განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115001161221
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5780-18 12 მარტი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები - თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - სს „თ--–---“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - კ------- ჭ------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ პ------------–------–---- „---------“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - მ------ ბ-----–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.07.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეს დაეკისროს მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება 82 754,19 ლარის ოდენობით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოპასუხე წარმოადგენს სს „თ--–---ს“ აბონენტს სააბონენტო ნომრით №4------ და მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება შეადგენს 82 754,19 ლარს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული დავალიანება არ წარმოადგენს მხოლოდ მოპასუხის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, არამედ იგი რამდენიმე აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურით არის დაგროვებული. სს „თ--–--მა“, როგორც ლიცენზიატმა, არ დაიცვა მისთვის დადგენილი წესები და მოპასუხის დავალიანება აღრიცხა სხვადასხვა ქვეაბონენტების დავალიანებასთან ერთად. კოლეჯის მომმარაგებელ ძალოვან ჯიხურზე მიერთებული არიან ქვეაბონენტები, რომელთაც არ აქვთ საერთო მაკონტროლებელი მრიცხველი და მოსარჩელისათვის დარიცხული დავალიანების უდიდესი ნაწილი მოხმარებული აქვთ სწორედ მათ. ეს მოსარჩელისათვის ცნობილია, ვინაიდან წლების განმავლობაში მათ დავალიანებას იხდიდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.07.2018წ. გადაწყვეტილებით სს „თ--–---ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.1. სს ”თ--–---ს” სააბონენტო ნომერზე №4------ აბონენტად რეგისტრირებულია სსიპ პ------------–------–---- „---------“.
4.2. მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ სსიპ პ------------–------–---- „---------ს“ სარგებლობაში არსებულ, მარშალ გელოვანის 4 ნომერში მდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია ტრანსფორმატორი, ელექტრო ჯიხური №A-----
4.3. სსიპ პ------------–------–---- „---------ს“ სარგებლობაში არსებულ შენობაში 2008 წლიდან დროებით ორგანიზებულად განსახლებულნი არიან დევნილები, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგია აღირიცხებოდა ერთიანად სსიპ პ------------–------–---- „---------ს“ მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიასთან ერთად (№4------ სააბონენტო ნომერზე), ხოლო მომხმარებლებს ელექტროენერგია მიეწოდებათ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ტრანსფორმატორის საშუალებით.
4.4. მხარეთა შორის არ არის სადავო და ამასთან, საქმეში წარმოდგენილი წერილებით დგინდება, რომ წლების მანძილზე ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანებას იხდიდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. კერძოდ, ობიექტში ჩასახლებულ დევნილთა მიერ 2013 წლის 5 აპრილის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, რამაც შეადგინა 176 292,00 ლარი, სამინისტრომ საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე აანაზღაურა სრულად.
2013 წლის 6 აპრილიდან მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური კი უნდა აენაზღაურებინათ თავად დევნილებს.
4.5. სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ მ---–--–----–-----------ში განსახლებული იძულებით გადაადგილებული პირების გამრიცხველიანების მიზნით 2013 წლიდან დაიწყო ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები, რის შემდეგაც დევნილებს მიეკუთვნათ განმხოლოებული მრიცხველები.
4.6. სადავო არ არის გარემოება, რომ ქვეაბონენტებს არ აქვთ საერთო მაკონტროლებელი მრიცხველი და მიერთებულნი არიან სსიპ პ------------–------–----
„---------ს“ სარგებლობაში არსებულ მიწაზე განთავსებულ ელექტროენერგიის მომმარაგებელ ძალოვან ჯიხურზე.
2015 წლის 17 ივლისის სს „თ--–---ს“ წერილით დგინდება, რომ სსიპ პ------------–------–---- „---------ს“ სააბონენტო ნომერზე (№4------) ირიცხება 303 ქვეაბონენტი (ს/ჯ A----). მხარეთა შორის ეს გარემოება არ არის სადავო.
4.7. სათანადო მტკიცებულებებით არ დგინდება სსიპ პ------------–--------–---- „---------ს“ მიერ 82 754,19 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტი.
4.8. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას ამომწურავად არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”.
აღნიშნული დადგენილების მე-6 მუხლის პირველი, მეცხრე და მეთერთმეტე პუნქტები განაწილების ლიცენზიატს ცალსახად ავალდებულებს მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება აღრიცხოს ინდივიდუალურად (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, ელექტროდანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავენ მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან; განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენებაზე); თუ მომხმარებელს განაწილების ლიცენზიატისაგან ელექტროენერგია მიეწოდება ამ მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი ტრანსფორმატორის საშუალებით, ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მაღალი ძაბვის მხარეს.
ამავე დადგენილების მე-9 მუხლის განსაზღვრავს ელექტროენერგიის ღირებულებისა და მომსახურების დარიცხვასა და გადახდის წესს. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით; მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად).
შესაბამისად, სს „თ--–---ს“ მიერ მოხმარების ინდივიდუალურად აღრიცხვის ვალდებულებას (რაც ხორციელდება აღრიცხვის კვანძის ინდივიდუალური მოწყობითა და მრიცხველის დამონტაჟებით) მნიშნველობა აქვს მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფისათვის, რაც გულიხმობს მომხმარებლისათვის საფასურის სწორად დარიცხვას, ხოლო სს „თ--–---ს“ ეს ვალდებულება, თავის მხრივ, მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად და სწორად დარიცხული საფასურის გადახდის ვალდებულების წინაპირობას უზრუნველყოფს.
რამდენადაც სს „თ--–--მა“ როგორ განაწილების ლიცენზიატმა და ურთიერთობის ძლიერმა მხარემ არ დაიცვა დადგენილების მე-6 მუხლის პირველი და მე-11 პუნქტების მისთვის დაკისრებული მოთხოვნები, ამდენად მას არც მოპასუხისათვის დადგენილების შეუსაბამოდ დარიცხული დავალიანების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა.
2013 წლის 19 დეკემბრის ა(ა)იპ პ------------–------–---- „---------ს“ წერილით (ს.ფ. 64, მეორე ტომი) დგინდება, რომ მომხმარებელმა, მას შემდეგ, რაც დევნილებს ინდივიდუალურად აღერიცხებოდათ მოხმარებული ელექტროენერგია, განაწილების ლიცენზიატს მიმართა თხოვნით, რომ კოლეჯი გამოეყოთ ცალკე აბონენტად. 2013 წლის 22 ოქტომბრის ა(ა)იპ პ------------–------–----ს „---------ს“ წერილით (ს.ფ. 69, მეორე ტომი) დგინდება და არც მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ კოლეჯს ცალკე ჰქონდა განმხოლოებული მრიცხველი და ამასთან, მომხმარებელი ითხოვდა „მაღალი ძაბვის კიოსკის“ შემოწმებას სპეციალისტის მიერ. 2015 წლის 09 ნოემბრის წერილით (ს.ფ. 60, პირველი ტომი) ა(ა)იპ პ------------–------–---- „ი-------მა“ მიმართა სს „თ--–--ს“ და განუმარტა, რომ ელექტროენერგიის მომმარაგებელ ძალოვან ჯიხურზე მიერთებულნი იყვენენ ქვეაბონენტები, რომელთაც არ ჰქონდათ საერთო მაკონტროლებელი მრიცხველი, რის გამოც ა(ა)იპ პ------------–------–---- „---------“ ვერ აკონტროლებდა რეალურ ხარჯს. კოლეჯის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვა არ ხორციელდებოდა ინდივიდუალურად, რადგან ლიცენზიატს მრიცხველის განმხოლოება არ განუხორციელებია. ამავე წერილით მოსარჩელემ მოითხოვა, რომ კვლევის პროცესის დასრულებამდე, არ შეეწყვიტა სს „თ--–--ს“ ელექტროენერგიის მიწოდება. აღნიშნული განცხადების პასუხად სს „თ--–---ს“ 2015 წლის 30 ნოემბრის წერილით (ს.ფ. 77, ტომი მეორე) მოსარჩელეს ეცნობა, რომ მიმდინარეობდა განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა. სს „თ--–--მა“ სარჩელი აღძრა 2015 წლის 20 ნოემბერს. ამასთან, სადავო არ არის გარემოება მის შესახებ, რომ სს „თ--–--ს“ მოსარჩელის წერილთან დაკავშირებით რაიმე ქმედება არ განუხორციელებია და არც დასაბუთებული წერილი გაუგზავნია კოლეჯისათვის.
დადგენილების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი. დადგენილების მე-11 მუხლის 81 პუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს (მათ შორის, მომხმარებელს) წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეუძლია განაწილების ლიცენზიატს მოსთხოვოს საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს წერილობით მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს ამ მუხლის მე -7 პუნქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
სს „თ--–--მა“ დაარღვია დადგენილების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მისი, როგორც განაწილების ლიცენზიატის ვალდებულება მომხმარებლის განცხადებაზე დასაბუთებული პასუხის გაცემისა მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო, ასევე აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის მიზნით, მომხმარებლის წერილობითი განაცხადის საფუძველზე საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარების უზრუნველყოფის ვალდებულება (დადგენილების მე-11 მუხლის 81 პუნქტი).
ზემოთ აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც ელექტროენერგიას ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი – საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა საცალო მომხმარებელი.ამავე დადგენილების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) კუთვნილი ელექტროქსელიდან ელექტროენერგიის სხვა მომხმარებლებისათვის განშტოებით მიწოდების შემთხვევაში, თითოეული მომხმარებლის განშტოებაზე მოწყობილი უნდა იყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს ინდივიდუალური მრიცხველები. ამასთან, აღნიშნული ინდივიდუალური მრიცხველების გარდა, მოცემულ განშტოებამდე (ამ წესებით განსაზღვრული წესით) უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს საკონტროლო მრიცხველი.
ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ ელექტროენერგიის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ელექტროქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ელექტროქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენეგიის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის იმავე ტარიფით, რა ძაბვაზეც ხდება განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან ელექტროენერგიის ამ მრიცხველში მიღება-აღრიცხვა. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი და საფასური ელექტროენერგიის მოხმარების შესაბამისად დაარიცხოს; გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად;
დადგენილების 30-ე მუხლი განსაზღვრავს პრინციპს, რომლის მიხედვით დადგენილი წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ამავე მუხლის მეორე პუნქტი). აღნიშნული მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი ელექტროენერგიით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს წერილობითი ფორმით გაფორმებული შეთანხმება, საკონტროლო და ინდივიდუალური მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების შესახებ. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ წესებით განსაზღვრულ პირობებს.
ზემოთ დასახელებული მუხლების ერთობლივი ანალიზის მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სს „თ--–--ს“ შეეძლო მოეთხოვა მოპასუხისაგან სხვაობის ანაზღაურება, მას შემდეგ, რაც დაამონტაჟებდა ინდივიდუალურ და საკონტროლო მრიცხველებს. ამასთან, რამდენადაც მომხმარებელს არ წარმოადგენდა მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, გასათვალიწინებელი იქნებოდა მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის დათქმა, რომლის თანახმად, განაწილების ლიცენზიატს ჯერ მომხმარებელთან ანგარიშსწორება უნდა ეწარმოებინა ინდივიდუალურად და საფასური ელექტროენერგიის მოხმარების შესაბამისად დაერიცხა, საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა კი უფლებამოსილი იყო გადაენაწილებინა მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ--–---ს“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.07.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტი აღნიშნავს, რომ:
5.1. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ აბონენტისათვის სადავო პერიოდზე გაცემული და გაგზავნილი კომპიუტერული ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა უარყოფა მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა. მოპასუხე მხარემ მითითებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა მხოლოდ 2018 წლის მარტში მთავარ სხდომაზე და განაცხადა, რომ მოპასუხეს ანგარიშ-ფაქტურები უარყოფილი აქვს, თუმცა რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მოსარჩელე იძულებული გახდა მთავარი სხდომის მსვლელობის პერიოდში შესაბამისი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე მიემართა შემოსავლების სამსახურისათვის, თუმცა უარი მიიღო. ამასთან, არც სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ.
5.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის 09.11.2015წ. წერილზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიის მომმარაგებელ ძალოვან ჯიხურზე მიერთებულნი იყვენენ ქვეაბონენტები, რომელთაც არ ჰქონდათ საერთო მაკონტროლებელი მრიცხველი, რის გამოც მოპასუხე ვერ აკონტროლებდა რეალურ ხარჯს. კოლეჯის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვა არ ხორციელდებოდა ინდივიდუალურად, რადგან ლიცენზიატს მრიცხველის განმხოლოება არ განუხორციელებია. ამავე წერილით მოპასუხემ მოითხოვა, რომ კვლევის პროცესის დასრულებამდე, არ შეეწყვიტა სს „თ--–--ს“ ელექტროენერგიის მიწოდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის მე-11 ქვეპუნქტის თანახმად, თუ მომხმარებელს განაწილების ლიცენზიატისაგან ელექტროენერგია მიეწოდება ამ მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი ტრანსფორმატორის საშუალებით, ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მაღალი ძაბვის მხარეს (ე.ი. ტრანსფორმატორამდე, ელ. ენერგიის ტრანსფორმატორში გავლამდე). ამავე დადგენილების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მომხმარებელი ფლობს მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორს და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია დაბალი ძაბვის მხარეს, აღრიცხვის კვანძის მაღალი ძაბვის მხარეს მოწყობამდე ანგარიშსწორება შესაძლებელია, განხორციელდეს დაბალი ძაბვის მხარეს მოწყობილი აღრიცხვის კვანძის საშუალებით 2009 წლის 1 იანვრამდე. ასეთ შემთხვევაში, აღრიცხული ელექტროენერგიის რაოდენობას უნდა დაემატოს მომხმარებლის ტრანსფორმატორში და მის კუთვნილ ხაზებში დანაკარგები. ამასთან, განაწილების ლიცენზიატები ვალდებულნი არიან 2009 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ აღრიცხვის კვანძის მაღალი ძაბვის მხარეს გადატანა ელექტრული ქსელის იმ მონაკვეთებზე, სადაც გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლის მფლობელობაში იმყოფება მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი.
აღნიშნული მუხლების საფუძველზე ცხადია, რომ მაღალ მხარეს მოწყობილი აღრიცხვის კვანძი ტრანსფორმატორის მფლობელი აბონენტისათვის წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს. რაც შეეხება მოპასუხის 09.11.2015წ. წერილს, 2015 წლის დეკემბერში და 2016 წლის დასაწყისში მოსარჩელის თანამშრომლების მიერ განხორციელდა ადგილზე გასვლა და საკითხის შესწავლა, რა დროსაც მოპასუხეს განემარტა, რომ მის მიერ დაყენებული მრიცხველით ელ. ენერგიის აღიცხვა, ასევე ტარიფის მიყენება და გადასახადის გამოთვლა ყოვლად დაუშვებელი იყო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკება მოსარჩელესა და ეკონომიკის სამინისტროს შორის არსებული დავალიანების ფარგლებში მოსარჩელისთვის ტრანსფორმატორის საკუთრებაში გადმოცემის თაობაზე, მოსარჩელე წავიდა დათმობაზე და მრიცხველი გადაიტანა დაბალ მხარეს (ტრანსფორმატორიდან გამომავალ ხაზზე, რაზედაც წინასწარ მოკვლეული მასალების საფუძველზე მომზადდა პროექტი და შედგა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი №095263) და შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი მოაწყო ისე, როგორც იგი მოწყობილი უნდა ყოფილიყო იმ პირობებში, თუ მოსარჩელე ტრანსფორმატორის მესაკუთრე იქნებოდა, რაც არ ნიშნავს, რომ აღნიშნული მრიცხველი არის საკონტროლო და მანამდე ელ. ენერგიის აღიცხვა ინდივიდუალურად არ მიმდინარეობდა. აღნიშნულით მოსარჩელემ მოლაპარაკების ფონზე თავის თავზე აიღო ყველა ხარჯი და დანაკარგი, რაც მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო ურთიერთობაში მონაწილე პირის უფლებაა, თუმცა, არ შეესაბამება სეწმეკ-ის №20 დადგენილების მოთხოვნებს.
მას შემდეგ, რაც დასრულდა დევნილთა 55 ოჯახის გამრიცხველიანება (2013 წლის დეკემბერი), სამინისტროს და მოპასუხის წერილების საფუძველზე მოსარჩელემ კოლეჯის მრიცხველზე დაფიქსირებული დავალიანება ვალის შიდა ბრუნვის ასახვით თანაბრად გადაანაწილა ახლად გამრიცხველიანებულ დევნილთა სააბონენტო ნომრებზე (მათი ხარჯი მანამდე აისახებოდა კოლეჯის მრიცხველზე), რის შემდეგაც მოპასუხის საბონენტო ბარათზე მიმდინარე დავალიანება განულდა (იხ. აბონენტის ბრუნვის ისტორია 30.01.2014წ.). აღნიშნულის შემდგომ, სადავო პერიოდში (2014 წლის იანვრიდან 2015 წლის ნოემბრამდე) აბონენტის მრიცხველზე ასახულ ხარჯს ყოველთვირად აკლდებოდა ყველა ქვეაბონენტის ხარჯი, რაც აისახებოდა როგორც ყოველთვიურად გაგზავნილ ქვითარში, ისე აბონენტის ბრუნვის ისტორიაში. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხე მის მიერვე დაყენებული მრიცხველის საფუძველზე აღრიცხავდა ელ. ენერგიას და ტარიფისა კოეფიციენტის მიყენებით თვითონვე გამოჰყავდა გადასახდელი თანხა. ამასთანავე, მოპასუხე ანგარიშ-ფაქტურებს და შესაბამისად, ელ. ენერგიის ქვითრებში დაფიქსირებულ თანხებს, ასახავდა ორგანიზაციის ხარჯებში საგადასახადო მიზნებისათვის და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მოპასუხე მის მიერვე დაყენებული მრიცხველის ჩვენების საფუძველზე გადასახდელი თანხის გამოთვლისას იყენებდა შემცირებულ 14 თეთრიან ტარიფს, რაც გათვალისწინებულია ტრანსფორმატორის მფლობელი აბონენტისათვის და დაახლოებით 4-4,5 თეთრით ნაკლებია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ჩვეულებრივ ტარიფზე.
5.3. სასამართლო ასევე მიუთითებს მოსარჩელის განმარტებაზე ტრანსფორმატორის დანაკარგებთან დაკავშირებით, რაც გაკეთდა იმ კონტექსტში, რომ მაღალ მხარეს დამონტაჟებულ მრიცხველსა და უკვე 2016 წელის მაისში აბონენტისათვის დაბალ მხარეს მოწყობილ მრიცხველის ჩვენებას შორის სხვაობა გამოწვეულია თვითონ ტრანსფორმატორის დანაკარგით, რაც მას მუშაობისას აქვს. სპეციფიკურობის გამო სასამართლო ბოლომდე ვერ გაერკვა საკითხში. 2008 წლის 4 დეკემბერს, სემეკ-ის მიერ მიღებული იქნა №33 დადგენილება "ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ", რომლის თანახმადაც, 6-10 კვ ძაბვის მომხმარებლთათვის (ე.ი. ტრანსფორმატორის მფლობელთათვის) განისაზღვრა სპეციალური ტარიფი, რომელიც დაახლოებით 4 თეთრით ნაკლებია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ჩვეულებრივ ტარიფზე სწორედ აღნიშნული დანაკარგების გამო და გამომდინარე აქედან, ცალკე ტრანსფორმატორის ხარჯის გამოთვლა არ ხდება, თუ აღნიშნულის თაობაზე სს"თ--–--ს' არ მომართავს თვითონ ტრანსფორმატორის მესაკუთრე და არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, მათ შორის ტრანსფორმატორის ტექ. პასპორტს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არასწორად განმარტავს №20 დადგენილების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტს და მიუთითებს, რომ გარდა ამ მუხლით გათვალისწინებულისა, უნდა მოეწყოს კიდევ სხვა საკონტროლო აღიცხვის კვანძი, რაც შეცდომაა.
5.4. N20 დადგენილების შესაბამისად მოსარჩელეს არ აკისრია ვალდებულება შეამოწმოს აბონენტის მიერვე დაყენებული მრიცხველი ან მის მფლობელობაში არსებული ტრანსფორმატორი. ასევე, ჩაატაროს უკანონოდ დაყენებული მრიცხველის საექპერტო გაზომვა, როგორც ამაზე მიუთითებს სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დადგენილების მე-11 მუხლის 81 პუნქტზე მითითებით. ამავე მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.01.2019წ. საოქმო განჩინებით მოპასუხე - სსიპ პ------------–------–---- „---------ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა(ა)იპ პ------------–------–---- „---------“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
8. ა(ა)იპ პ------------–------–---- „---------“ (შემდგომში „მოპასუხე“) რეგისტრირებულია სს ”თ--–---ს” (შემდგომში „მოსარჩელე“) აბონენტად სააბონენტო ნომრით №4------ (ტ.1, ს.ფ.14-16).
9. მოპასუხის სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე თბილისი, მარშალ გელოვანის N4, განთავსებულია ტრანსფორმატორი, ელექტრო ჯიხური №A---- (ტ.1, ს.ფ. 51, 39-42).
10. მხარეთა შორის უდავოა, რომ მოპასუხის სარგებლობაში არსებულ შენობაში 2008 წლიდან დროებით ორგანიზებულად განსახლებულნი არიან დევნილები, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგია აღირიცხებოდა ერთიანად მოპასუხის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიასთან ერთად (№4------ სააბონენტო ნომერზე), ხოლო მომხმარებლებს ელექტროენერგია მიეწოდებათ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ტრანსფორმატორის საშუალებით (ტ.1, ს.ფ.37; შესაგებელი, ტ.1, ს.ფ. 24-36, სააპელაციო საჩივარი, ტ.4, ს.ფ. 48-62).
მხარეთა შორის არ არის სადავო და საქმის მასალებით დგინდება, რომ წლების მანძილზე დევნილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანებას იხდიდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. კერძოდ, ობიექტში ჩასახლებულ დევნილთა მიერ 2013 წლის 5 აპრილის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, რამაც შეადგინა 176 292,00 ლარი, სამინისტრომ საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე აანაზღაურა სრულად. 2013 წლის 6 აპრილიდან მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა აენაზღაურებინათ თავად დევნილებს (ტ.1, ს.ფ.47, 40-41).
11. თბილისში, მ---–--–----–-----------ში განსახლებული იძულებით გადაადგილებული პირების გამრიცხველიანების მიზნით 2013 წლის ნოემბერში განხორციელდა ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები, რის შემდეგაც დევნილებს დაუმონტაჟდათ განმხოლოებული მრიცხველები (ტ.1, ს.ფ.42, 62, 78).
12. მოსარჩელის 2015 წლის 17 ივლისის წერილით დგინდება, რომ მოპასუხის სააბონენტო ნომერზე (№4------) ირიცხება 303 ქვეაბონენტი (ს/ჯ A----) (ტ.1, ს.ფ. 51-57).
13. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის ნოემბრამდე პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება 82 754,19 ლარის ოდენობით(ტ. 4, ს.ფ. 37, 50).
აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, სარჩელით მოთხოვნილი 82 754,19 ლარი წარმოადგენს №4------ აბონენტზე 2015 წლის ნოემბრის მდგომარეობით დარიცხული დავალიანებას (ტ.1, ს.ფ.14-16).
პირველ ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის და საქმის მასალებითაც დგინდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 10.01.2014წ. წერილის (ტ.1, ს.ფ.38) და მოპასუხის 17.01.2014წ. წერილის (ტ.1, ს.ფ.42) საფუძველზე მოსარჩელემ იმ დროისათვის დევნილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება 55 999,70 ლარის ოდენობით, მოპასუხის სააბონენტო ნომერზე (№4------) ვალის შიდა ბრუნვის ასახვით, 2014 წლის 20 იანვრიდან გადაუნაწილა დევნილებს გამრიცხველიანებულ ქვეაბონენტის ნომრებზე, რის შემდეგაც №4------ აბონენტზე მიმდინარე დავალიანება განულდა (ტ.4, ს.ფ.13-15). აღნიშნულ ფაქტზე დაყრდნობით მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2014 წლის იანვრის თვეში დევნილთა დავალიანების ჩამოწერის შემდგომ დარიცხული დავალიანება წარმოადგენს სრულად მოპასუხის მიერ მოხმარებული ელ.ენერგიის ღირებულებას.
მოსარჩელის პოზიციის საწინააღმდეგოდ მოპასუხე განმარტავს, რომ კოლეჯის მომმარაგებელ ძალოვან ჯიხურზე მიერთებული არიან ქვეაბონენტები, მისამართზე ფუნქციონირებს სხვადასხვა ობიექტი, რომელთაც არ აქვთ საერთო მაკონტროლებელი მრიცხველი და მოპასუხეზე დარიცხული დავალიანების უდიდესი ნაწილი მოხმარებული აქვთ სწორედ მათ. მოპასუხეს ანაზღაურებული აქვს უშუალოდ მის მიერ მოხმარებულ ელ. ენერგიის ღირებულება.
14. პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დგინდება უშუალოდ მოპასუხის მიერ 82 754,19 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტი და ამდენად, არ არსებობს მოთხოვნილი თანხის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
14.1. მოპასუხე წლების მანძილზე სადავოდ ხდიდა მასზე დარიცხული ელექტროენერგიის დავალიანებას და ითხოვდა მოსარჩელისაგან ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის მოწესრიგებას. კერძოდ, 22.10.2013წ. წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ მის სარგებლობაში არსებულ შენობაში განთავსებულია დევნილი მოსახლეობა; სსიპ ა------------------------------–ა; საბავშვო ბაგა-ბაღი ,,ს------–--’, მათ მიერ დაკავებულია სასწავლო კორპუსის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულის 3907.84 კვ.მ ფართი. აღნიშნული პირები მოიხმარენ ელ.ენერგიას, ხოლო დანახარჯი აისახება კოლეჯის მრიცხველზე. მოსარჩელეს ასევე ეცნობა, რომ მოპასუხეს ცალკე აქვს განმხოლოებული მრიცხველი, რომელიც განთავსებულია სასწავლო კორპუსის იმ ნაწილში, სადაც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და საიდანაც ხდება კონტროლი კოლეჯის მიერ მოხმარებულ ელ.ენერგიაზე. მოპასუხემ მოითხოვა მოსარჩელეს განეხორციელებინა მოპასუხის ბალანსზე რიცხულ ფართში განთავსებული მაღალი ძაბვის კიოსკის შემოწმება (ტ.2, ს.ფ. 66).
ამდენად, მოპასუხემ ჯერ კიდევ 22.10.2013წ. აცნობა მოსარჩელეს, რომ მას მოხმარებული ელექტორენერგიის კონტროლის მიზნით განმხოლოებული ჰქონდა მრიცხველი და მოითხოვა „მაღალი ძაბვის კიოსკის“ შემოწმება სპეციალისტის მიერ.
მხარეები არ დავობენ, რომ რეალური ხარჯის კონტროლის მიზნით თავად მოპასუხემ, დამოუკიდებლად, უზრუნველყო ინდივიდუალური მრიცხველის დადგმა. თუმცა, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მრიცხველი მოეწყო თვითნებურად, წესების დარღვევით (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.01.2019წ. სხდომის ოქმი, ტ.1, ს.ფ. 12:45:47-12:47:59; 12:56:41-12:57:00).
14.2. მოსარჩელის სახელზე 19.12.2013წ. გაგზავნილი წერილით მოპასუხემ ასევე მოითხოვა მომხდარიყო მისი, როგორც აბონენტის გამოყოფა, ვინაიდან უკვე მთლიანად იყო განხორციელებული გამრიცხველიანება და დევნილებს განმხოლოებული ჰქონდათ მრიცხველები (ტ.2, ს.ფ. 64).
ანუ საუბარი იყო არა აბონენტის და ქვეაბონენტების არსებობაზე, რაც განხორციელდა, არამედ, მოპასუხის ცალკე აბონენტად გამიჯვნაზე.
14.3. 09.11.2015წ. წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს კვლავ განუმარტა, რომ მოპასუხის ელექტროენერგიის მომმარაგებელ ძალოვან ჯიხურზე მიერთებულნი იყვნენ ქვეაბონენტები, რომელთაც არ ჰქონდათ საერთო მაკონტროლებელი მრიცხველი, რის გამოც მოპასუხე ვერ აკონტროლებდა ელ. ენერგიის რეალურ ხარჯს. წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა, მოსარჩელემ არ მოახდინა კოლეჯის მრიცხველის განმხოლოება და მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგის აღრიცხვა არ ხორციელდება ინდივიდუალურად. შესაბამისად, გაურკვეველია, რის საფუძველზე ახორციელებს მოსარჩელე ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვას. ამავე წერილით მოპასუხემ მოითხოვა, რომ კვლევის პროცესის დასრულებამდე მოსარჩელეს არ შეეწყვიტა მისთვის ელექტროენერგიის მიწოდება (ტ.1, ს.ფ. 60,61).
14.4. 09.11.2015წ. წერილის პასუხად მოპასუხეს 30.11.2015წ. წერილით მოსარჩელემ აცნობა, რომ მიმდინარეობდა განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და საბოლოო შედეგების შესახებ ეცნობებოდა დამატებით (ტ.1, ს.ფ. 77).
საქმის მასალებით არ დგინდება, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე რა გარემოებები შეისწავლა მოსარჩელემ და რა დადგინდა სადავო საკითხებთან მიმართებაში. გასათვალისწინებელია, რომ წინამდებარე სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სადავო პერიოდში წარმოშობილი დავალიანების გადახდა, სასამართლოში წარდგენილია 20.11.2015წ. (ტ.1, ს.ფ.1). შესაბამისად, ივარაუდება, რომ მოსარჩელე მოპასუხის 09.11.2015წ. წერილში დასმულ საკითხებს არ მიიჩნევდა ელექტროენერგიის სწორად აღრიცხვიანობის მიზნებისთვის დამაბრკოლებელ გარემოებად და სასარჩელო წარმოებით ითხოვდა მოპასუხისთვის თანხის გადახდის დაკისრებას.
14.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ინდივიდუალური მრიცხველი (რომელსაც მოპასუხე უწოდებს „საკონტროლო მრიცხველს“), რომლის დამონტაჟებასაც მოპასუხე წლების მანძილზე ითხოვდა, საბოლოოდ მოსარჩელემ დაამონტაჟა მხოლოდ 2016 წელს (ტ.4, ს.ფ.38).
ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ მოხმარებული ელექტროენერგის ხარჯის ინდივიდუალურად აღრიცხვა დაიწყო 30.05.2016წ.-დან, დასტურდება აბონენტის ბრუნვის ისტორიითაც, რომელშიც მითითებულია, რომ 30.05.2016წ. მოხდა აბონენტისათვის ინდივიდუალური მრიცხველის დადგმა და ამ თარიღის შემდეგ მოპასუხის ხარჯი ისტორიაში მოცემულია უკვე ინდივიდუალურად, ქვეაბონენტების ხარჯების მითითების და გათვალისწინების გარეშე (ტ.4, ს.ფ. 26).
აპელანტი/მოსარჩელე ადასტურებს გარემოებას მასზედ, რომ დავალიანების წარმოშობის პერიოდისათვის მოპასუხეს მოსარჩელის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვა ინდივიდუალურად არ განუხორციელებია. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში - 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის ნოემბრამდე - აბონენტის მრიცხველზე ასახულ ხარჯს ყოველთვიურად აკლდებოდა ყველა ქვეაბონენტის ხარჯი, რაც აისახებოდა როგორც ყოველთვიურად გაგზავნილ ქვითრებში, ისე აბონენტის ბრუნვის ისტორიაში (ტ.4, ს.ფ. 52). მოპასუხე სადავოდ ხდის ფაქტს მასზედ, რომ საკონტროლო მრიცხველის არარსებობის პერიოდში (ანუ 30.05.2016წ.-მდე) მოსარჩელის მიერ ნაწარმოები დარიცხვა, არ ასახავდა მოპასუხის მიერ რელურად მოხმარებული ელ. ენერგიის ოდენობას.
14.6. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ. №20 დადგენილების (შემდგომში „N20 დადგენილება“) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება აღრიცხოს ინდივიდუალურად (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, ელექტროდანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავენ მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენებაზე).
14.7. N20 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
მოსარჩელის/აპელანტის განმარტებით, მართალია, დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი აწესებს ლიზენციატის ვალდებულებას, ინდივიდუალურად აღრიცხოს მოხმარებული ელექტროენერგია, თუმცა აქვე მიუთითებს, რომ ამ წესისგან გამონაკლისია დადგენილებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევა, რომელიც მოცემულია დადგენილების მე-6 მუხლის მე-11 პუნქტში და რომლის თანახმადაც, თუ მომხმარებელს განაწილების ლიცენზიატისაგან ელექტროენერგია მიეწოდება ამ მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი ტრანსფორმატორის საშუალებით, ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მაღალი ძაბვის მხარეს (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ.4, ს.ფ. 54). პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ აღნიშნული ნორმა არ ათავისუფლებს განაწილების ლიცენზიატს მომხმარებლისათვის ამ უკანასკნელის მფლობელობაში მყოფი ტრანსფორმატორის საშუალებით მიწოდების შემთხვევაში ელექტროენერგიის მრიცხველის დამონტაჟებისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვალდებულებისაგან.
14.8. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ როგორც თავად მოსარჩელე/აპელანტი განმარტავს, 2 წელზე მეტ ხანს (მათ შორის სადავო პერიოდშიც), მიმდინარეობდა მოლაპარაკება მოსარჩელესა და ეკონომიკის სამინისტროს შორის არსებული დავალიანების ფარგლებში მოსარჩელისათვის ტრანსფორმატორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე დათანხმდა და მრიცხველი გადაიტანა დაბალ მხარეს (ტრანსფორმატორიდან გამომავალ ხაზზე) რაზეც წინასწარ მოკვლეული მასალების საფუძველზე მომზადდა პროექტი და შედგა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი №095263) (ტ.4, ს.ფ.51).
სწორედ ამ გარემოებაზე დაყრდნობით მოსარჩელე 30.05.2016წ. მის მიერ დამონტაჟებულ მრიცხველს არ მოიხსენიებს ე.წ. „საკონტროლო მრიცხველად,“ თუმცა ტერმინს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რამეთუ სწორედ ამ მრიცხველის დამონტაჟებით აღმოიფხვრა საბოლოოდ მოპასუხის მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის მართებულად აღრიცხვის პრობლემა, რის მოგვარებასაც იგი წლების მანძილზე ითხოვდა.
ამდენად, დგინდება, რომ, საბოლოო ჯამში, თავად მოსარჩელემ/აპელანტმა მიიჩნია მიზანშეწონილად აღრიცხვის კვანძის იმდაგვარად მოწყობა, რომ ინდივიდუალურად მომხდარიყო მოპასუხის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და არარელევანტურია მისი მსჯელობა, რომ მანამდე არსებული აღრიცხვის წესი იყო მართებული და N20 დადგენილების მოთხოვნებს არ შეესაბამება უკვე 2016 წელს მოსარჩელის მიერ მრიცხველის მოწყობა (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ.4, ს.ფ.51).
14.9. რამდენადაც მოსარჩელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია არ აღირიცხებოდა ინდივიდუალურად, სადავო პერიოდის აბონენტის ბრუნვის ისტორია არ ასახავს მოპასუხის მიერ ინდივიდუალურად მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, შესაბამისად, მართებულია მსჯელობა მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანება არ წარმოადგენს N20 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დარიცხულ დავალიანებას და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
14.10. მხარეები არ დავობენ, რომ მრიცხველი და ქვემრიცხველები დაკავშირებულია ტრანსფორმატორთან, რომელსაც გააჩნია გარკვეული დანაკარგები, რაც განსახილველ შემთხვევაში აღირიცხებოდა მოპასუხის სააბონენტო ნომერზე (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.4, ს.ფ. 40; სააპელაციო საჩივარი, ტ.4, ს.ფ. 52). რაიმე გაანგარიშება სარჩელით მოთხოვნილი თანხიდან რამდენია ტრანსფორმატორის ხარჯი - დანაკარგი და რამდენია უშუალოდ მოპასუხის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მისი განმარტებით, აღნიშნული დანაკარგების დაანგარიშებას აქვს სპეციალური წესი.
აპელანტი მიუთითებს, რომ "ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკ-ის 04.12.2008წ. №33 დადგენილებით, 6-10 კვ ძაბვის მომხმარებლთათვის (ე.ი. ტრანსფორმატორის მფლობელთათვის) განსაზღვრულია სპეციალური ტარიფი, რომელიც დაახლოებით 4 თეთრით ნაკლებია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ჩვეულებრივ ტარიფზე სწორედ აღნიშნული დანაკარგების გამო და გამომდინარე აქედან, ცალკე ტრანსფორმატორის ხარჯის გამოთვლა არ ხდება, თუ აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეს არ მომართავს თვითონ ტრანსფორმატორის მესაკუთრე და არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, მათ შორის ტრანსფორმატორის ტექ. პასპორტს (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ.4, ს.ფ. 52,53).
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხემ არაერთგზის მიმართა მოსარჩელეს ელექტროენერგის აღრიცხვიანობის საკითხის მოწესრიგების მიზნით. უფრო მეტიც, თავად უზრუნველყო ინდივიდუალური მრიცხველის მოწყობა და სთხოვდა ლიცენზიატს ელექტრო ჯიხურის შემოწმებას, თუმცა უშედეგოდ. დადგენილია, რომ მოპასუხის ქმედებების საპასუხოდ მოსარჩელეს არანაირი ღონისძიება არ განუხორციელებია და მოპასუხისთვის არც იმ გარემოებების შესახებ მიუცია განმარტება, რომ მას, როგორც ტრანსფორმატორის მფლობელს, კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევდა ესარგებლა დაბალი ტარიფით, ან/და მიემართა ლიცენზიატისთვის ტრანსფორმატორის ხარჯის გამოთვლის მოთხოვნით. ასეთ პირობებში, დაუსაბუთებელია სააპელაციო საჩივარში მითითებული მსჯელობა, რომ მოპასუხე არასწორი ტარიფით (დაახლოებით 4 თეთრით ნაკლები) იხდიდა თვითნებურად ელექტროენერგიის ღირებულებას (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ.4, ს.ფ.52).
14.11. N20 დადგენილების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) კუთვნილი ელექტროქსელიდან ელექტროენერგიის სხვა მომხმარებლებისათვის განშტოებით მიწოდების შემთხვევაში, თითოეული მომხმარებლის განშტოებაზე მოწყობილი უნდა იყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს ინდივიდუალური მრიცხველები. ამასთან, აღნიშნული ინდივიდუალური მრიცხველების გარდა, მოცემულ განშტოებამდე (ამ წესებით განსაზღვრული წესით) უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს საკონტროლო მრიცხველი. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ ელექტროენერგიის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ელექტროქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ელექტროქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენეგიის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის იმავე ტარიფით, რა ძაბვაზეც ხდება განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან ელექტროენერგიის ამ მრიცხველში მიღება-აღრიცხვა. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი და საფასური ელექტროენერგიის მოხმარების შესაბამისად დაარიცხოს; გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად.
N20 დადგენილების 30-ე მუხლი განსაზღვრავს პრინციპს, რომლის მიხედვით დადგენილი წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვორებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი ელექტროენერგიით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს წერილობითი ფორმით გაფორმებული შეთანხმება, საკონტროლო და ინდივიდუალური მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების შესახებ. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ წესებით განსაზღვრულ პირობებს.
14.12. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
14.13. მხარეთა ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტით შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისიც, რომ სადავო პერიოდში, მიუხედავად უშედეგო მოთხოვნისა საკონტროლო მრიცხველის დამონტაჟების შესახებ, მოპასუხე თავს არ არიდებდა ელ. ენერგიის ღირებულების გადახდას, მოსარჩელე არ ეთანხმებოდა ოდენობას. უდავოა, რომ მოპასუხეს ჰქონდა დამოუკიდებელი მრიცხველი, რომლის ჩვენების საფუძველზეც იგი სისტემატიურად იხდიდა მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასურს (ტ.3, ს.ფ.6-39). მოსარჩელე არ უარყოფს მოპასუხის მიერ ამ მრიცხველის შესაბამისად გარკვეული თანხების გადახდას (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.02.2019წ. სხდომის ოქმი, 17:04:58 – 17:07:24; იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ.4, ს.ფ.51,52), თუმცა მიუთითებს მრიცხველის თვითნებურ მოწყობაზე.
უდავოა ფაქტი მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 30.05.2016წ. ინდივიდუალური მრიცხველის დადგმის შემდეგ, დარიცხვის სისწორე მხარეთა შორის სადავო აღარ გამხდარა.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, მასზედ, რომ თვითნებურად მრიცხველის დადგმა აბონენტის მიერ წარმოადგენს №20 დადგენილების მოთხოვნათა დარღვევას, თუმცა, როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც მართებულად იქნა აღნიშნული, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს ერიცხებოდა სხვა პირთა მიერ მოხმარებული ელ.ენერგიის ხარჯი და ლიცენზიატმა დროულად არ უზრუნველყო აღრიცხვის კვანძის მოწყობა და ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება, მომხმარებლის უფლებათა დაცვის მიზნით მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა ჩაეტარებინა ე.წ. თვითნებურად დამონტაჟებული მრიცხველის შემოწმება (რასაც სთხოვდა კიდეც აბონენტი) და მოპასუხის არაერთ თხოვნაზე - მოეხდინა დარიცხული დავალიანების გადასინჯვა, მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება.
14.14. სადავო პერიოდში და მრიცხველის განმხოლოების შემდგომ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შედარებისთვის პალატა ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს „ე-–-------------ს“ დასკვნაზე, რომლითაც აუდიტმა სააღრიცხვო დოკუმენტების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მოპასუხე მრიცხველის განმხოლოების შემდგომ მოიხმარს რადიკალურად ნაკლებ ენერგიას, ვიდრე მანამდე (ტ.2, ს.ფ.7-9). შედარებულ იქნა 2013, 2014, 2015, 2016 წლის ივნისის, ივლისის აგვისტოს და სექტემბერის თვის განმავლობაში გახარჯული ელექტროენერგიის ოდენობა. მონაცემების შედარებით ირკვევა, რომ მრიცხველის განმხოლოების შემდგომ, მაგალითად, 2016 წლის ივნისის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა შეადგენს 11622 კვტ/სთ, მაშინ როდესაც 2015 წლის ივნისში მოხმარებულ ოდენობათ ფიქსირდება 20133 კვტ/სთ; 2016 წლის ივლისის თვეში - 9708 კვტ/სთ, ხოლო 2015 წლის ივლისში - 26250 (ტ.1, ს.ფ.8). რაიმე მტკიცებულება, რაც აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგო გარემოებებზე მიუთითებდა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით ვერ დაადასტურა, უშუალოდ მოპასუხის მიერ 82 754,19 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მართებულად არ დაკმაყოფილდა სარჩელი მოპასუხისთვის დავალიანების დაკისრების თაობაზე.
15. პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
16. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.4, ს.ფ.63 ).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ--–---ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.07.2018წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე : თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი