული იყო ს----------–--------–------ს ანძა) აღნიშნული მომსახურების მიწოდება დაიწო უფრო მოგვიანებით. ამ მიზნებისთვის, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ს--–------ს ანტენები განთავსდა არა ერთ, არამედ რამდენიმე (მათ შორის თავად ს--–------ს კუთვნილ) ანძაზე, ხოლო კონკრეტულად საქართველის ტ--–------ს მოცემულ ანძაზე ს--–------ს ანტენების განთავსება მოხდა 2015 წლის ივლისის თვიდან. ამდენად, ამ თარიღიდან უნდა დათვლილიყო ს--–------სთვის ამ კონკერტული ანძით სარგებლობის გამო დასაკისრებელი თანხა.

 

გაუგებარია, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ ს--–------ს შიდა ბრძანება ანტენების ს----------–--------–------ს ანძაზე განთავსების ერთადერთ საფუძვლად, მაშინ როცა წარდგენილი იყო აღნიშნულ ანძაზე ს--–------ს მიერ ანტენების განთავსების შიდა აქტები, რაც სრულად მოიცავდა ს----------–--------–------ს მიერ მითითებულ სადავო 10 ცალ ანტენას. ს----------–--------–-----მა ვერ წარმოადგინა ს--–------ს ანტენების მის ანძაზე განთავსების დამადასტურებელი ვერც ერთი დოკუმენტი.

 

5.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა ს--–------ს მიერ ანძით უნებართვოდ სარგებლობის გამო ს----------–--------–------ს მიერ მიუღებელი სარგებლის ოდენობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ანძით სარგებლობისთვის ს--–------ს მიერ თვეში გადახდილ უნდა ყოფილიყო 1795 ლარი. აღნიშნული სახის მომსახურებაზე ს--–-----ს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს არაერთ კომპანიასთან, რა დროსაც თანხის დაანგარიშება ანძით სარგებლობისთვის ხდება არა მასზე განთავსებული ანტენების რაოდენობისა და დიამეტრის, არამედ ანძაზე დაკავებული კონკრეტული ლოკაციის მიხედით - ფიქსირებულად, რაც 10 ანტენის განთავსების შემთხვევაშიც კი არ აღემატება 1500 ლარს. ანალოგიური სახის მომსახურებას იღებს ს--–------ ს----------–--------–---------–-------ს ანძაზეც, რომელიც განთავსებულია იმავე საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე, სადაც განთავსებულია ს----------–--------–------ს მოცემული ანძა. შესაბამისად, უსწოროა სასამართლოს გადაწყვეტილება თანხის დაანგარიშებისა და მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრის ნაწილში. ს--–------ს მიერ ს----------–--------–------სთვის გადასახდელი ყოველთვიური თანხა 10 ცალი ანტენის განთავსების შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს.

 

ამდენად, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით დაკისრებული თანხა - 68 210 ლარი, უნდა შემცირდეს როგორც ვადის, ისე ყოველთვიურად დასაკისრებელი თანხის ოდენობის შესაბამისად და ს--–-----ს უნდა დაეკისროს თანხა 2015 წლის 4 ივლისიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდზე, ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 46 500 ლარს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. მხარეთა შორის უდავოა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და არც სააპელაციო საჩივრით გამხდარა სადავო, რომ შპს „ს----------–--------–---------–-------ს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ქ-------ი, ს--------- გ--–---ის N2--, ს/კ 0-----------, 34 მეტრი სიმაღლის ანძა დგას 1996 წლიდან და მისი მესაკუთრეა შპს „ს----------–--------–------“ (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე/შემდგომში „მოსარჩელე“) (ტ.1, ს.ფ. 432, 531,532, 542-552).

 

8. მოსარჩელე მიუთითებს სს „ს--–------ს“ (შემდგომში „მოპასუხე“/“აპელანტი“) მიერ მოსარჩელის კუთვნილი 34 მეტრი სიმაღლის ანძით მესაკუთრის თანხმობის გარეშე სარგებლობის ფაქტზე და ითხოვს ასეთი სარგებლობით მიყენებული ზიანის (უსაფუძვლოდ დაზოგილი თანხის) ანაზღაურებას, ანუ მოთხოვნა კონდიქციური ხასიათისაა.

 

9. საკუთრების უფლების ხელყოფის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 982.1-ე მუხლიდან გამომდინარეობს.

 

სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

პალატა მიუთითებს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (შდრ. სუსგ-ები № ას-1193-1122-2015, 31.05.2016; №ას-74-71-2016, 25.05.2016; 225-215-2016, 25.05.2016, №ას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-960-2018, 22.11.2018; № ას-472-448-2013, 05.12.2013).

 

სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში, ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (შდრ. სუსგ-ები: №ას-960-2018, 22.11.2018; № ას-472-448-2013, 05.12.2013) ( სუსგ № ას-1671-2018, 22.02.2019წ.).

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2018წ. გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა 68 210 ლარი. მოთხოვნა 86 160 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი) ნაწილობრივ, კერძოდ, 21 710 ლარის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. აპელანტი პრეტენზიას აცხადებს იმ საფუძვლით, რომ მას მოსარჩელის კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო გამოყენების შედეგად დაზოგილი თანხის სახით ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს არა 2014 წლის 04 დეკემბრიდან, არამედ 2015 წლის 4 ივლისიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდზე და ამასთან, ყოველთვიური თანხა ნაცვლად 1795 ლარისა, უნდა განისაზღვროს 1500 ლარით (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ.1, ს.ფ. 542 -552).

 

ამდენად, წინამდებარე სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის საკუთრების უფლების ხელყოფის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წანამძღვრების არსებობა. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა მხოლოდ პერიოდი, რა პერიოდშიც მოპასუხის მიერ ხდებოდა მოსარჩელის კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო გამოყენება და ასანაზღაურებელი თანხის დაანგარიშება.

 

11. აპელანტი სადავოდ ხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ შეგებებული მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე მოპასუხის აპარატურა განთავსებული იყო 2014 წლის დეკემბრიდან 2018 წლის თებერვლის თვის ჩათვლით - ანუ 38 თვიანი პერიოდის განმავლობაში. სასამართლომ აღნიშნული გარემოების დადგენისას ყურადღება გაამახვილა მოპასუხის თავდაპირველ შესაგებელში მითითებულ გარემოებაზე, რომ ანტენები გამოიყენება მეოთხე თაობის LTE ინტერნეტ მომსახურების მისაწოდებლად და დამაჯერებლად მიიჩნია მსჯელობა, რომ მოპასუხემ ახალი მომსახურების დანერგვასთან ერთად ანტენები მოსარჩელის ანძაზე განათავსა სწორედ 2014 წლის დეკემბრის დასაწყისში (ტ.1, ს.ფ532).

 

საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის 01.12.2014წ. ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა ს--–------ს ახალი ინტერნეტ მომსახურება კომერციული „სილქ LTE 4G სახლისთვის“, განისაზღვრა მომსახურების ტარიფები და პირობები. ბრძანება ძალაში შევიდა დანართ N11-ში მითითებული თარიღიდან, რომლითაც ბრძანების კომერციულად გაშვების თარიღია 04.12.2014წ. (ტ.1, ს.ფ. 409,425).

 

მოპასუხის/აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად LTE მეოთხე თაობის ინტერნეტ მომსახურების გაწევა დაიწყო 04.12.2014წ.-დან, კონკრეტულად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე (სადაც განთავსებული იყო მოსარჩელის ანძა) აღნიშნული მომსახურების მიწოდება დაიწო უფრო მოგვიანებით და ამ მიზნებისთვის მოსარჩელის კუთვნილ ანძაზე ს--–------ს ანტენების განთავსება მოხდა 2015 წლის ივლისის თვიდან (ტ.1, ს.ფ.544). აღნიშნულის დასტურად აპელანტი მიუთითებს კომპანიის შიდა აქტებს ანტენების განთავსების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 475-478).

 

პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზედ, რომ: საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის 2017 წლის ივნისის და ივლისის თვეებში გახორციელებული მიმოწერის ამსახველი წერილები, რომლითაც დგინდება, რომ მხარეები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას მოსარჩელის კუთვნილ სადავო 34 მეტრიან ანძაზე მოპასუხის მიერ განთავსებული ანტენების საიჯარო ქირის მოსარჩელის შემხვედრ ვალდებულებებში გაქვითვასთან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ.373-377).

 

კერძოდ, საქმეში არსებული 12.06.2017წ. წერილით შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ ქ. ქ-------–-, გ--–---ის ქ.----ში მდებარე 34 მ. ანძაზე მოპასუხეს ყოველგვარი შეთანხმების გარეშე 2011 წლიდან განთავსებული ჰქონდა 10 ანტენა, რომლის განთავსების ღირებულება თვეში შეადგენდა 4450 ლარს და რომელიც მოპასუხის მხრიდან ანაზღაურებული არ იყო. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოპასუხეს შესთავაზა ანტენების განთავსების იჯარის ანგარიშში განულებულიყო მოპასუხის წინაშე არსებული მოსარჩელის დავალიანება, ხოლო 2017 წლის 01 იანვრიდან გაფორმებულიყო იჯარის ხელშეკრულება ანტენების განთავსების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 374,375).

 

აღნიშნული წერილის პასუხად შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს მოპასუხის გენერალური დირექტორის 26.07.2017წ. წერილით ეცნობა, რომ კომპანია ადასტურებდა ქ. ქ-------–- მდებარე ანძაზე აპარატურის, კერძოდ, რადიო სარელეო მოწყობილობების (ანტენები) განთავსების ფაქტს. აქვე აღინიშნა, რომ თუ ქ. ქ-------–- მდებარე ანძის იჯარასთან დაკავშირებული ფასი შესაბამისობაში იქნებოდა ასეთი სახის იჯარის საბაზრო ღირებულებასთან, რაც საშუალოდ არ აღემატება 1000 – 1500 ლარს, მოპასუხე გამოთქვამდა მზადყოფნას გაეფორმებინა იჯარის ხელშეკრულება მოსარჩელესთან და მოეხდინა როგორც გასულ საიჯარო პერიოდზე, ისე შემდგომ, იჯარის ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, გადაუხდელი/გადასახდელი საიჯარო ქირის გაქვითვა მოპასუხის მიმართ მოსარჩელის დავალიანების თანხაში, რაც 01.06.2017წ. მდგომარეობით შეადგენდა 122 847.77 ლარს (ტ.1, ს.ფ. 376,377).

 

ამდენად, დგინდება, მოპასუხის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს - გენერალურ დირექტორს - 26.07.2017წ. წერილით სადავოდ არ გაუხდია შეგებებული მოსარჩელის 12.06.2017წ. წერილში მითითებული ფაქტობრივი გარემოება სადავო ანძაზე ანტენების წლების წინ განთავსების თაობაზე და ანტენების განთავსებისათვის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობის პირობებში, გამოთქვა კიდეც მზადყოფნა გაექვითა შეგებებული სარჩელის მოსარჩელის დავალიანება და მომავალ პერიოდზე გაეფორმებინა იჯარის ხელშეკრულება.

 

ამდენად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხის/აპელანტის განმარტება მასზედ, რომ მოსარჩელის კუთვნილ ანძაზე ანტენების განთავსება მოხდა 2015 წლის ივლისის თვიდან და არა 2014 წლის დეკემბრიდან, როგორც ეს გადაწყვეტილებაში იქნა აღნიშნული. რაც შეეხება აპელანტის მითითებას ანტენების განთავსების შესახებ კომპანიის შიდა აქტებზე (ტ.1, ს.ფ.475 -489), იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის განხორციელებული მიმოწერით დასტურდება უფრო ადრეულ პერიოდში ანტენების განთავსების ფაქტი, ის გარემოება, რომ კონკრეტული ანტენა, კონკრეტულ თარიღში - მაგალითად, 04.07.2015წ. განთავსდა სადავო ანძაზე, ვერ ადასტურებს გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხეს მანამდე ანტენები განთავსებული არ ჰქონდა და სწორედ ამ თარიღიდან დაიწყო მოპასუხემ შეგებებული მოსარჩელის კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო გამოყენება.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა 2014 წლის დეკემბრიდან პერიოდზე, გადაწყვეტილება გასულ პერიოდზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს გასაჩივრებული არ აქვს, შესაბამისად, შეგებებული სარჩელის მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგად უცვლელი რჩება გადაწყვეტილება 2014 წლის დეკემბრიდან დაზოგილი თანხის დაკისრების თაობაზე.

 

12. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად განისაზღვრა მესაკუთრის ნივთით მისი თანხმობის გარეშე სარგებლობისათვის ასანაზღაურებელი ზიანის (დაზოგილი თანხის) ოდენობა თვეში 1795 ლარის ოდენობით.

 

შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ მიუღებელი ყოველთვიური საიჯარო ქირის 1795 ლარით განსაზღვრის კრიტერიუმად მითითებულია მოპასუხის მიერ განთავსებული ანტენების დიამეტრი და ოდენობა (2.4მ დიამეტრის 1 ანტენა - 250 ლარის, 1,2 მ. დიამეტრის 7 ანტენა - 1225 ლარი, 0,8 მ. დიამეტრის 2 ანტენა - 320 ლარი) და სადავო ანძაზე სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიების მიერ პარაბელური ანტენების (დიამეტრისა და ოდენობის) საიჯარო ქირა (ტ.1, ს.დ. 347). მოსარჩელის კუთვნილ ანძაზე განთავსებული მოპასუხის ანტენათა დიამეტრის და ანალოგიურ საკითხებზე სხვა კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შპს ს----------–--------–------ს ყოველთვიური მიუღებელი საიჯარო ქირა შეადგენს 1795 ლარს ( იხ.: ძირითადი საშუალებების დემონტაჟი-მონტაჟის აქტები, ტ.1, ს.ფ 475-489, ხელშეკრულებები, ტ.1, ს.ფ 378-380,382-385; გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 532).

 

მოპასუხე/აპელანტი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, თუმცა რაიმე მტკიცებულება, რაც საწინააღმდეგოზე მიუთითებდა, მის მიერ წარმოდგენილი არ არის (ტ.1, ს.ფ.544). მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, რომელსაც სადავოდ ხდის მეორე მხარე და, ამასთან, არ დასტურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევას. ამდენად, დაუსაბუთებელია აპელანტის მსჯელობა მიუღებელი ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობის სხვაგვარად დაანგარიშების თაობაზე და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იგი მართებულად განისაზღვრა თვეში 1795 ლარით.

 

13. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი და შესაბამისად, იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

14. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.1, ს.ფ. 560).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს „ს--–------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2018წ. გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები: თამარ ალანია

 

ქეთევან მესხიშვილი