განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110310018002469909
საქმე N3/ბ-546-18წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი – შპს ,,ი---------------------------------------–-----–-------’’
წარმომადგენელი – დ-----------–---–-
მოწინააღმდეგე – თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები – მ-----–--------–-–---–-
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2018 წლის 29 მაისს შპს ,,ი---------------------------------------–-----–-------ს’’ წარმომადგენელმა დავით სარიშვილმა სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და ქალაქ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 14 მაისის N4----- ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა;
მოსარჩელის აღნიშვნით, ქალაქ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 30 მარტის N3--- განცხადების საფუძველზე, ამავე წლის 04 აპრილს შემოწმებულ იქნა ქ.თერჯოლაში, რ---------–-- ქუჩის N8--–- შპს ,,ი-----------------------------------------–-----–--------“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 3------------------) მდგარი შენობა-ნაგებობა, რომლის ჩრდილოეთ მხარეს ნაწარმოებია მიშენება. აღნიშნული განცხადების საფუძველზე მოსარჩელეს მიეცა მითითება და განესაზღვრა 05 (ხუთ) დღიანი ვადა, რათა წარმოედგინა მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო დოკუმენტაცია - სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და მშენებლობის ნებართვა ან შენობა-ნაგებობა მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები მოსარჩელე მხარემ განახორციელა 2018 წლის 22-27 იანვარს. მიშენების წარმოება განპირობებული იყო იმ აუცილებლობით, რომ დაწესებულების მიერ ინტერვენციული კარდიოლოგიის სერვისის განვითარებისათვის 2017 წლის დეკემბერში შეძენილი იქნა ანგიოგრაფიული ტომოგრაფიის აპარატი, რომლის მონტაჟი შპს ,,ლ----------“ მიერ უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 01 თებერვლამდე, რაც აპარატის ტექნიკური და პროგრამული უსაფრთხოების მიზნით სამონტაჟო სამუშაოებისათვის განსაზღვრული ვადაა. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებას გააჩნდა ელექტროდაცვის მეხსიერების სისტემა, სამონტაჟო კომპანიის მიერ მონტაჟის პროცესში გადაუდებელ აუცილებლობად იქნა მიჩნეული უფრო დიდი სიმძლავრის ინდივიდუალურად ანგიო კარდიოგრაფიული აპარატისათვის UPS-ს მონტაჟი, რისი შეძენაც დაწესებულების მიერ განხორციელდა დაჩქარებულად, მინიმალურ ვადებში. შესაბამისად, ამ აპარატის განსათავსებლად სამონტაჟო კომპანიის მიერ შერჩეულ იქნა ანგიოკარდიოგრაფიული ლაბორატორიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც განახორციელეს ზემოთ აღნიშნული მიშენება, რასაც არ გამოუწვევია არც მათ მოსაზღვრედ მდებარე შენობა-ნაგებობის მესაკუთრის ინტერესების შელახვა, არც გარემოსთვის საფრთხის შექმნა და არც მოსახლეობის უსაფრთხოების წესების დარღვევა.
მოსარჩელის განმარტებით, შენობა განთავსებულია შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც უცხო პირთა მოხვედრის შესაძლებლობა არ არსებობს. მიშენება არ არის განხორციელებული შენობის წინა ფასადზე და შესაბამისად ზეგავლენას არ ახდენს ქალაქის იერსახეზე. მიუხედავად იმისა, რომ მიშენება განახორციელეს შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციის არ არსებობის ფარგლებში, მათ მიშენების დაწყებისთანავე მიმართეს არქიტექტურულ კომპანიას, თუმცა დაპროექტება აღნიშნული დროის პერიოდში ვერ მოხერხდა. მშენებლობა განპირობებული იყო გადაუდებელი აუცილებლობით, შეზღუდულ დროში, რათა თერჯოლის და მიმდებარე მუნიციპალიტეტების მოსახლეობას დროულად მისცემოდა საშუალება მიეღო ზემოთ აღნიშნული სერვისი. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რასაც ადასტურებს ბრძანებაში არსებული ფაქტობრივი გარემოება - შპს ,,ი----------“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდგარი შენობა-ნაგებობა, რომლის ჩრდილოეთით მხარეს ნაწარმოებია მიშენება - მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს შპს ,,ი----------“ საკუთრებას, არამედ მასზე სარგებლობა ხორციელდება იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლებისა და დასაბუთების გარეშე და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მოპასუხე - ქალაქ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის შპს ,,ი----------------------------------------–-----–---------------------–------) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. ქალაქ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 30 მარტის N3--- განცხადების საფუძველზე, ამავე წლის 04 აპრილს შემოწმებულ იქნა ქ. თერჯოლაში, რ---------–-- ქუჩა N8--–- შპს ,,ი------------------------------------------–-----–--------“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 3------------------) მდგარი შენობა-ნაგებობა, რომლის ჩრდილოეთ მხარეს ნაწარმოებია მიშენება.
2.1.2. მოსარჩელეს მიეცა მითითება და განესაზღვრა 05 (ხუთ) დღიანი ვადა, რათა წარმოედგინა მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო დოკუმენტაცია - სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და მშენებლობის ნებართვა ან შენობა-ნაგებობა მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში, რაც მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა.
2.1.3. ქალაქ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 20 აპრილს განხორციელდა მოსარჩელის შემოწმება, რა დროსაც დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა უკანონო მშენებლობის დემონტაჟი.
2.1.4. 2018 წლის 14 მაისის N4---- ბრძანებით მოსარჩელე დაჯარიმდა 2000 ლარით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, ქ. თერჯოლაში, რ---------–-- ქუჩა N8--–- მდებარე შპს ,,ი---------------------------------------–-----–-------ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდგარ შენობა-ნაგებობაზე ნაწარმოები მიშენების წარმოებისათვის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლოს განმარტებით, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვოს პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, რეკონსტრუქცია განმარტებულია, როგოც არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მიხედვით, მშენებლობის ერთ-ერთი სახეობაა რეკოსნტრუქცია, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, მათ შორის ექსტერიერის რეკონსტრუქცია, რაც ნიშნავს - ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0,1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს.
2.2.2. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
2.2.3. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა განმარტებებითა და საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2018 წლის 04 აპრილს გაიცა მითითების აქტი მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ, რომლის მიხედვით სამართალდამრღვევს დაევალა, რომ შეეჩერებინა მიმდინარე მშენებლობა და წერილის ჩაბარებიდან 05 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში წარმოედგინათ მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო დოკუმენტაცია. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2018 წლის 20 აპრილს კვლავ განხორციელდა შპს ,,ი------------------------------------------–-----–--------“ შემოწმება.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სამართალდარღვევის საქმის წარმოება იწყება დამრღვევის მიმართ მითითების გადაცემით, სადაც გაწერილია თუ რა სახის მოქმედებები უნდა შესრულოს სამართალდამრღვევმა და განსაზღვრულია ამ მითითებების შესრულების დრო. მითითებაში განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდგომ დამრღვევს ამოწმებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო და შემოწმების აქტში ასახავს ობიექტის ფაქტობრივ მდგომარეობას მითითების პირობებთან მიმართებით (25-ე მუხლის მე-5 ნაწ.), რამდენად შეასრულა დამრღვევმა მითითება. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 20 აპრილის შემოწმების აქტით დგინდება, რომ მითითება არ იყო შესრულებული.
2.2.4. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2018 წლის 14 მაისის №4----- ბრძანებით შპს ,,ი----------------------------------------–-----–-------“ დაჯარიმდა 2000 (ორი ათასი) ლარით მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 3------------------) მდგარი შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ წარმოებული მიშენებისთვის.
2.2.5. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 14 მაისის №4---- ბრძანება, რომელიც შეეხება შპს ,,ი---------------------------------------–-----–-------ს“ დაჯარიმებას უნებართვოდ წარმოებული მიშენებისთვის, გამოცემული იყო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად და რომ არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის კანონიერი საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რაიონულმა სასამართლომ შპს ,,ი---------------------------------------–-----–-------ს“ სარჩელი უსაფუძვლოდ ცნო და არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაშის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა შპს ,,ი---------------------------------------–-----–-------ს“ წარმომადგენელმა დავით სარიშვილმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით:
3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოებს არ გამოუწვევი არც ცენტრის მოსაზღვრედ მდებარე შენობა-ნაგებობის მესაკუთრის ინტერესების შელახვა და არც გარემოსთვის წარმოადგენს საფრთხეს და არც მოსახლეობის უსაფრთხოების წესებია დარღვეული. აპელანტის მითითებით, შენობა განთავსებულია შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც უცხო პირთა მოხვედრის შესაძლებლობა არ არსებობს. მიშენება არ არის განხორციელებული შენობის წინა ფასადზე და შესაბამისად ზეგავლენას არ ახდენს ქალაქის იერსახეზე. მიუხედავად იმისა, რომ მიშენება განახორციელეს შესაბამისი სამშენებლო დოკუმეტაციის არ არსებობის ფარგლებში, მათ მიშენების დაწყებისთანავე მიმართეს არქიტექტურულ კომპანიას, თუმცა დაპროექტება აღნიშნული დროის პერიოდში ვერ მოხერხდა. აპელანტის განმარტებით მშენებლობა განპირობებული იყო გადაუდებელი აუცილებლობით შეზღუდულ დროში, რათა თერჯოლის და მიმდებარე მუნიციპალიტეტების მოსახლეობას დროულად მისცემოდა საშუალება მიეღოთ ანგიოგრაფიული ტომოგრაფიის სერვისი;
3.1.2. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რასაც ადასტურებს ბრძანებაში არსებული ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ - ,,შპს "ი----------" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდგარი შენობა ნაგებობა, რომლის ჩრდილოეთ მხარეს ნაწარმოებია მიშენება" - აპელანტი მხარე აღნიშნავს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოარდგენს შპს "ი----------" საკუთრებას, არამედ მასზე სარგებლობა ხორციელდება იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. ამდენად აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ მერიის ბრძანება ჯარიმის დაკისრების თაობაზე წარმოადგენს აბსოლუტურად უკანონო აქტს;
3.1.3. აპელანტის მსჯელობით, მუნიციპალიტეტის ბრძანება შპს ,,ი---------------------------------------–-----–-------ს“ მიერ გასაჩივრდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოში, თუმცა სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ცენტრის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა არავითარი სამართლებრივი არგუმენტი არაა გადაწყვეტილებაში აღნიშნული, მიუხედავად იმისა, აპელანტი მხარის მიერ განმარტებულ იქნა, რომ აღნიშნული მშენებლობა განპირობებული იყო უკიდურესი აუცილებლობით და მშენებლობის შედეგად დამდგარი შედეგი ბევრად აღემატება გამოწვეულ ზიანს, ვინაიდან აღნიშნული მშენებლობის და აპარატის მონტაჟის შედეგად გადარჩენილი იქნება არაერთი კარდიოლოგიური პაციენტის სიცოცხლე, ხოლო მშენებლობის შეჩერების შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დადგებოდა პაციენტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვინაიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტში არ არსებობს სხვა ანგიოგრაფიული აპარატი, რომელიც იძლევა უნტერვენციული კარდიოლოგიაში საქმიანობის საშუალებას. შესაბამისად მოსამართლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების პოტენციური საფრთხე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის მიხედვით, მოსარჩელის სამართალდამრღვევად ცნობის სამართლებრივი საფუძველი გახდა საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 43-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.
პალატა განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის - როგორც სამართალდამრღვევის მიმართ სახდელის დადება. კერძოდ, მითითებული ნორმის დანაწესის მიხედვით, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შესაბამისი ნებართვის გარეშე.
საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებით, 2018 წლის 4 აპრილის დათვალიერების ოქმით, ამავე თარიღის მითითების აქტით, მოხსენებითი ბარათით, ფოტომასალით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ აპელანტმა შპს ,,ი------------------------------------------–-----–--------“ ქ.თერჯოლაში, რ---------–-- ქუჩის N8--–- მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ. 3------------------) მდგარ შენობა-ნაგებობაზე ჩრდილოეთ მხარეს უნებართვიდ მიაშენა შენობა.
პალატა აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის
თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
მთავრობის დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.
დასახელებული დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე);
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ არსებულ შენობა-ნაგებობაზე ნაწარმოები მიშენება წარმოადგენს ახალ მშენებლობას, რაც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას (თანხმობას), რაც მოცემულ შემთხვევაში აპელანტს არ გააჩნდა.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
დადგენილია, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 04 აპრილს გაიცა მითითების აქტი მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ, რომლის მიხედვით აპელანტს დაევალა შეეჩერებინა მიმდინარე მშენებლობა და წერილის ჩაბარებიდან 05 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში წარმოედგინა მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო დოკუმენტაცია, ან მოეყვანათ შენობა-ნაგებობა პირვანდელ მდგომარეობაში, რაც აპელანტს არ შეუსრულებია, მათ შორის არ უცდია სამართალდარღვევის გამოსწორება - უნებართვო მშენებლობა მოექცია კანონით განსაზღვრულ რეგულაციაში (იხ.ს.ფ. 33, 36).
ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაასაბუთა აღძრული სარჩელის საფუძვლიანობა, კერძოდ მის მიერვე წარმოებული მშენებლობის საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობა, ამასთან ვერც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ფორმალურ-მატერიალური კანონიერების თვალსაზრისითაც წარმოადგინა რაიმე არგუმენტირებული დასაბუთება, რაც სააპელაციო საჩივრის უარყოფის საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
პალატა აღნიშნავს, რომ შპს ,,ი---------------------------------------–-----–-------ს’’ სააპელაციო საჩივარი უარყოფილია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტს ეკისრება, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ი---------------------------------------–-----–-------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე