განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1803-18
N330310016001288820
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე
მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი
დავით ახალბედაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ჯ----------------------------------“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მესამე პირი - ი/მ “მ-----– გ--------–---–ი - ფ-----ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ----------------------------------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. ი/მ “მ-----– გ--------–---–ი „ფ-----ს“ ქ. თბილისში, უ--------------ს ქუჩა N6-ში აქვს არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტი და შპს ,,ჯ----------------------------------ს’’ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია აბონენტის ნომრით 7--------.
შპს „ჯ----------------------------------ს“ უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ 2011 წლის 02 ნოემბერს ქ. თბილისში, უ--------------ს ქუჩა №6-ში მდებარე აბონენტის ი.მ. მ-----– გ--------–---–ი „ფ-----ის“ მიმართ წყლის მრიცხველის თვითნებურად მოხსნისთვის გამოწერილი იქნა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი №0-----, რომლის თანახმად, მომხმარებელს დაეკისრა 10763 ლარის გადახდა, ასევე, კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №0-----.
შპს „ჯ----------------------------------ს“ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უფლებამოსილი პირის მიერ 2011 წლის 08 ნოემბერს 2011 წლის 02 ნოემბრის №ას0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, შედგენილი იქნა გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ №156 დადგენილება (ს.ფ. 121-123).
1.2.2. მომხმარებლის მიერ კომპანიაში წარდგენილი პრეტენზიის საფუძველზე შპს „ჯ----------------------------------ს“ მიერ 2012 წლის იანვარში გადაანგარიშებულ იქნა ი.მ. “მ-----– გ--------–---–ი „ფ-----ის“ მიერ უკანონოდ მოხმარებული წყლის ოდენობა, დარიცხვა განხორციელდა 24 დღეზე 8 საათიანი მოხმარების გათვალისწინებით, ნაცვლად 30 დრეზე - 12 საათიანი მოხმარებისა, რის შედეგადაც დაკორექტირდა დარიცხული თანხა.
ი.მ. “მ-----– გ--------–---–ი „ფ-----მა“ 2011 წლის 21 დეკემბერს საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს „ჯ----------------------------------ს“ 2011 წლის 02 ნოემბრის აღურიცხავი წყლის მოხმარების №0----- აქტისა და დადგენილების გაუქმება, თუმცა კომისიის გადაწყვეტილება არ მიუღია (ს.ფ. 118-120; 147-151).
1.2.3. ი/მ მ-----– გ--------–---–მა 2015 წლის 30 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს „ჯ----------------------------------ს“ 2011 წლის 08 ნოემბრის №156 გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გაუქმება და 2011 წლის 02 ნოემბრის აღურიცხავი წყლის მოხმარების №0----- აქტით დარიცხული თანხის ჩამოწერა (ს.ფ. 153-154).
1.2.4. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და 2015 წლის 24 დეკემბერს მიღებულ იქნა №7--- გადაწყვეტილება, რომლითაც ი.მ. მ-----– გ--------–---–ი „ფ-----ის“ განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; განუხილველად დარჩა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ შპს „ჯ----------------------------------ს“ 2011 წლის 08 ნოემბრის №156 დადგენილება; შპს „ჯ----------------------------------ს“ მიერ ი.მ. მ-----– გ--------–---–ი „ფ-----ზე“ (აბონენტი №7--------) 5738,73 გადახდის მოთხოვნა მიჩნეული იქნა ხანდაზმულად და შპს „ჯ---------------------------------ს“ დაევალა აბონენტის №7-------- აღრიცხვის ბარათში ცვლილების შეტანა და ხანდაზმულად მიჩნეული დავალიანების ჩამოწერა (ს.ფ. 64-89).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის №7--- გადაწყვეტილება, ი.მ მ-----– გ---------–---–ი „ფ-----სა“ და შპს ,,ჯ---------------------------------ს’’ შორის არსებული დავის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
1.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო უფლებამოსილებების განმახორციელებელი კოლეგიური მართვის ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს დამატებითი საჯარო უფლებამოსილება – გადაწყვიტოს მის რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოებს, ასევე ამ საწარმოებსა და მომხმარებელს შორის არსებული დავები, დავები განიხილება საჯარო მოსმენის წესით და ამ საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში კომისია გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც საჩივრდება საერთო სასამართლოში.’’ „ელეტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას შეადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის თანახმად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება. შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2000 წლის 6 აპრილის №4 დადგენილებით დამტკიცებული „ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების“ 1-ლი მუხლის მეორე პუნქტის და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 7 აგვისტოს №12 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების“ 1-ლი მუხლის, 1-ლი პუნქტის და მე-7 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს კომისიას ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, კომისია სადავო საკითხებს განიხილავს თავისი უფლებამოსილების თანახმად. კომისიის უფლებამოსილებები ანუ სრული კომპეტენცია განსაზღვრულია აგრეთვე კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებით“, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესებიდან გამომდინარე კომისია უფლებამოსილია განიხილოს დავები ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის სადავო საკითხებზე, რომელთაგან ერთ-ერთი სახის დავას შესაძლებელია წარმოადგენდეს დავა ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის.
ხსენებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება ლიცენზიატ - შპს ,,ჯ---------------------------------სა’’ და მომხმარებლ - ი.მ. მ-----– გ---------–---–ი „ფ-----ს“ შორის არსებულ დავაზე.
1.3.3. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №4 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარებლობისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების“ მე-11 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად, იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტიელბა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ხოლო 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ასევე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი - ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
სასამართლომ განმარტა, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნები სპეციალური მოწესრიგების საგანს წარმოადგენს. ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისთვის დამოუკიდებლად წარმოშობს და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ჯ----------------------------------ს“ უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ 2011 წლის 02 ნოემბერს ქ. თბილისში, უ--------------ს ქუჩა №6-ში მდებარე აბონენტის ი.მ. გ--------–---–ის „ფ-----ის“ მიმართ წყლის მრიცხველის თვითნებურად მოხსნისთვის გამოწერილი იქნა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი №0-----, რომლის თანახმადაც, მომხმარებელს დაეკისრა 10763 ლარის გადახდა, ასევე, კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №0-----. შპს „ჯ----------------------------------ს“ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უფლებამოსილი პირის მიერ 2011 წლის 08 ნოემბერს 2011 წლის 02 ნოემბრის №ას0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე შედგენილი იქნა გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ №156 დადგენილება. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მომხმარებლის მიერ კომპანიაში წარდგენილი პრეტენზიის საფუძველზე, შპს „ჯ----------------------------------ს“ მიერ 2012 წლის იანვარში გადაანგარიშებულ იქნა მომხმარებლის ი.მ. მ-----– გ--------–---–ის მიერ უკანონოდ მოხმარებული წყლის ოდენობა და დარიცხვა განხორციელდა 24 დღეზე 8 საათიანი მოხმარების გათვალისწინებით ნაცვლად 30 დღეზე - 12 საათიანი მოხმარებისა, რის შედეგადაც დაუკორექტირდა დარიცხული თანხა 5023,67 ლარის ოდენობით და გადასახდელად დაერიცხა 5738.73 ლარი.
ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ი.მ. მ-----– გ---------–---–ი „ფ-----მა“ 2011 წლის 21 დეკემბერს საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს „ჯ----------------------------------ს“ 2011 წლის 02 ნოემბრის აღურიცხავი წყლის მოხმარების №0----- აქტისა და 2011 წლის 08 ნოემბრის №156 დადგენილების გაუქმება. დადგენილია, რომ კომისიამ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განიხილა აღნიშნული საჩივარი, დადგენილი ვადის დარღვევა კი ითვლება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად (ვირტუალური უარი), რაც ი.მ. მ-----– გ--------–---–ი „ფ-----ის“ მიერ არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, თანხის დარიცხვა მიჩნეული იქნა საფუძვლიანად და მომხმარებელი ვალდებული იყო გადაეხადა აღნიშნული თანხა, რაც მის მიერ, ასევე, არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ 2012 წლის იანვარში დარიცხული დავალიანების მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განცხადების შეტანის დროისთვის გასული იყო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.
1.3.4. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას და არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. სადავო გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილი იყო განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება შპს „ჯ---------------------------------სა" და ი/მ გ--------–---–ი-ფ-----ს შორის არსებულ დავაზე. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არასწორია, არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან, რადგან „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველო კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია, გადაწყვიტოს მისი კომპენტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკაშირებული დავები კომისიის ლიცენზიატებს შორის ან ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 მუხლებით განისაზღვრება კომისიის უფლებამოსილებანი, კერძოდ, ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილება, სალიცენზიო და სანებართვო უფლებამოსილება და სატარიფო უფლებამოსილება. ამასთანავე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია კომისიის სტატუსი და ფუნქციები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული ნორმები და მომხმარებლის დავალიანების ხანდაზმულად აღიარება და ჩამოწერა არასწორად განსაზღვრა კომისიის კომპეტენციად.
აპელანტი მიიჩნევს, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირს (კერძო სამართლის სუბიექტებს) შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტა (დავალიანების ხანდაზმულად აღიარება) არ შედის კომისიის კომპეტენციაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადაოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ: ა) სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის და ა.შ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის. ხანდაზმულობის ცნება სამოქალაქო-სამართლებრივი საკითხია და მისი სწორად განმარტებისა და ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მნიშვნელოვანია, მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა, ხოლო დავალიანების ხანდაზმულად მიჩნევისას გამოსარკვევი გარემოებების წრე უნდა დაადგინოს სასამართლომ, მან უნდა განმარტოს კანონი ამ გარემოებების გათვალისწინებით და ისე გამოიტანოს გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, კომისიამ შეითავსა სასამართლოს ფუნქციები და გადაწყვეტილება გამოიტანა ისეთ საკითხზე, რომელიც მის კომპეტენციას არ მიეკუთვნება, ამასთან, სამოქალაქო- სამართლებრივი საკითხი განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. აპელანტი მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო, კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე. კომისიის მიერ ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტით დარღვეულია მხარის (მოცემულ შემთხვევაში, შპს „ჯ----------------------------------ს“) უფლება, რომ მის მიმართ სამოქალაქო დავა გადაწყვეტილი ყოფილიყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე და არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
აპელანტი მიუთითებს, რომ კომისია განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებს მსგავს საქმეებზე სხვადასხვა მომხმარებლების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, იგი შეიჭრა გ--------–---–ი-ფ-----სა და შპს „ჯ---------------------------------ს" შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ხოლო მსგავს ურთიერთობებში მომხმარებლების გარკვეულ ნაწილს უარს ეუბნება სადავო საკითხის გადაწყვეტაზე და დავალიანების ჩამოწერაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ შეიჭრება მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობაში და იგი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ. სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, თუ ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერა კომისიის კომპეტენციაა, მაშინ ისმის კითხვა: რატომ არ ვრცელდება ამ კომპატენციის ფარგლები ყველა მომხმარებლის მიმართ, რომლებიც მსგავს უერთიერთობაში იმყოფებიან კომპანიასთან და რატომ იხილავს მსგავს დავებს სასამართლო. სემეკის მიერ სახელშეკრულებო დავებში ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტით და ე.წ. „ხანდაზმული დავალიანების" ჩამოწერის დავალდებულებით ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომ აღნიშნული სადავო საკითხი განიხილოს კანონით დადგენილი წესით შექმნილმა/დანიშნულმა სასამართლომ/მოსამართლემ და არა მარეგულირებელმა ორგანომ, რომელიც ვერასოდეს იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, რადგან მისი ძირითადი ფუნქცია მომხმარებელთა უფლებების დაცვაა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1" ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის 12.1 მუხლის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის. ამასთანავე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 07.08.2003წ. №12 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს სემეკს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ იმსჯელა ლიცენზიანტ შპს ,,ჯ---------------------------------სა’’ და მომხმარებელ ი/მ „მ-----– გ---------–---–ი ფ-----ს“ შორის არსებულ დავაზე. კომისიამ 2015 წლის 24 დეკემბრის №7--- გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ი/მ „მ-----– გ--------–---–ი ფ-----ის“ მოთხოვნა; განუხილველად დარჩა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ შპს „ჯ----------------------------------ს“ 08.11.2011წ. N156 დადგენილება; შპს „ჯ----------------------------------ს“ მიერ ი/მ „მ-----– გ--------–---–ი ფ-----ზე“ (აბონენტი N7--------) 5738,73 ლარის გადახდის მოთხოვნა მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად; დაევალა შპს „ჯ---------------------------------ს“ N7-------- აბონენტზე ხანდაზმულად მიჩნეული დარიცხვის გაუქმება და შესაბამისი ცვლილების შეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
შპს „ჯ----------------------------------“ კომისიის 24.12.2015წ. №7--- გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის, დარიცხვის გაუქმებისა და აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე ცვლილებების შეტანის ნაწილში.
3.2.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 12.08.2010წ. №4 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარებლობისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების“ 11.12 მუხლის თანახმად, კომისია უფლებამოსილია დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად, იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ხოლო 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ასევე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნები სპეციალური მოწესრიგების საგანს წარმოადგენს. ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისთვის დამოუკიდებლად წარმოშობს და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 144.1 მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ჯ----------------------------------ს“ უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, 02.11.2011წ., თბილისში, უ--------------ს ქუჩა №6-ში მდებარე აბონენტის ი/მ „გ--------–---–ი - ფ-----ის“ მიმართ, შეადგინეს აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი №0-----, წყლის მრიცხველის თვითნებურად მოხსნისათვის. აქტის თანახმად, მომხმარებელს დაეკისრა 10763 ლარის გადახდა, ამასთანავე, კომპანიის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №0-----. ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უფლებამოსილმა პირმა, 02.11.2011წ. №ას0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, 08.11.2011წ. მიიღო დადგენილება, ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილების შეფარდების შესახებ. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მომხმარებლის მიერ კომპანიაში წარდგენილი პრეტენზიის საფუძველზე, შპს „ჯ---------------------------------მა“ 2012 წლის იანვარში გადაიანგარიშა მომხმარებლის ი/მ „მ-----– გ--------–---–ის“ მიერ უკანონოდ მოხმარებული წყლის ოდენობა და დარიცხვა განახორციელა 24 დღეზე, 8 საათიანი მოხმარების გათვალისწინებით, ნაცვლად 30 დღეზე - 12 საათიანი მოხმარებისა, რის შედეგადაც დაკორექტირდა დარიცხული თანხა 5023,67 ლარის ოდენობით და აბონენტს გადასახდელად დაერიცხა 5738.73 ლარი. აბონენტმა 21.12.2011წ. საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს „ჯ----------------------------------ს“ 02.11.2011წ. აღურიცხავი წყლის მოხმარების №0----- აქტისა და 2011 წლის 08 ნოემბრის №156 დადგენილების გაუქმება. კომისიამ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განიხილა აღნიშნული საჩივარი, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ვირტუალური უარი აბონენტს არ გაუსაჩივრებია. ამდენად, აბონენტისათვის თანხის დარიცხვა ჩაითვალა საფუძვლიანად და მომხმარებელი ვალდებული იყო გადაეხადა დარიცხული თანხა, თუმცა აბონენტს აღნიშნული არ განუხორციელებია.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, კომპანიის მიერ 2012 წლის იანვარში დარიცხული დავალიანების მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განცხადების შეტანის დროისთვის გასული იყო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას და არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ----------------------------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე
მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი
დავით ახალბედაშვილი