განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.07.2019
საქმის ნომერი
330210018002682543
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002682543

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/2609-19

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ს----------–----–-----------------------------

წარმომადგენელი - დ----- ტ-------

 

მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,,ს---------------’’

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შ-- „ს--------------ს“ ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 5 000 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2017 წლის 09 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო N7-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლითაც შ-- „ს--------------მა“ აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროს მიეწოდებინა ციმციმა - ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობები შესაბამისი მონტაჟით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში, არაუგვიანეს 2017 წლის 24 დეკემბრისა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 64 600 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 7-- ხელშეკრულება. (ს.ფ. 18-21);

- დანართი N 1 (ს.ფ. 22)

 

2.2. 2017 წლის 29 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება N1 2017 წლის 09 ნოემბრის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და განისაზღვრა დამატებითი ვადა კერძოდ, შ-- „ს--------------ს“ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროდუქტის მიწოდების ვადად განესაზღვრა 2018 წლის 08 თებერვალი, ასევე დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების 10.4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 29 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება N 1 (ს.ფ. 23)

 

2.3. 2018 წლის 16 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება N3 ხელშეკრულება N7---ში ცვლილების შეტანის თაობაზე. კერძოდ, პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებიდან გამომდინარე N7--; 09.11.2017 წლის ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა 2 680 ლარით და შეადგინა 61 920 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმება N 3

- დანართი N1

 

2.4. 2018 წლის 30 მარტს მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება N2 2017 წლის 09 ნოემბრის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, შეთანხმება N2-ით დამტკიცებული დანართი N1-ით განისაზღვრა საქონლის ერთეულის ფასი, მიწოდების ვადა და მონტაჟის ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 30 მარტის შეთანხმება N2 (ს.ფ. 24);

- დანართი N 1 (ს.ფ. 25)

 

2.5. 2018 წლის 13 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტით შ-- „ს---------------“-ს მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 7 600 ლარი.

 

2018 წლის 10 მარტის მიღება-ჩაბარების აქტით შ-- „ს---------------“-ს მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 6080 ლარი.

 

2018 წლის 28 მარტის მიღება-ჩაბარების აქტით შ-- „ს---------------“-ს მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 48 240 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 28);

- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 44);

- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 45)

 

2.6. შ-- „ს--------------მა“ 2017 წლის 09 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალის- წინებული ციმციმა - ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობების მიწოდება განახორციელა ვადის დარღვევით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 28);

- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 44);

- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 45)

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შედეგად შპს „ს---------------“-ს მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 5 000 ლარით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო 1214.48 ლარის ნაწილში. აქედან გამომდინარე, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და დაკმაყოფილდ.

 

2.9. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მოხმობილი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება, კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. კერძოდ, მხარეებს შორის 2017 წლის 09 ნოემბერს დადებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ იკისრა ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული ციმციმა - ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობების მიწოდების ვალდებულება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 64 600 ლარით. 2018 წლის 16 ნოემბრის შეთანხმებით ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 61 920 ლარით.

 

მოსარჩელე მხარის პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც სადავოდ ხდის მოპასუხის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტს, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის განსაზღვრისათვის არსებითია შეფასდეს შესრულდა თუ არა მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც შემსყიდველს გააჩნდა შესრულების მიმართ. მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ვალდებულების დაგვიანებით შესრულების ფაქტი, თუმცა, მოპასუხე მხარე აღნიშნულს აფუძნებს შესაძენი პროდუქციის მისაღებად საჭირო ხანგრძლივ პერიოდზე და ამასთან, მიუთითებს ჩინური ახალი წლის დამთხვევის პერიოდს, რამაც ხელი შეუშალა ვალდებულების დროულად შესრულებაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მეწარმე სუბიექტს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას ეკისრება გულმოდგინედ მოქმედების ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ მან უნდა გამოიჩინოს სათანადო გულისხმიერება და განახორციელოს ყველა შესაძლო ღონისძიება ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, წინასწარ განჭვრიტოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული რისკები და მიიღოს სათანადო ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად.

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები შეიძლება ცდებოდეს მისი კონტროლის სფეროს, თუმცა ეს ისეთი გარემოებებია რაც არის წინასწარ განჭვრეტადი და მეწარმის მიერ წინდახედულობის ნორმების სათანადოდ დაცვის პირობებში, ექვემდებარება გათვალისწინებას და მისი მიზეზით ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილებას. შესაბამისად, გონივრულად ივარაუდება, რომ სავარაუდო რისკები და პრობლემები მოპასუხის მიერ ჩვეულებრივ წინდახედულობის ნორმების დაცვით, თავიდანვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

 

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ბრალის გამომრიცხველი გარემოებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. შესაბამისად, არ იქნა გაზიარებული.

 

2.10. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე და განისაზღვრა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ით, რაც შეადგენს სასარჩელო მოთხოვნის თანხას - 12 144.80 ლარს.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

დადგენილია ფაქტი მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულების შესახებ, ამასთან, დადგენილია, რომ აღნიშნული განპირობებული არ იყო საპატიო მიზეზით. მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, რაც შეადგენს 12144.80 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შეთანხმებით თავად მოსარჩელემ თქვა უარი 2 680 ლარის ნაწილში მომსახურების მიღებაზე და ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 61 920 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული ნორმა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს. სასამართლო მიუთითებს რომ სამართალ ურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალ ურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია. შესაბამისად, ყველა იმ სამართალ ურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია, უფრო მეტიც, მიუხედავად სამართალ ურთიერთობის კერძო სამართლებრივი ბუნებისა, კერძო სამართლის სუბიექტების მხრიდან კონტრაგენტი ძლიერი მხარის, სახელმწიფოს ქმედებების მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებს.

 

ამდენად, მხარეთა მოსაზრებების, კეთილსინდისიერების პრინციპისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეჯერების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ამ მოცულობით არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შ-- „ს--------------ს“ მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საერთო ჯამში პირგასამტეხლოს სახით 5 000 ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება როგორც პირგასამტეხლოზე შეთანხმება, ასევე მისი დარიცხვის საფუძვლის არსებობა. აპელანტის აზრით, დასახელებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის პირობებში სასამართლოს პირგასამტეხლო არ უნდა შეემცირებინა და მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებშ პირგასამტეხლოს იყენებს არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად. აპელანტი ყურადღებას იმ გარემოებაზეც ამახვილებს, რომ კონტრაჰენტს პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით ხელშერულების გაფორმების ეტაპზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართებულობა უნდა შემოწმდეს, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის თვალსაზრისით, კერძოდ უნდა ჩაითვალოს თუ არა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და არსებობს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში სკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე მისი შემცირების წინაპირობები.

 

- საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:

- 09.11.2017 წელს ერთი მხრივ ს----------–----–-----------------------------ს და მეორე მხრივ შ-- ,,ს--------------ს’’ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #7-- ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საგანსაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ციმციმა-ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობების შესყიდვა და მონტაჟი წარმოადენდა. შესყიდვის ღირებულება 64 600 ლარით განისაზღვრა.

- მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობების შეუსრულებლობის ან/და კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველის უფლებად განისაზღვრა: ა) არაჯეროვანი შესრულებისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებლისთვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10 %-ის ოდენობის ჯარიმის დაკისრება.

- 29.12.2017 წელს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება N1 09.11.2017 წლის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლითაც შ-- ,,ს--------------ს’’ შესყიდვის ობიექტის მიწოდებისთვის დამატებითი ვადა დაუწესდა, რომელიც 08.02.2018 წლის ჩათვლით მოქმედებდა. ამავე შეთანხმებით დადგინდა მიმოწდებლისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვა, ხელშეკრულების 10.4 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად.

- 30.03.2018 წელს მხარეებს შორის შეთანხმება #2 გაფორმდა, რომლითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ერთეულის ფასი, მიწოდების და მონტაჟის ვადა განისაზღვრა.

- 2018 წლის 16 ნოემბერის შეთანხმებით 09.11.2017 წლის ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების ღირებულება 2 680 ლარით შემცირდა და საბოლოოდ, ხელშეკრულების ღირებულება 61 920 ლარით განისაზღვრა.

- უდავოა, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს 13.02.2018 წელს 7600 ლარის ღირებულების, 10.03.2018 წელს 6080 ლარის ღირებულების, ხოლო 28.03.2018 წელს 48240 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა.

- უდავოა, რომ შ-- ,,ს--------------მა’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ვადა დარღვევით, თუმცა, მაინც შეასრულა.

4.1.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი გაზიარების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება შესაძლო ზიანს აღემატებოდეს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.

 

პირგასამტეხლო მოთხოვნის დამატებითი უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა, კერძოდ, მოდავე მხარეები მათ შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენაბაზე შეთანხმდნენ.

 

საგულისხმოა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას არ წარმოადგენს და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა ვალდებულების დარღვევა, რაც შესყიდვის ობიექტის ვადის დარღვევით მიწოდებაში გამოიხატა სადავო არ არის, შესაბამისად, სასამართლოს მიერ შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება წარმოადგენს.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პალატა შენიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. ამით აიხსნება ის, რომ ზოგადი წესით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება იმ ფარგლებში, რომელიც ვერ დაიფარა პირგასამტეხლოთი. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, დარღვევის შედეგებს მიეკუთვნება არა მხოლოდ ქონებრივი ზიანი, არამედ კრედიტორის არაქონებრივი უფლებებისადმი მიყენებული ზიანი.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე კრედიტორის ეკონომიკური ინტერესი. აღნიშნულ გარემოებებზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც გულისხმობს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიმწოდებელმა ორგანიზაციამ დამკვეთს 09.11.2017 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი ვადა დარღვევით, თუმცა მაინც მისაღები ხარისხით მიაწოდა, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ 09.11.2017 წლის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მხარეებს შორის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებები გაფორმდა, რომლითაც შემსყიდველმა შეთანხმებაში მითითებულ ვადაში შესყიდვის ობიექტის მიწოდებაზე თანხმობა გამოთქვა, ანუ, დამატებითი შეთანხმებების გაფორმებით მხარეებმა ხელშეკრულების საგნის დაგვიანებით მიღებაზე გამოხატეს ნება. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც დამატებითი შეთანხმებების გაფორმების ეტაპზე შემსყიდველი ორგანიზაციისთვის უკვე ცალსახა იყო მიმწოდებლის მხრიდან 09.11.2017 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში (45 დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან) ნასყიდობის საგნის მიწოდების შეუძლებლობის შესახებ, ასეთ მოცემულობაში მხარესთან მიწოდების ვადის გაგრძელებით შემსყიდველი ორგანიზაცია მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესრულების ვადაში შესრულების შეუძლებლობის შესახებ წინადადებაზე დაეთანხმა და გამოხატა თანხმობა ნასყიდობის საგნის დაგვიანებით მიღებაზე. მიმწოდებელმა ორგანიზაციამ ნასყიდობის საგანი შემსყიდველს მისთვის მისაღები ხარისხით მიაწოდა, მეტიც, საქმის მასალებით დადასტურებული ვერ იქნა ნასყიდობის საგნის დაგვიანებით მიწოდების შედეგად ზიანის დადგომის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის გაფორმებულ 2018 წლის 30 მარტის შეთანხმებაზე, საიდანაც დგინდება, რომ მოსარჩელე მხარემ (შემსიდველი) ის კუთვნილი ავტომობილები, რომლებიც უნდა აღეჭურვა ამ აპარატურით (რომელიც დაგვიანებით მიაწოდა მოპასუხემ), გადასცა სხვა უწყებას და ფაქტია, რომ ამ აპარატურის მონტაჟის სამუშაოები, რომლებიც ასევე უნდა შეესრულებინა მოპასუხე მხარეს მისი მონტაჟი აღარ განუხორციელებია. აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობა დასტურია იმ გარემოებისა, რომ მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ აპარატურის დავიანებით მიწოდებას რაიმე ზიანი არ მიუყენებია. ამგვარად ამ ვითარებაში პალტა ასკვნის, რომ სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემსყიდველის დარღვეული უფლების აღდგენის მიზნებისთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შემცირების შედეგად განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 5 000 ლარი, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია, შესაბამისად არ არსებობს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების და მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს 12 144.80 ლარამდე გაზრდის საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს----------–----–-----------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე /ვანო წიკლაური /