განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.08.2019
საქმის ნომერი
330210016001530937
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
06.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001530937

საქმე №2ბ/4839-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი

 

აპელანტი - სს ,,სადაზღვევო კ-------- უ------ი“

წარმომადგენელი - ლ--–- ქ---–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ს----–-–----- ს------–----- დ-–-------–---- გ-----------–----- ზ------------–----- დ--------------

წარმომადგენლები - ა------- ჯ--------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება;

 

1.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

_ სს ,,სადაზღვევო კ-------- უ------ს“, ს----–-–----- ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 10,589 ლარისა და 90 თეთრის, ხოლო პირგასამტეხლოს სახით 13290 ლარისა და 45 თეთრის ანაზღაურება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ს----–-–----- ს------–----- დ-–-------–---- გ-----------–----- ზ------------–----- დ--------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სს ,,სადაზღვევო კ-------- უ------ს” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ს----–-–----- ს------–----- დ-–-------–---- გ-----------–----- ზ------------–----- დ--------------ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 10589.09 ლარის ოდენობით. სს ,,სადაზღვევო კ-------- უ------ს” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ს----–-–----- ს------–----- დ-–-------–---- გ-----------–----- ზ------------–----- დ--------------ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო 1423.17 ლარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. შპს ,,სადაზღვევო კ-------- უ------ის’’ უფლებამონაცვლეა სს ,,სადაზღვევო კ-------- უ------ი’’.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

2.2. 2015 წლის 29 იანვარს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ს----–-–----- ს------–----- დაწესებულებას გ-----------–----- ზ------------–----- დ-------------სა და სს „სადაზღვევო კ-------- უ------ს’’ შორის დაიდო ს----–-–----- შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

 

2.3. 2015 წლის 30 იანვარს სს „სადაზღვევო კ-------- უ------ის’’ მიერ გაიცა სადაზღვევო პოლისი N1295536, რომლის თანახმადაც, დაზღვეული იქნა გ-----------–----- ზ------------–----- დ--------------ს ბალანსზე რიცხული 74 ერთეული ავტომანქანა, მათ შორის „ტოიოტა ჰაილუქსი’’ (ს----–-–----- ნომრით - GD 0-- II).

 

2.4. ს----–-–----- შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრა მომსახურების გაწევის ვადა 11 თვით.

 

2.5. სადაზღვევო თანხის ოდენობა გ-----------–----- ზ------------–----- დ--------------ს ბალანსზე რიცხულ „ტოიოტა ჰაილუქსზე’’ (ს----–-–----- ნომრით - GD 0-- II) შეადგენს 32 632.57 ლარს.

 

2.6. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეებმა ხელშეკრულების 15.1. მუხლით გაითვალისწინეს პირგასამტეხლო და მისი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ს----–-–----- შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N30;

- სადაზღვევო პოლისი N1295536;

 

2.7. დ----- ძ--–----ე 2015 წლის 13 ოქტომბრიდან დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ს----–-–----- ს------–----- დ-–-------–---- გ-----------–----- ზ------------–----- დეპარტამენტის დასავლეთ ს------–----- დ-–-------–---- გ-----------–----- ზ------------–----- დ--------------ს დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს გ-----------–----- სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროს სპეციალისტად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდგეგ მტკიცებულებებს:

- 13/10/2015 წლის ბრძანება;

- 08/12/2015 წლის ბრძანება;

 

2.8. 2015 წლის 16 ნოემბერს დაახლოებით 00:55 სთ-დან - 01:30 სთ-მდე დ----- ძ--–----ე დაზღვეული ავტომობილით მოძრაობდა ქალაქ ქუთაისში, გ--–-თის ქუჩაზე, მოწამეთას ეკლესიის მიმართულებით, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შეეჯახა გ--–-თის ქუჩის N1---ში მდებარე სახლის ეზოს ჭიშკარს.

 

2.9. დ----- ძ--–----ე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.10-ე მუხლით გათვალისწინებული მანევრირების წესების დარღვევისათვის ცნობილია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემა;

- ქვითარი N787097;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.10. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება და დაადგინა, რომ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მოსარჩელეს მიადგა ქონებრივი ზიანი 10589.09 ლარის ოდენობით, რაც გამოიხატა დაზიანებული ავტომობილის ნაწილების შესაკეთებლად საჭირო თანხების ჯამური ოდენობით.

 

სასამართლოს ამგვარი დასკვნის საფუძველი მისცა საქმეში არსებულმა წერილობითმა მტკიცებულებებმა, კერძოდ, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულების 16.2.2. მუხლის თანახმად, ავტოტრანსპორტის დაზიანებისას ზიანის ოდენობა დაანგარიშდება მზღვეველის ექსპერტის მიერ შედგენილი და/ან დაზღვეულის მიერ წარმოდგენილი კალკულაციის საფუძველზე. მართალია, საქმეში წარმოდგენილია, ორივე მხარის მიერ შედგენილი კალკულაცია, თუმცა მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გაზიარებული უნდა იქნეს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება, რიგი მიზეზების გამო: უპირველესად, მოსარჩელე მხარის მიერ კალკულაცია შედგენილია 24.11.2015წ., ხოლო მოპასუხემ კალკულაცია შეადგინა სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 1 წლის გასვლის შემდგომ 17.11.2016წ.. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზღვეული ავტომობილი გამოშვებულია 2012 წელს, ხოლო სადაზღვევო შემთხვევა დადგა 16.11.2015წ. (სავარაუდოდ 3 წლიან საგარანტიო პერიოდში). ხელშეკრულების 8.1.6 მუხლის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს შეკეთების ღირებულების კალკულაცია, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, ხოლო 8.2.2. მუხლის საფუძველზე, შემსყიდველს უფლება აქვს უარი თქვას უხარისხო საქონლის მიღებაზე. ამასთან, ხელშეკრულების 16.4.12. მუხლის შესაბამისად, მზღვეველს შეუძლია უარი თქვას ისეთი შეკეთების ხარჯების ანაზღაურებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის გაუმჯობესებას, სადაზღვევო შემთხვევამდე მის მდგომარეობასთან შედარებით. მოცემულ შემთხვევაში, ფაქტი გაუმჯობესების თაობაზე ვერ დასტურდება. ზემოაღნიშნული მსჯელობის გამო, სასამართლო ზიანის მოცულობის განსაზღვრისას დაეყრდნობა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სს „ე------- სერვისის“ მიერ შედგენილ კალკულაციას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს „ე------- სერვისის’’ კალკულაცია N4251;

- ს----–-–----- შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N30;

 

2.11. საქმის მასალებით სასამართლომ დაადგინა რომ მძღოლის ბრალეულობა გამოიხატა გაუფრთხილებლობაში. ბრალეულობის საკითხის შეფასებისას სასამართლო მხედველობაში იღებს, შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: დაზღვეულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი; ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში; მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით საკუთარ ზოლში; შემთხვევა მოხდა ღამით, უამინდობისას; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ამ ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მძღოლის მხრიდან უხეშ გაუფრთხილებლობას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მძღოლის ბრალეულობის საკითხის განსაზღვრისას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მანევრირების წესების დარღვევას - გამოიწვევდა ჩაძინება, თუ წამიერი გათიშვა, რადგან საკითხის გადაწყვეტისას უმთავრესია ის, რომ არ დგინდება მძღოლის მხრიდან მეტისმეტი დაუდევრობა და აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნების უჩვეულოდ მაღალი ხარისხით დარღვევა, რაც გამორიცხავს მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემა;

- ქვითარი N787097;

- საპატრულო პოლიციისათვის მიცემული ახსნა-განმარტებები;

- მოწმეთა ჩვენება;

 

2.12. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება არასწორი ინფორმაციის წარდგენის გამო (ხელშეკრულების 16.4.4. მუხლზე მითითებით) ანაზღაურების ვალდებულებაზე უარის თქმის გამორიცხვის თაობაზე.

 

მართალია, მხარის მიერ წარმოდგენილია სატელეფონო ჩანაწერი, სადაც მითითებულია ჩაძინების ფაქტი, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სატელეფონო ჩანაწერში ინფორმაციას აწვდის არა მძღოლი, არამედ გვერდით მჯდომი პირი - გ--–- ნ-–--–-–---–ი, რომლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება არ შეიძლება შეფასდეს არასწორი ინფორმაციის მიწოდებად. ამასთან, დ----- ძ--–----ის მიერ საპატრულო პოლიციისათვის მიცემული ახსნა-განმარტებაც ვერ იქნება მიჩნეული სადაზღვევო კომპანიისათვის სახელმძღვანელო ინფორმაციად, ვინაიდან მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და შესაბამისად, ხელშეკრულებით იყო დარეგულირებული ინფორმაციის მიწოდების წესი. საქმეში წარმოდგენილია 17.11.2015წ. განაცხადი, სადაც დ----- ძ--–----ე განმარტავს საგზაო მოძრაობის დარღვევის მიზეზს ხელშეკრულებით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად. ამასთან, სასამართლო ხელშეკრულებისა და მისი არსებითი პირობების გაცნობის შედეგად ასკვნის, რომ მიუხედავად ჩაძინებისა თუ წამიერი გათიშვის შემთხვევისა, სადაზღვევო შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას, შესაბამისად სახეზე არ გვაქვს ხელშეკრულების 16.4.4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 17.11.2015 წლის დ----- ძ--–----ის განაცხადი;

- სატელეფონო ჩანაწერი

 

2.13. ს----–-–----- შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N30 ამომწურავად განსაზღვრავს 16.4 პუნქტით იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, რომლებიც შეიძლება არ იქნას ანაზღაურებული მიმწოდებლის მიერ. ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ ადგენს სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციისაგან განსხვავებულ წესრიგს და ხელშეკრულებით დამზღვევის ბრალეულობის საკითხი სსკ-ის 829-ე მუხლის შესაბამისად არის მოწესრიგებული, რომლის თანახმადაც დამზღვევის ბრალეულობის შემთხვევაში ანაზღაურებას არ ექვემდებარება, მხოლოდ განზრახვა ან უხეში გაუფრთხილებლობა. კანონმდებლისა და მხარეთა მიერ შეთანხმებული არსებითი პირობების შესაბამისად მხარეებმა გაუფრთხილებლობა, რომელიც არ ექცევა უხეში გაუფრთხილებლობის დეფინიციაში დაუქვემდებარეს ანაზღაურებას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - ს----–-–----- შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N30;

 

2.14. ფაქტია, რომ სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე სს ,,სადაზღვევო კ-------- უ------ს’’ წერილობით ეცნობა 2015 წლის წლის 17 ნოემბერს და გარდა ამისა, დამზღვევმა დამატებით 2-ჯერ მიმართა მზღვეველს ცნობა-კალკულაციის შედგენის მოთხოვნით.

 

2.15. 2016 წლის 1 აპრილისათვის დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის მიწოდებულია სრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის მოცულობისა და ანაზღაურების საკითხის განსახილველად.

 

2.16. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება პირგასამტეხლოს ათვლის თარიღის განსაზღვრის თაობაზე და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ათვლა უნდა დაიწყოს 06.04.2017 წლიდან, მას შემდეგ რაც მზღვეველს მიეწოდა სრული ინფორმაცია და დოკუმენტები სადაზღვეო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ხარისხის განსაზღვრისათვის.

 

სასამართლოს დასკვნის საფუძველს აძლევდა ხელშეკრულების 7.2.3, 8.1.8. და 16.1.13 მუხლები, ამასთან, კანონისმიერი დანაწესი (სსკ-ის 814-ე მუხლი) მზღვეველს ანიჭებს შესაძლებლობას მოითხოვოს ყოველგვარი ცნობა, რომელიც საჭიროა სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად და ამავდროულად ანიჭებს უფლებას აანაზღაუროს შემთხვევა საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდგომ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 17.11.2015 წლის დ----- ძ--–----ის განაცხადი;

- 19.02.2016 და 01.04.2016 წლის მიმართვები;

- 27.01.2016 და 06.04.2016 წლის მიმართვის პასუხები;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.17. სასამართლომ მიუთითა, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (მუხლი 316.1). ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (მუხლი 317.1). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.

 

2.18. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების საფუძველია დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათის სადაზღევევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

 

2.19. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დაზღვევის ხელშეკრულების სინალაგმატური ბუნება მხარეებისათვის ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების დაკისრებით გამოიხატება. მზღვეველი უფლებამოსილია მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა და ვალდებულია აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ვალდებულია შეთანხმებული ჯერადობითა და ოდენობით იხადოს სადაზღვევო პრემია.

 

2.20. 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

 

2.21. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს.

 

2.22. სსკ-ის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. ამავე კოდექსის 821-ე მუხლის შესაბამისად, მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში. სსკ-ის 820-835 მუხლები აწესრიგებს ქონების დაზღვევის საფუძველზე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს. ქონების დაზღვევას ახასიათებს გარკვეული თავისებურებები, რომელიც მას მკვეთრად მიჯნავს დაზღვევის სხვა სახეებისაგან. დაზღვევისათვის ფუძემდებლური ანაზღაურების პრინციპი (Principle of indemnity) ყველაზე მკაფიო გამოხატულებას, სწორედ ქონების დაზღვევაში ჰპოვებს. ანაზღაურების პრინციპის მიზანია დამზღვევი ჩააყენოს იმავე მდგომარეობაში, რომელშიც ის ზიანის დადგომამდე იმყოფებოდა. დაზღვევის მომწესრიგებელ ნორმებში დადგენილია ანაზღაურების პრინციპიდან ნაწარმოები ქონების დაზღვევის უმთავრესი პრინციპები: ანაზღაურება დამდგარი ზიანის ფარგლებში (826-ე მუხლი), ზიანის ფულადი ფორმით ანაზღაურება (820-ე მუხლი), ზიანის ანაზღაურება სადაზღვევო თანხის ფარგლებში (821-ე, 822.1-ე და 827.1-ე მუხლები), სადაზღვევო თანხის განსაზღვრა ქონების ეკონომიკური ღირებულების მიხედვით (823-ე მუხლი) და სუბროგაცია (832-ე მუხლი).

 

2.23. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა ქონების დაზღვევის ხელშეკრულება, კერძოდ: ს----–-–----- შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება და დაზღვეული იქნა 74 ერთეული ავტომანქანა, მათ შორის ,,ტოიოტა ჰაილუქსი’’ (ს----–-–----- ნომრით - GD 0-- II). სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტომობილი, სწორედ აქედან წარმოშობილი ზიანის ფულადი ფორმით ანაზღაურებას ითხოვს მოსარჩელე მხარე, რაზეც უარს აცხადებს მზღვევლი სსკ-ის 829-ე მუხლსა და ხელშეკრულების 16.4 მუხლზე მითითებით.

 

2.24. სსკ-ის 829-ე მუხლის მიხედვით, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ეს ნორმა დაზღვევის ფუნდამენტალურ პრინციპს განამტკიცებს. აღნიშნული პრინციპი სადაზღვეო ინტერესის სახელით არის ცნობილი და დამზღვევს დაზღვევის ობიექტისადმი ზრუნვის ვალდებულებას აკისრებს.

 

2.25. სასამართლომ განმარტა, რომ სადაზღვევო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, რის გამოც, მხარეები სადაზღვევო შემთხვევას არსებითი პირობების სახით წინასწარ განსაზღვრავენ ხელშეკრულებაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისათვის განმსაზღვრელ ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენს ის თუ, რამდენად ინარჩუნებს სადაზღვევო შემთხვევა დამოუკიდებლობას თავად დაზღვევის ნებისაგან, საგულისხმოა, რომ ეს მოთხოვნა ხელშეკრულების ორივე მხარის მიმართ ვრცელდება. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესაძლებლობა არ უნდა ექცეოდეს მხარეთა გავლენის სფეროში.

 

2.26. აღწერილობითი ნაწილის 3.2.2 პუნქტით დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია დ----- ძ--–----ის ბრალეულმა ქმედებამ, რის გამოც შესაფასებელია მძღოლის ბრალეულობის ხარისხი და შესაბამისად, სსკ-ის 829-ე მუხლის საფუძველზე ანაზღაურების ვალდებულების განსაზღვრა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მძღოლის ბრალეულობა გამოიხატა გაუფრთხილებლობაში. ბრალეულობის საკითხის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი ფაქტები: (i) დაზღვეულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი; (ii) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას; (iii) ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგოარეობაში; (iv) მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით საკუთარ ზოლში; (v) შემთხვევა მოხდა ღამით, უამინდობისას; (vi) ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ამ ფაქტების ერთობლიობა, საქმის მასალების გათვალისწინებით, იძლევა დამზღვევის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაზღვევო შემთხვევა ექვემდებარება მზღვეველის მხრიდან ანაზღაურებას და არ არსებობს სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დისპოზიცია. მძღოლის ქმედება არ შეიძლება შეფასდეს წინდახედულობის ნორმის უხეშ დარღვევად. უზენაესი სასამართლო საქმეზე №ას-745-713-2014 განმარტავს: „სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. აღნიშნული მსჯელობისა და გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტის შესაბამისად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო გამორიცხავს სსკ-ის 829-ე მუხლის საფუძველზე დამზღვევის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნევას და ამ საფუძვლით ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმა მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას.

 

2.27. სსკ-ის 814-ე მუხლის შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. ამასთან, მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა. მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება განმტკიცებულია, როგორც კანონით ასევე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. მოპასუხე მხარე სწორედ არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე აპელირებს და ხელშეკრულების 16.4.4. მუხლის საფუძველზე გამორიცხავს ანაზღაურების ვალდებულებას, რასაც სასამართლო დადგენილი გარემოებების გამო ვერ გაიზიარებს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების 16.4. მუხლზე, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, რომლებიც შეიძლება არ იქნეს ანაზღაურებული მიმწოდებლის მიერ. მზღვეველის მიერ მითითებული ვერც ერთი გარემოება ვერ თავსდება ხელშეკრულების 16.4. მუხლით გათვალისწინებულ ჩამონათვალში, რის გამოც მოპასუხე მხარის უარი - ანაზღაურების გაცემაზე ეწინააღმდეგება, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ არსებით პირობებს, ასევე კანონით დადგენილ მზღვეველის ვალდებულებებს.

 

2.28. სასამართლომ მიუთითა 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. უპირველესად გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული, თუმცა ზიანის ოდენობა ამ შემთხვევაშიც მკაფიოდ უნდა განისაზღვროს. დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა უნდა განისაზღვროს დაზღვეული ავტომანქანის შეკეთებისათვის საჭირო თანხების ჯამური ოდენობით - 10 589.09 ლარით და სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.29. სასარჩელო მოთხოვნის მე-2 კომპონენტი ეხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევით გამოწვეული მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებით-სამართლებრივი საშუალების - პირგასამტეხლოს დაკისრებას (მუხლი 416).

 

2.30. პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (მუხლი 417). ამდენად, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ხელშეკრულების 15.1. მუხლის შესაბამისად მხარეთა მიერ ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო და მისი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ვალდებულების მოცულობის 0.5%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

2.31. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც კრედიტორს ანიჭებს პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლებას. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სსკ-ის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. როგორც უკვე აღინიშნა, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება.

 

2.32. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას. სწორედ ამაზე მიუთითებს სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (420-ე მუხლი). პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა)პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

2.33. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ვალდებულების 0.5 %-ის ოდენობით, რაც საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალ განაკვეთად უნდა ჩაითვალოს. ამიტომ, სასამართლო მოქმედებს რა სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულების დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია, ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში ნაცვლად მოთხოვნილი 0.5%-ისა უნდა განისაზღვროს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0.07%-ის ოდენობით.

 

2.34. პირგასამტეხლოს დარიცხვის ათვლის საკითხის განსაზღვრისას სასამართლომ იხელმძღვანელა ხელშეკრულების 7.2.3, 8.1.8. და 16.1.13 მუხლებითა და სსკ-ის 814-ე მუხლით, რომელიც, მზღვეველს ანიჭებს შესაძლებლობას მოითხოვოს ყოველგვარი ცნობა, რომელიც საჭიროა სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად და ამავდროულად ანიჭებს უფლებას აანაზღაუროს შემთხვევა საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდგომ და ამიტომ, მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ათვლა უნდა დაიწყოს 06.04.2017 წლიდან, მას შემდეგ რაც მზღვეველს მიეწოდა სრული ინფორმაცია და დოკუმენტები სადაზღვეო შემთხვევის შედეგად დამდარი ზიანის ანაზღაურების ხარისხის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, პირგასამტეხლო გაანგარიშებული უნდა იქნეს 1-- დღეზე, ნაცვლად მოთხოვნილი 251 დღისა. ამასთან, სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ დავის არსებითად განხილვისას, სამართლიანობის აღდგენის გარდა, სასამართლოს ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ამიტომ, სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სასამართლომ დააკმაყოფილა ნაწილობრივ 1423.17 ლარის ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ 1. განსახილველ დავაში ადგილი არ ჰქონია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის არსებობას და სახეზე არ იყო უხეში გაუფრთხილებლობა. 2. უხეში გაუფრთხილებლობა არ გამომდინარეობდა ხელშეკრულებიდან. 3. გაზიარებულ იქნა თუ არა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენება დაუდგენელია, გადაწყვეტილებაში არცერთი სიტყვა არაა ნათქვამი მოწმეთა ჩვენებების თაობაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის როგორც საპატრულო პოლიციის მასალებთან ასევე მზღვეველის ცხელ ხაზზე განხორციელებულ შეტყობინებასთან. 4. საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი კალკულაცია შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს და ხელშეკრულების მოთხოვნებს და მასში მითითებული იყო ავტომანქანის აღდგენის ღირებულების საბაზრო ფასი, შესაბამისასდ არ იქნა გაზიარებული მზღვეველის კალკულაცია. 5. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მსჯელობა.

 

აპელანტი განმარტავს, რომ პირველ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით არასწორად იქნა დადგენილი და განმარტებული უხეში გაუფრთხილებლობა, სასამართლომ ჩათვალა რომ სახეზე იყო გაუფრთხილებლობა და არა უხეში გაუფრთხილებლობა და რომ ჩაძინება არ არის უხეში გაუფრთხილებლობა, მაშინ როდესაც ამ საკითხზე სასამართლოს მიერ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, კერძოდ 2016 წლის 25 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმე №2/11149 -16 გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,სასამართლო განმარტავს, რომ განხრაზი ან უხეში გაუფრთხილებლობა შეფასებითი კატეგორიაა და მისი დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის მონაწილის – პირის, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მოძრაობის პროცესში, კონკრეტული მოქმედებების დადგენით და აღნიშნული მოქმედებებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი დამოკიდებულებით. პირის რაიმე სახით არსებული უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა, რომელსაც ადილი აქვს მომეტებული საფრთხის შემცველი სატრანპორტო საშუალების მართვისას აღიქმება უხეშ გაუფრთხილებლობად, ვინაიდან საგზაო მოძრაობისას კანონით დადგენილი უსაფრთხო მანევრირება, თუ მოძრაობისას შესაბამისი წინდახედულობის გამოჩენა მძღოლის მხრიდან წარმოადგენს სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსს, რომელთა დაცვა მძღოლის ვალდებულებას წარმოადგენს და შესაბამისად, მისი დარღვევა შესაბამისი სანქციის გამომწვევი გარემოებაა. განსახილველ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იქნა „მძღოლის საჭესთან ჩაძინების გამო“ სასამართლო შენიშნავს, რომ ძილის მოგვრა არ ხდება მომენტალურად და „ძილის პროცესი” სრულ დასრულებამდე გრძელდება დაახლოებით რამდენიმე წუთის განმავლობაში. სწორედ ამ დროში ს-------- ნ--------ეს უნდა გამოეჩინა გონივრული წინდახედულობა და გაეჩერებინა ავტომანქანა, რითაც თავიდან აიცილებდა ავტოსაგზაო შემთხვევას. მძღოლს (ს-------- ნ--------ეს) ასეთ ვითარებაში გათვითცნობიერებული უნდა ჰქონოდა ისეთი რისკფაქტორები, რომლებიც გავლენას მოახდენდა მძღოლის მოქმედებაზე მაგალითად, დაღლილობა, უძილობა ა. შ. სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ მოქმედებათა ერთობლიობა მეტყველებს მოსარჩელე მხარის ბრალეულობაზე და თავის მხრივ გამორიცხავს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების სამართლებრივ საფუძველს“. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე N2ბ/443-17 და საკასაციო სასამართლოს მიერ კი დაუშვებლად იქნა ცნობილი. ამდენად არსებობს ერთი და იგივე სასამართლოს ორი გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია რომ ჩაძინება უხეში გაუფრთხილებლობაა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია და ასევე არსებობს მოსამართლე ლევან მიქაბერიძის გადაწყვეტილება რომელიც ამბობს, რომ ჩაძინება არ არის უხეში გაუფრთხილებლობა. ესე იგი ის, რომ ჩაძინება უხეში გაუფრთხილებლობაა უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა სასამართლოში.

 

ამასთან აპელანტი მიუთითებს, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის 25.10 მუხლის ,,თ" პუნქტზე, რომლის თანახმად ,,მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ (განსაკუთრებით გზის სველი ზედაპირის არსებობისას) შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლის დაკარგვა; ხოლო 33-ე მუხლის 1 და 2 პუნქტის თანახმად ,,1. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. 2. სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტაც მას შეუძლია, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს. საჯარო მოხელე, რომელიც პატრულირებს, ორმაგად ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები და ორმაგად ვალდებულია წინასწარ გაათვითცნობიეროს მომავალში მისი ქმედების შედეგები. ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ,,მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა.შ.“

 

3.2. მეორე ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით აპელანტი მიუთითებს, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად იყო თუ არა უხეში გაუფრთხილებლობა გამონაკლისში და თუ სასამართლო დაადგენდა რომ სახეზე იყო სწორედ ეს პირობა, მაშინ იგი ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა. აპელანტი მიუთითებს საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე: საკასაციო სასამართლოს მიერ №ას-1319-1257-2014 საქმეზე მითითებულია, რომ: ,,ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება (და მისი სპეციფიკური პირობები) არ შეიცავდა მითითებას დამზღვევის ბრალით (განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების მოვალეობის შესახებ, მძღოლის უხეში გაუფთხილებლობის პირობებში, სადაზღვევო კ--------ს არ ეკისრებოდა დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან დამზღვევის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებმა აღნიშნულისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების სურვილის არსებობისას (კერძოდ, ბრალის მიუხედავად მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულება), ამის შესახებ ხელშეკრულებაში პირდაპირ უნდა მიუთითონ. თუ ხელშეკრულებით მხარეები პირდაპირ არ გაითვალისწინებენ ამ პირობას (პირდაპირ არ შეთანხმდებიან დამზღვევის ბრალით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ), აღნიშნული შემთხვევა დარეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით, რომელიც განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი შემთხვევისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება არ შეიცავს დებულებას დამზღვევის ბრალის არსებობისას (ან ბრალის მიუხედავად) ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ავტოავარია გამოიწვია მძღოლის უხეშმა გაუფრთხილებლობამ („ავტოსაგზაო შემთხვევა განაპირობა მძღოლის მიერ მანევრირების წესების უგულებელყოფამ, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მას შეეძლო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. ამასთან, წარმოდგენილი ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ავტომობილი „შკოდა ოქტავია“ ს----–-–----- ნომრით … შეჯახებამდე მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით“). შესაბამისად, არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის შესაბამისად, უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევა (ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანი) არ ანაზღაურდება სადაზღვევო კომპანიის მიერ, თუ აღნიშნული გათვალისწინებული არ არის დაზღვევის ხელშეკრულებით“. განსახილველ შემთხვევაშიც სს ,,სადაზღვევო კ-------- უ------ს“ სადაზღვევო ხელშეკრულების შესაბამისად არ აუღია ვალდებულება, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის მიუხედავად დამზღვევის ბრალეულობისას აანაზღაურებდა დამდგარი ზიანს, შესაბამისად, რადგან ასეთი ჩანაწერი ხელშეკრულებაში არ არსებობს და ასევე არ არსებობს ჩანაწერი რომ მხოლოდ მითითებული გამონაკლისებია ის გამონაკლისები რაზეც მზღვეველს შეუძლია უარი თქვას ანაზღაურებვაზე, შესაბამისად უხეში გაუფრთხილებლობის სახეზე არსებობის შემთხვევაში მოპასუხე მხარე გათავისუფლებულია ანაზღაურების ვალდებულებისაგან. ზემოაღნიშნული კი წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოს მსჯელობასთან, რომ გამონაკლისები ხელშეკრულებაში გაწერილია და ამ გამონაკლისებში არ არის 829-ე მუხლი.

 

აპელანტი განმარტავს, რომ ჰქონდა თუ არა ადგილი ჩაძინების ფაქტს გადაწყვეტილებაში ორაზროვნად არის მითითებული, იკითხება რომ ჰქონდა ჩაძინების ფაქტს ადგილი, თუმცა ჩაძინება არ არის უხეში გაუფრთხილებლობა, აღნიშნული კი წინააღმდეგობაში მოდის როგორც საპატრულო პოლიციის მასალებთან ასევე მზღვეველის ცხელ ხაზზე განხორციელებულ შეტყობინებასთან. ამასთან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით ,,თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით".

 

საქმეში არსებული საჯარიმო ქვითრით დადგენილი და დადასტურებულია, რომ 2015 წლის 16 ნოემბერს მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია დ----- ძ--–----ის ბრალეული ქმედებით. აღნიშნული საჯარიმო ქვითარი არ გასაჩივრებულა და იგი დღეის მდგომარეობით ძალაშია, შესაბამისად მხარე სადაოდ არ ხდიდა მისი ბრალეულობის საკითხს. რაც შეეხება თავად შეჯახების მომენტს, დ----- ძ--–----ის მიერ მზღვეველთან შევსებულ განაცხადში მითითებულია: ,,ვმოძრაობდი ქ.ქუთაისში გ--–-თის ქუჩაზე, მოწამეთას მიმართულებით N1-- სახლთან მიახლოებისას მომენტალურად გავითიშე და საჭის დამორჩილება ვეღარ მოვახერხე, შევეჯახე აღნიშნული სახლის ეზოში შესასვლელ კარს, მოვასწარი დამუხრუჭება და სახლთან მიახლოებამდე ავტომანქანა გავაჩერე შესასვლელი კარიდან სახლამდე. მცირე მანძილი და ძლიერი დაღმართი იყო, ამიტომ იყო საშიშროება სახლზე შეჯახების". ხოლო საპატრულო პოლიციისადმი დ.ძ--–----ის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაში მითითებულია:,,როდესაც მივუახლოვდი გ--–-თის ქუჩაზე არსებულ N1-- საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიას მოულოდნელად ჩამეძინა, რის შედეგადაც ვერ უზრუნველყავი ჩემი ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, მომიცურდა ავტომობილი, გადავედი აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ეზოში, შედეგად დაზიანდა აღნიშნული სახლის რკინის ჭიშკარი და ე.წ. ,,ტალავერი". ამავე ახსნა-განმარტებაში დ----- ძ--–----ე აღიარებს მის ბრალეულობას და პირობას დებს სახლის მესაკუთრის მიმართ ზარალის ანაზღაურებაზე. ეხლა რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, ისევე როგორ მოსარჩელე მხარეს სასამართლოსაც მრავლად ექნება ნანახი სქემები, სადაც სავალდებულოდ საპატრულო პოლიციის მიერ ფიქსირდება და სპეციალური აღნიშვნით აღინიშნება მუხრუჭის კვალი, ასეთი სქემაზე არ არის, შესაბამისად მანქანა გაჩერებულია მუხრუჭების ხმარების გარეშე, რაც შეეხება მანძილს, ა/მანქანა „ტოიოტა ჰაილუქსი“, ს----–-–----- ნომრით: GD0--II გადასულია ცენტრალური გზიდან, შეჯახებულია რკინის ჭიშკარს, ,,გადაანგრია" ჭიშკარი, და ფაქტიურად 10 მეტრის შემდეგ არის გაჩერებული, ხოლო გაჩერების ადგილიდან სახლამდე დარჩენილია სულ რაღაც 5 მეტრი. ყველა ამ მტკიცებულებით ნათლად დასტურდება რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი 829-ე მუხლის პირობა, რაც მზღვეველს ანიჭებს უფლებამოსილებას უარი თქვას ანაზღაურების განხორციელებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის მიხედვით კი: ,,მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით“.

 

აპელანტი მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა დ----- ძ--–----ემ და გ--–- ნ-–--–-–---–მა არადამაჯერებლად უარყვეს საჭესთან ჩაძინების ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება საწინააღმდეგო, კერძოდ, მძღოლმა საპატრულო პოლიციას ახსნა-განმარტება მისცა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, იმ ემოციურ ფონზე რაც ახლავს თავად ავტოსაგზაო შემთხვევას და ეს არის ის სინამდვილე რაც მითითებულია ახსნა-განმარტებაში, ხოლო, წელიწად ნახევრის შემდგომ დამშვიდებულ მდგომარეობაში და იმ გარემოებაში როდესაც საქმე სასამართლოშია და მხარე ცდილობს გამოვიდეს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, მოწმეება 100% უარყვეს საპატრულო პოლიციისადმი მიცემული ჩვენება და ამტკიცებდნენ სრულიად საწინააღმდეგოს, ამის ერთადერთ მიზეზად კი დაასახელეს ის რომ ,,მარტივად მოიშორეს საპატრულო პოლიცია და იფიქრეს, რომ ჩაძინება უფრო მარტივი ფორმა იყო, ვიდრე მოძრაობის წესების დაღვევა და ასე უფრო მარტივად მიიღებდნენ ანაზღაურებას“. ვფიქრობთ ამდაგვარად ცდილობენ სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, თუმცა, სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ხოლო, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით".

 

ამასთან აპელანტი მიუთითებს, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.4 პუნქტის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად: ,,მიმწოდებლის მიერ არ ანაზღაურდება ზარალი თუ შემსყიდველი, (დაზღვეული) განზრახ მოახდენს გაყალბებას, რაიმე სარგებლის მიღების მიზნით“, რადგან სასამართლომ ჩათვალა რომ მძღოლს საჭესთან არ ჩასძინებია მაშინ მოქმედებს სწორედ ეს მუხლი რადგან დ----- ძ--–----ემ და გ--–- ნ-–--–-–---–მა მზღვეველს განზრახ მიაწოდეს ყალბი და მცდარი ინფორმაცია და, შესაბამისად, ზიანი მიაყენეს მიმწოდებელს. თუ დ----- ძ--–----ემ და გ--–- ნ-–--–-–---–მა განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს მზღვეველს და საპატრულო პოლიციას, რის საფუძველზეც მზღვეველმაც და საპატრულო პოლიციამაც მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისად მზღვეველი გათავისუფლებულია ანაზღაურების ვალდებულებისაგან, ხოლო თუ ზემოაღნიშნულმა პირებმა სასამართლოს მისცეს არასწორი ჩვენება საქმეზე მათ სასარგებლო გადაწყვეტილების დადგომის გამო ესეც ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოებაა. სასამართლომ მიუთითა რომ არც ახსნა-განმარტება და არც სატელეფონო ზარი და განაცხადი არ არის სადაზღვევო კომპანიისათვის სახელმძღვანელო ინფორმაცია, თუმცა არ მიუთითებია თუ რა მტკიცებულებით უნდა იხელმძღვანელოს მზღვეველმა და რა დოკუმენტს უნდა დაეყრდნოს და როგორ არის და ხელშეკრულების რომელ პუნქტში სახელმძღვანელო ინფორმაციის თაობაზე ჩანაწერი. ამასთან სასამართლო 3.2.3 პუნქტში მიუთითებს რომ ,,მიუხედავად ჩაძინებისა თუ წამიერი გათიშვის შემთხვევისა, სადაზღვევო შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას". ესეიგი სასამართლომ დაადგინა რომ სახეზე იყო ჩაძინება, თუმცა დაასკვნა რომ ჩაძინება არ არის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლოს გადაწყვეტილების წაკითხვისას რჩება განცდა, რომ სასამართლომ არ გაიზიარა არცერთი მოწმის ჩვენება, თუმცა არცერთ სიტყვას არ ამბობს ჩვენებების თაობაზე, ამ ჩვენებების საწინააღმდეგოდ დაადგინა, რომ ნამდვილად ადგილი ჰქონდა ჩაძინების ფაქტს, თუმცა ჩაძინება არ არის უხეში გაუფრთხილებლობა.

 

აპელანტი მიუთითებს საკასაციო სასამართლოს №ას-1217-1146-2012 საქმეზე სადაც მითითებულია: ,,გარემოება რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოსარჩელეს ბრალი არ მიუძღვოდა, გარდა თავად მოსარჩელის განმარტებისა, სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად ვერ გამოდგებოდა მის მიერ წარმოდგენილი ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რადგან იგი მთლიანად ეფუძნებოდა უშუალოდ გ.ხ.-ის მიერ აღწერილ გარემოებებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, ამასთან, ეს დასკვნა არ იყო კატეგორიული. ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის ბრალეულობა მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში სრულად დადასტურდა საჯარიმო ქვითრით, სქემით და საქმის სხვა მასალებით.“ ამადაგვარად, სასამართლომ არ გაითვალისწინა ექსპერტიზის დასკვნა რადგან იგი მხოლოდ მხარის მიერ მიცემულ განმარტებას ეფუძნებოდა და ჩვენს შემთხვევაშიც სასამართლომ არ უნდა გაითვალისწინოს მოწმეთა ჩვენება, რომლის საწინააღმდეგოდ საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რაც სხვა გარემოებებს ადასტურებს.

 

3.3. აპელანტის შეფასებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ასევე, ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი კალკულაცია შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს და ხელშეკრულების მოთხოვნებს და მასში მითითებული იყო ავტომანქანის აღდგენის ღირებულების საბაზრო ფასი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ხელშეკრულების 8.1.5 და 8.1.6 პუნქტების თანახმად: ,,მიმწოდებელს უფლება აქვს ავტოტრანასპორტის დაზიანებისას შეაკეთოს დაზიანებული ნაწილები თუ ისინი ექვემდებარება აღდგენას, შეადგინოს შეკეთების ღირებულების კალკულაცია (ნუსხა) დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე. შესაბამისად, სასამართლოში წარმოდგენილი იყო ჩვენს მიერ შპს ,,პრემიუმ მოტორსის" ინვოისი, რომლის ფასიც საგრძნობლად განსხვავებულია მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ინვოისისაგან და იგი შეადგენს 5691,75 ლარს. შესაბამისად, ჩვენს მიერ წარმოდგენილ ინვოისში მითითებული ოდენობა იყო რეალური საბაზღო ღირებულება, რადგან სს ,,ე------- სერვისის" კალკულაციაში არ არის მითითებული რა ნაწილებზეა საუბარი ახალ ორიგინალზე, ახალ არაორიგინალზე თუ მეორადზე, ასევე, ფასები არ შეესაბამება ბაზარზე არსებულ ფასებს. რაც შეეხება აღდგენით ღირებულებას, რადგან დაზღვეული ავტომანქანა არ იმყოფებოდა საგარანტიო პერიოდში, შესაბამისად ავტონაწილების ფასებისა და სამუშაოების ფასების დათვლა უნდა განხორციელებულიყო არაავტორიზებული სერვის ცენტრების მიერ ბაზარზე არსებული ფასებით, რაც კიდეც წარმოდგენილი იყო ჩვენს მიერ, თუმცა არ იქნა გაზიარებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. საწინააღმდეგოდ სასამართლომ 3.2.1. პუნქტში მიუთითა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა დადგა სავარაუდოდ 3 წლიან საგარანტიო პერიოდში, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარია რას ნიშნავს სავარაუდო საგარანტიო პერიოდი, რადგან თუ ავტომანქანა გარანტიაზეა ამის თაობაზე დილერი კომპანიის მიერ გაიცემა ცნობა, რომ ავტომანქანა დგას საგარანტიო აღრიცხვაზე, ასეთი კი საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა რადგან არ იყო საგარანტიო აღრიცხავზე, წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ შეფასდებოდა ავტომანქანა სს ,,ე------- სერვისში" და არა ,,ტოიოტას" ცენტრში, აქ ისმის ლოგიკური კითხვა, ტოიოტას ცენტრი დაწერდა ორჯერ და სამჯერ მეტ ფასს, ვიდრე დაწერა სს ,,ე------- სერვისმა" და გამოდის რომ მოსარჩელეს დიდი სურვილი ჰქონდა ნაკლები ანაზღაურების მიღების? არა რა თქმა უნდა, მოსარჩელემ მანქანა შეაფასა არაავტორიზებულ სერვის ცენტრში, რადგან დაზიანებული ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარანტიაზე არ იმყოფებოდა. ავტომანქანა გამოშვებულია 2012 წელს არ ნიშნავს იმას, რომ 16.11.2015 წელს იგი გარანტიაზე იყო, თუ 3 წლიან პერიოდს იღებს სასამართლო გარანტია მას მოეხსნა 2015 წლის 1 იანვრს და ასეც რომ არ იყოს, გარანტია იზომება წლოვანებით და გარბენით 100 000 კმ, რომელიც ადრე დადგება და ამის დადასტურება შეუძლია მხოლოდ ტოიოტას ცენტრს, შესაბამისად, მკითხაობა და ალბათობა ვერ შეცვლის ცენტის მიერ გაცემულ ცნობას გარანტიაზე ყოფნა არ ყოფნის თაობაზე.

 

აპელანტისთვის, გაუგებარია რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მოსარჩელე მხარის შეფასება და არა მოპასუხე მხარის შეფასება, რადგან ჩვენს მიერ წარმოდგენილ შპს ,,პრემიუმ მოტორსის" შეფასებაში სწორედ ის ნაწილები და სამუშაოებია ჩამოთვლილი რაც მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ შეფასებაში, ყველა ნაწილი თავისი დასახელებით გადმოტანილია და ერთი ერთში ემთხვევა მოსარჩელის ინვოისს, რაც არ ემთხვევა არის ის, რომ მათ მიერ წარმოდგენილ შეფასებაში მითითებულია: ორიგინალია თუ არაორიგინალი, ახალია თუ მეორადი და შესაბამისად, ფასებიც განსხვავებულია. ეხლა ისმის კითხვა, რა ლოგიკით დაადინა სასამართლომ, რომ 1 წლის შემდგომ გაკეთებული შეფასება არ არის საბაზრო ღირებულებით დათვლილი, მაშინ როდესაც საქართველოში ყველა თვე ფასები მატულობს, სასამართლოს უნდა გვითხრას, რომ 1 წლის წინანდელი შეფასება უფრო დიდი ფასით საბაზრო ღირებულებითაა და 1 წლის შემდგომი ფასი არაა საბაზრო ღირებულებით? რადგან ავტომანქანა არ იყო ცენტრის გარანტიაზე მას არც ახალი ორიგინალი ნაწილები არ ეკუთვნოდა, შესაბამისად, რადგან მოსარჩელის შეფასებაში არ არის მითითებული ნაწილები ახალია თუ მეორადი უნდა ვიგულისხმოთ რომ მითითებულია ახალი და შესაბამისად ახლის ფასი, რაც არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, ესეიგი დგინდება რომ მზღვეველს მოუწევს არა რეალური ღირებულების გადახდა არამედ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ფასებით ზარალის ანაზღაურება, რაც წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოსავე 6.6. პუნქტის დასაბუთებასთან. შეფასება, რომელმაც სასამართლოს დაანახა რეალური სურათი, რადგან მასში დაზუსტებით არის მითითებული თუ ახალ ორიგინალ ნაწილზეა საუბარი თუ მეორადზე ან არაორიგინალზე ეს არის შპს ,,პრემიუმ მოტორსის" მიერ შედგენილი კალკულაცია, რასაც ვერ შეცვლის და მის გასაბათილებლად ვერ გამოდგება სს ,,ე------- სერვისის" შეფასება, რომელიც არასრული და არაზუსტია.

 

3.4. რაც შეეხება პირგასამტეხლოს აპელანტმა მიუთითა იდენტურ დავაზე №2ბ/248-18. საქმეზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რომ ,,პალატა შენიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს არსებული ფულადი ვალდებულებიდან და არა იმ თანხიდან, რაც სასამართლომ დააკისრა ან შეიძლება დააკისროს პირს არსებული ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის სახით, რადგანაც სადავოდ გახდომის შემთხვევაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი აღარ წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად ვალდებულებას, არამედ იგი წარმოადგენს იმ თანხას, რაც სასამართლომ დააკისრა ან შეიძლება დააკისროს მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პალატა განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში მზღვეველს დაყოვნებული თანხის პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს მის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა, რაც სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. ნებისმიერ ანაზღაურებაში თუ ანგარიშწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას, არ შეიძლება მოვიაზროთ ყველა სახის ზიანი, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მზღვეველისთვის დაკისრებული თანხა წარმოადგენს არა სახელშეკრულებო შეთანხმების, არამედ დამდგარი ზიანის ანაზღურების სახეს". შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობაც პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდის უკვე დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკასთან და შესაბამისასდ მზღვეველს არ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა.

 

3.5. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახად:,,დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად." თუმცა, სამართლოსმიერი ინტერპრეტაციით, ფაქტობრივად, გამოყენებული იქნა საწინააღმდეგოს დასასაბუთებლად. სასამართლომ ამ მუხლის გასამყარებლად მიუთითა სკ-ის 814-ე მუხლი და ჩათვალა რომ მხლოდ სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინებით ამოწურა მოსარჩელემ ყველა ვალდებულება მზღვეველის წინაშე და მხოლოდ სატელეფონო შეტყობინება საკმარისია და ჩათვლილია რომ შესრულდა ხელშეკრულების ყველა პირობა.

 

ასევე, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა: საქართველოს კანონის დაზღვევის შესახებ მე-2 მუხლის ,,ი " პუნქტის თანახმად:,, სადაზღვევო რისკი არის - მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა", ხოლო ,,კ" პუნქტის თანახმად ,,სადაზღვევო შემთხვევა არის - მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას". განსახილველი შემთხვევა კი არ არის სადაზღვევო რისკი და იგი არ შეიცავს შემთხვევითობის ნიშნებს. ანალოგიური განმარტებაა მითითებული ხელშეკრულების მე-2 მუხლში სადაზღვევო შემთხვევისა და სადაზღვევო რისკის განმარტებაში.

 

აპელანტი მიუთითებს სკ-ის 316-ე, 317-ე: 319-ე: 327-ე: 338-ე: 361-ე: მუხლებზე და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლების გამოუყენლობამ გამოიწვია ის, რომ სასამართლომ მიიღო არაკანონიერი გადაწყვეტილება, რადგან მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე, აიღეს ერთმანეთის მიმართ ვალდებულებები და გაუჩნდათ უფლებებიც, თუმცა სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხოლოდ ერთი მხარის მიერ უნდა განხორციელდეს ვალდებულების შესრულება, ხოლო მეორე მხარემ მხოლოდ გამოიყენოს მისი უფლებები. სამოქალაქო სამართალი მხარეებს აყენებს თანაბარ მდგომარეობაში და არცერთ მხარეს არ ანიჭებს უპირატესობას, თუმცა სასამართლომ მიანიჭა უპირატესობა და დაადგინა რომ მხარეს მხოლოდ შეტყობინების ვალდებულება გააჩნდა და სხვა არაფერი.

 

3.6. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს დასკვნები და შეფასებები, არსებით წინააღმდეგობაშია ხელშეკრულების პირობებთან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის მიერ დადგენილ სამართლებრივ პრაქტიკასთან. საქმე Nას-755-811-2011 და ას-824-876-2-11.

 

3.7. სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდის უკვე დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკასთან და, შესაბამისად, მზღვეველს არ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლ--–-დ დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლ--–-დ დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.34. პუნქტები).

 

საქმეში არსებული ურთიერთსაწინაარმდეგო მტკიცებულებების შეფასებით და ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში აპელანტის პრეტენზიების შესწავლით, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დ----- ძ--–----ემ იმოქმედა გაუფრთხილებლად, მოძრაობდა მის სავალ ზოლში, დასაშვები სიჩქარით, ფხიზელ მდგომარეობაში, მოძრაობისას ჩაძინების გამო გააკეთა არასწორი მანევრი, რამაც გამოიწვია ავტოავარია. პალატა თვლის, რომ ადგილი ჰქონდა მძღოლის ჩაძინებას, რადგან წამიერი გათიშვის სხვა რაიმე ლოგიკური ფაქტობრივი საფუძველი საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ ჩანს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემა;

- ქვითარი N787097;

- საპატრულო პოლიციისათვის მიცემული ახსნა-განმარტებები;

- მოწმეთა ჩვენება;

 

დადგენილია, რომ დ----- ძ--–----ე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.10-ე მუხლით გათვალისწინებული მანევრირების წესების დარღვევისათვის ცნობილია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემა;

- ქვითარი N787097;

 

4.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ზიანის არსებობის ფაქტი, ზიანის გამომწვევი სუბიექტი, გადაცდომა და არამართლზომიერ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის კავშირი. აპელანტის მიერ სადავოდ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დ----- ძ--–----ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაცია, ასევე, მხარეთა შორის დადებული მომსახურების ს----–-–----- შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების და დაზღვევის პირობების სამართლებრივი შეფასების საკითხი. განსახილველ დავაში, სადაზღვევო ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმების გამოყენების მიზნებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მართებულად შეფასდეს, მძღოლის ქმედება, კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები. აღნიშული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების, ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლებს. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება უხეში გაუფრთხილებლობა, ეს გამორიცხავს მზღვეველის პასუხისმგებლობას კანონის (სსკ-ის 829-ე მუხლი), შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული არ იყო დ----- ძ--–----ის უხეში გაუფრთხილებლობით.

 

პალატა განმარტავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. კანონსაწინააღმდეგო ინტერესების დაზღვევა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

 

კანონმდებლობით ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრულია, რომ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული შემთხვევის დაზღვევა არ ხდება და მზღვეველი დამდგარ ზიანს არ აანაზღაურებს. ამასთან პალატა თვლის, რომ არ შეიძლება ყოველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სადაზღვევო თვალსაზრისით უხეშ გაუფრთხილებლობად ჩაითვალოს, რადგან ყოველი სამართალდარღვევი განსხვავებული ხარისხის ბრალის მატარებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში, დამზღვევი და მზღვეველი ითვალისწინებდნენ აღნიშნულ გარემოებას და სწორედ ამ მიზნით ხდება, რომ ხელშეკრულების 16.4.3 პუნქტის თანახმად გამონაკლისების ჩამონათვალში, რომელიც არ შეიძლება იქნეს ანაზღაურებული მიმწოდებლის მიერ, არის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა: თუ უფლებამოსილი მძღოლი მართავდა ავტოტრანსპორტს ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპიული ნივთიერებების სიმთვრალის მდგომარეობაში.

 

დამზღვევის პასუხისმგებლობის ფარგლების აპელანტისეული განმარტება ეწინააღმდეგება დაზღვევის, როგორც სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ არსს, რადგანაც ასეთი მიდგომა შესაძლებლობას იძლევა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევის ნებისმიერი მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასდეს და მზღვეველმა არ აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.

 

სადაზღვევო რისკის რეალიზაცია მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის აუცილებელი წინაპირობაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სადაზღვევო პრემია წარმოადგენს მზღვეველის მიერ გაწეული „რისკის ტარების“ ღირებულებას. თავისთავად, რისკი შეიძლება იყოს წინასწარ განჭვრეტადი, მაგრამ მისი რეალიზაციის (სადაზღვევო შემთხვევის დადგომის) ალბათობა უნდა იყოს განუჭვრეტელი და თავისუფალი მხარეთა გავლენისაგან. რისკი რომ სადაზღვევოდ ჩაითვალოს (დაზღვევადი რისკი), ის გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. სადაზღვევო რისკი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში ჰქონდათ ხელშეკრულების მხარეებს, სააპელაციო პალატის აზრით, მოიცავდა მომხდარ შემთხვევას. თუ ყოველ ადმინისტრაციულ ან სხვაგვარ გადაცდომას უხეშ გაუფრთხილებლობად მივიჩნევთ მზღვეველის მიერ გაწეული სადაზღვევო რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და დაზღვევაც კარგავს კანონით განსაზღვრულ მიზანს.

 

ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციისას გამოვლენილი უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის გამიჯვნის თაობაზე საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: „გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა“ (იხ საქმე: 1306-1226-2015). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო, გამოიკვეთა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა, რომელსაც შედეგად მოჰყვა მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლში გადასვლა, აღნიშნული საფუძვლით გამოირიცხება მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის ვალდებულება თანხის ანაზღაურებაზე (შდრ. სუსგ-ებს: №ას-943-901-2013; № 943-901-2013; № ას-1319-1257-2014; № ას-1306-1226-2015; № ას- 92-88-2016).

 

საკასაციო სასამართლო ერთ ერთ განხილულ საქმეზე (ას-1306-1226-2015) განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ფარგლები, (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. ამ შემთხვევაში, მხარეებს ხელშეკრულებით არ დაუკონკრეტებიათ ეს ფარგლები, ანუ არ გაუმიჯნიათ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ს 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ.

 

სააპელაცი პალატა განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის მარტივ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენითა და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად.

 

მოცემულ საქმეში, ს----–-–----- შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N30 ამომწურავად განსაზღვრავს 16.4 პუნქტით იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, რომლებიც შეიძლება არ იქნას ანაზღაურებული მიმწოდებლის მიერ. ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ ადგენს სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციისაგან განსხვავებულ წესრიგს და ხელშეკრულებით დამზღვევის ბრალეულობის საკითხი სსკ-ის 829-ე მუხლის შესაბამისად არის მოწესრიგებული, რომლის თანახმადაც დამზღვევის ბრალეულობის შემთხვევაში ანაზღაურებას არ ექვემდებარება, მხოლოდ განზრახვა ან უხეში გაუფრთხილებლობა. სწორედ ასეთი მოქმედებები განიხილება სადავო ხელშეკრულებითაც „მეტისმეტ დაუდევრობად და აუცილებელ ყურადღების არ გამოჩენად უჩვეულოდ მაღალი ხარისხით“;

 

კანონმდებლისა და მხარეთა მიერ შეთანხმებული არსებითი პირობების შესაბამისად მხარეებმა გაუფრთხილებლობა, რომელიც არ ექცევა უხეში გაუფრთხილებლობის დეფინიციაში დაუქვემდებარეს ანაზღაურებას. აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ რისკი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში თავის თავზე აიღო სადაზღვევო კ--------მ საკმაოდ ფართო იყო. ამ შემთხვევაში მხარეთა მიერ უხეში გაუფრთხილებლობა, აუცილებელი ყურადღებიანობის მაღალი ხარისხი, განხილულია როგორც მძღოლის სუბიექტური დამოკიდებულებით და მისი მოქმედებით აშკარა უყურადღებობის გამოხატვა ელემენტარული მოთხოვნების მიმართ.

ასეთი ხარისხის უყურადღებობად ვერ იქნება სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასებული მძღოლის ჩაძინება საჭესთან, რომელიც აუცილებელი ყურადღებიანობის დარღვევის ხარისხით ვერ შეედრება ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებს. ზოგიერთ შემთხვევაში მძღოლის საჭესთან ჩაძინება შესაძლოა არც კი იყოს დამოკიდებული მძღოლის ნებაზე. მით უმეტეს მოპასუხე ვერ უთითებს, რაიმე გარემოებაზე ან შესაბამის მტკიცებულებაზე, რომელიც წინ უძღოდა მომხდარ შემთხვევას და რომელიც მიგვითითებს, რომ მძღოლს ფაქტობრივი წინაპირობებიდან გამომდინარე უნდა შეეცნო ჩაძინების საფრთხე. არ ჩანს ისეთი გარემოებები, რომელიც მიუთითებს, რომ მძღოლმა აუცილებელი ყურადღებიანობა არ გამოიჩინა და ამას მოჰყვა მისი გათიშვა ან ჩაძინება.

 

პალატის აზრით, მარტივი გაუფრთხილებლობა არის იმგვარი წინდახედულების გამოუჩენლობა, რომელსაც უნდა იჩენდეს ფრთხილი ადამიანი ანალოგიური შემთხვევების დროს და ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ხდება მისი გათვალისწინება. სწორედ ასეთ შემთხვევას განეკუთვნება მოცემული სადაო შემთხვევა.

 

ბრალის ცნებაში ამოსავალია სამოქალაქო ბრუნვისათვის ჩვეული ყურადღებიანობის მოთხოვნის დაცვა. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა; უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, როცა პირი სამოქალაქო ბრუნვის არამარტო მაღალ მოთხოვნებს, არამედ ელემენტარულ მოთხოვნებსაც უგულებელყოფს.

 

სამოქალაქო საქმეებზე, სადაც სადაო ხდება დავის ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლებთან ერთად, ამოწმებს ფაქტობრივ დასაბუთებას: სასამართლოს შინაგანი რწმენა რამდენად გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

იმ შემთხვევაში, როდესაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს შინაგანი რწმენა დასაბუთებულია, სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი არ გაიზიაროს მისი სისწორე.

 

საქალაქო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითებს:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მძღოლის ბრალეულობა გამოიხატა გაუფრთხილებლობაში. ბრალეულობის საკითხის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი ფაქტები: (i) დაზღვეულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი; (ii) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას; (iii) ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგოარეობაში; (iv) მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით საკუთარ ზოლში; (v) შემთხვევა მოხდა ღამით, უამინდობისას; (vi) ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ამ ფაქტების ერთობლიობა, საქმის მასალების გათვალისწინებით, იძლევა დამზღვევის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას.

 

დ----- ძ--–----ის მიერ შსს საპატრულო პოლიციისათვის მიცემული ახსნა-განმარტების მიხედვით, მოძრაობდა ქ.ქუთაისში გ--–-თის ქუჩაზე, მოწამეთას მიმართულებით. დაახლოებით 01:00 საათზე, როდესაც მიუახლოვდა გ--–-თის ქუჩაზე მდებარე №1-- სახლის მიმდებარე ტერიტორიას მოულოდნელად ჩაეძინა. მოხდა შეჯახება და ავტომობილი გადავარდა აღნიშნული სახლის ეზოში. შედეგად დაზიანდა აღნიშნული სახლის რკინის ჭიშკარი და ე.წ. ტალავერი (ტ. I, ს.ფ. 41). საქმეში წარმოდგენილი სქემით დგინდება, რომ დ----- ძ--–----ე მოძრაობდა მის სავალ ზოლში (ტ. І, ს.ფ. 40). საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შემთხვევის დროს დ----- ძ--–----ის მხრიდან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა ან/და მისი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა.

 

შესაბამისად, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებით, დამზღვევის პოზიცია მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მითითებისა და ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე (სკ-ის 829-ე მუხლი) მოკლებულია საფუძველს.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას, რომ სსკ-ის 829-ე მუხლის განმარტება ეწინააღმდეგება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. სააპელაცო სასამართლო აპელანტის მიერ მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზით მიდის დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გადაწყვეტილებები ეხება განსხვავებულ შემთხვევებს განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებებით და ეს შემთხვევები არ წარმოადგენს მოცემული შემთხვევის ანალოგს. არც ერთი საქმე არ გამოდგება პრეტენზიის დასასაბუთებლად, რადგანაც მითითებულ საქმეებში ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი, რომლებიც არსებითად განსხვავდება მოცემული საქმის გარემოებებისაგან. საქმე №ას-1217-1146-2012 საქმეზე დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტზე მოსარჩელის (დამზღვევის) მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში იყო მისაღები, რომ მოსარჩელე მოძრაობდა სწორ, 6.5მ. სიგანის ცალმხრივი მიმართულების მქონე უდეფექტო გზაზე, მშრალ ამინდში, ყოველგვარი წინაღობისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე, რა დროსაც შეეჯახა სამანქანე გზის გვერდით არსებულ ტროტუარზე მდგარ ხეს. ხოლო საქმეზე №ას-1319-1257-2014 დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა განაპირობა მძღოლის გ.გ-ის მიერ მანევრირების წესების უგულვებელყოფამ, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მას შეეძლო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. საქმეში წარმოდგენილი ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ასევე დასტურდებოდა, რომ ავტომობილი „შკოდა ოქტავია“ ს----–-–----- ნომრით … შეჯახებამდე მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით. შესაბამისად, მითითებულ საქმეებში ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი, რომლებიც არსებითად განსხვავდება მოცემული საქმის გარემოებებისაგან.

 

შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის პოზიცია, რომ არ დამდგარა მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს, რომლის გამოც ხდება დაზღვევა და რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას;

 

4.3. პალატა ასევე, არ იზიარებს აპელანტის პოზიციას ავტომანქანის აღდგენის ღირებულებასთან დაკავშირებით.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.2.2 პუნქტით ავტოტრანსპორტის დაზიანებისას ზიანის ოდენობა დაანგარიშდება, მზღვეველის ექსპერტის მიერ შედგენილი და/ან დაზღვეულის მიერ წარმოდგენილი კალკულაციის საფუძველზე. ექსპერტის ხარჯებს აანაზღაურებს ექსპერტიზის მომთხოვნი მხარე.

 

მოცემულ შემთხვევაში აპელანტი უთითებს, რომ ავტომობილის აღდგენის ღირებულება შეადგენს 5691.75 ლარს. სს „სადაზღვევო კ-------- უ------მა’’ სს „ე------- სერვისის’’ მიერ წარმოდგენილი კალკულაციის საპირწონედ თავის მხრივ წარმოადგინა შპს „პ-------- მოტორსის’’ ინვოისი, რომლის შესაბამისადაც, ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა 10589.09 ლარის ნაცვლად შეადგენს 5691.75 ლარს.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ უპირველესად, მოსარჩელე მხარის მიერ კალკულაცია შედგენილია 24.11.2015წ., ხოლო, მოპასუხემ კალკულაცია შეადგინა სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 1 წლის გასვლის შემდგომ 17.11.2016წ. შემთხვევის მომენტიდან დიდი დროს გასვლა ბუნებრივია გავლენას ახდენს შეფასების ობიექტურობაზე. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზღვეული ავტომობილი გამოშვებულია 2012 წელს, ხოლო სადაზღვევო შემთხვევა დადგა 16.11.2015წ. ხელშეკრულების 8.1.6 მუხლის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს შეკეთების ღირებულების კალკულაცია, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, ხოლო 8.2.2. მუხლის საფუძველზე, შემსყიდველს უფლება აქვს უარი თქვას უხარისხო საქონლის მიღებაზე. ამასთან, ხელშეკრულების 16.4.12. მუხლის შესაბამისად, მზღვეველს შეუძლია უარი თქვას ისეთი შეკეთების ხარჯების ანაზღაურებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის გაუმჯობესებას, სადაზღვევო შემთხვევამდე მის მდგომარეობასთან შედარებით. მოცემულ შემთხვევაში, ფაქტი გაუმჯობესების თაობაზე ვერ დასტურდება. ზემოაღნიშნული მსჯელობის გამო, სასამართლო ზიანის მოცულობის განსაზღვრისას დაეყრდნობა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სს „ე-------- სერვისის“ მიერ შედგენილ კალკულაციას. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის პრეტენზია ავტომობილის ღირებულებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული. თავად აპელანტის მიერ წარმოდგენილი კალკულაციით არ დგინდება, რა ხარისხის სათადარიგო ნაწილებით უნდა მოხდეს მანქანის აღდგენა, როდესაც ავტომობილის გამოშვებიდან მხოლოდ სამი წელია გასული.

 

პალატა განმარტავს, რომ დაზღვევა არის დაზღვეული ქონებრივი ინტერესის აღდგენის გარანტია. შესაბამისად პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ავტომანქანის აღდგენის ღირებულების ოდენობასთან დაკავშირებით სწორი დასკნა იქნა მიღებული.

 

4.4. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული არ იყო დ----- ძ--–----ის უხეში გაუფრთხილებლობით, რის გამოც სს „სადაზღვევო კ-------- უ------ს“ ეკისრება დაზღვევის თანხის ანაზღაურების ვალდებულება და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა მართებულად განისაზღვრა დაზღვეული ავტომანქანის შეკეთებისათვის საჭირო თანხების ჯამური ოდენობით - 10589.09 ლარის ოდენობით.

როგორც აღინიშნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მძღოლის წამიერი გათიშვა მოხდა მისი ჩაძინების გამო. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ მოსარჩელემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა მას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ფაქტის შესახებ დროულად და სწორად ეცნობა მოპასუხეს, ხოლო, მისი შეფასება თავიდანვე დავას იწვევდა მხარეებისა და მასთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მხრიდან.

სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა.

 

როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, მომხდარი შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია დროულად მიეწოდა მზღვეველს და ამ თვალსაზრისით მზღვეველი ინტერესების არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

4.5. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად შეამცირა მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - გონივრულ ოდენობამდე და აპელანტს შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მართებულად დააკისრა.

 

პალატა მიუთითებს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 და 319-ე მუხლებითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.

 

4.6. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში - ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

4.7. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, ანუ ფულადი თანხის ოდენობა, რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.

 

4.8. მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ვალდებულების 0.5%-ის ოდენობით, ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო 251 დღის ვადით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანი დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და არა კრედიტორის გამდიდრებაა, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ათვლა უნდა დაიწყოს 06.04.2017 წლიდან, მას შემდეგ რაც მზღვეველს მიეწოდა სრული ინფორმაცია და დოკუმენტები სადაზღვეო შემთხვევის შედეგად დამდარი ზიანის ანაზღაურების ხარისხის განსაზღვრისაათვის. შესაბამისად, პირგასამტეხლო გაანგარიშებული იქნა 1-- დღეზე, ნაცვლად მოთხოვნილი 251 დღისა. ასევე, ნაცვლად მოთხოვნილი 0.5%-ისა პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0.07%-ის ოდენობით.

 

სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ორ იურიდიულ პირს შორის ნების თავისუფალი ავტონომიის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობა, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა და მოცულობა, ასევე, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.

 

4.9. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპის არაგონივრულობა და მასზე გაუმართლებლად დიდი ოდენობის თანხის დაკისრების ფაქტი აპელანტ მხარეს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა დასაბუთებული არგუმენტები, რომლებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა. მიუხედავად იმისა, რომ აპელანტმა პალატას სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე მიუთითა, განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებების მათთან შესაბამისობა, ვერ დაადასტურა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას ვერ შეექმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია და აპელანტის უფლებებს გაუმართლებლად არღვევს, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

სააპელაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატამ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლ--–-დ უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ გადახდილი ს----–-–----- ბაჟი რჩება ს----–-–----- ბიუჯეტში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე,390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს ,,სადაზღვევო კ-------- უ------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლ--–-დ დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მიხეილ გოგიშვილი